არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაემორჩილეთ იეჰოვას

დაემორჩილეთ იეჰოვას

დაემორჩილეთ იეჰოვას

„ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, მისი მცნებები კი დამამძიმებელი არ არის“ (1 იოან. 5:3).

1, 2. ა) რატომ უჭირს დღეს უმრავლესობას მორჩილება? ბ) ნუთუ მართლა არავის ემორჩილება თავნება ადამიანი?

სიტყვა მორჩილება მრავალ ადამიანში არასასიამოვნო გრძნობას იწვევს, რადგან უმრავლესობას ნამდვილად არ სიამოვნებს სხვისი ნება-სურვილის შესრულება. „ჩემი ნებაა, რასაც მინდა, იმას გავაკეთებ“, — ასე ამბობენ ისინი, ვისაც არავის მორჩილება არ სურს. ნუთუ მართლა არავის ემორჩილებიან ასეთი ადამიანები? ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ ქვეცნობიერად ემორჩილებიან მათ, ვინც ‘ამ ქვეყნიერების ყაიდაზე ცხოვრობს’ (რომ. 12:2). თუ მოციქულ პეტრეს სიტყვებს მოვიშველიებთ, ისინი თავისუფლები კი არა, „გახრწნილების მონები“ არიან (2 პეტ. 2:19). ეს ადამიანები დადიან „ქვეყნიერების გავლენით, იმ ჰაერის ძალაუფლების მთავრის . . . გავლენით“, რომელსაც სატანა ეშმაკი ჰქვია (ეფეს. 2:2).

2 ერთი მწერალი იკვეხნიდა: „მე არ მივცემ უფლებას არც მშობელს, არც მღვდელს, არც გურუს, არც სხვა რომელიმე სასულიერო პირს და არც ბიბლიას, რომ მიკარნახოს, რა არის სწორი და რა — არასწორი“. ადვილი არ არის ისეთი ადამიანის მორჩილება, რომელიც ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს საერთოდ არ სჭირდება ხელმძღვანელობა. საკმარისია, თვალი შევავლოთ პოპულარულ საგაზეთო სტატიებს და უმალვე დავრწმუნდებით ამაში. დღეს ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ხალხი განსაკუთრებით საჭიროებს ხელმძღვანელობას, მაგრამ სამწუხაროდ, უმრავლესობა ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.

რას ნიშნავს ჩვენთვის მორჩილება?

3. საიდან ჩანს, რომ პირველ საუკუნეში ქრისტიანები ბრმად არ ემორჩილებოდნენ უფლებამოსილ პირებს?

3 ქრისტიანები ქვეყნიერებისგან განსხვავებით ვემორჩილებით უფლებამოსილ პირებს, ოღონდ არა ბრმად. თუმცა ყოველთვის ვერ მოვიქცევით სხვისი, თუნდაც უფლებამოსილი პირის ნება-სურვილისამებრ. მაგალითად, პირველ საუკუნეში, როდესაც მღვდელმთავარმა და სინედრიონის სხვა უფლებამოსილმა წევრებმა მოციქულებს ქადაგება აუკრძალეს, ისინი არ დაემორჩილნენ მათ ბრძანებას. მოციქულებმა არ დათმეს თავიანთი პოზიცია მხოლოდ იმიტომ, რომ უფლებამოსილ პირებს დამორჩილებოდნენ (წაიკითხეთ საქმეების 5:27—29).

4. რომელი ბიბლიური მაგალითებიდან ჩანს, რომ ღვთის მსახურები მტკიცედ იდგნენ თავიანთ პოზიციაზე?

