არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სუსტი, მაგრამ ძლიერი

სუსტი, მაგრამ ძლიერი

სუსტი, მაგრამ ძლიერი

სისუსტე ძალას აცლის ადამიანს. ის შეიძლება შევადაროთ წურბელას, რომლის მოშორებაც ადვილი არ არის. შესაძლოა ფიქრობ, რომ სისუსტეებს ვერასდროს დასძლევ. მაგალითად, როდესაც საკუთარ თავს სხვას ადარებ, არასრულფასოვნების გრძნობა ხომ არ გეუფლება და ამის გამო გული ხომ არ გიტყდება? ან ისეთ დაავადებას ხომ არ ებრძვი, რომელიც გფიტავს და სიცოცხლის ხალისს გაკარგვინებს? შეიძლება იფიქრო, რომ მდგომარეობა გამოუვალია, და შენც იგივე იგრძნო, რასაც იობი გრძნობდა. მან ინატრა: „ნეტავ დამმალავდე სამარეში, დამიფარავდე, სანამ შენი რისხვა მიიქცეოდეს, დამიდგენდე დროს და გამიხსენებდე!“ (იობ. 14:13).

რა უნდა გააკეთო, თავი რომ დააღწიო მტანჯველ გრძნობებს? შეეცადე ცოტა ხნით დაივიწყო შენი პრობლემები, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ამის გაკეთება. გავიხსენოთ, რა კითხვები დაუსვა იეჰოვამ თავის ერთგულ მსახურს, იობს: „სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგების უნარი. თუ იცი, ვინ დაუწესა საზღვრები, და ვინ გადაჭიმა მასზე ლარი საზომად?“ (იობ. 38:4, 5). ამ სიტყვებს კარგად თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ იეჰოვა ყოვლადბრძენი და ყოვლადძლიერი ღმერთია. აქედან გამომდინარე, იეჰოვას ჰქონდა საფუძვლიანი მიზეზი, რის გამოც პრობლემებით სავსე ქვეყნიერების არსებობა დაუშვა.

„სხეულში ეკალი“

ღვთის ერთგულ მსახურს, პავლე მოციქულსაც ჰქონდა განსაცდელი. მან იეჰოვას სთხოვა, მოეშორებინა მისი ‘სხეულიდან ეკალი’ ანუ პრობლემა, რომელიც მას მუდმივად აწუხებდა. იგი სამჯერ შეევედრა ღმერთს, რომ ამ პრობლემისგან გაეთავისუფლებინა. სავსებით შესაძლებელია, რომ ამის გამო პავლეს სიხარული დაეკარგა. მან სახეში ცემას შეადარა ეს „ეკალი“. პავლეს თხოვნას იეჰოვამ ასე უპასუხა: „გეყოფა ჩემი წყალობა, რადგან სისუსტეში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა“. ღმერთს არ მოუშორებია პავლესთვის ეკალი სხეულიდან. მას სიცოცხლის ბოლომდე უნდა ებრძოლა ამ პრობლემასთან. მიუხედავად ამისა, მან თქვა: „როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“ (2 კორ. 12:7—10). რას გულისხმობდა პავლე?

მართალია, პავლე არ გათავისუფლებულა ამ პრობლემისგან, მაგრამ მაინც ემსახურებოდა იეჰოვას და განაგრძობდა მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას. პავლეს იეჰოვას მხარდაჭერის იმედი ჰქონდა და ყოველთვის მას მიმართავდა დახმარებისთვის (ფილ. 4:6, 7). სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან თქვა: „ღირსეულ ბრძოლაში ვიბრძოდი, სარბიელი ბოლომდე გავირბინე და რწმენა შევინარჩუნე“ (2 ტიმ. 4:7).

იეჰოვა თავის საქმეს ჩვენ, არასრულყოფილ ადამიანებს გვანდობს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვუშვებთ შეცდომებს, და განსაცდელებიც არ გვაკლია. მაგრამ, რასაც ვაკეთებთ, იეჰოვას წყალობით ვაკეთებთ. ის გვხელმძღვანელობს და გვაძლევს სიბრძნეს, რათა გავუმკლავდეთ სირთულეებს და სიხარულით ვემსახუროთ მას. ფაქტია, ღმერთი არასრულყოფილ ადამიანებს, სისუსტეების მიუხედავად, დიდებულ საქმეებს აკეთებინებს.

