არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „გამოცხადება“ — I

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „გამოცხადება“ — I

იეჰოვას სიტყვა ცოცხალია

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „გამოცხადება“ — I

კუნძულ პატმოსზე გადასახლებული მოხუცი იოანე 16 ხილვას ხედავს. ის ხედავს, რას გააკეთებენ იეჰოვა და იესო უფლის დღის ანუ იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება 1914 წელს ზეცაში ღვთის სამეფოს დამყარებით და გრძელდება ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დასასრულამდე. წიგნი „გამოცხადება“, რომელიც იოანემ დაახლოებით ახ. წ. 96 წელს დაწერა, ამაღელვებლად აღგვიწერს ამ ხილვებს.

ახლა განვიხილოთ გამოცხადების 1—12 თავებში ჩაწერილი მნიშვნელოვანი აზრები, რომლებიც იოანეს პირველ შვიდ ხილვას ეხება. ეს ხილვები ჩვენთვის საინტერესოა, რადგან აღწერს არა მარტო დღევანდელ მსოფლიო მოვლენებს, არამედ იმასაც, როგორ იმოქმედებს იეჰოვა ახლო მომავალში. ეს ხილვები მანუგეშებელი და გამამხნევებელი იქნება ყველასთვის, ვინც რწმენით წაიკითხავს მათ (ებრ. 4:12).

კრავი ხსნის შვიდი ბეჭდიდან ექვსს

(გამოცხ. 1:1—7:17)

თავდაპირველად, იოანე ხედავს განდიდებულ იესოს და იღებს მითითებას, რომ ნანახი და მოსმენილი ‘დაწეროს გრაგნილზე და გაუგზავნოს შვიდ კრებას’ (გამოცხ. 1:10, 11). შემდეგ ის ხედავს ზეცაში დადგმულ ტახტს. ტახტზე მჯდომს მარჯვენა ხელში უჭირავს შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი გრაგნილი. „ამ გრაგნილის გახსნის ღირსი“ არის მხოლოდ „ლომი იუდას ტომიდან“ ანუ ‘კრავი, რომელსაც შვიდი რქა და შვიდი თვალი აქვს’ (გამოცხ. 4:2; 5:1, 2, 5, 6).

მესამე ხილვაში იოანე ხედავს, რა ხდება, როცა კრავი ერთმანეთის მიყოლებით ხსნის შვიდი ბეჭდიდან ექვსს. მეექვსე ბეჭდის ახსნისას იწყება ძლიერი მიწისძვრა და ახლოვდება რისხვის დიდი დღე (გამოცხ. 6:1, 12, 17). იოანე ასევე ხედავს ‘ოთხ ანგელოზს, რომლებსაც მაგრად უჭირავთ დედამიწის ოთხი ქარი’, სანამ 144 000-ის ბეჭედდასმა არ დასრულდება. „უამრავი ხალხი“ კი, რომლებიც არ არიან ბეჭედდასმულნი, „ტახტისა და კრავის წინ“ დგანან (გამოცხ. 7:1, 9).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

1:4; 3:1; 4:5; 5:6. რა იგულისხმება ფრაზაში „შვიდი სული“? რიცხვი შვიდი ღვთის თვალსაზრისით სისავსის სიმბოლოა. ამიტომ „შვიდი კრებისთვის“ გაცხადებული ცნობა საბოლოო ჯამში ეხება მთელს მსოფლიოში მცხოვრებ ღვთის ხალხს, რომლებიც 100 000-ზე მეტ კრებაში არიან გაერთიანებულნი (გამოცხ. 1:11, 20). იეჰოვა საჭიროებისამებრ იყენებს წმინდა სულს. ფრაზა „შვიდი სული“ წმინდა სულის, ღვთის ძალის მოქმედების სისრულის სიმბოლოა. ის ცოდნას სძენს და აკურთხებს ყველას, ვინც გულისყურით ეკიდება წინასწარმეტყველებას. წიგნ „გამოცხადებაში“ ბევრი რამ შვიდ-შვიდად არის დაჯგუფებული. ამ შემთხვევაშიც რიცხვი შვიდი სისრულის სიმბოლოა და ეს მართებულიცაა, რადგან წიგნი „გამოცხადება“ აღწერს, თუ როგორ „დასრულდება ღვთის წმინდა საიდუმლო“ (გამოცხ. 10:7).

