არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყველას სცემთ პატივს?

ყველას სცემთ პატივს?

ყველას სცემთ პატივს?

„პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომ. 12:10).

1. როგორი ტენდენცია შეიმჩნევა მრავალ ქვეყანაში?

ზოგ ქვეყანაში არსებობს ჩვეულება, რომლის თანახმადაც ბავშვები პატივისცემის ნიშნად უფროსების გვერდით მუხლებზე დგებიან. ზოგან უპატივცემულობად ითვლება, თუ ბავშვი უფროსს ზურგს აქცევს. ყველგან სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ უფროსების პატივისცემას. ეს მოსეს კანონის თანახმადაც მოითხოვებოდა: „ჭაღარას წამოუდექი [პატივისცემის ნიშნად], მოხუცებულის მიმართ ყურადღებიანი იყავი“ (ლევ. 19:32). სამწუხაროდ, დღეს მრავალ ქვეყანაში კარგავენ ერთმანეთის პატივისცემას. უფრო მეტიც, ერთმანეთს უპატივცემულოდ ეპყრობიან.

2. ღვთის სიტყვის თანახმად, ვის უნდა ვცეთ პატივი?

2 ღვთის სიტყვაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმას, რომ პატივი მივაგოთ იეჰოვასა და იესოს (იოან. 5:23). ბიბლია აგრეთვე მოგვიწოდებს, რომ პატივი ვცეთ ოჯახის წევრებს, თანამორწმუნეებს და ზოგადად ყველას, ვინც ქრისტიანული კრების წევრი არ არის (რომ. 12:10; ეფეს. 6:1, 2; 1 პეტ. 2:17). რა და რა სახით შეიძლება, პატივი მივაგოთ იეჰოვას, და როგორ ვცეთ პატივი ქრისტიან და-ძმებს?

პატივი მიაგეთ იეჰოვას და მის სახელს

3. რომელია იეჰოვასთვის პატივის მიგების ერთ-ერთი საშუალება?

3 იეჰოვასთვის პატივის მიგების ერთ-ერთი საშუალება ის არის, რომ პატივი ვცეთ მის სახელს. ჩვენ ხომ ღმერთმა ‘თავისი სახელისთვის გამოგვყო’ (საქ. 15:14). მართლაც დიდი პატივია, რომ ყოვლისშემძლე ღვთის სახელს ვატარებთ! წინასწარმეტყველმა მიქამ დაწერა: „ყველა ხალხი თავისი ღვთის სახელით ივლის, ჩვენ კი იეჰოვას, ჩვენი ღვთის სახელით ვივლით მარადიულად, სამარადისოდ“ (მიქ. 4:5). ‘იეჰოვას სახელით რომ ვიაროთ’, ყოველდღე ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ არ შევბღალოთ ღვთის სახელი, რომელსაც ვატარებთ. როგორც ერთ დროს პავლე მოციქულმა შეახსენა რომაელ ქრისტიანებს, თუ არ ვცხოვრობთ სასიხარულო ცნობის თანახმად, რომელსაც ვქადაგებთ, ღვთის ‘სახელი იგმობა’, ანუ ილახება (რომ. 2:21—24).

4. რატომ არ ვუშვებთ ხელიდან იეჰოვას შესახებ ქადაგების შესაძლებლობას?

4 იეჰოვას პატივს იმითაც მივაგებთ, რომ, როგორც მისი მოწმეები, მის შესახებ ვქადაგებთ. ძველად იეჰოვამ ისრაელ ერს შესთავაზა, რომ მისი მოწმეები გამხდარიყვნენ, მაგრამ მათ აღებული ვალდებულება ვერ შეასრულეს (ეს. 43:1—12). იუდეველები ხშირად ზურგს აქცევდნენ იეჰოვას და „ტკივილს აყენებდნენ ისრაელის წმინდას“ (ფსალმ. 78:40, 41). ბოლოს კი საერთოდ დაკარგეს იეჰოვას კეთილგანწყობა. დღეს ჩვენ მადლიერნი ვართ, რომ იეჰოვას შესახებ ვქადაგებთ და ხალხს მის სახელს ვამცნობთ. ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვიყვარს იგი და მისი სახელის განწმენდის დიდი სურვილი გვაქვს. როგორ შევიკავოთ თავი ქადაგებისგან, როცა ვიცნობთ ჩვენს ზეციერ მამას და ვიცით, რა განზრახვები აქვს მას?! ჩვენ ვეთანხმებით პავლე მოციქულის ნათქვამს: „ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო. ვაი მე, თუ არ ვაუწყებ სასიხარულო ცნობას!“ (1 კორ. 9:16).

