„ზღვის სიმღერა“ ხელნაწერი, რომელიც ორ ისტორიულ პერიოდს აკავშირებს
„ზღვის სიმღერა“ ხელნაწერი, რომელიც ორ ისტორიულ პერიოდს აკავშირებს
იერუსალიმში, ისრაელის მუზეუმში, 2007 წლის 22 მაისს გამოჩნდა ებრაული წერილების ფრაგმენტი, რომელიც ახ. წ. დაახლოებით VII-VIII საუკუნით თარიღდება. ამ ხელნაწერში მოცემულია ბიბლიის ერთ-ერთი მონაკვეთი, კერძოდ გამოსვლის 13:19—16:1. ეს მონაკვეთი შეიცავს „ზღვის სიმღერას“, იგივე გამარჯვების სიმღერას, რომელიც ისრაელებმა მას შემდეგ იმღერეს, რაც იეჰოვამ წითელი ზღვა სასწაულებრივად გაყო და გადაარჩინა ისინი. რით არის ეს ფრაგმენტი განსაკუთრებული?
ამ კითხვაზე პასუხი დაკავშირებულია ხელნაწერის შექმნის თარიღთან. როგორც ცნობილია, მკვდარი ზღვის ხელნაწერები იწერებოდა ძვ. წ. III საუკუნიდან ახ. წ. I საუკუნემდე. ამ ხელნაწერების აღმოჩენამდე, ანუ დაახლოებით 60 წლის წინ, უძველეს ებრაულ ხელნაწერად ითვლებოდა ალეპოს კოდექსი, რომელიც ახ. წ. 930 წლით თარიღდება. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ფრაგმენტს, არც ერთი ებრაული ხელნაწერი არ არის დათარიღებული დროის ამ შუალედით.
ისრაელის მუზეუმის დირექტორი, ჯეიმს ს. სნაიდერი აღნიშნავს: „ზღვის სიმღერა ერთმანეთთან აკავშირებს ორ ისტორიულ პერიოდს, კერძოდ მკვდარი ზღვის ხელნაწერების . . . და ალეპოს კოდექსის შექმნის პერიოდებს“. მისი თქმით, როგორც ბიბლიის სხვა უძველეს ხელნაწერებში, დედნის ტექსტი ამ ხელნაწერშიც უცვლელი სახითაა შენარჩუნებული.
როგორც ამბობენ, ეს ფრაგმენტი აღმოჩენილ იქნა სხვა ხელნაწერებთან ერთად მე-19 საუკუნის მიწურულს ეგვიპტეში, კერძოდ კაიროს სინაგოგაში. ეს ხელნაწერი ხელში ჩაუვარდა ებრაული ხელნაწერების ერთ-ერთ კოლექციონერს, რომელმაც არ იცოდა, რომ ეს განსაკუთრებული ფრაგმენტი იყო, ვიდრე 70-იანი წლების მიწურულს ამის შესახებ სპეციალისტისგან არ შეიტყო. ნახშირბადით დათარიღების მეთოდით დადგინდა ამ ფრაგმენტის შექმნის თარიღი და ინახებოდა მანამ, სანამ ისრაელის მუზეუმში გამოჩნდებოდა.
აღნიშნული ფრაგმენტის მნიშვნელობის შესახებ ისრაელის მუზეუმის თანამშრომელი, მკვდარი ზღვის ხელნაწერების საცავის გამგე, ადოლფო როიტმენი აღნიშნავს: «„ზღვის სიმღერის“ ხელნაწერი უდიდესი სიზუსტითაა შესრულებული, რაც დამახასიათებელია ბიბლიის მასორეტული ხელნაწერებისთვის, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა. საოცარია, რომ VII-VIII საუკუნით დათარიღებულ „ზღვის სიმღერას“ სახეცვლილება არ განუცდია და მისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული სტილი დღემდე შენარჩუნებულია».
ბიბლია იეჰოვასგან შთაგონებული სიტყვაა. მან იზრუნა იმაზე, რომ ბიბლიას ჩვენამდე უცვლელი სახით მოეღწია. გარდა ამისა, გადამწერებიც ცდილობდნენ, რომ ბიბლია დიდი სიზუსტით გადაეწერათ. აქედან გამომდინარე, ბიბლიის ტექსტი, რომლითაც დღეს ვსარგებლობთ, სრულიად სანდოა.
[სურათის საავტორო უფლება 32 გვერდზე]
Courtesy of Israel Museum, Jerusalem