არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არაფრის გვეშინოდა, რადგან იეჰოვა იყო ჩვენთან

არაფრის გვეშინოდა, რადგან იეჰოვა იყო ჩვენთან

არაფრის გვეშინოდა, რადგან იეჰოვა იყო ჩვენთან

მოგვითხრო ეგიპტია პეტრიდუმ

1972 წელს კვიპროსში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები შეიკრიბნენ ნიქოზიაში სპეციალური საჯარო მოხსენების მოსასმენად. მოხსენება უნდა წარმოეთქვა ნეითან ნორს, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ხელმძღვანელობდა იეჰოვას მოწმეების საქმიანობას. ძმა ნორმა მაშინვე მიცნო და სანამ რამეს ვეტყოდი, მკითხა: „რა ამბებია ეგვიპტეში?“ ძმა ნორი 20 წლის წინ გავიცანი ჩემს მშობლიურ ქალაქ ალექსანდრიაში (ეგვიპტე).

დავიბადე 1914 წლის 23 იანვარს ალექსანდრიაში. ოთხი და-ძმიდან მე ყველაზე უფროსი ვიყავი. ჩვენ ზღვასთან ახლოს ვცხოვრობდით. ალექსანდრიაში იმ დროს მრავალი ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა. ეს იყო ლამაზი ქალაქი, რომელიც ცნობილი იყო თავისი არქიტექტურითა და ისტორიით. არაბების გვერდით აქ ევროპელებიც ცხოვრობდნენ, ამიტომ მშობლიური ბერძნული ენის გარდა ბავშვობიდანვე ვისწავლეთ არაბული, ინგლისური, იტალიური და ფრანგული ენები.

სკოლის დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა ფრანგული მოდის სახლში, სადაც მოდელებს ვქმნიდი და მაღალი წრის ქალბატონებისთვის ელეგანტურ სამოსს ვკერავდი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მორწმუნე ვიყავი და მიყვარდა ბიბლიის კითხვა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რამ თუ მესმოდა იქიდან, რასაც ვკითხულობდი.

ამ პერიოდში (30-იან წლებში) გავიცანი შესანიშნავი კვიპროსელი ახალგაზრდა თეოდოტოს პეტრიდესი. ის საკმაოდ კარგი მოჭიდავე იყო. მას ტკბილეულის დამზადებაც ეხერხებოდა და ცნობილ საკონდიტროში მუშაობდა. თეოდოტოსს შევუყვარდი. ის ხშირად მოდიოდა ჩემს ფანჯარასთან და სერენადებს მიმღეროდა. ჩვენ 1940 წლის 30 ივნისს დავქორწინდით და ძალიან ბედნიერები ვიყავით. სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, იმავე სადარბაზოში, ერთი სართულით დაბლა, დედაჩემი ცხოვრობდა. პირველი ვაჟი, ჯონი, 1941 წელს შეგვეძინა.

ვიგებთ ბიბლიურ ჭეშმარიტებას

გარკვეული დროის განმავლობაში თეოდოტოსს უჩნდებოდა კითხვები, რომლებზედაც პასუხებს ჩვენს რელიგიაში ვერ პოულობდა. მას ძალიან სურდა, გაეგო, რას ამბობდა ბიბლია ამა თუ იმ საკითხზე, ამიტომ მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან. ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ერთხელ, როდესაც სახლში ბავშვთან ერთად მარტო ვიყავი, ერთმა ქალბატონმა კარზე მომიკაკუნა და გამომიწოდა ბარათი, რომელშიც ბიბლიური აზრები იყო მოყვანილი. ზრდილობის გულისთვის ბარათი გამოვართვი და წავიკითხე. შემდეგ მან ბიბლიური ლიტერატურა შემომთავაზა. ჩემდა გასაოცრად, ეს სწორედ ისეთი წიგნები იყო, რომლებიც თეოდოტოსმა ადრე სახლში მოიტანა.