პავლემ ახსნა, თუ რატომ არ მოაშორა მას ღმერთმა სხეულიდან ეკალი: „რომ არ გავმედიდურებულიყავი“, — ამბობს ის (2 კორ. 12:7). „ეკალი“ შეახსენებდა პავლეს, რომ მას არ გააჩნდა უსაზღვრო შესაძლებლობები, და აგრეთვე იმას, რომ თავმდაბალი უნდა ყოფილიყო. თავმდაბლობის შესახებ იესომ თქვა: „ვინც თავს იმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს იმდაბლებს, ამაღლდება“ (მათ. 23:12). განსაცდელები ღვთის მსახურებს თავმდაბლობას ასწავლის და არწმუნებს, რომ ერთგულების შენარჩუნება მხოლოდ იეჰოვაზე მინდობით არის შესაძლებელი. ამიტომ, პავლე მოციქულის მსგავსად, მათ შეუძლიათ ‘იეჰოვათი იამაყონ’ (1 კორ. 1:31).

შეუმჩნეველი სისუსტეები

ზოგი თავის სისუსტეს ვერ ხედავს, ზოგი კი ხედავს, მაგრამ არ აღიარებს. მაგალითად, ადამიანი შეიძლება თავდაჯერებული იყოს, საკუთარ შესაძლებლობებში მეტისმეტად დარწმუნებული (1 კორ. 10:12). არასრულყოფილ ადამიანს აგრეთვე ახასიათებს პირველობისკენ სწრაფვა.

იოაბი, რომელიც მეფე დავითმა მხედართმთავრად დააყენა, მამაცი, მტკიცე და საზრიანი კაცი იყო. მაგრამ მან სერიოზული დანაშაული ჩაიდინა, რითაც მისი კადნიერება და ამბიციურობა გამოაშკარავდა. მან მხეცურად მოკლა ორი მხედართმთავარი. ჯერ აბნერზე იძია შური, შემდეგ კი თავისი ბიძაშვილი, ამასა გამოასალმა სიცოცხლეს. იოაბმა ამასას მარჯვენა ხელი მოჰკიდა წვერზე, ვითომ უნდა ეკოცნა, და მარცხენა ხელით მუცელში მახვილი გაუყარა (2 სამ. 17:25; 20:8—10). იმ დროს მხედართმთავარი ამასა იყო. როგორც ჩანს, იოაბს იმედი ჰქონდა, რომ, თუ ამასას მოკლავდა, მხედართმთავრობას დაიბრუნებდა. იოაბი ვერ მოერია საკუთარ თავს და ვერც ამბიცია დასძლია. ის უმოწყალოდ მოიქცა, და სინდისს არც კი შეუწუხებია. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დავითმა თავის შვილს, სოლომონს დაავალა, რომ იოაბისთვის, ჩადენილი დანაშაულის გამო, სამაგიერო გადაეხადა (1 მეფ. 2:5, 6, 29—35).

ჩვენ გამუდმებით უნდა ვეწინააღმდეგებოდეთ ჩვენს მანკიერ მისწრაფებებს. სისუსტეების დაძლევა შეუძლებელი არ არის. პირველ რიგში, საჭიროა, დავინახოთ და ვაღიაროთ საკუთარი სისუსტეები, შემდეგ კი ვებრძოლოთ ამ სისუსტეებს. ბრძოლაში რომ გავიმარჯვოთ, იეჰოვას უნდა ვთხოვოთ დახმარება, დაკვირვებით შევისწავლოთ მისი სიტყვა და დავინახოთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ცუდი მიდრეკილებების აღმოსაფხვრელად (ებრ. 4:12). ჩვენ შეიძლება განუწყვეტლივ მოგვიწიოს ბრძოლა საკუთარ თავთან, მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ. სისუსტეებთან ბრძოლა შეიძლება მანამ გაგრძელდეს, სანამ სრულყოფილები არ გავხდებით. პავლემ ეს კარგად იცოდა. მან თავის თავზე ასეთი სიტყვები თქვა: „იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს“. ამის მიუხედავად, პავლეს ბრძოლა არ შეუწყვეტია და არ უფიქრია, რომ ვერ შეძლებდა თავისი საქციელის გაკონტროლებას. სისუსტეებთან ბრძოლას ის ღვთის ძალაზე დაიმედებული განაგრძობდა (რომ. 7:15—25). პავლემ დაწერა: „ვცემ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, თვითონ არ აღმოვჩნდე უღირსი“ (1 კორ. 9:27).

