არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას უნდა გავექცეთ?

რას უნდა გავექცეთ?

რას უნდა გავექცეთ?

„გველგესლათა ნაშიერნო, ვინ გიკარნახათ მომავალი რისხვისგან გაქცევა?“ (მათ. 3:7).

1. რომელ ბიბლიურ შემთხვევებს გახსენებთ სიტყვა გაქცევა?

რომელ ბიბლიურ შემთხვევას გახსენებთ სიტყვა გაქცევა? შეიძლება ის შემთხვევა გაგახსენდეთ, როდესაც წარმოსადეგი ახალგაზრდა იოსები ფოტიფარის გარყვნილ ცოლს გაექცა (დაბ. 39:7—12). შესაძლოა გაგახსენდეთ ახ. წ. 66 წელს მომხდარი მოვლენა, როდესაც ქრისტიანები იერუსალიმიდან გაიქცნენ. მათ ყურად იღეს იესოს გაფრთხილება: „როცა დაინახავთ იერუსალიმს დაბანაკებული ჯარით გარშემორტყმულს . . . მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ, ქალაქში მყოფნი გარეთ გავიდნენ“ (ლუკ. 21:20, 21).

2, 3. ა) რატომ ამხილა იოანე ნათლისმცემელმა რელიგიური წინამძღოლები? ბ) რა უწოდა იესომ რელიგიურ წინამძღოლებს?

2 ის ადამიანები, რომლებიც ზემოთ მოვიხსენიეთ, პირდაპირი გაგებით გაიქცნენ. მთელ მსოფლიოში მცხოვრები ჭეშმარიტი ქრისტიანები დღესაც ხედავენ გაქცევის აუცილებლობას, ოღონდ არა პირდაპირი გაგებით. იოანე ნათლისმცემელმა სიტყვა გაქცევა გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენა. მდინარე იორდანესთან მისულ ხალხს შორის იყვნენ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული იუდეველი რელიგიური წინამძღოლები, რომლებიც ვერ ხედავდნენ მონანიების აუცილებლობას. ისინი ზიზღით უყურებდნენ უბრალო ადამიანებს, რომლებიც მონანიების ნიშნად ინათლებოდნენ. იოანემ ეს თვალთმაქცი წინამძღოლები უშიშრად ამხილა: „გველგესლათა ნაშიერნო, ვინ გიკარნახათ მომავალი რისხვისგან გაქცევა? მაშ, გამოიღეთ მონანიების შესაფერისი ნაყოფი“ (მათ. 3:7, 8).

3 როგორც აღვნიშნეთ, იოანე არ გულისხმობდა პირდაპირი გაგებით გაქცევას. ის აფრთხილებდა რელიგიურ წინამძღოლებს ღვთის გარდაუვალი სამსჯავროს ანუ რისხვის დღის შესახებ. მან უთხრა მათ, რომ თუ არ გამოიღებდნენ მონანიების შესაფერის ნაყოფს, თავს ვერ დააღწევდნენ რისხვის დღეს. მოგვიანებით, იესომ დაადანაშაულა ეს წინამძღოლები და უთხრა, რომ ეშმაკის შვილები იყვნენ, რასაც მათი საქმეები ადასტურებდა (იოან. 8:44). „გველგესლას ნაშიერნი“ მათ იესომაც უწოდა, და უთხრა: „როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?“ (მათ. 23:33). რას გულისხმობდა იესო?

4. რის სიმბოლოდ გამოიყენა იესომ სიტყვა გეენა?

4 გეენა იყო იერუსალიმის კედლებს გარეთ მდებარე ველი, სადაც ნაგავი და მკვდარი ცხოველები იყრებოდა და, ამავე დროს, იწვებოდა. იესომ სიტყვა გეენა სამუდამო განადგურების სიმბოლოდ გამოიყენა (იხილეთ გვერდი 27). როგორც მისი ნათქვამიდან გამოჩნდა, ეს რელიგიური წინამძღოლები ვერ გაექცეოდნენ განადგურებას (მათ. 5:22, 29).

