არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აი მსახური, რომელიც იეჰოვამ მოიწონა!

აი მსახური, რომელიც იეჰოვამ მოიწონა!

აი მსახური, რომელიც იეჰოვამ მოიწონა!

„აი ჩემი მსახური, . . . რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა!“ (ეს. 42:1).

1. რის გაკეთება მართებს იეჰოვას ხალხს გახსენების საღამოს მოახლოებისას და რატომ?

იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო კარს არის მომდგარი, ამიტომ დროულია პავლეს რჩევა: „დავაკვირდეთ ჩვენი რწმენის მეთაურსა და გამასრულყოფილებელს, იესოს . . . რომ არ დაიღალოთ და არ დაკარგოთ სულის სიმხნევე, დაფიქრდით მასზე, ვინც სიტყვიერი შეურაცხყოფა მოითმინა ცოდვილთაგან, რომლებიც ამით თავიანთივე თავს აყენებდნენ ზიანს“ (ებრ. 12:2, 3). იესოს ერთგულებაზე დაფიქრება, რომელიც მისი მსხვერპლშეწირვით დაგვირგვინდა, დაეხმარება ცხებულ ქრისტიანებსა და მათ თანამსახურ სხვა ცხვრებს, ერთგულად ემსახურონ იეჰოვას და ‘არ დაკარგონ სულის სიმხნევე’ (შეადარეთ გალატელების 6:9).

2. რას ვიგებთ ესაიას წინასწარმეტყველებებიდან, რომლებიც ღვთის ძეს ეხება?

2 ესაიას მეშვეობით იეჰოვამ მრავალი წინასწარმეტყველება წარმოთქვა თავის ძეზე. ზუსტად ეს წინასწარმეტყველებები გვეხმარება, რომ „დავაკვირდეთ ჩვენი რწმენის მეთაურსა და გამასრულყოფილებელს“, იესო ქრისტეს *. მათი მეშვეობით უკეთ ვიგებთ, როგორი თვისებები აქვს მას, როგორ დაიტანჯა და როგორ განდიდდა როგორც მეფე და მხსნელი. ესაიას წიგნში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები გვეხმარება, მეტად დავაფასოთ გახსენების საღამო, რომელიც ამა წლის 9 აპრილს, ხუთშაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ ჩატარდება.

ვინ არის მსახური?

3, 4. ა) რა იგულისხმება ესაიას წინასწარმეტყველებაში მოხსენიებულ სიტყვა „მსახურში“? ბ) როგორც ბიბლიიდან ჩანს, ვინ არის ესაიას 42-ე, 49-ე, 50-ე, 52-ე და 53-ე თავებში მოხსენიებული მსახური?

3 ესაიას წიგნში არაერთხელ გვხვდება სიტყვა „მსახური“. ზოგჯერ ის თავად ესაიას ეხება (ეს. 20:3; 44:26). ზოგჯერ მასში მთელი ისრაელი ერი ანუ იაკობი იგულისხმება (ეს. 41:8, 9; 44:1, 2, 21). მაგრამ ვინ არის მსახური, რომელზეც ესაიას 42-ე, 49-ე, 50-ე, 52-ე და 53-ე თავებშია ნაწინასწარმეტყველები? ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ნათელს ჰფენს იეჰოვას ამ მსახურის ვინაობას. საინტერესოა, რომ წიგნ „საქმეებში“ მოხსენიებული ეთიოპი საჭურისი ზუსტად ამ წინასწარმეტყველებებს კითხულობდა, როცა წმინდა სულმა აღძრა ფილიპე მახარობელი, მასთან მისულიყო. ეთიოპი საჭურისი ბიბლიის იმ მონაკვეთს კითხულობდა, რომელიც ახლა ესაიას 53:7, 8-ში წერია. მან ჰკითხა ფილიპეს: „გთხოვ, მითხარი, ვისზე ამბობს წინასწარმეტყველი ამას? საკუთარ თავზე თუ სხვა ვინმეზე?“ ფილიპემ აუხსნა, რომ ესაია აქ მესიაზე, იესოზე ლაპარაკობდა (საქ. 8:26—35).