ყველასთვის ცნობილია, რომ ადამიანს თავის მართლება ახასიათებს. ამ მიდრეკილებას იმ შემთხვევაში დავძლევთ, თუ ისეთივე თვალსაზრისი გვექნება, როგორიც იეჰოვას აქვს. იეჰოვას თვალსაზრისი კარგად ჩანს პავლეს სიტყვებიდან: „ბოროტება შეიზიზღეთ და სიკეთეს მიეკარით“ (რომ. 12:9). სისუსტეების დასაძლევად აუცილებელია გულახდილობა საკუთარ თავთან, შეუპოვრობა და თვითკონტროლი. დავითმა სთხოვა იეჰოვას: „განმიწმინდე თირკმელები და გული“ (ფსალმ. 26:2). მან იცოდა, რომ ღმერთმა იცის ადამიანის იდუმალი ზრახვები და საჭიროების შემთხვევაში შეუძლია დაგვეხმაროს კიდეც. იეჰოვა თავისი სიტყვისა და წმინდა სულის საშუალებით გვხელმძღვანელობს. თუ ამ ხელმძღვანელობას დავემორჩილებით, სისუსტეებზე გავიმარჯვებთ.

ზოგს მხოლოდ საკუთარი ძალით არ შეუძლია სისუსტეების დაძლევა. ასეთ დროს კრების უხუცესებს შეუძლიათ დახმარება და გამხნევება (ეს. 32:1, 2). მაგრამ ჩვენ არ უნდა გვქონდეს არარეალური მოლოდინი. ამ ქვეყნიერებაში ზოგიერთი პრობლემა შეიძლება სრულად ვერ გადაიჭრას. ამის მიუხედავად, დღეს ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებმაც ისწავლეს პრობლემასთან გამკალავება, და ბედნიერებიც არიან.

გქონდეთ იეჰოვას იმედი

დღეს, ამ მეტად რთულ პერიოდში, რა პრობლემის წინაშეც არ უნდა ვიდგეთ, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა გვიხელმძღვანელებს და დაგვეხმარება. ბიბლია მოგვიწოდებს: „ამიტომ დაიმდაბლეთ თავი ღვთის ძლევამოსილი ხელის ქვეშ, რათა თავის დროზე აგამაღლოთ, და ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტ. 5:6, 7).

ქეითი მრავალი წელია, რაც ბეთელში მსახურობს. როდესაც მის ქმარს ალცჰეიმერის დაავადება აღმოაჩნდა, ქეითის ისეთი გრძნობა დაეუფლა, რომ სირთულეებს თავს ვერ გაართმევდა. მას სიბრძნე და ემოციური ძალა სჭირდებოდა, რისთვისაც ყოველდღე ლოცულობდა. მისი ქმრის ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდებოდა. ქრისტიანმა ძმებმა გადაწყვიტეს, რომ დახმარების მიზნით მეტი გაეგოთ ამ დაავადების შესახებ. მზრუნველმა დებმა კი ემოციური მხარდაჭერა აღმოუჩინეს ამ ცოლ-ქმარს. იეჰოვა მათ თანაქრისტიანების მეშვეობით აძლიერებდა. ქეითის ქმარი 11 წლის შემდეგ დაიღუპა. მთელი ამ დროის მანძილზე ის ერთგულად უვლიდა თავის ქმარს. ქეითი იხსენებს: „ცრემლმორეული მთელი გულით ვუხდიდი იეჰოვას მადლობას დახმარებისთვის. სწორედ მისმა მხარდაჭერამ ამატანინა ეს ტკივილი. არ მეგონა, რომ ასეთი ძალაგამოცლილი ამ ხნის მანძილზე სიცოცხლის ხალისს არ დავკარგავდი“.