5. რა კავშირია იეჰოვასადმი ნდობასა და მის პატივისცემას შორის?

5 ფსალმუნმომღერალი დავითი წერდა: „შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, რადგან შენ არ მიატოვებ შენს მაძიებლებს, იეჰოვა“ (ფსალმ. 9:10). თუ კარგად ვიცნობთ იეჰოვას და პატივს მივაგებთ მის სახელს, მივენდობით კიდეც მას, როგორც ამას ძველ დროში მცხოვრები მისი ერთგული მსახურები აკეთებდნენ. იეჰოვასადმი ნდობა მისთვის პატივის მიგების კიდევ ერთი საშუალებაა. ყურადღება მივაქციოთ, რას ამბობს ღვთის სიტყვა იმაზე, თუ რა კავშირია იეჰოვასადმი ნდობასა და მის პატივისცემას შორის. როდესაც ისრაელი ღვთისადმი უნდობლობას გამოხატავდა, მან მოსეს უთხრა: „როდემდე უნდა მექცეოდეს ეს ხალხი უპატივცემულოდ?! ამდენი ნიშანი მოვახდინე მათ შორის და როდემდე არ უნდა მერწმუნონ?!“ (რიცხ. 14:11). აქედან გამომდინარე, შეიძლება ასეთი დასკვნაც გამოვიტანოთ: თუ ვენდობით იეჰოვას და გვჯერა, რომ დაგვიცავს და განსაცდელების დროს გაგვამაგრებს, ეს მისადმი პატივისცემის მაჩვენებელია.

6. რა უნდა აღგვძრავდეს, რომ ღრმა პატივი მივაგოთ იეჰოვას?

6 როგორც იესომ აღნიშნა, იეჰოვასთვის პატივის მიგების სურვილი გულიდან უნდა მოდიოდეს. როდესაც იესო ელაპარაკებოდა მათ, ვინც ღმერთს გულწრფელად არ სცემდა თაყვანს, იეჰოვას სიტყვები შეახსენა: „ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, გული კი შორსა აქვთ ჩემგან“ (მათ. 15:8). წრფელი გულით რომ მივაგოთ პატივი იეჰოვას, უნდა გვიყვარდეს იგი (1 იოან. 5:3). იეჰოვა ასეთ დაპირებას გვაძლევს: „ვინც პატივს მომაგებს, მეც იმას მივაგებ პატივს“ (1 სამ. 2:30).

ზედამხედველები სხვებს პატივს სცემენ

7. ა) რატომ უნდა სცენ პატივი სამწყსოს პასუხისმგებელმა ძმებმა? ბ) რაში ვლინდებოდა პავლეს პატივისცემა თანამორწმუნეების მიმართ?

7 პავლე მოციქულმა თანამორწმუნეებს მოუწოდა: „პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომ. 12:10). ამ მხრივ კრების პასუხისმგებელმა ძმებმა მაგალითი უნდა მისცენ სამწყსოს, რომელზეც ზრუნავენ. ასეთმა ძმებმა პავლე მოციქულს უნდა მიჰბაძონ (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 2:7, 8). იგი ძმებს იმ კრებებში, რომლებსაც ინახულებდა, არასოდეს სთხოვდა იმას, რასაც თვითონ არ აკეთებდა. პავლე თანაქრისტიანებს პატივს რომ სცემდა, მასაც ამიტომ სცემდნენ პატივს. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ, როდესაც მან თანაქრისტიანებს მოუწოდა, მე მომბაძეთო, ბევრი ასეც მოიქცეოდა მისი კარგი მაგალითის შემხედვარე (1 კორ. 4:16).

8. ა) როგორ გამოხატავდა იესო პატივისცემას თავისი მოწაფეების მიმართ? ბ) რაში უნდა მიჰბაძონ ზედამხედველებმა იესოს?

