არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მნიშვნელოვანი აზრები თესალონიკელებისა და ტიმოთესთვის მიწერილი წერილებიდან

მნიშვნელოვანი აზრები თესალონიკელებისა და ტიმოთესთვის მიწერილი წერილებიდან

იეჰოვას სიტყვა ცოცხალია

მნიშვნელოვანი აზრები თესალონიკელებისა და ტიმოთესთვის მიწერილი წერილებიდან

თესალონიკეში მოციქულ პავლეს ჩასვლისა და კრების ჩამოყალიბების დღიდან ახალჩამოყალიბებული კრება წინააღმდეგობებს აწყდებოდა. ამიტომ, როდესაც დაახლოებით 20-25 წლის ტიმოთემ იქიდან კარგი ამბები ჩამოიტანა, პავლეს თესალონიკელების შექებისა და გამხნევების სურვილი გაუჩნდა. დაახლოებით ახ. წ. 50 წლის მიწურულს დაწერილი ეს წერილი პავლეს მიერ ღვთის შთაგონებით დაწერილი პირველი წერილი იყო. ცოტა ხნის შემდეგ მან თესალონიკელებს მეორე წერილი მისწერა. ამ წერილში მან თვალსაზრისი შეუსწორა კრების ზოგ წევრს და ძმებს მოუწოდა, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენაში.

დაახლოებით ათი წლის შემდეგ პავლე მაკედონიაში იყო, ტიმოთე კი — ეფესოში. პავლემ ტიმოთეს მისწერა, დარჩენილიყო ეფესოში და კრებაში გავრცელებული ცრუ სწავლებების წინააღმდეგ სულიერ ბრძოლაში ჩაბმულიყო. ახ. წ. 64 წელს, როდესაც რომის გადაწვის შემდეგ ქრისტიანობის დევნის ტალღა აგორდა, პავლემ ტიმოთეს მეორე წერილი მისწერა. ეს ღვთის შთაგონებით პავლეს მიერ დაწერილი ბოლო წერილია. დღეს ჩვენთვის სასარგებლოა იმ გამამხნევებელი სიტყვებისა და რჩევების წაკითხვა, რომლებიც პავლეს ამ ოთხ წერილშია ჩაწერილი (ებრ. 4:12).

„ვიფხიზლოთ“!

(1 თეს. 1:1—5:28)

პავლე თესალონიკელებს „რწმენის საქმეების, სიყვარულით შრომისა და მოთმინებისთვის“ აქებს. ის მათ ეუბნება, რომ ისინი „იმედი, სიხარული და ლხენის გვირგვინი“ არიან (1 თეს. 1:3; 2:19).

მას შემდეგ, რაც თესალონიკელ ქრისტიანებს მკვდრეთით აღდგომის იმედით ერთმანეთის ნუგეშისცემისკენ მოუწოდებს, ამბობს: „იეჰოვას დღე ზუსტად ისე მოვა, როგორც ღამე ქურდი“. ის მათ ურჩევს, ეღვიძოთ და იფხიზლონ (1 თეს. 4:16—18; 5:2, 6).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

4:15—17. ვინ არიან უფალთან შესახვედრად „ატაცებულნი ღრუბლებში“ და როგორ? ესენი არიან ცხებული ქრისტიანები, რომლებიც იმ დროს ცხოვრობენ, როცა ქრისტე სამეფო ძალაუფლებით არის მოსული. ისინი უფალს ეგებებიან ზეცაში. მაგრამ შესაგებებლად საჭიროა ჯერ დაიხოცონ და მერე სულიერ ქმნილებებად აღდგნენ (რომ. 6:3—5; 1 კორ. 15:35, 44). ვინაიდან ქრისტე უკვე მოსულია, დღეს გარდაცვლილი ცხებული ქრისტიანები სიკვდილისთანავე იქნებიან „ატაცებულნი“, ანუ აღდგენილნი (1 კორ. 15:51, 52).

