არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პატივი მიაგეთ იეჰოვას ღირსეული საქციელით

პატივი მიაგეთ იეჰოვას ღირსეული საქციელით

პატივი მიაგეთ იეჰოვას ღირსეული საქციელით

„ღირსებითა და სიდიადით მოქმედებს [იეჰოვა]“ (ფსალმ. 111:3).

1, 2. ა) რას ნიშნავს ღირსება? ბ) რომელ კითხვებს გაეცემა პასუხი?

ერთხელ ათი წლის გოგონას ჰკითხეს, შენი აზრით, როგორი ადამიანია ღირსეულიო. მან მიუგო, რომ ღირსეული ის არის, ვისაც ლამაზად აცვიაო. ამ გოგონამ შესაძლოა სულაც არ იცოდა, რომ ბიბლიაში ღმერთი აღწერილია, როგორც ‘ღირსებით მოსილი’ (ფსალმ. 104:1). მოხდენილი ჩაცმულობა ზოგჯერ შეიძლება მართლაც მეტყველებდეს ადამიანის ღირსებაზე. მაგალითად, მოციქული პავლე ქრისტიან ქალებს ურჩევდა, რომ მათი ‘მშვენება ყოფილიყო არა თმის განსაკუთრებულად დაწვნაში, ოქროში, მარგალიტებსა თუ ძვირფას სამოსელში, არამედ მოკრძალებითა და საღი აზროვნებით შერჩეულ მოხდენილ ტანსაცმელში’ (1 ტიმ. 2:9). თუმცა ღირსეული საქციელი, რითაც პატივს მივაგებთ იეჰოვას, გაცილებით მეტს ნიშნავს (ფსალმ. 111:3).

2 ღირსებად ნათარგმნი ებრაული სიტყვა შესაძლოა აგრეთვე ითარგმნოს, როგორც სიდიადე, დიდება ან პატივი. ერთ-ერთი ლექსიკონის მიხედვით, „ღირსება არის თვისება, რომელიც ახასიათებს ღირსეულ, პატივდებულ ადამიანს“. პატივისცემას ყველაზე მეტად იეჰოვა იმსახურებს. ვინაიდან იეჰოვას მიძღვნილი მსახურები ვართ, ჩვენი საქციელი თუ საუბარი იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ პატივს მივაგებთ მას. რამდენად შესაძლებელია, რომ ღირსეულად მოვიქცეთ? საიდან ჩანს იეჰოვას ღირსება და სიდიადე? როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე ღვთის ღირსებამ? როგორ გვეხმარება იესოს მაგალითი, რომ ღირსეულად მოვიქცეთ? რა იქნება ჩვენი მხრიდან ღირსეული საქციელი?

რამდენად შესაძლებელია, რომ ღირსეულად მოვიქცეთ?

3, 4. ა) რით უნდა ვუპასუხოთ იეჰოვას, რომელიც ღირსეულად გვექცევა? ბ) წინასწარმეტყველურად ვის ეხება ფსალმუნის 8:5—9? (იხილეთ სქოლიო) გ) განსაკუთრებით ვის აფასებდა იეჰოვა წარსულში?

3 ყველას შეგვიძლია ღირსეულად მოვიქცეთ, რადგან ღვთის ანარეკლად ვართ შექმნილნი. როდესაც იეჰოვამ პირველ ადამიანს დაავალა, რომ დედამიწისთვის ეპატრონა, ამით დააფასა იგი (დაბ. 1:26, 27). იეჰოვას ადამისთვის ეს პასუხისმგებლობა შეცოდების შემდეგაც არ ჩამოურთმევია. როგორც ვხედავთ, ღმერთი კვლავ ამკობს ადამიანს ‘ღირსების გვირგვინით’ (წაიკითხეთ ფსალმუნის 8:5—9) *. ვინაიდან ღმერთი ღირსეულად გვექცევა, ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოწიწებით განვადიდოთ იეჰოვა და პატივი მივაგოთ მის დიდებულ სახელს.

