არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვა არ მიატოვებს თავის ერთგულებს

იეჰოვა არ მიატოვებს თავის ერთგულებს

იეჰოვა არ მიატოვებს თავის ერთგულებს

„[იეჰოვა] არ მიატოვებს თავის ერთგულებს. ისინი მარადიულად იქნებიან დაცულნი“ (ფსალმ. 37:28).

1, 2. ა) როგორ გამოიცადა ღვთის მსახურთა ერთგულება ძვ. წ. X საუკუნეში? ბ) რა და რა ვითარებაში დაიცვა იეჰოვამ თავისი ერთგული მსახურები?

ძველი წელთაღრიცხვით X საუკუნეში იეჰოვას მსახურები არჩევანის წინაშე დადგნენ. მანამდე ცოტა ხნით ადრე ისრაელი სამოქალაქო ომს გადაურჩა, რადგან ისრაელის მეფე რობოამმა ჩრდილოეთ ისრაელის ტომებს თავისუფლება მისცა. ჩრდილოეთ ისრაელში გამეფებულმა იერობოამმა უმალვე მიიღო ზომები თავისი ძალაუფლების გასამყარებლად და ახალ რელიგიას ჩაუყარა საფუძველი. მან თავისი ქვეშევრდომებისგან სრული მორჩილება მოითხოვა. როგორ მოიქცეოდნენ იეჰოვას მსახურები? დარჩებოდნენ ღვთის ერთგულნი? ერთგულება ათასობით ისრაელმა შეინარჩუნა. იეჰოვა კი, თავის მხრივ, მზრუნველობას არ აკლებდა მათ (1 მეფ. 12:1—33; 2 მატ. 11:13, 14).

2 ღვთის მსახურების ერთგულება დღესაც იცდება. „იფხიზლეთ და გეღვიძოთ! თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“, — გვაფრთხილებს ბიბლია. შევძლებთ, ‘წინ აღვუდგეთ ეშმაკს მტკიცე რწმენით’? (1 პეტ. 5:8, 9). გავიხსენოთ ის მოვლენები, რომლებიც თან ახლდა იერობოამის გამეფებას ძვ. წ. 997 წელს, და ვნახოთ, რისი სწავლა შეიძლება აქედან. იმ მეტად რთულ პერიოდში იეჰოვას ერთგული მსახურები შევიწროებულნი იყვნენ. მდგომარეობას ისიც ამძიმებდა, რომ ეს ერთგული ხალხი განდგომილებს შორის ცხოვრობდა. ასეთ ვითარებაში მათთვის ადვილი არ იქნებოდა ღვთის ნების შესრულება. ამ ძნელბედობის ჟამს იეჰოვას არ მიუტოვებია თავისი ერთგული მსახურები. იგი არც ჩვენ მიგვატოვებს (ფსალმ. 37:28).

 . . . როდესაც მათ ავიწროებენ

3. რატომ არ ოხრავდა ხალხი დავითის მეფობის დროს?

3 თავდაპირველად გავიხსენოთ, რა ვითარება იყო ისრაელში, სანამ იერობოამი გამეფდებოდა. იგავების 29:2-ში ნათქვამია: „როცა ბოროტები მმართველობენ, ხალხი ოხრავს“. ისრაელის მეფის დავითის მეფობის დროს ხალხი არ ყოფილა დაჩაგრული. მართალია, არც დავითი იყო სრულყოფილი, მაგრამ ღვთის ერთგულებას ინარჩუნებდა და მასზე იყო მინდობილი. სწორედ ამიტომ არ ოხრავდა ხალხი დავითის მეფობის დროს. იეჰოვამ ასეთი შეთანხმება დადო დავითთან: „მარადიულად განმტკიცდება შენი სახლი და შენი სამეფო, მარადიულად განმტკიცდება შენი ტახტი“ (2 სამ. 7:16).

