არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაეხმარე მათ, რომ მალევე დაუბრუნდნენ კრებას

დაეხმარე მათ, რომ მალევე დაუბრუნდნენ კრებას

დაეხმარე მათ, რომ მალევე დაუბრუნდნენ კრებას

„ვისთან წავიდეთ? შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები“ (იოან. 6:68).

1. მას შემდეგ, რაც იესო ბევრმა მისმა მოწაფემ მიატოვა, რა უთხრა მას პეტრემ?

ერთხელ იესო ბევრმა მოწაფემ მიატოვა იმის გამო, რომ მის ერთ-ერთ სწავლებას არ დაეთანხმნენ. მაშინ იესომ თავის მოციქულებს ჰკითხა: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“ პეტრემ უპასუხა: „უფალო, ვისთან წავიდეთ? შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები“ (იოან. 6:51—69). წასასვლელი მართლაც არსად ჰქონდათ. იმ დროს იუდაიზმი ვერ შესთავაზებდა მათ „მარადიული სიცოცხლის სიტყვებს“, რასაც დღესაც ვერ შემოგვთავაზებს დიდი ბაბილონი, ცრუ რელიგიური სამყარო. მათთვის, ვინც ჩამოშორდა ღვთის ფარას, მაგრამ უნდა, რომ კვლავ გაუხაროს გული იეჰოვას, სწორედ ახლაა „გამოღვიძების საათი“ და ღვთის ფარაში დაბრუნების დრო (რომ. 13:11).

2. რა არის გასათვალისწინებელი, როდესაც საკითხი იმას ეხება, რაც შეიძლება სამართლებრივი კომიტეტის საქმე იყოს?

2 იეჰოვას აღელვებდა ისრაელის დაკარგული ცხვრების მდგომარეობა (წაიკითხეთ ეზეკიელის 34:15, 16). ქრისტიან უხუცესებსაც აღელვებთ ფარას ჩამოშორებული ქრისტიანების მდგომარეობა და მოვალენიც არიან, რომ დაეხმარონ მათ. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს ის მაუწყებელი, რომელსაც უხუცესებმა დაავალეს, რომ არააქტიურ დას ან ძმას ბიბლიის შესწავლა ჩაუტაროს, მაგრამ მოგვიანებით გაირკვევა, რომ მას სერიოზული ცოდვა ჰქონია ჩადენილი? ნაცვლად იმისა, რომ გამოარკვიო ამ კონფიდენციალური საკითხის დეტალები, რაც შეიძლება სამართლებრივი კომიტეტის საქმე იყოს, ურჩიე, რომ თავად დაელაპარაკოს უხუცესებს. თუ თვითონ არ დაელაპარაკება უხუცესებს, მაშინ შენ დაელაპარაკე (ლევ. 5:1; გალ. 6:1).

3. რა რეაქცია ჰქონდა იმ კაცს, რომელმაც დაკარგული ცხვარი იპოვა?

3 როგორც წინა სტატიაში აღვნიშნეთ, ერთხელ იესომ მაგალითი მოიყვანა ერთი კაცის შესახებ, რომელსაც ასი სული ცხვარი ჰყავდა. როდესაც ერთი დაკარგა, მიატოვა დანარჩენი ოთხმოცდაცხრამეტი და დაკარგულის მოსაძებნად წავიდა, და რომ იპოვა, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა (ლუკ. 15:4—7). ასეთივე სიხარულს ვგრძნობთ ჩვენც, როცა არააქტიური და ან ძმა კრებას უბრუნდება. მოსიყვარულე უხუცესები თუ კრების სხვა წევრები არააქტიურ და-ძმებს უყურადღებოდ არ ტოვებენ. მათაც უნდათ, რომ ისინი ღვთის სამწყსოს დაუბრუნდნენ, იგრძნონ ღვთის მხარდაჭერა, მფარველობა და მიიღონ კურთხევები (კან. 33:27; ფსალმ. 91:14; იგავ. 10:22). რით შეუძლიათ კრების წევრებს მათთვის დახმარების გაწევა?