4 იესო ჯერ კიდევ ჩვილი იყო, როცა წმინდა სულით აღძრულმა ღვთისმოსავმა სიმონმა განაცხადა, რომ „პატარა იესო“ გახდებოდა „სინათლე უცხოტომელთათვის რიდის ასახდელად“, როგორც ეს ესაიას 42:6-ე და 49:6-ში იყო ნაწინასწარმეტყველები (ლუკ. 2:25—32). ის დამცირება, რომელიც იესომ თავისი წამების ბოლო ღამეს გადაიტანა, ნაწინასწარმეტყველები იყო ესაიას 50:6—9-ში (მათ. 26:67; ლუკ. 22:63). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ პეტრე მოციქულმა ახსნა, რომ იესო იყო იეჰოვას „მსახური“ (ეს. 52:13; 53:11; წაიკითხეთ საქმეების 3:13, 26 ). რის სწავლა შეგვიძლია მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებებიდან?

იეჰოვა ასწავლის თავის მსახურს

5. როგორ განისწავლა მსახური?

5 ღვთის მსახურთან დაკავშირებული ესაიას ერთ-ერთი წინასწარმეტყველება ნათელს ჰფენს იმ ახლო ურთიერთობას, რომელიც იეჰოვას თავის პირმშოსთან ჰქონდა, ვიდრე ის დედამიწაზე ჩამოვიდოდა (წაიკითხეთ ესაიას 50:4—9). თავად მსახურის სიტყვებიდან ჩანს, რომ იეჰოვა განუწყვეტლივ ასწავლიდა მას: „ყოველ დილით მაღვიძებს, აღვიძებს ჩემს ყურს, რომ სწავლულებივით მოვისმინო“ (ეს. 50:4). ზეცაში ცხოვრებისას იეჰოვას მსახური უსმენდა მამას და სწავლობდა მისგან. ის მორჩილი მოწაფე იყო. მსახურს შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა, თავად სამყაროს შემოქმედისგან ესწავლა.

6. საიდან ჩანს, რომ მსახური ბოლომდე ემორჩილებოდა მამას?

6 ზემოხსენებულ წინასწარმეტყველებაში მსახური თავის მამას „უზენაეს უფალ იეჰოვას“ უწოდებს. აქედან ჩანს, რომ მან კარგად იცის ძირითადი ჭეშმარიტება — იეჰოვა სამყაროს უზენაესი ხელისუფალია. მამას რომ ბოლომდე ემორჩილებოდა, კარგად ჩანს მისივე სიტყვებიდან: „უზენაესმა უფალმა იეჰოვამ გამიხსნა ყური და მეც არ ვეურჩე; სხვა მხარეს არ შევბრუნებულვარ“ (ეს. 50:5). ის, „როგორც ოსტატი“, იეჰოვას გვერდით იყო, როცა ღმერთი სამყაროსა და ადამიანს ქმნიდა. „ოსტატი“ ‘ყოველდღე ხარობდა მის [იეჰოვას] წინაშე. დედამიწის ნაყოფიერება ახარებდა და უყვარდა ადამიანის მოდგმა’ (იგავ. 8:22—31).

7. რა ცხადყოფს, რომ მსახურს განსაცდელების დროს ეჭვი არ შეჰპარვია მამის მხარდაჭერაში?

7 მსახურს მამისგან ნასწავლი და ადამიანების სიყვარული ძალიან გამოადგა, როცა დედამიწაზე ჩამოვიდა და ძლიერ წინააღმდეგობას შეხვდა. წინააღმდეგობის მიუხედავად, მამის ნების შესრულება მას ყოველთვის სიხარულს ანიჭებდა (ფსალმ. 40:8; მათ. 26:42; იოან. 6:38). განსაცდელების დროს მას ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ მამა იწონებდა და მხარს უჭერდა. ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად, იესოს შეეძლო ეთქვა: „ახლოსაა ის, ვინც მართლად მაღიარებს. ვინ შემედავება?! . . . აი, უზენაესი უფალი იეჰოვა დამეხმარება“ (ეს. 50:8, 9). როგორც ესაიას სხვა წინასწარმეტყველებიდან ჩანს, იეჰოვა ნამდვილად დაეხმარა ერთგულ ძეს დედამიწაზე მსახურებისას.

