არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვის უწოდა იესომ ბედნიერი?

ვის უწოდა იესომ ბედნიერი?

ვის უწოდა იესომ ბედნიერი?

„[იესო] მთაზე ავიდა . . . მოწაფეები მივიდნენ მასთან . . . [და] ასწავლიდა მათ“ (მათ. 5:1, 2).

1, 2. ა) როდის და სად წარმოთქვა იესომ თავისი ცნობილი მთაზე ქადაგება? ბ) რით დაიწყო იესომ ქადაგება?

იდგა ახ. წ. 31 წელი. იესომ დროებით შეწყვიტა გალილეაში ქადაგება და იერუსალიმში პასექის აღსანიშნავად ჩავიდა (იოან. 5:1). გალილეაში დაბრუნების შემდეგ კი მთელი ღამე ლოცვაში გაატარა — ის ღმერთს 12 მოციქულის ასარჩევად დახმარებას სთხოვდა. მომდევნო დღეს მის გარშემო დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი. იესომ განკურნა ავადმყოფები, შემდეგ მოწაფეებთან და სხვებთან ერთად მთის ფერდობზე დაჯდა და ქადაგება დაიწყო (მათ. 4:23—5:2; ლუკ. 6:12—19).

2 იესომ თავისი ცნობილი მთაზე ქადაგება იმით დაიწყო, რომ ბედნიერების საწინდარი ღმერთთან კარგი ურთიერთობაა (წაიკითხეთ მათეს 5:1—12). ბედნიერება „დიდი სიხარულისა და სრული კმაყოფილების განცდაა“. იესოს მიერ მოხსენიებული ბედნიერების ცხრა პირობა, საიდანაც კარგად ჩანს, თუ რატომ არიან ქრისტიანები ბედნიერები, დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც 2000 წლის წინათ. ახლა ყურადღებით განვიხილოთ იესოს თითოეული გამონათქვამი.

„სულიერს მოწყურებულნი“

3. რას ნიშნავს, ვიყოთ „სულიერს მოწყურებულნი“?

3 „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო“ (მათ. 5:3). „სულიერს მოწყურებულნი“ აცნობიერებენ, რომ ღვთის ხელმძღვანელობისა და მოწყალების გარეშე ვერ იარსებებენ.

4, 5. ა) რატომ არიან სულიერს მოწყურებულნი ბედნიერნი? ბ) როგორ მოვიკლავთ სულიერ წყურვილს?

4 სულიერს მოწყურებულნი ბედნიერნი არიან, „რადგან მათია ზეციერი სამეფო“. როცა იესო მოწაფეებმა მესიად აღიარეს, ღვთის ზეციერ სამეფოში მასთან ერთად მეფობის შესაძლებლობა მიეცათ (ლუკ. 22:28—30). ქრისტესთან ერთად ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე სამოთხეში, ბედნიერები მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნებით, თუ ნამდვილად გვექნება სულიერის მოთხოვნილება და ბოლომდე გავაცნობიერებთ, რომ ღვთის გარეშე უსუსურები ვართ.

5 სამწუხაროდ, ყველა არ არის სულიერს მოწყურებული; ბევრს არა აქვს რწმენა და ბევრიც „არ აფასებს წმინდას“ (2 თეს. 3:1, 2; ებრ. 12:16). სულიერ წყურვილს იმ შემთხვევაში მოვიკლავთ, თუ გულდასმით გამოვიკვლევთ ბიბლიას, მთელი გულით ვიქადაგებთ, მოვამზადებთ მოწაფეებს და რეგულარულად დავესწრებით ქრისტიანულ შეხვედრებს (მათ. 28:19, 20; ებრ. 10:23—25).

„ბედნიერნი არიან მგლოვიარენი“

6. ვინ არიან „მგლოვიარენი“ და რატომ არიან ისინი ბედნიერნი?

6 „ბედნიერნი არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშს პოვებენ“ (მათ. 5:4). „მგლოვიარენიც“ სულიერს არიან მოწყურებულნი. ისინი იმიტომ კი არ გლოვობენ, რომ თავიანთ ხვედრს უჩივიან, არამედ იმიტომ, რომ ცოდვილები არიან და მათივე მსგავსი არასრულყოფილი ადამიანების შექმნილ გარემოში უწევთ ცხოვრება. რატომ არიან „მგლოვიარენი“ ბედნიერნი? ისინი რწმენას ავლენენ ღვთისა და იესო ქრისტეს მიმართ და ნუგეშცემულნი არიან იეჰოვასთან კარგი ურთიერთობით (იოან. 3:36).

7. რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სატანის ქვეყნიერების მიმართ?

7 ვგლოვობთ პირადად ჩვენ სატანის ქვეყნიერებაში არსებული უსამართლობის გამო? მისაღებია ჩვენთვის ის, რასაც ეს ქვეყნიერება გვთავაზობს? იოანე მოციქულმა დაწერა: „ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა“ (1 იოან. 2:16). მაგრამ, როგორ მოვიქცეთ, თუ ვგრძნობთ, რომ ჩვენს სულიერობაზე გავლენას ახდენს „ამ ქვეყნიერების სული“, რომელიც ღვთისგან გაუცხოებულ ადამიანთა საზოგადოებაშია გაბატონებული? ჩვენ მხურვალედ უნდა ვილოცოთ, ღვთის სიტყვა უნდა ვიკითხოთ და დახმარებისთვის უხუცესებს მივმართოთ. რა გასაჭირშიც არ უნდა ვიყოთ, იეჰოვასთან დაახლოებით ‘ნუგეშს ვპოვებთ’ (1 კორ. 2:12; ფსალმ. 119:52; იაკ. 5:14, 15).

„ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი“

8, 9. ვინ არიან რბილი ხასიათისანი და რატომ არიან ისინი ბედნიერნი?

8 „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათ. 5:5). „რბილი ხასიათი“ ანუ თვინიერება სისუსტის ან მოჩვენებითი თავაზიანობის მაჩვენებელი არ არის (1 ტიმ. 6:11). თუ რბილი ხასიათი გვაქვს, იეჰოვას ნებას შევასრულებთ და მის მითითებებს მივყვებით. რბილი ხასიათი თანამორწმუნეებთან და სხვებთან ურთიერთობაშიც გამოჩნდება. თუ ადამიანი თვინიერია, პავლე მოციქულის რჩევის თანახმად მოქმედებს (წაიკითხეთ რომაელების 12:17—19).

9 რატომ არიან ბედნიერნი „რბილი ხასიათისანი“? „ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“, — თქვა იესომ, რომელსაც თავად ჰქონდა რბილი ხასიათი. იესო მთავარი მემკვიდრეა, რადგან მას ეკუთვნის დედამიწა (ფსალმ. 2:8; მათ. 11:29; ებრ. 2:8, 9). მაგრამ „ქრისტეს თანამემკვიდრენი“ ის ადამიანებიც გახდებიან, რომელთაც მასავით რბილი ხასიათი აქვთ (რომ. 8:16, 17). იესოს მმართველობის დროს დედამიწაზეც ბევრი თვინიერი ადამიანი იცხოვრებს მარადიულად (ფსალმ. 37:10, 11).

10. რას ვერ მივიღებთ კრებაში, თუ არ გვექნება რბილი ხასიათი, და როგორ იმოქმედებს ეს სხვებთან ჩვენს ურთიერთობაზე?

10 იესოს მსგავსად ჩვენც რბილი ხასიათი უნდა გვქონდეს. მაგრამ რა შეიძლება ითქვას, თუ კონფლიქტურები ვართ? თუ აგრესიულები და სხვების მიმართ მტრულად განწყობილები ვართ, ყველა შორს დაიჭერს ჩვენგან თავს. თუ ქრისტიანი კონფლიქტურია, კრებაში ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ მიიღებს (1 ტიმ. 3:1, 3). პავლეს მითითებით, ტიტეს კრეტელი ქრისტიანებისთვის უნდა შეეხსენებინა, რომ ‘ჩხუბის ამტეხნი კი არ ყოფილიყვნენ, არამედ გონიერნი, და ყველასთან რბილი ხასიათი გამოევლინათ’ (ტიტ. 3:1, 2). მართლაც ბედნიერებაა ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც რბილი ხასიათი აქვთ!

„სიმართლეს მოშიებულნი“

1113. ა) რას ნიშნავს, იყო სიმართლეს მოშიებული და მოწყურებული? ბ) როგორ ‘გაძღებიან სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი’?