4. რა კუთხით შეიძლება გალატელების 6:2, 5-ის განხილვა?

4 მათ შეუძლიათ რბილად გაუმახვილონ არააქტიურს ყურადღება იმაზე, თუ როგორ უყვარს იეჰოვას თავისი სამწყსო, და რომ ჩვენგან მხოლოდ იმას ითხოვს, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მაგალითად, ბიბლიის გამოკვლევას, ქრისტიანულ შეხვედრებზე სიარულსა და სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას. ამით შეიძლება წაახალისონ იგი, რომ კრებას დაუბრუნდეს. აგრეთვე შეუძლიათ წაუკითხონ გალატელების 6:2, 5 და აღნიშნონ, რომ ქრისტიანები ერთმანეთის ტვირთს ატარებენ, თუმცა ღვთის წინაშე „თითოეული თავის სატარებელს ატარებს“, და მათ მაგივრად სხვა ვერავინ იქნება ღვთის ერთგული.

იქნებ ცხოვრებისეული საზრუნავი გახდა მიზეზი?

5, 6. ა) რატომ უნდა მოვუსმინოთ ყურადღებით იმ არააქტიურ დას ან ძმას, რომელიც გულს გვიშლის? ბ) რა შეგიძლია გააკეთო იმისათვის, რომ არააქტიურმა ქრისტიანმა დაინახოს, რამდენად სახიფათოა კრებისგან განმარტოება?

5 დახმარება რომ შეძლონ, უხუცესებმა თუ სხვა მოწიფულმა ქრისტიანებმა ყურადღებით უნდა მოუსმინონ იმ არააქტიურ თანამორწმუნეებს, რომლებიც მათ გულს გადაუშლიან. დავუშვათ, უხუცესი ინახულებს ცოლ-ქმარს, რომლებიც კრებას „ცხოვრებისეული საზრუნავის“ გამო ჩამოშორდნენ (ლუკ. 21:34). შესაძლოა მათი სულიერი დასუსტება ფინანსურმა პრობლემებმა ან ოჯახში დამატებითმა პასუხისმგებლობამ გამოიწვია. მათ შეიძლება დაასკვნეს, რომ მდგომარეობას შეიმსუბუქებდნენ, თუ შეწყვეტდნენ კრების შეხვედრებზე დასწრებას, მაგრამ უხუცესს შეუძლია აუხსნას, რომ კრებისგან განმარტოება გამოსავალი ნამდვილად არ არის (წაიკითხეთ იგავების 18:1). უხუცესმა შეიძლება ტაქტიანად ჰკითხოს მათ: დღეს უფრო ბედნიერები ხართ თუ მაშინ, როცა კრების შეხვედრებს ესწრებოდით? გაუმჯობესდა მას შემდეგ თქვენი ოჯახური ცხოვრება? დღეს თუ არის იეჰოვას სიხარული თქვენი სიმაგრე? (ნეემ. 8:10)

6 ასეთი კითხვების დასმით არააქტიურმა დამ ან ძმამ შეიძლება დაინახოს, რომ სწორედ კრებასთან ურთიერთობის გაწყვეტამ განაპირობა სულიერად მისი დასუსტება და ის, რომ დღეს კვლავინდებურად ბედნიერი აღარ არის (მათ. 5:3; ებრ. 10:24, 25). შესაძლოა სიხარულიც იმიტომ დაკარგა, რომ აღარ ქადაგებს სასიხარულო ცნობას (მათ. 28:19, 20). ასეთ შემთხვევაში როგორი მოქმედება იქნებოდა მისი მხრიდან გონივრული?

7. რისკენ შეგვიძლია აღვძრათ ისინი, ვინც ღვთის ფარას ჩამოშორდა?

7 იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა და ცხოვრებისეული საზრუნავით . . . მაშ, იფხიზლეთ და მუდამ იმის ვედრებაში იყავით, რომ თავი დააღწიოთ მოსახდენს“ (ლუკ. 21:34—36). მათ, ვინც ღვთის ფარას ჩამოშორდა, შესაძლოა სურთ, რომ კვლავ იგრძნონ ის სიხარული, რომელიც ერთ დროს ჰქონდათ. თუ ასეა, შეგვიძლია აღვძრათ ისინი, რომ ლოცვაში ღმერთს წმინდა სული და ხელმძღვანელობა სთხოვონ და შემდეგ ლოცვის შესაბამისად მოიქცნენ (ლუკ. 11:13).

