შეინარჩუნეთ „სამმაგი ძაფი“ ქორწინებაში
შეინარჩუნეთ „სამმაგი ძაფი“ ქორწინებაში
„მალე არ გაწყდება სამმაგი ძაფი“ (ეკლ. 4:12).
1. ვინ დააქორწინა პირველი წყვილი?
მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს შემდეგ იეჰოვა ღმერთმა პირველი მამაკაცი, ადამი, შექმნა. მოგვიანებით ღმერთმა მას ღრმა ძილი მოჰგვარა და ერთ-ერთი ნეკნისგან სრულყოფილი დამხმარე შეუქმნა. მისმა შემხედვარე ადამმა შესძახა: „აი ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი“ (დაბ. 1:27; 2:18, 21—23). იეჰოვამ მოიწონა თავისი ქმნილება, პირველი ადამიანები დააქორწინა და აკურთხა (დაბ. 1:28; 2:24).
2. როგორ გააჩინა სატანამ ბზარი ადამისა და ევას ურთიერთობაში?
2 სამწუხაროდ, ცოტა ხნის შემდეგ ეს პირველი ოჯახი განსაცდელში ჩავარდა. როგორ? ბოროტმა სულიერმა ქმნილებამ, რომელსაც სატანა ეწოდა, შეაცდინა ევა, რომელმაც აკრძალული ხის ნაყოფი ჭამა. მალე ადამმაც იგივე გააკეთა, რითაც ღვთის სამართლიანი მმართველობის წინააღმდეგ წავიდა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხელმძღვანელობა უგულებელყო (დაბ. 3:1—7). როდესაც იეჰოვამ ადამსა და ევას ჰკითხა, რა ჩაიდინეთო, აშკარა გახდა, რომ მათ შორის უკვე დაძაბული ურთიერთობა იყო. ადამმა მეუღლე დაადანაშაულა: „შენ რომ ქალი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც ვჭამე“ (დაბ. 3:11—13).
3. როგორი არასწორი თვალსაზრისი დაამკვიდრა ზოგმა იუდეველმა წინამძღოლმა?
3 მას შემდეგ საუკუნეებია, რაც სატანა მზაკვრული მეთოდებით ოჯახებში უთანხმოებას თესავს. მაგალითად, დროდადრო ის რელიგიურ წინამძღოლებს აღძრავდა, ქორწინების შესახებ არაბიბლიური თვალსაზრისი დაემკვიდრებინათ. ზოგიერთი იუდეველი წინამძღოლი ამახინჯებდა ღვთის ნორმებს და ქმრებს ნებას რთავდა თუნდაც უბრალო მიზეზით გაყროდნენ ცოლებს, მაგალითად, მლაშე საჭმლის მომზადებისთვის. მაგრამ იესომ თქვა: „თუ ცოლს სიძვა არ ჩაუდენია, ქმარი კი გაეყრება მას და სხვაზე დაქორწინდება, მრუშობს“ (მათ. 19:9).
4. რა უქმნის საფრთხეს ოჯახების ერთიანობას?
4 სატანა დღემდე ცდილობს ოჯახების ერთიანობის დარღვევას. ერთი სქესის ადამიანთა ქორწინება, დაუქორწინებელი წყვილების ერთად ცხოვრება და ოჯახების ნგრევა იმაზე მეტყველებს, რომ ამ მხრივ მან დიდ წარმატებას მიაღწია (წაიკითხეთ ებრაელების 13:4). რის გაკეთება შეგვიძლია ქრისტიანებს იმისათვის, რომ ოჯახების შესახებ ქვეყნიერებაში გაბატონებულმა დამახინჯებულმა შეხედულებამ ჩვენზე გავლენა არ იქონიოს? განვიხილოთ ოჯახური ბედნიერებისა და წარმატების ხელშემწყობი რამდენიმე ფაქტორი.
ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავოს იეჰოვას თქვენს ქორწინებაში
5. ქორწინებასთან მიმართებაში რას ნიშნავს „სამმაგი ძაფი“?
5 ქორწინება წარმატებული რომ იყოს, ოჯახში ღმერთს მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს. ბიბლიაში ნათქვამია: „მალე არ გაწყდება სამმაგი ძაფი“ (ეკლ. 4:12). „სამმაგი ძაფი“ ხატოვანი ნათქვამია. როდესაც ამ ფრაზას ქორწინებასთან მიმართებაში ამბობენ, პირველ ორ ძაფში ცოლ-ქმარს გულისხმობენ, ხოლო მესამე, ცენტრალური ძაფი, იეჰოვა ღმერთია. ღმერთთან ერთიანობა წყვილს პრობლემებთან გასამკლავებლად ძალას აძლევს, ეს კი უმნიშვნელოვანესია ოჯახური ბედნიერებისთვის.