8 პასუხისმგებელ ძმას სამწყსოს პატივისცემა სხვა მხრივაც შეუძლია. მაგალითად, როდესაც მათ რაიმეს გაკეთებას სთხოვს ან მითითებას აძლევს, ამის მიზეზიც უნდა აუხსნას. ამგვარად ის იესოს მიჰბაძავს. როდესაც იესო მოწაფეებს მოუწოდებდა, ელოცათ იმისთვის, რომ უფრო მეტ მუშას ემუშავა სამკალში, ისიც აუხსნა, თუ რატომ ეუბნებოდა ამას: „სამკალი ბევრია, მუშები კი ცოტანი არიან. ამიტომ ევედრეთ სამკლის ბატონს, მუშები გამოგზავნოს თავის სამკალში“ (მათ. 9:37, 38). როდესაც თავის მოწაფეებს ეუბნებოდა, რომ ეფხიზლათ, მან ამის მიზეზიც აუხსნა: „რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ (მათ. 24:42). იესო ხშირად უხსნიდა მოწაფეებს, რა უნდა გაეკეთებინათ და რატომ, რითაც მათ მიმართ პატივისცემას გამოხატავდა. ქრისტიანი ზედამხვედელებისთვის ეს შესანიშნავი მაგალითია!

პატივი მიაგეთ იეჰოვას კრებას

9. ვის მივაგებთ პატივს, როცა ქრისტიანული კრებისა და პასუხისმგებელი ძმების მიმართ პატივისცემას გამოვხატავთ?

9 იეჰოვასთვის პატივის მიგება იმასაც ნიშნავს, რომ პატივი მივაგოთ ქრისტიანულ კრებას და პასუხისმგებელ ძმებს. როდესაც ერთგული და გონიერი მონისგან ბიბლიურ რჩევებს ვიღებთ, ამით პატივს ვცემთ იეჰოვას მიერ ორგანიზებულ სტრუქტურას. პირველ საუკუნეში მოციქულმა იოანემ დაინახა იმის საჭიროება, რომ რჩევა მიეცა მათთვის, ვინც პატივს არ სცემდა კრებაში პასუხისმგებელ ძმებს (წაიკითხეთ 3 იოანეს 9—11). როგორც იოანეს სიტყვებიდან ჩანს, არა მხოლოდ უპატივცემულობას ავლენდნენ ცალკეული ზედამხედველების მიმართ, არამედ იმასაც არაფრად აგდებდნენ, რასაც ისინი ასწავლიდნენ. საბედნიეროდ, ქრისტიანების უმეტესობა ასე არ იქცეოდა. პირველ საუკუნეში ქრისტიანული საძმო ყოველთვის ემორჩილებოდა პასუხისმგებელ ძმებს კრებაში (ფილ. 2:12).

10, 11. მოიყვანეთ ბიბლიური მაგალითები, თუ რატომაა მიზანშეწონილი, რომ ქრისტიანულ კრებაში ძმები გარკვეული უფლებამოსილებით იყვნენ აღჭურვილნი?

10 ერთხელ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ თქვენ ყველანი ძმები ხართო. ზოგს ეს ისე ესმის, რომ ქრისტიანულ კრებაში უფლებამოსილებით აღჭურვილი არავინ უნდა იყოს (მათ. 23:8). თუმცა, როგორც ებრაულ, ისე ბერძნულ წერილებში ბევრი მაგალითია იმისა, რომ ძველად ღმერთს არაერთი ადამიანისთვის მიუცია უფლებამოსილება. ღვთის პირველი მსახურების, ძველი ისრაელის მსაჯულებისა და მეფეების ისტორია ადასტურებს, რომ იეჰოვა მითითებებს უფლებამოსილი ადამიანების მეშვეობით იძლევა. ვინც უპატივცემულოდ ეპყრობოდა უფლებამოსილებით აღჭურვილ პირებს, იეჰოვა სჯიდა (2 მეფ. 1:2—17; 2:19, 23, 24).