„მე უკვე მაქვს ეს წიგნები. შემობრძანდით, შიგნით ვისაუბროთ“, — ვუთხარი კართან მდგომ მოწმეს, ელენი ნიკოლაუს. ამის შემდეგ მას ერთიმეორეზე მიყოლებით დავაყარე კითხვები, ის კი ბიბლიიდან მოთმინებით მპასუხობდა. მომეწონა, როგორ მცემდა პასუხებს ელენი. მალე ჩემთვის ბევრი რამ ბიბლიიდან გასაგები გახდა. უეცრად, ელენიმ ჩემი ქმრის სურათი შენიშნა. „მე ვიცნობ ამ კაცს!“, — წამოიძახა მან. მოულოდნელობისგან სახტად დავრჩი. თეოდოტოსის საიდუმლო გამჟღავნდა. ის თურმე ქრისტიანულ შეხვედრებზე დადიოდა, მე კი არაფერს მეუბნებოდა! სახლში დაბრუნებულ მეუღლეს ვუთხარი: „სადაც გასულ კვირას იყავი, ამ კვირას მეც უნდა წამოვიდე!“

პირველ შეხვედრაზე, რომელზეც მივედი, დაახლოებით ათი კაცი ესწრებოდა. ისინი განიხილავდნენ ბიბლიის წიგნ „მიქას“. სულგანაბული ვისმენდი ყველაფერს, რომ ერთი სიტყვაც არ გამომრჩენოდა. იმ დღიდან მოყოლებული ყოველ პარასკევ საღამოს ჯორჯი და კატერინი ფეთრაქები მოდიოდნენ ჩვენთან და ბიბლიას გვასწავლიდნენ. მამაჩემსა და ჩემს ძმებს არ მოსწონდათ, რომ ბიბლიას ვსწავლობდით იეჰოვას მოწმეებთან. ჩემი და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავდა, თუმცა ის იეჰოვას მოწმე არ გამხდარა. მათგან განსხვავებით, დედამ მიიღო ბიბლიური ჭეშმარიტება. 1942 წელს მე, თეოდოტოსი და დედა იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მოვინათლეთ ზღვაში ალექსანდრიასთან ახლოს.

რთული პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში

1939 წელს გაჩაღდა მეორე მსოფლიო ომი. 40-იანი წლების დასაწყისში გერმანელი გენერალი ერვინ რომელი და მისი სატანკო დივიზიონი ელ-ალამაინთან ახლოს დაბანაკდნენ. ალექსანდრია ბრიტანელი სამხედროებით აივსო. ჩვენ მოვიმარაგეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც დიდხანს შეინახებოდა. თეოდოტოსს სთხოვეს, რომ მიეხედა თავისი დამსაქმებლის ახალი საკონდიტროსთვის ქალაქ პორტ-თაუფიკში, რომელიც სუეცის ყურესთან ახლოს მდებარეობდა. ამიტომ, ჩვენ პორტ-თაუფიკში გადავედით. იქ მოგვძებნა ორმა იეჰოვას მოწმემ, რომლებიც ბერძნულად ლაპარაკობდნენ. მათ კარდაკარ ქადაგებით გვიპოვეს, რადგან არ იცოდნენ ჩვენი მისამართი.

პორტ-თაუფიკში ყოფნის დროს ჩვენ ბიბლიას ვასწავლიდით სტავროს და გიულა კიპრაიოსებსა და მათ შვილებს, ტოტოსა და გეორგიას. ჩვენ ძალიან დავმეგობრდით. სტავროსს ისე ძალიან მოსწონდა ბიბლიის შესწავლა, რომ სახლში ყველა საათს ერთი საათით უკან სწევდა, რომ ბოლო მატარებელზე დაგვეგვიანა და მათთან დავრჩენილიყავით. საუბრები შუაღამემდე გვიგრძელდებოდა.

პორტ-თაუფიკში წელიწად-ნახევარი დავყავით. შემდეგ, დედაჩემის ავადმყოფობის გამო ალექსანდრიაში დავბრუნდით. დედა 1947 წელს გარდაიცვალა. ის სიკვდილამდე იეჰოვას ერთგული იყო. ამ მძიმე წუთებში კიდევ ერთხელ ვიგრძენით, თუ როგორ დაგვეხმარა იეჰოვა მოწიფული ქრისტიანი და-ძმების მეშვეობით. ალექსანდრიაში იმის შესაძლებლობა გვეძლეოდა, რომ სტუმართმოყვარეობა გამოგვევლინა ჩამოსული მისიონერების მიმართ, რომლებიც ცოტა ხნით ჩვენს ქალაქში ჩერდებოდნენ და შემდეგ მიემგზავრებოდნენ საზღვარგარეთ, სადაც უნდა ემსახურათ.

