არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანული დაკრძალვის ცერემონიალი ღირსეული, მოკრძალებული და ღვთისმოსაწონი

ქრისტიანული დაკრძალვის ცერემონიალი ღირსეული, მოკრძალებული და ღვთისმოსაწონი

ქრისტიანული დაკრძალვის ცერემონიალი ღირსეული, მოკრძალებული და ღვთისმოსაწონი

ყველგან გლოვის ხმა ისმის. ძაძებით შემოსილი და დარდით გულმოკლული მგლოვიარენი მუხლებზე ეცემიან. ზოგი ცეკვავს, სხვები სუფრას უსხედან, ხმამაღლა იცინიან და მხიარულობენ, ზოგიც ღვინითა და ლუდით დამთვრალა და მიწაზე წევს. რას აღნიშნავენ ისინი? ზოგ ქვეყანაში ასე ატარებენ დაკრძალვის ცერემონიალს; ამ დროს ასობით ადამიანი იყრის თავს, რომ თავიანთი მიცვალებული გააცილონ.

ბევრი იეჰოვას მოწმე ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც ცრუმორწმუნეობას ღრმად აქვს ფესვები გადგმული — მათ ნათესავებსა თუ მეზობლებს მკვდრების ეშინიათ. მილიონობით ადამიანს სჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ სული აგრძელებს სიცოცხლეს და შეუძლია ცოცხლებს დაეხმაროს ან ზიანი მიაყენოს. დაკრძალვის მრავალი რიტუალი სწორედ ამ ცრუ რწმენაზეა აგებული. რასაკვირველია, სრულიად ბუნებრივია იგლოვო, როცა საყვარელი ადამიანი გიკვდება. ვერც იესომ და მისმა მოციქულებმა შეიკავეს ცრემლები, როცა მათთვის ახლობელი ადამიანების დაღუპვის ამბავი გაიგეს (იოან. 11:33—35, 38; საქ. 8:2; 9:39). მაგრამ ისინი არასდროს გლოვობდნენ ისეთი უკიდურესი ფორმით, როგორც ეს იმ დროს იყო მიღებული (ლუკ. 23:27, 28; 1 თეს. 4:13). ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მათ იცოდნენ ჭეშმარიტება მკვდრების მდგომარეობის შესახებ.

ბიბლიაში არაორაზროვნად არის ნათქვამი: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან, . . ქრება მათი სიყვარული, სიძულვილი და შური, . . რადგან არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში, სადაც მიდიხარ“ (ეკლ. 9:5, 6, 10). ამ ღვთივშთაგონებული სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ მკვდრებმა არაფერი იციან. მათ არც ცნობიერება აქვთ, არც არაფერს გრძნობენ, არც ურთიერთობა შეუძლიათ და არც რამის გაგება. თუ მხედველობაში მივიღებთ ბიბლიის ამ სიტყვებს, როგორი უნდა იყოს ქრისტიანული დაკრძალვის ცერემონიალი?

„უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“

იეჰოვას მოწმეები ეთნიკური თუ კულტურული წარმომავლობის მიუხედავად, ყოველმხრივ თავს არიდებენ ნებისმიერ ადათ-წესს, რაც ცრურწმენასთან არის დაკავშირებული. ამ ადათ-წესების თანახმად, მკვდართა სულები განაგრძობენ არსებობას და ცოცხლებზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ამიტომ ზოგ ქვეყანაში მიცვალებულებს ღამეს უთევენ, ქელეხსა და წლისთავს უხდიან, მსხვერპლს სწირავენ და ქვრივებისთვის სპეციალურ სამგლოვიარო რიტუალს ასრულებენ. ეს ყოველივე ღვთის თვალში უწმინდურებაა, რადგან ეწინააღმდეგება მის სიტყვას, ამ ჩვეულებებს საფუძვლად დემონური სწავლება უდევს, რომ თითქოს სული არ კვდება (ეზეკ. 18:4). ჭეშმარიტი ქრისტიანი ‘შეუძლებელია იეჰოვას სუფრიდანაც ჭამდეს და დემონების სუფრიდანაც’, ამიტომ ის არ იღებს მონაწილეობას ასეთ რიტუალებში (1 კორ. 10:21). ქრისტიანები ემორჩილებიან შემდეგ მითითებას: „გამოეყავით . . . უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“ (2 კორ. 6:17). მაგრამ ამის გაკეთება ყოველთვის ადვილი არ არის.

