არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას გაიღებ მარადიული სიცოცხლისთვის?

რას გაიღებ მარადიული სიცოცხლისთვის?

რას გაიღებ მარადიული სიცოცხლისთვის?

„რას გაიღებს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?“ (მათ. 16:26).

1. რატომ გაკიცხა იესომ პეტრე?

მოციქული პეტრე ყურებს არ უჯერებდა, როცა მისმა საყვარელმა მოძღვარმა, იესო ქრისტემ პირდაპირ თქვა, რომ მალე აწამებდნენ და მოკლავდნენ. ამის გამო მას პეტრემ უსაყვედურა: „შეიწყალე თავი, უფალო! ნუ დამართებ თავს ამას“. რა თქმა უნდა, პეტრემ ეს კეთილი განზრახვით გააკეთა. იესომ მას ზურგი შეაქცია და სხვა მოწაფეებისკენ მიბრუნდა. როგორც ჩანს, პეტრეს აზრს ისინიც იზიარებდნენ. შემდეგ იესომ პეტრეს უთხრა: „მომცილდი, სატანა! დაბრკოლება ხარ ჩემთვის, რადგან ღვთიურზე კი არა, ადამიანურზე ფიქრობ“ (მარ. 8:32, 33; მათ. 16:21—23).

2. იესოს სიტყვების თანახმად, ვის შეიძლება ეწოდოს ჭეშმარიტი მოწაფე?

2 იესოს შემდგომი სიტყვებიდან პეტრე უთუოდ დაინახავდა, თუ რატომ ჰქონდა მას ასეთი მწვავე რეაქცია. იესომ «თავის მოწაფეებთან ერთად ხალხიც მოიხმო და უთხრა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი წამების ბოძი და გამომყვეს, რადგან ვისაც სურს თავისი სულის ხსნა, დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემი და სასიხარულო ცნობის გულისთვის დაკარგავს სულს, იხსნის მას“» (მარ. 8:34, 35). იესო სიტყვა „სულში“ სიცოცხლეს გულისხმობდა. როგორც ვხედავთ, იგი მზად იყო სიცოცხლის გასაწირად. თუმცა იესო თავისი მიმდევრებისგანაც მოელოდა, რომ ისინიც მზად იქნებოდნენ ღვთის გულისათვის თავის გასაწირად. თუ ასე მოიქცეოდნენ, დიდ ჯილდოს მიიღებდნენ (წაიკითხეთ მათეს 16:27).

3. ა) რა ჰკითხა იესომ თავის მსმენელებს? ბ) რა შეიძლებოდა გაეხსენებინა იესოს კითხვას მისი მსმენელებისთვის?

3 მაშინ იესომ თავის მოწაფეებს ორი დამაფიქრებელი კითხვა დაუსვა: „რას არგებს კაცს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, სულს კი დაკარგავს?“ და „რას გაიღებს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?“ (მარ. 8:36, 37). პირველ კითხვაზე პასუხი ნათელია. არავითარი აზრი არ ექნება იმას, თუ კაცი მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, სიცოცხლეს კი დაკარგავს. ქონებას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, ვიდრე ადამიანი ცოცხალია. იესოს მეორე კითხვამ, თუ რას გაიღებდა კაცი თავისი სულის სანაცვლოდ, მის მსმენელებს შეიძლება სატანის შემდეგი სიტყვები გაახსენა: „სიცოცხლის სანაცვლოდ კი ყველაფერს გაიღებს კაცი“ (იობ. 2:4). ისინი, ვინც იეჰოვას არ ემსახურებიან, შეიძლება ეთანხმებიან სატანის ამ სიტყვებს. ბევრი მათგანი სიცოცხლის შესანარჩუნებლად უკან არაფერზე დაიხევს. მაგრამ ქრისტიანები სულ სხვაგვარად ფიქრობენ.

4. რატომ აქვს იესოს კითხვებს უფრო მეტი მნიშვნელობა ქრისტიანებისთვის?

