არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უძველესი ლურსმული წარწერები და ბიბლია

უძველესი ლურსმული წარწერები და ბიბლია

უძველესი ლურსმული წარწერები და ბიბლია

მას შემდეგ, რაც ღმერთმა ბაბილონში ენები აურია, ადამიანებმა დამწერლობის სხვადასხვა სისტემა შექმნეს. შუამდინარეთში მცხოვრები შუმერები და ბაბილონელები ლურსმულ ანუ სოლისებრ დამწერლობას იყენებდნენ. ამ დამწერლობას ლურსმული ეწოდებოდა იმიტომ, რომ მის უმარტივეს ელემენტს ლურსმნის ფორმა ჰქონდა; მისი აღბეჭდვა სველ თიხაზე ჯოხით ხდებოდა.

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ლურსმული წარწერები, სადაც მოხსენიებულია ის ადამიანები და მოვლენები, რომლებსაც ბიბლიაში ვხვდებით. რა ვიცით ამ უძველესი დამწერლობის შესახებ? როგორ ამტკიცებს ბიბლიის უტყუარობას ეს ძველი ტექსტები?

შემონახული ტექსტები

მეცნიერთა აზრით, თავდაპირველად, შუამდინარეთში იყენებდნენ პიქტოგრაფიულ დამწერლობას. ისინი სიტყვას ან აზრს ნახატებით გადმოსცემდნენ. მაგალითად, ხარის აღმნიშვნელი ნიშანი ხარის თავი იყო. ლურსმული დამწერლობის განვითარება ცნობების წერილობით შენახვის აუცილებლობამ განაპირობა. „ნიშნები აღნიშნავდა არა მარტო სიტყვებს, არამედ მარცვლებს, რომელთა კომბინაციაც სიტყვებს ქმნიდა“, — ნათქვამია ერთ წიგნში („NIV Archaeological Study Bible“). ამგვარად, ლურსმული დამწერლობის 200 ნიშნით შესაძლებელი გახდა „ენის ლექსიკისა თუ გრამატიკის ყველა თავისებურების გადმოცემა“.

აბრაამის დროს, დაახლოებით ძვ. წ. 2000 წლისთვის, ლურსმული დამწერლობა კარგად იყო განვითარებული. მომდევნო 20 საუკუნის განმავლობაში ამ დამწერლობას 15 ენისთვის იყენებდნენ. ნაპოვნი ლურსმული ტექსტების 99 პროცენტზე მეტი თიხის ფირფიტებზეა შესრულებული. გასული 150 წლის განმავლობაში ასეთი ფირფიტები დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს ურში, ურუქში, ბაბილონში, ნიმრუდში, ნიფურში, აშურში, ნინევეში, მარში, ებლაში, უგარითსა და ამარნაში. ერთ ნაშრომში ნათქვამია: „სპეციალისტების ვარაუდით, უკვე ნაპოვნია დაახლოებით 1-2 მილიონი თიხის ფირფიტა ლურსმული წარწერებით და ყოველწლიურად დაახლოებით კიდევ 25 000 ან უფრო მეტ ახალ ფირფიტას პოულობენ“ („Archaeology Odyssey“).

მკვლევარებისთვის ამ წარწერების წაკითხვა მეტად შრომატევადი საქმეა. როგორც ვარაუდობენ, „არსებული ლურსმული ტექსტების მხოლოდ ათი პროცენტის წაკითხვა მოხერხდა“.

ლურსმული ტექსტების გაშიფვრაში დიდი წვლილი შეიტანა ლურსმული დამწერლობით შესრულებული ორენოვანი და სამენოვანი ტექსტების აღმოჩენამ. მეცნიერები მიხვდნენ, რომ სინამდვილეში ეს იყო ერთი და იგივე ტექსტი სხვადასხვა ენაზე შესრულებული ლურსმული დამწერლობით. განსაკუთრებით დამხმარე იყო იმის აღმოჩენა, რომ ტექსტში არაერთხელ მეორდებოდა სახელები, ტიტულები, მმართველთა გენეალოგიური ნუსხები და ფრაზები, რომლითაც საკუთარ თავს ხოტბას ასხამდნენ.

მე-19 საუკუნის 50-იანი წლებისთვის მეცნიერებმა შეძლეს ძველი აღმოსავლეთის „ლინგვა ფრანკას“, იგივე აქადური ანუ ასურულ-ბაბილონური ლურსმული ტექსტების წაკითხვა. „ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ ნათქვამია: „აქადური ტექსტების გაშიფვრისას მიგნებული პრინციპები მეცნიერებს იმ ლურსმული ტექსტების წაკითხვაშიც დაეხმარა, რომლებიც სხვა ენებზე იყო შესრულებული“. რა აქვთ საერთო ამ ტექსტებს ბიბლიასთან?

ფაქტები, რომლებიც ეთანხმება ბიბლიას

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იერუსალიმს ქანაანელი მეფეები მართავდნენ, სანამ დავითი დაიპყრობდა მას დაახლოებით ძვ. წ. 1070 წელს (იეს. 10:1; 2 სამ. 5:4—9). ზოგი მეცნიერი ამ ფაქტს ეჭვქვეშ აყენებდა. მაგრამ 1887 წელს ამარნაში (ეგვიპტე) გლეხის ქალმა თიხის ფირფიტა იპოვა. ამ ადგილას ნაპოვნი 380 ტექსტი აღმოჩნდა დიპლომატიური მიმოწერა ეგვიპტის ფარაონებსა (ამენჰოტეპ III და ეხნატონი) და ქანაანის მმართველებს შორის. ექვსი წერილი ეკუთვნის იერუსალიმის მმართველ „აბდი-ჰებას“.

