არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„არ იცი, რაში მოგემართება ხელი“!

„არ იცი, რაში მოგემართება ხელი“!

„არ იცი, რაში მოგემართება ხელი“!

„დილით თესე თესლი და საღამომდე ნუ დაასვენებ ხელს, რადგან არ იცი, რაში მოგემართება ხელი“ (ეკლ. 11:6).

1. რატომ არის მცენარის ზრდა საოცარი და მოწიწების მომგვრელი მოვლენა?

მიწათმოქმედს მოთმინება მართებს (იაკ. 5:7). დათესვის შემდეგ ის უნდა დაელოდოს თესლის გაღივებას. ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში ღივი ნიადაგის ზედაპირზე ყოფს თავს. შემდეგ აღმონაცენი იზრდება და ღეროზე თავთავს იკეთებს. ბოლოს, ყანა მზადაა მოსამკელად და მიწათმოქმედიც ემზადება მკისთვის. მართლაც რომ საოცარია, საკუთარი თვალით იხილო მცენარის ზრდის სასწაულებრივი პროცესი! ჩვენ მოწიწების გრძნობა გვეუფლება, როდესაც ვფიქრობთ იმაზე, თუ ვინ აძლევს მცენარეს ზრდის უნარს. ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ მცენარეზე და მოვრწყოთ ის, მაგრამ მისი გაზრდა მხოლოდ ღმერთს შეუძლია (შეადარეთ 1 კორინთელების 3:6).

2. რას გაუსვა ხაზი იესომ წინა სტატიაში მოყვანილ მაგალითებში?

2 როგორც წინა სტატიაში იყო განხილული, იესომ სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობა თესლის თესვას შეადარა. იესომ მოიყვანა მაგალითი სხვადასხვა სახის ნიადაგზე, სადაც ხაზი გაუსვა ერთ მნიშვნელოვან აზრს — მართალია, მიწათმოქმედი კარგ თესლს თესავს, მაგრამ თითოეული ადამიანის გულის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, გამოიღებს თუ არა თესლი ნაყოფს (მარ. 4:3—9). მომდევნო მაგალითში იმ მთესველზე, რომელსაც ღამით სძინავს, იესომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მიწათმოქმედს ბოლომდე არ ესმის, როგორ მიმდინარეობს ზრდის პროცესი. მისთვის რთულია, სრულად ჩასწვდეს ამ პროცესს, რადგან ზრდა ღვთის ძალით ხდება და არა ადამიანის ძალისხმევის შედეგად (მარ. 4:26—29). ახლა განვიხილოთ იესოს მიერ მოყვანილი სამი მაგალითი, რომლებიც ეხება მდოგვის მარცვალს, საფუარსა და ბადეს *.

მაგალითი მდოგვის მარცვალზე

3, 4. რა ორ რამეზე ამახვილებს ყურადღებას მდოგვის მარცვლის მაგალითი?

3 მდოგვის მარცვლის მაგალითი, რომელიც აგრეთვე მარკოზის მე-4 თავშია მოცემული, ყურადღებას ამახვილებს ორ რამეზე: სამეფოს ცნობის საოცარ ზრდაზე და მათ დაცვაზე, ვინც იღებს ამ ცნობას. იესომ თქვა: „რას შევადაროთ ღვთის სამეფო ან როგორი მაგალითით აღვწეროთ? ის ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც მიწაში ჩათესვისას ყველაზე პატარა თესლია დედამიწაზე. დათესვის მერე კი, როცა ამოდის, ყველა მწვანილეულზე დიდი ხდება და იმხელა ტოტები გამოაქვს, რომ ცის ფრინველები მის ჩრდილში იბუდებენ“ (მარ. 4:30—32).

