არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოიქეცი იესოს სიტყვების თანახმად

მოიქეცი იესოს სიტყვების თანახმად

მოიქეცი იესოს სიტყვების თანახმად

„ვინც ღმერთმა გამოგზავნა, ღვთის სიტყვებს ლაპარაკობს“ (იოან. 3:34).

1, 2. რას შეიძლება შევადაროთ მთაზე ქადაგების დროს იესოს მიერ წარმოთქმული სიტყვები და რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ იესო ‘ღვთის სიტყვებს ლაპარაკობდა’?

დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრილიანტი 530-კარატიანია, რომელსაც „აფრიკის ვარსკვლავს“ უწოდებენ. ის მართლაც ძალიან ძვირფასია. მაგრამ გაცილებით ძვირფასი იესოს ის გამონათქვამებია, რომლებიც მთაზე ქადაგებისას წარმოთქვა. ამ სიტყვების წარმოსათქმელად იესო იეჰოვამ აღძრა. ეს ნათლად ჩანს მისივე სიტყვებიდან: „ვინც ღმერთმა გამოგზავნა, ღვთის სიტყვებს ლაპარაკობს“ (იოან. 3:34—36).

2 თუმცა იესოს მთაზე ქადაგების წარმოსათქმელად ნახევარი საათიც კი არ დასჭირდა, ებრაული წერილებიდან, კერძოდ, რვა წიგნიდან 21 ციტატა მოიყვანა. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ იესო მართლაც ‘ღვთის სიტყვებს ლაპარაკობდა’. ახლა ვნახოთ, როგორ გამოვიყენოთ ცხოვრებაში ცნობილი სამთო ქადაგების დროს ღვთის საყვარელი ძის მიერ წარმოთქმული ეს ძვირფასი სიტყვები.

„ჯერ შენს ძმას შეურიგდი“

3. რა რჩევა მისცა იესომ მოწაფეებს მას შემდეგ, რაც გააფრთხილა, რომ გულში სიძულვილი არ ჰქონოდათ?

3 ჩვენ, ქრისტიანები ბედნიერი და მშვიდობისმოყვარე ხალხი ვართ, რადგან ღვთის წმინდა სული გვაქვს. ღვთის სული კი სიხარულსა და მშვიდობას წარმოშობს (გალ. 5:22, 23). იესოს სურდა, რომ მის მოწაფეებს ყოველთვის ჰქონოდათ მშვიდობა და სიხარული. ამიტომ აფრთხილებდა, რომ მათ გულში თუ სიძულვილი გაიდგამდა ფესვს, სიკვდილი გარდაუვალი იქნებოდა (წაიკითხეთ მათეს 5:21, 22). შემდეგ იესომ ურჩია მოწაფეებს: „თუ ძღვენი მიიტანე სამსხვერპლოსთან და იქ გაგახსენდა, რომ შენს ძმას რაღაც აქვს შენ წინააღმდეგ, დატოვე შენი ძღვენი იქვე სამსხვერპლოს წინ, წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი და, როცა დაბრუნდები, მერე შესწირე შენი ძღვენი“ (მათ. 5:23, 24).

4, 5. ა) რას გულისხმობდა იესო „ძღვენში“, რომელიც მათეს 5:23, 24-შია მოხსენიებული? ბ) რატომ არის აუცილებელი ძმასთან შერიგება?

4 „ძღვენი“, რომელზეც იესო საუბრობდა, იერუსალიმის ტაძარში მისატან ნებისმიერ აღსავლენ მსხვერპლს გულისხმობდა. მაგალითად, ცხოველური შესაწირავის სამსხვერპლოზე მიტანა იეჰოვას თაყვანისცემის მნიშვნელოვან ნაწილად ითვლებოდა. მაგრამ იესომ უფრო მნიშვნელოვანს გაუსვა ხაზი, როცა თქვა, რომ, სანამ ღმერთს მსხვერპლს შესწირავდნენ, განაწყენებულ ძმას უნდა შერიგებოდნენ.

