არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მოდი და გამომყევი“

„მოდი და გამომყევი“

„მოდი და გამომყევი“

„თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, ყოველდღე ატაროს თავისი წამების ბოძი და გამომყვეს“ (ლუკ. 9:23).

1, 2. ა) რა შემოგვთავაზა იესომ? ბ) შენ როგორ გამოეხმაურე იესოს მოწვევას?

თავისი მსახურების მიწურულს იესო ქადაგებდა პერეაში, რომელიც იორდანის გაღმა, იუდეის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობდა. მასთან ერთი ახალგაზრდა კაცი მივიდა და ჰკითხა, რა უნდა გაეკეთებინა მარადიული სიცოცხლის მისაღებად. იესომ დაინახა, რომ ეს ახალგაზრდა ზედმიწევნით იცავდა მოსეს კანონს, ამიტომ შესთავაზა: „წადი, გაყიდე რაც გაქვს, ღარიბებს დაურიგე და გექნება განძი ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი“ (მარ. 10:21). წარმოიდგინე, ის უზენაესი ღვთის მხოლოდშობილმა ძემ, იესომ მიიწვია!

2 თუმცა ამ კაცმა უარი თქვა იესოს წინადადებაზე, სხვებმა მიიღეს ის, მაგალითად ფილიპემ, რომელსაც იესომ უთხრა: „გამომყევი“ (იოან. 1:43). ფილიპე მოგვიანებით იესოს მოციქული გახდა. იესოს მოწვევას მათეც დადებითად გამოეხმაურა (მათ. 9:9; 10:2—4). ეს მოწვევა სიმართლის მოყვარულ ყველა ადამიანს ეხება, რაც კარგად ჩანს იესოს სიტყვებიდან: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, ყოველდღე ატაროს თავისი წამების ბოძი და გამომყვეს“ (ლუკ. 9:23). ნებისმიერს, ვისაც გულწრფელად სურს, შეუძლია გახდეს იესოს მიმდევარი. გსურს, შენც მიჰყვე იესოს? უმეტესობა გამოვეხმაურეთ იესოს მოწვევას და სხვებსაც ვიწვევთ, მიჰყვნენ მას.

3. რა დაგვეხმარება, არ ავცდეთ არჩეულ გზას?

3 სამწუხაროდ, ჭეშმარიტებით დაინტერესებულთაგან ზოგიერთს დროთა განმავლობაში გაუნელდა ინტერესი. ისინი მოდუნდნენ და ‘გზას ასცდნენ’ (ებრ. 2:1). ჩვენ როგორ ავარიდოთ თავი ასეთ მახეს? კარგს ვიზამთ, თუ დავფიქრდებით: „რატომ გადავწყვიტე, მივყოლოდი იესოს? და რას ნიშნავს იესოს მიყოლა?“ თუ ყოველთვის გვემახსოვრება ამ კითხვებზე პასუხი, არასდროს ავცდებით არჩეულ გზას და სხვებსაც დავეხმარებით იესოს მიყოლაში.

რატომ უნდა მივყვეთ იესოს?

4, 5. რატომ არის იესო საუკეთესო წინამძღოლი?

4 წინასწარმეტყველმა იერემიამ თქვა: „ვიცი, იეჰოვა, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერ. 10:23). ისტორიამ არაერთხელ დაადასტურა იერემიას სიტყვების ჭეშმარიტება. აშკარაა, რომ არასრულყოფილ ადამიანებს არ შეუძლიათ წარმატებით მართონ თავიანთი ცხოვრება. ჩვენ ვიცით, რომ იესოს, როგორც წინამძღოლს, ადამიანთაგან ვერავინ შეედრება, ამიტომაც გამოვეხმაურეთ მის მოწვევას. მოდი გავიგოთ, რატომ არის იესო საუკეთესო მმართველი.

