არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიხარულით მოამზადეთ მოწაფეები

სიხარულით მოამზადეთ მოწაფეები

სიხარულით მოამზადეთ მოწაფეები

„წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“ (მათ. 28:19).

13. ა) რას გრძნობენ ისინი, ვისაც ბიბლიის შესწავლები აქვთ? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?

„თითქმის სამი თვის განმავლობაში ვატარებდი ბიბლიის შესწავლას ოჯახთან, რომელიც პაკისტანიდან იყო“, — წერს ერთი და, რომელიც ჰინდიენოვან ჯგუფში მსახურობს შეერთებულ შტატებში. „ჩვენ დავმეგობრდით. ცრემლებს ვერ ვიკავებ, როცა მახსენდება, რომ მალე ისინი პაკისტანში დაბრუნდებიან. ჩემი ცრემლების მიზეზი მხოლოდ მათი წასვლა კი არა, ის სიხარულიცაა, რომელსაც მათთვის იეჰოვას შესახებ სწავლება მანიჭებს“.

2 ამ დის მსგავსად, შენთვისაც მოუნიჭებია სიხარული სხვებისთვის ბიბლიის სწავლებას? იესოსა და მის მიმდევრებს დიდ სიხარულს ანიჭებდათ მოწაფეების მომზადება. იესომ „დიდად გაიხარა წმინდა სულით“, როცა საქადაგებლად გაგზავნილი 70 მოწაფე მასთან გახარებული დაბრუნდა (ლუკ. 10:17—21). მოწაფეების მომზადება დღესაც ბევრს ანიჭებს სიხარულს. 2007 წელს გულმოდგინე მქადაგებლები თვეში საშუალოდ ექვსმილიონ-ნახევარ ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ.

3 ზოგ მაუწყებელს ჯერ არ განუცდია ბიბლიის შესწავლით გამოწვეული სიხარული. ზოგს შეიძლება ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე არ ჰქონია ბიბლიის შესწავლა. რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი ბიბლიის შესწავლის დაწყებაში? როგორ შეგვიძლია ამ სირთულეების დაძლევა? და რა კურთხევებს მივიღებთ, თუ ერთგულად ვასრულებთ იესოს მითითებას: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“? (მათ. 28:19)

რამ შეიძლება წაგვართვას სიხარული

4, 5. ა) როგორ ეხმაურება ხალხი სასიხარულო ცნობას ზოგ ქვეყანაში? ბ) რა სირთულეებს ხვდება ზოგი მაუწყებელი?

4 ზოგ ქვეყანაში ადამიანები სიხარულით იღებენ ჩვენს პუბლიკაციებს და იწყებენ ბიბლიის შესწავლებს. ერთი ავსტრალიელი წყვილი, რომელიც დროებით მსახურობდა ზამბიაში, წერდა: „არ გავაზვიადებთ, თუ ვიტყვით, რომ ზამბია ქადაგებისთვის იდეალური ადგილია. ქუჩაში ქადაგება არაჩვეულებრივია, რადგან ხალხი თვითონ მოდის ჩვენთან მოსასმენად, ზოგი ჟურნალების კონკრეტულ ნომრებს გვთხოვს“. ერთ-ერთ გასულ წელს ზამბიელი მაუწყებლები 200 000-ზე მეტ ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მაუწყებელი საშუალოდ ერთ შესწავლას ატარებდა.

5 მაგრამ ზოგ ქვეყანაში მაუწყებლებს უჭირთ, რეგულარულად გაავრცელონ ლიტერატურა და ჩაატარონ ბიბლიის შესწავლები, რადგან ბევრი სახლში არ ხვდებათ, ხოლო მათ, ვისაც კარდაკარ ხვდებიან, რელიგია არ აინტერესებთ. ზოგჯერ მიზეზი ის არის, რომ ადამიანი არარელიგიურ ოჯახში გაიზარდა ან გული აქვს აცრუებული რელიგიაზე იმ ფარისევლობის გამო, რასაც ცრუ რელიგიაში ხედავს. ცრუ მწყემსების გამო მრავალი სულიერი გაგებით გასავათებული და თავგზააბნეულია (მათ. 9:36). გასაკვირი არაა, თუ რატომ გაურბიან ასეთი ადამიანები ბიბლიურ თემებზე საუბარს.