სიხარულისა და მწუხარების წლები

1952 წელს შეგვეძინა მეორე ვაჟი, ჯეიმზი. ჩვენ გვესმოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ბავშვები სულიერ გარემოში აღგვეზარდა, ამიტომ სახლში ყოველთვის ვეპატიჟებოდით და-ძმებს, რათა მათთან ერთად განგვეხილა ბიბლიური საკითხები. გარდა ამისა, ჩვენი კარი ყოველთვის ღია იყო სრული დროით მსახურებისთვის. სულიერმა გარემომ დადებითი გავლენა მოახდინა ჩვენს უფროს ბიჭზე, ჯონზე. მან შეიყვარა ბიბლიური ჭეშმარიტება და ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში დაიწყო პიონერად მსახურება. ამავე დროს, ის დადიოდა საღამოს სკოლაში, რომ სასკოლო პროგრამა გაევლო.

არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ თეოდოტოსს გულის სერიოზული დაავადება აღმოაჩნდა. მას ურჩიეს, რომ შეეწყვიტა საკონდიტროში მუშაობა. მაშინ ჩვენი უმცროსი ბიჭი, ჯეიმზი მხოლოდ ოთხი წლის იყო. რა უნდა გვეღონა? ამ დროს გაგვახსენდა იეჰოვას სიტყვები: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ“ (ეს. 41:10). წარმოიდგინეთ ჩვენი სიხარული და გაოცება, როდესაც 1956 წელს მიგვიწვიეს სუეცის არხის მახლობლად მდებარე ქალაქ ისმაილიაში, რომ პიონერებად გვემსახურა! შემდგომ წლებში ეგვიპტეში საკმაოდ რთული პერიოდი დადგა, რის გამოც და-ძმებს გამხნევება სჭირდებოდათ.

1960 წელს იძულებული ვიყავით, ეგვიპტიდან წამოვსულიყავით. ჩვენ მხოლოდ ორი ჩემოდნით დავტოვეთ იქაურობა. საცხოვრებლად გადავედით კვიპროსში, ჩემი ქმრის მშობლიურ მხარეში. იმ დროს თეოდოტოსი ძალიან ცუდად იყო და მუშაობა აღარ შეეძლო. ერთმა ქრისტიანმა წყვილმა ყურადღება გამოავლინა ჩვენ მიმართ და თავიანთი სახლი შემოგვთავაზა საცხოვრებლად. სამწუხაროდ, ორი წლის შემდეგ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. დავრჩით მარტო მე და ჯეიმზი. მართალია, ჯონიც კვიპროსში ცხოვრობდა, მაგრამ ის უკვე დაქორწინებული იყო და საკუთარი ოჯახი ჰყავდა.

არასოდეს ვყოფილვარ მიტოვებული

სტავროს და დორა კაირისებმა შემოგვთავაზეს, რომ მათთან ერთად გვეცხოვრა. მუხლი მოვიყარე და მადლობა გადავუხადე იეჰოვას, რომ კიდევ ერთხელ იზრუნა ჩვენზე (ფსალმ. 145:16). გარკვეული დროის შემდეგ სტავროსმა და დორამ გადაწყვიტეს, რომ გაეყიდათ სახლი და სხვა აეშენებინათ, სადაც პირველ სართულს სამეფო დარბაზად გამოიყენებდნენ. მათ ჩვენ მიმართ ამჯერადაც დიდი სიკეთე გამოავლინეს და ახალ სახლს კიდევ ორი ოთახი მიაშენეს ჩემთვის და ჯეიმზისთვის.

ჯეიმზი დაქორწინდა. ის და მისი მეუღლე პიონერებად მსახურობდნენ მანამ, სანამ ბავშვი ეყოლებოდათ. ამის შემდეგ მათ კიდევ სამი შვილი შეეძინათ. 1974 წელს, ძმა ნორის დაუვიწყარი ვიზიტიდან ორი წლის შემდეგ, კვიპროსში პოლიტიკური არეულობა დაიწყო *. მრავალს, მათ შორის მოწმეებს, სახლის დატოვება და თავშესაფრის ძიება მოუწიათ. ჩემი ვაჟი ჯონიც იძულებული გახდა სხვაგან გადასულიყო. ის მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად საცხოვრებლად კანადაში გადავიდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, კვიპროსში დარჩენილები დიდი სიხარულით ვადევნებდით თვალს, თუ როგორ იზრდებოდა სამეფოს მაუწყებელთა რიცხვი ჩვენს ქვეყანაში.