4 ასევე იქცეოდნენ ღვთის ის მსახურებიც, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე ცხოვრობდნენ. მაგალითად, მოსემ „უარი თქვა, რომ ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო, და არჩია, ღვთის ხალხთან ერთად მასაც სასტიკად მოპყრობოდნენ“, თუმცა იცოდა, რომ ამის გამო თავს „მეფის რისხვა“ დაატყდებოდა (ებრ. 11:24, 25, 27). არც იოსები დანებდა ფოტიფარის ცოლს, როცა ეს უკანასკნელი მის შეცდენას ცდილობდა, თუმცა იცოდა, რომ მას შეეძლო შური ეძია (დაბ. 39:7—9). მსგავსად მოიქცა დანიელიც. მან „გულში გადაწყვიტა, თავი არ გაეუწმინდურებინა მეფის ნუგბარით“, მიუხედავად იმისა, რომ ბაბილონის მეფის კარისკაცთა უფროსმა არ მოიწონა მისი გადაწყვეტილება (დან. 1:8—14). როგორც ამ მაგალითებიდან ჩანს, ღვთის მსახურები იმას აკეთებდნენ, რაც სწორი იყო, თუმცა იცოდნენ, რომ ამას შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყოლოდა. ისინი დათმობაზე არ მიდიოდნენ ადამიანთა საამებლად. ეს ჩვენთვის კარგი მაგალითია.

5. როგორია ხელისუფლებისადმი ჩვენი და ქვეყნიერების დამოკიდებულება?

5 თუმცა გაბედულება სიჯიუტეს არ ნიშნავს. ჩვენ არ ვგავართ იმ ამბიციურ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებას პროტესტს უცხადებენ. ჩვენ ნებისმიერ ადამიანზე მაღლა იეჰოვას ვაყენებთ. როდესაც ქვეყნის რომელიმე კანონი ღვთის კანონს ეწინააღმდეგება, ჩვენი გადაწყვეტილება ცალსახა უნდა იყოს. მოციქულების მსგავსად, ჩვენც ადამიანებზე მეტად ღმერთს ვემორჩილებით.

6. რით არის კარგი, თუ ყოველთვის ვემორჩილებით იეჰოვას?

6 რატომ გვიკავია ასეთი პოზიცია? ჩვენ ვითვალისწინებთ იგავების 3:5, 6-ში ჩაწერილ სიტყვებს: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“. ჩვენ გვჯერა, რომ ღვთის მოთხოვნების შესრულება ისევ და ისევ ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება (წაიკითხეთ მეორე კანონის 10:12, 13). იეჰოვამ ისრაელებს შემდეგი სიტყვები უთხრა: „მე გასწავლი შენ სასიკეთოდ და გატარებ იმ გზით, რომლითაც უნდა იარო! ო, ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით“ (ეს. 48:17, 18). ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვი არ გვეპარება და გვჯერა, რომ, თუ იეჰოვას დავემორჩილებით, ეს, პირველ რიგში, ჩვენ სასიკეთოდ იქნება.

7. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბოლომდე არ გვესმის, რატომ გვიდგენს ღმერთი ამა თუ იმ მოთხოვნას?

7 იეჰოვას იმ შემთხვევაშიც ვემორჩილებით, როცა ბოლომდე არ გვესმის, რატომ გვიდგენს ღმერთი ამა თუ იმ მოთხოვნას. მაგრამ ეს არ არის ბრმადმორწმუნეობა, არამედ ნდობაა. იეჰოვამ უკეთესად იცის, რა არის ჩვენთვის კარგი. ღმერთს იმის გამოც ვემორჩილებით, რომ გვიყვარს იგი. მოციქულმა იოანემ დაწერა: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს“ (1 იოან. 5:3). მხედველობაში უნდა მივიღოთ კიდევ ერთი საკითხი, რაც დაგვეხმარება, რომ დავემორჩილოთ იეჰოვას.

გავიწაფოთ აღქმის უნარი

8. რაში დაგვეხმარება „აღქმის უნარის“ გაწაფვა?

8 ბიბლია მოგვიწოდებს, რომ გავიწაფოთ „აღქმის უნარი კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრ. 5:14). ღვთის კანონებს ბრმად არ უნდა ვემორჩილებოდეთ. პირიქით, უნდა შეგვეძლოს იეჰოვას პრინციპების საშუალებით „კარგისა და ცუდის“ გარჩევა. ჩვენ უნდა დავინახოთ იეჰოვას სიბრძნე, რათა გავიზიაროთ ფსალმუნმომღერლის ნათქვამი: „ჩემშია შენი კანონი“ (ფსალმ. 40:8).