იქნებ დაბრკოლდა?

8, 9. რა შეიძლება აღნიშნოს უხუცესმა მასთან, ვინც დაბრკოლდა?

8 ვინაიდან არასრულყოფილები ვართ, შეიძლება უთანხმოება მოგვივიდეს თანაქრისტიანთან და ეს გახდეს დაბრკოლების მიზეზი. მაგალითად, ზოგი იმან დააბრკოლა, რომ რომელიმე სამაგალითო ქრისტიანი უღირსად მოიქცა. თუ და ან ძმა ამის გამო გახდა არააქტიური, მონახულების დროს უხუცესს შეუძლია აუხსნას, რომ იეჰოვა არავის აბრკოლებს, და რატომ უნდა შეწყვიტოს მან ღმერთთან ან მის ხალხთან ურთიერთობა?! განა კვლავაც არ უნდა ემსახუროს ღმერთს იმაში დარწმუნებული, რომ „დედამიწის მოსამართლემ“ კარგად იცის, რაც მოხდა, და პრობლემას საუკეთესოდ მოაგვარებს?! (დაბ. 18:25; კოლ. 3:23—25). მაგალითად, თუ ადამიანი ფეხს წამოჰკრავს რამეს და წაიქცევა, განა ადგომას არ ეცდება?!

9 არააქტიურს რომ დაეხმაროს, უხუცესს შეუძლია აღნიშნოს, რომ ზოგი, ვინც დაბრკოლდა, გარკვეული დროის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ თურმე არც ისე საგანგაშოდ ყოფილა საქმე. შეიძლება ის პრობლემა, რამაც დააბრკოლა, უკვე მოგვარებულიც კი იყოს. გარდა ამისა, თუ იგი იმიტომ დაბრკოლდა, რომ მის წინააღმდეგ უხუცესებმა გარკვეული ზომები მიიღეს, ლოცვამ და მომხდარის გაანალიზებამ შეიძლება დაანახვოს, რომ ნაწილობრივ თვითონაც იყო დამნაშავე, და მიღებულ ზომებს არ უნდა დაებრკოლებინა (ფსალმ. 119:165; ებრ. 12:5—13).

იქნებ რომელიმე სწავლება დააყენა ეჭვქვეშ?

10, 11. როგორი მსჯელობა შეიძლება წარიმართოს მასთან, ვინც რომელიმე ბიბლიურ სწავლებას არ ეთანხმება?

10 ზოგი შეიძლება იმიტომ ჩამოსცილდა ღვთის ფარას, რომ ეჭვი შეიტანა რომელიმე ბიბლიურ სწავლებაში. ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლებულმა ისრაელებმა „დაივიწყეს [ღვთის] საქმეები“, რაც ღმერთმა მათ საკეთილდღეოდ გააკეთა, და „არ დაელოდნენ მის რჩევას“ (ფსალმ. 106:13). არააქტიურს შეიძლება დაეხმაროს იმის შეხსენება, რომ დღეს მსუყე სულიერ საზრდოს „ერთგული და გონიერი მონა“ გვაწვდის (მათ. 24:45). მან ხომ ამ საზრდოს მეშვეობით გაიგო ჭეშმარიტება! მაშ, რაღა უშლის ხელს, რომ კვლავ ჭეშმარიტების გზით იაროს?! (2 იოან. 4)

11 უხუცესმა მას შეიძლება გაახსენოს ის შემთხვევა, როდესაც მოწაფეებმა იმის გამო მიატოვეს იესო, რომ არ დაეთანხმნენ მის ერთ-ერთ სწავლებას (იოან. 6:53, 66). ქრისტესთან და მის ერთგულ მიმდევრებთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ ისინი უეჭველად დასუსტდებოდნენ სულიერად და სიხარულსაც დაკარგავდნენ. ვინც ქრისტიანულ კრებასთან ურთიერთობა გაწყვიტა, მიიღებს ის სხვაგან მსუყე სულიერ საზრდოს? რა თქმა უნდა, ვერ მიიღებს!