როდესაც პენსიაზე გავედი, შესაძლებლობა მომეცა, რომ უფრო მეტი მონაწილეობა მიმეღო მსახურებაში. მაგრამ, რამდენიმე წლის წინ მსუბუქ ფორმებში ინსულტი გადავიტანე, რის გამოც საცხოვრებლად ჩემს შვილთან, ჯეიმზთან გადავედი. მოგვიანებით ჯანმრთელობა გამიუარესდა და რამდენიმე კვირა საავადმყოფოში ვიწექი, შემდეგ კი მოხუცებულთა სახლში გადამიყვანეს. ტკივილების მიუხედავად, მოხუცებულთა სახლში ყველასთან ვქადაგებდი — მომსახურე პერსონალთან, სხვა ხანდაზმულებთან თუ მნახველებთან. მთელი ამ ხნის განმავლობაში დიდ დროს ვუთმობდი პირად შესწავლას. მოსიყვარულე და-ძმების დახმარებით ვესწრებოდი წიგნის შესწავლას, რომელიც მოხუცებულთა სახლთან ახლოს ტარდებოდა.

სიხარულის მრავალი მიზეზი მაქვს

ძალიან მახარებს მათი ამბების გაგება, ვისაც მე და თეოდოტოსი ჭეშმარიტების გაგებაში დავეხმარეთ. მათი შვილებიდან და შვილიშვილებიდან მრავალი სრული დროით მსახურობს ავსტრალიაში, ინგლისში, კანადაში, საბერძნეთსა და შვეიცარიაში. ახლა ჩემი შვილი ჯონი მეუღლესთან და ვაჟიშვილთან ერთად კანადაში ცხოვრობს. მათი უფროსი ქალიშვილი ქმართან ერთად პიონერად მსახურობს. უმცროსი გოგო ლინდა და მისი ქმარი ჯოშუა სკოლა „გალაადის“ 124-ე კლასში მიიწვიეს სასწავლებლად.

ჯეიმზი და მისი ცოლი გერმანიაში ცხოვრობენ. მათი ორი ბიჭი ბეთელში მსახურობს — ერთი ათენში (საბერძნეთი), მეორე კი ზელტერსში (გერმანია), ხოლო უმცროსი ვაჟი და ქალიშვილი თავის ქმართან ერთად გერმანიაში ცხოვრობენ და პიონერებად მსახურობენ.

მართლაც, ბევრი რამე მექნება მოსაყოლი დედაჩემისთვის და ჩემი ძვირფასი მეუღლისთვის, როცა ისინი მკვდრეთით აღდგებიან! ისინი ძალიან ბედნიერები იქნებიან, როცა დაინახავენ, თუ რა საუკეთესო მემკვიდრეობა დაუტოვეს თავიანთ ოჯახს *.

[სქოლიოები]

^ აბზ. 21 იხილეთ 1974 წლის 22 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 12—15 (ინგლ.).

^ აბზ. 26 და ეგიპტია პეტრიდუ 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, როცა ეს სტატია გამოსაცემად მზადდებოდა.

[ჩანართი 24 გვერდზე]

მძიმე წუთებში კიდევ ერთხელ ვიგრძენით, თუ როგორ დაგვეხმარა იეჰოვა მოწიფული ქრისტიანი და-ძმების მეშვეობით

[რუკა 24 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

კვიპროსი

ნიქოზია

ხმელთაშუა ზღვა

ეგვიპტე

კაირო

ელ-ალამაინი

ალექსანდრია

ისმაილია

სუეცი

პორტ-თაუფიკი

სუეცის არხი

[საავტორო უფლება]

Based on NASA/Visible Earth imagery

[სურათი 23 გვერდზე]

მე და თეოდოტოსი, 1938 წელი

[სურათი 25 გვერდზე]

ჯეიმზი მეუღლესთან ერთად

[სურათი 25 გვერდზე]

ჯონი და მისი მეუღლე