5 უპირველესად, იესო თავად იეჰოვამ აირჩია მესიად და წინამძღოლად. განა ჩვენს შემოქმედზე უკეთ იცის ვინმემ, ვინ შეიძლება იყოს საუკეთესო წინამძღოლი?! გარდა ამისა, იესოს აქვს ძვირფასი თვისებები, რომელთა მიბაძვის სურვილიც გვიჩნდება (წაიკითხეთ ესაიას 11:2, 3). ის ჩვენთვის შესანიშნავი მაგალითია (1 პეტ. 2:21). ამასთანავე, იესომ სიცოცხლე გასწირა თავისი მიმდევრებისთვის, რითაც ცხადყო, რომ ზრუნავს მათზე (წაიკითხეთ იოანეს 10:14, 15). ის მზრუნველი მწყემსის მსგავსად მიგვიძღვის, რათა სიცოცხლემ დღესაც მოგვანიჭოს ბედნიერება და მომავალშიც მარადიულად (იოან. 10:10, 11; გამოცხ. 7:16, 17). ამ და სხვა მიზეზების გამო გონივრულად მოვიქეცით, როცა იესოს მიმდევრობა გადავწყვიტეთ. მაგრამ რას ნიშნავს იესოს მიყოლა?

6. რას ნიშნავს იესოს მიმდევრობა?

6 ქრისტეს მიმდევრობა მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ თავს ქრისტიანები ვუწოდოთ. დღეს დაახლოებით ორი მილიარდი ადამიანი თავს ქრისტიანად თვლის, მაგრამ მათი საქმეები ცხადყოფს, რომ ისინი „უკანონობის მოქმედნი“ არიან (წაიკითხეთ მათეს 7:21—23). მას, ვინც დადებითად ეხმაურება იესოს მოწვევას, ვუხსნით, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი უნდა მიჰყვებოდეს მის სწავლებას და მის მაგალითს უნდა ჰბაძავდეს. ამას ის ყოველდღიურად უნდა აკეთებდეს. უკეთ რომ დავინახოთ, რას ნიშნავს ეს პრაქტიკულად, იესოს ცხოვრებიდან ზოგიერთი შემთხვევა განვიხილოთ.

მიჰბაძეთ იესოს სიბრძნის გამოვლენაში

7, 8. ა) რა არის სიბრძნე და საიდან ჰქონდა იესოს უსაზღვრო სიბრძნე? ბ) როგორ ავლენდა იესო სიბრძნეს და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?

7 იესოს მრავალი ძვირფასი თვისება ჰქონდა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ოთხ მათგანს შევეხებით, ესენია: სიბრძნე, თავმდაბლობა, გულმოდგინება და სიყვარული. ჯერ ვისაუბროთ მის სიბრძნეზე. ის პრაქტიკულად იყენებდა ცოდნასა და გაგების უნარს. მოციქული პავლე მასზე წერდა: „მასში [იესოში] საგულდაგულოდ არის დამალული სიბრძნისა და ცოდნის მთელი განძი“ (კოლ. 2:3). იესომ თავად თქვა, საიდან მიიღო ასეთი სიბრძნე: „როგორც მამამ მასწავლა, ისე ვლაპარაკობ“ (იოან. 8:28). სიბრძნე მას იეჰოვამ უბოძა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ ჰქონდა საღად განსჯის უნარი.

8 იესოს სწორედ საღად განსჯის უნარი დაეხმარა ცხოვრებაში სწორი არჩევნის გაკეთებაში. მან უბრალო ცხოვრება აირჩია. მისთვის უმთავრესი ღვთის ნების შესრულება იყო. დროსა და ენერგიას ის სამეფოს საქმეს ახმარდა. იესოს რომ მივბაძოთ, ‘თვალი სუფთად’ უნდა შევინარჩუნოთ და არ დავკავდეთ იმ უსარგებლო საქმეებით, რომლებიც დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს (მათ. 6:22). მრავალმა ქრისტიანმა გაიმარტივა ცხოვრება, რათა მსახურებისთვის მეტი დრო ჰქონოდა. ზოგმა პიონერად მსახურება დაიწყო. შესაქები ხარ, თუ შენც ასეთი არჩევანი გააკეთე. ვინც ‘უპირველესად სამეფოს ეძებს’, დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას გრძნობს (მათ. 6:33).

იყავით თავმდაბალნი იესოს მსგავსად

9, 10. საიდან ჩანს, რომ იესო თავმდაბალი იყო?

