არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვა ჩვენსავე საკეთილდღეოდ გვაკვირდება

იეჰოვა ჩვენსავე საკეთილდღეოდ გვაკვირდება

იეჰოვა ჩვენსავე საკეთილდღეოდ გვაკვირდება

„იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“ (2 მატ. 16:9).

1. რატომ გვაკვირდება იეჰოვა?

იეჰოვა საუკეთესო მამაა. იგი იმდენად კარგად გვიცნობს, რომ იცის ჩვენი „ყოველი ფიქრი და ზრახვა“ (1 მატ. 28:9). იგი გვაკვირდება, მაგრამ არა იმ მიზნით, რომ რაღაცაში გამოგვიჭიროს (ფსალმ. 11:4; 130:3). როგორც მოსიყვარულე მამა, ამას იმიტომ აკეთებს, რომ დაგვიცვას, რადგან არ უნდა, რომ მასთან ურთიერთობა გაგვიფუჭდეს ან მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა დავკარგოთ (ფსალმ. 25:8—10, 12, 13).

2. ვის დასახმარებლად იყენებს იეჰოვა თავის ძალას?

2 იეჰოვა უსაზღვრო ძალის პატრონია და ყველაფერს ხედავს. მას შესწევს იმის ძალა, რომ დაეხმაროს თავის ერთგულ მსახურებს, როცა კი მოუხმობენ, და გასაჭირში მხარში ამოუდგეს. „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“, — ნათქვამია 2 მატიანეს 16:9-ში. როგორც ვხედავთ, იეჰოვა თავის ძალას მათ დასახმარებლად იყენებს, ვინც მას მთელი გულით, ანუ სუფთა და წრფელი გულით ემსახურება. რაც შეეხება მზაკვრებსა და თვალთმაქცებს, მათ მიმართ იეჰოვა არანაირ მზრუნველობას არ ავლენს (იესო. 7:1, 20, 21, 25; იგავ. 1:23—33).

იარე ღმერთთან ერთად

3, 4. რას ნიშნავს ღმერთთან ერთად სიარული და რომელი ბიბლიური პერსონაჟების მაგალითებიდან ვიგებთ ამის მნიშვნელობას?

3 ბევრისთვის ძნელი წარმოსადგენია ის, რომ უკიდეგანო სამყაროს შემოქმედი ადამიანებს სულიერი გაგებით მასთან ერთად სიარულის ნებას აძლევს. მაგრამ იეჰოვა სწორედ ამას მოელის ჩვენგან. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ენოქი და ნოე ‘ღმერთთან ერთად დადიოდნენ’ (დაბ. 5:24; 6:9). მოსეს შესახებ კი წერია, რომ „მტკიცე იყო, თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“ (ებრ. 11:27). მეფე დავითიც თავმდაბლად დადიოდა თავის ზეციერ მამასთან ერთად. მან დაწერა: „არ წავბორძიკდები, რადგან ის [იეჰოვა] ჩემ მარჯვნივ არის“ (ფსალმ. 16:8).

4 რასაკვირველია, შეუძლებელია იეჰოვას პირდაპირი გაგებით ჩავჭიდოთ ხელი და ისე ვიაროთ მასთან ერთად. მაგრამ სულიერი გაგებით ეს შესაძლებელია. ფსალმუნმომღერალმა ასაფმა დაწერა: „მუდამ შენთან ვარ; შენ გიჭირავს ჩემი მარჯვენა ხელი. შენი რჩევით წამიძღვები“ (ფსალმ. 73:23, 24). მარტივად რომ ვთქვათ, იეჰოვასთან ერთად სიარული იმას ნიშნავს, რომ ზუსტად მივყვეთ იმ მითითებებს, რომელსაც, ძირითადად, მისი სიტყვიდან და „ერთგული და გონიერი მონისგან“ ვიღებთ (მათ. 24:45; 2 ტიმ. 3:16).

5. რატომ შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვა თავის მსახურებს ისე აკვირდება, როგორც მოსიყვარულე მამა, და რას უნდა ვგრძნობდეთ მის მიმართ?

