არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კორეაში ღვთის სამწყსოს ზრდის მოწმე გავხდი

კორეაში ღვთის სამწყსოს ზრდის მოწმე გავხდი

კორეაში ღვთის სამწყსოს ზრდის მოწმე გავხდი

მოგვითხრო მილტონ ჰამილტონმა

„ვწუხვართ, მაგრამ სამხრეთი კორეის მთავრობამ მისიონერებს უარი გითხრათ ვიზებზე, როგორც ქვეყნისთვის არასასურველ პირებს . . . ამიტომ დროებით იაპონიაში იმსახურებთ“.

ასეთი წერილი მივიღეთ მე და ჩემმა მეუღლემ 1954 წელს ბრუკლინიდან (ნიუ-იორკი, აშშ). ჩვენ იმ წელს დავამთავრეთ სკოლა „გალაადის“ 23-ე კლასი, რომელიც ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდა. როცა ეს წერილი მივიღეთ, დროებით ინდიანაპოლისში (ინდიანას შტატი) ვმსახურობდით.

მე და ჩემი მეუღლე ლიზი კლასელები ვიყავით. ჩვენ 1948 წელს დავქორწინდით. მას უყვარდა სრული დროით მსახურება, მაგრამ შტატების დატოვებისა და უცხო ქვეყანაში მსახურების ეშინოდა. რამ შეცვალა მისი გადაწყვეტილება?

ლიზი დამთანხმდა, დავსწრებოდით შეხვედრას, რომელიც სკოლა „გალაადში“ სწავლების მსურველთათვის ტარდებოდა. ეს შეხვედრა ჩატარდა 1953 წლის ზაფხულში იანკის სტადიონზე (ნიუ-იორკი) გამართულ საერთაშორისო კონგრესზე. ამ გამამხნევებელი შეხვედრის შემდეგ ჩვენ შევავსეთ „გალაადში“ სწავლის მსურველთათვის განკუთვნილი განცხადება. ჩვენდა გასაოცრად შემდეგ კლასში მიგვიწვიეს, სადაც სწავლა 1954 წლის თებერვლიდან იწყებოდა.

ჩვენ კორეაში დაგვნიშნეს. სამწლიანი ომის შემდეგ, რომელიც 1953 წლის ზაფხულში დამთავრდა, ქვეყანა გაპარტახებული იყო. როგორც ზემოთ ციტირებულ წერილში იყო მითითებული, ჩვენ ჯერ იაპონიაში გავემგზავრეთ. 1955 წლის იანვარში გემით ოცდღიანი მგზავრობის შემდეგ იაპონიაში სხვა ექვს მისიონერთან ერთად ჩავედით, რომლებმაც ჩვენ მსგავსად კორეაში მიიღეს დანიშნულება. დილის 6 საათზე ნავსადგურში ლოიდ ბერი დაგვხვდა, რომელიც იმ დროს იაპონიის ფილიალის ზედამხედველი იყო. იქიდან იოკოჰამაში, მისიონერთა სახლისკენ გავემართეთ. იმავე დღეს მსახურებაში გავედით.

კორეაში გადასვლა

გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ მივიღეთ სამხრეთი კორეის ვიზები. 1955 წლის 7 მარტს ჩვენი თვითმფრინავი აფრინდა ჰანედას საერთაშორისო აეროპორტიდან (ტოკიო) და სამ საათში დაეშვა სეულში, იოიდოს აეროპორტში, სადაც 200-ზე მეტი კორეელი მოწმე დაგვხვდა. მათ დანახვაზე სიხარულის ცრემლები ვერ შევიკავეთ. იმ დროს კორეაში მხოლოდ 1 000 მოწმე იყო. როგორც სხვა მრავალს დასავლეთში, ჩვენც გვეგონა, რომ აღმოსავლეთში ყველა ერთმანეთს ჰგავდა და ერთნაირად იქცეოდა. მაგრამ მალე მივხვდით, რომ ვცდებოდით. ენისა და დამწერლობის გარდა, კორეელები სხვებისგან თავიანთი კერძებით, გარეგნობითა და ტრადიციული ჩაცმულობითაც გამოირჩევიან. სხვა მრავალ რამესთან ერთად, მათი არქიტექტურაც განსხვავებულია.

ჩვენთვის პირველი სირთულე ენის სწავლა იყო, რადგან კორეულის შესასწავლად სახელმძღვანელოები არ არსებობდა. მალე მივხვდით, რომ ინგლისური ბგერების გამოყენებით კორეულად ვერ ვისაუბრებდით. სიტყვების სწორად წარმოთქმას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებდით, თუ კორეულ ანბანს ვისწავლიდით.

