არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქადაგება სავაჭრო ცენტრში

ქადაგება სავაჭრო ცენტრში

ქადაგება სავაჭრო ცენტრში

მოციქული პავლე ყოველდღე მიდიოდა ათენის მოედანზე და იესოს შესახებ სასიხარულო ცნობას ქადაგებდა (საქ. 17:17). პავლემ ეს ადგილი იმიტომ აირჩია, რომ, ჩვეულებრივ, ათენელები დიდ დროს ატარებდნენ იქ.

თითქმის 2 000 წლის შემდეგ იეჰოვას ხალხიც იქ ქადაგებს ღვთის სამეფოს შესახებ, სადაც ბევრი ხალხი იყრის თავს. დღეს ერთ-ერთი ასეთი ადგილი სავაჭრო ცენტრია. სავაჭრო ცენტრის მენეჯერისგან ან მფლობელისგან ნებართვის აღების შემდეგ ასეთ ცენტრებში ზოგმა მოწმემ ბიბლიური ლიტერატურა პატარა მაგიდაზე გამოფინა, ზოგმა — სტენდებზე.

მაგალითად, ნიუ-ჯერზის (აშშ) ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოწმეებმა მოაწყვეს გამოფენა სახელწოდებით „როგორ შევინარჩუნოთ ოჯახური ფასეულობები?“ რა მოჰყვა ამას შედეგად? მხოლოდ ერთ დღეს ექვს ენაზე 153 წიგნი გავრცელდა.

გამოფენილ ლიტერატურასთან მისულმა ერთმა ქალმა ყურადღებით მოუსმინა მოწმეს. ქალი დაეთანხმა იმ აზრს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახში და, საერთოდ, ცხოვრებაში ღვთის გათვალისწინება. მან აიღო პუბლიკაციები: „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“, „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“ და „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“.

ნაშუადღევს ერთმა კაცმა გამოფენილ ლიტერატურას ჩაუარა და ის-ის იყო მეზობლად მდებარე მაღაზიაში უნდა შესულიყო, რომ მზერა შეაჩერა წიგნზე „ახალგაზრდების შეკითხვები“. დამ ეს შენიშნა და ჰკითხა: „დაგაინტერესათ რომელიმე წიგნმა?“ კაცმა თავი დაუქნია და „ახალგაზრდების შეკითხვებზე“ მიანიშნა. დამ მიაწოდა ის წიგნი, რომლისკენაც კაცი ხელს იშვერდა. მან დას უთხრა, რომ სამი შვილი ჰყავდა და კვირაში ერთხელ მათთან ერთად სხვადასხვა საკითხზე მსჯელობდა ხოლმე. უფროსი და შუათანა მოზარდები იყვნენ. კაცმა წიგნი გადაათვალიერა და თქვა, რომ აქ მოცემულ რჩევებს შვილებთან საუბრისას გამოიყენებდა. მაუწყებელმა წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლოც“ მიაწოდა და უთხრა, რომ ეს წიგნი მას და მის მეუღლეს გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებოდა. კაცი მადლობელი დარჩა, წიგნებისთვის შესაწირავი გაიღო და სახლში მოწმეების მიღებაზეც დათანხმდა.

რას გრძნობდნენ მოწმეები სავაჭრო ცენტრში მსახურების შემდეგ? ერთმა დამ თქვა: „კმაყოფილი დავრჩი ასეთი სახის ქადაგებით. ძალიან კარგი იყო!“ მეორე დამ აღნიშნა: „როგორც იეჰოვა ამბობს, სასიხარულო ცნობა დედამიწის ყველა კუთხეში უნდა გავრცელდეს. დღეს ნიუ-ჯერზიში სასიხარულო ცნობა სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხს გავუზიარეთ. არაჩვეულებრივი იყო ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ყველანი კმაყოფილი დავრჩით. დღის ბოლოს სავაჭრო ცენტრიდან გამოსვლა აღარ გვინდოდა“.

შეგიძლიათ თქვენც გამონახოთ სხვადასხვა საშუალებები სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად? ჩვენ, ძირითადად, კარდაკარ ვმსახურობთ (საქ. 20:20). მაგრამ სავაჭრო ცენტრშიც ხომ არ სცდიდით მსახურებას?