5 იეჰოვა სათუთად ზრუნავს მათზე, ვინც მასთან ერთად დადის, და ისე აკვირდება, როგორც მოსიყვარულე მამა, იცავს მათ და ასწავლის. „წვდომის უნარს მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო, — ამბობს იეჰოვა. — რჩევას მოგცემ და თვალი მეჭირება შენზე“ (ფსალმ. 32:8). დაუსვი საკუთარ თავს შემდეგი კითხვები: დავდივარ იეჰოვასთან ერთად, ვეწაფები მის სიბრძნეს და მჯერა, რომ ისე მაკვირდება, როგორც მოსიყვარულე მამა? ის, რომ იეჰოვა მაკვირდება, ახდენს ეს გავლენას იმაზე, თუ რაზე ვფიქრობ, რაზე ვლაპარაკობ და რას ვაკეთებ? თუ ცოდვა ჩავიდინე, ვფიქრობ იმაზე, რომ იეჰოვა არ არის გულგრილი და მკაცრი ღმერთი, არამედ მოსიყვარულე და გულმოწყალე მამაა, რომელსაც სურს, რომ მომნანიებელმა მასთან თბილი ურთიერთობა აღადგინოს? (ფსალმ. 51:17).

6. რატომ შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვა საუკეთესო მშობელია?

6 ზოგჯერ იეჰოვა მანამდეც გვიწვდის დახმარების ხელს, ვიდრე არასწორ გზას დავადგებით. მაგალითად, მან შეიძლება შეამჩნიოს, რომ ჩვენს გულში, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება ვერაგი გახდეს, მავნე სურვილებმა დაიწყო გაღვივება (იერ. 17:9). ასეთ შემთხვევაში იეჰოვას შეუძლია ნებისმიერ მშობელზე გაცილებით მალე მიიღოს საჭირო ზომები, რადგან მას შესწევს იმის ძალა, რომ თავისი „მბრწყინავი თვალებით“ ჩვენს გულში ჩაიხედოს და დაინახოს ჩვენი გულის ზრახვები (ფსალმ. 11:4; 139:4; იერ. 17:10). ახლა ვნახოთ, რა მოხდა იერემია წინასწარმეტყველის მდივნისა და ახლო მეგობრის, ბარუქის ცხოვრებაში, და რა გაფრთხილება მისცა მას იეჰოვამ.

ნამდვილი მამა

7, 8. ა) ვინ იყო ბარუქი, და რისი სურვილი იდგამდა ფესვს მის გულში? ბ) რით აჩვენა იეჰოვამ, რომ მამასავით ზრუნავდა ბარუქზე?

7 ბარუქი იყო იერემიას ერთგული მდივანი. იგი წინასწარმეტყველის მხარდამხარ მსახურობდა, რომელიც მეტად რთულ დავალებას ასრულებდა — იუდას იეჰოვას განაჩენს უცხადებდა (იერ. 1:18, 19). ბარუქი შესაძლოა სახელოვანი ოჯახიდან იყო. როგორც ბიბლიიდანაა ცნობილი, მის ცხოვრებაში იყო ისეთი დრო, როდესაც „დიდი რამე“ მოინდომა. მას, როგორც ჩანს, სახელის მოხვეჭის ან გამდიდრების სურვილი გაუჩნდა. როგორც არ უნდა ყოფილიყო, იეჰოვამ დაინახა, რომ მის გულში ფესვს იდგამდა მავნე სურვილები. იერემიას პირით ღმერთმა მყისვე გააფრთხილა ბარუქი: „შენ ამბობ, ვაიმე, რადგან ტკივილზე მწუხარება დამიმატაო იეჰოვამ! ოხვრამ დამქანცა და მოსასვენებლად ადგილს ვერ ვპოულობო . . . დიდ რამეს ეძებ შენთვის. ნუ ეძებ“ (იერ. 45:1—5).