5:23. რას გულისხმობდა პავლე, როდესაც ლოცულობდა, „იქნეს დაცული, ძმებო, თქვენი . . . სულისკვეთება, სული და სხეული“? პავლე მიუთითებდა ქრისტიანული კრების სულისკვეთებაზე, სულსა და სხეულზე, რომლის შემადგენლობაში თესალონიკელი სულით ცხებული ქრისტიანებიც შედიოდნენ. ის არა მხოლოდ იმაზე ლოცულობდა, რომ კრება დაცული ყოფილიყო, არამედ მის სულისკვეთებასაც ავედრებდა ღმერთს. ის აგრეთვე ლოცულობდა მისი „სულისთვის“, ანუ იმისათვის, რომ ცოცხალი ყოფილიყო, ანუ ეარსება, და მისი „სხეულისთვის“ — ცხებული ქრისტიანებისთვის (1 კორ. 12:12, 13). ამ ლოცვიდან აშკარად ჩანს, რომ პავლე მთელი გულით ზრუნავდა ქრისტიანული კრების კეთილდღეობაზე.

რას ვსწავლობთ:

1:3, 7; 2:13; 4:1—12; 5:15. საუკეთესოდ მივცემთ რჩევას, თუ კაცს გულწრფელად შევაქებთ იმისთვის, რაც უკვე გააკეთა, და წავახალისებთ, უკეთესად აკეთოს საქმე.

4:1, 9, 10. იეჰოვას თაყვანისმცემლები ყოველთვის უნდა იზრდებოდნენ სულიერად.

5:1—3, 8, 20, 21. იეჰოვას დღის მოახლოებასთან ერთად „ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის ჯავშნით, მუზარადად კი ხსნის იმედი გვქონდეს“. გარდა ამისა, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ღვთის წინასწარმეტყველურ სიტყვას — ბიბლიას.

„მტკიცედ იდექით“

(2 თეს. 1:1—3:18)

როგორც ჩანს, კრებაში ზოგმა დაამახინჯა პავლეს პირველ წერილში ნათქვამი სიტყვები და ამბობდა, რომ მალე დადგებოდა დრო, როცა უფალი მოსული იქნებოდა. მათთვის თვალსაზრისის შესასწორებლად პავლე წერს, რა მოხდებოდა ამ დღის დადგომამდე (2 თეს. 2:1—3).

პავლე თესალონიკელებს მოუწოდებდა: „მტკიცედ იდექით და მიჰყევით იმ წესებს, რომლებიც გისწავლიათ“. ის მათ ურჩევდა, ჩამოშორებოდნენ „ყოველ ძმას, რომელიც წესრიგს“ არღვევდა (2 თეს. 2:15; 3:6).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

2:3, 8. ვინ არის „უკანონობის კაცი“ და როგორ განადგურდება? ეს „კაცი“ ქრისტიანული სამღვდელოებაა. ბოროტების წინააღმდეგ ღვთის განაჩენის განმცხადებელი და მათ გასანადგურებლად განკარგულების გამცემი არის „სიტყვა“ — ღვთის მთავარი წარმომადგენელი იესო ქრისტე (იოან. 1:1). აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ იესო „უკანონობის კაცს“ „გაანადგურებს თავისი ბაგის სულით [მოქმედი ძალით]“.

2:13, 14. „დასაწყისიდანვე . . . ხსნისთვის“ როგორ იყვნენ ამორჩეული ცხებული ქრისტიანები? იეჰოვამ სულითცხებულთა არსებობა წინასწარ განსაზღვრა, როცა განიზრახა, რომ ქალის შთამომავალი სატანას თავს გაუჭეჭყავდა (დაბ. 3:15). გარდა ამისა, იეჰოვამ თქვა, რომ სულითცხებულებს გარკვეული მოთხოვნები უნდა შეესრულებინათ, გარკვეული საქმე უნდა გაეკეთებინათ და უნდა გამოცდილიყვნენ. ცხებულები იეჰოვას მიერ ამისთვის იყვნენ მოწოდებულნი.