4 იეჰოვა განსაკუთრებით მათ აფასებს, ვინც მას წმინდა მსახურებას უსრულებს. მაგალითად, ღმერთმა დააფასა აბელი, როდესაც მისგან შესაწირავი მიიღო, მაშინ როცა კაენის შესაწირავი არ მიიღო (დაბ. 4:4, 5). იეჰოვამ მოსეს უთხრა, ‘ეწილადებინა თავისი დიდება’ იესო ნავეს ძისთვის, რომელიც მოსეს მაგივრად უნდა გამხდარიყო ისრაელის წინამძღოლი (რიცხ. 27:20). დავითის ვაჟის, სოლომონის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „ძლიერ განადიდა იეჰოვამ სოლომონი მთელი ისრაელის თვალწინ და ისეთი სამეფო ღირსება მიანიჭა, მანამდე ისრაელის სხვა არც ერთ მეფეს რომ არ ჰქონია“ (1 მატ. 29:25). ღმერთი განსაკუთრებულ დიდებას მისცემს ცად ამაღლებულ ცხებულ ქრისტიანებს, რომლებიც წლების მანძილზე ერთგულად აცხადებენ მისი „მეფობის სიდიადის დიდებას“ (ფსალმ. 145:11—13). იეჰოვას განდიდება „სხვა ცხვრისთვისაც“ უდიდესი კურთხევა და პატივია (იოან. 10:16).

იეჰოვას ღირსება და სიდიადე

5. რატომ არის იეჰოვა უდიადესი ღმერთი?

5 ფსალმუნმომღერალი დავითი თავის ერთ-ერთ ფსალმუნში წერდა, თუ რამდენად დიდია იეჰოვა ადამიანთან შედარებით: „ო, იეჰოვა, ჩვენო უფალო, რა დიდებულია შენი სახელი მთელ დედამიწაზე! შენს ღირსებას აუწყებენ ცის ზემოთ!“ (ფსალმ. 8:1). იეჰოვამ შექმნა „ზეცა და დედამიწა“. მას განზრახული აქვს, რომ დედამიწა სამოთხედ გადაიქცეს, ადამიანები გასრულყოფილდნენ და მარადიულად იცოცხლონ. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა მთელ სამყაროში უდიადესი ღმერთია (დაბ. 1:1; 1 კორ. 15:24—28; გამოცხ. 21:1—5).

6. რატომ დაწერა ფსალმუნმომღერალმა, რომ ‘იეჰოვა ღირსებით არის მოსილი’?

6 წარმოიდგინეთ, რამდენად აღტაცებული იქნებოდა ღვთისმოშიში დავითი, როდესაც ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედავდა! იგი იმითაც განცვიფრებული იქნებოდა, თუ როგორ ‘გადაჭიმა ღმერთმა ცა კარვის ქსოვილივით’. ამიტომ დაწერა დავითმა, რომ იეჰოვა ‘ღირსებით არის მოსილი’. იეჰოვა მართლაც ბრწყინვალე შემოქმედია! (წაიკითხეთ ფსალმუნის 104:1, 2). უხილავი, ყოვლისშემძლე ღვთის ღირსება და სიდიადე კარგად ჩანს მისივე შემოქმედებიდან.

7, 8. რა მეტყველებს იეჰოვას ღირსებასა და სიდიადეზე?

7 მაგალითად, ავიღოთ გალაქტიკა „ირმის ნახტომი“. ამ უზარმაზარ გალაქტიკაში, რომელიც აურაცხელი რაოდენობის ვარსკვლავებს, პლანეტებსა და მზის სისტემას აერთიანებს, ჩვენი პლანეტა, დედამიწა იმდენად პატარაა, როგორც თვალუწვდენელ პლაჟზე ქვიშის ერთი მარცვალი. მხოლოდ ამ გალაქტიკაში 100 მილიარდი ვარსკვლავია! თუ 24 საათის განმავლობაში თითო წამში თითო ვარსკვლავს შეუჩერებლივ დავითვლიდით, 100 მილიარდი ვარსკვლავის დასათვლელად 3 000 წელი დაგვჭირდებოდა.

8 თუკი ირმის ნახტომში 100 მილიარდი ვარსკვლავია, რამდენი ვარსკვლავი იქნება დანარჩენ გალაქტიკებში, რომელთა რიცხვიც ასტრონომთა ვარაუდით 50-დან 125 მილიარდამდე მერყეობს? ამაზე დაფიქრებაც კი ჩვენს გაოცებას იწვევს, მაგრამ უფრო გასაოცარი ის არის, რომ იეჰოვა „თვლის ვარსკვლავებს, ყოველ მათგანს სახელით მოუხმობს“ (ფსალმ. 147:4). განა არ აღგვძრავს იეჰოვას „ღირსება და სიდიადე“, რომ განვადიდოთ იგი?

9, 10. მეტყველებს თუ არა პურის მაგალითი შემოქმედის სიბრძნეზე?

