არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გადავლახოთ სირთულეები, რომლებსაც კარდაკარ მსახურების დროს ვხვდებით?

როგორ გადავლახოთ სირთულეები, რომლებსაც კარდაკარ მსახურების დროს ვხვდებით?

როგორ გადავლახოთ სირთულეები, რომლებსაც კარდაკარ მსახურების დროს ვხვდებით?

„ჩვენი ღვთის დახმარებით გაბედულება მოვიკრიბეთ, რომ გვეუწყებინა თქვენთვის ღვთის სასიხარულო ცნობა, რისთვისაც დიდი ბრძოლა დაგვჭირდა“ (1 თეს. 2:2).

1. რა სირთულეებს ხვდებოდა იერემია და როგორ გადალახა მან ისინი?

იერემიას ისეთივე გრძნობები ჰქონდა, როგორიც ჩვენ გვაქვს. როდესაც იეჰოვამ უთხრა იერემიას, რომ ის „ხალხების წინასწარმეტყველი“ იქნებოდა, მან წამოიძახა: „ო, უზენაესო უფალო, იეჰოვა! არ ვიცი, როგორ ვილაპარაკო, მე ხომ ყმაწვილი ვარ“! მიუხედავად ამისა, იერემია მიენდო იეჰოვას და უარი არ თქვა ღვთისგან მიღებული დავალების შესრულებაზე (იერ. 1:4—10). 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იერემია ხალხისგან გულგრილობას ხვდებოდა. მას ეწინააღმდეგებოდნენ და დასცინოდნენ. ამ ერთგულ წინასწარმეტყველს ფიზიკური შეურაცხყოფის ატანაც კი მოუწია (იერ. 20:1, 2). ზოგჯერ გულგატეხილობის გამო მას იმის სურვილიც კი უჩნდებოდა, რომ შეეწყვიტა ღვთის სიტყვის ქადაგება. და მაინც, ის შეუპოვრად განაგრძობდა იმ ცნობის გაცხადებას, რომლის მოსმენაც უმრავლესობას არ სიამოვნებდა. ღვთის ძალის დახმარებით იერემიამ შეასრულა ის საქმე, რის გაკეთებასაც თავისი ძალით ვერასოდეს შეძლებდა (წაიკითხეთ იერემიას 20:7—9).

2, 3. იერემიას მსგავსად, როგორ სირთულეებს ხვდებიან ღვთის დღევანდელი მსახურები?

2 ღვთის დღევანდელ მსახურებს ზოგჯერ ისეთივე გრძნობები ეუფლებათ, როგორიც იერემიას ჰქონდა. როცა პირველად გავიგეთ, რომ კარდაკარ უნდა გვექადაგა, ბევრმა ჩვენგანმა შეიძლება დავასკვენით, რომ ამას ვერასოდეს შევძლებდით. მაგრამ, როდესაც კარგად გავიაზრეთ, რომ იეჰოვას ნება იყო, სასიხარულო ცნობა გვეუწყებინა სხვებისთვის, ჩვენ დავძლიეთ შიში და აქტიურად დავიწყეთ ქადაგება. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში შეიძლება მოხდა ისეთი რამ, რის გამოც რაღაც პერიოდის განმავლობაში შევწყვიტეთ კიდეც ქადაგება. გასაგებია, რომ ადვილი არ არის ჩავებათ ისეთი სახის მსახურებაში, როგორიცაა კარდაკარ ქადაგება, და აღსასრულამდე განვაგრძოთ ეს საქმე (მათ. 24:13).

3 თქვენ შეიძლება იეჰოვას მოწმეებთან სწავლობთ ბიბლიას და კრების შეხვედრებსაც ესწრებით, მაგრამ თავს იკავებთ იმისგან, რომ მაუწყებელი გახდეთ და კარდაკარ დაიწყოთ ქადაგება. ან შესაძლოა მონათლული მოწმე ხართ, მაგრამ გიჭირთ კარდაკარ მსახურება, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ. თქვენ მსგავსად მთელ მსოფლიოში მრავალ ადამიანს სხვადასხვა მიზეზის გამო უჭირს კარდაკარ მსახურება, მაგრამ ისინი მაინც აკითხავენ ხალხს სახლებში და განაგრძობენ ქადაგებას. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვას დახმარებით თქვენც შეძლებთ ამას.

მოვიკრიბოთ გაბედულება

4. რა დაეხმარა პავლე მოციქულს, რომ გაბედულად ექადაგა სასიხარულო ცნობა?

