არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიჰბაძეთ იესოს და მისაღები სახით ემსახურეთ ღმერთს

მიჰბაძეთ იესოს და მისაღები სახით ემსახურეთ ღმერთს

მიჰბაძეთ იესოს და მისაღები სახით ემსახურეთ ღმერთს

ღმერთი „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ იწვევს ყველას, რათა თაყვანი სცენ მას (გამოცხ. 7:9, 10; 15:3, 4). ამ მოწვევის მიმღებნი „იეჰოვას მშვენიერებას“ იხილავენ (ფსალმ. 27:4; 90:17). ფსალმუნმომღერლის მსგავსად ისინი განადიდებენ ღმერთს და ამბობენ: „თაყვანი ვცეთ მას და ქედი მოვიხაროთ მის წინაშე; მუხლი მოვიყაროთ იეჰოვას, ჩვენი შემოქმედის წინაშე!“ (ფსალმ. 95:6).

თაყვანისცემა, რომელიც იეჰოვამ დიდად დააფასა

იესოს, ღვთის მხოლოდშობილ ძეს, უდიდესი შესაძლებლობა ჰქონდა, ჩასწვდომოდა მამის აზროვნებას, პრინციპებსა და ნორმებს. ამიტომ შეეძლო ზუსტად ეთქვა, როგორ თაყვანისცემას იწონებდა ღმერთი. მან თქვა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოან. 1:14; 14:6).

იესომ მამისთვის თავმდაბლად მორჩილების სრულყოფილი მაგალითი დაგვიტოვა. მან თქვა: „ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ როგორც მამამ მასწავლა, ისე ვლაპარაკობ“. შემდეგ კი დასძინა: „ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას მოსწონს“ (იოან. 8:28, 29). როგორ აკეთებდა ამას?

უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ იესო ყველაფერში მამის ერთგული იყო, და, ძირითადად, სწორედ ეს არის ღვთის თაყვანისცემა. იესო მამისადმი ერთგულებას მორჩილებითა და მისი ნების შესრულებით ავლენდა მაშინაც კი, როცა ეს დიდი მსხვერპლის ფასად უჯდებოდა (ფილ. 2:7, 8). იესოსთვის მოწაფეების მომზადების საქმეში რეგულარული მონაწილეობა თაყვანისცემის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, და იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მორწმუნეებიცა და ურწმუნოებიც მოძღვარს უწოდებდნენ (მათ. 22:23, 24; იოან. 3:2). გარდა ამისა, იესო თავს არ ზოგავდა და დიდ დროსა და ენერგიას უთმობდა სხვების დახმარებას, რის შედეგადაც საკუთარი თავისთვის მცირე დრო რჩებოდა; მაგრამ სხვების დახმარება მას ბედნიერებას ანიჭებდა (მათ. 14:13, 14; 20:28). მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული იყო, იესო ყოველთვის პოულობდა დროს ზეციერ მამასთან ურთიერთობისთვის (ლუკ. 6:12). ღმერთი უსაზღვროდ აფასებდა იესოს თაყვანისცემას!

ვიღვაწოთ ღვთის ნების შესასრულებლად

იეჰოვა ხედავდა თავისი ძის საქმეებს და არ მალავდა, რომ იწონებდა მას (მათ. 17:5). მაგრამ იესოს ერთგულება არც სატანა ეშმაკის ყურადღების მიღმა დარჩენილა; იესო სატანის მთავარი სამიზნე გახდა. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანთაგან არავინ ყოფილა ღვთისადმი სრულყოფილად ერთგული და, შესაბამისად, არავის უცია მისთვის თაყვანი ისე, როგორც ღმერთს ეკუთვნოდა. სატანას სურდა, იესოსთვის ხელი შეეშალა, იეჰოვასთვის ისე ეცა თაყვანი, როგორც სამართლიანად ეკუთვნოდა (გამოცხ. 4:11).

სწორედ ამ მიზნით მივიდა სატანა იესოსთან, „ძალიან მაღალ მთაზე აიყვანა, აჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება“ და უთხრა: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ“. რა რეაქცია ჰქონდა იესოს? მან მიუგო: «გამშორდი, სატანა! რადგან დაწერილია: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“» (მათ. 4:8—10). იესომ იცოდა, რომ, როგორი მაცდუნებელიც უნდა ყოფილიყო მისი წინადადება, სატანის თაყვანისცემა კერპთაყვანისმცემლობა იქნებოდა. მას არ სურდა იეჰოვას გარდა თუნდაც ერთხელ ეცა სხვისთვის თაყვანი.

შეიძლება სატანამ თაყვანისცემის სანაცვლოდ მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება არ შემოგვთავაზოს, მაგრამ ის ცდილობს, გულწრფელ ქრისტიანებს ხელი შეგვიშალოს ღვთისთვის თაყვანისცემაში. მას უნდა, რომ ვინმეს ან რამეს ვცეთ თაყვანი, ოღონდ არა ღმერთს (2 კორ. 4:4).

