არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „რომაელები“

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „რომაელები“

იეჰოვას სიტყვა ცოცხალია

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „რომაელები“

დაახლოებით ახ. წ. 56 წელს მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს პავლე მოციქული ქალაქ კორინთში ჩადის. მას ატყობინებენ, რომ რომში ებრაელ და არაებრაელ ქრისტიანებს შორის აზრთა სხვაობაა. პავლეს სურს, რომ ისინი ქრისტესთან ერთობაში დარჩნენ, ამიტომ წერილს სწერს მათ.

რომაელების მიმართ მიწერილ წერილში პავლე ხსნის, თუ რის საფუძველზე აღიარებს ღმერთი ადამიანებს მართლებად და რა პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ ცხოვრებაში. პავლეს წერილი დაგვეხმარება, რომ უფრო მეტი გავიგოთ ღვთისა და მისი სიტყვის შესახებ; ამ წერილის საშუალებით უკეთესად დავინახავთ, რამდენად მოწყალეა ღმერთი და რაოდენ დიდი მსხვერპლი გაიღო ქრისტემ ჩვენ სახსნელად (ებრ. 4:12).

რის საფუძველზე აღიარებს ღმერთი ადამიანებს მართლებად?

(რომ. 1:1—11:36)

„ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას, — წერს პავლე, — და მათთვის უსასყიდლო ძღვენია, რომ [ღვთის] წყალობამ გაათავისუფლა ისინი ქრისტე იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდით და მართლებად არიან აღიარებულნი“. პავლე დასძენს: „ადამიანი რწმენით არის აღიარებული მართლად, კანონით დადგენილი საქმეებისგან დამოუკიდებლად“ (რომ. 3:23, 24, 28). ცხებულ ქრისტიანებს და „უამრავ ხალხს“ სწამთ ‘ერთი მოქმედების, რომელიც გამართლებას ემსახურებოდა’; ეს მათი ‘მართლებად აღიარების’ საფუძველს იძლევა. ცხებულ ქრისტიანებს იმის შესაძლებლობა აქვთ, რომ ზეცაში ქრისტესთან ერთად იმეფონ, უამრავ ხალხს კი, რომელიც „დიდ გასაჭირს“ გადაიტანს, იმის შესაძლებლობა, რომ ღვთის მეგობრებად იწოდებოდნენ (რომ. 5:18; გამოცხ. 7:9, 14; იოან. 10:16; იაკ. 2:21—24; მათ. 25:46).

„ხომ არ შევცოდოთ, რადგან კანონს კი არ ვექვემდებარებით, არამედ წყალობას? — კითხვას სვამს პავლე. — არავითარ შემთხვევაში! — თვითონვე პასუხობს. — მონები ხართ . . . ცოდვისა სასიკვდილოდ, ან მორჩილებისა სიმართლისთვის“ (რომ. 6:15, 16). პავლე აგრეთვე ამბობს: „თუ სულით სხეულის საქმეებს მოკლავთ, იცოცხლებთ“ (რომ. 8:13).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

1:24—32. ამ მუხლებში აღწერილ აღვირახსნილობას იუდეველები ეწეოდნენ თუ უცხოტომელები? ესენი შეიძლება იუდეველებიც ყოფილიყვნენ და უცხოტომელებიც, მაგრამ პავლე უშუალოდ ძველ დროში მცხოვრებ განდგომილ ისრაელზე ლაპარაკობდა. თუმცა ისრაელმა კარგად იცოდა ღვთის სამართალი, „მათ არ უნდოდათ, საფუძვლიანი ცოდნა ჰქონოდათ ღვთის შესახებ“. ამიტომ ღმერთმა ისინი დაგმო.

3:24, 25. როგორ შეეძლო „ქრისტე იესოს მიერ გადახდილ გამოსასყიდს“ „წარსულში ჩადენილი ცოდვების“ პატიება? პირველი წინასწარმეტყველება მესიის შესახებ, რომელიც დაბადების 3:15-შია ჩაწერილი, ახ. წ. 33 წელს შესრულდა, როცა იესო ძელზე წამებით მოკლეს (გალ. 3:13, 16). ამ წინასწარმეტყველებას რომ წარმოთქვამდა, იეჰოვამ იცოდა, რომ ვერაფერი შეუშლიდა ხელს მისი განზრახვის შესრულებას. ასე რომ, იესო ქრისტეს გამოსასყიდის საფუძველზე, რომელსაც ის მომავალში გაიღებდა, იეჰოვას შეეძლო ადამის იმ შთამომავლებისთვის ეპატიებინა ცოდვები, რომლებიც ირწმუნებდნენ მის დანაპირებს. ამ მსხვერპლით აგრეთვე შესაძლებელი ხდება ქრისტემდე მცხოვრები ადამიანების მკვდრეთით აღდგომაც (საქ. 24:15).