მსახური დედამიწაზე

8. რა ადასტურებს, რომ იესო იყო იეჰოვას „რჩეული“, რომელზეც ესაია წინასწარმეტყველებდა?

8 ბიბლია მოგვითხრობს, რა მოხდა ახ. წ. 29 წელს, როცა იესო მოინათლა: «წმინდა სული . . . გადმოვიდა მასზე და ციდან გაისმა ხმა: „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე, მე მოგიწონე“» (ლუკ. 3:21, 22). ამგვარად, იეჰოვამ ცხადყო, თუ ვინ იყო ესაიას წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული „რჩეული“ (წაიკითხეთ ესაიას 42:1—7). დედამიწაზე მსახურების დროს იესომ შესანიშნავად შეასრულა ეს წინასწარმეტყველება. თავის სახარებაში მათემ იესოს დაუკავშირა ესაიას 42:1—4-დან ციტირებული სიტყვები (მათ. 12:15—21).

9, 10. ა) როგორ შეასრულა იესომ თავისი მსახურების დროს ესაიას 42:3-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება? ბ) როგორ „აღასრულა სამართალი“ ქრისტემ დედამიწაზე ყოფნის დროს და კიდევ როდის გააკეთებს ამას?

9 რელიგიური წინამძღოლები ზემოდან დაჰყურებდნენ უბრალო ხალხს (იოან. 7:47—49). ასეთი მოპყრობის გამო ხალხი „გადატეხილ ლერწამს“ და „მბჟუტავ პატრუქს“ ჰგავდა. იესოს კი ებრალებოდა ღარიბი და გაჭირვებული ხალხი (მათ. 9:35, 36). მან თბილი სიტყვებით მიმართა მათ: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ“ (მათ. 11:28). იესომ „სამართალიც აღასრულა“, როცა სწორისა და არასწორის შესახებ იეჰოვას ნორმები ასწავლა მათ (ეს. 42:3). მან ცხადყო, რომ ღვთის კანონის დაცვისას გონიერება და გულმოწყალება უნდა გამოევლინათ (მათ. 23:23). იესო მაშინაც სამართლიანად მოიქცა, როცა მდიდრებსაც უქადაგა და ღარიბებსაც (მათ. 11:5; ლუკ. 18:18—23).

10 ესაიას წინასწარმეტყველებიდან ისიც ჩანს, რომ იეჰოვას „რჩეული“ „სამართალს აღასრულებს დედამიწაზე“ (ეს. 42:4). ის მაშინ გააკეთებს ამას, როცა, როგორც ზეციერი სამეფოს მეფე, დაამხობს ყველა პოლიტიკურ წყობას და თავისი სამართლიანი მმართველობით შეცვლის მათ. ის დაამყარებს ახალ ქვეყნიერებას, „სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტ. 3:13; დან. 2:44).

„სინათლე“ და „შეთანხმება“

11. რა გაგებით იყო და არის იესო „ერების სინათლე“?

11 იესომ დაამტკიცა, რომ ‘სინათლე იყო ერებისთვის’, როგორც ეს ესაიას 42:6-ში იყო ნაწინასწარმეტყველები. დედამიწაზე მსახურების დროს ის, ძირითადად, ებრაელების სულიერი განმანათლებელი იყო (მათ. 15:24; საქ. 3:26). მაგრამ მან ისიც თქვა: „მე ქვეყნიერების სინათლე ვარ“ (იოან. 8:12). ის სინათლე გახდა ებრაელებისა და სხვა ერებისთვის არა მხოლოდ იმით, რომ სულიერად გაანათლა ისინი, არამედ იმითაც, რომ თავისი სიცოცხლე გაიღო კაცობრიობის გამოსასყიდად (მათ. 20:28). აღდგომის შემდეგ მან მოწაფეებს დაავალა, რომ მისი მოწმეები ყოფილიყვნენ „დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). ქადაგების დროს პავლემ და ბარნაბამ ფრაზა „ერების სინათლე“ არაიუდეველთა შორის თავიანთ სამქადაგებლო საქმიანობას დაუკავშირეს (საქ. 13:46—48; შეადარეთ ესაიას 49:6). ამ საქმეს დღესაც აგრძელებენ დედამიწაზე იესოს ცხებული ძმები და მათი თანამსახურები. ისინი სულიერ სინათლეს ავრცელებენ და ხალხს ეხმარებიან, იწამონ იესო — „ერების სინათლე“.