5. როგორ ცხადყო ისტორიამ, რომ იოანესა და იესოს გამაფრთხილებელი სიტყვები შესრულდა?

5 ცოდვებით ისედაც დამძიმებულმა იუდეველმა წინამძღოლებმა კიდევ ერთი მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, როდესაც იესოსა და მისი მიმდევრების დევნა დაიწყეს. მოგვიანებით, როგორც იოანე და იესო აფრთხილებდნენ რელიგიურ წინამძღოლებს, ღვთის რისხვის დღე მართლაც დადგა. მაშინ ეს დღე მხოლოდ იერუსალიმსა და იუდას დაატყდა თავს. ვიდრე ეს მოხდებოდა, იუდეველებს იქიდან გაქცევის შესაძლებლობა მიეცათ. ეს დღე ახ. წ. 70 წელს დადგა, როდესაც რომაელმა ჯარისკაცებმა იერუსალიმი და მისი ტაძარი მიწასთან გაასწორეს. ასეთი „გასაჭირი“ იერუსალიმს მანამდე არასდროს ენახა. ბევრი დახოცეს და ბევრიც ტყვედ წაიყვანეს. ასეთივე განადგურება ელით ეგრეთ წოდებულ ქრისტიანებსა და სხვა რელიგიების მიმდევრებს, ოღონდ ამჯერად ეს გაცილებით დიდი მასშტაბით მოხდება (მათ. 24:21).

გაექეცით მოსალოდნელ რისხვას

6. რამ იჩინა თავი პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში?

6 პირველი საუკუნის ქრისტიანებს შორის განდგომილები გამოჩნდნენ და მიმდევრებიც გაიჩინეს (საქ. 20:29, 30). ვიდრე ცოცხლები იყვნენ, იესოს მოციქულები ‘აკავებდნენ’ განდგომილებას, მაგრამ მათი სიკვდილის შემდეგ მრავალი ქრისტიანული სექტა გაჩნდა. დღესდღეობით ეგრეთ წოდებული ქრისტიანული სამყარო ურთიერთსაწინააღმდეგო სწავლებებით ცნობილ ასობით რელიგიას ითვლის. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ აღზევდებოდა ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება. ღვთის სიტყვაში მათ ეწოდებათ „უკანონობის კაცი“ და „დაღუპვის ძე . . . რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს . . . და ბოლოს მოუღებს თავისი მოსვლის გამოცხადებით“ (2 თეს. 2:3, 6—8).

7. რატომ უწოდებს ბიბლია ქრისტიანულ სამყაროს „უკანონობის კაცს“?

7 ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებას „უკანონობის კაცი“ იმიტომ ეწოდება, რომ მილიონობით ადამიანი შეჰყავს შეცდომაში. ისინი ავრცელებენ არაბიბლიურ სწავლებებს, ხალხს არაბიბლიური დღესასწაულების აღნიშვნისკენ მოუწოდებენ და თვალს ხუჭავენ ღვთისთვის მიუღებელ საქციელზე. იესოს მიერ მსჯავრდადებული რელიგიური წინამძღოლების მსგავსად, დღევანდელი ქრისტიანული სამღვდელოებაც „დაღუპვის ძეს“ მიეკუთვნება, რომელიც განადგურდება და აღარ აღდგება (2 თეს. 1:6—9). მაგრამ რა ელით იმ ადამიანებს, რომლებიც ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებამ თუ სხვა სასულიერო პირებმა შეცდომაში შეიყვანეს? ვიდრე ამ კითხვას პასუხს გავცემდეთ, გავიხსენოთ ის მოვლენები, რომლებიც წინ უძღოდა ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურებას.

„გაიქეცით ბაბილონიდან“

8, 9. ა) რა იწინასწარმეტყველა იერემიამ ბაბილონში გადასახლებულ იუდეველებზე? ბ) რისი შესაძლებლობა მიეცათ იუდეველებს მას შემდეგ, რაც მიდია-სპარსეთმა ბაბილონი დაიპყრო?