9. რა დაგვეხმარება, რომ სინდისი ღვთის ნების შესაბამისად განვსწავლოთ, და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

9 დავითივით კარგად რომ გვესმოდეს ღვთის კანონის არსი, უნდა ჩავუფიქრდეთ იმას, რასაც ბიბლიაში ვკითხულობთ. მაგალითად, როდესაც ღვთის მოთხოვნებს ვეცნობით, ვკითხოთ საკუთარ თავს: რატომ არის ესა თუ ის კანონი ან პრინციპი გონივრული? რით არის კარგი ამ კანონისა თუ პრინციპის დაცვა? რა შედეგები მოიმკეს მათ, ვინც უგულებელყო ღვთის თვალსაზრისი ამა თუ იმ საკითხზე? თუ ამგვარად განვსწავლით ჩვენს სინდისს, არ გაგვიჭირდება ღვთისმოსაწონი გადაწყვეტილებების მიღება. ასე რომ, თუ ‘ჩავწვდებით იეჰოვას ნებას’, დავემორჩილებით კიდეც მას (ეფეს. 5:17). თუმცა ეს ყოველთვის ადვილი არ არის.

სატანის უმთავრესი მიზანი

10. რას აკეთებს ეშმაკი იმისათვის, რომ ხალხი არ დაემორჩილოს იეჰოვას?

10 სატანა უხსოვარი დროიდან ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხალხი არ დაემორჩილოს იეჰოვას. მისი ურჩობის სული ყველგან და ყველაფერში ვლინდება. მაგალითად, ავიღოთ ქორწინება. ქორწინებას საფუძველი ღმერთმა ჩაუყარა, მაგრამ დღეს ბევრი მას უპატივცემულოდ ეკიდება. ზოგი წყვილი ხელმოწერის გარეშე ამჯობინებს ერთად ცხოვრებას, ზოგს კი ერთი სული აქვს, როდის გაეყრება თავის მეუღლეს. ალბათ, ასეთი ადამიანები დაეთანხმებიან ერთ ცნობილ მსახიობს, რომელმაც თქვა: „შეუძლებელია მთელი ცხოვრება ერთ ადამიანთან იცხოვრო“. შემდეგ მან დასძინა: „არ მეგულება ისეთი ადამიანი, რომელსაც ენდომება, ბოლომდე დარჩეს მეუღლის ერთგული“. კიდევ ერთი პოპულარული მსახიობი, რომელსაც არაერთხელ გაუწყვეტია საყვარლებთან ურთიერთობა, ამბობს: „მეეჭვება, რომ ვინმემ შეძლოს მთელი ცხოვრება ერთ ადამიანთან ყოფნა“. კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს ვკითხავთ: ვითვალისწინებ იეჰოვას აზრს ქორწინების საკითხში თუ ქვეყნიერება ახდენს ჩემზე გავლენას?

11, 12. ა) რატომ შეიძლება ახალგაზრდებისთვის რთული იყოს, დაემორჩილონ იეჰოვას? ბ) მოჰყევით შემთხვევა, საიდანაც ჩანს, რომ იეჰოვას კანონებისა და პრინციპების დარღვევას სავალალო შედეგები მოაქვს.

11 ახალგაზრდებო, თქვენ შეიძლება ეშმაკის მთავარი სამიზნეები გახდეთ. მისი მიზანია, გაფიქრებინოთ, რომ იეჰოვას მორჩილება კარგს არაფერს მოგიტანთ. თანატოლების გავლენისა და „ახალგაზრდული სურვილების“ გამო შეიძლება დაასკვნათ, რომ ღვთის კანონები დამამძიმებელია (2 ტიმ. 2:22). მაგრამ ნურასოდეს იფიქრებთ ასე. ეცადეთ ღვთის მოთხოვნებში მისი სიბრძნე დაინახოთ. მაგალითად, ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ‘გავექცეთ სიძვას’ (1 კორ. 6:18). ჰკითხეთ საკუთარ თავს: რატომ არის ეს მოთხოვნა გონივრული? რას მარგებს ამ რჩევის გათვალისწინება? შეიძლება იცნობ კიდეც ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ძვირად დაუჯდათ ამ რჩევის უგულებელყოფა. ახლა უფრო ბედნიერები არიან ისინი თუ მაშინ, როდესაც იეჰოვას ორგანიზაციის წევრები იყვნენ? ნუთუ ქვეყნიერებაში ისეთი რამ იპოვეს, რაც ღვთის მსახურებს არა აქვთ? (წაიკითხეთ ესაიას 65:14).

