არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არის კარდაკარ მსახურება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?

რატომ არის კარდაკარ მსახურება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?

რატომ არის კარდაკარ მსახურება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?

„ტაძარში და კარდაკარ ყოველდღე დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“ (საქ. 5:42).

1, 2. ა) ქადაგების რომელი მეთოდით არიან განსაკუთრებით ცნობილი იეჰოვას მოწმეები? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში შეიძლება იხილოთ ასეთი სურათი: სუფთად ჩაცმული ორი ადამიანი აკაკუნებს კარზე და ცდილობს, მობინადრეს მოკლედ გადასცეს ბიბლიური ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ; თუ მობინადრე ინტერესს გამოავლენს, შეიძლება მას ბიბლიური ლიტერატურა მისცენ და ბიბლიის უფასო შესწავლა შესთავაზონ; ამის შემდეგ ისინი მომდევნო კართან მიდიან. თუ თქვენც მონაწილეობთ ამ საქმეში, ალბათ ამჩნევთ, რომ ხშირად, სანამ ვინმეს დაელაპარაკებით, ის უკვე ხვდება, რომ იეჰოვას მოწმე ხართ. მართლაც, კარდაკარ ქადაგება იეჰოვას მოწმეების ამოსაცნობი ნიშანია.

2 ჩვენ სხვადასხვა მეთოდს ვიყენებთ, რომ შევასრულოთ იესოს დავალება — ვიქადაგოთ და მოწაფეები მოვამზადოთ (მათ. 28:19, 20). ჩვენ ვქადაგებთ ბაზრებში, ქუჩებში თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (საქ. 17:17). ბევრს ტელეფონით ვესაუბრებით ან წერილებით ვუზიარებთ სასიხარულო ცნობას. ზოგთან ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე ყოველდღიური საქმეების კეთების დროსაც ვქადაგებთ. ჩვენ აგრეთვე გვაქვს ოფიციალური ვებ-საიტი *, სადაც ბიბლიური პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიები 300-ზე მეტ ენაზეა განთავსებული. ამ ყოველივეს, რაც ზემოთ მოვიხსენიეთ, კარგი შედეგები მოაქვს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უმეტეს ქვეყნებში სასიხარულო ცნობის გავრცელების ძირითადი საშუალება კარდაკარ ქადაგებაა. როდიდან ჩაეყარა საფუძველი ქადაგების ამ მეთოდს? როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ღვთის ხალხს კარდაკარ მსახურების მიმართ და როგორ შეიძინა ამ მსახურებამ ასეთი ფართო მასშტაბები? რატომ არის კარდაკარ ქადაგება მნიშვნელოვანი?

მივყვებით მოციქულების მაგალითს

3. რა მითითებები მისცა იესომ მოციქულებს და როგორ უნდა ექადაგათ მათ?

3 კარდაკარ ქადაგებას ბიბლიური საფუძველი აქვს. სანამ იესო თავის მოციქულებს საქადაგებლად გაგზავნიდა, მან ისინი დაარიგა: „რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, მოძებნეთ ღირსეული“. როგორ უნდა მოეძებნათ მათ ღირსეულები? იესომ უთხრა მოციქულებს, რომ ხალხისთვის სახლებში მიეკითხებინათ: „სახლში შესვლისას მიესალმეთ ოჯახს და თუ სახლი ღირსია, მშვიდობა, რომელიც თქვენ უსურვეთ, მიუვიდეს მას“. უნდა დალოდებოდნენ მოციქულები ხალხისგან მოწვევას, რომ მათთან მისულიყვნენ და ექადაგათ? ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა იესომ: „სადაც არ მიგიღებენ ან არ მოისმენენ თქვენს სიტყვებს, იმ სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას ფეხებიდან მტვერი დაიბერტყეთ“ (მათ. 10:11—14). იესოს ამ მითითებიდან აშკარად ჩანს, რომ სასიხარულო ცნობის საუწყებლად წასულ მოციქულებს საკუთარ თავზე უნდა აეღოთ ინიციატივა და ხალხისთვის სახლებში უნდა მიეკითხებინათ (ლუკ. 9:6).

4. სად არის ბიბლიაში მოხსენიებული კარდაკარ ქადაგება?