12. როგორ აქცია იეჰოვამ თავისი მსახური „შეთანხმებად ხალხებისთვის“?

12 იმავე წინასწარმეტყველებაში იეჰოვამ უთხრა თავის რჩეულ მსახურს: „დაგიცავ და შეთანხმებად გაქცევ ხალხებისთვის“ (ეს. 42:6). სატანა მთელი ძალით ცდილობდა იესოს განადგურებას და მსახურებაში მისთვის ხელის შეშლას, მაგრამ იეჰოვა მანამდე იცავდა მას, ვიდრე მისი სიკვდილის დრო არ დადგა (მათ. 2:13; იოან. 7:30). იეჰოვამ აღადგინა იესო და „შეთანხმებად“ აქცია ხალხებისთვის. ეს იმას ნიშნავდა, რომ ღვთის ერთგული მსახური კვლავაც დარჩებოდა „სინათლედ ერებისთვის“ და სულიერი სიბნელიდან იხსნიდა მათ (წაიკითხეთ ესაიას 49:8, 9) *.

13. რა გაგებით იყო და არის იესო „სიბნელეში მსხდომთა“ მხსნელი?

13 ამ შეთანხმების თანახმად, იეჰოვას რჩეული მსახური ‘თვალებს აუხელს ბრმებს’, ‘დილეგიდან გამოუშვებს პატიმრებს’ და ‘სატუსაღოდან იხსნის სიბნელეში მსხდომთ’ (ეს. 42:7). იესო ასე იქცეოდა დედამიწაზე მსახურების დროს — ის გმობდა ცრურელიგიურ ტრადიციებს და სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ქადაგებდა (მათ. 15:3; ლუკ. 8:1). ამგვარად, მან სულიერი ტყვეობიდან დაიხსნა ის ებრაელები, რომლებიც მისი მოწაფეები გახდნენ (იოან. 8:31, 32). იესომ სულიერ სინათლეში მილიონობით არაიუდეველიც გაიყვანა. მან დაავალა თავის მიმდევრებს, რომ ‘წასულიყვნენ და მოწაფეებად მოემზადებინათ ხალხი ყველა ერიდან’, და დაჰპირდა, რომ ‘მათთან იქნებოდა ქვეყნიერების აღსასრულამდე’ (მათ. 28:19, 20). მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას იესო ზეციდან ხელმძღვანელობს.

„მსახურის“ ამაღლება

14, 15. რატომ და როგორ აამაღლა იეჰოვამ თავისი მსახური?

14 მესიასთან დაკავშირებულ სხვა წინასწარმეტყველებაში იეჰოვამ თქვა: „აი, ჩემი მსახური წვდომის უნარით იმოქმედებს. აღზევდება, დიდად ამაღლდება და განდიდდება“ (ეს. 52:13). ძე ბოლომდე ემორჩილებოდა მის უზენაესობას და ერთგულებას ინარჩუნებდა განსაცდელების დროს, ამიტომ იეჰოვამ აამაღლა ის.

