არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნუ გაგინელდება „თავდაპირველი სიყვარული“

ნუ გაგინელდება „თავდაპირველი სიყვარული“

ნუ გაგინელდება „თავდაპირველი სიყვარული“

„ჩაეჭიდე იმას, რაც გაქვს“ (გამოცხ. 3:11).

1, 2. რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა დარწმუნდით, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი?

გახსოვს, პირველად რომ გაიგე იმ შესანიშნავი მომავლის შესახებ, რომელსაც იეჰოვა თავის მორჩილებს ჰპირდება? თუ მანამდე სხვა რელიგიის მიმდევარი იყავი, რა გრძნობა დაგეუფლა, როდესაც ბიბლიიდან ღვთის განზრახვებს გაეცანი, ან როდესაც ერთ დროს შენთვის გაუგებარ საკითხს ნათელი მოეფინა? ალბათ დაინახე, რომ მცდარი გზით დადიოდი. მაგრამ დღეს ხომ ბედნიერი ხარ, ჭეშმარიტება რომ იცი! თუ ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდე, გაიხსენე, რა განცდა დაგეუფლა, როდესაც დარწმუნდი, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი და მისი ნების შესრულება გადაწყვიტე (რომ. 12:2).

2 ბევრი სულიერი და-ძმა სიამოვნებით გაგიზიარებდა იმ სიხარულს, რომელიც იეჰოვასთან დაახლოებით იგრძნეს, და იმას, თუ რაოდენ მადლიერნი არიან იეჰოვასი (იოან. 6:44). ეს და-ძმები გულში მოზღვავებულმა სიხარულმა აღძრა, რომ ქრისტიანული ცხოვრება აერჩიათ. მათმა გულმა ვერ დაიტია ეს სიხარული და სხვებისთვისაც დაიწყეს იმის გაზიარება, რაც თავად გაიგეს. თქვენთვისაც ნაცნობია ეს განცდა?

3. რა სისუსტეზე გაუმახვილა ყურადღება იესომ ეფესოს კრებას?

3 პირველი საუკუნის ეფესოს კრებას იესომ შეუთვალა, რომ მათ მიატოვეს „თავდაპირველი სიყვარული“. ეფესოს კრების წევრებს ბევრი კარგი თვისება ჰქონდათ, მაგრამ იეჰოვას სიყვარული გაუნელდათ. ამიტომ იესომ მათ მიმართა: „ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა და მოთმინება და ის, რომ ვერ იტან ბოროტებს; გამოცდილი გყავს ისინი, ვინც ამბობს, მოციქულები ვართო, სინამდვილეში კი არ არიან; დანახული გაქვს, რომ მატყუარები არიან. შენ მოთმინებას ავლენ, ყველაფერს იტან ჩემი სახელის გულისთვის და არ დაქანცულხარ. მაგრამ შენ წინააღმდეგ ისა მაქვს, რომ მიატოვე თავდაპირველი სიყვარული“ (გამოცხ. 2:2—4).

4. რატომ არის დღესაც საყურადღებო ეფესოელებისთვის მიცემული რჩევა?

4 იესოს მიერ ეფესოსა და სხვა კრებებისთვის მიცემული რჩევები, რომლებიც „გამოცხადების“ წიგნშია ჩაწერილი, 1914 წლიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში არსებული ვითარების გამო ცხებულ ქრისტიანებსაც ეხებოდათ (გამოცხ. 1:10). არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ ქრისტიანს დღესაც გაუნელდეს იეჰოვასა და ჭეშმარიტების სიყვარული. იმის გახსენება, თუ რას გრძნობდი მაშინ, როცა ჭეშმარიტება გაიგე, დაგეხმარება, განიახლო და გაიღრმაო ღვთისა და ჭეშმარიტების სიყვარული.

რამ დაგარწმუნა, რომ ჭეშმარიტება იპოვე?

5, 6. ა) თავდაპირველად რაში უნდა დარწმუნდეს თითოეული ქრისტიანი? ბ) რამ დაგარწმუნა იმაში, რომ იეჰოვას მოწმეები ჭეშმარიტებას ასწავლიან? გ) რა დაეხმარება ქრისტიანს, რომ განიახლოს პირველი სიყვარული?