4. სოლომონის მეფობის დროს რაზე იყო დამოკიდებული, ექნებოდა თუ არა კურთხევები ისრაელს?

4 დავითის ვაჟის, სოლომონის მეფობის დასაწყისში ისრაელში ისეთი მშვიდობა სუფევდა და ხალხი იმდენად კარგ პირობებში ცხოვრობდა, რომ მისი მმართველობა იესო ქრისტეს ათასწლიან მეფობას განასახიერებდა (ფსალმ. 72:1, 17). მაშინ ისრაელის 12 ტომიდან არავის ჰქონდა აჯანყების საბაბი. ღვთის კურთხევა სოლომონსა და მის ხალხს მანამდე ექნებოდათ, სანამ ღვთის მორჩილები იქნებოდნენ. იეჰოვამ სოლომონს უთხრა: „თუ ივლი ჩემი წესებით, აღასრულებ ჩემს სამართალს, დაიცავ ჩემს მცნებებს და მათ თანახმად ივლი, შეგისრულებ იმ სიტყვას, რაც დავითს, მამაშენს ვუთხარი ამ სახლზე, რომელსაც აშენებ. დავმკვიდრდები ისრაელის ძეებს შორის და არ მივატოვებ ჩემს ხალხს, ისრაელს“ (1 მეფ. 6:11—13).

5, 6. რა მოჰყვა სოლომონის ღალატს?

5 სიბერეში სოლომონმა უღალატა იეჰოვას და ცრუ ღმერთებს დაუწყო თაყვანისცემა (1 მეფ. 11:4—6). იგი არღვევდა იეჰოვას კანონებს და სულ უფრო და უფრო ჩაგრავდა ხალხს. ისრაელი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ სოლომონის სიკვდილის შემდეგ მის მემკვიდრეს, რობოამს თხოვნით მიმართეს, რომ მათთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინა (1 მეფ. 12:4). რა რეაქცია ჰქონდა იეჰოვას, როცა სოლომონმა უღალატა?

6 ბიბლიაში ნათქვამია: „განრისხდა იეჰოვა სოლომონზე, რადგან დაშორდა მისი გული . . . ისრაელის ღმერთს, რომელიც ორჯერ ეჩვენა“. იეჰოვამ სოლომონს უთხრა: „რადგან . . . არ შეასრულე ჩემი შეთანხმება და წესები, რაც დაგიწესე, გამოგგლეჯ სამეფოს და შენს მსახურს მივცემ“ (1 მეფ. 11:9—11).

7. როგორ იზრუნა იეჰოვამ თავის ერთგულ მსახურებზე მიუხედავად იმისა, რომ სოლომონმა დაკარგა ღვთის კეთილგანწყობა?

7 იეჰოვამ ახია წინასწარმეტყველს დაავალა, მეფედ ეცხო ის, ვინც ისრაელს ჩაგვრისგან გაათავისუფლებდა. ეს იყო იერობოამი, გამოცდილი მამაკაცი, რომელიც ერთ დროს სოლომონის სამეფო კარზე მსახურობდა. თუმცა იეჰოვას არ დაურღვევია დავითთან დადებული შეთანხმება სამეფოსთვის, მან დაუშვა, რომ ისრაელის 12 ტომი ორ ნაწილად გაყოფილიყო. 10 ტომზე იერობოამი იმეფებდა, ორი ტომი კი დავითის საგვარეულო ხაზის წარმომადგენელს, რობოამს დარჩებოდა (1 მეფ. 11:29—37; 12:16, 17, 21). იეჰოვამ იერობოამსაც იგივე უთხრა: „თუ დაიცავ ყველაფერს, რასაც გიბრძანებ, ჩემი გზით ივლი, სიმართლეს გააკეთებ ჩემს თვალში, დაიცავ ჩემს წესებსა და მცნებებს, როგორც ჩემი მსახური დავითი იცავდა, შენთან ვიქნები და მტკიცე სახლს აგიშენებ, როგორც დავითს ავუშენე, და შენ მოგცემ ისრაელს“ (1 მეფ. 11:38). იეჰოვამ თავისი ხალხის საკეთილდღეოდ იმოქმედა და ჩაგვრისგან გაათავისუფლა.