4 დედამიწაზე იესოს მოსვლის მიზანი ის არ ყოფილა, რომ გვქონოდა კარგი ჯანმრთელობა, სიმდიდრე და ამ ქვეყნიერებაში დიდხანს გვეცოცხლა. ის იმისათვის მოვიდა, რომ ჩვენთვის ახალ ქვეყნიერებაში მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მოეცა. ეს იმედი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია (იოან. 3:16). ქრისტიანს იესოს პირველი კითხვა ასე უნდა ესმოდეს: „რას არგებს კაცს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, მარადიული სიცოცხლის იმედს კი დაკარგავს?“ რა თქმა უნდა, არაფერს (1 იოან. 2:15—17). ვიდრე იესოს მეორე კითხვას პასუხს გავცემდეთ, ჯერ ვკითხოთ საკუთარ თავს: რა შემიძლია დღეს დავთმო იმისათვის, რომ ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების მტკიცე იმედი მქონდეს? ამ კითხვაზე ჩვენი პასუხი აჩვენებს, თუ მარადიული სიცოცხლის რამდენად მტკიცე იმედი გვაქვს (შეადარეთ იოანეს 12:25).

5. როგორ არის შესაძლებელი მარადიული სიცოცხლის მიღება?

5 ცხადია, იესოს ის არ ჰქონია მხედველობაში, რომ ჩვენი ძალებით შეგვიძლია მარადიული სიცოცხლის მოპოვება. სიცოცხლე — ამ წუთისოფელში ხანმოკლე სიცოცხლეც კი — ძღვენია. მარადიულ სიცოცხლეს ჩვენ ვერც შევიძენთ და ვერც დავიმსახურებთ. მისი მიღება მხოლოდ „ქრისტე იესოსა“ და იეჰოვასადმი რწმენითაა შესაძლებელი, რომელიც „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (გალ. 2:16; ებრ. 11:6). რწმენა საქმეებით უნდა დამტკიცდეს, რადგან ‘რწმენა საქმის გარეშე მკვდარია’ (იაკ. 2:26). ამიტომ კარგად დავფიქრდეთ, თუ რაზე შეგვიძლია ვთქვათ უარი ამ ქვეყნიერებაში და რამდენის გასაკეთებლად ვართ მზად იეჰოვას მსახურებაში.

„არც ქრისტე ფიქრობდა საკუთარ სიამოვნებაზე“

6. რა იყო იესოსთვის მნიშვნელოვანი?

6 იესოს არ იზიდავდა ის, რასაც იმდროინდელი ქვეყნიერება სთავაზობდა. იგი უფრო მნიშვნელოვანი რამით იყო დაინტერესებული, ამიტომ არც კი უცდია, რომ კარგი ცხოვრება მოეწყო. მას თავგანწირვის სული ჰქონდა და ყოველთვის ემორჩილებოდა ღმერთს. იგი საკუთარ სიამოვნებაზე არ ფიქრობდა, რაც მისი შემდეგი სიტყვებიდან ჩანს: „ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას [ღმერთს] მოსწონს“ (იოან. 8:29). როგორი მსხვერპლის გასაღებად იყო იესო მზად, ღმერთის გული რომ გაეხარებინა?

7, 8. ა) რა მსხვერპლი გაიღო იესომ და როგორ დაჯილდოვდა ამისთვის? ბ) რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?

7 ერთხელ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „კაცის ძეც არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მათ. 20:28). როდესაც იესომ თავისი მოციქულები გააფრთხილა, რომ მალე ხალხისთვის სიცოცხლეს გასწირავდა, როგორც აღვნიშნეთ, პეტრემ უთხრა, საკუთარი თავი შეეწყალებინა. მაგრამ პეტრეს სიტყვებს იესოზე არ უმოქმედია. მან ხალხის გულისთვის საკუთარი ნებით გასწირა თავისი სრულყოფილი სიცოცხლე. ვინაიდან იესოს თავგანწირული სულისკვეთება ჰქონდა, მის მომავალს საფრთხე არ ემუქრებოდა. ის მკვდრეთით აღდგა და „ღვთის მარჯვნივ ამაღლდა“ (საქ. 2:32, 33). ამგვარად, მან ბრწყინვალე მაგალითი დაგვიტოვა.

8 მოციქულმა პავლემ რომაელ ქრისტიანებს ურჩია, რომ ‘საკუთარი თავისთვის არ ესიამოვნებინათ’ და შეახსენა, რომ „არც ქრისტე ფიქრობდა საკუთარ სიამოვნებაზე“ (რომ. 15:1—3). ჩვენ რამდენად შევეცდებით პავლეს რჩევის გამოყენებას? ქრისტეს რომ მივბაძოთ, რა შეგვიძლია დავთმოთ?