9 იესოს კიდევ ერთი თვისება, რომელზეც ვისაუბრებთ, თავმდაბლობაა. ხშირ შემთხვევაში ძალაუფლების მქონე არასრულყოფილ ადამიანებს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ექმნებათ. როგორ განსხვავდება იესო ასეთი ადამიანებისგან! მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ სწორედ მას მიანდო ყველა თავისი განზრახვის განხორციელება, ის ოდნავადაც არ გაამაყებულა. ჩვენც ასე უნდა ვიქცეოდეთ. მოციქული პავლე წერდა: „ისეთივე აზროვნება გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა. თუმცა ის ისე არსებობდა, როგორც ღმერთი, ფიქრადაც არ მოსვლია მიტაცება, ანუ ღვთის თანასწორად ყოფნა. პირიქით, ყველაფერზე უარი თქვა, მონის სახე მიიღო და ადამიანის მსგავსი გახდა“ (ფილ. 2:5—7). რა იგულისხმება ამაში?

10 იესო მამის გვერდით იყო ზეცაში და მაღალი მდგომარეობა ეკავა, მაგრამ თავისი ნებით „ყველაფერზე უარი თქვა“. მისი სიცოცხლე ებრაელი ქალწულის საშვილოსნოში ჩაისახა. ცხრა თვის შემდეგ ის ღარიბი დურგლის ოჯახში დაიბადა როგორც უმწეო ბავშვი. ის სხვა ბავშვებივით გაიზარდა და, თუმცა სრულყოფილი იყო, მთელი ბავშვობა არასრულყოფილ მშობლებს ემორჩილებოდა (ლუკ. 2:51, 52). მან თავმდაბლობის მართლაც შესანიშნავი მაგალითი მოგვცა!

11. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს თავმდაბლობაში?

11 ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს თავმდაბლობაში, თუ სიხარულით შევასრულებთ ერთი შეხედვით დამამცირებელ დავალებებს. მაგალითად, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება შეიძლება დამამცირებელი ჩანდეს, თუ ხალხი გულგრილია, დაგვცინის ან გვეწინააღმდეგება. მიუხედავად ამისა, გულმოდგინე ქადაგებით ხალხს შესაძლებლობას ვაძლევთ, გამოეხმაურონ იესოს მოწვევას და გადარჩნენ (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 4:1—5). ასევე შეიძლება დამამცირებელი ჩანდეს სამეფო დარბაზის დასუფთავება — ნაგვის გადაყრა, იატაკის მოწმენდა და საპირფარეშოების დალაგება. მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილ სამეფო დარბაზებზე ზრუნვა წმინდა მსახურებაა. თუ მზადყოფნით ვაკეთებთ იმას, რაც ერთი შეხედვით დამამცირებელი ჩანს, ვაჩვენებთ, რომ თავმდაბლები ვართ და ქრისტეს ნაკვალევს მივყვებით.

იყავით გულმოდგინენი იესოს მსგავსად

12, 13. ა) როგორ ავლენდა იესო გულმოდგინებას და რა აღძრავდა მას ამისკენ? ბ) ჩვენ რამ უნდა აღგვძრას ენთუზიაზმით მსახურებისკენ?

12 ახლა ვიმსჯელოთ, როგორ ავლენდა იესო გულმოდგინებას მსახურების დროს. დედამიწაზე ის ბევრს შრომობდა. მსახურების დაწყებამდე იესო თავის მამობილს, იოსებს ეხმარებოდა სადურგლო საქმეში, მსახურების დროს კი სასწაულებს ახდენდა — ავადმყოფებს კურნავდა და მკვდრებს აცოცხლებდა. მაგრამ მისი ძირითადი საქმიანობა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება და გულწრფელი ადამიანების სწავლება იყო (მათ. 4:23). ჩვენ, მისი მიმდევრები, მსგავსად უნდა ვიქცეოდეთ. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს? უპირველესად, იესოს მსგავსად, სწორი მოტივები უნდა განვივითაროთ.