5 ყველა, ვინც თავს უძღვნის იეჰოვას, ჯერ იმაში უნდა დარწმუნდეს, თუ „რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“ (რომ. 12:1, 2). ამის ერთ-ერთი საშუალებაა ბიბლიის შესწავლა. ის, რაც ერთ ადამიანს დაარწმუნებს, რომ იეჰოვას მოწმეები ჭეშმარიტებას ასწავლიან, მეორისთვის შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს. ზოგზე განსაკუთრებით იმოქმედა იმან, რომ ბიბლიიდან საკუთარი თვალით ამოიკითხა ღვთის სახელი, ზოგზე კი — იმის გაგებამ, თუ რა მდგომარეობაში არიან მიცვალებულები (ფსალმ. 83:18; ეკლ. 9:5, 10). ზოგზე დიდი შთაბეჭდილება იეჰოვას ხალხს შორის არსებულმა სიყვარულმა მოახდინა (იოან. 13:34, 35). ზოგმა კი გაანალიზა ის, თუ რას ნიშნავს ქვეყნიერებისგან განზე დგომა, და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის ყოვლად დაუშვებელია პოლიტიკურ დებატებსა და ომებში მონაწილეობა (ეს. 2:4; იოან. 6:15; 17:14—16).

6 ბევრ ადამიანში იეჰოვას სიყვარული სწორედ ამ ყოველივეზე ფიქრმა აღძრა. გაიხსენე, შენ რამ დაგარწმუნა იმაში, რომ ჭეშმარიტება იპოვე? ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას მდგომარეობა ერთმანეთისგან განსხვავდება; ამიტომ ის მიზეზები, რის გამოც შენ იეჰოვა შეიყვარე და მის დაპირებებს ერწმუნე, შესაძლოა განსხვავდებოდეს იმ მიზეზებისგან, რამაც სხვები დაარწმუნა. ალბათ არც დღეს გეპარება ეჭვი იმაში, რაშიც მაშინ დარწმუნდი. ჭეშმარიტება ხომ უცვლელია. ამიტომ, თუ გაიხსენებ, რას გრძნობდი მაშინ, როცა ჭეშმარიტება გაიგე, ეს განგიახლებს და, შესაბამისად, გაგიღრმავებს ჭეშმარიტების სიყვარულს (წაიკითხეთ ფსალმუნების 119:151, 152; 143:5).

გაიღრმავე თავდაპირველი სიყვარული

7. რატომ უნდა გავიღრმაოთ ჭეშმარიტების სიყვარული, და რა დაგვეხმარება ამაში?

7 მას შემდეგ, რაც იეჰოვას მიუძღვენი თავი, შეიძლება ბევრი რამ შეიცვალა შენს ცხოვრებაში. შენ უეჭველად გეყვარებოდა ჭეშმარიტება, თუმცა დროის სვლასთან ერთად ახალ განსაცდელებთან გასამკლავებლად სიყვარულის გაღრმავება დაგჭირდებოდა. ასეთ დროს აუცილებლად იგრძნობდი იეჰოვას მხარდაჭერას (1 კორ. 10:13). ამიტომ ის, რაც წლების მანძილზე გამოიარე, შენთვის უმნიშვნელო ნამდვილად არ იქნება. ეს ყოველივე უთუოდ გაგიღრმავებდა თავდაპირველ სიყვარულს; გარდა ამისა, ეს იმაში დარწმუნების საშუალებასაც გაძლევს, რომ ღვთის ნების შესრულება საუკეთესო არჩევანია (იესო. 23:14; ფსალმ. 34:8).

8. რა უთხრა იეჰოვამ მოსეს, და როგორ გაიცნეს ისრაელებმა იეჰოვა უკეთესად?

8 გავიხსენოთ, რას დაჰპირდა იეჰოვა ისრაელ ერს, სანამ ეგვიპტის მონობიდან იხსნიდა. ღმერთმა მოსეს უთხრა: „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“ (გამ. 3:7, 8, 13, 14). ამ სიტყვებით იეჰოვა იმას გულისხმობდა, რომ შეითავსებდა ნებისმიერ როლს, რაც მისი ხალხის გასათავისუფლებლად იქნებოდა საჭირო. იეჰოვამ მოვლენები მართლაც ისე წარმართა, როგორც საჭიროება მოითხოვდა. ისრაელებმა დაინახეს, რომ იეჰოვას შეეძლო ერთდროულად ყოფილიყო, ყოვლისშემძლე ღმერთი, მოსამართლე, წინამძღოლი, მხსნელი, მეომარი და მზრუნველი მამა (გამ. 12:12; 13:21; 14:24—31; 16:4; ნეემ. 9:9—15).