6. კიდევ რა სირთულეებთან უწევს გამკლავება ზოგ მაუწყებელს?

6 ზოგი მაუწყებელი სხვა სახის სირთულეს ხვდება, რამაც შეიძლება მათ სიხარული წაართვას. ერთ დროს ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ მოწაფეების მომზადების საქმეში, მაგრამ ახლა სუსტი ჯანმრთელობა და ასაკი ხელს უშლით მსახურებაში. არსებობს სირთულეებიც, რომლებსაც თვითონ ვუქმნით საკუთარ თავს. მაგალითად, შეიძლება ვფიქრობთ, რომ ვერ შევძლებთ ბიბლიის შესწავლის ჩატარებას. შეიძლება იმავეს ვგრძნობთ, რასაც მოსე, როცა იეჰოვამ ის ფარაონთან გაგზავნა. მან ასეთი სიტყვები უთხრა ღმერთს: „მაპატიე, იეჰოვა, მაგრამ არა ვარ მჭევრმეტყველი; არც გუშინ ვყოფილვარ, არც მანამდე“ (გამ. 4:10). შეიძლება იმისიც გვეშინია, რომ ვისაც ბიბლიას ვასწავლით, იესოს მოწაფე ვერ გახდება, რადგან კარგი მასწავლებლები არა ვართ. ამის შიშით შეიძლება ხელიდან გავუშვათ ბიბლიის შესწავლების დაწყების შესაძლებლობა. როგორ გავუმკლავდეთ ამ სირთულეებს?

განაწყვეთ გული

7. რა აღძრავდა იესოს მსახურებისკენ?

7 თავდაპირველად, გული უნდა განვაწყოთ. იესომ თქვა: „გულში მოჭარბებულს პირი ლაპარაკობს“ (ლუკ. 6:45). იესო გულწრფელად იყო დაინტერესებული სხვების კეთილდღეობით, რაც მას მსახურებისკენ აღძრავდა. მაგალითად, იესოს „გული ეწვოდა“ თანამოძმეების სავალალო სულიერი მდგომარეობის გამო. თავის მოწაფეებს მან უთხრა: „სამკალი ბევრია . . . ამიტომ ევედრეთ სამკლის ბატონს, მუშები გამოგზავნოს თავის სამკალში“ (მათ. 9:36—38).

8. ა) რაზე უნდა დავფიქრდეთ? ბ) რა დასკვნამდე მივყავართ ერთი ბიბლიის შემსწავლელის სიტყვებს?

8 კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით, რამდენი რამ შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში უკეთესობისკენ იმიტომ, რომ თავის დროზე ვიღაცამ ჩვენთვის ბიბლიის სასწავლებლად დრო არ დაიშურა. აგრეთვე დავფიქრდეთ, რა დადებით გავლენას მოახდენს ჩვენი ცნობა იმ ადამიანებზე, რომლებსაც მსახურებაში შევხვდებით. ერთმა ქალბატონმა ასეთი წერილი მისწერა ადგილობრივ ფილიალს: „ძალიან მადლიერი ვარ მოწმეების, რომლებიც ბიბლიას მასწავლიან. ვიცი, რომ ზოგჯერ კითხვებით თავს ვაბეზრებ მათ და დიდხანს ვაყოვნებ, მაგრამ ისინი მოთმინებით მისმენენ და მასწავლიან. მადლობას ვუხდი იეჰოვასა და იესოს, რომ ეს ადამიანები ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდნენ“.

9. რაზე ამახვილებდა იესო ყურადღებას და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?

9 ფაქტია, რომ იესოს ყველა ადამიანი არ გამოხმაურებია (მათ. 23:37). ზოგი გაჰყვა მას, მაგრამ შემდეგ უარი თქვა მის სწავლებებზე და „აღარ დაჰყვებოდა მას“ (იოან. 6:66). უარყოფითი გამოხმაურების გამო იესოს არ უფიქრია, რომ მისი ცნობა უსარგებლო იყო. ის თავისი საქმის დადებით მხარეებზე ამახვილებდა ყურადღებას მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ დათესილი მარცვლის უმეტესობას ნაყოფი არ გამოუღია. იესო ხედავდა, რომ ყანები გადათეთრებული იყო და სიხარულით მონაწილეობდა მკაში (წაიკითხეთ იოანეს 4:35, 36 ). ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ უნაყოფო მიწა დავინახოთ, ყურადღება მოსავალზე უნდა გადავიტანოთ. მოდი ახლა იმაზე ვისაუბროთ, როგორ შევინარჩუნოთ დადებითი თვალსაზრისი.