8 ღვთის მსახურმა იერემიამ იწინასწარმეტყველა იერუსალიმის განადგურება, რაც ძვ. წ. 607 წელს მოხდა. ამ წინასწარმეტყველების თანახმად, ღვთის ხალხს ტყვედ წაასხამდნენ, ხოლო „სამოცდაათი წლის“ შემდეგ ისინი სამშობლოში დაბრუნდებოდნენ (იერ. 29:4, 10). ბაბილონში გადასახლებულ იუდეველებს იერემია აფრთხილებდა, რომ არ წაბილწულიყვნენ ბაბილონელთა ცრუ რელიგიით. თუ იუდეველები ყურად იღებდნენ ამ გაფრთხილებას, თავის დროზე მზად იქნებოდნენ იერუსალიმში დასაბრუნებლად და წმინდა თაყვანისმცემლობის აღსადგენად. ეს დრო დადგა მას შემდეგ, რაც ძვ. წ. 539 წელს ბაბილონი მიდია-სპარსეთმა დაიპყრო. სპარსეთის მეფე კიროს II-მ ბრძანება გამოსცა, რომ იუდეველები სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ და იეჰოვას ტაძარი აღედგინათ იერუსალიმში (ეზრ. 1:1—4).

9 ათასობით იუდეველი დაბრუნდა სამშობლოში (ეზრ. 2:64—67). ასე შესრულდა იერემიას წინასწარმეტყველება — ისრაელები „გაიქცნენ“ ბაბილონიდან (წაიკითხეთ იერემიას 51:6, 45, 50). სამწუხაროდ, ბევრმა იუდეველმა ვერ შეძლო იერუსალიმსა და იუდეაში დაბრუნება, რადგან დიდი გზა იყო გასავლელი. ბაბილონში დარჩენილი ხალხი, რომელთაგანაც ერთ-ერთი ხანდაზმული წინასწარმეტყველი დანიელი იყო, ღვთისგან კურთხეული იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ არ წაიბილწებოდა ბაბილონის ცრუ რელიგიით და მთელი გულით დაუჭერდა მხარს წმინდა თაყვანისმცემლობას იერუსალიმში.

10. რა „სისაძაგლეებში“ ედება ბრალი დიდ ბაბილონს?

10 დღეს მილიარდობით ადამიანი ცრუ რელიგიების მიმდევარია, რომლებიც დასაბამს ძველი ბაბილონიდან იღებს (დაბ. 11:6—9). ამ რელიგიებს ბიბლიაში ერთი საერთო სახელწოდება აქვს: „დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სისაძაგლეთა დედა“ (გამოცხ. 17:5). ისტორიიდან ცნობილია, რომ ცრუ რელიგიები ყოველთვის უჭერდნენ მხარს მსოფლიოს პოლიტიკურ მმართველებს. ცრუ რელიგიებს აგრეთვე ბრალი მიუძღვით ‘დედამიწაზე მოკლულთა სისხლში’, იმ ასობით მილიონი ადამიანის სიკვდილში, რომლებიც ომებმა შეიწირა (გამოცხ. 18:24). იმ „სისაძაგლეთა“ შორის, რომელსაც სამღვდელოება სჩადის და ეკლესიის მესვეურები იწყნარებენ, არის პედოფილია და სხვა სახის სექსუალური აღვირახსნილობა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ იეჰოვა მალე მოსპობს ცრუ რელიგიის ყოველგვარ კვალს დედამიწაზე (გამოცხ. 18:8).

11. რა ვალდებულება აკისრიათ ჭეშმარიტ ქრისტიანებს დიდი ბაბილონის განადგურებამდე?