13 იესოს ღვთის სიყვარული აღძრავდა, რომ ექადაგა და ესწავლებინა. გარდა ამისა, მას უყვარდა ჭეშმარიტება, რომელსაც ასწავლიდა. ჭეშმარიტება მისთვის ძვირფასი განძივით იყო, ამიტომ ძალიან უნდოდა, სხვებისთვის გაეზიარებინა ის. ჩვენ, როგორც ჭეშმარიტების მასწავლებლებს, იგივე გრძნობები გვეუფლება. დავფიქრდეთ იმ ძვირფას ჭეშმარიტებაზე, რაც ღვთის სიტყვიდან გავიგეთ! მაგალითად, ჩვენ გავიგეთ, ვის ეკუთვნის უზენაესი მმართველობა და როგორ გადაწყდება ეს საკითხი; ასევე გავიგეთ, რა ხდება სიკვდილის შემდეგ და რა კურთხევებს მოგვიტანს ღვთის ახალი ქვეყნიერება. ჭეშმარიტება ძვირფასი განძივითაა და თავის ფასს არასდროს კარგავს, მიუხედავად იმისა, ახლახან გავიგეთ ის, თუ დიდი ხნის წინათ (წაიკითხეთ მათეს 13:52). თუ ენთუზიაზმით ვქადაგებთ იმას, რაც იეჰოვამ გვასწავლა, ვამტკიცებთ, რომ გვიყვარს ჭეშმარიტება.

14. როგორ მივბაძოთ იესოს სწავლებაში?

14 ახლა ვნახოთ, როგორ ასწავლიდა იესო. ის მსმენელებს ყურადღებას ყოველთვის წმინდა წერილებზე უმახვილებდა. რაიმე მნიშვნელოვანის თქმამდე ის ამბობდა: „დაწერილია“ (მათ. 4:4; 21:13). ქადაგების დროს მან ებრაული წერილების 19 წიგნიდან მოიყვანა აზრები და ციტატები. იესოს მსგავსად, ჩვენც ძირითადად ბიბლიას ვიყენებთ მსახურებაში და ვცდილობთ, ბიბლიიდან ამოვიკითხოთ მუხლები. ამგვარად, ხალხი ხედავს, რომ ჩვენ ღვთის სიტყვას ვასწავლით და არა საკუთარ აზრებს. სასიამოვნოა, როცა ადამიანი საშუალებას გვაძლევს, ბიბლიიდან წავუკითხოთ მუხლები და მასთან ერთად ვიმსჯელოთ. და თუ ის იესოს მოწვევას იღებს, ჩვენს სიხარულს საზღვარი არა აქვს.

იესოს მიყოლა სხვების სიყვარულსაც გულისხმობს

15. რომელია იესოს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი თვისება და როგორ მოქმედებს ჩვენზე ამ თვისებაზე ფიქრი?

15 ბოლოს განვიხილოთ იესოს ყველაზე მიმზიდველი თვისება — სიყვარული. პავლე მოციქული წერდა: „იმ სიყვარულით ვართ აღძრულნი, რომელიც ქრისტეს აქვს“ (2 კორ. 5:14). იმაზე ფიქრი, რამხელა სიყვარული აქვს იესოს კაცობრიობისა და თითოეული ჩვენგანის მიმართ, გულებს გვითბობს და აღგვძრავს, მივყვეთ მის მაგალითს.

16, 17. როგორ გამოხატა იესომ სიყვარული ადამიანების მიმართ?

16 როგორ გამოხატავდა იესო სიყვარულს სხვების მიმართ? მან ნებაყოფლობით გასწირა თავი ადამიანებისთვის, რაც მისი სიყვარულის უდიდესი დადასტურება იყო (იოან. 15:13). მსახურების დროს იესო სხვა მხრივაც ავლენდა სიყვარულს. მას გულთან მიჰქონდა სხვების გასაჭირი. ის შეძრა ლაზარეს სიკვდილით დამწუხრებული მარიამისა და სხვების დანახვამ. „იესო აცრემლდა“, მიუხედავად იმისა, რომ ლაზარეს აღდგენას აპირებდა (იოან. 11:32—35).