4 ამ მაგალითში აღწერილია „ღვთის სამეფოს“ ზრდა, რაზეც მეტყველებს ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მოყოლებული სამეფოს ცნობის გავრცელება და ქრისტიანული კრების ზრდა. მდოგვის მარცვალი პატარა თესლია, რომლითაც წარმოდგენილია რაღაც ძალიან მცირე (შეადარეთ ლუკას 17:6). მიუხედავად იმისა, რომ მდოგვის მარცვალი ძალიან მცირე ზომისაა, მან შეიძლება სიმაღლეში 3—5 მეტრს მიაღწიოს და გამძლე ტოტები გაეზარდოს. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ის ხედ იქცევა (მათ. 13:31, 32).

5. როგორ გაიზარდა პირველ საუკუნეში ქრისტიანული კრება?

5 ქრისტიანულმა კრებამ მცირედიდან დაიწყო ზრდა, როდესაც ახ. წ. 33 წელს დაახლოებით 120 მოწაფეზე წმინდა სული გადავიდა. შედარებით მოკლე დროში ქრისტეს მოწაფეებისგან შემდგარი ეს პატარა კრება გაიზარდა და მორწმუნეების რიცხვმა ათასებს მიაღწია (წაიკითხეთ საქმეების 2:41; 4:4; 5:28; 6:7; 12:24; 19:20). სულ რაღაც 30 წელიწადში „მომკელთა“ რიცხვმა იმდენად იმატა, რომ მოციქულმა პავლემ კოლოსელებს მისწერა, რომ სასიხარულო ცნობა უკვე „ექადაგა ყველა ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლ. 1:23). ეს მართლაც საოცარი ზრდა იყო!

6, 7. ა) რა ზრდა მიმდინარეობს 1914 წლიდან? ბ) რა მასშტაბებს მიაღწევს ზრდა მომავალში?

6 ათას ცხრაას თოთხმეტ წელს ზეცაში ღვთის სამეფოს დამყარების შემდეგ მდოგვის „ხის“ ტოტები იმდენად გაიზარდა, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ღვთის ხალხმა საკუთარი თვალით იხილა ესაიას წინასწარმეტყველების შესრულება: „მცირე ათასად გადაიქცევა, პატარა — ძლიერ ხალხად“ (ეს. 60:22). ცხებულების პატარა ჯგუფი, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში ქადაგებდა, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 2008 წლისთვის 230-ზე მეტ ქვეყანაში თითქმის 7 მილიონი მოწმე იქნებოდა დაკავებული ამ საქმით. ეს მართლაც რომ შთამბეჭდავი ზრდაა, რომელიც მოგვაგონებს იესოს მაგალითში მოხსენიებული მდოგვის მარცვლის ზრდას!

7 მაგრამ, ნიშნავს ეს იმას, რომ ზრდა ამით დასრულდება? არა. დადგება დრო, როდესაც დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი ღვთის სამეფოს ქვეშევრდომი იქნება. ღვთის ხალხის მოწინააღმდეგეები აღარ იარსებებენ. ეს ყოველივე მოხდება არა ადამიანთა ძალისხმევის შედეგად, არამედ იმის წყალობით, რომ უზენაესი უფალი იეჰოვა ჩაერევა დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებში (წაიკითხეთ დანიელის 2:34, 35). მაშინ ჩვენ ვიხილავთ ესაიას კიდევ ერთი წინასწარმეტყველების საბოლოო შესრულებას: „დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე“ (ეს. 11:9).

8. ა) ვის განასახიერებენ იესოს მაგალითში მოხსენიებული ფრინველები? ბ) რისგან ვართ დაცულნი დღესვე?