12 ერთი ქრისტიანი, შერონი, იხსენებდა: „შიდს-ით დავავადდი, რადგან იეჰოვას კანონი დავარღვიე. ხშირად ვიხსენებ იმ ბედნიერ წლებს, როდესაც იეჰოვას ვემსახურებოდი“. შერონი მიხვდა, რომ იეჰოვას კანონების უგულებელყოფა დიდი უგუნურება იყო, და რომ ამ კანონებს უფრო მეტი სერიოზულობით უნდა მოჰკიდებოდა. სინამდვილეში, იეჰოვას კანონები გვიცავს. შერონი ამ სიტყვების დაწერიდან სულ რაღაც შვიდ კვირაში გარდაიცვალა. როგორც ამ ტრაგიკული შემთხვევიდან ჩანს, სატანა კარგს არაფერს სთავაზობს მათ, ვინც ბოროტი ქვეყნიერების გავლენაში ექცევა. სატანა, „სიცრუის მამა“, არაერთ დაპირებას იძლევა, მაგრამ არც ერთს არ ასრულებს, როგორც ეს ევას შემთხვევაში მოხდა (იოან. 8:44). ასე რომ, იეჰოვას მორჩილება საუკეთესო არჩევანია.

ნუ გექნებათ ურჩობის სული

13. რატომ არ უნდა გვქონდეს ურჩობის სული?

13 იეჰოვას მორჩილები რომ ვიყოთ, არ უნდა გვქონდეს ურჩობის სული. სიამაყის გამო შეიძლება ვიფიქროთ, რომ არავის ხელმძღვანელობა არ გვჭირდება. შესაძლოა არ მივიღოთ რჩევა მათგან, ვისაც ღვთის ორგანიზაციაში ხელმძღვანელობა აკისრია. ღმერთმა იზრუნა იმაზე, რომ ერთგული და გონიერი მონის საშუალებით დროულად მიგვეღო სულიერი საზრდო (მათ. 24:45—47). უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს იეჰოვა ამგვარად ზრუნავს თავის ხალხზე. მიჰბაძეთ ერთგულ მოციქულებს. როდესაც ზოგი მოწაფე დაბრკოლდა, იესომ მოციქულებს ჰკითხა: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“ პეტრემ უპასუხა: „უფალო, ვისთან წავიდეთ? შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები“ (იოან. 6:66—68).

14, 15. რატომ უნდა მივიღოთ ბიბლიური რჩევები?

14 იეჰოვას მორჩილები რომ ვიყოთ, აუცილებელია ბიბლიური რჩევების გათვალისწინებაც. მაგალითად, ერთგული და გონიერი მონა სიფხიზლისკენ მოგვიწოდებს (1 თეს. 5:6). ეს მოწოდება ამ ბოლო დღეებში განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან „ადამიანები საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები“ არიან (2 ტიმ. 3:1, 2). შეიძლება დღეს ასეთმა ადამიანებმა ჩვენზეც იმოქმედონ? რასაკვირველია. თუ მეორეხარისხოვანი მიზნებისკენ სწრაფვა ჩვენს ცხოვრებაში უმთავრეს ადგილს დაიკავებს, დიდი იქნება იმის ალბათობა, რომ სულიერად ჩაგვეძინოს, ან ფულის მოყვარულები გავხდეთ (ლუკ. 12:16—21). აქედან გამომდინარე, გონივრულია, ყურად ვიღოთ პავლე მოციქულის მოწოდება და არ ვიცხოვროთ მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის, რაც სატანის ქვეყნიერებისთვისაა დამახასიათებელი (1 იოან. 2:16).