4 ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობა სრულდება არა ადამიანური ძალით ან სიბრძნით, არამედ ღვთის სულით (ზაქ. 4:6). თითოეული ქრისტიანიც ღვთის სულის დახმარებით ქადაგებს (2 კორ. 4:7). განვიხილოთ პავლე მოციქულის მაგალითი. ის იხსენებს იმ შემთხვევას, როდესაც მას და მასთან ერთად მისიონერულ მსახურებაში მყოფ სილას მოწინააღმდეგეები სასტიკად მოეპყრნენ. „მას შემდეგ, რაც ჯერ ფილიპეში ვიტანჯეთ და შეურაცხგვყვეს . . . ჩვენი ღვთის დახმარებით გაბედულება მოვიკრიბეთ, რომ გვეუწყებინა თქვენთვის ღვთის სასიხარულო ცნობა, რისთვისაც დიდი ბრძოლა დაგვჭირდა“, — წერს პავლე (1 თეს. 2:2; საქ. 16:22—24). ჩვენთვის შეიძლება ძნელი წარმოსადგენი იყოს ის, რომ ისეთ გულმოდგინე მქადაგებელს, როგორიც პავლე იყო, ზოგჯერ საკუთარ თავთან ‘ბრძოლა სჭირდებოდა’, რომ ექადაგა. მაგრამ პავლეს ესმოდა, რომ იეჰოვას უნდა მინდობოდა იმისთვის, რომ გაბედულად ექადაგა სასიხარულო ცნობა, და ეს ჩვენც უნდა გვესმოდეს (წაიკითხეთ ეფესოელების 6:18—20). როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პავლეს მაგალითს?

5. რა არის იმის ერთ-ერთი საშუალება, რომ გაბედულება მოვიკრიბოთ?

5 ერთ-ერთი საშუალება, რომელიც დაგვეხმარება, მოვიკრიბოთ გაბედულება, ლოცვაა. ერთი პიონერი ამბობს: „ღმერთს ვთხოვ დახმარებას, რომ დამაჯერებლად ვიქადაგო, ვევედრები მას, რომ ადამიანების გულებამდე მივიტანო ღვთის სიტყვა, და ვლოცულობ, რომ მსახურებამ სიხარული მომანიჭოს. ჩვენ ხომ იეჰოვას საქმეს ვასრულებთ, და არა ჩვენსას, ამიტომ მისი დახმარების გარეშე ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებთ“ (1 თეს. 5:17). ღმერთს ლოცვაში გამუდმებით უნდა ვთხოვდეთ წმინდა სულს, რომ გაბედულად ვიქადაგოთ (ლუკ. 11:9—13).

6, 7. ა) რა ხილვა ჰქონდა ეზეკიელს და რას ნიშნავდა ის? ბ) რას ვსწავლობთ ეზეკიელის ხილვიდან?

6 ეზეკიელის წიგნი გვიმჟღავნებს კიდევ ერთ რამეს, რაც გაბედულად ქადაგებაში დაგვეხმარება. ხილვაში იეჰოვამ ეზეკიელს ორივე მხრიდან ნაწერი გრაგნილი მისცა, რომელშიც ჩაწერილი იყო „სამგლოვიარო სიმღერები, კვნესა და მოთქმა“. იეჰოვამ წინასწარმეტყველს უთხრა, რომ ეჭამა ეს გრაგნილი: „კაცის ძეო, გაიძღე მუცელი, რათა გაივსო შიგნეული ამ გრაგნილით, რომელსაც გაძლევ“. რას ნიშნავდა ეს ხილვა? ეზეკიელს კარგად უნდა გაეთავისებინა ცნობა, რომელსაც შემდეგ ხალხს გაუცხადებდა. მას შემდეგ, რაც ეზეკიელი ამ ცნობას, ასე ვთქვათ, შეისისხლხორცებდა, ის მის შინაგან გრძნობებზე იმოქმედებდა. წინასწარმეტყველი გვიყვება: „მეც დავიწყე ჭამა და თაფლივით მეტკბო პირში“. ღვთის ცნობის სახალხოდ გაცხადება ეზეკიელისთვის თაფლივით „ტკბილი“ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეზეკიელს ურჩი ხალხისთვის ისეთი ცნობის გადაცემა მოუწევდა, რომელსაც უმრავლესობა არ მოუსმენდა, ის დიდ პატივად მიიჩნევდა იმას, რომ იეჰოვას წარმომადგენელი იქნებოდა და ღვთის დავალებას შეასრულებდა (წაიკითხეთ ეზეკიელის 2:8—3:4, 7—9).