11 ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებმაც იციან სიმართლე ცრუ რელიგიების შესახებ, ვალდებულნი არიან, გააფრთხილონ ამ რელიგიების მიმდევრები. ერთ-ერთი საშუალება, რითაც ისინი ხალხს აფრთხილებენ, ბიბლიებისა და ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურის გავრცელებაა. ამ პუბლიკაციების გამოცემაზე „ერთგული და გონიერი მონა“ ზრუნავს, რომელიც იესო ქრისტემ დანიშნა, რათა ღვთის ხალხისთვის „დროულად მიეცა საზრდო“ (მათ. 24:45). მას, ვინც ღვთის სიტყვით ინტერესდება, იეჰოვას მოწმეები ბიბლიის შესწავლას სთავაზობენ. იმედია, რომ ბიბლიის შესწავლის შედეგად ისინი დაინახავენ ‘ბაბილონიდან გაქცევის’ აუცილებლობას, სანამ ჯერ კიდევ არის ამის დრო (გამოცხ. 18:4).

გაექეცით კერპთაყვანისმცემლობას

12. როგორ უყურებს ღმერთი გამოსახულებებისა და კერპების თაყვანისცემას?

12 კიდევ ერთი უმსგავსობა, რაც დიდ ბაბილონს ახასიათებს, გამოსახულებებისა და კერპების თაყვანისცემაა. ბიბლია მათ „სისაძაგლეებსა“ და „ნეხვიან კერპებს“ უწოდებს (კან. 29:17). ვისაც ღვთის კეთილგანწყობის მოპოვება სურს, არ უნდა სცემდეს თაყვანს კერპებს. ღმერთი აცხადებს: „მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი. ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას, არც ჩემს ქებას — ქანდაკებებს“ (ეს. 42:8).

13. კერპთაყვანისმცემლობის რომელ ფარულ ფორმას უნდა გავექცეთ?

13 ღვთის სიტყვიდან აგრეთვე ვიგებთ კერპთაყვანისმცემლობის ფარული ფორმების შესახებ. მაგალითად, სიხარბეს ბიბლია კერპთაყვანისმცემლობას უწოდებს (კოლ. 3:5). ხარბმა ადამიანმა შეიძლება მოინდომოს ის, რაც აკრძალული აქვს, ან შეეცადოს იმის მითვისებას, რაც სხვას ეკუთვნის (გამ. 20:17). ანგელოზმა, რომელსაც სატანა ეშმაკი ეწოდა, მოინდომა, უზენაესის ადგილი დაეკავებინა და ხალხს მისთვის ეცა თაყვანი (ლუკ. 4:5—7). სიხარბემ ის იეჰოვას მოწინააღმდეგედ აქცია; სატანამ ევასაც უბიძგა სიხარბისკენ და ისეთი რამ გააკეთებინა, რაც ღმერთს ევასთვის აკრძალული ჰქონდა. სინამდვილეში, ადამიც გახდა ხარბი, ანუ კერპთაყვანისმცემელი, რადგან ცოლთან ურთიერთობა მოსიყვარულე ზეციერი მამის მორჩილებაზე მაღლა დააყენა. ვისაც სურს, გაექცეს ღვთის რისხვის დღეს, განსაკუთრებული ერთგულება უნდა გამოავლინოს ღვთის მიმართ და აღმოფხვრას საკუთარ თავში ამგვარი სიხარბე.

„გაექეცით სიძვას“

14—16. ა) რატომ არის იოსები ჩვენთვის სამაგალითო? ბ) რა უნდა გავაკეთოთ, რომ ვნებამ არ დაგვიმონოს? გ) როგორ გავექცეთ სიძვას?