15 ერთგული და გონიერი მონა სულიერ საზრდოს კრებებში უხუცესების მეშვეობით გვაწვდის. ბიბლია მოგვიწოდებს: „გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დაემორჩილეთ, რადგან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც ანგარიშვალდებულნი, რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა ოხვრით, ვინაიდან ეს საზიანო იქნებოდა თქვენთვის“ (ებრ. 13:17). ნიშნავს ეს იმას, რომ უხუცესები შეცდომებს არ უშვებენ? რა თქმა უნდა, არა. ღმერთი მათ არასრულყოფილებას ნებისმიერ ადამიანზე უკეთ ხედავს. მიუხედავად ამისა, ის მაინც ითხოვს ჩვენგან, რომ დავემორჩილოთ მათ. უხუცესებთან თანამშრომლობით ვაჩვენებთ, რომ ვემორჩილებით იეჰოვას.

თავმდაბლობის აუცილებლობა

16. რით უნდა ცხადვყოთ, რომ ვემორჩილებით ქრისტიანული კრების თავს, იესოს?

16 ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ კრების თავი იესოა (კოლ. 1:18). ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა დავემორჩილოთ უხუცესებს, რომლებიც ჩვენგან ‘დიდ დაფასებას’ იმსახურებენ (1 თეს. 5:12, 13). რა თქმა უნდა, უხუცესებიც ემორჩილებიან იეჰოვას, რაც იმით გამოიხატება, რომ კრებას ღვთის აზრებს გადასცემენ და არა საკუთარს. ისინი ‘არ გადადიან დაწერილს’ და ადამიანთა შეხედულებებს არ ავრცელებენ (1 კორ. 4:6).

17. რატომ უნდა ვერიდოთ კადნიერებას?

17 კრების არც ერთმა წევრმა არ უნდა ეძიოს საკუთარი თავის დიდება (იგავ. 25:27). როგორც ჩანს, სწორედ ეს გახდა ერთი ქრისტიანის, დიოტრეფეს სულიერი დაცემის მიზეზი. მის შესახებ მოციქულმა იოანემ დაწერა: „პირველობის მოყვარული დიოტრეფე ჩვენგან არაფერს იღებს პატივისცემით. ამიტომ, თუ მოვალ, გავიხსენებ მის საქმეებს, რომლებსაც კვლავაც აკეთებს, ბოროტ ხმებს რომ ავრცელებს ჩვენზე“ (3 იოან. 9, 10). დიოტრეფეს შემთხვევა ჩვენთვისაც კარგი გაკვეთილია. საჭიროა ჩავკლათ ჩვენში ნებისმიერი ამბიცია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „სიამაყე წინ უძღვის დაცემას, ამპარტავნობის სული — წაბორძიკებას“. ვისაც სურს, იეჰოვას მორჩილი იყოს, კადნიერებას უნდა ერიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დამცირება გარდაუვალი იქნება (იგავ. 11:2; 16:18).

18. რა დაგვეხმარება, რომ დავემორჩილოთ იეჰოვას?

18 წინ აღუდექით ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელ ურჩობის სულს და დაემორჩილეთ იეჰოვას. იფიქრეთ იმაზე, რაოდენ დიდი პატივია, იეჰოვას რომ ემსახურებით, და მადლიერი იყავით ამისთვის. ღვთის ხალხს შორის რომ ხართ, ეს იმის მტკიცებაა, რომ ღმერთმა თავისი წმინდა სულით ამოგირჩიათ (იოან. 6:44). ნურასდროს გააუფასურებთ ღმერთთან ურთიერთობას. ყოველმხრივ ეცადეთ, რომ შეეწინააღმდეგოთ ურჩობის სულს და დაემორჩილოთ იეჰოვას.

გახსოვთ?

• რას ნიშნავს, ვიყოთ იეჰოვას მორჩილები?

• როგორ დაგვეხმარება „აღქმის უნარის“ გაწაფვა, რომ იეჰოვას მორჩილები ვიყოთ?

• რას აკეთებს ეშმაკი იმისათვის, რომ ხალხი არ დაემორჩილოს იეჰოვას?

• რატომ არის აუცილებელი თავმდაბლობა?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 18 გვერდზე]

„ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“

[სურათი 20 გვერდზე]

ღვთის მოთხოვნების დაცვა ყოველთვის გონივრულია