ვთესოთ, რათა მოვიმკათ

10, 11. რა დაგვეხმარება სიხარულის შენარჩუნებაში?

10 მთესველი იმიტომ თესავს, რომ მოსავალი აიღოს. ჩვენი ქადაგების მიზანიც ბიბლიის შესწავლის დაწყება უნდა იყოს. შეიძლება რეგულარულად ვმონაწილეობთ მსახურებაში, მაგრამ სახლში ცოტა თუ გვხვდება ან ძნელია განმეორებითი მონახულებების გაკეთება. ამან შეიძლება გული გაგვიტეხოს. მაგრამ არ ღირს კარდაკარ მსახურებაზე გულის აცრუება. ამ ნაცადი მეთოდით დღესაც ბევრი ადამიანის ყურამდე აღწევს სასიხარულო ცნობა.

11 სიხარულის შესანარჩუნებლად შეიძლება საჭირო გახდეს ქადაგების მეთოდების გამრავალფეროვნება. მაგალითად, გასაუბრებიხარ ადამიანებს ქუჩაში ან საქმიან ტერიტორიაზე? დაკავშირებიხარ ტელეფონით უცნობ ადამიანებს ან მათ, ვისაც ერთ დროს პირადად ესაუბრე სამეფოს შესახებ? გულმოდგინება და მოხერხებულობა დაგეხმარება, განიცადო ის სიხარული, რაც სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობით დაინტერესებული ადამიანების პოვნას მოაქვს.

გულგრილობასთან გამკლავება

12. როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენს ტერიტორიაზე ადამიანთა უმეტესობა რელიგიისადმი გულგრილია?

12 როგორ უნდა მოიქცე, თუ ადამიანების უმეტესობა შენს ტერიტორიაზე რელიგიისადმი გულგრილია? შეგიძლია მათთვის საინტერესო თემებზე ესაუბრო მათ. მოციქული პავლე კორინთელ ქრისტიანებს სწერდა: „იუდეველებისთვის იუდეველი გავხდი . . . კანონის უქონელთათვის კანონის უქონელი გავხდი — თუმცა ღვთის კანონის უქონელი არა ვარ“. რატომ იქცეოდა პავლე ასე? „ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთი“, — თქვა მან (1 კორ. 9:20—22). შეგვიძლია პავლეს მსგავსად საერთო ენა გამოვნახოთ ადამიანებთან? მრავალს სურს, ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, თუმცა რელიგია არ აინტერესებს. ზოგი ცხოვრების აზრს ეძებს. შეგვიძლია სამეფოს შესახებ ცნობა ამ ადამიანებს მათთვის მისაღები სახით გადავცეთ?

13, 14. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მოწაფეების მომზადების საქმემ მეტი სიხარული მოგვანიჭოს?

13 იმ ტერიტორიებზეც კი, სადაც ხალხი ჩვეულებრივ გულგრილია რელიგიისადმი, მოწაფეების მომზადება ბევრ მაუწყებელს ახლა უფრო დიდ სიხარულს ანიჭებს. რატომ? ისინი უცხო ენებს სწავლობენ. ერთმა 60 წელს გადაცილებულმა წყვილმა დაინახა, რომ მათი კრების ტერიტორიაზე ბევრი ჩინელი სტუდენტი ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. „გადავწყვიტეთ, ჩინური გვესწავლა, — ამბობს ქმარი. — მეცადინეობისთვის დრო ყოველდღე უნდა გამოგვეყო. სამაგიეროდ, ჩვენს ტერიტორიაზე უამრავ შესწავლას ვატარებდით ჩინურ ენაზე“.