5 რისი სწავლა შეგვიძლია იესოს ამ სიტყვებიდან? აშკარაა, რომ ძმებთან ჩვენი ურთიერთობა დიდ გავლენას ახდენს იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე (1 იოან. 4:20). ძველად ღვთისთვის აღვლენილი შესაწირავი ყოველგვარ ფასს კარგავდა, თუ შემწირველი თანამოძმეებს ცუდად ეპყრობოდა (წაიკითხეთ მიქას 6:6—8).

გამოავლინე თავმდაბლობა

6, 7. რატომაა საჭირო თავმდაბლობა განაწყენებულ ძმასთან მშვიდობის აღსადგენად?

6 თუ განაწყენებულ ძმას ვურიგდებით, ეს თავმდაბლობის მაჩვენებელია. თავმდაბალი ქრისტიანი არ ეცდება, ნებისმიერ ფასად დაამტკიცოს თავისი სიმართლე. ეს არასასიამოვნო ვითარებას შექმნიდა, როგორც ეს ერთ დროს კორინთელ ქრისტიანებს შორის მოხდა. მათ პავლე მოციქულმა შემდეგი დამაფიქრებელი რჩევა მისცა: „ერთმანეთს რომ ედავებით სასამართლოში, ეს თქვენი სრული დამარცხებაა. რატომ არ არჩევთ უსამართლობის ატანას? რატომ არ არჩევთ მოტყუებულად დარჩენას?“ (1 კორ. 6:7)

7 იესოს არ უთქვამს, რომ ძმასთან იმ მიზნით მივსულიყავით, რომ გაგვემტყუნებინა, ჩვენი თავი კი გაგვემართლებინა. მთავარი მიზანი მასთან მშვიდობის აღდგენა უნდა ყოფილიყო. თუ გვინდა, რომ ძმას შევურიგდეთ, გულახდილად უნდა ვუთხრათ, რას ვგრძნობთ. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ გული ვატკინეთ. თუ შეცდომა დავუშვით, რასაკვირველია, თავმდაბლად უნდა მოვიხადოთ ბოდიში.

„თუ მარჯვენა თვალი გაბრკოლებს“

8. რას გაუსვა იესომ ხაზი ზემოთ მოყვანილი სიტყვებით?

8 მთაზე ქადაგების დროს იესო ზნეობის საკითხსაც შეეხო. მან იცოდა, რომ არასრულყოფილ სხეულს შეეძლო ადამიანის დაღუპვა. ამიტომ თავის მიმდევრებს ურჩია: „ამიტომ, თუ მარჯვენა თვალი გაბრკოლებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, სხეულის ერთი ნაწილი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში; და თუ მარჯვენა ხელი გაბრკოლებს, მოიკვეთე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, სხეულის ერთი ნაწილი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული აღმოჩნდეს გეენაში“ (მათ. 5:29, 30).

9. როგორ შეიძლება „თვალმა“ ან „ხელმა“ დაგვაბრკოლოს?

9 „თვალს“ ფოკუსირების უნარი აქვს, ხოლო „ხელით“ ამა თუ იმ საქმეს ვაკეთებთ. თუ სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ, სხეულის ეს ნაწილები შეიძლება დაბრკოლებად გვექცეს, და „ღმერთთან ერთად“ სიარული შევწყვიტოთ (დაბ. 5:22; 6:9). როცა იეჰოვასადმი ჩვენი ერთგულება იცდება, იმისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რომ თუ საჭირო იქნება, ასე ვთქვათ, ამოვითხაროთ თვალი ან მოვიკვეთოთ ხელი.

10, 11. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ თვალი ავარიდოთ უზნეობას?

10 როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ თვალი ავარიდოთ უზნეობას? „შეთანხმება დავუდე ჩემს თვალებს, — ამბობდა ღვთისმოშიში იობი. — და როგორღა შევხედავდი ქალწულს გულისთქმით?!“ (იობ. 31:1). იობი დაქორწინებული იყო, მას კარგად ესმოდა, რომ არ უნდა დაერღვია ღვთის ზნეობრივი ნორმები. იმის მიუხედავად, დაქორწინებულები ვართ თუ არა, ამ საკითხზე ჩვენც ასეთივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. უზნეობას იმ შემთხვევაში ავარიდებთ თავს, თუ ღვთის წმინდა სულით ვიხელმძღვანელებთ, წმინდა სული კი ღვთის მოყვარულებს თავშეკავების უნარს გამოამუშავებინებს (გალ. 5:22—25).