4 ბიბლიაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მოციქულები კარდაკარ ქადაგებდნენ. მაგალითად, საქმეების 5:42-ში ნათქვამია, თუ რას აკეთებდნენ მოციქულები მას შემდეგ, რაც ახ. წ. 33 წელს ქრისტიანული კრება დაფუძნდა. ამ მუხლში ვკითხულობთ: „ტაძარში და კარდაკარ ყოველდღე დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“. დაახლოებით 20 წლის შემდეგ, პავლე მოციქულმა ეფესოს კრების უხუცესებს შეახსენა: „თავი არ დამიზოგავს თქვენთვის, გიყვებოდით ყოველივე სასარგებლოს და გასწავლიდით სახალხოდ და კარდაკარ“. სახლში აკითხავდა პავლე ამ უხუცესებს, ვიდრე ისინი მორწმუნეები გახდებოდნენ? როგორც ჩანს, ეს ასე იყო, რადგან პავლემ მათ სხვა ყველაფერთან ერთად „ღვთის წინაშე მონანიებისა და ჩვენი უფალი იესოსადმი რწმენის შესახებ“ ასწავლა (საქ. 20:20, 21). საქმეების 20:20-ის შესახებ ბიბლეისტი რობერტსონი თავის ნაშრომში წერს: „უნდა აღინიშნოს, რომ ეს უდიდესი მქადაგებელი კარდაკარ ქადაგებდა“ („Word Pictures in the New Testament“).

თანამედროვე კალიების ლაშქარი

5. როგორ არის აღწერილი სამქადაგებლო საქმიანობა იოელის წინასწარმეტყველებაში?

5 სამქადაგებლო საქმიანობას, რომელიც პირველ საუკუნეში მიმდინარეობდა, ჩვენს დროში გაცილებით დიდი მასშტაბებისთვის უნდა მიეღწია. წინასწარმეტყველმა იოელმა ცხებული ქრისტიანების ქადაგება მწერების, მათ შორის კალიების, გამანადგურებელ შემოსევას შეადარა (იოელ. 1:4). კალიებს, რომლებიც ლაშქარივით მიიწევენ წინ, გზად ვერაფერი ეღობება. ისინი აღწევენ სახლებში და გზადაგზა ყველაფერს ნთქავენ (წაიკითხეთ იოელის 2:2, 7—9). მართლაც, რა ცოცხლადაა აღწერილი ამ წინასწარმეტყველებაში ის, თუ რა გულმოდგინედ და შეუპოვრად შეასრულებდა ღვთის ხალხი სამქადაგებლო საქმეს ჩვენს დროში! ცხებული ქრისტიანები და მათი თანამსახური სხვა ცხვრები გულმოდგინედ ქადაგებენ, რითაც სრულდება იოელის წინასწარმეტყველება. მსახურებაში ისინი სხვადასხვა მეთოდს იყენებენ, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული კარდაკარ ქადაგებაა (იოან. 10:16). როგორ დაიწყეს იეჰოვას მოწმეებმა ქადაგების იმ მეთოდის გამოყენება, რომელსაც მოციქულები მიმართავდნენ?

6. რისკენ მოუწოდეს 1922 წელს მოწმეებს, მაგრამ როგორ გამოეხმაურა ზოგი ამას?

6 ათას ცხრაას ცხრამეტი წლიდან ყურადღება მახვილდებოდა იმაზე, რომ თითოეულ ქრისტიანს უნდა ექადაგა. მაგალითად, 1922 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ (ინგლ.) მოცემული იყო სტატია სათაურით „მსახურება ჩვენი აუცილებელი მოვალეობაა“, რომელიც შეახსენებდა ცხებულ ქრისტიანებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ხალხთან კარდაკარ მისვლა, მათთვის ბიბლიური ლიტერატურის შეთავაზება და მოახლოებული ზეციერი სამეფოს შესახებ დამოწმება“. ლიტერატურის გასავრცელებლად სპეციალური შეთავაზებები იბეჭდებოდა „ბიულეტენში“, რომელსაც ახლა „ჩვენი სამეფო მსახურება“ ეწოდება. ამ ყოველივეს მიუხედავად, მათი რიცხვი, ვინც კარდაკარ მსახურობდა, თავიდან ძალიან მცირე იყო. კარდაკარ ქადაგებისგან ზოგი თავს იკავებდა. მათ საამისოდ სხვადასხვა მიზეზი მოჰყავდათ, მაგრამ სინამდვილეში პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი თაკილობდნენ კარდაკარ ქადაგებას. მას შემდეგ, რაც უფრო დიდი აქცენტი გაკეთდა ქადაგების აუცილებლობაზე, მრავალი მათგანი თანდათანობით ჩამოშორდა იეჰოვას ორგანიზაციას.