11 „ბედნიერნი არიან სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან“ (მათ. 5:6). ვისაც სიმართლე სწყურია, ღვთის ნებისა და მისი მცნებების თანახმად მოქმედებს; სწორედ ეს ჰქონდა იესოს მხედველობაში. ფსალმუნმომღერალი წერდა, რომ ‘სული დაექანცა ღვთის სამართლის’ მოლოდინში (ფსალმ. 119:20). ჩვენც ‘მოშიებულნი და მოწყურებულნი ვართ სიმართლეს’?

12 როგორც იესომ თქვა, სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი ბედნიერნი იქნებოდნენ, რადგან „გაძღებოდნენ“ ანუ სრულად დაკმაყოფილდებოდნენ. ეს შესაძლებელი გახდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ, როცა იეჰოვამ წმინდა სულით ‘დამაჯერებელი მტკიცება წარუდგინა ქვეყნიერებას სიმართლის შესახებ’ (იოან. 16:8). ღვთის წმინდა სულით აღძრულმა მამაკაცებმა დაწერეს ქრისტიანულ-ბერძნული წერილები, რომლებიც სასარგებლოა „სიმართლეში აღსაზრდელად“ (2 ტიმ. 3:16). ღვთის წმინდა სულის დახმარებით აგრეთვე შესაძლებელია ‘ახალი პიროვნებით შემოსვა, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლით’ (ეფეს. 4:24). ვისაც სწამს, რომ იესოს მსხვერპლს ხსნის ძალა აქვს და გულწრფელად ინანიებს თავის ცოდვებს, ღმერთი მართლად აღიარებს. ამის ცოდნა მართლაც მანუგეშებელია (წაიკითხეთ რომაელების 3:23, 24 ).

13 ბევრი ჩვენგანი წყურვილსა და შიმშილს სრულად მაშინ დაიკმაყოფილებს, როცა მარადიულად იცხოვრებს დედამიწაზე, სადაც სამართალი იზეიმებს. მანამდე კი ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ვიცხოვროთ იეჰოვას ნორმების შესაბამისად. იესომ თქვა: „უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე“ (მათ. 6:33). თუ ამ რჩევას გავითვალისწინებთ, ვიუხვებთ უფლის საქმეში, ეს კი ჩვენს გულს სიხარულით აავსებს და ნამდვილ ბედნიერებას შეგვაგრძნობინებს (1 კორ. 15:58).

რატომ არიან „გულმოწყალენი“ ბედნიერნი?

14, 15. როგორ ვავლენთ გულმოწყალებას, და რატომ არიან გულმოწყალენი ბედნიერნი?

14 „ბედნიერნი არიან გულმოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებული იქნებიან“ (მათ. 5:7). „გულმოწყალე“ ადამიანი თანაუგრძნობს სხვებს და მათ სატკივარს იზიარებს. იესომ უამრავი ხალხი განკურნა, რადგან გული დაეწვა მათ გამო (მათ. 14:14). გულმოწყალება აღძრავს ქრისტიანს, აპატიოს სხვას მის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა ისე, როგორც იეჰოვა პატიობს მომნანიებელს (გამ. 34:6, 7; ფსალმ. 103:10). გარდა ამისა, ქრისტიანმა გულმოწყალება შეიძლება გამოავლინოს გაჭირვებულთა მიმართ, იქნება ეს კეთილი სიტყვით თუ საქმით; ეს მათ შვებას მოუტანს. გულმოწყალების გამოვლენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების გაზიარებაა. ხალხისადმი სიბრალულით აღძრული იესო „ბევრ რამეს ასწავლიდა მათ“ (მარ. 6:34).

15 ჩვენ სრული საფუძველი გვაქვს, დავეთანხმოთ იესოს: „ბედნიერნი არიან გულმოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებული იქნებიან“. თუ სხვების მიმართ გულმოწყალებას ვავლენთ, ისინიც ასევე მოგვექცევიან. გულმოწყალება იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს გასამართლებაზე, თუ სხვების მიმართ ვიქნებით გულმოწყალენი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ღმერთი გულმოწყალების გარეშე გაგვასამართლებს (იაკ. 2:13). მხოლოდ გულმოწყალე ადამიანებს ეპატიებათ ცოდვები და მხოლოდ ისინი იცხოვრებენ მარადიულად (მათ. 6:15).