მაგალითად, აფრიკის ზოგ ქვეყანაში სჯერათ, რომ სპეციალურ რიტუალებს თუ არ შეასრულებენ, წინაპართა სულებს გაანაწყენებენ. ისინი ფიქრობენ, რომ უბედურება დაატყდებათ თავს ან მეზობლები და ნათესავები დასწყევლიან. იეჰოვას მოწმეები ახლობლის დაკრძალვის დროს არ მონაწილეობენ ასეთ რიტუალებში, რის გამოც ოჯახის წევრები თუ თანასოფლელები აკრიტიკებენ, შეურაცხყოფენ და მათგან თავს შორს იჭერენ. ზოგს საზოგადოებისთვის საშიშ ადამიანად მიიჩნევენ და მიცვალებულთა უპატივცემულობაში ადანაშაულებენ. ზოგჯერ ურწმუნო ნათესავები უხეშად ერევიან ქრისტიანული დაკრძალვის ცერემონიალის ორგანიზებაში. როგორ შეგვიძლია თავი ავარიდოთ მათთან კონფლიქტს, ვინც დაჟინებით ითხოვს ღვთისთვის მიუღებელი რიტუალების შესრულებას? გაცილებით მნიშვნელოვანი ის არის, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მონაწილეობა არ მივიღოთ უწმინდურ რიტუალებსა თუ ადათ-წესებში, რაც იეჰოვასთან ურთიერთობას გაგვიფუჭებდა.

მტკიცედ იდექით თქვენს პოზიციაზე

ზოგან მიღებულია, რომ საგვარეულოს თავკაცებმა, მიცვალებულის ოჯახის წევრებმა და ახლო ნათესავებმა წინასწარ მოილაპარაკონ, როგორ დაკრძალავენ მიცვალებულს. ასეთ შემთხვევაში ერთგულმა ქრისტიანმა ყველასთვის ნათელი უნდა გახადოს, რომ დაკრძალვის ცერემონიალს გაუძღვებიან იეჰოვას მოწმეები და ყველაფერი ბიბლიურ პრინციპებთან იქნება შეთანხმებული (2 კორ. 6:14—16). ქრისტიანული დაკრძალვის ცერემონიალი ისე უნდა ჩატარდეს, რომ ამან არ იმოქმედოს თანაქრისტიანების სინდისზე ან არ დააბრკოლოს სხვები, რომლებმაც იციან ბიბლიური სწავლება მკვდრების მდგომარეობაზე.

როდესაც ქრისტიანული კრების წევრს სთხოვენ, გაუძღვეს დაკრძალვის ცერემონიალს, კარგი იქნება, თუ იგი მიმართავს უხუცესებს, რომლებიც გონივრულ რჩევებს მისცემენ და დაანახვებენ, რომელი ბიბლიური პრინციპებით იხელმძღვანელოს, რათა ყველაფერი ღვთის მოსაწონად წარიმართოს. თუ ურწმუნო ნათესავები მოისურვებენ რაიმე არაქრისტიანული რიტუალის ჩატარებას, მათ მტკიცედ, მაგრამ, ამავე დროს, პატივისცემით უნდა აუხსნან ქრისტიანული პოზიცია (1 პეტ. 3:15). მაგრამ, რა უნდა გააკეთონ ოჯახის მორწმუნე წევრებმა, თუ ისინი თავისას არ იშლიან? მაშინ მათ შესაძლოა დატოვონ დაკრძალვის ცერემონიალი (1 კორ. 10:20). თუ ასეთი რამ მოხდება, შეიძლება ორგანიზება გაეწიოს იმას, რომ სამეფო დარბაზში ან სხვა შესაფერის ადგილას წარმოითქვას მოხსენება, რათა მათ, ვინც გულწრფელად არის დამწუხრებული ქრისტიანის სიკვდილით, ჭირისუფლებთან ერთად „წმინდა წერილებიდან“ მიიღონ ნუგეში (რომ. 15:4). ეს სავსებით მისაღებია, მიუხედავად იმისა რომ იქ, სადაც მოხსენებას წაიკითხავენ, მიცვალებული არ ასვენია (კან. 34:5, 6, 8). საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს კიდევ უფრო ამძაფრებს ურწმუნო ნათესავების უხეში ჩარევა დაკრძალვის ცერემონიალის ორგანიზებაში, მაგრამ გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ მტკიცე პოზიციას თუ ვინარჩუნებთ, ეს იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება. ის გვაძლევს „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორ. 4:7).

