არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღირს ყოველთვის საკუთარი აზრის გატანა?

ღირს ყოველთვის საკუთარი აზრის გატანა?

ღირს ყოველთვის საკუთარი აზრის გატანა?

ბავშვები ერთად თამაშობენ. ერთი მეორეს ხელიდან სტაცებს საყვარელ სათამაშოს და ყვირის: „ჩემია!“. სამწუხაროა, რომ ეგოიზმი პატარაობიდანვე იჩენს თავს არასრულყოფილ ადამიანებში (დაბ. 8:21; რომ. 3:23). ქვეყნიერებაში ხომ ჩვეულებრივია საკუთარი „მეს“ წინ წამოწევა. თუ გვსურს, რომ ჩავკლათ ჩვენში ეგოიზმი, გამუდმებით უნდა შევეწინააღმდეგოთ ამ მანკიერ მიდრეკილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადვილად დავაბრკოლებთ სხვებს და იეჰოვასთანაც გავიფუჭებთ ურთიერთობას (რომ. 7:21—23).

პავლე მოციქული გვირჩევს, ყოველთვის დავფიქრდეთ, როგორ იმოქმედებს ჩვენი საქციელი სხვებზე: „ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი როდი აშენებს“; შემდეგ კი დასძენს: „ნუ დააბრკოლებთ“ (1 კორ. 10:23, 32). როცა საქმე პირად ინტერესებს ეხება, ხომ არ იქნებოდა გონივრული, საკუთარი თავისთვის გვეკითხა: „მზად ვარ, ისეთ რამეზეც კი ვთქვა უარი, რისი გაკეთების უფლებაც მაქვს, თუკი ეს კრებაში მშვიდობას დაარღვევს? გავითვალისწინებ ბიბლიურ პრინციპებს მაშინაც კი, როცა ამის გაკეთება ჩემთვის ადვილი არ იქნება?“

როცა საქმე ეხება სამუშაოს . . .

უმრავლესობის აზრით, როცა საქმე სამუშაოს არჩევას ეხება, თითოეულმა ეს პირადად უნდა გადაწყვიტოს. ამიტომ ძალიან ცოტა, ან თითქმის არავინ, ითვალისწინებს ამ დროს სხვის აზრს. მაგრამ ვნახოთ, როგორ მოიქცა ერთი მამაკაცი, რომელიც სამხრეთ ამერიკის ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს. ის ერთ დროს აზარტული მოთამაშე და ლოთი იყო. როდესაც იეჰოვას მოწმეებმა მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს, მან ღვთის ნება გაიგო და თანდათანობით შეიცვალა ცხოვრების წესი (2 კორ. 7:1). ერთხელაც კრების წევრებთან ერთად ქადაგება მოისურვა, მაგრამ უხუცესმა ტაქტიანად უთხრა, რომ სერიოზულად დაფიქრებულიყო, რამდენად შესაფერისი იყო ქრისტიანისთვის მისი სამუშაო. ერთი პერიოდი ეს მამაკაცი შაქრის ლერწმისგან დამზადებული ალკოჰოლური სასმელის მთავარი დისტრიბუტორი იყო თავის ქალაქში. ამ პროდუქტს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ, თუმცა ამ რეგიონში მას, ძირითადად, უალკოჰოლო სასმელებში ურევენ და ხალხი იმ მიზნით ყიდულობს, რომ დათვრეს.

ეს მამაკაცი მიხვდა, რომ სასიხარულო ცნობას თუ იქადაგებდა და თან ამ ალკოჰოლური სასმელით ივაჭრებდა, იეჰოვას მოწმეთა კრებას ცუდ რეპუტაციას შეუქმნიდა და თავადაც გაიფუჭებდა ღმერთთან ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ოჯახი ჰყავდა შესანახი, მან შეწყვიტა ამ სასმელით ვაჭრობა. ახლა ის საკანცელარიო ნივთებს ყიდის და ასე ინახავს ოჯახს. დღეს ის, მისი მეუღლე და ხუთი შვილიდან ორი მონათლულია. ისინი გულმოდგინედ მსახურობენ და სრული დამაჯერებლობით ქადაგებენ სასიხარულო ცნობას.