8 მართალია, იეჰოვამ მტკიცედ უთხრა სათქმელი ბარუქს, მაგრამ არა იმიტომ, რომ განრისხდა, არამედ იმიტომ, რომ ნამდვილ მამასავით ზრუნავდა. როგორც ჩანს, ღმერთმა დაინახა, რომ ბარუქს ბოროტი და მზაკვარი გული არ ჰქონდა. გარდა ამისა, ახლოვდებოდა იერუსალიმისა და იუდას განადგურება და იეჰოვას არ უნდოდა, რომ ასეთ კრიტიკულ დროს ბარუქს სერიოზული შეცდომა დაეშვა. ბარუქი გონს რომ მოსულიყო, ღმერთმა შეახსენა მას, რომ მალე ‘უბედურებას დაატეხდა ყოველ ხორციელს’, და დასძინა, რომ თუ ბრძნულად მოიქცეოდა, იცოცხლებდა (იერ. 45:5). შეიძლება ითქვას, რომ ღმერთმა ბარუქს ასეთი რამ უთხრა: „ხომ იცი, მალე რაც დაატყდება თავს ცოდვილ იუდასა და იერუსალიმს. თუ მიერთგულებ, იცოცხლებ! მე დაგიცავ“. როგორც ჩანს, იეჰოვამ დააფიქრა ბარუქი. მან შეიცვალა აზროვნება, რადგან 17 წლის შემდეგ, როდესაც იერუსალიმი განადგურდა, გადარჩა.

9. როგორ უპასუხებთ აბზაცში დასმულ კითხვებს?

9 ახლა დავფიქრდეთ რამდენიმე შეკითხვაზე და შესაბამის ბიბლიურ მუხლებზე. რას გვეუბნება იეჰოვას შესახებ ის, რომ მან ბარუქზე მამასავით იზრუნა? როგორი გრძნობები აქვს ღმერთს თავის მსახურთა მიმართ? (წაიკითხეთ ებრაელების 12:9). თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ, რა შეიძლება ვისწავლოთ იქიდან, რაც იეჰოვამ უთხრა ბარუქს, და აგრეთვე იქიდან, თუ როგორ მოიქცა ბარუქი? (წაიკითხეთ ლუკას 21:34—36). იერემიას მსგავსად, რით შეუძლიათ ქრისტიან უხუცესებს დაანახვონ იეჰოვას სამწყსოს, რომ იგი ზრუნავს მათზე? (წაიკითხეთ გალატელების 6:1).

ძე მამის სიყვარულს ირეკლავს

10. რით არის იესო, ქრისტიანული კრების თავი, აღვსილი თავისი მოვალეობის შესასრულებლად?

10 ქრისტიანობამდე იეჰოვა თავისი ხალხის მიმართ სიყვარულს წინასწარმეტყველთა თუ სხვა ერთგულ მსახურთა მეშვეობით ავლენდა. დღეს კი ღვთის სიყვარული განსაკუთრებით იმით ვლინდება, რომ ქრისტიანული კრების თავი იესო ქრისტეა (ეფეს. 1:22, 23). წიგნ „გამოცხადებაში“ იესო აღწერილია, როგორც კრავი, რომელსაც ‘შვიდი თვალი აქვს, რომლებიც მთელ დედამიწაზე გამოგზავნილ ღვთის შვიდ სულს ნიშნავს’ (გამოცხ. 5:6). წმინდა სულით აღვსილი იესო ყველაფერს კარგად ხედავს, მათ შორის იმას, თუ შინაგანად როგორი ადამიანები ვართ. მის თვალს არაფერი ეპარება.

11. რა როლი აკისრია იესოს, და საიდან ჩანს, რომ იგი მამის ანარეკლია?