წერილობით დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია

თუ ქრისტიანი წერილობით წინასწარ აფიქსირებს თავის პოზიციას საკუთარი დაკრძალვის ცერემონიალის შესახებ, გაცილებით ადვილი იქნება ურწმუნო ნათესავების დარწმუნება იმაში, რომ პატივი სცენ მის სურვილს. ქრისტიანს არ უნდა გამორჩეს მნიშვნელოვანი დეტალების მოხსენიება, მაგალითად, როგორ უნდა წარიმართოს ცერემონიალი, სად უნდა ჩატარდეს, ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი ამ ცერემონიალის ორგანიზებაზე (დაბ. 50:5). ეს დოკუმენტი სანდო მაშინ იქნება, თუ მასზე ხელს მოაწერს უშუალოდ ეს ქრისტიანი და მისი მოწმე. წინდახედული ქრისტიანი, რომელიც ბიბლიური სიბრძნით ხელმძღვანელობს, დროულად შეადგენს ასეთ დოკუმენტს და არ დაელოდება იმ დროს, როცა ღრმად მოხუცდება ან სასიკვდილოდ დაავადდება (იგავ. 22:3; ეკლ. 9:12).

ზოგს ეუხერხულება ასეთი დოკუმენტის შედგენა. მაგრამ ეს ქრისტიანულ მოწიფულობაზე მოწმობს და აჩვენებს, რომ ქრისტიანი სხვებზე ზრუნავს (ფილ. 2:4). გაცილებით უკეთესი იქნება, თუ პირადად შეეცდებით ამ საკითხის მოგვარებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეიძლება თქვენი ოჯახის წევრების თავსატეხი გახდეს, რომლებიც შესაძლოა აიძულონ, დაიცვან თქვენთვის მიუღებელი უწმინდური წეს-ჩვეულებები.

დაკრძალვის მოკრძალებული ცერემონიალი

აფრიკის ბევრ ქვეყანაში გავრცელებულია შეხედულება, რომ დაკრძალვის ცერემონიალი ხალხმრავალი და შთამბეჭდავი უნდა იყოს, რათა წინაპართა სულების რისხვა არ გამოიწვიოს. ზოგი ისე ატარებს დაკრძალვის ცერემონიალს, რომ სხვების წინაშე ‘იტრაბახოს’ და თავისი სოციალური მდგომარეობა წარმოაჩინოს (1 იოან. 2:16). „ღირსეულად“ რომ დაკრძალონ მიცვალებული, ისინი არ ზოგავენ დროს, ენერგიასა და სახსრებს. რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურადღება რომ მიიქციონ, მიცვალებულის გადიდებულ სურათებს სხვადასხვა ადგილას კიდებენ. ზოგან მგლოვიარეები სპეციალურ პერანგებს იცვამენ, რომლებზეც მიცვალებულის პორტრეტია გამოსახული. ყურადღების მისაქცევად მიცვალებულს საგულდაგულოდ დამზადებულ ძვირადღირებულ კუბოში აწვენენ. აფრიკის ზოგ ქვეყანაში მიცვალებულისთვის ისეთ კუბოსაც კი ირჩევენ, რომლებსაც მანქანის, თვითმფრინავის ან ნავის ფორმა აქვს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მიცვალებულის ოჯახი ფუფუნებასა და სიმდიდრეში ცხოვრობს. ზოგან გვამი შეიძლება კუბოდან სპეციალურად მორთულ საწოლზე გადაიტანონ. მიცვალებულ ქალებს შეიძლება თეთრი საპატარძლო კაბა ჩააცვან, ათასნაირი ძვირფასეულობა და მაკიაჟი გაუკეთონ. უნდა იცავდეს ღვთის ხალხი ასეთ წეს-ჩვეულებებს?