იეჰოვა ჩვენგან საუკეთესოს მოელის

9. რას ნიშნავს ის, რომ ქრისტიანი თავს უძღვნის ღმერთს?

9 ძველ ისრაელში მოსეს კანონის თანახმად, ებრაელი მონები მონობიდან მეშვიდე წელს ან „იუბილის წელს“ უნდა გაეთავისუფლებინათ. თუმცა მათ სხვა არჩევანის გაკეთების საშუალებაც ჰქონდათ. თუ მონას თავისი ბატონი უყვარდა, შეეძლო მთელი სიცოცხლე მასთან დარჩენილიყო და კვლავ მისი მონა ყოფილიყო (წაიკითხეთ კანონის 15:12, 16, 17). ჩვენც მსგავს არჩევანს ვაკეთებთ. როდესაც იეჰოვა ღმერთს თავს ვუძღვნით, ჩვენ აღარ ვცხოვრობთ საკუთარი თავის სიამოვნებისთვის და ნებაყოფლობით ვასრულებთ ღვთის ნებას. ასეთი სახით ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს ღმერთი და გვინდა, რომ მარადიულად ვემსახუროთ.

10. რა გაგებით ვართ ღვთის საკუთრება და როგორ უნდა აისახოს ეს ჩვენს აზროვნებასა და საქმეებზე?

10 თუ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობ, ქადაგებ სასიხარულო ცნობას და ქრისტიანულ შეხვედრებს ესწრები, ქებას იმსახურებ. ალბათ მალე დადგება ის დრო, როდესაც გადაწყვეტ, რომ თავი მიუძღვნა იეჰოვას, და საკუთარ თავს იმავე შეკითხვას დაუსვამ, რომელიც ერთ დროს ეთიოპმა საჭურისმა ფილიპეს დაუსვა: „რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?“ (საქ. 8:35, 36). მაშინ შენც ისეთივე ურთიერთობა გექნება ღმერთთან, როგორიც კორინთელ ქრისტიანებს ჰქონდათ. მათ პავლე სწერდა: „თქვენ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნით, რადგან ფასით ხართ ნაყიდნი“ (1 კორ. 6:19, 20). ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, როდესაც თავი მივუძღვენით იეჰოვას, ჩვენ მისი მონები გავხდით. მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩავკლათ ჩვენში ყოველგვარი ეგოისტური სურვილი და ‘აღარ გავხდეთ ადამიანთა მონები’ (1 კორ. 7:23). მართლაც დიდი ბედნიერებაა, რომ იეჰოვას ერთგული მსახური იყო, და მან თავისი სურვილისამებრ გამოგიყენოს.

11. რა მსხვერპლი უნდა გაიღონ ქრისტიანებმა? როგორი მსხვერპლი უნდა გაეღოთ იუდეველებს მოსეს კანონის მიხედვით და რა პარალელის გავლება შეიძლება ჩვენს მსახურებასთან?

11 პავლე თანამორწმუნეებს მოუწოდებდა: „წარადგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ, წმინდა, ღვთისთვის მოსაწონ მსხვერპლად, რაც გააზრებული წმინდა მსახურებაა“ (რომ. 12:1). ამ სიტყვებმა ებრაელ ქრისტიანებს შეიძლება ის შესაწირავები გაახსენა, რომლებსაც მანამდე სწირავდნენ, ვიდრე იესოს მიმდევრები გახდებოდნენ. მათ ეცოდინებოდათ, რომ მოსეს კანონის თანახმად, იუდეველებს იეჰოვას სამსხვერპლოზე შესაწირავად მხოლოდ საუკეთესო ცხოველი უნდა მიეყვანათ. თუ შესაწირავ ცხოველს რაიმე ნაკლი ექნებოდა, ის ღვთისთვის მიუღებელი იქნებოდა (მალ. 1:8, 13). იგივე შეიძლება ითქვას ჩვენზეც, როდესაც ‘ჩვენს სხეულს ცოცხალ მსხვერპლად წარვადგენთ’. ჩვენ იეჰოვას ყველაფერს საუკეთესოს ვწირავთ, და არა მორჩენილ დროს, სახსრებსა თუ ენერგიას. როდესაც თავს ვუძღვნით იეჰოვას, მას მთლიანად ვუძღვნით ჩვენს „სულს“ ანუ სიცოცხლეს — ყველაფერს, რაც გაგვაჩნია (კოლ. 3:23). რა იგულისხმება ამაში?