14 წაიკითხეთ 1 კორინთელების 6:18. როცა ფოტიფარის ცოლი იოსების შეცდენას ცდილობდა, იოსები პირდაპირი გაგებით გაექცა მას. მან კარგი მაგალითი დაუტოვა როგორც დაქორწინებულ, ისე დაუქორწინებელ ქრისტიანებს. იოსებს კარგად განსწავლული სინდისი ჰქონდა, რადგან წარსულში მომხდარი შემთხვევებიდან, როგორც ჩანს, იცოდა, როგორ უყურებდა იეჰოვა სიძვას. თუ გვინდა, რომ დავემორჩილოთ იეჰოვას და ‘გავექცეთ სიძვას’, მოვერიდებით ყველაფერს, რაც ჩვენში ვნებას აღძრავს და მეუღლის ღალატისკენ გვიბიძგებს. ბიბლია მოგვიწოდებს: „ჩაკალით თქვენი სხეულის . . . ნაწილები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, მავნებელი სურვილები და სიხარბე, რაც კერპთაყვანისმცემლობაა. ამ ყველაფრის გამო ღვთის რისხვა მოდის“ (კოლ. 3:5, 6).

15 „ღვთის რისხვის“ დღე ახლოსაა. დღევანდელ ქვეყნიერებაში ვნებას ადვილად ემონებიან. ხორციელმა სურვილებმა რომ არ გვძლიოს, ქრისტიანებმა დახმარებისთვის ღმერთს ლოცვით უნდა მივმართოთ და წმინდა სული ვთხოვოთ. ‘სულით რომ ვიაროთ’, რეგულარულად უნდა ვსწავლობდეთ ბიბლიას, ვესწრებოდეთ ქრისტიანულ შეხვედრებს და ვქადაგებდეთ სასიხარულო ცნობას. თუ ასე მოვიქცევით, ‘არ შევასრულებთ ხორცის სურვილებს’ (გალ. 5:16).

16 რასაკვირველია, თუ პორნოგრაფიას ვუყურებთ, ‘ვერ ვივლით სულით’. ქრისტიანი არ უნდა კითხულობდეს, უყურებდეს ან უსმენდეს ისეთ რამეს, რაც ვნებას აღუძრავს. გარდა ამისა, ღვთის „წმინდებისთვის“ მიუღებელი უნდა იყოს უხამს თემებზე საუბარი და ხუმრობა (ეფეს. 5:3, 4). თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, ჩვენი ზეციერი მამა დაინახავს, რომ ნამდვილად გვსურს, გავექცეთ მოახლოებულ რისხვის დღეს და ვიცხოვროთ ახალ სამართლიან ქვეყნიერებაში.

გაექეცით „ფულის სიყვარულს“

17, 18. რატომ უნდა გავექცეთ „ფულის სიყვარულს“?

17 ტიმოთეს მიმართ მიწერილ პირველ წერილში პავლემ მოიხსენია ის პრინციპები, რომლითაც ქრისტიან მონებს უნდა ეხელმძღვანელათ. მათგან ზოგი შეიძლება მატერიალურ გამორჩენას მოელოდა თავიანთი ქრისტიანი ბატონებისგან. ზოგი კი შესაძლოა პირადი ინტერესებისთვის იყენებდა იმას, რაც წმინდაა, მაგალითად ქრისტიანულ კრებას. პავლე აფრთხილებდა ქრისტიანებს, არ ეფიქრათ, რომ ‘ღვთისადმი ერთგულებით რამეს მოიხვეჭდნენ’. ამ პრობლემის თავიდათავი შეიძლება „ფულის სიყვარული“ ყოფილიყო, რაც საზიანოდ მოქმედებს ნებისმიერზე, როგორც მდიდარზე, ისე ღარიბზე (1 ტიმ. 6:1, 2, 5, 9, 10).

18 გაიხსენეთ ის ბიბლიური პერსონაჟები, რომლებმაც ფულისა თუ მატერიალური ნივთების სიყვარულის გამო ღმერთთან ურთიერთობა გაიფუჭეს (იესო. 7:11, 21; 2 მეფ. 5:20, 25—27). პავლემ ტიმოთეს მოუწოდა: „შენ კი, ღვთის ადამიანო, გაექეცი ამ ყოველივეს და ისწრაფე სიმართლისკენ, ღვთისადმი ერთგულებისკენ, რწმენისკენ, სიყვარულისკენ, მოთმინებისკენ და რბილი ხასიათის შეძენისკენ“ (1 ტიმ. 6:11). ვისაც ღვთის რისხვის დღეს გადარჩენა სურს, უნდა გაითვალისწინოს ეს რჩევა.