11 იესო ზეცაში იმიტომ როდია, რომ პოლიციელივით გვითვალთვალოს. ის სიყვარულით გვამოწმებს. ბიბლიაში იესოს „მარადიული მამა“ ეწოდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ღვთისგან ბოძებული ძალით იესო მარადიულ სიცოცხლეს მისცემს ყველას, ვინც მას ირწმუნებს (ეს. 9:6). გარდა ამისა, როგორც ქრისტიანული კრების თავს, იესოს შეუძლია აღძრას სულიერად მოწიფული ქრისტიანები, რომლებიც მზად არიან სხვების დასახმარებლად, განსაკუთრებით კი უხუცესები, რომ ანუგეშონ გასაჭირში მყოფნი ან დროული რჩევა მისცენ (1 თეს. 5:14; 2 ტიმ. 4:1, 2).

12. ა) რას ვიგებთ იესოს შესახებ მცირე აზიის შვიდი კრების მიმართ მიწერილი წერილებიდან? ბ) მეტყველებს თუ არა უხუცესების მიერ ღვთის სამწყსოს მიმართ გამოვლენილი მზრუნველობა ქრისტეს სიყვარულზე?

12 ქრისტეს მზრუნველობა სამწყსოზე კარგად ჩანს იმ წერილებიდან, რომლებიც მცირე აზიის შვიდი კრების უხუცესებს მოციქულმა იოანემ მისწერა * (გამოცხ. 2:1—3:22). როგორც ამ წერილებიდან ხდება ცხადი, იესომ არა მარტო იცოდა, თუ რა ხდებოდა თითოეულ კრებაში, არამედ დაინტერესებულიც იყო ამ კრებების მდგომარეობით. დღეს განსაკუთრებით იგრძნობა იესოს მზრუნველობა, რადგან „გამოცხადებაში“ ჩაწერილი ხილვები „უფლის დღის“ განმავლობაში სრულდება (გამოცხ. 1:10). ქრისტეს სიყვარულზე ხშირად უხუცესების, კრების სულიერი მწყემსების, მზრუნველობა მეტყველებს. საჭიროების შემთხვევაში მას შეუძლია აღძრას უხუცესები, „ძღვენი ადამიანთა სახით“, რომ სამწყსო გაამხნეონ, ანუგეშონ ან რჩევა მისცენ (ეფეს. 4:8; საქ. 20:28; წაიკითხეთ ესაიას 32:1, 2). არის თუ არა შენთვის უხუცესების მზრუნველობა იმის მაჩვენებელი, რომ ქრისტე პირადად შენით არის დაინტერესებული?

დროული დახმარება

13—15. მოიყვანეთ მაგალითები, თუ რა და რა სახით შეიძლება უპასუხოს ღმერთმა ჩვენს ლოცვებს.

13 ყოფილხარ ისეთ მდგომარეობაში, როცა გულმხურვალე ლოცვით იეჰოვასთვის დახმარება გითხოვია, იეჰოვას კი პასუხი იმით გაუცია, რომ სულიერად მოწიფული ქრისტიანი მოსულა შენთან და გაუმხნევებიხარ? (იაკ. 5:14—16). შეიძლება ლოცვაზე პასუხი ქრისტიანული კრების შეხვედრაზე წარმოთქმული მოხსენებიდან ან ერთ-ერთი ჩვენი პუბლიკაციიდან მიგიღია. ხშირად იეჰოვა ლოცვებს სწორედ ასეთი სახით პასუხობს. ერთხელ ერთი და მივიდა უხუცესთან, რომელმაც კრების შეხვედრაზე მოხსენება წარმოთქვა. მანამდე, რამდენიმე კვირით ადრე, ეს და საშინელი უსამართლობის მსხვერპლი გახდა. მას უხუცესთან თავის პრობლემაზე კი არ დაუწყია ჩივილი, არამედ მადლობა გადაუხადა იმ ბიბლიური აზრებისთვის, რომელიც მან გადმოსცა. ამ დამ დიდი ნუგეში მიიღო, რადგან ეს აზრები ზუსტად მიესადაგებოდა მის სიტუაციას. რა კარგი იყო, რომ ის იმ დღეს კრების შეხვედრას დაესწრო!