7 ღვთის მსახურებს დღეს ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ეზეკიელის ხილვიდან. მრავალი დღეს ჩვენც არ გვისმენს. მათ არ ესმით, თუ რატომ ვახმართ ქადაგებას ამხელა ძალისხმევას. ქრისტიანულ მსახურებას რომ ყოველთვის პატივად მივიჩნევდეთ, საჭიროა, სულიერად კარგად ვიკვებებოდეთ. არარეგულარული და ზედაპირული შესწავლა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ღვთის სიტყვა კარგად გავითავისოთ. ამისთვის საჭიროა, რომ ბიბლიის კითხვა ჩვევად გავიხადოთ, პირად შესწავლას უფრო სერიოზულად მოვეკიდოთ და უფრო ხშირად ვიფიქროთ წაკითხულზე (ფსალმ. 1:2, 3).

როგორ დავიწყოთ მსჯელობა ბიბლიურ საკითხებზე?

8. რა მეთოდის გამოყენება ეხმარება სამეფოს ზოგ მაუწყებელს, რომ დაიწყონ მსჯელობა ბიბლიურ საკითხებზე?

8 მრავალ მაუწყებელს კარდაკარ მსახურების დროს ყველაზე მეტად საუბრის დაწყება უჭირს. ზოგ ტერიტორიაზე მართლაც რთულია მობინადრესთან საუბრის წამოწყება. ზოგი მაუწყებელი თავს უფრო დაჯერებულად გრძნობს, როდესაც შეთავაზებას კარგად შერჩეული რამდენიმე სიტყვით იწყებს და შემდეგ მობინადრეს ტრაქტატს აძლევს (ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მობინადრესთან საუბრის დაწყება, ნაჩვენებია თანდართულ ჩარჩოში). ტრაქტატის სათაურმა ან სურათმა შეიძლება მობინადრის ყურადღება მიიქციოს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მოკლედ ავუხსნათ მას ჩვენი მისვლის მიზანი და დავუსვათ შეკითხვა. აგრეთვე შეგვეძლო მობინადრისთვის სამი ან ოთხი ტრაქტატი გვეჩვენებინა და გვეკითხა, თუ რომელი საკითხი აინტერესებს ყველაზე მეტად. ცხადია, ჩვენი მიზანი უბრალოდ ტრაქტატების გავრცელება კი არ არის, არამედ ბიბლიურ საკითხზე მსჯელობის დაწყება, რითაც ბიბლიის შესწავლას ჩავუყრიდით საფუძველს.

9. რატომ არის აუცილებელი კარგი მომზადება?

9 რა შეთავაზებასაც არ უნდა იყენებდეთ, კარგი მომზადება დაგეხმარებათ, რომ კარდაკარ მსახურების დროს დამაჯერებლად და ხალისით ილაპარაკოთ. ერთი პიონერი ძმა ამბობს: „თუ კარგად ვემზადები, მსახურებას ჩემთვის უფრო მეტი სიხარული მოაქვს. ამ დროს ერთი სული მაქვს, რომ მომზადებული შეთავაზება გამოვიყენო“. სხვა ძმა, რომელიც აგრეთვე პიონერად მსახურობს, აღნიშნავს: „როდესაც კარგად ვარ გაცნობილი ჩვენს პუბლიკაციებს, მაშინ უფრო მეტი მონდომებით ვავრცელებ მათ“. მართალია, გარკვეულწილად სასარგებლოა გონებაში იმ შეთავაზების გამეორება, რომლის გამოყენებასაც აპირებთ, მაგრამ ბევრმა დაინახა, რომ მათთვის უფრო დამხმარე აღმოჩნდა შეთავაზების ხმამაღლა გამეორება. ეს ეხმარება მათ, რომ იეჰოვასთვის საუკეთესო გაიღონ (კოლ. 3:23; 2 ტიმ. 2:15).

10. რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრები პრაქტიკული და სასარგებლო იყოს?