9 ახლა კი მოვწყვიტოთ მზერა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და ყოველდღიურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. მაგალითად, ავიღოთ პური, რომელიც ძირითადი საკვები პროდუქტია. იეჰოვამ მხოლოდ „ცა და დედამიწა“ როდი შექმნა; როგორც ბიბლიაში წერია, იგი „პურსაც აძლევს მშივრებს“ (ფსალმ. 146:6, 7). ღვთის შექმნილია ის მცენარეებიც, რომელთა გარეშეც პური არ გვექნებოდა (წაიკითხეთ ფსალმუნის 111:1—5). პური იესომაც მოიხსენია, როდესაც თავის მიმდევრებს ლოცვას ასწავლიდა: „მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“ (მათ. 6:11). პური ძველად მცხოვრები ხალხისთვის, მათ შორის ისრაელისთვის, ძირითადი საკვები პროდუქტი იყო. მართალია, პური უბრალო პროდუქტია, მაგრამ ის ქიმიური პროცესი, რომელიც რამდენიმე ძირითად ინგრედიენტს გემრიელ პურად აქცევს, ნამდვილად არ არის მარტივი.

10 ძველად, ბიბლიურ დროში ისრაელები პურს ხორბლის ან ქერის ფქვილით აცხობდნენ. ზოგჯერ ცომს საფუარსაც უმატებდნენ. ეს მარტივი ნივთიერებები ერთმანეთთან რეაქციაში შედის და აურაცხელი რაოდენობის ქიმიური ნაერთები წარმოიქმნება. ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ეს ნაერთები. საოცრად რთულია ორგანიზმის მიერ პურის გადამუშავების პროცესიც. გასაკვირი არ არის, თუ რატომ მღეროდა ფსალმუნმომღერალი: „რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა! ყველაფერი სიბრძნით შექმენი“ (ფსალმ. 104:24). შენც აღგძრავს ეს ყოველივე, რომ ხოტბა შეასხა იეჰოვას?

როგორ მოქმედებს შენზე ღვთის ღირსება და სიდიადე?

11, 12. როგორ იმოქმედებს ჩვენზე ღვთის შემოქმედების შესახებ ფიქრი?

11 აუცილებელი არ არის, ასტრონომები ვიყოთ, რომ ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ცქერით დავტკბეთ, ან ქიმიკოსები, რომ გემრიელად მივირთვათ პური. მაგრამ უკეთესად რომ გვესმოდეს, თუ რამდენად დიდებული ღმერთია ჩვენი შემოქმედი, უნდა ვიფიქროთ მის ხელთა ნამოქმედარზე. შედეგი იგივე იქნება, რაც იეჰოვას სხვა საქმეებზე დაფიქრებას მოაქვს.

12 იმ საოცარი საქმეების შესახებ, რომელიც იეჰოვამ თავისი ხალხისთვის მოიმოქმედა, დავითი წერდა: „შენი ღირსების დიდებულ სიდიადესა და საოცარ საქმეებზე ვიფიქრებ“ (ფსალმ. 145:5). იმ  მიზნით, რომ უკეთესად გავეცნოთ იეჰოვას საქმეებს, ვკითხულობთ ბიბლიას და ვფიქრობთ იმაზე, რაც წავიკითხეთ. ამის შედეგად უკეთ ვხედავთ ღვთის ღირსებასა და სიდიადეს. ეს კი, რასაკვირველია, აღგვძრავს, რომ პატივი მივაგოთ იეჰოვას და გავიმეოროთ დავითის სიტყვები: „შენს სიდიადეს ვაუწყებ“ (ფსალმ. 145:6). ღვთის საოცარ საქმეებზე ფიქრი გვაახლოებს იეჰოვასთან და სტიმულს გვაძლევს, რომ გულმოდგინედ და გაბედულად ვესაუბროთ ხალხს მის შესახებ. შენ თუ აუწყებ გულმოდგინედ სასიხარულო ცნობას და იეჰოვა ღმერთის ღირსებასა და სიდიადეს?

იესო ზედმიწევნით ირეკლავდა ღვთის ღირსებას

13. ა) დანიელის 7:13, 14-ის მიხედვით, როგორ განადიდა იეჰოვამ თავისი ძე? ბ) როგორც მეფე, როგორ ეპყრობა იესო თავის ხალხს?

