არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მნიშვნელოვანი აზრები კორინთელებისთვის მიწერილი წერილებიდან

მნიშვნელოვანი აზრები კორინთელებისთვის მიწერილი წერილებიდან

იეჰოვას სიტყვა ცოცხალია

მნიშვნელოვანი აზრები კორინთელებისთვის მიწერილი წერილებიდან

პავლე მოციქული ძალიან არის დაინტერესებული კორინთის კრების სულიერი მდგომარეობით. ის იგებს, რომ იქ ძმებს შორის განხეთქილებაა და რომ კრებაში უზნეობას იწყნარებენ. პავლეს კრებისგან მისდის წერილი სხვადასხვა საკითხის თაობაზე. ამიტომ, დაახლოებით ახ. წ. 55 წელს ის კორინთის კრებას პირველ წერილს სწერს. ამ დროს ის ეფესოში, მესამე მისიონერულ მოგზაურობაში იმყოფება.

მეორე წერილს პავლე, როგორც ჩანს, პირველის დაწერიდან რამდენიმე თვეში სწერს კორინთელებს. ეს წერილი პირველის გაგრძელებაა. რამდენადაც პირველ საუკუნეში კორინთის კრების შიგნით თუ გარეთ არსებული მდგომარეობა ძალიან ჰგავს დღევანდელს, პავლეს მიერ კორინთელებისთვის მიწერილი წერილები ჩვენთვისაც ძალიან სასარგებლოა (ებრ. 4:12).

‘იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით, გაძლიერდით’

(1 კორ. 1:1—16:24)

‘ყველა ერთსა და იმავეს უნდა ლაპარაკობდეთ’, — მოუწოდებს პავლე კორინთელებს (1 კორ. 1:10). იესო ქრისტეს გარდა არ არსებობს „სხვა საძირკველი“, რომელზეც ქრისტიანული თვისებები უნდა „ავაშენოთ“ (1 კორ. 3:11—13). კრებაში მყოფი უზნეო კაცის შესახებ პავლე წერს, რომ ‘მოეშორებინათ ეს ბოროტი ადამიანი’ (1 კორ. 5:13). „სხეული სიძვისთვის კი არ არის, — ამბობს მოციქული, — არამედ უფლისთვის“ (1 კორ. 6:13).

პავლე მოციქული კორინთელ ქრისტიანებს იმ საკითხებზე აძლევს პრაქტიკულ რჩევებს, რაზეც მათ მისწერეს, კერძოდ, ქორწინებასა და დაუქორწინებლობაზე (1 კორ. 7:1). პავლე წერილში საუბრობს მეთაურობის პრინციპზე, წესრიგზე, რომელიც უნდა არსებობდეს ქრისტიანულ კრებაში და აღდგომის უტყუარ იმედზე. შემდეგ ის მოუწოდებს კორინთელებს: „იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენაში, ვაჟკაცურად იყავით, გაძლიერდით“ (1 კორ. 16:13).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

1:21. მართლა „უგუნურებას“ იყენებს იეჰოვა მორწმუნეთა გადასარჩენად? არა, ეს ასე არაა. ეს სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ იმას, რასაც ღმერთი ადამიანთა გადასარჩენად იყენებს, ქვეყნიერება მიიჩნევს უგუნურებად, რადგან „ქვეყნიერებამ თავისი სიბრძნით ვერ შეიცნო ღმერთი“ (იოან. 17:25).

5:5. რას ნიშნავს ის, რომ ‘სატანას გადაეცეს [ბოროტი] კაცი ხორცის გასანადგურებლად, რათა სული გადარჩეს’? როდესაც ადამიანი მძიმე ცოდვას სჩადის და ამას არ ინანიებს, ის კრებიდან ირიცხება და ისევ სატანის ბოროტი ქვეყნიერების ნაწილი ხდება (1 იოან. 5:19). ამრიგად, მასზე შეიძლება ითქვას, რომ ის სატანას გადაეცემა. ასეთი ადამიანის გარიცხვა იმიტომ ხდება, რომ კრება დაცული იყოს გამხრწნელი გავლენისგან და კრებაში შენარჩუნდეს ქრისტიანული სული (2 ტიმ. 4:22).