10 სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა გვეხმარება, რომ კარდაკარ უფრო ეფექტურად ვიქადაგოთ და უფრო მეტი სიხარული განვიცადოთ. თუ ყოველდღიური მუხლი პირდაპირ უკავშირდება სამქადაგებლო საქმიანობას, ძმამ შეიძლება წაიკითხოს ის და მოკლედ განიხილოს. ძმამ, რომელიც სამქადაგებლო შეხვედრას უძღვება, უნდა განიხილოს ან წარმოადგინოს ადგილობრივი ტერიტორიისთვის შესაფერისი შეთავაზება ან მაუწყებლებს უნდა მისცეს პრაქტიკული რჩევები, რომლებსაც იმ დღეს მსახურებაში გამოიყენებენ. ეს დაეხმარება და-ძმებს, რომ უფრო ეფექტურად იქადაგონ. თუ უხუცესები და ის ძმები, რომლებიც ასეთ შეხვედრებს ატარებენ, წინასწარ კარგად მოემზადებიან, ისინი შეძლებენ ზემოაღნიშნული რჩევების გათვალისწინებას და შეხვედრის თავის დროზე დამთავრებას (რომ. 12:8).

მნიშვნელოვანია ყურადღებით მოსმენა

11, 12. როგორ შეიძლება დაგვეხმაროს თანაგრძნობით მოსმენა იმაში, რომ ხალხის გულამდე სასიხარულო ცნობა მივიტანოთ? მოიყვანეთ მაგალითი.

11 კარგი მომზადება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მობინადრესთან ბიბლიურ თემაზე დავიწყოთ საუბარი და ის ჭეშმარიტებით დავაინტერესოთ. ამისათვის აუცილებელია, რომ მსახურებაში გულწრფელი ინტერესი გამოვავლინოთ ხალხის მიმართ. ასეთი ინტერესის გამოვლენის ერთ-ერთი საშუალება ყურადღებით მოსმენაა. ერთი მიმომსვლელი ზედამხედველი ამბობს: „მოთმინებითა და ყურადღებით მოსმენა ხალხისადმი გულწრფელი ინტერესის გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა. ეს ხალხს განაწყობს, რომ მათ სასიხარულო ცნობა მოისმინონ“. თანაგრძნობით მოსმენა მობინადრეს აღძრავს იმისკენ, რომ ბიბლიურ საკითხებზე საუბარში ჩაერთოს. ამას კარგად გვიჩვენებს შემდეგი შემთხვევა.

12 სენტ-ეტიენში (საფრანგეთი) გამომავალ გაზეთ „პროგრე“-ში გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც ერთი ქალბატონი ყვებოდა თავის შემთხვევას. სამი თვის გოგონას დაღუპვიდან მალევე მის კარზე ორმა უცნობმა დააკაკუნა. „მე მაშინვე მივხვდი, რომ ისინი იეჰოვას მოწმეები იყვნენ, — წერდა ეს ქალი. — მსურდა, თავაზიანად დამეთხოვა ისინი, მაგრამ მათ მიერ შემოთავაზებული ბროშურის გარეკანმა ჩემი ყურადღება მიიქცია. ეს ბროშურა ეხებოდა იმას, თუ რატომ უშვებს ღმერთი უბედურებას. მე ისინი სახლში შევიყვანე, რათა დამემტკიცებინა მათი შეხედულებების უსაფუძვლობა . . . მოწმეები ერთ საათზე ცოტა მეტხანს დარჩნენ ჩემთან. ისინი დიდი თანაგრძნობით მისმენდნენ. საუბრის შემდეგ თავი იმდენად კარგად ვიგრძენი, რომ მათ განმეორებით მონახულებაზე დავთანხმდი“ (რომ. 12:15). დროთა განმავლობაში ქალმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მას პირველი საუბრიდან ის კი არ დაამახსოვრდა, თუ რა უთხრეს მოწმეებმა, არამედ ის, თუ როგორ მოუსმინეს.

13. როგორ შეგვიძლია შეთავაზებები იმ ადამიანების გათვალისწინებით გავაკეთოთ, ვისაც მსახურებაში ვხვდებით?