6, 7. ა) რის გაკეთება შეუძლიათ ქრისტიანებს იმისათვის, რომ ღმერთს მათ ქორწინებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავოს? ბ) რას აფასებს ერთი და თავის მეუღლეში?
6 რის გაკეთება შეუძლია წყვილს იმისათვის, რომ მათი ქორწინება „სამმაგი ძაფით“ იყოს შეკრული? ფსალმუნმომღერალი დავითი მღეროდა: „შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო, და ჩემშია შენი კანონი“ (ფსალმ. 40:8). ღვთის სიყვარული ჩვენც აღგვძრავს, მთელი გულით ვემსახუროთ მას. ცოლ-ქმარი უნდა ეცადოს იეჰოვასთან ახლო, პირადი ურთიერთობის განვითარებას, და სიამოვნებით უნდა ასრულებდეს მის ნებას. ერთი ნახევარი უნდა ცდილობდეს, რომ მეორე ნახევარს იეჰოვა მეტად შეაყვაროს (იგავ. 27:17).
7 თუ მართლა არის ჩვენში ღვთის კანონი, გამოვავლენთ ისეთ თვისებებს როგორიცაა რწმენა, იმედი და სიყვარული, რაც ოჯახურ კვანძებს განამტკიცებს (1 კორ. 13:13). ერთი ქრისტიანი, სახელად სანდრა, რომელსაც 50 წელია ოჯახი აქვს, ამბობს: „ყველაზე მეტად ჩემს მეუღლეში იმას ვაფასებ, რომ სულიერ ხელმძღვანელობას მიწევს, ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევებს მაძლევს და იეჰოვა უყვარს; მას იეჰოვა ჩემზე მეტად უყვარს“. ქმრებო, შეუძლიათ თქვენს მეუღლეებსაც იმავეს თქმა?
8. რა არის საჭირო ქორწინებაში „კარგი საზღაურის“ მისაღებად?
8 პირველ ადგილზე აყენებთ ოჯახში სულიერ საქმეებსა და სამეფოს ინტერესებს? შენ და შენი მეუღლე გაერთიანებულად ემსახურებით იეჰოვას? (დაბ. 2:24). ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა: „ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას, რადგან კარგ საზღაურს მიიღებენ თავიანთი გარჯის სანაცვლოდ“ (ეკლ. 4:9). მართლაც, ცოლ-ქმარმა ყველაფერი უნდა გააკეთოს „კარგი საზღაურის“ მისაღებად, რაც იმას ნიშნავს, რომ ეყვარებათ ერთმანეთი და ექნებათ ერთობა; ეს კი იეჰოვას კურთხევაა.
9. ა) რა პასუხისმგებლობები აკისრიათ ქმრებს? ბ) კოლოსელების 3:19-ის თანახმად, როგორ უნდა მოექცეს ქმარი ცოლს?
9 თუ ცოლიც და ქმარიც ცდილობს, რომ ღვთის მოთხოვნების თანახმად იცხოვრონ, ამით ცხადყოფენ, რომ მათ ქორწინებაში იეჰოვას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ქმარს ოჯახის მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა ევალება (1 ტიმ. 5:8). ამასთანავე ბიბლია ქმრებს მოუწოდებს, მხედველობაში მიიღონ ცოლის ემოციური მოთხოვნილებები. კოლოსელების 3:19-ში ვკითხულობთ: „ქმრებო, გიყვარდეთ ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ“. ერთმა ბიბლეისტმა აღნიშნა, რომ ის, რაც ქართულად „სასტიკად“ ითარგმნა დედნისეულ ენაზე იმ ადამიანთან მიმართებაში გამოიყენება, რომელიც „ცოლს მწარე სიტყვებით მიმართავს, სცემს, მისადმი სიყვარულს არ ავლენს, არ ზრუნავს, არ იცავს და არ ეხმარება მას“. ცხადია, ასეთი საქციელი ქრისტიანი ქმრისთვის შეუფერებელია. ქმარი, რომელიც სიყვარულით უძღვება ოჯახს, ცოლს მორჩილების სურვილს უჩენს.
10. როგორი განწყობა უნდა ჰქონდეთ ქრისტიან ცოლებს?
10 ღვთის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდნენ ქრისტიანი ცოლებიც, რომლებსაც სურთ, რომ მათ ქორწინებაში იეჰოვას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავოს. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ცოლები დაემორჩილონ ქმრებს, როგორც უფალს, რადგან ქმარი ცოლის თავია, როგორც ქრისტეა კრების თავი“ (ეფეს. 5:22, 23). სატანამ ევა მოატყუა და უთხრა, რომ ღვთისგან დამოუკიდებლობა მარადიულ ბედნიერებას მოუტანდა. აშკარაა, რომ დღეს დამოუკიდებლობის სული მრავალ ქორწინებაში ჩანს. ცოლებისთვის, რომლებიც ქორწინებას ღვთის თვალით უყურებენ, მოსიყვარულე თავის მორჩილება უსიამოვნო არ არის. მათ ახსოვთ, რომ ევა ქმრის შემავსებლად იყო შექმნილი, და აშკარა იყო, რომ მის როლს ღმერთი პატივისცემით უყურებდა (დაბ. 2:18). ქრისტიანი ცოლი, რომელიც სიამოვნებით ასრულებს ღვთისგან დაკისრებულ ამ როლს, მართლაც „ქმრის გვირგვინია“ (იგავ. 12:4).
11. ერთი ძმის სიტყვების თანახმად, რა არის მისი წარმატებული ქორწინების საწინდარი?
11 ქორწინებაში ღმერთს მნიშვნელოვანი ადგილი რომ ეკავოს, წყვილი ერთად უნდა სწავლობდეს ღვთის სიტყვას. გერალდი, რომელსაც 55 წლის განმავლობაში ბედნიერი ქორწინება აქვს, ამბობს: „წარმატებული ქორწინების საწინდარი ბიბლიის ერთად კითხვა და შესწავლაა. საქმეების ერთად კეთება, განსაკუთრებით კი სულიერის, წყვილს როგორც ერთმანეთთან, ისე იეჰოვასთან აახლოებს“. ბიბლიის ერთობლივი შესწავლა ოჯახს ეხმარება, ყოველთვის გონებაში ჰქონდეთ იეჰოვას ნორმები, მტკიცე ურთიერთობა ჰქონდეთ იეჰოვასთან და უწყვეტი იყოს ოჯახის სულიერი განვითარების პროცესი.
12, 13. ა) რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მეუღლეებისთვის ერთად ლოცვა? ბ) კიდევ რა აძლიერებს ქორწინებას?
12 ბედნიერი წყვილი ერთად ლოცულობს. როცა ფსალმ. 62:8). მაგალითად, როცა ერთად ლოცულობთ და ხელმძღვანელობას სთხოვთ ყოვლისშემძლეს, ურთიერთშორის ნებისმიერი უთანხმოების მოგვარება გიადვილდებათ (მათ. 6:14, 15). ლოცვასთან ერთად, წყვილმა უნდა გაუადვილოს ერთმანეთს „მოთმინება და მთელი გულით პატიება“ (კოლ. 3:13). ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ლოცვა იეჰოვას მიმართ ნდობის მაჩვენებელია. მეფე დავითი ლოცულობდა: „შენ შემოგცქერის იმედიანად ყველას თვალი“ (ფსალმ. 145:15). როცა ვლოცულობთ, იმედის თვალით ვუცქერით იეჰოვას და ნაკლებად ვწუხვართ, რადგან ვიცით, რომ ის ზრუნავს ჩვენზე (1 პეტ. 5:7).
ქმარი კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტულად გამოხატავს სათხოვარს და ამგვარად იეჰოვას უღვრის გულს, ეს ამტკიცებს ოჯახს (13 ქორწინებაში იეჰოვას მნიშვნელოვანი ადგილი რომ ეკავოს, წყვილი უნდა დაესწროს კრების შეხვედრებს და წყვილმა ერთად უნდა იმსახუროს. სწორედ შეხვედრებზე სწავლობენ ისინი, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა „ეშმაკის ხრიკებს“, რასაც სატანა ოჯახების დასანგრევად იყენებს (ეფეს. 6:11). მეუღლეები, რომლებიც რეგულარულად მსახურობენ ერთად, სწავლობენ „მტკიცენი, ურყევნი“ იყვნენ (1 კორ. 15:58).
როცა სირთულეები წამოიჭრება
14. რა შეიძლება იყოს ოჯახური პრობლემების მიზეზი?