რატომ არიან „სუფთა გულისანი“ ბედნიერნი?

16. ვინ არიან „სუფთა გულისანი“ და როგორ ‘იხილავენ ისინი ღმერთს’?

16 „ბედნიერნი არიან სუფთა გულისანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ“ (მათ. 5:8). თუ „სუფთა გულისანი“ ვართ, ეს გამოჩნდება ჩვენს სურვილებსა და მოტივებში, და სხვებთან ჩვენს ურთიერთობებში. „სიყვარულს სუფთა გულით“ უნდა ვავლენდეთ (1 ტიმ. 1:5). სუფთა გული თუ გვექნება, ‘ღმერთს ვიხილავთ’. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვას პირდაპირი გაგებით დავინახავთ, რადგან „შეუძლებელია, ადამიანმა იხილოს [ღმერთი] და ცოცხალი დარჩეს“ (გამ. 33:20). იესომ სრულყოფილად აირეკლა ღვთის პიროვნება, ამიტომ მას შეეძლო ეთქვა: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოან. 14:7—9). ჩვენ, იეჰოვას თაყვანისმცემლები, იმ გაგებით ‘ვხედავთ ღმერთს’, რომ შეუმჩნეველი არ გვრჩება, როგორ მოქმედებს ის ჩვენ სასიკეთოდ (იობ. 42:5). ცხებული ქრისტიანები კი პირდაპირი გაგებით იხილავენ თავიანთ ზეციერ მამას, როცა ზეცაში საცხოვრებლად აღდგებიან (1 იოან. 3:2).

17. რა ცხადყოფს, რომ „სუფთა გული“ გვაქვს?

17 სუფთა გულის ადამიანი ზნეობრივ და სულიერ სიწმინდეს ინარჩუნებს, ამიტომ ის ყოველთვის თავს იკავებს იმისგან, რაც იეჰოვას თვალში უწმინდურებაა (1 მატ. 28:9; ეს. 52:11). თუ სუფთა გულისანი ვართ, ეს ჩვენს სიტყვებსა და საქმეში აირეკლება, და ჩვენი მსახურებაც უთვალთმაქცო იქნება.

„მშვიდობისმყოფელთ“ ღვთის შვილები დაერქმევათ

18, 19. როგორ იქცევიან „მშვიდობისმყოფელნი“?

18 „ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან მათ ღვთის შვილები დაერქმევათ“ (მათ. 5:9). არის თუ არა ადამიანი მშვიდობისმყოფელი, ეს მისი საქმეებიდან გამოჩნდება. თუ იესოს ნათქვამის თანახმად მშვიდობისმყოფელნი ვართ, ‘არავის გადავუხდით სამაგიეროს’. პირიქით, ‘ვისწრაფებთ, რომ კარგი გავუკეთოთ სხვებს’ (1 თეს. 5:15).

19 მათეს 5:9-ში „მშვიდობისმყოფელად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ნიშნავს „მშვიდობიანს“. თუ გვინდა, რომ მშვიდობისმყოფელ ადამიანად გვიცნობდნენ, მშვიდობას ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი. მშვიდობისმყოფელი არასდროს გააკეთებს ისეთ რამეს, რაც ‘ახლობლებს დააშორებს’ (იგავ. 16:28). როგორც მშვიდობისმოყვარულებმა, თავად უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რომ ‘ყველასთან მშვიდობიანი ურთიერთობა გვქონდეს’ (ებრ. 12:14).

20. ვინ არიან ამჟამად „ღვთის შვილები“ და, საბოლოოდ, კიდევ ვინ გახდება ღვთის შვილი?