8. როგორ ავიწროებენ დღეს ღვთის ხალხს?

8 ჩაგვრა და უსამართლობა არც დღევანდელი ქვეყნიერებისთვის არის უცხო. „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“, — ნათქვამია ეკლესიასტეს 8:9-ში. ფულს დახარბებულ ბიზნესმენებსა და კორუმპირებულ პოლიტიკოსებს ხალხი უკიდურეს სიღარიბემდე მიჰყავთ. ხშირად სჩადიან უკანონობას ხელისუფლების წარმომადგენლები, ოლიგარქები თუ სასულიერო პირები. ამიტომ ღვთის ერთგული მსახურები მართალი ლოტის მსგავსად დღესაც „კანონის უგულებელმყოფელთა თავაშვებულობით [არიან] გაწამებული“ (2 პეტ. 2:7). გარდა ამისა, ხშირად ვხდებით ქედმაღალი პოლიტიკოსების სამიზნე იმის გამო, რომ ღვთის ნორმების თანახმად ვცხოვრობთ (2 ტიმ. 3:1—5, 12).

9. ა) რა გააკეთა იეჰოვამ თავისი ხალხის სახსნელად? ბ) რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ იესო ყოველთვის ღვთის ერთგული იქნება?

9 შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა არასოდეს მიატოვებს თავის ერთგულებს! დაფიქრდით, რა გააკეთა მან კორუმპირებული მთავრობების შესაცვლელად. ღმერთმა დაამყარა ზეციერი სამეფო, რომლის მეფეც იესო ქრისტეა. თითქმის ასი წელია, რაც ეს სამეფო არსებობს. მალე ამ სამეფოს მეფე, იესო ქრისტე ღვთის სახელის მოშიშებს ჩაგვრისგან გაათავისუფლებს (წაიკითხეთ გამოცხადების 11:15—18). იესო სიკვდილამდე ღვთის ერთგული დარჩა. სოლომონისგან განსხვავებით, იგი არასოდეს გაუმტყუნებს იმედებს თავის ქვეშევრდომებს (ებრ. 7:26; 1 პეტ. 2:6).

10. ა) როგორ ვაჩვენოთ, რომ ვაფასებთ ღვთის სამეფოს? ბ) რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული, როდესაც განსაცდელებს ვხვდებით?

10 ღვთის სამეფო რეალური ხელისუფლებაა, რომელიც ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ჩაგვრას. ჩვენ იეჰოვა ღმერთისა და მისი სამეფოს ერთგულები ვართ. იმედს ამ სამეფოზე ვამყარებთ, ‘უარვყოფთ ქვეყნიერების უღმერთოებას და კარგი საქმეების მოშურნენი ვართ’ (ტიტ. 2:12—14). ამავე დროს, ყველანაირად ვცდილობთ, რომ ამ ქვეყნიერებაში უმწიკვლონი დავრჩეთ (2 პეტ. 3:14). რა განსაცდელებსაც არ უნდა შევხვდეთ, იეჰოვა ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენს სულიერობას საფრთხე არ დაემუქროს (წაიკითხეთ ფსალმუნის 97:10). როგორც ფსალმუნის 116:15-შია ნათქვამი, „იეჰოვას ძალიან უმძიმს თავის ერთგულთა სიკვდილი“. იეჰოვასთვის მისი მსახურები ძალიან ძვირფასნი არიან და არასდროს დაუშვებს, რომ ისინი სატანამ გაანადგუროს.

 . . . როდესაც განდგომილები გავლენის მოხდენას ცდილობენ

11. როგორ განუდგა იერობოამი ღმერთს?