8 იესო ამბობს, რომ ცის ფრინველები ამ სიმბოლური ხის ანუ სამეფოს „ჩრდილში იბუდებენ“. ეს ფრინველები არ განასახიერებენ ღვთის სამეფოს მტრებს, რომლებიც ცდილობენ აკენკონ კარგი თესლი, როგორც ეს ხდება იმ მაგალითში, სადაც მთესველი სხვადასხვა სახის ნიადაგზე აბნევს თესლს (მარ. 4:4). პირიქით, ამ მაგალითში ფრინველები განასახიერებენ გულწრფელ ადამიანებს, რომლებიც ქრისტიანულ კრებაში ეძებენ თავშესაფარს. ისინი დღესვე დაცულნი არიან ამ ბოროტი ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი სულიერად გამხრწნელი ჩვევებისა და უწმინდური ქცევებისგან (შეადარეთ ესაიას 32:1, 2). იეჰოვამაც ხეს შეადარა მესიანური სამეფო და იწინასწარმეტყველა: „ისრაელის მაღალ მთაზე გადავრგავ მას; დაიტოტება, ნაყოფს გამოიღებს და დიდებულ კედრად იქცევა. ყველანაირი ფრთოსანი დაიბუდებს მის ძირში და მის ფოთოლთა ჩრდილქვეშ“ (ეზეკ. 17:23).

მაგალითი საფუარზე

9, 10. ა) რაზე გაამახვილა იესომ ყურადღება საფუვრის მაგალითში? ბ) ხშირად რის სიმბოლოდ გამოიყენება საფუარი ბიბლიაში და რა კითხვა წამოიჭრება იესოს მიერ მოხსენიებულ საფუართან დაკავშირებით?

9 ზრდა ყოველთვის არაა შესამჩნევი ადამიანის თვალისთვის. მომდევნო მაგალითში იესო სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას. ის ამბობს: „ზეციერი სამეფო ჰგავს საფუარს, რომელიც აიღო ქალმა და სამ დიდ საწყაო ფქვილს შეაზილა, სანამ ცომი არ გაფუვდა“ (მათ. 13:33). რას განასახიერებს საფუარი და როგორ უკავშირდება ის სამეფოს ზრდას?

10 ბიბლიაში საფუარი ხშირად ცოდვის სიმბოლოდ გამოიყენება. პავლე მოციქულმა სწორედ რომ საფუარს შეადარა ის გამხრწნელი ზეგავლენა, რომელიც ცოდვილ ადამიანს შეეძლო მოეხდინა ძველი კორინთის კრებაზე (1 კორ. 5:6—8). უარყოფით კონტექსტში მოიხსენია იესომაც საფუარი თავის მაგალითში?

11. როგორ გამოიყენებოდა საფუარი ძველ ისრაელში?

11 სანამ ამ კითხვას გავცემთ პასუხს, განვიხილოთ სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველი: მართალია, იეჰოვა არ რთავდა ნებას ისრაელებს, რომ პასექის დღესასწაულზე საფუარი გამოეყენებინათ, მაგრამ სხვა შემთხვევებში მისთვის მისაღები იყო ისეთი შესაწირავი, რომელიც საფუარს შეიცავდა. საფუარი გამოიყენებოდა სამადლობელი მსხვერპლის, მშვიდობის მსხვერპლის მომზადებისას, როდესაც ის მადლიერების ნიშნად ნებაყოფლობით მიჰქონდათ იეჰოვას წინაშე იმ მრავალი კურთხევისთვის, რაც ღვთისგან ჰქონდათ. ასეთ შესაწირავს სიხარული მოჰქონდა შემწირველისთვის (ლევ. 7:11—15).

12. რა შეგვიძლია ვისწავლოთ იქიდან, თუ როგორ იყენებს ბიბლია სიმბოლურ ენას?

12 მეორე: მართალია, გარკვეული სიმბოლო ბიბლიის რომელიმე მონაკვეთში შეიძლება უარყოფით კონტექსტში იყოს გამოყენებული, მაგრამ სხვა შემთხვევაში იგივე სიმბოლო შესაძლოა რაღაც დადებითს განასახიერებდეს. მაგალითად, 1 პეტრეს 5:8-ში სატანა შედარებულია ლომთან, რითაც აღწერილია მისი საშიში და სასტიკი ბუნება. მაგრამ, გამოცხადების 5:5-ში იესოა შედარებული ლომთან — ის მოხსენიებულია როგორც „ლომი იუდას ტომიდან“. ამ შემთხვევაში ლომი წარმოადგენს სიმამაცისა და სამართლიანობის სიმბოლოს.