როცა საქმე ეხება მეგობრების არჩევას . . .

როგორ ფიქრობთ, მათთან ურთიერთობა, ვინც არ იზიარებს ჩვენს რწმენას, პირადი არჩევნის საკითხია თუ ამ დროს ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობაა საჭირო? ერთხელ ერთმა დამ წვეულებაზე ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად მოისურვა წასვლა, რომელიც არ იყო იეჰოვას მოწმე. თუმცა ის გააფრთხილეს მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, მაინც თავისი სურვილისამებრ მოიქცა და ამ მამაკაცთან ერთად წავიდა წვეულებაზე. იქ მას სასმელში ძლიერი სედატიური წამალი ჩაუყარეს და დააძინეს. რამდენიმე საათის შემდეგ მას გამოეღვიძა და მიხვდა, რომ მის ეგრეთ წოდებულ მეგობარს გაეუპატიურებინა (შეადარეთ დაბადების 34:2).

მართალია, მათთან ურთიერთობა, ვინც ჩვენს რწმენას არ იზიარებს, შეიძლება ყოველთვის ასე ტრაგიკულად არ დამთავრდეს, მაგრამ ბიბლია გვაფრთხილებს: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“ (იგავ. 13:20). ორი აზრი არ არსებობს, რომ ცუდ საზოგადოებასთან ურთიერთობა სახიფათოა. „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“, — ნათქვამია იგავების 22:3-ში. ასე რომ, ის, თუ ვის ავირჩევთ მეგობრად, იმოქმედებს როგორც ჩვენზე, ისე ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზე (1 კორ. 15:33; იაკ. 4:4).

როცა საქმე ეხება ჩაცმულობასა და გარეგნობას . . .

მოდა ყოველ სეზონზე იცვლება. მაგრამ ბიბლიური პრინციპები, რომლებიც ჩაცმულობასა და გარეგნობას ეხება, უცვლელია. პავლე მოუწოდებდა ქრისტიან ქალებს, რომ მათი მშვენება „მოკრძალებითა და საღი აზროვნებით შერჩეულ მოხდენილ ტანსაცმელში“ ყოფილიყო; იგივე პრინციპი მამაკაცებსაც ეხება (1 ტიმ. 2:9). პავლე, რასაკვირველია, არ გულისხმობდა, რომ ქრისტიანებს ძალიან უბრალო და უგემოვნო ტანსაცმელი ეტარებინათ ან ყველას ერთნაირად ჩაეცვა. ის ურჩევდა ქრისტიანებს, რომ მოკრძალებულად ჩაეცვათ, არ ჰქონოდათ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ან არ ყოფილიყვნენ მეტისმეტად თავდაჯერებულნი.

კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს ვკითხავთ: „გულწრფელად რომ ითქვას, მეტყველებს ჩემს მოკრძალებაზე ის, თუ ჩემსას ვიჟინებ და ისეთ ტანსაცმელს ვირჩევ, რითაც ზედმეტ ყურადღებას ვიქცევ? ჩემი ჩაცმულობის სტილი კითხვებს ხომ არ უჩენს ჩემს რეპუტაციაზე გარშემომყოფთ?“ გონივრული იქნება, თუ ‘არაფერში მივცემთ სხვებს დაბრკოლების საბაბს’ და ‘მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი არ ვიზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც’ (2 კორ. 6:3; ფილ. 2:4).

როცა საქმე ეხება საქმიან ურთიერთობას . . .