11 კარგი იქნება, თუ ვკითხავთ საკუთარ თავს: „ხომ არ იზიდავს ჩემს თვალს ისეთი წიგნები, სატელევიზიო გადაცემები ან ინტერნეტ-საიტები, რომლებიც ჩემში უხამს სურვილებს გააღვიძებს?“ არ უნდა დაგვავიწყდეს მოწაფე იაკობის სიტყვები: „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას. სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას, ხოლო ჩადენილი ცოდვა ბადებს სიკვდილს“ (იაკ. 1:14, 15). თუ ქრისტიანი ვნებიანად „უყურებს“ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს, მან, ასე ვთქვათ, თვალი უნდა ამოითხაროს და გადააგდოს (წაიკითხეთ მათეს 5:27, 28 ).

12. პავლეს რომელი რჩევა დაგვეხმარება უზნეო, ხორციელი სურვილების წინააღმდეგ ბრძოლაში?

12 თუ „ხელებს ვაფათურებთ“, შეიძლება იეჰოვას ზნეობრივი ნორმები დავარღვიოთ. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ზნეობრივი სიწმინდე შევინარჩუნოთ. ჩვენ ყურად უნდა ვიღოთ პავლეს რჩევა: „ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, მავნებელი სურვილები და სიხარბე, რაც კერპთაყვანისმცემლობაა“ (კოლ. 3:5). სიტყვა „ჩაკალით“ ნიშნავს, რომ მთელი ძალით შევეწინააღმდეგოთ უზნეო, ხორციელ სურვილებს.

13, 14. რატომ უნდა მოვერიდოთ უზნეო ფიქრებსა და საქციელს?

13 ადამიანი შეიძლება რომელიმე კიდურის ამპუტაციაზეც კი დათანხმდეს, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩვენ იმ გაგებით უნდა „გადავაგდოთ“ თვალი თუ ხელი, რომ არ ვიფიქროთ უზნეობაზე და, შესაბამისად, მოვერიდოთ ასეთ საქციელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იეჰოვას კეთილგანწყობას დავკარგავთ. გეენის სასჯელს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავაღწევთ თავს, თუ გონებრივად, ზნეობრივად და სულიერად სუფთები დავრჩებით.

14 რადგან მემკვიდრეობით ცოდვა და არასრულყოფილება მივიღეთ, ადვილი არ არის ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება. „ვცემ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, თვითონ არ აღმოვჩნდე უღირსი“, — თქვა პავლემ (1 კორ. 9:27). ყოველთვის გავითვალისწინოთ ზნეობის საკითხთან დაკავშირებული იესოს რჩევა და არასდროს მოვიქცეთ ისე, რომ მისი გამოსასყიდისადმი უპატივცემულობა გამოვავლინოთ (მათ. 20:28; ებრ. 6:4—6).

„გაეცით“

15, 16. ა) გაცემის რა მაგალითი მოგვცა იესომ? ბ) რას ნიშნავს იესოს სიტყვები, რომლებსაც ლუკას 6:38-ში ვკითხულობთ?