13. რას ვიგებთ სულიერი ზრდის შესახებ საფუვრის მაგალითიდან?

13 მესამე: იესოს არ უთქვამს, რომ საფუარმა გააფუჭა ცომი და ის გამოუსადეგარი გახადა. იესო უბრალოდ გულისხმობდა ცომის მოზელის ჩვეულებრივ პროცესს, რაც საჭიროა პურის გამოსაცხობად. დიასახლისმა სპეციალურად შეურია ფქვილში საფუარი და სასურველი შედეგიც მიიღო. საფუარი ცომში არ ჩანდა. ამგვარად, გაფუების პროცესი დიასახლისის თვალისთვის უხილავად ხდებოდა. ეს მოგვაგონებს იმ კაცს, რომელმაც თესლი დათესა და ღამით დაიძინა. იესომ თქვა, რომ „თესლი აღმოცენდება და იზრდება, მან [კაცმა] კი არ იცის, როგორ“ (მარ. 4:27). მართლაც რა მარტივად დაგვანახვა იესომ სულიერი ზრდის უხილავი პროცესი! ჩვენ შეიძლება თავიდან ვერ ვხედავდეთ, თუ როგორ მიმდინარეობს სულიერი ზრდა, მაგრამ ბოლოს მისი შედეგები აშკარა ხდება.

14. რაზე მიუთითებს ის, რომ საფუარი მთელ ცომს აფუებს?

14 ეს მაგალითი არა მხოლოდ იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ზრდა ადამიანის თვალისთვის უხილავად მიმდინარეობს, არამედ იმაზეც, რომ ის დიდ მასშტაბებს აღწევს. ეს არის კიდევ ერთი მხარე, რასაც ხაზი ესმება საფუვრის მაგალითში. საფუარი აფუებს მთელ ცომს, „სამ დიდ საწყაო ფქვილს“ (ლუკ. 13:21). საფუვრის მსგავსად, სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობა, რომელიც სულიერ ზრდას უწყობს ხელს, დღესდღეობით ისეთ მასშტაბებს აღწევს, რომ ღვთის ცნობა „დედამიწის კიდით კიდემდე“ ვრცელდება (საქ. 1:8; მათ. 24:14). ჩვენთვის დიდი პატივია, მონაწილეობა მივიღოთ სამეფოს გრანდიოზულ საქმეში, რომელიც დღითი დღე წინ მიიწევს!

მაგალითი ბადეზე

15, 16. ა) მოკლედ მოყევით ბადის მაგალითი. ბ) რას განასახიერებს ბადე და სამეფოს ზრდის რომელი მხარე ჰქონდა იესოს მხედველობაში?

15 იესოს მოწაფეების რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, ნამდვილად მიჰყვებიან თუ არა ისინი იესოს მაგალითს. სამეფოს ზრდასთან დაკავშირებული სწორედ ეს მხარე ჰქონდა იესოს მხედველობაში, როდესაც ბადის მაგალითი მოიყვანა. მან თქვა: „ზეციერი სამეფო ზღვაში მოსროლილ ბადესაც ჰგავს, რომელიც ყველანაირი ჯიშის თევზს იჭერს“ (მათ. 13:47).

16 ბადეში, რომელიც სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმეს განასახიერებს, სხვადასხვა ჯიშის თევზი ხვდება. იესო ამბობს: „როცა ბადე ივსება, ნაპირზე გამოაქვთ და სხდებიან, კარგ თევზს ჭურჭელში აგროვებენ და ცუდს ყრიან. ასე იქნება ქვეყნიერების აღსასრულის დროსაც: გამოვლენ ანგელოზები, ბოროტებს მართლებისგან გამოაცალკევებენ და გავარვარებულ ღუმელში ჩაყრიან. იქ იქნება მათი ტირილი და კბილთა ღრჭენა“ (მათ. 13:48—50).