6:3—5. რას ნიშნავს პავლეს ნათქვამი, რომ ‘ვინც ქრისტე იესოში მოინათლა, მის სიკვდილში მოინათლა’? როდესაც იეჰოვა ქრისტეს მიმდევრებს თავისი სულით სცხებს, ისინი ქრისტესთან ერთიანდებიან და ხდებიან იმ კრების წევრები, რომლის თავიც ქრისტეა და რომელსაც მისი სხეული განასახიერებს (1 კორ. 12:12, 13, 27; კოლ. 1:18). ეს არის ქრისტე იესოში მონათვლა. ცხებული ქრისტიანები იმ გაგებით ‘ინათლებიან [იესოს] სიკვდილში’, რომ თავგანწირვის სულისკვეთება აქვთ და უარს ამბობენ იმაზე, რომ დედამიწაზე მარადიულად იცხოვრონ. იესოს მსგავსად, ისინიც მსხვერპლად იღებენ სიცოცხლეს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათ სიკვდილს ხსნის ძალა არა აქვს. ქრისტეს სიკვდილში მონათვლა მაშინ დასრულდება, როცა უკანასკნელი ცხებული ქრისტიანი მოკვდება და ზეცაში საცხოვრებლად აღდგება.

7:8—11. როგორ ‘მისცა მცნებამ ცოდვას საბაბი’? კანონმა დაანახვა ხალხს, თუ რა ითვლებოდა ცოდვად. ამის შედეგად მათ გააცნობიერეს, რომ ბევრ რამეში სცოდავდნენ. კანონის მეშვეობით მრავალმა ისრაელმა დაინახა, რომ ცოდვილები იყვნენ. ამ გაგებით მისცა მცნებამ ცოდვას საბაბი.

რას ვსწავლობთ:

1:14, 15. ჩვენ არაერთი მიზეზი გვაქვს იმისა, რომ გულმოდგინედ ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ჩვენ იმ ხალხის მოვალენი ვართ, რომლებიც იესომ თავისი სისხლით იხსნა. ამიტომ ვალდებულნი ვართ, რომ სულიერად დავეხმაროთ მათ.

1:18—20. უღვთო და უსამართლო ადამიანებს „გამართლება არა აქვთ“, რადგან ღვთის უხილავი თვისებები ნათლად ჩანს მისი შემოქმედებიდან.

2:28; 3:1, 2; 7:6, 7. ამ მუხლებიდან ისე ჩანს, რომ პავლე თითქოს შეურაცხყოფს იუდეველებს, მაგრამ შემდეგ არბილებს თავის ნათქვამს. აქედან იმის სწავლა შეგვიძლია, რომ, როცა საქმე დელიკატურ საკითხებს ეხება, გონიერება უნდა გამოვიჩინოთ და ტაქტიანად ვისაუბროთ.

3:4. როდესაც ადამიანის აზრი ღვთის აზრებს ეწინააღმდეგება, ჩვენ ღმერთს უნდა მივენდოთ და მისი ნება შევასრულოთ. ამით ცხადვყოფთ, რომ ‘ღმერთი ჭეშმარიტია’. გულმოდგინე ქადაგებითა და მოწაფეების მომზადებით ჩვენ ვეხმარებით სხვებს იმის დანახვაში, რომ ღმერთი ჭეშმარიტია.

4:9—12. აბრაამმა 99 წლის ასაკში წინადაიცვითა, მაგრამ რწმენით მართლად წინადაცვეთამდე დიდი ხნით ადრე იქნა აღიარებული (დაბ. 12:4; 15:6; 16:3; 17:1, 9, 10). ამით ღმერთმა დაგვანახვა, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი მის წინაშე მართლად იქნას აღიარებული.

4:18. რწმენა იმედის გაშერე წარმოუდგენელია. ჩვენი რწმენა იმედით საზრდოობს (ებრ. 11:1).

5:18, 19. პავლე ლოგიკურად მსჯელობს, თუ რით ჰგავს იესო ადამს და შემდეგ მოკლედ ხსნის, თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა „მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მათ. 20:28). ლოგიკური მსჯელობა და აზრის მოკლედ გადმოცემა სწავლების შესანიშნავი მეთოდებია (1 კორ. 4:17).

7:23. სხეულის ისეთ ნაწილებს, როგორიცაა ხელი, ფეხი და ენა, შეუძლია ‘ცოდვის კანონის ტყვედ გვაქციოს’. ამიტომ სხეულის ეს ნაწილები უმართებულოდ არ უნდა გამოვიყენოთ.

8:26, 27. როდესაც არ ვიცით, ამა თუ იმ შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ და არც ის ვიცით, რაზე ვილოცოთ, „სული გვშუამავლობს“. ამ დროს იეჰოვა, „ლოცვების მომსმენი“, იმ გაგებით ისმენს ჩვენს „გამოუთქმელ ოხვრას“, რომ ბიბლიაში ჩაწერილ, ჩვენი სიტუაციის შესაბამის ლოცვას ისე უყურებს, თითქოს ჩვენ წარმოგვეთქვას (ფსალმ. 65:2).

8:38, 39. ვერც უბედურება, ვერც ბოროტი სულიერი ქმნილებები და ვერც ადამიანთა მთავრობები ვერ გაუნელებენ იეჰოვას ჩვენდამი სიყვარულს და ვერც ჩვენ ჩამოგვაშორებენ ღვთის სიყვარულს.