14 ლოცვის ძალა რომ დავინახოთ, მოვიყვანოთ სამი პატიმრის შემთხვევა, რომლებმაც ციხეში შეისწავლეს ბიბლია და მოუნათლავი მაუწყებლები გახდნენ. ერთხელ ციხეში ჩხუბი ატყდა, რის გამოც პატიმრებს გარკვეული უფლებები ჩამოართვეს. ამან პატიმრების პროტესტი გამოიწვია. მათ გადაწყვიტეს, რომ დილით საუზმის შემდეგ პროტესტის ნიშნად თეფშები არ დაებრუნებინათ. ეს სამი მაუწყებელი დილემის წინაშე აღმოჩნდა. თუ აჯანყებულებს შეუერთდებოდნენ, დაარღვევდნენ იეჰოვას კანონს, რომელიც რომაელების 13:1-შია ჩაწერილი, ხოლო თუ მათ გვერდით არ დადგებოდნენ, შეიძლება გულმოსულ პატიმრებს მათზე შური ეძიათ.

15 ეს სამი პატიმარი ერთმანეთისგან იზოლირებული იყო. მიუხედავად ამისა, იმ დღეს სამივემ სთხოვა იეჰოვას სიბრძნე. მომდევნო დილას, როგორც აღმოჩნდა, სამივეს ერთი და იგივე გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული — სამივემ უარი თქვა საუზმეზე. როდესაც საუზმის შემდეგ საკნების მეთვალყურეები თეფშების წასაღებად მივიდნენ, მათ არაფერი ჰქონდათ დასაბრუნებელი. რა ბედნიერები იქნებოდნენ, როდესაც „ლოცვების მომსმენის“ მხარდაჭერას იგრძნობდნენ! (ფსალმ. 65:2).

გქონდეს ღვთის მხარდაჭერის იმედი

16. აჩვენებს თუ არა სამქადაგებლო საქმიანობა, რომ იეჰოვას აღელვებს ცხვრისმაგვარი ადამიანების მდგომარეობა?

16 მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობა კიდევ ერთი მტკიცებაა იმისა, რომ იეჰოვას აღელვებს გულმართალი ხალხის მდგომარეობა (დაბ. 18:25). ხშირად იეჰოვა ანგელოზების საშუალებით აგზავნის თავის მსახურებს ცხვრისმაგვარ ადამიანებთან ისეთ დაშორებულ ადგილებშიც კი, სადაც სასიხარულო ცნობა ჯერ არავის უქადაგია (გამოცხ. 14:6, 7). მაგალითად, პირველ საუკუნეში ღმერთმა ანგელოზის მეშვეობით ფილიპე გაგზავნა ეთიოპი დიდებულის მოსაძებნად. მან იპოვა ეს კაცი და წმინდა წერილებიდან გარკვეული მონაკვეთი აუხსნა. ეთიოპმა დიდებულმა მიიღო სასიხარულო ცნობა, მოინათლა და ქრისტეს მიმდევარი გახდა * (იოან. 10:14; საქ. 8:26—39).

17. რატომ არა გვაქვს მეტისმეტი წუხილის საფუძველი?

17 რაც უფრო ახლოვდება ამ ქვეყნიერების აღსასრული, მით უფრო ძლიერდება ნაწინასწარმეტყველები „მშობიარობის ტკივილები“ (მათ. 24:8). მაგალითად, პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდის, კლიმატური პირობების გაუარესებისა თუ ეკონომიკური არასტაბილურობის გამო შესაძლოა საგრძნობლად გაიზარდოს ფასი პროდუქტებზე, უფრო და უფრო გართულდეს სამუშაოს შოვნა და ზოგს შეიძლება დამატებითაც კი მოუწიოს მუშაობა. რაც არ უნდა მოხდეს, მათ, ვინც იეჰოვას მსახურებას უმთავრეს ადგილს უთმობს და ‘თვალსაც სუფთად’ ინახავს, მეტისმეტი წუხილის საფუძველი არა აქვთ. მათ იციან, რომ ღმერთს უყვარს ისინი და ზრუნავს მათზე (მათ. 6:22—34). გავიხსენოთ, როგორ იზრუნა იეჰოვამ იერემიაზე იერუსალიმის განადგურების წინა პერიოდში, რომელიც ძვ. წ. 607 წელს მიწასთან გასწორდა.