17. დროის რა პერიოდში ხდება თევზების გამოცალკევება?

17 ერთი და იგივე რამეზე მიუთითებს თევზების გამოცალკევება და ცხვრებისა და თხების საბოლოო გადარჩევა, რომელიც, იესოს სიტყვების თანახმად, მოხდებოდა მაშინ, როცა ის თავისი დიდებით მოვიდოდა? (მათ. 25:31—33). არა. ცხვრებისა და თხების საბოლოო გადარჩევა დიდ გასაჭირში მოხდება. ამისგან განსხვავებით, ბადის მაგალითში მოყვანილი თევზების გამოცალკევება „ქვეყნიერების აღსასრულის დროს“ ხდება *. ეს სწორედ ის დროა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომლის შემდეგაც დიდი გასაჭირი დადგება. როგორ ხდება დღეს თევზების გამოცალკევება?

18, 19. ა) როგორ მიმდინარეობს დღეს გამოცალკევების საქმე? ბ) რა უნდა გააკეთონ გულწრფელმა ადამიანებმა? (იხილეთ აგრეთვე 21-ე გვერდზე მოცემული სქოლიო).

18 კაცობრიობის ზღვიდან ამოყვანილი სიმბოლური თევზი, რომლის რიცხვიც პირდაპირი გაგებით მილიონებს აღწევს, დღეს იეჰოვას კრებისკენ მიემართება. ზოგი გახსენების საღამოს ესწრება, ზოგი კრების შეხვედრებზე დადის, ზოგი კი სიამოვნებით სწავლობს ბიბლიას. მაგრამ, ნიშნავს ეს იმას, რომ ისინი ნამდვილი ქრისტიანები არიან? ისინი შეიძლება ‘ნაპირზე არიან გამოტანილი’, მაგრამ იესო ამბობს, რომ მხოლოდ ‘კარგი თევზი გროვდება ჭურჭელში’, რომლითაც ქრისტიანული კრებაა წარმოდგენილი. ცუდი თევზი იყრება და საბოლოოდ სიმბოლურ გავარვარებულ ღუმელში ხვდება, რაც მომავალ განადგურებაზე მიუთითებს.

19 მრავალი, ვინც ერთ დროს იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა და შეწყვიტა შესწავლა, ჰგავს ცუდ თევზს. ზოგი ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა, მაგრამ მათ არასოდეს გასჩენიათ იმის სურვილი, რომ იესოს მიმდევრები გამხდარიყვნენ. მათ არ სურთ იეჰოვას ემსახურონ ან, თუ ერთ დროს ემსახურებოდნენ, შეწყვიტეს ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემა * (ეზეკ. 33:32, 33). სანამ ღმერთი საბოლოო განაჩენს გამოიტანს, აუცილებელია, რომ გულწრფელი ადამიანები ჭურჭლით წარმოდგენილ კრებებში შეგროვდნენ და იქ დარჩნენ, რათა უსაფრთხოდ იყვნენ.

20, 21. ა) რა ვისწავლეთ იესოს მაგალითების მიმოხილვიდან? ბ) რისკენ აღგძრათ ამ მაგალითებმა?