13 როდესაც თანაგრძნობით ვუსმენთ ხალხს, მათი საუბრიდან ვიგებთ, თუ რა აწუხებთ ყველაზე მეტად, და საშუალება გვეძლევა, დავანახვოთ, რომ პრობლემებს მხოლოდ სამეფო გადაუჭრით. ამასთანავე მათი მოსმენით უკეთ ვხვდებით, როგორ შეიძლება მივუდგეთ მათ, რომ სასიხარულო ცნობა გავუზიაროთ. თქვენ ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ კარგი მქადაგებლები, ჩვეულებრივ, კარგი მსმენელები არიან (იგავ. 20:5). ისინი მსახურებაში სხვებისადმი ნამდვილ ინტერესს ავლენენ და არა მხოლოდ მობინადრეების სახელებსა და მისამართებს იწერენ, არამედ იმასაც, თუ რა აინტერესებთ მათ და რა აწუხებთ. როდესაც ვინმე რაიმე კონკრეტული საკითხით ინტერესდება, ისინი პირადად იკვლევენ ამ საკითხს და მალევე აკითხავენ მობინადრეს. პავლე მოციქულის მსგავსად ასეთი მქადაგებლები თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად უდგებიან და შეთავაზებებს იმის მიხედვით აკეთებენ, თუ ვინ შეხვდებათ მსახურების დროს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 9:19—23). ასეთი გულწრფელი ინტერესი შესანიშნავად ირეკლავს „ჩვენი ღვთის უდიდეს თანაგრძნობას“ და აღძრავს ხალხს, რომ მოისმინონ სასიხარულო ცნობა (ლუკ. 1:78).

შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა

14. მსახურების დროს როგორ შეგვიძლია ავირეკლოთ იეჰოვას თვისებები?

14 ჩვენ ნების თავისუფლებით ვართ შექმნილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა გვაფასებს. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა ყოვლისშემძლე ღმერთია, ის არავის აიძულებს, რომ მას ემსახურონ. ის ადამიანებს სიყვარულით იზიდავს თავისკენ. იეჰოვა აკურთხებს ყველას, ვინც მადლიერებას გამოხატავს ყოველივე იმისთვის, რასაც ის აკეთებს (რომ. 2:4). ჩვენ, როგორც მისმა მსახურებმა, ისე უნდა გადავცეთ ხალხს სასიხარულო ცნობა, რომ მათ დაინახონ, თუ როგორი გულმოწყალეა ჩვენი ღმერთი (2 კორ. 5:20, 21; 6:3—6). ამისათვის კი საჭიროა, რომ ყოველთვის დადებითი განწყობა შევინარჩუნოთ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის მიმართ. რა დაგვეხმარება ამაში?

15. ა) იესოს მითითების თანახმად, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მისი მიმდევრები, თუ მათ ხალხი არ მოუსმენდა? ბ) რა დაგვეხმარება იმაში, რომ ყურადღება ღირსეულების მოძებნაზე გადავიტანოთ?

15 იესოს მითითების თანახმად, მისი მიმდევრები მეტისმეტად არ უნდა დამწუხრებულიყვნენ იმის გამო, თუ ვინმე არ მოუსმენდათ. ნაცვლად ამისა, მათ მთელი ყურადღება ღირსეულების მოძებნაზე უნდა გადაეტანათ (წაიკითხეთ მათეს 10:11—15). ჩვენ ამაში დაგვეხმარება ისეთი მიზნების დასახვა, რომელთა განხორციელებაც არ გაგვიჭირდება. ერთი ძმა თავის თავს ოქროს მაძიებელს ადარებს. ის ამბობს: „ერთი სული მაქვს, ოქრო ვიპოვო!“ სხვა ძმას კი მიზნად აქვს დასახული, რომ „თავის უბანზე ყოველკვირა მონახოს ისეთი ადამიანი, რომელიც დაინტერესდება ჭეშმარიტებით, და რამდენიმე დღეში მიაკითხოს მას ინტერესის გასაღვივებლად“. ზოგი მაუწყებელი ცდილობს, რომ შეძლებისდაგვარად ყველა მობინადრეს ერთი მუხლი მაინც წაუკითხოს ბიბლიიდან. თქვენ რა რეალური მიზნის დასახვა შეგიძლიათ?

16. რა მიზეზების გამო განვაგრძობთ ქადაგებას?

16 ვაღწევთ თუ არა წარმატებას კარდაკარ მსახურების დროს, ეს მხოლოდ ხალხის გამოხმაურებაზე არ არის დამოკიდებული. მართალია, სამქადაგებლო საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულწრფელი ადამიანების გადარჩენაში, მაგრამ ის სხვა ღირსეულ მიზნებსაც ემსახურება. ქრისტიანული მსახურების წყალობით იეჰოვასადმი სიყვარულს ვავლენთ (1 იოან. 5:3). ქადაგება შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ‘სუფთა ვიყოთ ყველას სისხლისგან’ (საქ. 20:26, 27). მსახურებით ჩვენ აგრეთვე ვაფრთხილებთ უღვთო ადამიანებს, რომ „მოვიდა [ღვთის] სასამართლოს საათი“ (გამოცხ. 14:6, 7). და რაც ყველაზე მთავარია, სასიხარულო ცნობის ქადაგებით ღვთის მსახურები მთელ მსოფლიოში იეჰოვას სახელს განვადიდებთ (ფსალმ. 113:3). ამგვარად, მნიშვნელობა არა აქვს, გვისმენს თუ არა ხალხი, ჩვენ მაინც განვაგრძობთ ქადაგებას. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ სასიხარულო ცნობის ყველა გულმოდგინე მაუწყებელი „მშვენიერია“ იეჰოვას თვალში (რომ. 10:13—15).