საუბრისას ბევრ შეცდომას ვუშვებდით. მაგალითად, ერთხელ, როცა ლიზმა მობინადრეს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ბიბლია, ქალმა გაკვირვებული სახით შეხედა, სახლში შევიდა და ასანთის კოლოფი გამოიტანა. თურმე ლიზმა მას ბიბლიის ნაცვლად („სენგკიუნგ“) ასანთი სთხოვა („სენგიანგ“).

რამდენიმე თვეში საპორტო ქალაქ პუსანში გადაგვიყვანეს, რომ მისიონერული სახლი დაგვეარსებინა. ჩვენ ვიქირავეთ სამი პატარა ოთახი ჩვენთვის და ორი დისთვის, რომლებიც ჩვენთან ერთად იმსახურებდნენ. ოთახში არც ხელსაბანი გვქონდა და არც ნორმალური საპირფარეშო. წყალი მეორე სართულზე მხოლოდ ღამით ამოდიოდა შლანგით, როცა წყლის წნევა მატულობდა. ამიტომ უთენია რიგ-რიგობით ვდგებოდით წყლის მოსამარაგებლად. დასალევად წყალს ვადუღებდით ან ვქლორავდით.

სირთულეები ამით არ დამთავრებულა. შეზღუდული ელექტროენერგიის გამო ვერც სარეცხ მანქანას ვიყენებდით და ვერც უთოს. სამზარეულოს მოვალეობას დერეფანი ასრულებდა, სადაც მხოლოდ ნავთქურა იდგა. მალე ყველამ ვისწავლეთ ასეთ პირობებში საჭმლის მომზადება. ჩამოსვლიდან სამ წელიწადში მე და ლიზი ჰეპატიტით დავავადდით. იმ დროს ბევრ მისიონერს აღმოაჩნდა ჰეპატიტი. ამას ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც დაემატა და ძალების მოსაკრებად თვეები დაგვჭირდა.

გამხნევება სირთულეების დროს

გასული 55 წლის განმავლობაში კორეის ნახევარკუნძულზე პოლიტიკური ვითარება ძალიან არასტაბილური იყო. ნახევარკუნძული გაყოფილია დემილიტარიზებული ზონით, რომელიც სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულიდან 55 კილომეტრში მდებარეობს. 1971 წელს ბრუკლინის მთავარი სამმართველოდან ფრედერიკ ფრენცი გვესტუმრა. მე მას გავყევი დემილიტარიზებულ ზონაში, რომელიც ყველაზე დახშული სასაზღვრო ზონაა მსოფლიოში. წლების განმავლობაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლები აქ ხვდებოდნენ კორეის ორივე სახელმწიფოს წარმომადგენლებს.

ჩვენ არ ვერეოდით პოლიტიკაში, მათ შორის კორეის ნახევარკუნძულზე განვითარებულ მოვლენებში (იოან. 17:14). ომში მონაწილეობაზე უარის გამო 13 000-მა კორეელმა ძმამ მთლიანობაში 26 000 წელი გაატარა საპატიმროში (2 კორ. 10:3, 4). ახალგაზრდა კორეელ ძმებს არ აშინებთ ის ფაქტი, რომ ადრე თუ გვიან ისინიც დადგებიან ამ განსაცდელის წინაშე. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება დამნაშავეებს უწოდებს ქრისტიანებს, რომელთა ერთადერთი „დანაშაული“ ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დაცვაა.

ჯერ კიდევ 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს მეც უარი ვთქვი სამხედრო სამსახურზე, რის გამოც ორწელიწად-ნახევარი გავატარე ლუისბერგის ციხეში (პენსილვანია, აშშ). მე კარგად მესმის, რისი გადატანა უწევდათ და დღემდე უწევთ კორეელ ძმებს მიუხედავად იმისა, რომ მათი სიტუაცია გაცილებით რთულია. ბევრი ძმა გაამხნევა იმის გაგებამ, რომ კორეაში ჩასულ მისიონერებსაც მსგავსი რამ გვქონდა გამოცდილი (ეს. 2:4).

სირთულეების პირისპირ

ნეიტრალიტეტის გამო კიდევ ერთ სირთულეს 1977 წელს შევხვდით. ხელისუფლების წარმომადგენლების აზრით, ჩვენ ვაქეზებდით ახალგაზრდა კორეელებს, უარი ეთქვათ სამხედრო სამსახურზე. ამიტომ მათ გადაწყვიტეს, ქვეყნის დატოვების შემთხვევაში მისიონერებისთვის აღარ მიეცათ ქვეყანაში ხელახლა შესვლის უფლება. ეს შეზღუდვა 1977 წლიდან 1987 წლამდე გაგრძელდა. ამ წლებში კორეის დატოვება იმას ნიშნავდა, რომ უკან ვეღარ დავბრუნდებოდით. ამიტომ ქვეყნიდან ფეხი არსად გაგვიდგამს.