11 იერობოამის მეფობის დროს ღვთის ხალხს შვებით უნდა ამოესუნთქა. მაგრამ მეფის გადაწყვეტილებამ ისინი სერიოზული განსაცდელის წინაშე დააყენა. ამ დროს მათი ერთგულება გამოიცადა. იერობოამი არ დასჯერდა პატივსა და დიდებას და ძალაუფლების განსამტკიცებლად სხვადასხვა გზის ძებნა დაიწყო. „თუ ივლის ეს ხალხი იერუსალიმში იეჰოვას სახლში მსხვერპლის შესაწირავად, თავიანთი ბატონის, რობოამისკენ, იუდას მეფისკენ გაუწევთ გული, მე მომკლავენ და იუდას მეფეს, რობოამს დაუბრუნდებიან“, — ფიქრობდა იერობოამი. ამიტომ მან თაყვანსაცემად ორი ოქროს ხბო ჩამოასხა და ამგვარად ჩაუყარა ახალ რელიგიას საფუძველი. „ერთი ბეთელში დადგა და მეორე — დანში. სცოდავდა ხალხი; დანშიც კი ჩადიოდნენ ხბოს თაყვანსაცემად. ააშენა მან მაღლობების სახლები და დანიშნა იქ მღვდლებად ჩვეულებრივი ხალხი; ისინი არ იყვნენ ლევის შთამომავლები“. იერობოამმა დღესასწაულიც კი დაუწესა „ისრაელის ძეებს“ და „შესაწირავი შესწირა სამსხვერპლოზე, რომ შესაწირავი აებოლებინა“ (1 მეფ. 12:26—33).

12. როგორ მოიქცნენ ჩრდილოეთ სამეფოში მცხოვრები ერთგული მსახურები, როდესაც იერობოამმა ხბოს თაყვანისმცემლობა დააწესა?

12 როგორ მოიქცეოდნენ ღვთის ერთგული მსახურები, რომლებიც ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოში ცხოვრობდნენ? ლევიანებმა ერთგული წინაპრების მსგავსად დაუყოვნებლივ იმოქმედეს და დატოვეს ის ქალაქები, რომლებიც მათ ეკუთვნოდათ (გამ. 32:26—28; რიცხ. 35:6—8; კან. 33:8, 9). მათ თავიანთი ქონებაც დატოვეს და ოჯახებთან ერთად იუდაში გადავიდნენ, სადაც იეჰოვას თაყვანისცემაში ხელს არავინ შეუშლიდათ (2 მატ. 11:13, 14). ზოგი ისრაელი კი, რომლებიც იუდაში დროებით ცხოვრობდნენ, აღარ დაბრუნებულა ჩრდილოეთ სამეფოში (2 მატ. 10:17). იეჰოვამ იზრუნა იმაზე, რომ ვისაც მომავალი თაობებიდან სურვილი ექნებოდა, ჭეშმარიტი ღმერთისთვის ეცა თაყვანი, ჩრდილოეთ სამეფოდან იუდაში გადასულიყო (2 მატ. 15:9—15).

13. რა საფრთხეს უქმნიან დღეს ღვთის ხალხს ისინი, ვინც ღმერთს განუდგნენ?

13 ღვთის ხალხს დღესაც უქმნიან საფრთხეს ისინი, ვინც ღმერთს განუდგა. ზოგიერთი ქვეყნის მმართველებმა ახალი რელიგია შემოიღეს და ხალხს აიძულებენ, რომ ამ რელიგიის მიმდევრები გახდნენ. ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება და ისინი, ვინც არ სცნობენ იეჰოვას უზენაესობას, ამტკიცებენ, რომ თავად არიან „სამეფო სამღვდელოების“ წარმომადგენლები. მაგრამ მხოლოდ ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის არიან ღვთის სულით ცხებულები, რომლებიც „სამეფო სამღვდელოებას“ წარმოადგენენ (1 პეტ. 2:9; გამოცხ. 14:1—5).

14. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს განდგომილთა მიმართ?

14 დღესაც ღვთის ერთგული მსახურები ძვ. წ. X საუკუნეში მცხოვრებ ერთგულ ლევიანებს ჰბაძავენ და განდგომილთა გავლენაში არ ექცევიან. ცხებულები და მათი თანამსახური ქრისტიანები შორს იჭერენ თავს განდგომილებისგან (წაიკითხეთ რომაელების 16:17). მართალია, სახელმწიფოში დადგენილ კანონებს ვემორჩილებით, მაგრამ კონფლიქტებში არ ვიღებთ მონაწილეობას. ამით ღვთის სამეფოსადმი ერთგულებას ვამტკიცებთ (იოან. 18:36; რომ. 13:1—8). ჩვენ არავითარი საერთო არ გვაქვს მათთან, ვისაც ღვთის მსახურად მოაქვს თავი, სინამდვილეში კი თავიანთი საქმეებით ღმერთს შეურაცხყოფენ (ტიტ. 1:16).

15. რატომ უნდა ვუერთგულოთ „გონიერ მონას“?

15 დაფიქრდით აგრეთვე იმაზე, თუ რა გააკეთა იეჰოვამ იმისათვის, რომ გულწრფელი ადამიანები ბოროტი ქვეყნიერებიდან გამოეყვანა და, ასე ვთქვათ, სულიერ სამოთხეში დაესახლებინა (2 კორ. 12:1—4). ჩვენ მადლიერები ვართ ‘ერთგული და გონიერი მონისა, რომელიც ბატონმა დანიშნა, რომ დროულად მიეცა საზრდო მისი შინაურებისთვის’, და ვთანამშრომლობთ მათთან. ქრისტემ ‘მთელი თავისი ქონება ამ მონას ჩააბარა’ (მათ. 24:45—47). მაშინაც კი, თუ ბოლომდე არ გვესმის ერთგული მონის პოზიცია, ეს იმის საფუძველს არ გვაძლევს, რომ უარვყოთ მათი შეხედულება ან ისევ სატანის ქვეყნიერებაში დავბრუნდეთ. ნაცვლად ამისა, ერთგულებამ უნდა აღგვძრას, რომ თავმდაბლურად მოვიქცეთ და დაველოდოთ იეჰოვას, სანამ ის ნათელს მოჰფენს ამა თუ იმ საკითხს.

 . . . როდესაც ღვთის დავალებას ასრულებენ

16. რა დავალება მიიღო იუდაში მყოფმა წინასწარმეტყველმა?

16 იეჰოვამ ღალატისთვის იერობოამს განაჩენი გამოუტანა. მან ბეთელში მყოფ იერობოამთან თავისი წინასწარმეტყველი გაგზავნა იუდადან. როცა წინასწარმეტყველი მასთან მივიდა, იერობოამი სამსხვერპლოსთან იდგა შესაწირავის ასაბოლებლად. წინასწარმეტყველს იერობოამისთვის განაჩენი უნდა გაეცხადებინა. რა თქმა უნდა, ეს არ იქნებოდა ადვილი დავალება (1 მეფ. 13:1—3).

17. როგორ დაიცვა იეჰოვამ თავისი წინასწარმეტყველი?

17 იერობოამმა იეჰოვას განაჩენი რომ გაიგო, ძალიან განრისხდა. მან ხელი გაიწოდა ღვთის წინასწარმეტყველისკენ და ბრძანა: „შეიპყარით!“. მაგრამ სანამ მის ბრძანებას შეასრულებდნენ, იერობოამს „გაუხმა მისკენ გაწვდილი ხელი და უკან ვეღარ მიჰქონდა. დაიშალა სამსხვერპლო და გადაიყარა ქონნარევი ნაცარი სამსხვერპლოდან“. იერობოამი იძულებული გახდა, წინასწარმეტყველისთვის ეთხოვა, რომ მას გული მოელბო იეჰოვასთვის და ელოცა, რომ მეფეს ხელი მორჩენოდა. წინასწარმეტყველმაც შეუსრულა თხოვნა და იერობოამს ხელი მოურჩა. ასე დაიცვა იეჰოვამ თავისი წინასწარმეტყველი (1 მეფ. 13:4—6).