იქნებ სერიოზული ცოდვა აქვს ჩადენილი?

12, 13. რა სახის დახმარების გაწევა შეიძლება იმ არააქტიური ქრისტიანისთვის, რომელიც აღიარებს, რომ სერიოზული ცოდვა ჩაიდინა?

12 ზოგი იმიტომ წყვეტს ქადაგებას და კრების შეხვედრებზე დასწრებას, რომ სერიოზული ცოდვა აქვთ ჩადენილი. შეიძლება ფიქრობენ, რომ თუ ჩადენილ ცოდვას აღიარებენ უხუცესების წინაშე, გაირიცხებიან. მაგრამ ეს არ მოხდება, თუ აღარ სჩადიან იმავე ცოდვას და გულწრფელად ინანიებენ (2 კორ. 7:10, 11). პირიქით, მათ კრება თბილად მიიღებს და უხუცესებიც აღმოუჩენენ სულიერ დახმარებას.

13 დავუშვათ, უხუცესების დავალებით დახმარებას უწევ არააქტიურს. როგორ უნდა მოიქცე, თუ გითხრა, რომ სერიოზული ცოდვა აქვს ჩადენილი? როგორც აღვნიშნეთ, ნაცვლად იმისა, რომ დეტალების გარკვევას შეეცადო, ურჩიე, უხუცესებს მიმართოს. თუ მათ ვერ დაელაპარაკება, მაშინ შენ უნდა მოიქცე იმ პრინციპის თანახმად, რომელიც ბიბლიაში წერია (წაიკითხეთ ლევიანების 5:1). ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ პატივს მიაგებ ღვთის სახელს და კრების კეთილდღეობაზე ზრუნავ. უხუცესები თავად გადაწყვეტენ, როგორ დაეხმარონ მას, ვისაც კრებაში დაბრუნებისა და ღვთის ნების თანახმად ცხოვრების სურვილი აქვს. უხუცესების მხრიდან შეიძლება საჭირო გახდეს გარკვეული ზომების მიღებაც, რისკენაც მათ სიყვარული აღძრავთ (ებრ. 12:7—11). თუ იგი აღიარებს, რომ ღვთის წინაშე ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ აღარ სჩადის იმავე ცოდვას და გულწრფელად ინანიებს, უხუცესები დაეხმარებიან, რომ იეჰოვამ აპატიოს (ეს. 1:18; 55:7; იაკ. 5:13—16).

გზასაცდენილ შვილს სიხარულით ხვდებიან

14. იესოს იგავის მიხედვით, რა დაემართა გზასაცდენილ შვილს?

14 ვისაც არააქტიურის დახმარება დაევალა, შეუძლია შეახსენოს მას იესოს იგავი, რომელიც ჩაწერილია ლუკას 15:11—24-ში. ამ იგავის მიხედვით, ერთი ახალგაზრდა კაცი აღვირახსნილ ცხოვრებას იწყებს და მთელ თავის მემკვიდრეობას ფლანგავს. ბოლოს ხედავს, სადამდე მიჰყავს ასეთ ცხოვრებას; ენატრება ლუკმაპური, ოჯახი, და ამიტომ შინ ბრუნდება. ჯერ კიდევ შორსაა, როცა მამა ხედავს, გარბის მასთან შესაგებებლად, კისერზე ეხვევა და კოცნის. მამა ხარობს შვილის დაბრუნებით. ამ იგავმა შესაძლოა აღძრას არააქტიური, რომ კრებას დაუბრუნდეს. ვინაიდან ეს ქვეყნიერება მალე განადგურდება, იგი დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეს „ოჯახში“.

15. რა მიზეზების გამო ტოვებს ზოგი კრებას?