7:33, 34. რა იგულისხმება „ქვეყნიურ საქმეებში“, რომლებიც დაქორწინებულებს აფიქრებთ? პავლე აქ გულისხმობს ყოველდღიურ საქმეებს, რომელთა კეთებაც უწევთ დაქორწინებულ ქრისტიანებს. აქ საუბარი არ არის ქვეყნიერების ბოროტ საქმეებზე, რასაც ქრისტიანები ერიდებიან, არამედ ისეთ საქმეებზე, როგორიცაა, მაგალითად, საჭმელზე, ტანსაცმელზე და სახლზე ზრუნვა (1 იოან. 2:15—17).

11:26. რამდენად ხშირად უნდა აღინიშნებოდეს იესოს სიკვდილის გახსენების საღამო და როდემდე? პავლეს არ უთქვამს, რომ იესოს სიკვდილის გახსენების საღამო ხშირად უნდა აღნიშნულიყო. ბერძნული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია როგორც „ყოველთვის“, ნიშნავს „რამდენჯერაც“ ან „როცა კი“. ამგვარად, პავლე იმას გულისხმობდა, რომ ყოველთვის, როცა ცხებული ქრისტიანები შეიკრიბებოდნენ სიმბოლოების მისაღებად, ანუ წელიწადში ერთხელ, 14 ნისანს, ისინი „უფლის სიკვდილს აუწყებდნენ“. ცხებულები ასე გააკეთებენ „მის მოსვლამდე“, ანუ მანამდე, სანამ იესო მათ ზეციერი ცხოვრებისთვის აღადგენს (1 თეს. 4:14—17).

13:13. რა მხრივ აღემატება სიყვარული რწმენასა და იმედს? როდესაც ის, „რასაც ვიმედოვნებთ“, სრულდება და რისი „საფუძვლიანი მოლოდინიც“ გვაქვს, მართლდება, მაშინ რწმენა და იმედი თავის მიზანს აღწევს და საჭირო აღარაა (ებრ. 11:1). სიყვარული უდიდესია. ის რწმენასა და იმედს იმ მხრივ აღემატება, რომ მარადიულად რჩება.

15:29. რა იგულისხმება შემდეგ სიტყვებში: „იმისთვის მოინათლნენ, რომ მკვდრები იყვნენ“? პავლე აქ არ გულისხმობდა იმას, რომ ცოცხლები მათთვის უნდა მონათლულიყვნენ, ვინც მოუნათლავი მოკვდა. პავლე საუბრობს სულითცხებული ქრისტიანების მონათვლაზე, რომლებიც ნათლობის შემდეგ ადგებიან ისეთი ცხოვრების გზას, რომელიც ერთგულად უნდა გაიარონ და ბოლოს სიკვდილით დაასრულონ. შემდეგ ისინი ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგებიან.

რას ვსწავლობთ:

1:26—31; 3:3—9; 4:7. ჩვენ თავმდაბლები უნდა ვიყოთ და საკუთარი თავით კი არ უნდა ვიამაყოთ, არამედ იეჰოვათი. ეს ხელს უწყობს კრების ერთიანობას.

2:3—5. როდესაც პავლე ქადაგებდა კორინთში, ბერძნული ფილოსოფიის ცენტრში, სადაც ხალხი განათლებას იღებდა, მას შესაძლოა აფიქრებდა, შეძლებდა თუ არა თავისი მსმენელის დარწმუნებას. მაგრამ სისუსტემ თუ შიშმა, რომელიც პავლეს, როგორც ჩანს, ჰქონდა, ხელი ვერ შეუშალა მას ღვთის მიერ მიცემული დავალების შესრულებაში. როგორ სიტუაციაშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ, არ უნდა დავუშვათ, რომ რაიმემ შეგვაწყვეტინოს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გაცხადება. პავლეს მსგავსად ჩვენც შეგვიძლია სრულად მივენდოთ იეჰოვას და გვქონდეს მისი დახმარების იმედი.

2:16. „ქრისტეს გონება“ რომ გვქონდეს, უნდა ვიცოდეთ, როგორ აზროვნებდა იესო და ჩვენც მსგავსი აზროვნება უნდა განვივითაროთ; აგრეთვე კარგად უნდა ვიცნობდეთ მის პიროვნებას და უნდა მივყვებოდეთ მის მაგალითს (1 პეტ. 2:21; 4:1). ამისათვის კი საჭიროა, რომ ყოველთვის გულმოდგინედ ვსწავლობდეთ იესოს ცხოვრებისა და მსახურების შესახებ.