რას ვსწავლობთ:

1:6—9. იეჰოვა განურჩევლად ყველას არ გაანადგურებს.

3:8—12. იეჰოვას დღის სიახლოვე იმის საბაბად არ უნდა გამოვიყენოთ, რომ არ ვიმუშაოთ და საკუთარ მოთხოვნილებებზე არ ვიზრუნოთ. უსაქმურობამ შეიძლება გაგვაზარმაცოს და „სხვის საქმეში“ ჩარევისკენ გვიბიძგოს (1 პეტ. 4:15).

„დაიცავი მონდობილი“

(1 ტიმ. 1:1—6:21)

პავლე ტიმოთეს მოუწოდებს: „განაგრძე ღირსეულ ბრძოლაში მონაწილეობა და გქონდეს რწმენა და სუფთა სინდისი“. შემდეგ მოციქული წერს, თუ რა თვისებები უნდა ჰქონდეს კრებაში დანიშნულ მამაკაცებს. აგრეთვე, პავლე ტიმოთეს არიგებს: „წმინდის შემბღალავ ზღაპრებს . . . მოერიდე“ (1 ტიმ. 1:18, 19; 3:1—10, 12, 13; 4:7).

პავლე წერს: „უფროსი ასაკის მამაკაცს მკაცრად არ უსაყვედურო“. მოციქული ტიმოთეს მოუწოდებს: „დაიცავი მონდობილი და ზურგი შეაქციე წმინდის შემბღალავ უშინაარსო ლაპარაკსა და წინააღმდეგობებს ეგრეთ წოდებულ ცოდნაში“ (1 ტიმ. 5:1; 6:20).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

1:18; 4:14. რა წინასწარმეტყველებები ითქვა ტიმოთეს შესახებ? ეს შეიძლება იყოს წინასწარმეტყველებები ქრისტიანულ კრებებში ტიმოთეს მომავალი როლის შესახებ, რომლებიც ლისტრაში პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობისას წარმოითქვა ღვთის შთაგონებით (საქ. 16:1, 2). ამ წინასწარმეტყველებების საფუძველზე კრების უფროსმა მამაკაცებმა ხელი დაადეს ახალგაზრდა ტიმოთეს და განსაკუთრებული მსახურება მიანდეს.

2:15. რა გაგებით გადაარჩენს „ქალს შვილების გაჩენა“? შვილების გაჩენამ, მათზე ზრუნვამ და ოჯახის მოვლამ ქალი შეიძლება „ჭორიკნობისა და სხვის საქმეში ჩარევისგან“ დაიცვას (1 ტიმ. 5:11—15).

3:16. რა არის „ღვთისადმი ერთგულების წმინდა საიდუმლო“? საუკუნეების განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა, შეეძლო თუ არა ადამიანს სრულყოფილად დამორჩილებოდა იეჰოვას უზენაეს მმართველობას. ამ საიდუმლოს ნათელი იესომ მოჰფინა იმით, რომ სიკვდილამდე ღვთისადმი სრულყოფილ ერთგულებას ავლენდა.

6:15, 16. ამ მუხლებში იეჰოვა ღმერთი იგულისხმება თუ იესო ქრისტე? ეს სიტყვები იესო ქრისტეს ეხება, ვის გამოცხადებაზეც არის საუბარი (1 ტიმ. 6:14). მიწიერ მეფეთა და უფალთაგან განსხვავებით, იესო „ერთადერთი ხელმწიფეა“ და „მხოლოდ ის არის უკვდავი“ (დან. 7:14; რომ. 6:9). ზეცაში ასვლის შემდეგ დედამიწაზე მცხოვრებთაგან იესო პირდაპირი გაგებით „არავის უნახავს“.