მოწიფულ ქრისტიანებს ესმით, რომ გონივრულია, მოერიდონ ასეთ უკიდურესობებს. ასეთ ჩვეულებებს ხომ ის ხალხი მისდევს, რომლებმაც არ იციან, და არც აინტერესებთ, ღვთის პრინციპები. ჩვენთვის ცნობილია, რომ ასეთი ჩვეულებები არაბიბლიურია და მოკლებულია ყოველგვარ მოკრძალებას, რადგან ‘მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა, რომელიც გადადის’ (1 იოან. 2:15—17). დიდი სიფრთხილე და ძალისხმევაა საჭირო, რომ არ გაგვიჩნდეს ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი შეჯიბრების სული ანუ იმის სურვილი, რომ სხვებზე უკეთესებად წარმოვაჩინოთ თავი (გალ. 5:26). არაერთი შემთხვევიდან გამოჩნდა, რომ, როდესაც ცრურწმენის გამო მკვდრების ეშინიათ, ხშირად დაკრძალვის ცერემონიალი ხალხმრავალია და ქრისტიანისთვის ძნელია მისი გაკონტროლება. ამ დროს ურწმუნო ნათესავებმა შეიძლება უწმინდური რიტუალის ჩატარებაც კი გაბედონ. ასეთი ცერემონიალები შესაძლოა ძალიან ხმაურიანი იყოს, ზოგმა შეიძლება თავი ვერ შეიკავოს და კივილი მორთოს ან მიცვალებული გულში ჩაიკრას, ისე ელაპარაკოს, თითქოს ცოცხალია, მის გვამთან ფული ან სხვა საგნები დადოს. თუ ასეთი რამ ქრისტიანული დაკრძალვის ცერემონიალზე მოხდება, ეს შეურაცხყოფას მიაყენებს იეჰოვას სახელსაც და მის ხალხსაც (1 პეტ. 1:14—16).

ჩვენთვის ცნობილია, სინამდვილეში რა მდგომარეობაში იმყოფებიან მკვდრები და ეს გვაძლევს ძალებს, დაკრძალვის ცერემონიალი ისე წარვმართოთ, რომ არ შეინიშნებოდეს წარმართული წეს-ჩვეულებების არანაირი კვალი (ეფეს. 4:17—19). თვით იესოც კი, ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული და სამაგალითო ადამიანი, პომპეზურად არ დაუკრძალავთ. მისი დაკრძალვის ცერემონიალი მოკრძალებული იყო (იოან. 19:40—42). მათთვის, ვისაც „ქრისტეს გონება“ აქვს, უბრალო და მოკრძალებული დაკრძალვის ცერემონიალი სულაც არ არის სამარცხვინო (1 კორ. 2:16). მართლაც გონივრულია, თუ ქრისტიანი უბრალოდ და მოკრძალებულად წარმართავს დაკრძალვის ცერემონიალს, რადგან ეს საუკეთესო საშუალებაა, რომ თავიდან აიცილოს ყველაფერი, რაც უწმინდურებაა ღვთის თვალში. ამგვარად ცერემონიალი მშვიდად და ღირსეულად ჩატარდება, სწორედ ისე, როგორც ეს ღვთის მოყვარულებს შეშვენით.

დაკრძალვა მხიარულების დროა?

ზოგ ქვეყანაში ჩვეულებისამებრ დაკრძალვის შემდეგ ქელეხს მართავენ; ნათესავები, მეზობლები და ახლობლები დიდ სუფრასთან სხდებიან, ღრეობენ და ცეკვავენ. ქელეხებზე ხშირად უზომოდ სვამენ და უზნეობას სჩადიან. ზოგის აზრით, ასეთი მხიარულება ჭირისუფლებსა თუ სხვებს დარდის გაქარვებაში ეხმარებათ. ზოგი კი ქელეხს იმიტომ იხდის, რომ მათ ქვეყანაში ასეა მიღებული. თუმცა ბევრს სჯერა, რომ ქელეხის გამართვა აუცილებელია, რადგან ამით პატივს მიაგებენ მიცვალებულებს და მათ სულებს წინაპართა სულებთან შეერთების საშუალებას აძლევენ.