13 ღვთის ძე, იესო ქრისტე დიდი შემართებით ქადაგებდა სასიხარულო ცნობას, რითაც პატივს მიაგებდა თავის დიდებულ ზეციერ მამას. იეჰოვამაც განადიდა თავისი მხოლოდშობილი ძე და ‘მმართველობა და სამეფო ჩააბარა’ (წაიკითხეთ დანიელის 7:13, 14). მაგრამ ამის გამო იესო ქედმაღალი და უკარება არ გამხდარა. იგი თანამგრძნობი მეფეა, რომელიც შედის თავისი ხალხის მდგომარეობაში და აფასებს კიდეც მათ. გავიხსენოთ, როგორ ეპყრობოდა მომავალი მეფე ხალხს, განსაკუთრებით კი საზოგადოებისგან გარიყულებს.

14. როგორ ეპყრობოდნენ კეთროვნებს ისრაელში?

14 როგორც ვიცით, კეთრით დაავადებული ადამიანი მალევე არ კვდებოდა. კეთრი სხეულზე ნელ-ნელა ვრცელდებოდა. კეთროვნის განკურნება ისევე შეუძლებელი იყო, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავისთვის მიცვალებულის გაცოცხლება (რიცხ. 12:12; 2 მეფ. 5:7, 14). კეთროვნები უწმინდურებად ითვლებოდნენ და მოკვეთილნი იყვნენ საზოგადოებიდან. როდესაც ვინმეს უახლოვდებოდნენ, მათ უნდა ეყვირათ: „უწმინდური, უწმინდური!“ (ლევ. 13:43—46). კეთროვანს ისეთივე უწმინდურად თვლიდნენ, როგორც მკვდარს. რაბინების ხელნაწერების თანახმად, კეთრით დაავადებულს ეკრძალებოდა ადამიანთან 2 მეტრზე ახლოს მისვლა. როგორც ერთ-ერთი ისტორიული წყაროდან ვიგებთ, რელიგიური წინამძღოლები კეთროვნებს შორიდანვე ესროდნენ ქვებს, რომ არ მიახლოებოდნენ.

15. როგორ მოექცა იესო ერთ კეთროვანს?

15 ახლა ვნახოთ, იესო როგორ მოექცა ერთ კეთროვანს, რომელიც მასთან მივიდა და განკურნება სთხოვა (წაიკითხეთ მარკოზის 1:40—42). იესოს არ გაუგდია იგი, პირიქით თანაგრძნობით მოეპყრო. იგი ხედავდა, როგორ სჭირდებოდა შველა ამ საბრალო კეთროვანს. იესოს გული დაეწვა, მიუახლოვდა, შეეხო და განკურნა.

16. როგორ მივბაძოთ იესოს?

16 როგორ მივბაძოთ იესოს, რომელიც ზედმიწევნით ირეკლავდა ზეციერი მამის ღირსებას? პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ, რომ სოციალური მდგომარეობის, ავადმყოფობისა თუ ასაკის მიუხედავად, ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს პატივისცემას (1 პეტ. 2:17). განსაკუთრებით ქმრებმა უნდა სცენ ცოლებს პატივი, მშობლებმა — შვილებს, ქრისტიანმა უხუცესებმა — სამწყსოს, და ამგვარად დაეხმარონ მათ, რომ ღირსების გრძნობა არ დაკარგონ. სხვისი პატივისცემა თითოეული ქრისტიანის მოვალეობაა. „ძმათმოყვარეობაში სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ. პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“, — ნათქვამია ბიბლიაში (რომ. 12:10).

როგორც ღვთის თაყვანისმცემლები, ღირსეულად მოვიქცეთ

17. როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც იეჰოვას ვცემთ თაყვანს?

17 ბიბლია ხაზს უსვამს იმას, რომ განსაკუთრებით ღირსეულად მაშინ უნდა მოვიქცეთ, როდესაც თაყვანს ვცემთ იეჰოვას. „დაუკვირდი შენს ნაბიჯებს, როცა ჭეშმარიტი ღვთის სახლში მიდიხარ“, — ნათქვამია ეკლესიასტეს 5:1-ში. მოსე და იესო ნავეს ძე დაემორჩილნენ ზეციდან მიღებულ ბრძანებას და გაიხადეს სანდლები, როდესაც წმინდა ადგილზე იდგნენ (გამ. 3:5; იესო. 5:15). მათ ეს მოწიწებისა და ღრმა პატივისცემის ნიშნად გააკეთეს. ისრაელი მღვდლებიც ვალდებულნი იყვნენ, რომ „შიშველი სხეულის დასაფარავად“ სელის ქვედა საცვლები ჩაეცვათ (გამ. 28:42, 43). ეს იმისთვის მოითხოვებოდა, რომ არ გამოსჩენოდათ სასირცხო ადგილები სამსხვერპლოსთან მსახურების შესრულებისას. მღვდლის ოჯახის თითოეულ წევრსაც მოეთხოვებოდა, რომ ღირსეულად მოქცეულიყო.