1:8, 17. ვის ეხება წოდებები „ალფა და ომეგა“ და „პირველი და უკანასკნელი“? „ალფა და ომეგა“ იეჰოვას ეხება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სამყაროში მის გარდა არ არის და არც იქნება ყოვლისშემძლე ღმერთი. ის არის „დასაწყისი და დასასრული“ (გამოცხ. 21:6; 22:13). გამოცხადების 22:13-ში იეჰოვა მოხსენიებულია როგორც „პირველი და უკანასკნელი“ ანუ ყოვლისშემძლე ღმერთი, მაგრამ „გამოცხადების“ პირველ თავში ეს წოდება იესო ქრისტეს ეხება. ის იყო პირველი ადამიანი, რომელიც უკვდავ სულიერ ქმნილებად აღდგა, და უკანასკნელი, ვინც უშუალოდ იეჰოვამ აღადგინა (კოლ. 1:18).

2:7. რა არის „ღვთის სამოთხე“? ეს სიტყვები ცხებულ ქრისტიანებს ეხება, ამიტომ სიტყვა სამოთხეში ღვთის ზეციერი სამყოფელი იგულისხმება. ერთგული ცხებული ქრისტიანები „სიცოცხლის ხიდან“ შეჭამენ ანუ უკვდავებას მიიღებენ (1 კორ. 15:53).

3:7. როდის მიიღო იესომ „დავითის გასაღები“ და როგორ იყენებს ამ გასაღებს? ნათლობის შემდეგ, ახ. წ. 29 წელს, იესო გახდა ცხებული მეფე დავითის ხაზიდან. მას ეს გასაღები არ მიუღია ახ. წ. 33 წლამდე, სანამ ზეცაში ღვთის მარჯვნივ არ დაჯდა. მან იქ მიიღო ყველა უფლება, რომელიც დავითის სამეფოს მეფეს ეკუთვნოდა. ამის შემდეგ იესო იყენებს ამ გასაღებს, რათა თავის მიმდევრებს სამეფოს ინტერესებისთვის მსახურების შესაძლებლობები მისცეს. 1919 წელს იესომ „დავითის სახლის გასაღები“ „ერთგულ და გონიერ მონას“ ჩამოჰკიდა მხარზე და მონის კლასს ‘მთელი თავისი ქონება ჩააბარა’ (ეს. 22:22; მათ. 24:45, 47).

3:12. რას ნიშნავს იესოს „ახალი სახელი“? ეს სახელი მიუთითებს მის ახალ მდგომარეობაზე და საპატიო მოვალეობაზე (ფილ. 2:9—11). იესოს მსგავსად არავინ იცის ეს სახელი. ის ამ სახელს აწერს თავის ერთგულ ძმებს ზეცაში, რაც იმის ნიშანია, რომ მასთან ახლო ურთიერთობა აქვთ (გამოცხ. 19:12). ისინი მას საპატიო მოვალეობის შესრულებაშიც ეხმარებიან.

რას ვსწავლობთ:

1:3. რადგან „[სატანის ქვეყნიერებაზე ღვთის განაჩენის აღსრულებისთვის] დანიშნული დრო ახლოსაა“, აუცილებელია, ჩავწვდეთ „გამოცხადების“ წიგნში ჩაწერილს და მის შესაბამისად ვიმოქმედოთ.

3:17, 18. სულიერად რომ გავმდიდრდეთ, იესოსგან უნდა ვიყიდოთ „ცეცხლით განწმენდილი ოქრო“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა გავმდიდრდეთ კარგი საქმეებით (1 ტიმ. 6:17—19). ჩვენ უნდა ჩავიცვათ „თეთრი ტანსაცმელი“, ანუ ვაჩვენოთ, რომ ქრისტეს მიმდევრები ვართ და უნდა გამოვიყენოთ „თვალის მალამო“, ანუ „საგუშაგო კოშკში“ მოცემული რჩევები, რაც სულიერ გამჭრიახობას შეგვძენს (გამოცხ. 19:8).