რაც შეეხებათ ჭეშმარიტ ქრისტიანებს, მათ კარგად ესმით, რამხელა სიბრძნეა ჩადებული შემდეგ სიტყვებში: „სიცილს მწუხარება სჯობია, რადგან როცა კაცს სახე დაღვრემილი აქვს, მისი გული უკეთესი ხდება“ (ეკლ. 7:3). უფრო მეტიც, ამ დროს ქრისტიანები უფიქრდებიან, რამდენად ხანმოკლეა სიცოცხლე და რამდენად გონივრულად უნდა გამოიყენონ დრო. გარდა ამისა, მკვდრეთით აღდგომის იმედზეც ფიქრობენ. სინამდვილეში, მათთვის, ვისაც ახლო ურთიერთობა აქვს იეჰოვასთან, ‘სიკვდილის დღე დაბადების დღეს სჯობია’ (ეკლ. 7:1). აქედან გამომდინარე, ქრისტიანისთვის სრულიად მიუღებელია ქელეხის გამართვა თუ მასში მონაწილეობა, რადგან ამას სპირიტიზმთან და უწმინდურებასთან აქვს კავშირი. ის, ვინც ასეთ ცერემონიალში იღებს მონაწილეობას ან ესწრება მას, ღვთის მიმართ უპატივცემულობას ავლენს და თანამორწმუნეების სინდისსაც ბღალავს.

დაე ყველამ დაინახოს სხვაობა!

რა მადლიერები უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მეტად აღარ გვეშინია მიცვალებულების, რაც სულიერ სიბნელეში მყოფთათვის ჩვეულებრივია (იოან. 8:32). როგორც „სინათლის შვილები“, დაკრძალვის ცერემონიალს მოკრძალებულად და ღირსეულად ვატარებთ, დაღუპულ ახლობელს ისე ვგლოვობთ, როგორც სულიერად მოაზროვნე ადამიანს შეეფერება, რადგან ჩვენს მდგომარეობას აღდგომის უტყუარი იმედი ამსუბუქებს (ეფეს. 5:8; იოან. 5:28, 29). სწორედ ეს იმედი დაგვეხმარება, რომ არ ვიგლოვოთ საყვარელი ადამიანი ისე გულსაკლავად, როგორც ამას ხშირად ისინი აკეთებენ, „რომლებსაც იმედი არ გააჩნიათ“ (1 თეს. 4:13). ეს იმედი გვაძლევს გაბედულებას, რომ დავძლიოთ კაცთმოშიშება და მტკიცედ დავდგეთ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარეს (1 პეტ. 3:13, 14).

თუ მთელი გულით დავიცავთ ბიბლიურ პრინციპებს, ეს ხალხს შესაძლებლობას მისცემს, დაინახონ „განსხვავება მართალსა და ბოროტს შორის, ღვთის მსახურსა და იმას შორის, ვინც არ ემსახურება მას“ (მალ. 3:18). ერთ მშვენიერ დღესაც სიკვდილი აღარ იარსებებს (გამოცხ. 21:4). მანამდე კი, სანამ ამ შესანიშნავი დანაპირების შესრულებას ველოდებით, იეჰოვას თვალში სუფთები, წუნდაუდებელნი, უმწიკვლონი და ამ ბოროტი ქვეყნიერებისგან სრულიად გამოყოფილნი ვიყოთ (2 პეტ. 3:14).

[სურათი 30 გვერდზე]

გონივრულია, თუ წინასწარ წერილობით დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას საკუთარი დაკრძალვის ცერემონიალის შესახებ

[სურათი 31 გვერდზე]

ქრისტიანული დაკრძალვის ცერემონიალი ღირსეული და მოკრძალებული უნდა იყოს