11 პირველი საუკუნის ქრისტიანებიც აღიარებდნენ მოციქულთა უფლებამოსილებას (საქ. 2:42). მაგალითად, პავლე მითითებებს აძლევდა ძმებს (1 კორ. 16:1; 1 თეს. 4:2). მაგრამ თავადაც სიამოვნებით ემორჩილებოდა მათ, ვისაც მასზე მეტი უფლებამოსილება ჰქონდა (საქ. 15:22; გალ. 2:9, 10). პავლეს კარგად ესმოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანულ კრებაში პასუხისმგებელი ძმების უფლებამოსილების აღიარება.

12. რას ვსწავლობთ ბიბლიური მაგალითებიდან უფლებამოსილების საკითხის შესახებ?

12 აქედან ორ რამეს ვსწავლობთ. პირველი, ბიბლიურად გამართლებულია, რომ „ერთგულმა და გონიერმა მონამ“ ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობით აღჭურვოს ძმები უფლებამოსილებით, და ამათგან ზოგიერთს უფრო მეტი უფლებამოსილება მისცეს, რათა ზედამხედველობა გაუწიონ მათ, ვისაც შედარებით ნაკლები უფლებამოსილება აქვს (მათ. 24:45—47; 1 პეტ. 5:1—3). მეორე, თითოეულმა ჩვენგანმა პასუხისმგებელი ძმების ჩათვლით, პატივი უნდა სცეს მათ, ვისაც უფრო მეტი უფლებამოსილება აქვს. მაშ, როგორ გამოვხატოთ პატივისცემა მათ მიმართ, ვინც ქრისტიანულ კრებებს ზედამხედველობს?

პატივი ეცით მიმომსვლელ ზედამხედველებს

13. როგორ გამოვხატოთ პატივისცემა მათ მიმართ, ვინც ქრისტიანულ კრებებს ინახულებს?

13 პავლემ დაწერა: „გთხოვთ, ძმებო, რომ პატივი სცეთ მათ, ვინც ირჯება თქვენ შორის, ვინც გხელმძღვანელობთ უფალში და შეგაგონებთ, დიდად დააფასეთ ისინი სიყვარულით მათი საქმის გამო. მშვიდობიანად იყავით ერთმანეთში“ (1 თეს. 5:12, 13). მიმომსვლელი ზედამხედველები მათ რიცხვს მიეკუთვნებიან, „ვინც ირჯება“. ამიტომ ‘დიდად დავაფასოთ ისინი’. ამის ერთ-ერთი საშუალება ის არის, რომ მზადყოფნით მივიღოთ მათგან რჩევები. როდესაც მიმომსვლელი ზედამხედველი ერთგული და გონიერი მონის მითითებებს გვაძლევს, „ზემოდან მომავალი სიბრძნე“ აღგვძრავს, რომ ‘მზად ვიყოთ მორჩილებისთვის’ (იაკ. 3:17).

14. რა არის იმის მაჩვენებელი, რომ კრება პატივს სცემს მიმომსვლელ ზედამხედველებს, და შედეგად რა მოაქვს ამას?

14 როგორ მოვიქცეთ, თუ მიმომსვლელი ზედამხედველი კრებას გარკვეულ სიახლეს სთავაზობს? ჩვენი მხრიდან პატივისცემის მაჩვენებელი იქნება, თუ ასე არ ვეტყვით: ჩვენს კრებაში ეს მიღებული არ არის ან ეს შეიძლება სხვა კრებაში გამოდგეს, მაგრამ ჩვენთან არ გამოდგება. მიმომსვლელი ზედამხედველის მითითებებს უნდა დავემორჩილოთ. მორჩილება იმ შემთხვევაში გაგვიადვილდება, თუ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ კრება იეჰოვას ეკუთვნის და კრების თავი იესოა. როდესაც კრება მზადყოფნით იღებს მიმომსვლელი ზედამხედველის რჩევას და ითვალისწინებს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ კრების წევრები პატივს სცემენ მას. პავლე მოციქული კორინთელ ძმებს იმის გამო აქებდა, რომ ითვალისწინებდნენ ტიტეს მითითებებს, რომელიც მათ კრებას ინახულებდა (2 კორ. 7:13—16). თუ ჩვენც მზადყოფნით მივიღებთ მიმომსვლელი ზედამხედველების მითითებებს, უფრო მეტი სიხარულით ვიმსახურებთ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 13:11).