ვინ გვეხმარება სისუსტეებთან ბრძოლაში?

თუ ადამიანს უღირსობის გრძნობა აქვს, შეიძლება გაიფიქროს, რომ იეჰოვა არ მოისმენს მის ლოცვას. ამ დროს კარგი იქნება იმ სიტყვების გახსენება, რომელიც დავითმა ბათ-შებასთან მძიმე ცოდვის ჩადენის შემდეგ წარმოთქვა: „მოდრეკილ და განადგურებულ გულს ნუ უგულებელყოფ, ღმერთო“ (ფსალმ. 51:17). დავითმა გულწრფელად მოინანია. მან იცოდა, რომ ამის შემდეგ იეჰოვა შეისმენდა მის ლოცვას და შეიწყალებდა კიდეც. იეჰოვას მსგავსად, იესოსაც სათუთი გრძნობები აქვს ადამიანების მიმართ. მათემ თავის სახარებაში ესაიას წინასწარმეტყველებიდან იესოს შესახებ შემდეგი ციტატა მოიყვანა: „გადატეხილ ლერწამს არ მოტეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს“ (მათ. 12:20; ეს. 42:3). დედამიწაზე იესო თანაგრძნობით ეპყრობოდა საწყალ და დაჩაგრულ ადამიანებს. ისინი იმ მბჟუტავ პატრუქს ჰგავდნენ, რომელიც სადაცაა ჩაქრებოდა. მაგრამ იესოს წყალობით ეს „მბჟუტავი პატრუქი“ არ ქრებოდა. პირიქით, იგი მათ სიცოცხლის ხალისს უბრუნებდა. განა ეჭვი უნდა გვეპარებოდეს იმაში, რომ იესო დღესაც თანაგრძნობით გვეპყრობა? როგორც ებრაელების 4:15-ში ვკითხულობთ, იესოს ‘შეუძლია თანაგვიგრძნოს ჩვენს სისუსტეებში’.

მას შემდეგ, რაც „ეკალი“ მოიხსენია, პავლემ აღნიშნა, რომ ქრისტეს ძალა მას „კარავივით“ გადაეფარა (2 კორ. 12:7—9). იგი გრძნობდა, რომ ღმერთი ისე მფარველობდა ქრისტეს მეშვეობით, როგორც კარავი იფარავს ადამიანს წვიმისა და ქარისგან. პავლეს მსგავსად, არც ჩვენ უნდა შევწყვიტოთ სისუსტეებთან და პრობლემებთან ბრძოლა. სულიერი სიმტკიცე რომ შევინარჩუნოთ, უნდა ვისარგებლოთ ყველაფრით, რითაც იეჰოვა თავისი კრების მეშვეობით უზრუნველგვყოფს. მოდი, ყველაფერი გავაკეთოთ, რისი ძალაც შეგვწევს, და მივენდოთ იეჰოვას ღრმად დარწმუნებულები, რომ ის გვიხელმძღვანელებს. ღვთის ძალას რომ იგრძნობ, შენც გაიზიარებ პავლეს სიტყვებს: „როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“ (2 კორ. 12:10).

[სურათი 3 გვერდზე]

მსახურება რომ არ შეეწყვიტა, პავლე გამუდმებით სთხოვდა იეჰოვას დახმარებას

[სურათი 5 გვერდზე]

მეფე დავითმა იოაბი ჯარის მხედართმთავრად დანიშნა

[სურათი 5 გვერდზე]

იოაბმა ჩამოიშორა თავისი მეტოქე ამასა

[სურათი 6 გვერდზე]

უხუცესების მიერ მოცემული ბიბლიური რჩევები პრობლემებთან გამკლავებაში გვეხმარება