9, 10. რა და რა სიტუაციაში შეიძლება იეჰოვას უკეთ გაცნობა, და რატომ არის კარგი შენთვის ძვირფასი წუთების გახსენება?

9 ფაქტია, რომ შენი მდგომარეობა განსხვავდება ისრაელის მდგომარეობისგან. მაგრამ ალბათ, იქნებოდა შენს ცხოვრებაში ისეთი შემთხვევები, რაც დაგარწმუნებდა, რომ ღმერთი პირადად შენზეც ზრუნავს. ეს კი, თავის მხრივ, რწმენას განგიმტკიცებდა. მაშინ დაინახავდი, რომ იეჰოვა მზრუნველი მამა, ნუგეშისმცემელი და მოძღვარია (წაიკითხეთ ესაიას 30:20ბ, 21). შეიძლება ლოცვაზე კონკრეტული პასუხი მიიღე, განსაცდელების დროს თანაქრისტიანების მხარდაჭერა იგრძენი ან პირადი შესწავლის დროს ბიბლიიდან ისეთი აზრები ამოიკითხე, რომელიც ძალიან გჭირდებოდა.

10 ასეთი შემთხვევებით შეიძლება სხვა ვერ აღაფრთოვანო. სინამდვილეში, მართლაც არ მომხდარა სასწაული. მაგრამ ეს შემთხვევები შენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. იეჰოვამ სწორედ ის გააკეთა, რაც შენ გჭირდებოდა. დაფიქრდი, ჭეშმარიტების გაგების შემდეგ რამდენი რამ მოხდა შენს ცხოვრებაში. გაიხსენე ის წუთები, როდესაც იეჰოვამ გაგრძნობინა, რომ უყვარხარ, და ისეთივე გრძნობები დაგეუფლება მის მიმართ, როგორიც მაშინ გქონდა. მადლიერი იყავი და ხშირად იფიქრე იმ წუთებზე. დარწმუნებული იყავი, რომ იეჰოვა პირადად ზრუნავს შენზე და ნურავის დართავ იმის ნებას, რომ გადაგარწმუნოს.

შეამოწმე საკუთარი თავი

11, 12. თუ ქრისტიანს ჭეშმარიტების სიყვარული გაუნელდა, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, და რა რჩევა მოგვცა იესომ?

11 თუ ღვთისა და ჭეშმარიტების სიყვარული გაგინელდა, ამის მიზეზი ის არ არის, რომ იეჰოვამ შეცვალა შენდამი დამოკიდებულება. იეჰოვა არასდროს იცვლება (მალ. 3:6; იაკ. 1:17). იგი დღესაც ისევე ზრუნავს შენზე, როგორც უწინ. მაშ, რატომ გაგინელდა სიყვარული? იქნებ იმიტომ, რომ მეორეხარისხოვანი საქმეები დიდ დროს გართმევს? შეიძლება ადრე უფრო მხურვალედ ლოცულობდი, უფრო საფუძვლიანად იკვლევდი ღვთის სიტყვას და ფიქრსაც უფრო მეტ დროს უთმობდი. იქნებ ადრე უფრო აქტიურად მონაწილეობდი მსახურებაში და რეგულარულადაც ესწრებოდი კრების შეხვედრებს? (2 კორ. 13:5).

12 შესაძლოა ამ მიზეზების გამო არ გაგნელებია ღვთის სიყვარული. მაშ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ყოველდღიურმა საზრუნავმა, მაგალითად, ოჯახის შენახვამ ან ჯანმრთელობაზე ზრუნვამ, ხომ არ დაგიკარგა იმის შეგრძნება, რომ იეჰოვას დღე ახლოსაა? იესომ თავისი მოციქულები შემდეგი სიტყვებით გაამხნევა: „დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე როგორც მახე, რადგან ის დედამიწის ყველა მცხოვრებს დაატყდება. მაშ, იფხიზლეთ და მუდამ იმის ვედრებაში იყავით, რომ თავი დააღწიოთ მოსახდენს“ (ლუკ. 21:34—36).

