არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არ დაივიწყო იეჰოვა

არ დაივიწყო იეჰოვა

არ დაივიწყო იეჰოვა

ისრაელები მდინარე იორდანეს ნაპირს მიადგნენ. ზოგ მათგანს ადრეც გაუვლია წყლის ფსკერზე მშრალად, მაგრამ უმრავლესობისთვის ეს პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა. იეჰოვამ იორდანეს წყალი შუაზე გაყო. მილიონობით ისრაელმა მშრალად გადაკვეთა მდინარე და აღთქმულ მიწაზე შევიდა. მათი წინაპრების მსგავსად, რომლებმაც 40 წლის წინათ წითელი ზღვა გადაკვეთეს, ბევრი იტყოდა გულში: არასოდეს დავივიწყებო იმას, რაც იეჰოვამ გააკეთა (იეს. 3:13—17).

იეჰოვამ იცოდა, რომ ზოგი მათგანი ‘მალევე დაივიწყებდა მის საქმეებს’ (ფსალმ. 106:13). ამიტომ ისრაელების წინამძღოლს, იესო ნავეს ძეს უბრძანა, მდინარე იორდანეს ფსკერიდან 12 ქვა აეღოთ და იმ ადგილზე დაეწყოთ, სადაც პირველად დაბანაკდებოდნენ. იესო ნავეს ძემ თქვა, რომ ‘ეს ქვები სამახსოვრო ქვები იყო ისრაელის ძეებისთვის, სამარადისოდ’ (იეს. 4:1—8). ამ ქვებს ისრაელებისთვის უნდა შეეხსენებინა იეჰოვას ძლიერი საქმეები და ის, თუ რატომ უნდა ყოფილიყვნენ ერთგულები.

აქვს ამ მითითებას რაიმე ღირებულება ღვთის დღევანდელი მსახურებისთვის? უდავოდ! არც ჩვენ უნდა დავივიწყოთ იეჰოვა და მას ერთგულად უნდა ვემსახუროთ. იეჰოვას დღევანდელი მსახურებისთვის ისრაელი ერისთვის მიცემული სხვა მითითებებიც ყურადსაღებია. დაფიქრდით მოსეს სიტყვებზე: „ფრთხილად იყავით, რომ არ დაივიწყოთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, და არ მიატოვოთ მისი მცნებები, სამართალი და წესები“ (კან. 8:11). ნათელია, რომ ღვთის მცნებების განზრახ დარღვევა იეჰოვას დავიწყებას ნიშნავს. ამის საშიშროება დღესაც არსებობს. მოციქული პავლე ქრისტიანებს აფრთხილებდა, ‘არ მიებაძათ ისრაელების ურჩობის მაგალითისთვის’ (ებრ. 4:8—11).

გავიხსენოთ რამდენიმე შემთხვევა ისრაელების ცხოვრებიდან, რომლებიც შეგვახსენებს, არ დავივიწყოთ იეჰოვა. ორი ერთგული ისრაელი მამაკაცის მაგალითი დაგვეხმარება, მოთმინებითა და მადლიერებით ვემსახუროთ ღმერთს.

რატომ უნდა გვახსოვდეს იეჰოვა

ეგვიპტეში ყოფნის პერიოდში იეჰოვას არასდროს დავიწყებია ისრაელები. მას ახსოვდა „აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული შეთანხმება“ (გამ. 2:23, 24). ნამდვილად შეუძლებელი იყო იმის დავიწყება, რაც ღმერთმა მონობიდან მათ გასათავისუფლებლად გააკეთა.