15 უმეტესობა ისე როდი ტოვებს კრებას, როგორც გზასაცდენილმა შვილმა დატოვა ოჯახი. ეს პროცესი თანდათანობით ხდება, ისე როგორც მოტივტივე ნავი შორდება ნელ-ნელა ნაპირს. ზოგს იმდენად მძიმე ტვირთად აწევს ცხოვრებისეული საზრუნავი, რომ იეჰოვასთან ურთიერთობა მათთვის მეორეხარისხოვანი ხდება. ზოგს კრების რომელიმე წევრის საქციელი აბრკოლებს, ხოლო ზოგი ეჭვქვეშ აყენებს ამა თუ იმ ბიბლიურ სწავლებას. ზოგი კი იმიტომ აღარ ესწრება კრების შეხვედრებს, რომ სერიოზული ცოდვა აქვთ ჩადენილი. როგორც არ უნდა იყოს, ზემოთ განხილული რჩევების გათვალისწინებით შეძლებ, დაეხმარო ღვთის ფარას ჩამოშორებულ და-ძმებს, რომ ვიდრე დროა, დაუბრუნდნენ კრებას.

„შინ დაბრუნებას გილოცავ, შვილო!“

16—18. ა) როგორ დაეხმარა ერთი უხუცესი იმ ძმას, რომელიც წლების მანძილზე იყო არააქტიური? ბ) რატომ გახდა ეს ძმა არააქტიური, როგორ დაეხმარა მას უხუცესის გულწრფელი ინტერესი, და როგორ შეხვდნენ კრებაში?

16 ერთი ქრისტიანი უხუცესი გვიამბობს: „ჩვენი კრების უხუცესებს აღელვებთ არააქტიურთა მდგომარეობა და ინახულებენ ხოლმე მათ. მაფიქრებდა ერთი ძმის მდგომარეობა, რომელსაც ადრე ბიბლიას ვასწავლიდი. ამ ძმას მძიმე ცხოვრება ჰქონდა და დაახლოებით 25 წლის განმავლობაში იყო არააქტიური. მე მას ავუხსენი, რომელი ბიბლიური პრინციპები დაეხმარებოდა. გარკვეული ხნის შემდეგ კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო და ბიბლიის შესწავლის სურვილიც გამოთქვა, რადგან უნდოდა, რომ კვლავ კრების სრულფასოვანი წევრი გამხდარიყო“.

17 რატომ გახდა ეს ძმა არააქტიური? ის იხსენებს: „ქვეყნიურ საქმეებს უფრო და უფრო მეტ დროს ვუთმობდი. შევწყვიტე პირადი შესწავლა, მსახურება და კრების შეხვედრებზე დასწრება. ვერც კი მივხვდი, როგორ ჩამოვშორდი კრებას. მაგრამ ერთი უხუცესი გულწრფელად დაინტერესდა ჩემი მდგომარეობით, რომლის დახმარებითაც კრებას დავუბრუნდი“. მას შემდეგ, რაც ამ ძმასთან შესწავლა დაიწყეს, იგი ბევრი პრობლემისგან გათავისუფლდა. ის ამბობს: „მივხვდი, რომ ძალიან მაკლდა იეჰოვას სიყვარული, ღვთისა და მისი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა“.

18 როგორ შეხვდნენ ამ ძმას კრებაში? ის ჰყვება: «ისე ვგრძნობდი თავს, როგორც გზასაცდენილი შვილი იესოს იგავიდან. ერთი მოხუცი და, რომელიც ჯერ კიდევ 30 წლის წინ იყო ჩვენს კრებაში და დღემდე ერთგულად მსახურობს, თბილად შემხვდა და მითხრა: „შინ დაბრუნებას გილოცავ, შვილო!“ მისი სიტყვები გულზე მალამოდ დამედო. მართლაც ისე ვგრძნობდი თავს, როგორც საკუთარ სახლში. მინდა, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო იმ სიყვარულისთვის, სითბოსა და მოთმინებისთვის, რომელიც ჩემდამი იმ უხუცესმა და მთელმა კრებამ გამოავლინეს. დავინახე, როგორ ჰყვარებიათ იეჰოვაც და მოყვასიც, რაც დამეხმარა, რომ ღვთის ფარას დავბრუნებოდი».