7. რისი გაკეთება გახდა საჭირო 50-იანი წლების დასაწყისში?

7 მომდევნო ათწლეულებში უფრო და უფრო მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას სამქადაგებლო საქმიანობაში. მაგრამ, აშკარა იყო, რომ მოწმეებს მეტი დასწავლება სჭირდებოდათ იმისათვის, რომ კარდაკარ ექადაგათ. მოვიყვანოთ ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი. 50-იანი წლების დასაწყისში მოწმეთა 28 პროცენტის მსახურება მხოლოდ იმით შემოიფარგლებოდა, რომ ისინი კრებაზე დასასწრებად ხალხში მოსაწვევ ბარათებს ავრცელებდნენ და ქუჩებში ჟურნალებით იდგნენ. მოწმეთა 40 პროცენტზე მეტი არარეგულარულად მსახურობდა — ზოგჯერ თვე ისე გადიოდა, რომ ისინი საერთოდ არ ქადაგებდნენ. რა უნდა გაკეთებულიყო მიძღვნილი ქრისტიანების დასახმარებლად, რომ მათ კარდაკარ ექადაგათ?

8, 9. რა სასწავლო პროგრამა ამოქმედდა 1953 წელს, და რა შედეგები გამოიღო ამან?

8 ნიუ-იორკში 1953 წელს ჩატარებულ საერთაშორისო კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კარდაკარ მსახურებაზე. ძმა ნეითან ნორმა აღნიშნა, რომ ყველა ქრისტიანი ზედამხედველი ვალდებული იყო, დახმარებოდა თითოეულ მოწმეს, რომ მათ რეგულარულად ექადაგათ კარდაკარ. „ყველას უნდა შეეძლოს სასიხარულო ცნობის კარდაკარ ქადაგება“, — თქვა ძმა ნორმა. ამ მიზნის მისაღწევად მთელ მსოფლიოში ამოქმედდა სასწავლო პროგრამა. მათ, ვინც არ ქადაგებდა კარდაკარ, ასწავლიდნენ, როგორ მისულიყვნენ ხალხთან სახლში, როგორ ემსჯელათ მათთან ბიბლიურ საკითხებზე და როგორ ეპასუხათ მათ შეკითხვებზე.

9 ამ სასწავლო პროგრამამ საოცარი შედეგები გამოიღო. ათ წელიწადში მთელ მსოფლიოში მაუწყებელთა რიცხვი 100 პროცენტით გაიზარდა, განმეორებითი მონახულებების რაოდენობა — 126 პროცენტით, ხოლო ბიბლიის შესწავლების — 150 პროცენტით. დღეისათვის თითქმის სამეფოს შვიდი მილიონი მაუწყებელი ქადაგებს სასიხარულო ცნობას მთელ მსოფლიოში. ეს მნიშვნელოვანი ზრდა იმის ერთ-ერთი მტკიცებაა, თუ როგორ აკურთხებს იეჰოვა თავისი ხალხის ძალისხმევას, რომელსაც ისინი კარდაკარ მსახურებას ახმარენ (ეს. 60:22).

ნიშნის დადება გადასარჩენად

10, 11. ა) რა ხილვა ნახა ეზეკიელმა, რომლის შესახებაც ეზეკიელის მე-9 თავში ვკითხულობთ? ბ) როგორ სრულდება ეს ხილვა ჩვენს დროში?

10 წინასწარმეტყველ ეზეკიელის ხილვიდანაც შეგვიძლია დავინახოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კარდაკარ მსახურება. ხილვაში ეზეკიელი ხედავს შვიდ კაცს, რომელთაგანაც ექვსს ხელში იარაღი უჭირავს, ხოლო მეშვიდეს, რომელიც სელით არის შემოსილი, სამელნე აქვს. იეჰოვამ მეშვიდე კაცს უთხრა: „გაიარე ქალაქში . . . და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ადამიანებს, რომლებიც ოხრავენ და კვნესიან მთელი იმ სისაძაგლის გამო, რაც იქ ხდება“. გამანადგურებელი იარაღის მქონე ექვს კაცს კი იეჰოვამ უბრძანა, რომ მიჰყოლოდნენ სამელნის მქონეს და დაეხოცათ ყველა, ვისაც ნიშანი არ ექნებოდა (წაიკითხეთ ეზეკიელის 9:1—6).