13. რას შეადარა იაკობმა ღვთის სიტყვა?

13 ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა, იაკობმა, თანამორწმუნეებს მოუწოდა, რომ ღვთის სიტყვის საშუალებით გულწრფელად შეემოწმებინათ საკუთარი თავი. მან დაწერა: „იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი, თავს რომ იტყუებენ მცდარი აზროვნებით, რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, ჰგავს კაცს, რომელიც სარკეში თავის სახეს აკვირდება. უყურებს თავის თავს, მაგრამ მიდის თუ არა, მაშინვე ავიწყდება როგორია. ხოლო ვინც უკვირდება თავისუფლების სრულყოფილ კანონს და ასე განაგრძობს, ბედნიერი იქნება, რადგან გახდა არა გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის შემსრულებელი“ (იაკ. 1:22—25).

14, 15. ა) როგორ დაგეხმარება ბიბლია, რომ საკუთარ თავში სისუსტე დაინახო? ბ) რა კითხვები უნდა დაუსვა საკუთარ თავს?

14 ჩვეულებრივ, სარკეში მაშინ ვიხედებით, როცა გვინდა გავიგოთ, თუ როგორ გამოვიყურებით. მაგალითად, თუ მამაკაცი სარკეში ჩაიხედავს და შენიშნავს, რომ ჰალსტუხი გასასწორებელი აქვს, ცხადია გაისწორებს. ხოლო, თუ ქალი დაინახავს, რომ თმა აქვს გასასწორებელი, ისიც იმავეს გააკეთებს. ბიბლიაც სარკესავითაა; იგი გვეხმარება საკუთარი თავის დანახვაში. სარკის როლს ბიბლია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეასრულებს, თუ შეეცდები იმის დანახვას, რა გაქვს გამოსასწორებელი. მაგრამ, რა აზრი ექნება სარკეში ჩახედვას, თუ დაინახავ, რომ მაგალითად, თმა გასასწორებელი გაქვს, მაგრამ არ გაისწორებ? გონივრული იქნება, თუ იმას გავაკეთებთ, რასაც ღვთის „სრულყოფილ კანონში“ დავინახავთ, და ამგვარად „საქმის შემსრულებელნი“ ვიქნებით. ქრისტიანმა, რომელიც გრძნობს, რომ იეჰოვასა და ჭეშმარიტების სიყვარული გაუნელდა, საკუთარ თავს უნდა დაუსვას შემდეგი კითხვები: რა სირთულეებს ვხვდები დღეს? როგორ ვრეაგირებ ახლა და როგორ ვრეაგირებდი ადრე? რამე ხომ არ შეიცვალა ჩემში? თუ თვითშემოწმების დროს საკუთარ თავში რაიმე სისუსტეს აღმოაჩენ, ნუ წაუყრუებ. შეეცადე, რომ რაც შეიძლება მალე აღმოფხვრა ეს სისუსტე (ებრ. 12:12, 13).

15 თვითშემოწმება იმაშიც დაგეხმარება, რომ სულიერი ზრდისთვის აუცილებელი მიზნები დაისახო. პავლე მოციქულმა ღვთის შთაგონებით ტიმოთეს მსახურების გასაუმჯობესებლად რჩევა მისცა: „ამაზე იფიქრე და ამით დაკავდი, რათა ყველასთვის ცხადი გახდეს შენი წარმატება“. ჩვენც უნდა ვიფიქროთ და დავინახოთ ბიბლიიდან, თუ რა უნდა გავაკეთოთ, სულიერად რომ გავიზარდოთ (1 ტიმ. 4:15).

16. რა არასასიამოვნო გრძნობა შეიძლება დაგეუფლოს თვითშემოწმების დროს?