7:13, 14. ოცდაოთხი უხუცესი განასახიერებს ზეცაში განდიდებულ 144 000-ს. ისინი არა მარტო მეფეები არიან, არამედ მღვდლებიც. ძველ ისრაელში მათი პირველსახე იყვნენ მღვდლები, რომლებიც მეფე დავითმა 24 ჯგუფად დაყო. ამ უხუცესთაგან ერთ-ერთი იოანეს უმხელს უამრავი ხალხის ვინაობას. აქედან გამომდინარე, ცხებული ქრისტიანების აღდგომა 1935 წლამდე ცოტა ხნით ადრე უნდა დაწყებულიყო. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? სწორედ ამ წელს დედამიწაზე მცხოვრები ღვთის ცხებული მსახურებისთვის ცნობილი გახდა, თუ ვინ იყო უამრავი ხალხი (ლუკ. 22:28—30; გამოცხ. 4:4; 7:9).

მეშვიდე ბეჭდის ახსნას შვიდი საყვირის დაყვირება მოჰყვება

(გამოცხ. 8:1—12:17)

კრავმა ახსნა მეშვიდე ბეჭედი. შვიდ ანგელოზს შვიდი საყვირი მისცეს. ექვსმა ანგელოზმა ჩაჰბერა საყვირებს, რითაც განაჩენი გაუცხადა კაცობრიობის „მესამედს“ ანუ ქრისტიანულ სამყაროს (გამოცხ. 8:1, 2, 7—12; 9:15, 18). სწორედ ეს იხილა იოანემ მეხუთე ხილვაში. მომდევნო ხილვაში იოანემაც მიიღო მონაწილეობა. მან შეჭამა პატარა გრაგნილი და გაზომა ტაძრის საწმინდარი. მეშვიდე საყვირის ჩაბერვის შემდეგ ზეცაში დიდი ხმები გაისმა: „ქვეყნიერების სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა“ (გამოცხ. 10:10; 11:1, 15).

მეშვიდე ხილვა გრძელდება იმით, რაც გამოცხადების 11:15, 17-შია ნათქვამი. ცაში გამოჩნდა დიდი ნიშანი. ზეციერმა ქალმა ვაჟი შვა. ეშმაკი ზეციდან გადმოაგდეს. ის ზეციერ ქალზე განრისხებული წავიდა, „რათა შებრძოლებოდა დანარჩენებს მისი შთამომავლებიდან“ (გამოცხ. 12:1, 5, 9,  17).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

8:1—5. რატომ ჩამოვარდა დუმილი ზეცაში და რა მოისროლა ანგელოზმა დედამიწაზე? ზეცაში სიმბოლური დუმილი იმიტომ ჩამოვარდა, რომ შესმენილი ყოფილიყო წმინდანთა ლოცვები. ეს უკავშირდება პირველი მსოფლიო ომის დროინდელ მოვლენებს. მოლოდინის მიუხედავად, ცხებული ქრისტიანები არ ასულან ზეცაში წარმართთა დროის დასასრულს. ომის დროს ისინი დიდ სირთულეებს შეხვდნენ. ამიტომ ისინი მხურვალედ ლოცულობდნენ და ითხოვდნენ ხელმძღვანელობას. მათი ლოცვების პასუხად ანგელოზმა დედამიწაზე მოისროლა სიმბოლური ცეცხლი, რამაც ცხებული ქრისტიანები სულიერად აანთო. მართალია ისინი მცირერიცხოვანნი იყვნენ, მათ წამოიწყეს მსოფლიო სამქადაგებლო კამპანია, რის შედეგადაც სამეფოს შესახებ ქადაგებამ „მწვავე“ ხასიათი მიიღო. ეს ელვასავით იყო ქრისტიანული სამყაროსთვის. ქუხილივით გაისმა ბიბლიური გაფრთხილებები, გაცხადდა ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება და, როგორც ძლიერი მიწისძვრისგან, საძირკვლიანად შეირყა ცრუ რელიგიები.