14 შეიძლება უცხო ენა ვერ ისწავლო, მაგრამ უცხო ენაზე მოლაპარაკე ადამიანებთან შეგიძლია გამოიყენო ბროშურა „სასიხარულო ცნობა ყველა ეროვნების ადამიანებისთვის“. ან შეგიძლია თან გქონდეს ჟურნალები იმ ენაზე მოლაპარაკეთათვის, რომლებსაც მსახურების დროს ხვდები. ფაქტია, რომ უცხო ენისა და კულტურის ადამიანებთან ურთიერთობა დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. მაგრამ გახსოვდეს ღვთის სიტყვაში ჩაწერილი შემდეგი პრინციპი: „ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის“ (2 კორ. 9:6).

კრების წვლილი

15, 16. ა) რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ მოწაფეების მომზადებაში მთელი კრება მონაწილეობს? ბ) რა წვლილი შეაქვთ ამ საქმეში ასაკოვან და-ძმებს?

15 მოწაფეების მომზადება მხოლოდ ერთი ადამიანის ძალისხმევაზე არ არის დამოკიდებული. ამ საქმეში მთელ კრებას შეაქვს წვლილი. იესომ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:35). მრავალ ბიბლიის შემსწავლელს, რომელიც ჩვენს შეხვედრებს ესწრება, აოცებს ჩვენ შორის არსებული სიყვარული. ერთმა ბიბლიის შემსწავლელმა ასე გამოხატა თავისი გრძნობები: „ძალიან მსიამოვნებს კრებებზე დასწრება. ამ ხალხის გვერდით თავს კარგად ვგრძნობ“. იესომ თქვა, რომ მის ზოგიერთ მიმდევარს ოჯახის წევრები დაუპირისპირდებოდნენ (წაიკითხეთ მათეს 10:35—37). მაგრამ ამავე დროს დაჰპირდა, რომ კრებაში ისინი იპოვიდნენ სულიერ „დებს, დედებსა და შვილებს“ (მარ. 10:30).

16 ჩვენს ხანდაზმულ და-ძმებსაც დიდი წვლილი შეაქვთ ბიბლიის შემსწავლელების სულიერ ზრდაში. შეიძლება ზოგიერთი მათგანი ვერ ატარებს ბიბლიის შესწავლას, მაგრამ კრების შეხვედრებზე მათი გამამხნევებელი კომენტარები იქ დამსწრეებს რწმენას უძლიერებს. „სიმართლის გზაზე“ განვლილი მათი ცხოვრება კრებას განუმეორებელ ხიბლს ჰმატებს და ღვთის ორგანიზაციისკენ იზიდავს გულწრფელ ადამიანებს (იგავ. 16:31).

შიშის დაძლევა

17. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვფიქრობთ, რომ ვერ შევძლებთ ბიბლიის შესწავლის ჩატარებას?

17 როგორ უნდა მოიქცე, თუ ფიქრობ, რომ ვერ შეძლებ ბიბლიის შესწავლის ჩატარებას? გაიხსენე, როგორ დაეხმარა იეჰოვა მოსეს წმინდა სულით და დამხმარედ მისი ძმა, აარონი გააყოლა (გამ. 4:10—17). იესომ თქვა, რომ სამქადაგებლო საქმეში წმინდა სული დაგვეხმარებოდა (საქ. 1:8). გარდა ამისა, იესომ მოწაფეები საქადაგებლად წყვილ-წყვილად გაგზავნა (ლუკ. 10:1). ამიტომ, თუ გიძნელდება ბიბლიის შესწავლის ჩატარება, ღმერთს ლოცვით სთხოვე, წმინდა სულით მოგცეს სიბრძნე და ითანამშრომლე თანაქრისტიანთან, რომელიც თვითრწმენას შეგმატებს და რომლის გამოცდილებაც გამოგადგება. რწმენას განგვიმტკიცებს იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვამ უბრალო ადამიანები, „ქვეყნიერების სუსტები“ ამოირჩია თავისი გრანდიოზული საქმის შესასრულებლად (1 კორ. 1:26—29).

18. როგორ დავძლიოთ იმის შიში, რომ ვერ შევძლებთ ბიბლიის შესწავლის ჩატარებას?