კორინთის კრებაში თანამორწმუნეებს შორის საქმიანი ურთიერთობის დროს სერიოზული პრობლემა წარმოიშვა, ამიტომ პავლემ მისწერა მათ: „რატომ არ არჩევთ უსამართლობის ატანას? რატომ არ არჩევთ მოტყუებულად დარჩენას?“ პავლე ურჩევდა ქრისტიანებს, რომ სჯობდა, დაზარალებულად დარჩენილიყვნენ, ვიდრე ძმისთვის სასამართლოში ეჩივლათ (1 კორ. 6:1—7). შეერთებულ შტატებში ერთმა ძმამ გაითვალისწინა ეს რჩევა. ის მუშაობდა ქრისტიან ძმასთან, რომელიც მისი უფროსი იყო. ძმა ფიქრობდა, რომ ეს ძმა ცოტას უხდიდა. ორივენი ცდილობდნენ, რომ ამ სიტუაციაში ბიბლიური პრინციპებით ეხელმძღვანელათ, მაგრამ გამოსავალი მაინც ვერ იპოვეს. ბოლოს დახმარებისთვის კრების უხუცესებს მიმართეს (მათ. 18:15—17).

სამწუხაროდ, არც ამ გზით მოგვარდა პრობლემა. ამ ძმამ არაერთხელ მიმართა იეჰოვას ლოცვით და გადაწყვიტა, რომ უარი ეთქვა ანაზღაურებაზე, რომელიც, მისი აზრით, სამართლიანად ეკუთვნოდა. ის თავად გვიხსნის, რატომ მოიქცა ასე: „ამ უთანხმოებამ სიხარული და ის ძვირფასი დრო დამაკარგვინა, რომელიც შემეძლო სულიერი საქმეებისთვის გამომეყენებინა“. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ძმამ ისევ დაიბრუნა სიხარული და დაინახა, როგორ აკურთხა იეჰოვამ მსახურებაში.

როცა საქმე ეხება უმნიშვნელო საკითხებს . . .

უმნიშვნელო საკითხებშიც კი, როცა ჩვენის გატანას არ ვცდილობთ, ამას დიდი სიხარული მოაქვს. ერთხელ საოლქო კონგრესის პირველ დღეს ერთი პიონერი ცოლ-ქმარი ადრე მივიდა კონგრესზე და კარგ ადგილას დაჯდა. პროგრამა დაიწყო თუ არა, ერთი წყვილი ბავშვებთან ერთად აჩქარებით შემოვიდა ხალხით სავსე სტადიონზე. პიონერმა ცოლ-ქმარმა დაინახა, როგორ ეძებდნენ ისინი ადგილებს და თავისი ადგილები დაუთმეს. შედეგად, მთელი ოჯახი ერთად დაჯდა. კონგრესის დამთავრებიდან რამდენიმე დღეში პიონერებმა ამ ოჯახისგან სამადლობელი წერილი მიიღეს. წერილში ახსნილი იყო, როგორ წაუხდათ ხასიათი იმის გამო, რომ კონგრესზე მოსვლა დააგვიანდათ. მაგრამ ამ კეთილი ცოლ-ქმრის წყალობით მათი უარყოფითი გრძნობები სიხარულმა და მადლიერებამ შეცვალა.

ყოველთვის მზად ვიყოთ, რომ უარი ვთქვათ პირად ინტერესებზე, როცა სხვებისთვის სიკეთის გაკეთების შესაძლებლობა მოგვეცემა. თუ გამოვავლენთ სიყვარულს, რომელიც „თავისას არ ეძებს“, კრების წევრებთანაც და სხვებთანაც მშვიდობას შევინარჩუნებთ (1 კორ. 13:5). და რაც ყველაზე მთავარია, იეჰოვასთან ჩვენს მეგობრობას გავუფრთხილდებით.

[სურათი 20 გვერდზე]

მზად ვართ, უარი ვთქვათ ჩაცმულობის ისეთ სტილზე, რომელიც თავად მოგვწონს?

[სურათი 20, 21 გვერდებზე]

მზად ვართ, დავუთმოთ ადგილი და-ძმებს?