3:10—15; 4:17. ჩვენ უნდა დავუკვირდეთ, როგორ ვასწავლით და გავიუმჯობესოთ სწავლების უნარი, რომ მოწაფეები მოვამზადოთ (მათ. 28:19, 20). თუ კარგად არ ვასწავლით, ჩვენმა შემსწავლელმა შესაძლოა რწმენის გამოცდებს ვერ გაუძლოს და მისმა დაკარგვამ შეიძლება დიდი ტკივილი განგვაცდევინოს. ამის შედეგად ჩვენი ხსნა ისეთი იქნება, თითქოს ‘ცეცხლს გადავურჩით’.

6:18. ‘სიძვას რომ გავექცეთ’, უნდა მოვერიდოთ არა მხოლოდ ისეთ რამეებს, რაც პორნიაში შედის, არამედ პორნოგრაფიის ყურებას, უწმინდურებას, გონებაში სექსუალური სცენების წარმოდგენასა და ფლირტს — ყველაფერს, რასაც შეუძლია საბოლოოდ სიძვა ჩაგვადენინოს (მათ. 5:28; იაკ. 3:17).

7:29. დაქორწინებული წყვილი იმდენად არ უნდა იყოს ერთმანეთის სიამოვნებაზე გადართული, რომ მათ ცხოვრებაში სამეფოს ინტერესებმა მეორე ადგილზე გადაინაცვლოს.

10:8—11. იეჰოვა განრისხდა, როდესაც ისრაელმა მოსესა და აარონზე დაიწყო დრტვინვა. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ მდრტვინავები არ გავხდეთ.

16:2. ჩვენ ყოველთვის გავიღებთ შესაწირავს სამეფოს ინტერესებისთვის, თუ ამას წინასწარ დავგეგმავთ და არ დაგვავიწყდება ამის გაკეთება.

„გამოსწორდით“

(2 კორ. 1:1—13:14).

პავლე კორინთელებს სწერს, რომ შემცოდველს, რომელიც გარიცხული იყო და მოინანია ადრე ჩადენილი ცოდვა, ‘მთელი გულით აპატიონ და ანუგეშონ ის’. მართალია, თავისი პირველი წერილით მოციქულმა დაანაღვლიანა კორინთელი ქრისტიანები, მაგრამ ახლა მას უხარია, რადგან ისინი ‘დანაღვლიანდნენ მოსანანიებლად’ (2 კორ. 2:6, 7; 7:8, 9).

პავლე მოუწოდებს კორინთელებს, რომ ‘ისევე, როგორც ყველაფერში აქვთ სიუხვე, ასევე იუხვონ სამადლო საქმეშიც’. მას შემდეგ, რაც მოციქული პასუხს სცემს მათ, ვინც მას აკრიტიკებს, ის საბოლოო რჩევას აძლევს ყველას: „იხარეთ, გამოსწორდით, ინუგეშეთ, ერთი აზრი გქონდეთ, მშვიდობიანად იცხოვრეთ“ (2 კორ. 8:7; 13:11).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

2:15, 16. რა გაგებით ვართ „ქრისტეს ტკბილი სურნელება“? ჩვენ იმ გაგებით ვართ „ქრისტეს ტკბილი სურნელება“, რომ ვიცავთ ბიბლიურ მოთხოვნებს და ხალხს ბიბლიაში მოცემულ ცნობას ვუზიარებთ. უმართლოთათვის ეს „სურნელი“ საძულველია, მაგრამ იეჰოვასთვის და გულწრფელი ადამიანებისთვის „ტკბილი სურნელებაა“.

5:16. რას ნიშნავს ის, რომ ცხებული ქრისტიანები ‘აღარავის იცნობენ ხორციელად’? ისინი ხალხს არ უყურებენ „ხორციელად“, ანუ ადამიანებს არ განასხვავებენ ერთმანეთისგან სიმდიდრის, რასისა და ეთნიკური თუ ეროვნული წარმოშობის მიხედვით. მათთვის მნიშვნელოვანი ისაა, რომ თანამორწმუნეებთან ქრისტიანული ურთიერთობა ჰქონდეთ.