17 ერთხელ იესოსთან კეთროვანი მივიდა და შეევედრა: „თუკი გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“. როგორ მოიქცა ის? ბიბლიაში ვკითხულობთ: „იესოს გული დაეწვა“. შემდეგ მან უჩვეულო რამ გააკეთა: «ხელი გაუწოდა, შეეხო და უთხრა: „მსურს, განიწმინდე!“ მას მაშინვე გაუქრა კეთრი და განიწმინდა». მოსეს კანონით კეთროვნები უწმინდურებად ითვლებოდნენ. იესოს შეეძლო კეთროვანი შეხების გარეშეც განეკურნა, მაგრამ შეეხო, და ავადმყოფმა იგრძნო ის, რაც შესაძლოა წლების განმავლობაში არ უგრძნია. იესომ დიდი თანაგრძნობა გამოავლინა მის მიმართ (მარ. 1:40—42).

18. როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ გულისხმიერება?

18 ჩვენ, ქრისტეს მიმდევრები, გულისხმიერნი უნდა ვიყოთ და ამგვარად ვაჩვენოთ, რომ გვიყვარს სხვები (1 პეტ. 3:8). შეიძლება ადვილი არ იყოს, გავუგოთ ქრონიკულად დაავადებულ ან დეპრესიაში მყოფ ადამიანს, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგივე არ განგვიცდია. მაგრამ იესოს კარგად ესმოდა ავადმყოფების, მიუხედავად იმისა, რომ თავად არასდროს გამხდარა ავად. ჩვენ როგორ შეგვიძლია თანაგრძნობის გამოვლენა? შეგვიძლია მოთმინებით მოვუსმინოთ მათ, ვინც თავის სატკივარს გვანდობს. წარმოიდგინე, რას იგრძნობდი მათ ადგილზე. რაც უფრო თანამგრძნობნი გავხდებით, მით უკეთ შევძლებთ ‘ვანუგეშოთ დამწუხრებული სულები’ (1 თეს. 5:14). ამგვარად, ჩვენ იესოს მივბაძავთ.

19. როგორ მოქმედებს ჩვენზე იესოს მაგალითი?

19 მართლაც რამდენ რამეს ვსწავლობთ იესოს ცხოვრებიდან! რაც უფრო მეტს ვიგებთ მასზე, მით უფრო გვიძლიერდება მისი მიბაძვის სურვილი. ჩვენ გვინდა, რომ სხვებსაც დავეხმაროთ მის მიმდევრებად გახდომაში. ამიტომ, მოდი სიხარულით მივყვეთ მესიასა და მეფეს ახლაც და მარადიულადაც!

ახსენით

• როგორ შეგვიძლია იესოს მსგავსად გამოვავლინოთ სიბრძნე?

• როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ თავმდაბლობა?

• რა დაგვეხმარება ენთუზიაზმით მსახურებაში?

• როგორ შეგვიძლია იესოს მსგავსად გვიყვარდეს სხვები?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო⁄სურათი 5 გვერდზე]

წიგნი, რომელიც გვეხმარება, მივბაძოთ ქრისტეს

2007 წლის საოლქო კონგრესზე გამოიცა 192-გვერდიანი წიგნი „მოდი და გამომყევი“. ეს პუბლიკაცია ყურადღებას ამახვილებს იესოს თვისებებსა და საქმეებზე. პირველი ორი თავის შემდეგ პირველ ნაწილში განხილულია იესოს თვისებები: თავმდაბლობა, გაბედულება, სიბრძნე, მორჩილება და მოთმინება.

მომდევნო ორ ნაწილში საუბარია, როგორ ქადაგებდა და ასწავლიდა იესო და როგორ ავლენდა უდიდეს სიყვარულს. მთლიანობაში წიგნი ისეა შედგენილი, რომ ქრისტიანს იესოს მიბაძვაში დაეხმაროს.

გვჯერა, რომ ეს წიგნი ყველას დაგვაფიქრებს შემდეგ კითხვებზე: „ნამდვილად მივყვები იესოს? რა დამეხმარება, რომ კვლავაც ერთგულად მივყვე იესოს?“ წიგნი ‘მარადიული სიცოცხლისთვის განწყობილ’ ადამიანებსაც დაეხმარება, რომ ჩვენთან ერთად მიჰყვნენ იესოს (საქ. 13:48).

[სურათი 4 გვერდზე]

იესო ნებაყოფლობით დაიბადა დედამიწაზე უმწეო ბავშვად. რომელი თვისება დაეხმარა იესოს?

[სურათი 6 გვერდზე]

რამ უნდა აღგვძრას, რომ ენთუზიაზმით ვიმსახუროთ?