არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მოციქულმა პავლემ თქვა, რომ „მთელი ისრაელი“ გადარჩებოდა (რომ. 11:26). ხომ არ გულისხმობდა პავლე ყველა იუდეველის გაქრისტიანებას?

პავლეს ეს არ უგულისხმია. ისრაელმა ერმა, აბრაამის შთამომავლებმა, უარყვეს იესო, როგორც მესია. იესოს სიკვდილის შემდეგ კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ იუდეველთა უმრავლესობა ქრისტიანობას არ მიიღებდა. მიუხედავად ამისა, პავლეს სიტყვები არ არის საფუძველს მოკლებული.

იესომ იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს უთხრა: „წაგერთმევათ ღვთის სამეფო და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფს გამოიღებს“ (მათ. 21:43). ვინაიდან ისრაელმა ერმა უარყო იესო, იეჰოვამ ახალი ერი, სულიერი ისრაელი აირჩია. პავლემ ამ ერს „ღვთის ისრაელი“ უწოდა (გალ. 6:16).

ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ადასტურებს, რომ „ღვთის ისრაელი“ 144 000 სულითცხებული ქრისტიანისგან შედგება (რომ. 8:15—17; გამოცხ. 7:4). ღვთის ისრაელის წევრები არაებრაელებიც უნდა გამხდარიყვნენ, რაც კარგად ჩანს გამოცხადების 5:9, 10-დან, სადაც წერია, რომ ცხებული ქრისტიანები შეიკრიბებოდნენ „ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან“. ისინი ღმერთმა იმისათვის შეკრიბა, რომ ემსახურათ „ღვთის სამეფოდ და მღვდლებად . . . და [ყოფილიყვნენ] მეფეები . . , დედამიწის მმართველები“. იეჰოვამ უარყო თავისი რჩეული ერი, ისრაელი, მაგრამ ზოგიერთი იუდეველი შეურიგდა მას. მათ შორის იყვნენ მოციქულები და პირველ საუკუნეში მცხოვრები სხვა ქრისტიანები. რა თქმა უნდა, ეს იუდეველები, ისევე როგორც სხვა ქრისტიანები, იესოს სისხლით იყვნენ გამოსყიდულნი (1 ტიმ. 2:5, 6; ებრ. 2:9; 1 პეტ. 1:17—19).

მართალია, იუდეველთა უმრავლესობამ ხელიდან გაუშვა ქრისტესთან ერთად მეფობის შესაძლებლობა, მაგრამ ამან ღმერთს თავისი განზრახვის შესრულებაში ხელი ვერ შეუშალა. იეჰოვას განზრახვის შესრულებას წინ ვერაფერი დაუდგება, რადგან ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით იგი ამბობს: „ასევე იქნება ჩემი პირიდან გამოსული სიტყვაც. უშედეგოდ არ დამიბრუნდება, შეასრულებს იმას, რაც მსურს, და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“ (ეს. 55:11).

იეჰოვას ვერაფერი შეუშლის ხელს იმაში, რომ 144 000-მა ცხებულმა ქრისტესთან ერთად იმეფოს. როგორც ბიბლიიდან ჩანს, ღმერთი თავისი სულით სრულად შეკრებდა 144 000-ს. მათ რიცხვს არც ერთი არ მოაკლდებოდა (გამოცხ. 14:1—5).

როგორც დავინახეთ, პავლეს მხდეველობაში არ ჰქონია იუდეველთა მასობრივი გაქრისტიანება, როდესაც თქვა, რომ „მთელი ისრაელი“ გადარჩებოდა. იგი გულისხმობდა იმას, რომ 144 000 სულიერი ისრაელი ღვთის ძესთან, იესო ქრისტესთან ერთად იმეფებდა. ღვთის მიერ დანიშნულ დროს „მთელი ისრაელი“ გადარჩებოდა და ისინი იქნებოდნენ მეფეები და მღვდლები ღვთის სამეფოში (ეფეს. 2:8).

[სურათები 28 გვერდზე]

ცხებულები შეიკრიბებოდნენ „ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან“