არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვა ისმენს მხურვალე ლოცვას

იეჰოვა ისმენს მხურვალე ლოცვას

იეჰოვა ისმენს მხურვალე ლოცვას

„რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ (ფსალმ. 83:18).

1, 2. რა განუცდია არაერთ ადამიანს, და რა საკითხებს გავარჩევთ?

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა. ერთი კათოლიკე ქალის სამეზობლოში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მომხდარით შეძრწუნებული ქალი მღვდელთან მივიდა დახმარების სათხოვნელად, მაგრამ მან არც კი მოუსმინა. გულგატეხილმა ღმერთს მიმართა ლოცვით: „მართალია, არ გიცნობ . . , მაგრამ ვიცი, რომ არსებობ. გთხოვ, მომეცი უფლება, რომ გაგიცნო“. ცოტა ხანში მასთან იეჰოვას მოწმეები მივიდნენ, ანუგეშეს და მისი სულიერი მოთხოვნილებაც დააკმაყოფილეს. მოწმეები მას არაერთ საკითხზე ესაუბრნენ, მათ შორის იმაზეც, რომ ღმერთს აქვს სახელი, იეჰოვა. ამის გაგებამ იგი სულით ხორცამდე შეძრა. მან ასეთი სიტყვები თქვა: „ეს ყოფილა ის ღმერთი, რომლის გაცნობასაც ბავშვობიდან ვნატრობდი!“

2 ასეთი განცდა არაერთ ადამიანს დაუფლებია. ხშირ შემთხვევაში მათ ღვთის სახელი პირველად ფსალმუნის 83:18-ში უნახავთ. ეს მუხლი „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ასე ჟღერს: „რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ თუ გიფიქრია, რატომ დაიწერა 83-ე ფსალმუნი? რამ უნდა აიძულოს ხალხი, აღიარონ, რომ მხოლოდ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი? რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ამ ფსალმუნს? ახლა სწორედ ამ კითხვებს გავცემთ პასუხს *.

შეთქმულება იეჰოვას ხალხის წინააღმდეგ

3, 4. ვისი დაწერილია 83-ე ფსალმუნი და რა საშიშროების შესახებ წერდა ფსალმუნმომღერალი?

3 ოთხმოცდამესამე ფსალმუნს წამძღვარებული აქვს შემდეგი ეპიგრაფი: „ასაფის ფსალმუნი“. სავარაუდოა, რომ ეს ფსალმუნი ლევიანი ასაფის, მეფე დავითის დროს მოღვაწე სახელგანთქმული მუსიკოსის შთამომავალმა დაწერა. ფსალმუნმომღერალი იეჰოვას ევედრება, რომ თავისი უზენაესობის დასამტკიცებლად და თავისი სახელის გასაცხადებლად იმოქმედოს. ეს ფსალმუნი სოლომონის სიკვდილის შემდეგ უნდა იყოს დაწერილი, რადგან დავითის და სოლომონის მეფობის დროს ტვიროსის მეფეს ისრაელთან კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდა, 83-ე ფსალმუნის დაწერის დროს კი ტვიროსელებს უკვე გაწყვეტილი ჰქონდათ ურთიერთობა ისრაელთან და მისი მტრების მოკავშირეები იყვნენ.

4 ამ ფსალმუნში მოხსენიებულია ისრაელის მეზობელი ათი ერი, რომლებიც ღვთის ხალხის გასანადგურებლად შეითქვნენ. ესენი არიან: ‘ედომი და ისმაელელები, მოაბი და აგრელები, გებალი, ამონი და ამალეკი, ფილისტიმი და ტვიროსის მკვიდრნი, ასურეთი’ (ფსალმ. 83:6—8). რომელ ისტორიულ მოვლენას გულისხმობდა ფსალმუნმომღერალი? ზოგი ისტორიკოსის ვარაუდით, ეს დროის ის მონაკვეთია, როდესაც ისრაელზე იერიში მიიტანეს ამონელებმა, მოაბელებმა და სეირის მთიანი მხარის მკვიდრებმა (2 მატ. 20:1—26). ზოგის აზრით კი, ამაში უნდა იგულისხმებოდეს ზოგადად ისრაელი ერის მიმართ მეზობელი ერების მტრული დამოკიდებულება.

5. რით ამხნევებს დღეს ქრისტიანებს 83-ე ფსალმუნი?

5 როგორც არ უნდა იყოს, მთავარი ის არის, რომ ეს ფსალმუნი იეჰოვას შთაგონებით დაიწერა მაშინ, როცა მის ერს საფრთხე ემუქრებოდა. ეს ფსალმუნი დღესაც ამხნევებს ღვთის მსახურებს, რომელთა განადგურებაც მათ დაუძინებელ მტრებს არაერთხელ უცდიათ, და მომავალშიც გაამხნევებს, როცა გოგი მაგოგის მიწიდან კიდევ ერთხელ შეეცდება, გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს მათ, ვინც ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით სცემს თაყვანს (წაიკითხეთ ეზეკიელის 38:2, 8, 9, 16).

უმთავრესი საფიქრალი

6, 7. ა) 83-ე ფსალმუნის შესავალი სიტყვების თანახმად, რას სთხოვდა ფსალმუნმომღერალი ღმერთს? ბ) რა იყო ფსალმუნმომღერლის უმთავრესი საფიქრალი?

6 ნახეთ, როგორ უღვრის გულს იეჰოვას ფსამუნმომღერალი: „ღმერთო, ნუ დადუმდები, ნუ გაჩუმდები და ნუ გაჩერდები, ღმერთო! აი, ყაყანებენ შენი მტრები და თავი წამოყვეს შენმა მოძულეებმა. შენი ხალხის წინააღმდეგ ცბიერულად თათბირობენ . . . ერთსულოვნად თათბირობენ მთელი გულით; შენ წინააღმდეგ დებენ შეთანხმებას“ (ფსალმ. 83:1—3, 5).

7 რა იყო ფსალმუნმომღერლის უმთავრესი საფიქრალი? რა თქმა უნდა, იგი დაინტერესებული იყო საკუთარი თავისა და ოჯახის უსაფრთხოებით, მაგრამ უმთავრესად მას ის აწუხებდა, რომ იეჰოვას სახელი იბღალებოდა, და იმ ერს, რომელიც მის სახელს ატარებდა, საფრთხე ემუქრებოდა. ყოველმხრივ ვეცადოთ, რომ ჩვენც გვქონდეს ასეთი გაწონასწორებული თვალსაზრისი ამ დრომოჭმული ქვეყნიერების ბოლო დღეებში, მაშინ როცა რთულ განსაცდელებს ვხვდებით (წაიკითხეთ მათეს 6:9, 10).

8. რა მიზნით შეითქვნენ მეზობელი ერები ისრაელის წინააღმდეგ?

8 ფსალმუნმომღერალი ისრაელის მტრების სიტყვებს ციტირებს: „მოდით და აღვგავოთო ეს ერი, რათა აღარ იხსენიებოდეს ისრაელის სახელი“ (ფსალმ. 83:4). რა ძლიერ სძულდათ მათ ღვთის რჩეული ერი! ისინი კიდევ ერთი მიზეზით შეითქვნენ ღვთის ხალხის წინააღმდეგ. მათ სურდათ, ხელში ჩაეგდოთ ისრაელის მიწა. ისინი მედიდურად ამბობდნენ: „დავეუფლოთო ღვთის საცხოვრებელს“ (ფსალმ. 83:12). თუ მომხდარა მსგავსი რამ ბოლო დღეებშიც? რა თქმა უნდა.

შენი [წმინდა] სამყოფელი“

9, 10. ა) რა ითვლებოდა ძველად ღვთის წმინდა სამყოფლად? ბ) რა კურთხევები აქვთ ცხებულ ქრისტიანებსა და „სხვა ცხვარს“?

9 ძველად აღთქმული მიწა იეჰოვას წმინდა სამყოფლად ითვლებოდა. გავიხსენოთ სიტყვები იმ სიმღერიდან, რომელიც ისრაელებმა ეგვიპტიდან გათავისუფლების აღსანიშნავად იმღერეს: „სიკეთით წაუძეხი ხალხს, რომელიც გამოისყიდე; შენი ძლიერებით მიიყვან მათ შენს [წმინდა] სამყოფელში“ (გამ. 15:13). წმინდა სამყოფლად აგრეთვე ითვლებოდა ტაძარი თავისი სამღვდელოებით და ისრაელის დედაქალაქი იერუსალიმი, სადაც იეჰოვას ტახტზე ისხდნენ დავითი და მისივე საგვარეულო ხაზიდან მოსული მეფეები (1 მატ. 29:23). სწორედ ამიტომ უწოდა იესომ იერუსალიმს „დიდი მეფის ქალაქი“ (მათ. 5:35).

10 ახ. წ. 33 წელს იშვა ახალი ერი, „ღვთის ისრაელი“ (გალ. 6:16). ეს ერი იესო ქრისტეს ცხებული ძმებისგან შედგება. სწორედ ამ ერმა შეძლო ღვთის სახელით სიარული, რაც ისრაელმა ერმა ვერ შეძლო (ეს. 43:10; 1 პეტ. 2:9). მათ იეჰოვამ იგივე დაპირება მისცა, რაც ერთ დროს ძველ ისრაელს: „ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი“ (2 კორ. 6:16; ლევ. 26:12). 1919 წელს დედამიწაზე მცხოვრებმა ღვთის ისრაელმა იეჰოვას კეთილგანწყობა ჰპოვა და დაეუფლა „ქვეყანას“, ანუ სულიერ სამოთხეს, სადაც დღემდე სულიერ საქმიანობას ეწევიან (ეს. 66:8). მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან მათ რიცხვს მილიონობით „სხვა ცხვარიც“ შეუერთდა (იოან. 10:16). ის ფაქტი, რომ ისინი ბედნიერები და სულიერად მდიდრები არიან, იმის აშკარა მტკიცებაა, რომ უზენაესი ღმერთი იეჰოვაა (წაიკითხეთ ფსალმუნის 91:1, 2). რა თქმა უნდა, სატანას ეს ძლიერ არისხებს.

11. რა არის ღვთის მტრების მთავარი მიზანი?

11 ქვეყნიერების ბოლო დღეებში სატანას თავისი მიწიერი მსახურები სულითცხებულებისა და სხვა ცხვრის წინააღმდეგ გამოჰყავს. მაგალითად, დასავლეთ ევროპაში მათ ემტერებოდნენ ნაცისტები, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში — კომუნისტები. იგივე ხდებოდა ბევრ სხვა ქვეყანაშიც და იგივე მოხდება მომავალშიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა გოგი მაგოგის მიწიდან ღვთის ხალხზე საბოლოო იერიშს მიიტანს. მაშინ მტრები შეეცდებიან, რომ იეჰოვას ხალხის ქონება ხელში ჩაიგდონ, რასაც ღვთის ხალხის მტრები წინათაც აკეთებდნენ. თუმცა სატანის მთავარი მიზანი ის არის, რომ დაარღვიოს ღვთის ხალხის ერთიანობა, რათა აღარავინ იხსენიებდეს მათ ღვთის სახელით. როგორ უსწორდება იეჰოვა მათ, ვინც ასე ურცხვად ილაშქრებს მისი უზენაესობის წინააღმდეგ? დავუბრუნდეთ ფსალმუნმომღერლის სიტყვებს.

იეჰოვა არასოდეს დამარცხდება

12—14. ქალაქ მეგიდოს მახლობლად გამართულ რომელ ორ ბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვებებს იხსენებს ფსალმუნმომღერალი?

12 ფსალმუნმომღერალი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ იეჰოვას შეეძლო მტრულად განწყობილი ერების გეგმების ჩაშლა. მან მოიხსენია უძველეს ქალაქ მეგიდოს მახლობლად გამართული ორი გადამწყვეტი ბრძოლა. ეს ქალაქი ამავე სახელწოდების მქონე მეგიდოს ველზე მდებარეობდა. ორივე ბრძოლაში გამარჯვება ისრაელმა მოიპოვა. ამავე ველზე მდებარეობს მდინარე კიშონი, რომელიც ზაფხულობით შრება, ზამთრის შემდეგ კი, ხშირი წვიმების გამო, წყლით ივსება და კალაპოტიდან გადმოდის. ალბათ, სწორედ ამიტომ ეწოდება კიშონის მდინარეს „მეგიდოს წყლებიც“ (მსაჯ. 4:13; 5:19).

13 ქალაქ მეგიდოდან დაახლოებით 15 კილომეტრში, მეგიდოს ველზე, მდებარეობს მორეს გორა, რომლის მახლობლადაც მსაჯულ გედეონის დროს მიდიანელების, ამალეკელებისა და აღმოსავლელების გაერთიანებული ჯარები ისრაელთან საბრძოლველად შეიკრიბნენ (მსაჯ. 7:1, 12). გედეონს მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა, რომელიც მხოლოდ 300 კაცისგან შედგებოდა, მაგრამ იეჰოვამ მაინც გაამარჯვებინა ურიცხვ მტერზე. ღვთის მითითებისამებრ, მათ ღამით მტრის ბანაკს ალყა შემოარტყეს; ხელში დოქები ეჭირათ, რომლებშიც ჩირაღდნები ეწყო. როდესაც გედეონმა თავის ჯარს ნიშანი მისცა, დალეწეს მათ დოქები; თან საყვირებს აყვირებდნენ და გაიძახოდნენ: „იეჰოვას მახვილი და გედეონის მახვილი!“ მტრის ბანაკში აურზაური ატყდა, დაბნეული მეომრები ერთმანეთს დაერივნენ. ვინც ცოცხალი გადარჩა, იორდანის გაღმა გავიდა და გაიქცა. ამასობაში, გედეონის ლაშქარს სხვებიც შეუერთდნენ და მტერს ერთად დაედევნენ. მთლიანობაში მათ მტრის ბანაკიდან 120 000 კაცი გაჟლიტეს (მსაჯ. 7:19—25; 8:10).

14 მორეს გორის იქით, დაახლოებით 6 კილომეტრში, მეგიდოს ველზე, მდებარეობს თაბორის მთა. სწორედ აქ ჰყავდა ბარაკს შეკრებილი ისრაელთა 10 000-კაციანი ლაშქარი, რათა შებრძოლებოდა ქანაანის ქალაქ ხაცორის მეფის, იაბინის ლაშქარს, რომელსაც სისერა მეთაურობდა. ქანაანელთა ჯარს ჰყავდა 900 საომარი ეტლი, რომელთა ბორბლებზეც დანები იყო დამაგრებული. მაშინ, როცა ისრაელები, რომლებსაც არ ჰქონდათ კარგი საომარი აღჭურვილობა, თაბორის მთაზე იყვნენ შეკრებილნი, სისერას ჯარი კიშონის ხევისკენ გაემართა. შემდეგ „თავ-გზა აუბნია იეჰოვამ სისერას, მთელ მის საომარ ეტლებსა და მთელ მის ბანაკს“. ამ დროს, როგორც ჩანს, უცაბედად კოკისპირული წვიმა წამოვიდა, ადიდდა კიშონი, იქიდან გადმოსულმა წყალმა იქაურობა დატბორა და სისერას ეტლებს სვლა გაუძნელა. ისრაელები თავს დაესხნენ სისერას ლაშქარს და ყველა ერთიანად ამოწყვიტეს (მსაჯ. 4:13—16; 5:19—21).

15. ა) რას სთხოვდა ფსალმუნმომღერალი იეჰოვას? ბ) რას შეგვახსენებს ღვთის საბოლოო ომის სახელწოდება?

15 ფსალმუნმომღერალი იეჰოვას სთხოვს, რომ, როგორც ძველად, ახლაც ისე გაუსწორდეს იმ მეზობელ ერებს, რომლებიც ისრაელს ავიწროებენ. ის შემდეგი სიტყვებით ლოცულობს: „ისე მოექეცი მათ, როგორც მიდიანს, როგორც სისერას, როგორც იაბინს კიშონის ხევში. მოისპნენ ისინი ენ-დორში; ნაკელად იქცნენ მიწისათვის“ (ფსალმ. 83:9, 10). აღსანიშნავია, რომ ღვთის საბოლოო ომს, რომელიც სატანის ქვეყნიერების წინააღმდეგ გაჩაღდება, არმაგედონი („მეგიდოს მთა“) ეწოდება. ეს სახელწოდება იმ დრამატულ ბრძოლებს შეგვახსენებს, რომლებიც მეგიდოს მახლობლად გაიმართა. ის ფაქტი, რომ ამ ბრძოლებში იეჰოვამ გაიმარჯვა, იმის გარანტიაა, რომ იგი არმაგედონის ომშიც გაიმარჯვებს (გამოცხ. 16:13—16).

ლოცვა იეჰოვას უზენაესობისთვის

16. როგორ ‘დაუფარა სახე სირცხვილით’ იეჰოვამ თავის მტრებს?

16 „ბოლო დღეების“ განმავლობაში იეჰოვამ ჩაშალა ყველა გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა მისი ხალხის განადგურებას (2 ტიმ. 3:1). ღვთის მტრები სირცხვილნაჭამნი დარჩნენ. ამის შესახებ ჩაწერილია ფსალმუნის 83:16-ში: „სახე სირცხვილით დაუფარე, რათა ხალხმა ეძებოს შენი სახელი, იეჰოვა“. მოწინააღმდეგეებმა ვერც ერთ ქვეყანაში ვერ მიაღწიეს იმას, რომ დაედუმებინათ იეჰოვას მოწმეები. ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელთა სიმტკიცემ და მოთმინებამ არაერთი გულმართალი ადამიანი აღძრა იმისკენ, რომ ‘იეჰოვას სახელი ეძიათ’. იმ ქვეყნებში, სადაც იეჰოვას მოწმეებს ერთ დროს სასტიკად დევნიდნენ, დღეს ათობით ათასი, და ზოგან ასობით ათასიც კი, სიხარულით განადიდებს იეჰოვას. ეს იეჰოვასთვის დიდებული გამარჯვებაა, ხოლო მისი მტრებისთვის — დამამცირებელი მარცხი! (წაიკითხეთ იერემიას 1:19).