არაერთი შეხვედრა გვქონდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომლებსაც ჩვენს ქრისტიანულ პოზიციას ვუხსნიდით. ათი წლის შემდეგ, როცა მიხვდნენ, ამით ვერაფერს გახდებოდნენ, შეზღუდვა მოხსნეს. ამ წლებში რამდენიმე მისიონერს ჯანმრთელობის გამო მოუხდა ქვეყნის დატოვება. სხვა მისიონერები ადგილზე დავრჩით და არც გვინანია.

80-იან წლებში მოწინააღმდეგეებმა ცრუ ბრალდება წაუყენეს ჩვენი იურიდიული კორპორაციის დირექტორებს, რომ ისინი ახალგაზრდებს აიძულებდნენ, უარი ეთქვათ სამხედრო სამსახურზე. ამის გამო დირექტორატის თითოეული წევრი დაკითხვაზე დაგვიბარეს. 1987 წლის 22 იანვარს პროკურატურამ ეს ბრალდება უსაფუძვლოდ მიიჩნია. ამან სამომავლო გაუგებრობებისგან გვიხსნა.

ღმერთმა აკურთხა ჩვენი საქმიანობა

ნეიტრალური პოზიციის გამო ჩვენს სამქადაგებლო საქმიანობას კორეაში თანდათან უფრო დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ. ამიტომ სულ უფრო გვიძნელდებოდა დიდი შეკრებების ჩასატარებლად შესაფერისი ადგილების პოვნა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მოწმეებმა პუსანში ააშენეს საკონგრესო დარბაზი, რომელიც პირველი დარბაზი იყო აღმოსავლეთში. 1976 წლის 5 აპრილს ახალ დარბაზში შეკრებილი 1 300 კაცის წინაშე მე მომიწია მიძღვნისთვის განკუთვნილი მოხსენების წარმოთქმა.

1950 წლიდან მოყოლებული ათიათასობით ამერიკელი ჯარისკაცი მსახურობდა კორეაში. შტატებში დაბრუნების შემდეგ ბევრი მათგანი იეჰოვას ერთგული მსახური გახდა. მათგან ხშირად ვიღებდით წერილებს. ჩვენთვის კურთხევაა ის, რომ შევძელით მათთვის სულიერი დახმარების გაწევა.

სამწუხაროდ, 2006 წლის 26 სექტემბერს ჩემი ძვირფასი მეუღლე ლიზი ხელიდან გამომეცალა. ვგრძნობ, რომ უზომოდ მაკლია. კორეაში გატარებული 51 წლის განმავლობაში ის სიხარულით ასრულებდა ყველა დავალებას და არასდროს გამოთქვამდა უკმაყოფილებას. მას აზრადაც არ მოსვლია შეერთებულ შტატებში დაბრუნება მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს საერთოდ არ აპირებდა სამშობლოდან გამგზავრებას.

დღესდღეობით კორეის ბეთელის ოჯახის წევრი ვარ. ადრე თუ მხოლოდ რამდენიმე კაცი მსახურობდა ბეთელში, ახლა მათი რიცხვი 250-მდე გაიზარდა. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ვიმსახურო ფილიალის კომიტეტის სხვა შვიდ წევრთან ერთად, რომლებიც ხელმძღვანელობას უწევენ სამქადაგებლო საქმიანობას კორეაში.

კორეა ძალიან ღარიბი ქვეყანა იყო, როცა ჩვენ ჩამოვედით, დღეს კი მსოფლიოში ერთ-ერთი კარგად განვითარებული ქვეყანაა. კორეაში ახლა 95 000 მოწმეა. აქედან 40 პროცენტი სრული დროით ან დამხმარე პიონერად მსახურობს. გული მადლიერებით მევსება, რომ ამ ქვეყანაში მსახურების შესაძლებლობა მომეცა და ღვთის სამწყსოს ზრდის მოწმე გავხდი.

[სურათი 24 გვერდზე]

კორეაში სხვა მისიონერებთან ერთად

[სურათი 24, 25 გვერდებზე]

პუსანში მსახურების დროს

[სურათი 25 გვერდზე]

1971 წელს ძმა ფრენცთან ერთად დემილიტარიზებულ ზონაში

[სურათი 26 გვერდზე]

ლიზისთან ერთად, მის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე

[სურათი 26 გვერდზე]

კორეის ფილიალი, სადაც დღემდე ვმსახურობ