დაანახვე დაუყოვნებლივ დაბრუნების აუცილებლობა

19, 20. როგორ აღვძრათ არააქტიურები, რომ დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ სამწყსოს და როგორ დავანახოთ, რომ იეჰოვა მათგან შეუძლებელს არ მოელის?

19 ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყნიერების ბოლო დღეებში, რომლის განადგურებაც გარდაუვალია. ამიტომ, აღძარი არააქტიურები, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ კრების შეხვედრებზე სიარული. შეახსენე, რომ სატანა ყოველ ღონეს ხმარობს, რათა მათ იეჰოვასთან ურთიერთობა გაუფუჭოს და აფიქრებინოს, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მიტოვებით გაიადვილებენ ცხოვრებას. დაარწმუნე, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცოცხლდებიან, თუ იესოს ერთგული მიმდევრები იქნებიან (წაიკითხეთ მათეს 11:28—30).

20 ისიც შეახსენე, რომ ღმერთი ჩვენგან იმაზე მეტს არ მოელის, ვიდრე შეგვიძლია. მაგალითად, როდესაც ლაზარეს და, მარიამი, იესოს ზოგიერთმა მოწაფემ იმის გამო განსაჯა, რომ მას სიკვდილის წინ ძვირფასი ნელსაცხებელი სცხო, იესომ უთხრა მათ: „თავი დაანებეთ . . . მან ის გააკეთა, რაც შეეძლო“ (მარ. 14:6—8). მან გაჭირვებული ქვრივის მიერ ტაძარში გაღებული მცირედი შესაწირავიც დააფასა. ამ ქვრივმაც ის გააკეთა, რაც შეეძლო (ლუკ. 21:1—4). უმეტესობა ჩვენგანისთვის შეუძლებელი არ არის ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება და სამეფოს შესახებ ქადაგება. იეჰოვას დახმარებით ამას არააქტიურთა უმეტესობაც შეძლებს.

21, 22. რაში უნდა დაარწმუნო ისინი, ვისაც იეჰოვასთან დაბრუნების სურვილი აქვს?

21 თუ ქრისტიანს, რომელიც ღვთის ფარას ჩამოშორდა, ერიდება კრების წევრებთან შეხვედრა, შეახსენე, როგორი სიხარულით მიიღეს გზასაცდენილი შვილი. კრება ასეთივე სიხარულით მიიღებს ფარას ჩამოშორებულ ცხვარს. აღძარი არააქტიურები, რომ დაუყოვნებლივ შეეწინააღმდეგონ ეშმაკს და ღმერთს დაუახლოვდნენ (იაკ. 4:7, 8).

22 დიდი სიხარული ელით მათ, ვინც იეჰოვას დაუბრუნდება (გოდ. 3:40). ისინი ადრეც უდავოდ ბედნიერები იქნებოდნენ, როდესაც იეჰოვას ერთგულად ემსახურებოდნენ. მაგრამ, თუ დაუყოვნებლივ დაუბრუნდებიან იეჰოვას, კიდევ უფრო მეტ კურთხევას მიიღებენ.

როგორ უპასუხებთ?

• როგორ დავეხმაროთ ქრისტიანს, რომელიც დაბრკოლდა და არააქტიური გახდა?

• როგორი მსჯელობით დაეხმარები მათ, ვინც იმის გამო დატოვა ღვთის სამწყსო, რომ ბიბლიის რომელიმე სწავლება ეჭვქვეშ დააყენა?

• როგორ გავუწიოთ დახმარება იმ არააქტიურ და-ძმებს, ვისაც ერიდება კრების წევრებთან შეხვედრა?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 13 გვერდზე]

ყურადღებით მოუსმინე იმ არააქტიურ ქრისტიანს, რომელიც გულს გიშლის

[სურათი 15 გვერდზე]

გზასაცდენილი შვილის მაგალითზე დაფიქრებამ შეიძლება აღძრას არააქტიური კრებაში დასაბრუნებლად