20 მაშ, რა ვისწავლეთ ზრდასთან დაკავშირებით იესოს მიერ მოყვანილი მაგალითების მოკლე მიმოხილვიდან? პირველი: მდოგვის მარცვლის მსგავსად სამქადაგებლო საქმიანობაც მთელ მსოფლიოში დღითი დღე უფრო იზრდება. იეჰოვას საქმეს ვერაფერი შეაჩერებს! (ეს. 54:17). გარდა ამისა, ისინი, ვინც „მის [ხის] ჩრდილში იბუდებენ“, სულიერად დაცულები არიან. მეორე: სულიერი ზრდა ღმერთზეა დამოკიდებული. ფქვილში შერეული საფუარი არ ჩანს, მაგრამ ის მთელ ცომს აფუებს. ასევეა სულიერი ზრდის შემთხვევაშიც — ის ყოველთვის აშკარა შესამჩნევი არ არის და შეიძლება ვერც ვიგებთ, როგორ ხდება ზრდის პროცესი, მაგრამ ზრდა ნამდვილად მიმდინარეობს! მესამე: ყველა, ვინც ისმენს ღვთის ცნობას, ნამდვილი ქრისტიანი როდია. ზოგი იესოს მაგალითში მოხსენიებულ ცუდ თევზს ჰგავს.

21 ძალიან გამამხნევებელია იმის დანახვა, რომ მრავალი გულწრფელი ადამიანი უახლოვდება იეჰოვას! (იოან. 6:44). ამის შედეგად ღვთის მსახურთა რიცხვი მთელ მსოფლიოში საგრძნობლად იზრდება. ამ ზრდისთვის მთელი დიდება იეჰოვა ღმერთს ეკუთვნის. ამ საოცარი ზრდის ხილვა აღგვძრავს, ყურად ვიღოთ საუკუნეების წინ ჩაწერილი სიტყვები: „დილით თესე თესლი . . . რადგან არ იცი, რაში მოგემართება ხელი, ერთსა თუ მეორეში, ან იქნებ ორივე კარგი გამოდგეს“ (ეკლ. 11:6).

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 ამ მაგალითების ახსნა განსხვავდება იმისგან, თუ როგორ იყო ადრე ისინი ახსნილი „საგუშაგო კოშკის“ შემდეგ ნომრებში: 1992 წლის 15 ივნისი, გვერდები 17—22 (რუს.); 1975 წლის 1 ოქტომბერი, გვერდები 589—608 (ინგლ.).

^ აბზ. 17 მართალია, მათეს 13:39—43 სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობის სხვა მხარეზე ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ ბადის მაგალითის მსგავსად, ამ მაგალითშიც მოვლენები „ქვეყნიერების აღსასრულის დროს“ ხდება. ისევე, როგორც თესვისა და მკის საქმე, რომელიც ამ პერიოდში მიმდინარეობს, სიმბოლური თევზების გამოცალკევებაც გარკვეული დროის განმავლობაში გრძელდება (2000 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 25, 26; „თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“, გვერდები 178—181, აბზაცები 8—11).

^ აბზ. 19 ნიშნავს ეს იმას, რომ ყველა, ვინც ბიბლიის შესწავლა ან იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობა შეწყვიტა, ანგელოზების მიერ გადაყრილები არიან, როგორც ცუდი თევზები? არა! თუ ვინმეს გულწრფელად სურს, რომ დაუბრუნდეს იეჰოვას, მას შეუძლია ამის გაკეთება (მალ. 3:7).

როგორ უპასუხებდით?

• რას გვასწავლის იესოს მიერ მდოგვის მარცვალზე მოყვანილი მაგალითი სამეფოს საქმის ზრდასა და ქრისტიანის სულიერად დაცვაზე?

• რას განასახიერებს საფუარი და რა დაგვანახვა იესომ ამ მაგალითით?

• სამეფოს საქმის ზრდის რომელ მხარეს ესმება ხაზი ბადის მაგალითში?

• როგორ შეგვიძლია დავრჩეთ მათ შორის, ვინც ‘ჭურჭელშია შეგროვილი’?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 18 გვერდზე]

რას გვასწავლის მდოგვის მარცვლის მაგალითი სამეფოს საქმის ზრდასთან დაკავშირებით?

[სურათი 19 გვერდზე]

რა დავინახეთ საფუვრის მაგალითიდან?

[სურათი 21 გვერდზე]

რა არის წარმოდგენილი კარგი და ცუდი თევზის ერთმანეთისგან გამოცალკევებით?