15 მოციქული პეტრე იესოზე წერდა: „ის ზეცაში ამაღლდა და ღვთის მარჯვნივ დაჯდა. მას დაუმორჩილა ღმერთმა ანგელოზები, ძალაუფლებები და ძალები“ (1 პეტ. 3:22). პავლე მოციქულიც წერდა: „[მან] თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე, წამების ბოძზე სიკვდილამდე. ამის გამო ღმერთმა ის უფრო მეტად აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი, რათა იესოს სახელით მუხლი მოიდრიკოს ყველამ, ვინც ზეცაში, დედამიწაზე თუ მიწის ქვეშ არის, და ყოველმა ენამ საჯაროდ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი ღვთის, მამის სადიდებლად“ (ფილ. 2:8—11).

16. როგორ განდიდდა იესო 1914 წელს და რას აკეთებს მას შემდეგ?

16 იეჰოვამ უფრო მეტად აამაღლა იესო 1914 წელს. მან განადიდა იესო, როცა თავისი სამეფოს მეფედ დანიშნა (ფსალმ. 2:6; დან. 7:13, 14). მას შემდეგ იესო ‘თავის მტრებს შორის ბატონობს’ (ფსალმ. 110:2). თავდაპირველად, მან დაამარცხა სატანა და მისი დემონები და ზეციდან დედამიწაზე გადმოყარა (გამოცხ. 12:7—12). შემდეგ, როგორც დიდმა კიროსმა, დედამიწაზე დარჩენილი თავისი ცხებული ძმები „დიდი ბაბილონის“ ტყვეობიდან გაათავისუფლა (გამოცხ. 18:2; ეს. 44:28). ის ხელმძღვანელობს მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას, რის შედეგადაც ხდება მისი სულიერი ძმებისა და იმ მილიონობით „სხვა ცხვრის“ შეკრება, რომლებიც „მცირე სამწყსოს“ ერთგული თანამსახურები არიან (გამოცხ. 12:17; იოან. 10:16; ლუკ. 12:32).

17. რა გავიგეთ ესაიას წინასწარმეტყველებებიდან მსახურის შესახებ?

17 ესაიას ამ შესანიშნავი წინასწარმეტყველებების განხილვა მადლიერებას გვიღრმავებს ჩვენი მეფისა და გამომსყიდველის, იესო ქრისტეს მიმართ. დედამიწაზე გამოვლენილი მისი მორჩილება იმის შედეგი იყო, რაც მან ზეცაში ისწავლა მამისგან. თავისი მსახურებითა და სამქადაგებლო საქმიანობით, რომელსაც დღემდე უწევს ხელმძღვანელობას, მან დაამტკიცა, რომ „სინათლეა ერებისთვის“. როგორც შემდეგი სტატიიდან გავიგებთ, მსახურთან დაკავშირებული სხვა წინასწარმეტყველებებიდან გამოჩნდა, რომ ის დაიტანჯებოდა და ჩვენთვის გასწირავდა სიცოცხლეს. ნამდვილად ღირს ამ წინასწარმეტყველებებზე დაფიქრება, რადგან იესოს სიკვდილის გახსენების საღამო კარს არის მომდგარი (ებრ. 12:2, 3).

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 ეს წინასწარმეტყველებები ჩაწერილია ესაიას 42:1—7-ში; 49:1—12-ში; 50:4—9-სა და 52:13—53:12-ში.

^ აბზ. 12 ესაიას 49:1—12-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება განხილულია წიგნში „ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II“, გვ. 136—145.

გასამეორებელი კითხვები

• ვინ არის ესაიას წინასწარმეტყველებებში მოხსენიებული მსახური და საიდან ვიცით ეს?

• რა ისწავლა მსახურმა იეჰოვასგან?

• რა გაგებით არის იესო „სინათლე ერებისთვის“?

• როგორ ამაღლდა მსახური?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 21 გვერდზე]

ფილიპემ განმარტა, რომ ესაიას მიერ მოხსენიებული მსახური იყო იესო, მესია

[სურათი 23 გვერდზე]

იესო, იეჰოვას რჩეული მსახური თანაგრძნობით ეპყრობოდა ღარიბებსა და გაჭირვებულებს

[სურათი 24 გვერდზე]

ზეციერმა მამამ განადიდა იესო და თავისი სამეფოს მეფედ დანიშნა