11:1, 16; 12:11. უგუნურებას ავლენდა პავლე კორინთელებთან ურთიერთობისას? არა, ის უგუნური არ იყო. ზოგი შეიძლება მას უგუნურად და მკვეხარად თვლიდა, რადგან პავლე იძულებული გახდა, თავისი მოციქულობა დაეცვა.

12:1—4. ვინ ‘იქნა ატაცებული სამოთხეში’? ეს მონაკვეთი პირდაპირ მოჰყვება პავლეს სიტყვებს, რომლებითაც ის თავის მოციქულობას იცავს. გარდა ამისა, ბიბლია არც ერთ სხვა ადამიანზე არ ამბობს, რომ მსგავსი ხილვა ჰქონდა. აქედან გამომდინარე, პავლე, შესაძლოა, ამას თავის თავზე გვიყვება. მოციქულმა, როგორც ჩანს, იხილა სულიერი სამოთხე, რომლითაც ხარობს ქრისტიანული კრება ამ „უკანასკნელ დროში“ (დან. 12:4).

რას ვსწავლობთ:

3:5. ამ მუხლიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა გვხდის მსახურებისთვის გამოსადეგს თავისი სიტყვის, წმინდა სულისა და თავისი ორგანიზაციის მიწიერი ნაწილის დახმარებით (იოან. 16:7; 2 ტიმ. 3:16, 17). ქრისტიანული მსახურებისთვის გამოსადეგნი რომ ვიყოთ, აუცილებელია, გულმოდგინედ შევისწავლოთ ბიბლია და ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურა, განუწყვეტლივ ვილოცოთ წმინდა სულისთვის, რეგულარულად დავესწროთ ქრისტიანულ შეხვედრებს და მონაწილეობა მივიღოთ მათში (ფსალმ. 1:1—3; ლუკ. 11:10—13; ებრ. 10:24, 25).

4:16. რამდენადაც იეჰოვა ‘დღითი დღე აახლებს ჩვენს შინაგან კაცს’, ჩვენ რეგულარულად უნდა ვისარგებლოთ ყოველივე იმით, რაც იეჰოვასთან ურთიერთობას განგვიმტკიცებს. არ უნდა დავუშვათ, რომ დღე ისე გავიდეს, სულიერ საკითხებზე არ ვიფიქროთ.

4:17, 18. თუ გვემახსოვრება, რომ „გასაჭირი ხანმოკლე და მსუბუქია“, ეს დაგვეხმარება, რომ რთულ პერიოდშიც კი იეჰოვასადმი ერთგულება შევინარჩუნოთ.

5:1—5. პავლე მართლაც რომ შესანიშნავად გამოხატავს ცხებული ქრისტიანების გრძნობებს, რასაც მათში ზეციერი ცხოვრების იმედი წარმოშობს!

10:13. ჩვეულებრივ, მხოლოდ ჩვენი კრების ტერიტორიაზე უნდა ვიქადაგოთ გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გვთხოვენ, ვიმსახუროთ იქ, სადაც მქადაგებლებზე მეტი მოთხოვნილებაა.

13:5. იმისათვის, რომ ‘შევამოწმოთ, ვართ თუ არა რწმენაში’, საჭიროა, დავფიქრდეთ, შეესაბამება თუ არა ჩვენი ქცევები იმას, რასაც ბიბლიიდან ვსწავლობთ. ‘საკუთარი თავი რომ გამოვცადოთ’, უნდა დავუკვირდეთ, რამდენად სულიერი ადამიანები ვართ, რამდენად გაწაფული გვაქვს „აღქმის უნარი“ და რამდენად ხშირად ვაკეთებთ რწმენის გამომხატველ საქმეებს (ებრ. 5:14; იაკ. 1:22—25). პავლეს მიერ მოცემული გონივრული რჩევის გათვალისწინება ჭეშმარიტების გზით სიარულში დაგვეხმარება.

[სურათი 26, 27 გვერდებზე]

რას ნიშნავს სიტყვები: „ყოველთვის, როცა ამ პურს შეჭამთ და ამ სასმისს შესვამთ“? (1 კორ. 11:26).