„გაექეცი ახალგაზრდულ სურვილებს“

19. რისი გათვალისწინება სჭირდებათ ახალგაზრდებს?

19 წაიკითხეთ იგავების 22:15. ახალგაზრდის გულში უგუნურება ბუდობს, რის გამოც მან შეიძლება სწორი გზიდან გადაუხვიოს. ეს რომ არ მოხდეს, ქრისტიანმა მშობლებმა შვილები ბიბლიური პრინციპებით უნდა აღზარდონ. მაგრამ ის ახალგაზრდები, რომელთა მშობლებიც იეჰოვას მოწმეები არ არიან, თავად უნდა ეცადონ, რომ გაეცნონ ბიბლიურ პრინციპებს და ცხოვრებაში გამოიყენონ. გონივრული რჩევების მიღება კრებაში სულიერად მოწიფული და-ძმებისგანაც შეიძლება. იმის მიუხედავად, თუ ვინ გაძლევთ ბიბლიურ რჩევას, მისი გათვალისწინება თქვენ სასიკეთოდ იქნება დღესაც და მომავალშიც (ებრ. 12:8—11).

20. რა დაეხმარებათ ახალგაზრდებს, რომ გაექცნენ ხორციელ სურვილებს?

20 წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 2:20—22. ახალგაზრდები, რომლებიც ბიბლიურ დარიგებას არ იღებენ, ხშირად უგუნურებას სჩადიან. ისინი უზნეო ცხოვრებას ეწევიან, ერთმანეთს ექიშპებიან; მათ ახასიათებთ სიხარბე, უყვართ ფული და განცხრომით ცხოვრება. ეს არის „ახალგაზრდული სურვილები“, რომელსაც, როგორც ბიბლია მოგვიწოდებს, უნდა გავექცეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანმა ახალგაზრდებმა თავი უნდა დაიცვან ნებისმიერი საზიანო გავლენისგან. მათთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება, თუ განივითარებენ ღვთისმოსაწონ თვისებებს და იქნებიან „მათთან ერთად, ვინც სუფთა გულით უხმობს უფალს“.

21. რა შესანიშნავ დაპირებას აძლევს იესო ქრისტე თავის ცხვრისმაგვარ მიმდევრებს?

21 რა ასაკისაც არ უნდა ვიყოთ, უნდა მოვერიდოთ მათ, ვინც ჩვენ შეცდენას ცდილობს. ამით ცხადვყოფთ, რომ გვსურს, მივეკუთვნებოდეთ იესოს მიმდევრებს, ანუ იმ ცხვრისმაგვარი ადამიანების რიცხვს, რომლებიც ‘უცხოთა ხმას გაურბიან’ (იოან. 10:5). მაგრამ ღვთის რისხვის დღეს რომ გადავრჩეთ, საკმარისი არ არის, გავექცეთ იმას, რაც ჩვენთვის საზიანოა. ჩვენ უნდა ვისწრაფოთ ღვთისმოსაწონი თვისებების განვითარებისკენ. მომდევნო სტატიაში განხილული იქნება შვიდი მათგანი. ამ სტატიის შესწავლა ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან იესო გვპირდება: „მე მათ [ჩემს ცხვრებს] მარადიულ სიცოცხლეს ვაძლევ და არასოდეს დაიღუპებიან; მათ ვერავინ გამომტაცებს ხელიდან“ (იოან. 10:28).

როგორ უპასუხებთ?

• რა გაფრთხილება მისცა იესომ რელიგიურ წინამძღოლებს?

• რა საშიშროების წინაშე დგას დღეს მილიონობით ადამიანი?

• კერპთაყვანისმცემლობის რომელ ფარულ ფორმებს უნდა გავექცეთ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 8, 9 გვერდებზე]

რას გახსენებთ სიტყვა გაქცევა?