იეჰოვამ ეგვიპტეს ცხრა სასჯელი დაატეხა. ფარაონის გრძნეულმა ქურუმებმა ვერაფერი გააწყვეს. მაგრამ ფარაონი მაინც არ ემორჩილებოდა იეჰოვას და არ თმობდა ისრაელებს (გამ. 7:14—10:29). მეათე სასჯელმა აიძულა ამაყი მმართველი, დაჰყოლოდა ღვთის ნებას (გამ. 11:1—10; 12:12). მოსეს წინამძღოლობით ეგვიპტიდან ისრაელებთან ერთად უამრავი ჭრელი ხალხი გამოვიდა, სულ 3 000 000-მდე კაცი (გამ. 12:37, 38). დიდი გზა არ ჰქონდათ გავლილი, რომ ფარაონმა მათი უკან დაბრუნება გადაწყვიტა. მან საომარი ეტლის მხედრებსა და ცხენოსან ჯარს უბრძანა, დასდევნებოდნენ ყოფილ მონებს. იმ დროს ფარაონზე ძლევამოსილი არმია მსოფლიოში არავის ჰყავდა. იეჰოვამ მოსეს უთხრა, ისრაელები წითელ ზღვასა და მთებს შუა დაებანაკებინა. ისე ჩანდა, რომ აქედან ისრაელები ვეღარსად გაექცეოდნენ ფარაონის ჯარს. ამ ადგილს ფი-ჰახიროთი ერქვა (გამ. 14:1—9).

ფარაონი დარწმუნებული იყო, რომ ისრაელები ჩიხში იყვნენ მოქცეული, ის-ის იყო ეგვიპტელები შეტევაზე გადავიდოდნენ. მაგრამ იეჰოვამ დღისით ღრუბლის სვეტი აღმართა ეგვიპტელების წინ, ღამით კი — ცეცხლის სვეტი. მერე ზღვა გააპო, ორივე მხარეს სავარაუდოდ 15 მეტრი სიმაღლის წყლის კედლები აღმართა და ფსკერი გამოაჩინა. ისრაელები მშრალად გადიოდნენ ხმელეთზე. მალე ნაპირს ეგვიპტელები მოადგნენ და დაინახეს, როგორ გადადიოდნენ ისრაელები მეორე ნაპირზე (გამ. 13:21; 14:10—22).

ჭკვიანი კაცი დევნას შეწყვეტდა, მაგრამ არა ფარაონი. საკუთარ ძალებში დარწმუნებულმა, მხედრებს უბრძანა, ზღვაში შესულიყვნენ. ეგვიპტელები დაემორჩილნენ ბრძანებას, მაგრამ მოულოდნელად იეჰოვამ ეგვიპტელთა ეტლებს ბორბლები დააძრო (გამ. 14:23—25; 15:9).

სანამ ეგვიპტელები მწყობრიდან გამოსულ ეტლებს წვალებით მიათრევდნენ, ისრაელები სამშვიდობოს გავიდნენ. მოსემ ზღვისკენ გაიშვირა ხელი. იეჰოვამ წყლის კედლები ჩამოაქცია. ტონობით წყალმა ფარაონი და მისი ჯარი დაფარა. ცოცხალი არავინ გადარჩენილა. ისრაელები საბოლოოდ გათავისუფლდნენ! (გამ. 14:26—28; ფსალმ. 136:13—15).

ეს ამბავი წლების განმავლობაში გარშემო მცხოვრებ ერებს შიშის ზარს სცემდა (გამ. 15:14—16). 40 წლის შემდეგ იერიხონელმა რახაბმა ორ ისრაელ მამაკაცს უთხრა: „შეძრწუნებულია ამ მიწის მოსახლეობა თქვენ გამო. გვსმენია, როგორ დააშრო იეჰოვამ წითელი ზღვის წყალი თქვენ თვალწინ, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით“ (იეს. 2:9, 10). წარმართმა ერებმაც კი არ დაივიწყეს, როგორ იხსნა იეჰოვამ თავისი ხალხი. მით უფრო ისრაელებს არ უნდა დავიწყებოდათ!

„თვალისჩინივით უფრთხილდებოდა“

წითელი ზღვის გადაკვეთის შემდეგ ისრაელები სინას უდაბნოს — „დიდსა და საშიშ უდაბნოს“ — მიადგნენ. იეჰოვა ამ უწყლო და უნაყოფო მიწაზეც კი ზრუნავდა მათზე. მოსემ დაწერა: „[იეჰოვამ] უკაცრიელ ქვეყანაში იპოვა იგი [ისრაელი], სიცარიელესა და უდაბნოს ყმუილში. თავს ევლებოდა და ზრუნავდა მასზე, თვალისჩინივით უფრთხილდებოდა“ (კან. 8:15; 32:10). როგორ ზრუნავდა ღმერთი თავის ხალხზე?