ქრისტე იესო სიკვდილამდე ერთგული იყო. ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნებით იესომ იეჰოვა ისე განადიდა, როგორც კაცთაგან ვერავინ. დღეს ჩვენ, ჭეშმარიტი ქრისტიანები, ვცდილობთ მივბაძოთ იესოს ერთგულებაში და ჩვენი შემოქმედის თაყვანისცემა ყველაფერზე მაღლა დავაყენოთ. მართლაც, ღმერთთან კარგი ურთიერთობა ჩვენთვის ყველაზე დიდი სიმდიდრეა.

კურთხევები, რომლებიც ღვთისთვის მისაღები სახით თაყვანისცემას მოაქვს

ღვთის „თვალში წმინდა და წაუბილწველ თაყვანისცემას“ მრავალი კურთხევა მოაქვს (იაკ. 1:27). ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც ადამიანები სულ უფრო მეტად ხდებიან „საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები“ და „კარგის მოძულეები“ (2 ტიმ. 3:1—5). მაგრამ ღვთის ოჯახში, ანუ კრებაში, გვაქვს პატივი, ურთიერთობა გვქონდეს სუფთა, პატიოსან ხალხთან, რომლებიც ცდილობენ ღმერთს მისთვის მისაღები სახით სცენ თაყვანი. განა ეს გამამხნევებელი არ არის?!

თუ ამ ქვეყნიერების სიბილწისგან შორს ვიქნებით, კიდევ ერთი კურთხევა — სუფთა სინდისი გვექნება. გვსურს, შევინარჩუნოთ სუფთა სინდისი, ღვთის სამართლიანი პრინციპების თანახმად ვიცხოვროთ და დავემორჩილოთ კეისრის იმ კანონებს, რომლებიც ღვთის კანონებს არ ეწინააღმდეგება (მარ. 12:17; საქ. 5:27—29).

მთელი სულით თაყვანისცემას სხვა კურთხევებიც მოჰყვება. ცხოვრება უფრო აზრიანი და კმაყოფილების მომგვრელი ხდება, როცა მთელი ყურადღება ღვთის ნების შესრულებაზე გვაქვს გადატანილი და არა იმაზე, რა გვსურს. ნაცვლად იმისა, რომ ვთქვათ, „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“, დედამიწაზე სამოთხეში მარადიულ ცხოვრებას მოველით, და არცთუ უსაფუძვლოდ (1 კორ. 15:32).

წიგნ „გამოცხადებაში“ ლაპარაკია დროზე, როდესაც ღვთის წინაშე სუფთა სინდისით მდგომნი „დიდ გასაჭირს“ გადაიტანენ. ამ წიგნში ნათქვამია, რომ „ტახტზე მჯდომი . . . თავის კარავს გაშლის მათზე“ (გამოცხ. 7:13—15). ტახტზე მჯდომი არავინაა თუ არა იეჰოვა ღმერთი, სამყაროში ყველაზე დიდებული პიროვნება. წარმოიდგინეთ, რა სასიხარულო იქნება ღვთის კარავში მისვლა, სადაც ღმერთი ყოველგვარი ზიანისგან დაგიცავთ! გარკვეულწილად დღესაც შეგვიძლია ღვთის დაცვითა და მზრუნველობით სარგებლობა.

გარდა ამისა, ყველაზე, ვინც ღმერთს მისთვის მისაღები სახით სცემს თაყვანს, ნათქვამია, რომ ღმერთი „სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვება“. „სიცოცხლის წყალი“ ყველა ის საშუალებაა, რასაც იეჰოვა მარადიული სიცოცხლის მისაღებად გვაძლევს. ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე „მოსწმენდს მათ ღმერთი ყოველ ცრემლს თვალებიდან“ (გამოცხ. 7:17). ადამიანები გასრულყოფილდებიან, რასაც ენით აუწერელი სიხარული მოაქვს მათთვის, ვისაც დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი აქვთ. დღესაც ღვთის ბედნიერი თაყვანისმცემლები სიხარულით გამოხატავენ იეჰოვასადმი მადლიერებას და თაყვანს სცემენ მას ზეციერ ქმნილებებთან ერთად, რომლებიც მღერიან: „დიდი და საოცარია შენი საქმენი, იეჰოვა ღმერთო, ყოვლისშემძლეო. მართალი და ჭეშმარიტია შენი გზები, მარადიულობის მეფეო. ვის არ შეეშინდება შენი, იეჰოვა, და ვინ არ ადიდებს შენს სახელს? მხოლოდ შენა ხარ ერთგული. ყველა ხალხი თაყვანსაცემად მოვა შენ წინაშე, რადგან ცხადი გახდა შენი სამართალი“ (გამოცხ. 15:3, 4).

[სურათი 27 გვერდზე]

რას გვთავაზობს სატანა მისთვის თაყვანისცემის სანაცვლოდ?