18 როგორ დავძლიოთ იმის შიში, რომ ვერ შევძლებთ ბიბლიის შესწავლის ჩატარებას? გვახსოვდეს, რომ მოწაფეების მომზადება საჭმლის მომზადებას არ ჰგავს. საჭმელი კარგი გამოვა თუ არა, ამაზე მხოლოდ მზარეული აგებს პასუხს, მაგრამ მოწაფეების მომზადების შემთხვევაში წარმატება მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ამ შემთხვევაში იეჰოვა ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან ის იზიდავს ცალკეულ ადამიანებს (იოან. 6:44). ჩვენ კრების სხვა წევრებთან ერთად ვცდილობთ, სწავლების ხელოვნებით დავეხმაროთ შემსწავლელებს სულიერ ზრდაში (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 2:15). თავის მხრივ, შემსწავლელმა ნასწავლი ცხოვრებაში უნდა გამოიყენოს (მათ. 7:24—27). გულსატკენია, როცა შემსწავლელი წყვეტს ბიბლიის შესწავლას. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ ყველა ბიბლიის შემსწავლელი სწორ არჩევანს გააკეთებს, მაგრამ საბოლოოდ ყველა „საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“ (რომ. 14:12).

რით არის კარგი ბიბლიის შესწავლების ჩატარება?

1921. ა) რით არის ჩვენთვის სასარგებლო ბიბლიის შესწავლების ჩატარება? ბ) როგორ უყურებს იეჰოვა მათ, ვინც სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობს?

19 ბიბლიის შესწავლების ჩატარება გვეხმარება, რომ უპირველესად სამეფო ვეძებოთ. ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტება უფრო ღრმად იდგამს ფესვს ჩვენს გულსა და გონებაში. რატომ? ერთი პიონერი ძმა, ბარაკი გვიხსნის: „ბიბლიის შესწავლის ჩატარება მეხმარება, რომ უკეთესად გამოვიკვლიო ღვთის სიტყვა. კარგი მასწავლებელი რომ ვიყო, ჯერ მე თვითონ უნდა გავითავისო ის, რასაც სხვას ვასწავლი“.

20 თუ ბიბლიის შესწავლას არ ატარებ, ეს არ ნიშნავს, რომ შენს მსახურებას ფასი არა აქვს ღვთის თვალში. იეჰოვა ძალიან აფასებს იმას, რასაც მის განსადიდებლად ვაკეთებთ. ყველა, ვინც მონაწილეობს სამქადაგებლო საქმეში, „ღვთის თანამშრომელია“. მაგრამ ბიბლიის შესწავლების ჩატარება უფრო დიდ სიხარულს გვანიჭებს, რადგან ვხედავთ, თუ როგორ ზრდის იეჰოვა ჩვენ მიერ ჩათესილ მარცვალს (1 კორ. 3:6, 9). ერთი პიონერი და, ემი აღნიშნავს: „როცა ბიბლიის შემსწავლელის სულიერ ზრდას ხედავ, უდიდესი მადლიერების გრძნობა გეუფლება იეჰოვასადმი, რადგან მან უფლება მოგცა, ძვირფასი ძღვენი გაგეზიარებინა სხვებისთვის. ეს ძღვენი იეჰოვას გაცნობისა და მარადიული სიცოცხლის მიღების შესაძლებლობაა“.

21 თუ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ ბიბლიის შესწავლების დასაწყებად და ჩასატარებლად, უფრო მეტად დავკავდებით ღვთის ნების შესრულებით და განვიმტკიცებთ ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების იმედს. იეჰოვას დახმარებით შეიძლება ჩვენი მსმენელებიც ვიხსნათ (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 4:16 ). ეს კი სიხარულის დიდი მიზეზი იქნება.

გახსოვს?

• რამ შეიძლება ზოგს შეუშალოს ხელი ბიბლიის შესწავლების ჩატარებაში?

• რის გაკეთება შეგვიძლია, თუ ჩვენს ტერიტორიაზე გულგრილობას ვხვდებით?

• რით არის კარგი ბიბლიის შესწავლების ჩატარება?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 9 გვერდზე]

შეგიძლია გაამრავალფეროვნო ქადაგების მეთოდები?