17. რისი აღიარება მოუწევს მალე ხალხს?

17 მართალია, დღეს ბევრი არაფრად აგდებს ჩვენს ქადაგებას, მაგრამ მალე ისინი სულ სხვა თვალით შეხედავენ ჩვენს მსახურებას (მათ. 24:37—39). იეჰოვამ დაარწმუნა ეზეკიელი, რომ იმ დროს, როცა შესრულდებოდა განაჩენი, რომელსაც ღვთის ეს ერთგული მსახური აცხადებდა, ურჩი ისრაელი იმას მაინც გაიგებდა, „რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის“ (ეზეკ. 2:5). მსგავსადვე, როდესაც ღმერთი ამ ქვეყნიერებისთვის გამოტანილ განაჩენს სისრულეში მოიყვანს, ხალხს მოუწევს იმის აღიარება, რომ ცნობა, რომელსაც იეჰოვას მოწმეები სახალხოდ თუ კარდაკარ ქადაგებდნენ, სინამდვილეში ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისგან, იეჰოვასგან მომდინარეობდა. ისინი იმასაც მიხვდებიან, რომ მოწმეები ღვთის ნებას ასრულებდნენ. ჩვენ მართლაც დიდი პატივი გვხვდა წილად, რომ ამ განსაკუთრებულ დროში იეჰოვას სახელს ვატარებთ და მის ცნობას ვაცხადებთ! ღვთის შეწევნით ჩვენ შევძლებთ იმ სირთულეების დაძლევას, რაც ხელს გვიშლის კარდაკარ ქადაგებაში.

როგორ უპასუხებთ?

• როგორ შეგვიძლია, მოვიკრიბოთ გაბედულება?

• რა დაგვეხმარება, რომ კარდაკარ ქადაგების დროს ბიბლიურ საკითხებზე დავიწყოთ საუბარი?

• როგორ შეგვიძლია სხვებისადმი გულწრფელი ინტერესის გამოვლენა?

• რა დაგვეხმარება, რომ დადებითი განწყობა შევინარჩუნოთ ჩვენს უბანზე მცხოვრები ადამიანების მიმართ?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]

როგორ შეიძლება დავიწყოთ საუბარი ბიბლიურ თემაზე

როგორ დავიწყოთ საუბარი:

▪ მისალმების შემდეგ შეგიძლიათ მობინადრეს ტრაქტატი მისცეთ და უთხრათ: „იმიტომ მოვედი თქვენთან, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხზე გამამხნევებელი აზრი გაგიზიაროთ“.

▪ ან ტრაქტატის შეთავაზების შემდეგ შეგეძლოთ გეთქვათ: „ცოტა ხნით შემოგიარეთ, რადგან მაინტერესებს, რას ფიქრობთ ამ საკითხზე“.

თუ მობინადრე ტრაქტატს აიღებს:

▪ ნუ დააყოვნებთ და ტრაქტატის სათაურიდან გამომდინარე დაუსვით კითხვა, რათა გაიგოთ მისი თვალსაზრისი.

▪ ყურადღებით მოუსმინეთ და შეეცადეთ გაიგოთ, რას ფიქრობს მობინადრე ამ კონკრეტულ საკითხზე. გამოთქმული აზრისთვის მადლობა გადაუხადეთ.

როგორ გავაგრძელოთ საუბარი:

▪ წაიკითხეთ და განიხილეთ ერთი ან მეტი ბიბლიური მუხლი და შეთავაზება ისე გააკეთეთ, რომ მობინადრის სიტუაციას მოარგოთ.

▪ თუ მობინადრე ინტერესს ავლენს, შესთავაზეთ ლიტერატურა და, სიტუაციიდან გამომდინარე, უჩვენეთ, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა. საფუძველი ჩაუყარეთ განმეორებით მონახულებას.