18. რაში უნდა ჩანდეს ღვთის თაყვანისმცემლების ღირსება?

18 როგორც იეჰოვას თაყვანისმცემლები, ღირსეულად უნდა ვიქცეოდეთ. თუ სხვებს ღირსეულად მოვექცევით, ისინიც ღირსეულად მოგვექცევიან. თუმცა ეს მხოლოდ სხვების დასანახად არ უნდა გავაკეთოთ. მთავარი ის კი არ არის, რასაც ადამიანი ხედავს, არამედ გული, რომელსაც მხოლოდ ღმერთი ხედავს (1 სამ. 16:7; იგავ. 21:2). ამიტომ ღირსება ჩვენი ბუნების განუყოფელ ნაწილად უნდა იქცეს. ადამიანის ღირსება უნდა ჩანდეს მის საქციელში, საუბრებში, ჩაცმულობაში, ვარცხნილობაში, სხვებთან ურთიერთობაში და იმაშიც კი, თუ როგორი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა ნაკლი ვერ უპოვონ ჩვენს მსახურებას, არამედ ყოველმხრივ ვშუამდგომლობთ საკუთარ თავს, რომ ღვთის მსახურები ვიყოთ“ (2 კორ. 6:3, 4). ‘ჩვენი მხსნელის, ღვთის სწავლება ყველაფერში უნდა შევამკოთ’ (ტიტ. 2:10).

კვლავაც ღირსეულად მოიქეცით

19, 20. ა) რა იგულისხმება ღირსეულ საქციელში? ბ) რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი?

19 ცხებული ქრისტიანები, რომლებიც „ელჩები არიან ქრისტეს ნაცვლად“, ღირსეულად იქცევიან (2 კორ. 5:20). მათ ჰბაძავს „სხვა ცხვარიც“, რომლებიც ღვთის სამეფოს დესპანები არიან. როგორც წესი, ელჩიც და დესპანიც თავიანთი ხელისუფლების ინტერესებს გაბედულად და ღირსეულად იცავენ. ჩვენც გაბედულად და ღირსეულად უნდა ვესაუბროთ ხალხს ღვთის ხელისუფლების, მისი სამეფოს შესახებ (ეფეს. 6:19, 20). და როგორც „უკეთესობის მახარობლები“, მათ ღირსეულად უნდა მოვექცეთ (ეს. 52:7).

20 ღმერთი ისე უნდა განვადიდოთ, როგორც მის ღირსებას შეეფერება (1 პეტ. 2:12). ამიტომ ყოველთვის ღრმა პატივი მივაგოთ იეჰოვას, ღირსეულად მოვიქცეთ, როდესაც მას თაყვანს ვცემთ, და პატივისცემით მოვეპყროთ თანაქრისტიანებს. ყოველმხრივ ვეცადოთ, რომ ჩვენი ღირსეული საქციელით გული გავუხაროთ იეჰოვას, რომელიც ‘ღირსებითა და სიდიადით არის მოსილი’.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 დავითის სიტყვები, რომლებსაც მე-8 ფსალმუნში ვკითხულობთ, წინასწარმეტყველურად იესო ქრისტესაც ეხება (ებრ. 2:5—9).

როგორ უპასუხებთ?

• როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე იეჰოვას სიდიადემ და ღირსებამ?

• რა შეიძლება ვისწავლოთ იქიდან, თუ როგორ მოექცა იესო ერთ კეთროვანს?

• ღირსეულად როგორ მივაგოთ პატივი იეჰოვას?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 12 გვერდზე]

როგორ დააფასა იეჰოვამ აბელი?

[სურათი 14 გვერდზე]

ისეთი უბრალო პროდუქტიც კი, როგორიცაა პური, იეჰოვას სიდიადეზე მეტყველებს

[სურათი 15 გვერდზე]

რას ვსწავლობთ იქიდან, თუ როგორ მოეპყრო იესო ერთ კეთროვანს?

[სურათი 16 გვერდზე]

ღირსეული თაყვანისცემა იეჰოვასადმი პატივის მიგებასაც ნიშნავს