11 ჩვენ გვესმის, რომ ეს წინასწარმეტყველება დღეს სრულდება. „სელით შემოსილი კაცი“ წარმოადგენს სულითცხებულ ქრისტიანთა დარჩენილ ნაწილს. ქადაგებითა და მოწაფეების მომზადების საქმიანობით ცხებულ ქრისტიანთა ჯგუფი სიმბოლურ ნიშანს ადებს მათ, ვინც „სხვა ცხვარი“ ხდება (იოან. 10:16). რა არის ეს ნიშანი, რომელიც სხვა ცხვარს თითქოსდა შუბლზე ადევს? ეს იმის დამადასტურებელია, რომ ისინი ღვთისადმი მიძღვნილი, იესო ქრისტეს მონათლული მოწაფეები არიან, რომლებიც ახალი — ქრისტეს მსგავსი — პიროვნებით შეიმოსნენ (ეფეს. 4:20—24). ეს ცხვრისმაგვარი ადამიანები სულითცხებულ ქრისტიანებთან ერთად ერთ ფარაში ერთიანდებიან და ცხებულებს ნიშნის დადების უმნიშვნელოვანეს საქმეში ეხმარებიან (გამოცხ. 22:17).

12. როგორც ეზეკიელის ხილვიდან ვიგებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ცხვრისმაგვარი ადამიანების ძებნა?

12 ეზეკიელის ხილვიდან ვიგებთ იმის მიზეზს, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი იმ ადამიანების მოძებნა, რომლებიც „ოხრავენ და კვნესიან“. ეს გადაუდებელი საქმეა, რადგან ამაზე ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული. მალე იეჰოვას განაჩენის აღმსრულებელთა ზეციერი ლაშქარი, რომელიც წარმოდგენილია იარაღის მქონე ექვსი კაცით, გაანადგურებს მათ, ვისაც არ ექნება შუბლზე სიმბოლური ნიშანი. მოახლოებული გასამართლების შესახებ პავლე მოციქულმა დაწერა, რომ უფალი იესო „თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ . . . შურს იძიებს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ“ (2 თეს. 1:7, 8). ყურადღება მიაქციეთ, რომ ხალხი იმის საფუძველზე გასამართლდება, თუ როგორ ეხმაურებიან ისინი სასიხარულო ცნობას. ამიტომ, ღვთის ცნობის გაცხადება აღსასრულამდე უნდა გაგრძელდეს (გამოცხ. 14:6, 7). ეს კი დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს იეჰოვას ყველა მიძღვნილ მსახურს (წაიკითხეთ ეზეკიელის 3:17—19).

13. ა) რა პასუხისმგებლობას გრძნობდა პავლე მოციქული და რატომ? ბ) რა პასუხისმგებლობას გრძნობთ თქვენს უბანზე მცხოვრები ხალხის მიმართ?

13 პავლე მოციქული სხვებისთვის სასიხარულო ცნობის გაზიარებას პირად პასუხისმგებლობად თვლიდა. ის წერდა: „ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ. ამიტომაც ვისწრაფვი, რომ სასიხარულო ცნობა გაუწყოთ თქვენც, რომში მყოფთ“ (რომ. 1:14, 15). პავლე მადლიერი იყო იმ წყალობისთვის, რომელიც ღმერთმა მის მიმართ გამოავლინა, და ამიტომ თავს ვალდებულად თვლიდა, დახმარებოდა სხვებს, რომ მათაც მიეღოთ ღვთის წყალობა (1 ტიმ. 1:12—16). მას ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს თითოეული ადამიანის მოვალე იყო და ამ ვალს მხოლოდ მაშინ გაისტუმრებდა, როდესაც მათ სასიხარულო ცნობას უქადაგებდა. თქვენც თვლით საკუთარ თავს იმ ადამიანების მოვალედ, რომლებიც თქვენს უბანზე ცხოვრობენ? (წაიკითხეთ საქმეების 20:26, 27).

14. რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ვქადაგებთ სახალხოდ და კარდაკარ?

14 მართალია, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს გაცილებით მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ვიქადაგოთ კარდაკარ. მალაქიას 1:11-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებაში იეჰოვა ამბობს: „მზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდე დიდებული იქნება ჩემი სახელი ხალხებში . . . წმინდა ძღვენს მიუძღვნიან ჩემს სახელს, რადგან დიდებული იქნება ჩემი სახელი ხალხებში“. ეს წინასწარმეტყველება იმით სრულდება, რომ იეჰოვას მიძღვნილი მსახურები თავმდაბლად ასრულებენ თავიანთ მსახურებას და მთელ მსოფლიოში სახალხოდ ადიდებენ ღვთის სახელს (ფსალმ. 109:30; მათ. 24:14). იეჰოვასთვის „ქების მსხვერპლის“ შეწირვა ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია იმისა, თუ რატომ ვქადაგებთ სახალხოდ და კარდაკარ (ებრ. 13:15).