16 გულწრფელი თვითშემოწმება ნებისმიერ შემთხვევაში გამოააშკარავებს ამა თუ იმ სისუსტეს. თუმცა ამის გამო შეიძლება არასასიამოვნო გრძნობა დაგეუფლოს. მაგრამ გულს ნუ გაიტეხ! თვითშემოწმების მიზანი ხომ ის არის, რომ დაინახო სისუსტე და აღმოფხვრა. სატანას სურს, რომ ქრისტიანს სისუსტეების გამო არასრულფასოვნების გრძნობა გაუჩნდეს. ეშმაკის მტკიცებით, ღმერთი არაფრად აგდებს მისი მსახურების გულწრფელ მცდელობას (იობ. 15:15, 16; 22:3). ეს არის სიცრუე, რომელიც იესომ გააქარწყლა; ღვთისთვის თითოეული ჩვენგანი ძვირფასია (წაიკითხეთ მათეს 10:29—31). სისუსტეების დანახვა უნდა დაგეხმაროს, რომ გაუმჯობესდე, და ამაში იეჰოვა დაგეხმარება (2 კორ. 12:7—10). თუ ხანდაზმულობის ან ავადმყოფობის გამო იმდენს ვეღარ აკეთებ, რამდენსაც ადრე აკეთებდი, მეტისმეტად არ განიცადო. პირიქით, დაისახე რეალური მიზნები. ნუ დაუშვებ, რომ სიყვარული გაგინელდეს.

რატომ უნდა ვიყოთ მადლიერნი?

17, 18. რას მოგიტანს თავდაპირველი სიყვარულის გაღრმავება?

17 თავდაპირველი სიყვარულის გაღრმავება ბევრ კარგს მოგიტანს. მაგალითად, მეტს გაიგებ ღვთის შესახებ და უფრო მადლიერი იქნები იმისათვის, რასაც ღმერთი შენთვის აკეთებს (წაიკითხეთ იგავების 2:1—9; 3:5, 6). „დიდია ჯილდო [იეჰოვას კანონების] დაცვისათვის“, — წერდა ფსალმუნმომღერალი. „იეჰოვას შეხსენება სანდოა, დააბრძენებს გამოუცდელებს“. ბიბლიაში აგრეთვე ნათქვამია: „ბედნიერნი არიან თავიანთ გზაზე უბიწოდ მავალნი, იეჰოვას კანონით მოსიარულენი“ (ფსალმ. 19:7, 11; 119:1).

18 შენ ალბათ ბევრი რამის გამო ხარ მადლიერი. მაგალითად, შენთვის უცნობი არ არის, თუ რით არის გამოწვეული მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. გრძნობ იეჰოვას მზრუნველობას და ყურადღებას. შენ იმისთვისაც იქნები მადლიერი, რომ იეჰოვამ თავის ორგანიზაციაში მოგიყვანა და წილად გარგუნა პატივი, რომ მისი მოწმე ყოფილიყავი. დაფიქრდი, რამდენი კურთხევა გაქვს! ფურცელზე ჩამოწერე, თუ რის გამო ხარ მადლიერი. ალბათ საკმაოდ გრძელი სია გამოგივა. თუ ამას ხშირად გააკეთებ, გაგიადვილდება შემდეგი რჩევის გათვალისწინება: „ჩაეჭიდე იმას, რაც გაქვს“ (გამოცხ. 3:11).

19. კიდევ რა არის საჭირო სულიერი ზრდისთვის?

19 იმაზე ფიქრი, თუ წლების მანძილზე როგორ მტკიცდებოდა შენი რწმენა, დაგეხმარება, რომ ჩაეჭიდო იმას, რაც გაქვს. ეს ჟურნალი არაერთი წელია ყურადღებას ამახვილებს სხვა ისეთ საკითხებზეც, რომლებიც ჩვენს სულიერ ზრდას უწყობს ხელს, მაგალითად, ლოცვა, ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება და მონაწილეობის მიღება და გულმოდგინედ ქადაგება. ეს ყოველივე დაგეხმარება, რომ განიახლო და გაიღრმაო თავდაპირველი სიყვარული (ეფეს. 5:10; 1 პეტ. 3:15; იუდ. 20, 21).

როგორ უპასუხებთ?

• როგორ განგიმტკიცებს რწმენას იმაზე ფიქრი, თუ რამ აღძრა შენში იეჰოვას სიყვარული?

• რაში გარწმუნებს პირად შემთხვევებზე ფიქრი?

• რატომ არის საჭირო თვითშემოწმება?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 23 გვერდზე]

რატომ მიიღე ჭეშმარიტება?

[სურათი 25 გვერდზე]

ხედავ, რა გაქვს შესაცვლელი?