რას ვსწავლობთ:

4:15. იმის მიუხედავად, ახლა გავხდით ქრისტიანი თუ დიდი ხანია, რაც იეჰოვას ვემსახურებით, უნდა ვეცადოთ, წინ ვიაროთ და სულიერად გავიზარდოთ.

6:2. თუ დამსაქმებელი ჩვენი თანამორწმუნეა, ამით კი არ უნდა ვისარგებლოთ, არამედ უფრო მეტი ენთუზიაზმით უნდა გავაკეთოთ საქმე, ვიდრე სხვასთან.

„იქადაგე სიტყვა გადაუდებლად“

(2 ტიმ. 1:1—4:22)

ტიმოთე მომავალ სირთულეებთან შესახვედრად რომ მოემზადებინა, პავლემ მისწერა: „ღმერთმა მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და საღი აზროვნების“. შემდეგ კი დაარიგა: „უფლის მონა კი არ უნდა დავობდეს, არამედ ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს; უნდა შეეძლოს სწავლება“ (2 ტიმ. 1:7; 2:24).

პავლე ტიმოთეს მოუწოდებს: „კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ“. განდგომილთა სწავლებები რომ ვრცელდებოდა, ამიტომ მოციქულმა ახალგაზრდა ზედამხედველს ურჩია: „იქადაგე სიტყვა გადაუდებლად . . . გაკიცხე, დაარიგე და შეაგონე“ (2 ტიმ. 3:14; 4:2).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

1:13. რა არის „ჯანსაღი სიტყვების ნიმუში“? „ჯანსაღი სიტყვები“ არის „ჩვენი უფლის იესო ქრისტეს“ სიტყვები, ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლებები (1 ტიმ. 6:3). რასაც იესო ასწავლიდა და აკეთებდა, ყველაფერი ღვთის სიტყვას შეესაბამებოდა; ამიტომ გამოთქმაში „ჯანსაღი სიტყვები“ ფართო გაგებით შეიძლება მთელი ბიბლიური მოძღვრებაც იგულისხმებოდეს. ეს სწავლებები გვეხმარება, გავიგოთ, რას მოითხოვს იეჰოვა ჩვენგან. თუ ბიბლიდან ნასწავლს სხვებს ვუზიარებთ, ჯანსაღი სიტყვების ნიმუშს ვეჭიდებით.

4:13. რა იყო პერგამენტები? ესენი ტყავზე გაკეთებული ხელნაწერები იყო. შეიძლება პავლე ებრაული წერილების ზოგ გრაგნილს ითხოვდა, რათა რომში პატიმრობის დროს შეესწავლა ისინი. ზოგი გრაგნილი პაპირუსის იყო, ზოგიც — პერგამენტის.

რას ვსწავლობთ:

1:5; 3:15. ტიმოთეს ჩვილობიდან ასწავლიდნენ წმინდა წერილებს; სწორედ ამიტომ ჰქონდა მას ქრისტე იესოსადმი ძლიერი რწმენა, რაც მის ნებისმიერ ქმედებაში აისახებოდა. ამიტომ, მშობლები სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, როგორ ასრულებენ ღვთისა და შვილების წინაშე დაკისრებულ ვალდებულებას.

1:16—18. როცა თანაქრისტიანები გაჭირვებას იტანენ, როცა მათ დევნიან ან აპატიმრებენ, ვილოცოთ მათთვის და ყველაფერი გავაკეთოთ მათ დასახმარებლად (იგავ. 3:27; 1 თეს. 5:25).

2:22. ქრისტიანებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, იმდენი დრო არ უნდა დაუთმონ ათლეტიზმს, სპორტის სხვა სახეობებს, მუსიკას, დასვენებას, ჰობის, მოგზაურობას, ფუჭ საუბრებსა და მსგავს საქმეებს, რომ სულიერისთვის ცოტა დრო დარჩეთ.

[სურათი 31 გვერდზე]

ბოლოს რომელი წერილი დაწერა პავლემ ღვთის შთაგონებით?