18. როგორ გვიცავს იეჰოვა, როცა უშიშრად ვასრულებთ წმინდა მსახურებას?

18 სამეფოს შესახებ ქადაგებისას დროდადრო ხალხი არაკეთილგანწყობით გვხვდება, ზოგჯერ შეურაცხყოფასაც კი გვაყენებენ (მათ. 24:14; 28:19, 20). ამან ენთუზიაზმი არ უნდა გაგვინელოს. იერობოამთან გაგზავნილი წინასწარმეტყველის * მსგავსად, ჩვენც ‘გვერგო წილად პატივი, რომ უშიშრად შევასრულოთ იეჰოვასთვის წმინდა მსახურება’ (ლუკ. 1:74, 75). თუმცა არ ველით, რომ იეჰოვა სასწაულს მოახდენს, ის მაინც დაგვიცავს თავისი წმინდა სულისა და ანგელოზების მეშვეობით (წაიკითხეთ იოანეს 14:15—17; გამოცხადების 14:6). იეჰოვა არასოდეს მიატოვებს მათ, ვინც უშიშრად განაგრძობს მისი სიტყვის ქადაგებას (ფილ. 1:14, 28).

იეჰოვა დაიცავს თავის ერთგულებს

19, 20. ა) რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა არასოდეს მიგვატოვებს? ბ) რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?

19 იეჰოვა ერთგული ღმერთია (გამოცხ. 15:4; 16:5). ის „ერთგულია ყველა თავის საქმეში“ (ფსალმ. 145:17). ბიბლია გვარწმუნებს: იეჰოვა „თავის ერთგულთა გზას დაიფარავს“ (იგავ. 2:8). როდესაც განსაცდელებს ვხვდებით ან განდგომილები ჩვენზე გავლენის მოხდენას ცდილობენ, ან როდესაც არ არის ადვილი გასაკეთებელი ის, რაც იეჰოვამ დაგვავალა, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ თუ ერთგულები დავრჩებით, იეჰოვა ხელმძღვანელობასა და მხარდაჭერას არ მოგვაკლებს.

20 დავუსვათ საკუთარ თავს ასეთი კითხვები: რა დამეხმარება, რომ ნებისმიერი განსაცდელის მიუხედავად, იეჰოვას ერთგული დავრჩე? ანუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბოლომდე შევინარჩუნო ღვთის ერთგულება?

[სქოლიო]

^ აბზ. 18 მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, დარჩა თუ არა ეს წინასწარმეტყველი იეჰოვას ერთგული.

როგორ უპასუხებთ?

• როგორ ცხადყო იეჰოვამ, რომ ის არ ტოვებს თავის ერთგულ მსახურებს მაშინ, როცა მათ ავიწროებენ?

• როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს განდგომილთა მიმართ?

• როგორ იცავს იეჰოვა თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს ქრისტიანული მსახურების დროს?

[სასწავლო კითხვები]

[რუკა⁄სურათი 5 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ჩრდილოეთი სამეფო (იერობოამი)

დანი

შექემი

ბეთელი

სამხრეთი სამეფო (რობოამი)

იერუსალიმი

[სურათი]

როდესაც იერობოამმა ხბოს თაყვანისმცემლობა შემოიღო, იეჰოვას არ მიუტოვებია თავისი ერთგული მსახურები

[სურათი 3 გვერდზე]

ღვთის კურთხევა სოლომონსა და მის ხალხს მანამდე ექნებოდათ, სანამ ღვთის მორჩილები იქნებოდნენ