9:22—28; 11:1, 5, 17—26. ბევრი წინასწარმეტყველება, რომელიც ისრაელში წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენას ეხებოდა, ცხებული ქრისტიანების კრებაზე შესრულდა, რომლის წევრებიც ‘მოწოდებულნი არიან არა მხოლოდ იუდეველთაგან, არამედ უცხოტომელთაგანაც’.

10:10, 13, 14. გულმოდგინე ქადაგებისკენ აღგვძრავს არა მხოლოდ ღვთისა და მოყვასის სიყვარული, არამედ ღვთისა და მისი დაპირებებისადმი ძლიერი რწმენაც.

11:16—24, 33. ღმერთი მართლაც რომ ზომიერად ავლენს ‘სიკეთესაც და სიმკაცრესაც’! „კლდეა იგი და სრულყოფილია მისი ნამოქმედარი, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა“ (კან. 32:4).

ვიცხოვროთ ისე, როგორც მართლებად აღიარებულებს შეეფერებათ

(რომ. 12:1—16:27)

„მაშ, ძმებო, ღვთის თანაგრძნობით გეხვეწებით: წარადგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ, წმინდა, ღვთისთვის მოსაწონ მსხვერპლად“ (რომ. 12:1). ამ სიტყვების წარმოთქმამდე პავლე იმის შესახებ წერს, რომ ქრისტიანები მართლებად რწმენით არიან აღიარებულნი. ამის შემდეგ კი მიუთითებს, თუ როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ საკუთარ თავზე, როგორ უნდა მოექცნენ სხვას, და როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ხელისუფლების მიმართ.

პავლე თანაქრისტიანებს მიმართავს: „ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ“. ის აგრეთვე ეუბნება: „თქვენი სიყვარული უთვალთმაქცო იყოს. ბოროტება შეიზიზღეთ და სიკეთეს მიეკარით“ (რომ. 12:3, 9). „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფალთ“ (რომ. 13:1). ის მოუწოდებს ქრისტიანებს, რომ ‘არ გაასამართლონ ერთმანეთი’ განსხვავებული სინდისის გამო (რომ. 14:13).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

12:20. რა გაგებით ‘ვაგროვებთ ნაკვერჩხლებს’ მტრის თავზე? ბიბლიურ დროში გახურებულ ღუმელში ლითონს ნაკვერჩხლებზე დებდნენ და ზემოდანაც ნაკვერჩხლებს აყრიდნენ. ზემოდან დაყრილი გავარვარებული ნაკვერჩხლები ხელს უწყობდა ტემპერატურის მომატებას, რის შედეგადაც ლითონი დნებოდა და მინარევებისგან იწმინდებოდა. მტერს სიკეთეს თუ ვუკეთებთ, შეიძლება გული მოვულბოთ და დავეხმაროთ, რომ თავისი კარგი თვისებები გამოავლინოს.

12:21. როგორ ვძლიოთ „ბოროტებას სიკეთით“? ჩვენ გაბედულად უნდა ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ მანამ, სანამ იეჰოვა არ ჩათვლის, რომ საქმე დასრულებულია (მარ. 13:10).

13:1. რა გაგებით უკავიათ უმაღლეს ხელისუფალთ „ღვთის მიერ დადგენილი სხვადასხვა მდგომარეობა“? ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ გაგებით უკავიათ „ღვთის მიერ დადგენილი სხვადასხვა მდგომარეობა“, რომ მმართველობის უფლება მათ ღმერთმა მისცა. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ღმერთმა იწინასწარმეტყველა კონკრეტული მმართველების შესახებ. ამას ადასტურებს ის, რომ ბიბლიაში არაერთი მმართველის შესახებ არის ნაწინასწარმეტყველები.

რას ვსწავლობთ:

12:17, 19. ადამიანი, რომელიც სხვას სამაგიეროს უხდის, საკუთარ თავზე იღებს იმის უფლებას, რისი უფლებაც მხოლოდ ღმერთს აქვს. აქედან გამომდინარე, ვინც სხვას ‘სამაგიეროს უხდის’, კადნიერებას ავლენს.

14:14, 15. ძმას არ უნდა შევთავაზოთ ისეთი საჭმელ-სასმელი, რომელიც დაანაღვლიანებს ან დააბრკოლებს.

14:17. ჩვეულებრივ, ღვთის კეთილგანწყობის მოპოვება ამა თუ იმ საჭმლისგან თავის შეკავებაზე არ არის დამოკიდებული. ღმერთი მათ იწონებს, ვინც ისწრაფვის სიმართლისკენ, მშვიდობისა და სიხარულისკენ.

15:7. ჩვენ ყოველგვარი მიკერძოების გარეშე გულთბილად უნდა მივიღოთ ყველა, ვინც გულწრფელად ეძებს ჭეშმარიტებას, და განურჩევლად ყველას უნდა ვუქადაგოთ სამეფოს შესახებ.

[სურათები 31 გვერდზე]

შესაძლებელი იყო თუ არა, რომ იესოს გამოსასყიდს გადახდამდე ჰქონოდა ძალა?