18. როგორ დაარწმუნა იეჰოვამ იერემია თავის სიყვარულში იმ დროს, როცა იერუსალიმი ალყაში იყო მოქცეული?

18 ვიდრე ბაბილონელებს იერუსალიმი ალყაში ჰყავდათ მოქცეული, იერემია მცველთა ეზოში იყო დამწყვდეული. რით საზრდოობდა იგი? თავისუფალი რომ ყოფილიყო, თვითონ იზრუნებდა თავის თავზე, მაგრამ ახლა მთლიანად სხვებზე იყო დამოკიდებული, რომელთაგან უმეტესობას სძულდა ის. მიუხედავად ამისა, იერემია ადამიანებზე კი არა, ღმერთზე იყო დაიმედებული, რომელიც დაჰპირდა, რომ იზრუნებდა მასზე. შეასრულა იეჰოვამ თავისი პირობა? რასაკვირველია. მან იზრუნა იმაზე, რომ იერემიასთვის ყოველდღიურად მიეცათ ‘თითო მრგვალი პური, სანამ პური გამოილეოდა ქალაქში’ (იერ. 37:21). იმ დროს იერემია, ბარუქი, ებედ-მელექი თუ სხვები შიმშილს, ავადმყოფობასა და სიკვდილს გადაურჩნენ (იერ. 38:2; 39:15—18).

19. რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი?

19 მართლაც, „იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი, ყური — მათი ვედრებისკენ“ (1 პეტ. 3:12). ხარ თუ არა ბედნიერი იმის გამო, რომ გაკვირდება ზეციერი მამა? გრძნობ თუ არა თავს მშვიდად და უსაფრთხოდ, როდესაც იცი, რომ ამას იეჰოვა შენსავე საკეთილდღეოდ აკეთებს? რაც არ უნდა მოხდეს, განაგრძე ღმერთთან ერთად სიარული! შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა ყოველთვის თავის ერთგულთა გვერდით იქნება და მათ თავის მამობრივ მზრუნველობას არ მოაკლებს (ფსალმ. 32:8; წაიკითხეთ ესაიას 41:13).

[სქოლიოები]

^ აბზ. 12 მართალია, ეს წერილები, ძირითადად, ქრისტეს ცხებულ მიმდევრებს ეხება, მაგრამ აქედან ღვთის ყველა მსახურს შეუძლია მიიღოს სარგებლობა.

^ აბზ. 16 კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ღმერთი თავის მსახურებს იქ აგზავნის, სადაც საჭიროა, ჩაწერილია საქმეების 16:6—10-ში. როგორც ამ მუხლებში ვკითხულობთ, პავლესა და მის თანამსახურებს „წმინდა სულმა . . . სიტყვის ქადაგება აუკრძალა“ აზიასა და ბითინიაში. შემდეგ ღმერთმა ისინი მაკედონიაში გაგზავნა, სადაც მათ ქადაგებას ბევრი თვინიერი ადამიანი გამოეხმაურა.

როგორ უპასუხებთ?

• რით შეიძლება ცხადვყოთ, რომ ‘ღმერთთან ერთად დავდივართ’?

• როგორ გამოხატა იეჰოვამ სიყვარული ბარუქის მიმართ?

• როგორ ირეკლავს მამის თვისებებს იესო, ქრისტიანული კრების თავი?

• რით შეიძლება ვაჩვენოთ, რომ ამ მეტად რთულ დროში იეჰოვაზე ვართ დაიმედებულნი?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 9 გვერდზე]

როგორც იერემიამ იზრუნა ბარუქზე, ისე ქრისტიანი უხუცესები ზრუნავენ სამწყსოზე, რაშიც იეჰოვას მზრუნველობა ჩანს

[სურათი 10 გვერდზე]

რა სახით შეუძლია იეჰოვას დროული დახმარების აღმოჩენა?