ჟურნალ „ბიბლიური არქეოლოგიის მიმოხილვაში“ ნათქვამია: „ამარნის ფირფიტებს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ იერუსალიმი არა უბრალოდ ვიღაცის ადგილ-მამული, არამედ ქალაქი იყო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აბდი-ჰება იყო მმართველი, რომელიც იერუსალიმში ცხოვრობდა და რომელსაც ქალაქი 50 ეგვიპტელი ჯარისკაცით ჰყავდა გამაგრებული, იერუსალიმი პატარა ქალაქ-სახელმწიფო უნდა ყოფილიყო“. იმავე ჟურნალში ნათქვამია: „ამარნის წერილების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იყო იმ დროისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ქალაქი“.

ასურულ და ბაბილონურ წყაროებში მოხსენიებული სახელები

ასურელები, მოგვიანებით კი ბაბილონელებიც, თავიანთ ისტორიას წერდნენ არა მარტო თიხის ფირფიტებზე, არამედ ცილინდრებზე, პრიზმებსა და მონუმენტებზე. აქადური ხელნაწერების გაშიფვრისას მკვლევარებმა მასში აღმოაჩინეს ის სახელები, რომლებიც ბიბლიაში გვხვდება.

ერთ წიგნში ნათქვამია: „დოქტორმა სემიუელ ბერჩმა 1870 წელს ბიბლიური არქეოლოგიის ახლად ჩამოყალიბებული საზოგადოებისადმი მიმართვაში აღნიშნა, რომ [ლურსმულ ტექსტებში] აღმოაჩინა ებრაელი მეფეების სახელები: ომრი, ახაბი, იეჰუ, აზარია . . . მენახემი, ფეკახი, ჰოშეა, ხიზკია და მენაშე. ასევე ასურეთის მეფეების სახელები: ტიგლათფილესერ . . .[III], სარგონი, სინახერიბი, ასარხადონი, ასურბანიფალი, . . . და სირიის მეფეების სახელები: ბენ-ჰადადი, ხაზაელი და რეცინი“ („The Bible in the British Museum“).

ისრაელსა და იუდას შესახებ ბიბლიაში ჩაწერილი ისტორიის ძველ ლურსმულ ტექსტებთან შედარების საფუძველზე ერთ წიგნში შემდეგი დასკვნა კეთდება: „მთლიანობაში ამ ტექსტებში ისრაელისა და იუდას 15 ან 16 მეფეა მოხსენიებული, რომელთა სახელები და მეფობის წლები ზუსტად ემთხვევა იმას, რასაც მეფეების წიგნში ვკითხულობთ. არაბიბლიურ წყაროებში მოხსენიებული ყველა მეფის სახელს ვხვდებით მეფეების წიგნში“ („The Bible and Radiocarbon Dating“).

1879 წელს აღმოჩენილი ერთ-ერთი ცნობილი ლურსმული ტექსტიდან, რომელიც კიროსის ცილინდრზეა ამოტვიფრული, ვიგებთ, რომ ძვ. წ. 539 წელს ბაბილონის დაპყრობის შემდეგ, თავისი პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე, კიროსმა ტყვეებს სამშობლოში დაბრუნების ნება დართო. ამ ტყვეებს შორის იყვნენ იუდეველებიც (ეზრ. 1:1—4). მე-19 საუკუნეში მრავალ მეცნიერს ეჭვი ეპარებოდა ბიბლიაში ჩაწერილი ამ ბრძანების სიზუსტეში. მაგრამ ლურსმულმა ტექსტებმა, რომლებიც სპარსეთის აღმავლობის ხანას განეკუთვნება, მათ შორის კიროსის ცილინდრმა, დაადასტურა ბიბლიური ცნობის უტყუარობა.

1883 წელს ნიფურში, ბაბილონთან ახლოს, აღმოაჩინეს არქივი, რომელშიც 700-ზე მეტი ლურსმული ტექსტი იყო დაცული. მათში მოხსენიებული 2 500 სახელიდან დაახლოებით 70 ებრაული იყო. როგორც ისტორიკოსი ედვინ იამაუკი ამბობს: „მათგან ზოგი სავაჭრო გარიგების მონაწილე იყო, ზოგი შუამავალი, მოწმე, გადასახადების ამკრეფი და სამეფო კარის მოხელე“. ის, რომ ებრაელები ამგვარ საქმიანობას მისდევდნენ ბაბილონთან ახლოს, მნიშვნელოვანი დეტალია. ეს ადასტურებს ბიბლიურ წინასწარმეტყველებას, რომლის თანახმადაც ასურეთსა და ბაბილონში გადასახლებული ებრაელებიდან მხოლოდ „ნაწილი“ დაბრუნდებოდა იუდეაში (ეს. 10:21, 22).

ძვ. წ. პირველ ათასწლეულში ლურსმულთან ერთად ანბანურ დამწერლობასაც იყენებდნენ. საბოლოო ჯამში, ასურელებმა და ბაბილონელებმა ლურსმულ დამწერლობას ანბანური დამწერლობა ამჯობინეს.

დღესაც მიმდინარეობს იმ ათასობით ფირფიტის შესწავლა, რომლებიც ახლა მუზეუმებში ინახება. მკვლევარების მიერ უკვე გამოკვლეული ტექსტები ბიბლიის უტყუარობის კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა. ვინ იცის, ბიბლიის უტყუარობის დამამტკიცებელ კიდევ რამდენ ფაქტს მოეფინება ნათელი სხვა, ჯერ კიდევ უცნობი ტექსტების შესწავლის შემდეგ.

[სურათის საავტორო უფლება 21 გვერდზე]

Photograph taken by courtesy of the British Museum