„პატივი ეცით ყველას“

15. როგორ უნდა გამოხატო თანამორწმუნეების მიმართ პატივისცემა?

15 პავლემ დაწერა: „უფროსი ასაკის მამაკაცს მკაცრად არ უსაყვედურო. პირიქით, მოკრძალებით შეაგონე როგორც მამას, ახალგაზრდა მამაკაცს კი — როგორც ძმას, უფროსი ასაკის ქალს — როგორც დედას, და ახალგაზრდა ქალს — როგორც დას, მთელი სიწმინდით. პატივი ეცი ქვრივებს, ნამდვილ ქვრივებს“ (1 ტიმ. 5:1—3). როგორც ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, ქრისტიანულ კრებაში ყველას პატივი უნდა ვცეთ. მაგრამ როგორ მოიქცევი, თუ რომელიმე დის ან ძმის საქციელი არ მოგწონს? ხელს ხომ არ შეგიშლის ეს იმაში, რომ პატივისცემით მოექცე მას, რაც შენი მოვალეობაა? შეეცადე დაინახო მისი ქრისტიანული თვისებები და შეიცვალო მის მიმართ დამოკიდებულება, რადგან ისიც ღვთის მსახურია. კრების წევრებს განსაკუთრებით ისინი უნდა მოექცნენ პატივისცემით, ვისაც უფლებამოსილება აქვს კრებაში, და არასოდეს უნდა ‘იბატონონ სამწყსოზე’ (1 პეტ. 5:3). ქრისტიანული კრების წევრებს, რომლებიც ერთმანეთის სიყვარულით გამოირჩევიან, ურთიერთპატივისცემის გამოხატვის მრავალი საშუალება აქვთ (წაიკითხეთ იოანეს 13:34, 35).

16, 17. ა) რატომ უნდა მოვეპყროთ პატივისცემით არა მხოლოდ მათ, ვინც გვისმენს, არამედ მათაც, ვინც გვეწინააღმდეგება? ბ) როგორ უნდა ვცეთ ყველას პატივი?

16 რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ ქრისტიანული კრების წევრებს არ ვეპყრობით პატივისცემით. პავლემ თანაქრისტიანებს მისწერა: „ვიდრე დრო ხელს გვიწყობს, ყველას სიკეთე გავუკეთოთ“ (გალ. 6:10). ცხადია, ადვილი არ არის ამ პრინციპის გამოყენება, როცა თანამშრომელი ან თანაკლასელი ცუდად გვეპყრობა. კარგი იქნება, თუ ამ დროს გავიხსენებთ ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „ნუ განრისხდები ბოროტმოქმედთა გამო“ (ფსალმ. 37:1). ამ რჩევის გათვალისწინებით შევძლებთ, რომ მოწინააღმდეგეებსაც კი პატივისცემით მოვეპყროთ. სამქადაგებლო მსახურების დროს ყველას „რბილად და ღრმა პატივისცემით“ უნდა მოვექცეთ, რაშიც მოკრძალება დაგვეხმარება (1 პეტ. 3:15). ისიც კი, თუ რა გვაცვია და როგორ გამოვიყურებით, მათდამი პატივისცემის მაჩვენებელია, ვისაც ვუქადაგებთ.

17 კრებაში თუ კრების გარეთ ყველას ისე მოვექცეთ, როგორც პეტრე მოციქული მოგვიწოდებს: „პატივი ეცით ყველას, გიყვარდეთ მთელი საძმო, ღვთისა გეშინოდეთ და მეფეს პატივი ეცით“ (1 პეტ. 2:17).

როგორ უპასუხებთ?

როგორ გამოვხატოთ პატივისცემა:

• იეჰოვას მიმართ?

• კრების უხუცესებისა და მიმომსვლელი ზედამხედველების მიმართ?

• კრების თითოეული წევრის მიმართ?

• მათ მიმართ, ვისაც ვუქადაგებთ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 23 გვერდზე]

პირველი საუკუნის ქრისტიანები პატივს სცემდნენ ხელმძღვანელი საბჭოს წევრებს

[სურათი 24 გვერდზე]

უხუცესები პატივს სცემენ მიმომსვლელ ზედამხედველებს, რომლებსაც ხელმძღვანელი საბჭო ნიშნავს