იეჰოვამ ‘პური აწვიმა ციდან’ და მათ საჭმელად მისცა. პურს მანანა ერქვა, ის სასწაულებრივად ჩნდებოდა „უდაბნოს ზედაპირზე“ (გამ. 16:4, 14, 15, 35). იეჰოვამ კლდიდან წყალიც გადმოადინა. ღვთის კურთხევით ისრაელებს უდაბნოში 40 წელი ტანსაცმელი არ გასცვეთიათ და ფეხები არ დასივებიათ (კან. 8:4). რას მოელოდა იეჰოვა სანაცვლოდ? მოსემ ისრაელ ერს უთხრა: „ფრთხილად იყავით და გაუფრთხილდით თქვენს სულებს, რომ არ დაგავიწყდეთ, რაც თქვენი თვალით იხილეთ, არ მოიშოროთ ის გულიდან მთელი თქვენი სიცოცხლე“ (კან. 4:9). თუ ისრაელები მადლიერნი დარჩებოდნენ და იეჰოვას მზრუნველობას არ დაივიწყებდნენ, მუდამ დაიცავდნენ მის კანონებს. როგორ მოიქცა ისრაელი?

გულმავიწყობიდან უმადურობამდე

მოსემ ისრაელებს განუცხადა: „დაივიწყე კლდე, შენი გამჩენი, აღარ გახსოვს ღმერთი“ (კან. 32:18). ისრაელებმა მალე დაივიწყეს, რა გააკეთა იეჰოვამ წითელ ზღვასთან, როგორ ზრუნავდა მათზე უდაბნოში თუ სხვაგან. ისინი არათუ გულმავიწყები, არამედ უმადურებიც გახდნენ.

ერთხელ უდაბნოში ისრაელებმა მოსეს სასმელი წყლის გამო უსაყვედურეს (რიცხ. 20:2—5). მანანაზე, რომელიც მათი საარსებო წყარო იყო, წუწუნით ამბობდნენ: „შესძულდა ჩვენს სულს ეს საზიზღარი პური“ (რიცხ. 21:5). მათ ეჭვი შეჰქონდათ ღვთის გადაწყვეტილებაში და უარყოფდნენ მოსეს, როგორც თავიანთ წინამძღოლს: „ნეტავ ეგვიპტეში ან უდაბნოში დავხოცილიყავით . . . ავირჩიოთ მეთაური და ეგვიპტეში დავბრუნდეთ!“ (რიცხ. 14:2—4).

რას იგრძნობდა იეჰოვა მათი ურჩობისა და უმადურობის შემხედვარე? მათ შესახებ ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „რამდენჯერ ეურჩნენ უდაბნოში, გაანაწყენეს იგი უკაცრიელ ადგილზე! კვლავ და კვლავ სცდიდნენ ღმერთს, ტკივილს აყენებდნენ ისრაელის წმინდას. არ ახსოვდათ მისი ხელი, დღე, როცა მტრისგან გამოისყიდა ისინი; როგორ მოახდინა ნიშნები ეგვიპტეში“ (ფსალმ. 78:40—43). მათმა გულმავიწყობამ იეჰოვას ძალიან ატკინა გული.