20 მშვიდობისმყოფელები ბედნიერები არიან, რადგან „ღვთის შვილები დაერქმევათ“. ერთგული ცხებული ქრისტიანები იეჰოვამ საკუთარ შვილებად მიიღო, ამიტომ ისინი „ღვთის შვილებად“ იწოდებიან. მათ, როგორც ღვთის შვილებს, უკვე ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ იეჰოვასთან, რადგან რწმენას ავლენენ იესოს მიმართ და მთელი გულით სცემენ თაყვანს „სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთს“ (2 კორ. 13:11; იოან. 1:12). რაც შეეხება იესოს მშვიდობისმყოფელ „სხვა ცხვარს“, ათასწლიანი მეფობის დროს იესო მათი „მარადიული მამა“ იქნება, მაგრამ ბოლოს, როცა თავად ყველაფერს მამას გადასცემს, ისინი ღვთის შვილები გახდებიან (იოან. 10:16; ეს. 9:6; რომ. 8:21; 1 კორ. 15:27, 28).

21. როგორ მოვიქცევით, თუ „სულით ვცოცხლობთ“?

21 თუ „სულით ვცოცხლობთ“, მშვიდობისმყოფელობა ჩვენი ერთ-ერთი თვისება იქნება, რასაც სხვებიც ადვილად შეამჩნევენ. ჩვენ არ შევეჯიბრებით ერთმანეთს, ანუ ‘არ ვიქნებით ერთმანეთის გამაღიზიანებლები’ (გალ. 5:22—26, „ბიბლიური საზოგადოების გამოცემა“). პირიქით, ‘რამდენადაც ჩვენი მხრივ შესაძლებელი იქნება, მშვიდობიანად ვიქნებით ყველასთან’ (რომ. 12:18).

ბედნიერნი არიან დევნილნი

2224. ა) რატომ არიან ბედნიერები ისინი, ვისაც „სიმართლისთვის“ დევნიან? ბ) რაზე ვიმსჯელებთ მომდევნო ორ სტატიაში?

22 „ბედნიერნი არიან სიმართლისთვის დევნილნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო“ (მათ. 5:10). იესომ კიდევ უფრო განავრცო ეს აზრი და დასძინა: „ბედნიერნი ხართ, როცა გლანძღავენ, გდევნიან და ყველანაირ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო. იხარეთ და სიხარულით იხტუნეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; თქვენამდე მცხოვრებ წინასწარმეტყველებსაც მსგავსად დევნიდნენ“ (მათ. 5:11, 12).

23 ღვთის ძველი წინასწარმეტყველების მსგავსად ქრისტიანებმა ვიცით, რომ „სიმართლისთვის“ შეგვავიწროებენ, შეურაცხგვყოფენ და ცილს დაგვწამებენ. მაგრამ, თუ ერთგულად გადავიტანთ მსგავს განსაცდელებს, უსაზღვრო სიხარულს მოგვანიჭებს იმის გაცნობიერება, რომ იეჰოვას ვასიამოვნეთ (1 პეტ. 2:19—21). განსაცდელები ვერ წაგვართმევს სიხარულს იეჰოვას მსახურებაში ვერც ახლა და ვერც მომავალში. სირთულეების მიუხედავად, ჩვენ მაინც ბედნიერები ვიქნებით იმის მოლოდინში, რომ ან ზეციერ სამეფოში ქრისტეს თანამმართველები გავხდებით, ან როგორც ამ სამეფოს ქვეშევრდომები, მარადიულად ვიცხოვრებთ დედამიწაზე. ეს კურთხევები ღვთის წყალობის, კეთილმოსურნეობისა და დიდსულოვნების მაჩვენებელია.

24 იესოს ცნობილი ქადაგებიდან გაცილებით ბევრის სწავლა შეგვიძლია. მომდევნო ორ სტატიაში კიდევ ბევრ საინტერესო საკითხს განვიხილავთ. შემდეგ სტატიაში ვიმსჯელებთ, თუ როგორ მოვიქცეთ იესოს ამ გამონათქვამების თანახმად.

როგორ უპასუხებთ?

• რატომ არიან „სულიერს მოწყურებულნი“ ბედნიერნი?

• რატომ არიან „რბილი ხასიათისანი“ ბედნიერნი?

• რატომ არიან ქრისტიანები დევნის მიუხედავად ბედნიერები?

• იესოს რომელმა გამონათქვამმა მოახდინა შენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 7 გვერდზე]

იესოს მიერ მოხსენიებული ბედნიერების ცხრა პირობა დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც ძველად

[სურათი 8 გვერდზე]

სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების გაზიარება გულმოწყალების გამოვლენის ერთ-ერთი საშუალებაა