14 ზემოთ მოყვანილ რჩევებში შეიძლება ახალი არაფერი იყოს, მაგრამ არ იქნებოდა ურიგო, მათზე გულახდილად გემსჯელათ მეუღლესთან. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ ამ რჩევების უკეთ გამოყენება. ბიბლია გვეუბნება, რომ „ხორციელი გასაჭირი ექნებათ“ მათაც კი, ვის ქორწინებაშიც ღმერთს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია (1 კორ. 7:28). ადამიანის არასრულყოფილების, უკუღმართი ქვეყნიერების ცუდი გავლენისა და სატანის მახეების გამო ღვთის ერთგულ მსახურებსაც კი შეიძლება შეექმნათ პრობლემები ქორწინებაში (2 კორ. 2:11). მაგრამ ამ პრობლემებთან ჭიდილში იეჰოვა გვეხმარება! და ამ პრობლემების დაძლევა შესაძლებელია! ღვთის ერთგულმა მსახურმა იობმა დაკარგა საქონელი, მსახურები და ბოლოს შვილებიც კი. მაგრამ ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყოველივეს მიუხედავად არ შეუცოდავს იობს და ცუდი არაფერი დაუბრალებია ღვთისთვის“ (იობ. 1:13—22).
15. როგორ შეიძლება მოიქცეს კაცი პრობლემის გამო და როგორი იქნებოდა ამაზე საუკეთესო საპასუხო რეაქცია?
15 იობს ცოლმა უთხრა: „ისევ შენს უმწიკვლობას ეჭიდები? დასწყევლე ღმერთი და მოკვდი!“ (იობ. 2:9). მართლაც, სერიოზული პრობლემით გამოწვეული შინაგანი აფორიაქება შეიძლება ადამიანის არაგონივრული მოქმედების მიზეზი გახდეს. „ჩაგვრისგან ბრძენიც კი შეიძლება გიჟივით მოიქცეს“, — ამბობს ბრძენი კაცი (ეკლ. 7:7). თუ თქვენი მეუღლე შექმნილმა მდგომარეობამ „დაჩაგრა“, რის გამოც ისეთ რამეს გეტყვით, რაც გულს გტკენთ, შეეცადეთ, საპასუხოდ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენც იგივე რეაქცია გექნებათ, შეიძლება ორივემ ისეთი რამ უთხრათ ერთმანეთს, რაც მდგომარეობას გააუარესებდა (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:8). ყურადღებას ნუ მიაქცევთ გაწბილებული ან დათრგუნული კაცის სიტყვებს, რომელმაც შეიძლება „ვეღარ განსაზღვროს“, რას ამბობს (იობ. 6:3).
16. ა) როგორ შეუძლიათ დაქორწინებულებს მათეს 7:1—5-ში ჩაწერილი იესოს სიტყვების გამოყენება? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი გაწონასწორებულობა დაქორწინებულთათვის?
16 დაქორწინებული წყვილის მოლოდინი რეალური უნდა იყოს. ერთმა მეუღლემ მეორეში შეიძლება რაღაც თვისება შენიშნოს და იფიქროს, რომ შეცვლის მას. სიყვარულითა და მოთმინებით შეგიძლიათ, დაეხმაროთ მეუღლეს ნელ-ნელა უკეთესობისკენ შეიცვალოს. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ისეთი ადამიანი, ვინც სხვაში ნაკლს ეძებს, იესომ ძმის თვალში „ბალახის ღეროს“ მძებნელს შეადარა, „საკუთარ თვალში . . . მორს“ რომ ვერ ამჩნევს. იესომ მოგვიწოდა: „ნუღარ გაასამართლებთ, რომ არც თქვენ გასამართლდეთ“ (წაიკითხეთ მათეს 7:1—5). ეს იმას არ ნიშნავს, რომ სერიოზულ ნაკლოვანებებს წყვილმა ყურადღება არ უნდა მიაქციოს. რობერტმა, რომელიც თითქმის 40 წელია დაქორწინებულია, თქვა: „ცოლ-ქმარი ერთმანეთის მიმართ გულწრფელი და გულახდილი რომ იყოს და მზად იყოს სამართლიანი შენიშვნების მისაღებად, შეიძლება აზროვნებაში ცვლილებების შეტანა დასჭირდეს“. ასე რომ, იყავით გაწონასწორებული. ნაცვლად იმისა, წუხდეთ, თქვენს მეუღლეს ის თვისებები რომ არა აქვს, რაც გინდათ, ჰქონდეს, ისწავლეთ, დააფასოთ მასში ის დადებითი თვისებები, რაც მას დღეს აქვს (ეკლ. 9:9).
17, 18. ვის უნდა მივმართოთ, როცა არაერთი სირთულის პირისპირ ვდგავართ?