ორი მამაკაცი არ აღმოჩნდა გულმავიწყი

მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც არ დავიწყებიათ იეჰოვა, მაგალითად იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე. ისინი იმ 12 მზვერავს შორის იყვნენ, რომლებიც კადეშ-ბარნეადან გაგზავნეს აღთქმული მიწის დასაზვერად. ათმა მზვერავმა ცუდი ამბავი მოიტანა, იესომ და ქალებმა კი ხალხს უთხრეს: „მიწა, რომელიც შემოვიარეთ და დავზვერეთ, ძალიან, ძალიან კარგი მიწაა. თუ მოწონება დავიმსახურეთ იეჰოვას თვალში, აუცილებლად შეგვიყვანს იმ მიწაზე და მოგვცემს მიწას, რომელზეც რძე და თაფლი მოედინება. ოღონდ იეჰოვას არ განუდგეთ“. ამ სიტყვების მოსმენაზე ხალხმა მათი ჩაქოლვა მოინდომა. მაგრამ ისინი არ შეშინდნენ, რადგან იეჰოვაზე იყვნენ მინდობილი (რიცხ. 14:6—10).

წლების შემდეგ ქალებმა უთხრა იესოს: „იეჰოვას მსახურმა მოსემ მიწის დასაზვერად გამგზავნა კადეშ-ბარნეადან და მეც ის სიტყვა მოვუტანე, რაც გულში მქონდა. ჩემთან ერთად წამოსულმა ჩემმა ძმებმა გული შეუკრთეს ხალხს, მე კი ბოლომდე იეჰოვას, ჩემს ღმერთს მივყვებოდი“ (იეს. 14:6—8). ქალებმა და იესომ მრავალ განსაცდელს გაუძლეს, რადგან ღმერთზე იყვნენ მინდობილი. მათ მტკიცედ გადაწყვიტეს, მთელი სიცოცხლე ხსომებოდათ იეჰოვა.

ქალები და იესო მადლიერნი იყვნენ იმ ნაყოფიერი მიწისთვის, რომელიც იეჰოვამ მათ დაპირებისამებრ მისცა. ისრაელებს უნდა დაეფასებინათ, რომ იეჰოვას წყალობით იყვნენ ცოცხლები. იესო ნავეს ძემ დაწერა: „მისცა იეჰოვამ ისრაელს მთელი მიწა, რომლის მიცემაც მათ მამა-პაპას დაუფიცა . . . არც ერთი სასიკეთო დანაპირები არ გამტყუნებულა, რასაც იეჰოვა ისრაელის სახლს დაჰპირდა, ყველაფერი შესრულდა“ (იეს. 21:43, 45). ჩვენ როგორ შეგვიძლია ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძის მსგავსად გამოვხატოთ მადლიერება?

იყავი მადლიერი

ერთ ღვთისმოსავ კაცს ასეთი კითხვა დაებადა: „რით გადავუხდი იეჰოვას ყოველივე კარგისთვის, რაც ჩემთვის გაუკეთებია?“ (ფსალმ. 116:12). მარადიულობაც კი არ გვეყოფა იმისათვის, რომ იეჰოვას ვალი გადავიხადოთ ახლანდელი თუ მომავალი კურთხევებისთვის. მაგრამ მადლიერების გამოვლენა ნამდვილად შეგვიძლია.

გაგითვალისწინებია იეჰოვას რჩევა და აგირიდებია პრობლემისთვის თავი? ღვთის მიმტევებლობის წყალობით გიგრძნია, რომ კვლავ სუფთა გაქვს სინდისი? თუ დიახ, ეს ყველაფერი ხანგრძლივ კვალს დატოვებს შენს ცხოვრებაზე. შესაბამისად, არც შენი მადლიერება უნდა იყოს ხანმოკლე. 14 წლის სანდრას სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ იეჰოვას დახმარებით ყველაფერი დასძლია. «იეჰოვას დახმარებას ვთხოვდი; გავოცდი, როცა ლოცვებზე პასუხი მივიღე. ახლა ვხვდები, რატომ მიმახვილებდა მამა ხშირად ყურადღებას იგავების 3:5, 6-ზე, სადაც წერია: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“. დარწმუნებული ვარ, იეჰოვა როგორც დღემდე მეხმარებოდა, მომავალშიც ისე დამეხმარება».