გონივრულად გამოიყენეთ დრო

12, 13. რა არის იეჰოვასთვის საუკეთესოს გაღების ერთ-ერთი საშუალება?

12 იეჰოვასთვის საუკეთესოს გაღების ერთ-ერთი საშუალება დროის გონივრულად გამოყენებაა (წაიკითხეთ ეფესოელების 5:15, 16). ეს საკუთარი თავის კონტროლს მოითხოვს. ქვეყნიერების გავლენა და საკუთარი არასრულყოფილება იმისკენ გვიბიძგებს, რომ მთელი დრო ჩვენი სიამოვნებისთვის გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, „ყველაფერს თავისი დრო აქვს“, მათ შორის გართობას და სამსახურს, რომელიც ქრისტიანული ვალდებულებების შესრულების საშუალებას გვაძლევს (ეკლ. 3:1). მაგრამ ქრისტიანმა არ უნდა დაკარგოს ზომიერება და დრო გონივრულად უნდა გამოიყენოს.

13 ერთხელ, როცა პავლე ათენში ჩავიდა, დაინახა, რომ „ათენელები და იქ დროებით მცხოვრები უცხოელები თავისუფალ დროს მხოლოდ ახალი ამბების მოყოლასა და მოსმენაში ატარებდნენ“ (საქ. 17:21). ბევრი დღესაც ასე ფუჭად კარგავს დროს, მაგალითად, საათობით უყურებს ტელევიზორს, თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს და უზის ინტერნეტს. რაც დრო გადის, მით მეტ გასართობ საშუალებას იგონებენ. თუ მათ დიდ დროს დავუთმობთ, შეიძლება ვეღარ დავიკმაყოფილოთ ჩვენი სულიერი მოთხოვნილებები. შეიძლება იმ დასკვნამდეც კი მივიდეთ, რომ მეტისმეტად დაკავებული ვართ და დრო აღარ გვრჩება „უფრო მნიშვნელოვანი“ საქმეებისთვის ანუ იეჰოვას მსახურებისთვის (ფილ. 1:9, 10).

14. რა კითხვებზე უნდა დავფიქრდეთ?

14 როგორც იეჰოვას მსახურმა, ჰკითხე საკუთარ თავს: ყოველდღიურად ვუთმობ დროს ბიბლიის კითხვას, წაკითხულის გაანალიზებას და ლოცვას? (ფსალმ. 77:12; 119:97; 1 თეს. 5:17). ვუთმობ დროს კრების შეხვედრებისთვის მომზადებას? ვაკეთებ კრების შეხვედრებზე გამამხნევებელ კომენტარებს? (ფსალმ. 122:1; ებრ. 2:12). ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ პავლე და ბარნაბა „კარგა ხანს დარჩნენ იქ [იკონიონში] და გაბედულად ლაპარაკობდნენ იეჰოვასგან მიღებული უფლებამოსილებით“ (საქ. 14:3). შეგიძლია ისე შეცვალო შენი გრაფიკი, რომ უფრო მეტი დრო, „კარგა ხანიც“ კი დაუთმო სამქადაგებლო მსახურებას, და დაიწყო, მაგალითად, პიონერად მსახურება? (წაიკითხეთ ებრაელების 13:15).

15. როგორ იყენებენ უხუცესები თავიანთ დროს?

15 როდესაც პავლე მოციქული და ბარნაბა ანტიოქიაში ჩავიდნენ, „არცთუ მცირე ხანს დარჩნენ მოწაფეებთან“ მათ გასამხნევებლად (საქ. 14:28). დღესაც, მზრუნველი უხუცესები დროის დიდ ნაწილს სხვების გასამხნევებლად იყენებენ. ქადაგების გარდა, ისინი ბევრს შრომობენ იმისათვის, რომ დამწყემსონ სამწყსო, მოძებნონ დაკარგული ცხვრები, დახმარება აღმოუჩინონ ავადმყოფ და-ძმებს და სხვა მოვალეობებიც შეასრულონ კრებაში. თუ მონათლული ძმა ხარ, გაძლევს შენი მდგომარეობა იმის საშუალებას, რომ კრებაში მსგავსი პასუხისმგებლობების მიღებისკენ ისწრაფო?