წინ უმნიშვნელოვანესი მოვლენები გველის!

15. ა) როგორ განვითარდა მოვლენები იერიხონის დაცემამდე? ბ) რაზე მიუთითებს ეს სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებით?

15 კიდევ როგორ წაიწევს წინ სამქადაგებლო საქმიანობა აღსასრულამდე? ამის წარმოდგენაში დაგვეხმარება იესო ნავეს ძის წიგნში ჩაწერილი შემთხვევა, რომელიც იერიხონის ალყაში მოქცევას ეხება. გავიხსენოთ, რომ მანამ, სანამ იეჰოვა იერიხონს გაანადგურებდა, ღვთის მითითების თანახმად, ისრაელებს ექვსი დღის განმავლობაში დღეში ერთხელ უნდა შემოევლოთ ქალაქისთვის. მაგრამ მეშვიდე დღეს მათ გაცილებით მეტი უნდა გაეკეთებინათ. იეჰოვამ უთხრა იესო ნავეს ძეს: „მეშვიდე დღეს კი შვიდჯერ შემოუარეთ ქალაქს და ჩაჰბერონ მღვდლებმა საყვირებს. როცა ჩაჰბერავენ ვერძის რქის საყვირს . . . მთელმა ხალხმა საომარი ყიჟინა დასცეს; ჩამოიქცევა ქალაქის გალავანი“ (იესო. 6:2—5). შესაძლოა დღევანდელთან შედარებით სამქადაგებლო საქმიანობაში ბევრად მეტის გაკეთება გახდეს საჭირო. როგორც უნდა იყოს, ჩვენ ერთ რამეში დარწმუნებული ვართ — ვიდრე ამ ქვეყნიერების აღსასრული დადგება, ღვთის სახელისა და მისი სამეფოს შესახებ ქადაგება უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწევს.

16, 17. ა) რა საქმე შესრულდება „დიდი გასაჭირის“ დამთავრებამდე? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

16 შესაძლოა დადგეს ისეთი დრო, როდესაც ჩვენი ცნობა „საომარი ყიჟინასავით“ გაისმება. გამოცხადების წიგნში გასამართლების ცნობები აღწერილია, როგორც ‘ძლიერი სეტყვა, რომლის თითოეული მარცვალი ტალანტის წონისაა’ *. გამოცხადების 16:21-ში ნათქვამია: „მისი წყლული უჩვეულოდ დიდი იყო“. ჩვენ ჯერ არ ვიცით, თუ რა როლს შეასრულებს კარდაკარ მსახურება აღსასრულის წინ ღვთის განაჩენის გაცხადებაში. მაგრამ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მანამ, სანამ „დიდი გასაჭირი“ დასრულდება, იეჰოვას სახელი ისე გაცხადდება, როგორც არასდროს (გამოცხ. 7:14; ეზეკ. 38:23).

17 წინ უმნიშვნელოვანესი მოვლენები გველოდება, ამიტომ საჭიროა, რომ კვლავაც გულმოდგინედ გავაცხადოთ სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ. რა სირთულეებს ვხვდებით, როდესაც კარდაკარ ვმსახურობთ, და როგორ შეგვიძლია მათი დაძლევა? ამ კითხვებს მომდევნო სტატიაში გაეცემა პასუხი.

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 ვებ-საიტის მისამართია: www.watchtower.org

^ აბზ. 16 თუ აქ ბერძნული ტალანტი იგულისხმება, მაშინ თითოეული სეტყვის მარცვალი დაახლოებით 20 კილოგრამს უნდა იწონიდეს.

როგორ უპასუხებთ?

• რა ბიბლიური საფუძველი აქვს კარდაკარ ქადაგებას?

• როგორ გამახვილდა ყურადღება კარდაკარ მსახურებაზე ჩვენს დროში?

• რატომ აკისრიათ იეჰოვას მიძღვნილ მსახურებს ქადაგების პასუხისმგებლობა?

• რა უმნიშვნელოვანესი მოვლენები გველის წინ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 4 გვერდზე]

პავლე მოციქულის მსგავსად გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ სხვებს უქადაგოთ?

[სურათი 5 გვერდზე]

ძმა ნორი, 1953 წელი