15 იესოს გამონათქვამები და მისი უბადლო მაგალითი გვეხმარება, რომ ჩვენც გვქონდეს გაცემის სული. მან ენით აუწერელი ხელგაშლილობა გამოავლინა, როცა დედამიწაზე მოვიდა არასრულყოფილი ადამიანების სახსნელად (წაიკითხეთ 2 კორინთელების 8:9). იესომ თავისი ნებით დატოვა ზეციერი დიდება, რათა ადამიანის მსგავსი გამხდარიყო და თავი გაეწირა ცოდვილი ხალხისთვის, რომელთაგანაც ზოგი მოგვიანებით მისი თანამმართველი გახდებოდა ზეცაში (რომ. 8:16, 17). იესო, რასაკვირველია, სხვებსაც მოუწოდებდა ხელგაშლილობისკენ:

16 „გაეცით და მოგეცემათ. უბეში ჩაგიყრიან კარგ საწყაოს, ჩატკეპნილს, გატენილსა და პირამდე სავსეს. რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“ (ლუკ. 6:38). „უბეში ჩაყრა“ ძველი ჩვეულება იყო. მაგალითად, ზოგი გამყიდველი მყიდველს უბეში უყრიდა პროდუქტს. თუ გაჭირვებულს დახმარების ხელს გავუწვდით, როცა ჩვენც იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, შეიძლება უკან დაგვიბრუნდეს „კარგი საწყაო“ (ეკლ. 11:2).

17. როგორ მოგვცა იეჰოვამ გაცემის საუკეთესო მაგალითი და რის გაცემას მოაქვს ჩვენთვის სიხარული?

17 იეჰოვას უყვარს სიხარულით გამცემნი და აკურთხებს მათ. ამის საუკეთესო მაგალითი მან თავად მოგვცა, როცა თავისი „მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოან. 3:16). პავლემ დაწერა: „ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის. თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2 კორ. 9:6, 7). როცა ჩვენს დროს, ენერგიას და სახსრებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად არ ვზოგავთ, ამას სიხარული და კურთხევები მოაქვს (წაიკითხეთ იგავების 19:17; ლუკას 16:9).

„ნუ გაახმაურებ“

18. რა შემთხვევაში ‘ვერ მივიღებთ საზღაურს’ ჩვენი ზეციერი მამისგან?

18 „ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახავად, თორემ თქვენი ზეციერი მამისგან საზღაურს ვერ მიიღებთ“ (მათ. 6:1). „სიმართლეში“ იესო ღვთის ნების თანახმად მოქმედებას გულისხმობდა. მას ამით იმის თქმა არ უნდოდა, რომ ღვთისმოსაწონი საქმეები სხვების დასანახავად არ გაგვეკეთებინა, რადგან მოწაფეებს უთხრა, რომ ‘მათ სინათლეს ენათებინა ადამიანთა წინაშე’ (მათ. 5:14—16). მაგრამ ჩვენი ზეციერი მამისგან ‘ვერ მივიღებთ საზღაურს’, თუ ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ, რომ სხვებმა დაგვინახონ და შეგვაქონ, როგორც ამას მსახიობი აკეთებს სცენაზე. თუ ასეთი მოტივები გვაქვს, ვერც იეჰოვასთან გვექნება კარგი ურთიერთობა და ვერც კურთხევებს მივიღებთ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს.

19, 20. ა) რას ნიშნავს, არ გავახმაუროთ, თუ მოწყალებას გავცემთ? ბ) რას ნიშნავს, არ იცოდეს ჩვენმა მარცხენამ, რას აკეთებს ჩვენი მარჯვენა?

19 თუ სწორი მოტივები გვაქვს, არ გაგვიჭირდება იესოს შემდეგი მითითების გათვალისწინება: „მაშ, როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ, როგორც თვალთმაქცები აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რომ ხალხმა განადიდოს ისინი. ჭეშმარიტებას გეუბნებით: მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური“ (მათ. 6:2). „მოწყალების“ გაღება ნიშნავს გაჭირვებულისთვის ფულადი თუ სხვა სახის დახმარების აღმოჩენას (წაიკითხეთ ესაიას 58:6, 7). იესოს და მის მოციქულებს ჰქონდათ სპეციალური ყულაბა, რომელშიც ღარიბების დასახმარებლად ფულს აგროვებდნენ (იოან. 12:5—8; 13:29). თუ რამეს გავცემთ, ეს იუდეველი ფარისევლების მსგავსად არ უნდა გავახმაუროთ. იესომ მათ თვალთმაქცები უწოდა, რადგან ისინი სხვების დასანახავად გასცემდნენ „სინაგოგებსა და ქუჩებში“. ასეთი თვალთმაქცები ‘უკვე სრულად იღებდნენ თავიანთ საზღაურს’. მათი ჯილდო მხოლოდ ხალხისგან აღიარება და, შესაძლოა, სინაგოგებში გამოჩენილი რაბინების გვერდით წინა ადგილებზე ჯდომა იყო, იეჰოვასგან კი ვერაფერს მიიღებდნენ (მათ. 23:6). როგორ უნდა მოქცეულიყვნენ იესოს მოწაფეები? ის, რაც იესომ მათ უთხრა, ჩვენც გვეხება:

20 „შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ გააგებინებ, რას აკეთებს შენი მარჯვენა, რათა შენი მოწყალება დაფარული იყოს, და მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ“ (მათ. 6:3, 4). როცა რამეს ვაკეთებთ, ჩვეულებრივ, ამას ორივე ხელს ვახმართ. თუმცა, იესოს სიტყვები, რომ ჩვენმა მარცხენამ არ იცოდეს, რას აკეთებს ჩვენი მარჯვენა, იმას ნიშნავს, რომ არ გავახმაუროთ, თუ ვინმეს დახმარების ხელი გავუწოდეთ, მათთანაც კი, ვინც ისევე ახლოა ჩვენთან, როგორც მარჯვენა ხელი მარცხენასთან.

21. რას ნიშნავს, რომ იეჰოვა ‘ხედავს დაფარულს და მოგვიზღავს’?

21 თუ არ ვიტრაბახებთ, რომ ვინმეს სიკეთე გავუკეთეთ, ჩვენ მიერ გაღებული ‘მოწყალება’ დაფარული იქნება, ჩვენი ზეციერი მამა კი, ‘რომელიც ხედავს დაფარულს, მოგვიზღავს’. ჩვენი ზეციერი მამა ზეცაშია და ადამიანთათვის უხილავია, ამ გაგებით არის ის ჩვენთვის ‘დაფარული’ (იოან. 1:18). თუ ‘ჩვენი მოწყალება დაფარული’ იქნება, იეჰოვა იმ გაგებით მოგვიზღავს, რომ მასთან ახლო ურთიერთობა გვექნება, გვაპატიებს ცოდვებს და, საბოლოოდ, მარადიული სიცოცხლით დაგვაჯილდოებს (იგავ. 3:32; იოან. 17:3; ეფეს. 1:7). რა თქმა უნდა, ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ადამიანებისგან დიდების მიღება.

დააფასე იესოს გამონათქვამები

22, 23. რატომ უნდა დავაფასოთ იესოს გამონათქვამები?

22 როგორც დავინახეთ, მთაზე ქადაგება სავსეა უამრავი „ძვირფასეულობით“. უდავოა, რომ იესოს მიერ წარმოთქმულ ძვირფას აზრებს ამ მშფოთვარე ქვეყნიერებაშიც კი მოაქვს ჩვენთვის სიხარული. ბედნიერები ვიქნებით, თუ დავაფასებთ იესოს ამ გამონათქვამებს და მათ თანახმად შევიცვლით აზროვნებასა და ცხოვრების წესს.

23 ყველას, ‘ვინც ისმენს და ასრულებს’ იესოს სიტყვებს, კურთხევები არ მოაკლდება (წაიკითხეთ მათეს 7:24, 25 ). ამიტომ, ყურად ვიღოთ იესოს რჩევები. იესოს მიერ მთაზე ქადაგების დროს წარმოთქმულ სხვა გამონათქვამებს შემდეგ სტატიაში განვიხილავთ.

როგორ უპასუხებდით?

• რატომ არის აუცილებელი თანაქრისტიანთან შერიგება?

• როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენმა „მარჯვენა თვალმა“ არ დაგვაბრკოლოს?

• როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს გაცემაზე?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 11 გვერდზე]

რა კარგია, როცა თანაქრისტიანები რიგდებიან!

[სურათები 12, 13 გვერდებზე]

იეჰოვა აკურთხებს სიხარულით გამცემს