16. რით შეგვიძლია ‘სიკეთე გავუკეთოთ მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია’?

16 ბევრს მოუტანა სიხარული იმ და-ძმებისთვის დახმარების აღმოჩენამ, რომლებიც, მაგალითად, სტიქიური უბედურების დროს დაზარალდნენ. ერთმა 60 წელს გადაცილებულმა დამ, რომელიც ბეთელში მსახურობს, რამდენჯერმე საკმაოდ დიდი მანძილი გაიარა სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულთა დასახმარებლად. ამისათვის ის თავის შვებულებას იყენებდა. რატომ? ეს და ამბობს: „მართალია, განსაკუთრებული არაფერი შემიძლია, მაგრამ დიდ სიხარულს ვგრძნობ, როდესაც გასაჭირში მყოფ და-ძმებს ვეხმარები. მე თვითონაც ვმხნევდები, როცა ვხედავ ჩემი და-ძმების ძლიერ რწმენას, რომლებმაც თითქმის ყველაფერი დაკარგეს“. გარდა ამისა, ათასობით და-ძმა იღებს მონაწილეობას სამეფო თუ საკონგრესო დარბაზების მშენებლობაში. როდესაც ასეთ საქმეებს ვაკეთებთ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ უანგაროდ ‘ვუკეთებთ სიკეთეს მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია’ (გალ. 6:10).

„მე ყოველდღე თქვენთან ვარ“

17. პირადად შენ რას გაიღებდი მარადიული სიცოცხლისთვის?

17 ღმერთს ჩამოშორებული ადამიანები მალე აღარ იარსებებენ. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ეს როდის მოხდება, თუმცა ის კი ვიცით, რომ „დრო ცოტაღა დარჩა“ და „ცვალებადია ეს ქვეყნიერება“ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 7:29—31). ეს კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობას სძენს იესოს კითხვას: „რას გაიღებს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?“. რასაკვირველია, რასაც იეჰოვა გვთხოვს, ყველაფერს გავიღებთ, „ჭეშმარიტი სიცოცხლე“ რომ მივიღოთ (1 ტიმ. 6:19). ამიტომ გონივრულია, გავითვალისწინოთ იესოს მითითება, მივყვეთ მას და ‘უპირველესად სამეფო ვეძებოთ’ (მათ. 6:31—33; 24:13).

18. რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული და რატომ?

18 არ არის ყოველთვის ადვილი, მივყვეთ იესოს ნაკვალევს. მისი სიტყვების თანახმად, ბევრმა ამისათვის სიცოცხლეც კი გასწირა. იესოს მსგავსად, არც ჩვენ უნდა ‘შევიწყალოთ თავი’. ეჭვი არ გვეპარება იმაში, რასაც იესო პირველ საუკუნეში თავის ცხებულ მიმდევრებს დაჰპირდა: „მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათ. 28:20). ამიტომ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი დრო და უნარი წმინდა მსახურებაში. ჩვენ გვჯერა, რომ იეჰოვა დაგვიცავს დიდი გასაჭირის დროს, და თუ დავიღუპებით, ახალ ქვეყნიერებაში სიცოცხლეს დაგვიბრუნებს (ებრ. 6:10). ამგვარად ცხადვყოფთ, რომ სიცოცხლე ჩვენთვის ძვირფასი ძღვენია.

როგორ უპასუხებთ?

• რით ცხადყო იესომ, რომ მზად იყო, ღვთისთვისაც ემსახურა და ადამიანებსაც მომსახურებოდა?

• რატომ უნდა უარყოს ქრისტიანმა საკუთარი თავი და რას ნიშნავს ეს?

• როგორი შესაწირავები იყო იეჰოვასთვის მისაღები ისრაელში და რას ვსწავლობთ აქედან?

• რა შემთხვევაში გამოვიყენებთ დროს გონივრულად?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 26 გვერდზე]

იესო ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც ღმერთს სიამოვნებდა

[სურათი 28 გვერდზე]

მადლიერი იუდეველები ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად ღმერთს ყველაფერს საუკეთესოს სწირავდნენ

[სურათები 29 გვერდზე]

დროის გონივრულად გამოყენებით ღმერთს გულს ვუხარებთ