მოთმინების გამოვლენით აჩვენე, რომ გახსოვს იეჰოვა

ბიბლიიდან ვიგებთ, კიდევ რა თვისება გვჭირდება იმისათვის, რომ გვახსოვდეს იეჰოვა: „მოთმინებას კი დაასრულებინეთ თავისი საქმე, რათა იყოთ სრულყოფილნი, ყოველმხრივ ჯანსაღნი და არაფერი გაკლდეთ“ (იაკ. 1:4). რას ნიშნავს „იყოთ სრულყოფილნი [და] ყოველმხრივ ჯანსაღნი“? ეს ნიშნავს განვივითაროთ ისეთი თვისებები, რომლებიც დაგვეხმარება, ნებისმიერი განსაცდელის დროს იეჰოვას მივენდოთ და არასოდეს დავყაროთ ფარ-ხმალი. რწმენის გამოცდის გადატანის შემდეგ კმაყოფილებას ვიგრძნობთ, ბოლომდე რომ მოვითმინეთ. გამოცდებს კი ყოველთვის აქვს დასასრული (1 კორ. 10:13).

ერთი ქრისტიანი, რომელიც დიდი ხანია ემსახურება იეჰოვას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს ხვდება, გვიზიარებს, რა ეხმარება მოთმინებაში: „ვცდილობ, იმაზე ვიფიქრო, რას აკეთებს იეჰოვა და არა იმაზე, რაც მე მინდა. ერთგულება იმას ნიშნავს, რომ იეჰოვას განზრახვებზე იფიქრო და არა საკუთარ სურვილებზე. პრობლემების დროს, არ ვამბობ, რაღა მაინცდამაინც მე დამემართა ეს. უბრალოდ მსახურებას ვაგრძელებ და ვცდილობ, ღმერთთან ახლო ურთიერთობა შევინარჩუნო“.

დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები იეჰოვას „სულითა და ჭეშმარიტებით“ სცემენ თაყვანს (იოან. 4:23, 24). მთლიანობაში, ჭეშმარიტი ქრისტიანები ისრაელისგან განსხვავებით არ დაივიწყებენ ღმერთს. მაგრამ ქრისტიანულ კრებაში ყოფნა არ არის იმის გარანტია, რომ პირადად ჩვენ ერთგულები დავრჩებით. ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძის მსგავსად, მოთმინებასა და მადლიერებას უნდა ვავლენდეთ. ამისთვის ნამდვილად გვაქვს საფუძვლიანი მიზეზი, რადგან იეჰოვა გვხელმძღვანელობს და ზრუნავს ჩვენზე ამ ძნელად ასატან დროში.

იესო ნავეს ძის მიერ აღმართული სამახსოვრო ქვების მსგავსად, ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ცნობები გვარწმუნებს, რომ იეჰოვა არც ახლა მიატოვებს თავის ხალხს. ამიტომ კარგს იზამთ, თუ გაიზიარებთ ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „მემახსოვრება იაჰის საქმეები, მემახსოვრება შენ მიერ დიდი ხნის წინათ მოხდენილი საოცრებები. ყველა შენს ნამოქმედარზე ვიფიქრებ და შენს საქმეებს ჩავუკვირდები“ (ფსალმ. 77:11, 12).

[სურათი 7 გვერდზე]

მთელმა ერმა გამოიარა „უწყლო მიწა“

[საავტორო უფლება]

Pictorial Archive (Near Eastern History) Est.

[სურათი 8 გვერდზე]

კადეშ-ბარნეაში დაბანაკებულმა ისრაელებმა აღთქმულ მიწაზე მზვერავები გაგზავნეს

[საავტორო უფლება]

Pictorial Archive (Near Eastern History) Est.

[სურათი 9 გვერდზე]

უდაბნოში გატარებული მრავალი წლის შემდეგ ისრაელები მადლიერები უნდა ყოფილიყვნენ ნაყოფიერი აღთქმული მიწისთვის

[სურათი 9 გვერდზე]

Pictorial Archive (Near Eastern History) Est.

[სურათი 10 გვერდზე]

იეჰოვას განზრახვებზე ფიქრი ნებისმიერი განსაცდელის ატანაში გვეხმარება