8:6—12; 9:1, 13; 11:15. როდის მოემზადა შვიდი ანგელოზი საყვირების ჩასაბერად და როდის და როგორ გაისმა საყვირების ხმა? შვიდი საყვირის ჩასაბერად მომზადება უკავშირდება 1919—1922 წლებს, როცა იოანეს კლასი დედამიწაზე ღვთის ხელმძღვანელობისამებრ განახლებული ძალებით შეუდგა სამქადაგებლო საქმიანობის რეორგანიზებასა და სტამბების მშენებლობას (გამოცხ. 12:13, 14). საყვირების ხმა განასახიერებს იეჰოვას განაჩენს, რომელსაც ღვთის ხალხი ანგელოზების დახმარებით გაბედულად უცხადებს სატანის ქვეყნიერებას. აღსანიშნავია, რომ ეს დაიწყო 1922 წელს სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) გამართული კონგრესით და გაგრძელდება დიდ გასაჭირამდე.

8:13; 9:12; 11:14. რა გაგებით არის ბოლო სამი საყვირის ჩაბერვა „ვაი“? პირველი ოთხი საყვირის ჩაბერვის შედეგად ნათელი გახდა, რომ ქრისტიანული სამყარო სულიერად მკვდარია. ბოლო სამი საყვირის ხმა „ვაის“ ნიშნავს, რადგან განსაკუთრებულ მოვლენებს უკავშირდება. მეხუთე საყვირის ხმა უკავშირდებოდა 1919 წელს ღვთის ხალხის გათავისუფლებას უმოქმედობის „უფსკრულიდან“ და მათ დაუღალავ ქადაგებას, რაც სტანჯავდა ქრისტიანულ სამყაროს (გამოცხ. 9:1). მეექვსე საყვირის ხმა უკავშირდებოდა უდიდეს ჯარს და მსოფლიო სამქადაგებლო კამპანიას, რომელიც 1922 წელს დაიწყო. ბოლო საყვირის ხმა მესიის სამეფოს დაბადებას უკავშირდება.

რას ვსწავლობთ:

9:10, 19. „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მომზადებულ პუბლიკაციებში ჩაწერილი ინფორმაცია მწარე ცნობაა (მათ. 24:45). ეს ცნობა მოგვაგონებს კალიების კუდებს, რომლებსაც ისეთი ნესტრები ჰქონდათ, „როგორიც მორიელებს“ და ცხენების გველისმაგვარ კუდებს, რადგან ეს პუბლიკაციები ხალხს „ღვთის შურისძიების დღის“ შესახებ აფრთხილებს (ეს. 61:2). მოდი გაბედულად და გულმოდგინედ გავავრცელოთ ეს ცნობა.

9:20, 21. მრავალი თვინიერი ადამიანი, რომლებიც ქრისტიანულ ქვეყნებში არ ცხოვრობენ, დადებითად გამოეხმაურა ჩვენს ცნობას. მაგრამ ჩვენ არა გვაქვს იმის იმედი, რომ იმ ადამიანების უმეტესობა, რომლებიც არაქრისტიანულ ქვეყნებში ცხოვრობენ, ანუ „დანარჩენი ადამიანები“, ჭეშმარიტებისკენ მოიქცევიან. მიუხედავად ამისა, ჩვენ დაუღალავად ვაგრძელებთ მსახურებას.

12:15, 16. „მიწამ“ — სატანის ქვეყნიერების გარკვეულმა ნაწილმა, ანუ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობამ, დაიცვა რელიგიის თავისუფლება. 40-იანი წლებიდან ამ მთავრობებმა შთანთქეს „[დევნის] მდინარე, რომელიც დრაკონმა ამოანთხია პირიდან“. საჭიროების შემთხვევაში იეჰოვას შეუძლია თავისი ნება შეასრულებინოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. სწორედ ამიტომ არის ნათქვამი იგავების 21:1-ში: „მეფის გული წყლის ნაკადებივითაა იეჰოვას ხელში; საითაც უნდა, იქით მიუშვებს“. ამან უნდა გაგვიძლიეროს ღვთისადმი რწმენა.