17. რა არჩევანის წინაშე დგას დღეს კაცობრიობა, და რა სიტყვები გაგვახსენდება მალე?

17 ჩვენ ვიცით, რომ ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, ამიტომ სასიხარულო ცნობის ქადაგებას მოწინააღმდეგეებთანაც კი განვაგრძობთ (მათ. 24:14, 21). თუმცა შესაძლებლობა იმისა, რომ მოინანიონ და ხსნა მოიპოვონ, მალე აღარ ექნებათ. იეჰოვას სახელის განწმენდა ადამიანთა ხსნაზე ბევრად მნიშვნელოვანია (წაიკითხეთ ეზეკიელის 38:23). როდესაც ღვთის მოწინააღმდეგე ერები ღვთის ხალხის გასანადგურებლად გაერთიანდებიან, სწორედ მაშინ გაგვახსენდება ფსალმუნმომღერლის ლოცვა: „შერცხვნენ და შეძრწუნდნენ სამარადისოდ, დამდაბლდნენ და განადგურდნენ“ (ფსალმ. 83:17).

18, 19. ა) რა ელით მათ, ვინც ურცხვად ეწინააღმდეგება უზენაეს ღმერთს, იეჰოვას? ბ) რისკენ აღგძრავს ის, რომ მალე დამტკიცდება იეჰოვას უზენაესობა?

18 მათ, ვინც იეჰოვას, უზენაეს ღმერთს ურცხვად ეწინააღმდეგება, დამამცირებელი განადგურება ელით. როგორც ღვთის სიტყვაში წერია, ისინი, „ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას“, არმაგედონში სასჯელად „მარადიულ განადგურებას მიიღებენ“ (2 თეს. 1:7—9). მათი განადგურება და იეჰოვას თაყვანისმცემელთა ხსნა იმის უტყუარი მტკიცება იქნება, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვაა. ახალ ქვეყნიერებაში ამ დიდებულ გამარჯვებას არასოდეს დაივიწყებენ! მკვდრეთით აღდგენილი „მართლებიც და უმართლოებიც“ გაიგებენ იეჰოვას საოცარი საქმეების შესახებ (საქ. 24:15). ახალ ქვეყნიერებაში ისინი აშკარად დაინახავენ, რომ არ არსებობს იმაზე დიდი სიბრძნე, ვიდრე ის, რომ იცხოვრო უზენაესი ღმერთის, იეჰოვას მფარველობის ქვეშ. უმართლოთაგან ვინც თვინიერებას გამოავლენს, მალევე დარწმუნდება, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი.

19 მართლაც არაჩვეულებრივ მომავალს ჰპირდება ზეციერი მამა თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს! ეს აღგვძრავს, ვილოცოთ, რომ საბოლოოდ შესრულდეს ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „დამდაბლდნენ [შენი მტრები] და განადგურდნენ, რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ (ფსალმ. 83:17, 18).

[სქოლიო]

^ აბზ. 2 ვიდრე სტატიის მომზადებას განაგრძობთ, კარგი იქნება, თუ წაიკითხავთ 83-ე ფსალმუნს და გაეცნობით მის შინაარსს.

როგორ უპასუხებთ?

• რა საშიშროების წინაშე იდგა ისრაელი, როდესაც 83-ე ფსალმუნი დაიწერა?

• რა იყო ფსალმუნმომღერლის მთავარი საფიქრალი?

• დღეს ვინ არის სატანის სამიზნე?

• საბოლოოდ როგორ უპასუხებს იეჰოვა იმ ლოცვას, რომელიც ჩაწერილია ფსალმუნის 83:18-ში?

[სასწავლო კითხვები]

[რუკა 15 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

რას მოასწავებს მეგიდოს მახლობლად გამართული ბრძოლები?

მდინარე კიშონი

ხაროშეთი

ქარმელის მთა

იზრეელის ველი

მეგიდო

თაანახი

გილბოას მთა

ხაროდის ჭა

მორეს გორა

ენ-დორი

თაბორის მთა

გალილეის ზღვა

მდინარე იორდანე

[სურათი 12 გვერდზე]

რა აღძრავდა ფსალმუნმომღერალს, რომ ასე მხურვალედ ელოცა?