17 სირთულეებმა შეიძლება მდგომარეობის შეცვლისას იჩინოს თავი. სირთულის წინაშე შეიძლება ის ცოლ-ქმარი აღმოჩნდეს, რომელსაც შვილები ჰყავს; შეიძლება მეუღლე ან შვილი მძიმედ დაავადდეს ან ხანდაზმულ მშობლებს ესაჭიროებოდეს მზრუნველობა; ზრდასრული შვილები შორს წავიდნენ საცხოვრებლად; ცვლილებები შეიძლება თეოკრატიულ პასუხისმგებლობებსაც მოჰყვეს. ჩამოთვლილთაგან ნებისმიერმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის გარკვეული დაძაბულობა გამოიწვიოს.
18 რა უნდა გააკეთოთ, თუ ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ ამ დაძაბულობამ ზღვარს მიაღწია? (იგავ. 24:10). ფარ-ხმალი არ დაყაროთ! სატანას იმაზე მეტად არაფერი სურს, რომ თუნდაც ერთი ღვთის მსახური ჩამოაშოროს წმინდა თაყვანისმცემლობას, წყვილის ჩამოშორებაზე რომ არაფერი ვთქვათ! ასე რომ, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ თქვენი ქორწინება სამმაგი ძაფით იყოს შეკრული. ბიბლიაში იმ მსახურთა მრავალი შემთხვევაა მოყვანილი, რომლებიც მძიმე განსაცდელების მიუხედავად ღვთის ერთგულები დარჩნენ. მაგალითად ერთხელ დავითმა გული გადმოუღვარა იეჰოვას და უთხრა, წყალობა მიყავი, ღმერთო, რადგან მოკვდავი კაცი მჩაგრავსო (ფსალმ. 56:1). ოდესმე დაუჩაგრიხართ „მოკვდავ კაცს“? ვინც უნდა იყოს თქვენი განსაცდელის მიზეზი, შორეული თუ ახლობელი, გახსოვდეთ, რომ დავითმა მიიღო განსაცდელებთან გასამკლავებლად საჭირო ძალა, და არც თქვენ დარჩებით მის გარეშე! „ვკითხე იეჰოვას და მიპასუხა, ყველა ჩემი შიშისგან გამათავისუფლა“, — თქვა დავითმა (ფსალმ. 34:4).
სხვა კურთხევები
19. როგორ დავიცვათ თავი სატანის თავდასხმებისგან?
19 ამ უკანასკნელ დროს დაქორწინებულ წყვილს ერთმანეთის ნუგეში და მხარდაჭერა ესაჭიროება (1 თეს. 5:11). არ დაგავიწყდეთ, რომ სატანამ ეჭვქვეშ დააყენა იეჰოვას მიმართ ჩვენი უანგარო მსახურება. იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობის გასაფუჭებლად ის ყველა საშუალებას გამოიყენებს, მათ შორის ოჯახის ნგრევას. სატანის თავდასხმებისგან თავის დასაცავად სრულად უნდა მივენდოთ იეჰოვას (იგავ. 3:5, 6). პავლე წერდა: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილ. 4:13).
20. რა კურთხევებს მივიღებთ, თუ იეჰოვას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავება ჩვენს ქორწინებაში?
20 როცა ქორწინებაში იეჰოვას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ამას შედეგად მრავალი კურთხევა მოაქვს. ამის დასტური ჯოელის 51 წლის ოჯახია. ის ამბობს: „მე ყოველთვის ვმადლობ იეჰოვას იმისათვის, რომ ასეთი მეუღლე მყავს და ბედნიერები ვართ ჩვენი ურთიერთობით. ის საუკეთესო შემწეა!“ რატომ არის მათი ქორწინება წარმატებული? „ყოველთვის ვცდილობდით ერთმანეთის მიმართ სიკეთე, მოთმინება და სიყვარული გამოგვევლინა“. მართალია, ამ თვისებების გამოვლენა სრულყოფილად არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია, მაგრამ, მოდი, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ გამოვიყენოთ ბიბლიური პრინციპები და ჩვენს ქორწინებაში იეჰოვას ეკავოს მნიშვნელოვანი ადგილი! თუ ამგვარად მოვიქცევით, „მალე არ გაწყდება სამმაგი ძაფი“! (ეკლ. 4:12).
გახსოვთ თუ არა?
• რას ნიშნავს, იეჰოვას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავოს ქორწინებაში?
• რის გაკეთება მართებს წყვილს სირთულეების პირისპირ დგომისას?
• რა ცხადყოფს იმას, რომ იეჰოვას ქორწინებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 18 გვერდზე]
ერთად ლოცვა წყვილს სირთულეებთან გამკლავებაში ეხმარება