არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„იეჰოვას ანგელოზი დაბანაკებულია მის მოშიშთა გარშემო“

„იეჰოვას ანგელოზი დაბანაკებულია მის მოშიშთა გარშემო“

„იეჰოვას ანგელოზი დაბანაკებულია მის მოშიშთა გარშემო“

მოგვითხრო კრისტაბელ კონელმა

ბიბლიურ საკითხებზე მსჯელობით იმდენად ვიყავით გართული, რომ ვერ გავიგეთ, როგორ შემოგვაღამდა. ვერც იმას ვამჩნევდით, რომ კრისტოფერი წარამარა ფანჯარაში იყურებოდა. ბოლოს მოგვიბრუნდა და გვითხრა: „ვფიქრობ, ახლა უკვე აღარ არის საშიში წასვლა“. კრისტოფერმა იქამდე მიგვაცილა, სადაც ველოსიპედები გვეყენა და დაგვემშვიდობა. რატომ იყო საშიში გარეთ გასვლა?

დავიბადე 1927 წელს ქალაქ შეფილდში (ინგლისი). მეორე მსოფლიო ომის დროს ჩვენი სახლი დაიბომბა, ამიტომ სკოლის დამთავრებამდე ბებიასთან ვიზრდებოდი. კათოლიკურ სკოლაში, სადაც ვსწავლობდი, ხშირად ვეკითხებოდი მონაზვნებს, რატომ ხდებოდა ამდენი ძალადობა და ბოროტება. დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერც ისინი მაძლევდნენ და ვერც სხვები.

ომის დამთავრების შემდეგ მედდის კვალიფიკაცია მივიღე. საცხოვრებლად ლონდონში გადავედი, პადინგტონის საავადმყოფოში რომ დამეწყო მუშაობა. ძალადობას ვერც აქ გავექეცი. იმ პერიოდში კორეაში ომი მძვინვარებდა და ჩემი უფროსი ძმა გაიწვიეს. მისი წასვლისთანავე საავადმყოფოს ეზოში საშინელ ჩხუბს შევესწარი. არავინ მიხმარებია დაზარალებულს, რომელმაც ცემისგან მხედველობა დაკარგა. იმ დროს დედასთან ერთად სპირიტულ სეანსებზე დავიწყე სიარული, მაგრამ ვერც იქ გავიგე, რატომ მძლავრობდა ბოროტება.

პასუხი ბიბლიაში ვიპოვე

ერთ მშვენიერ დღეს ჩემი უფროსი ძმა ჯონი, რომელიც იეჰოვას მოწმე გამხდარიყო, სახლში მესტუმრა. მან მკითხა: „იცი, რატომ ხდება ამდენი ბოროტება?“. როცა ვუთხარი, რომ არ ვიცოდი, ბიბლია გადამიშალა და გამოცხადების 12:7—12 წამიკითხა. როგორც იქნა გავიგე, რომ თურმე ბოროტების გამომწვევი უმთავრესი მიზეზი სატანა და დემონები ყოფილან. ჯონის რჩევისამებრ ბიბლიის შესწავლა დავიწყე, მაგრამ მონათვლისგან თავს ვიკავებდი, რადგან კაცთმოშიში ვიყავი (იგავ. 29:25).

გავიგე, რომ ჩემი უფროსი და, დოროთიც იეჰოვას მოწმე გამხდარიყო. როდესაც დოროთი თავის საქმროსთან, ბილ რობერტსთან, ერთად ნიუ-იორკში გამართული საერთაშორისო კონგრესიდან (1953 წ.) ჩამოვიდა, მათ ვუთხარი, რომ ბიბლია შევისწავლე. ბილმა მკითხა: „წიგნში მითითებული ყველა მუხლი შეამოწმე ბიბლიაში? გახაზე პასუხები?“ როცა ვუთხარი, რომ ასე არ მოვქცეულვარ, მითხრა: „გამოდის, რომ არაფერი გისწავლია! დაუკავშირდი იმ დას და სთხოვე, ხელახლა გასწავლოს“. შესწავლის პერიოდში დემონები მოსვენებას არ მაძლევდნენ. მახსოვს, როგორ ვეხვეწებოდი იეჰოვას, დემონებისგან დავეხსენი.

პიონერად მსახურება შოტლანდიასა და ირლანდიაში

1954 წლის 16 იანვარს მოვინათლე. მაისში საავადმყოფოში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ვადა ამომეწურა და ივნისში პიონერად დავიწყე მსახურება. რვა თვის შემდეგ სპეციალურ პიონერად გამგზავნეს გრანგმაუსში (შოტლანდია). ამ შორეულ ტერიტორიაზე აშკარად ვიგრძენი, რომ იეჰოვას ანგელოზები ჩემ გარშემო იყვნენ დაბანაკებულნი (ფსალმ. 34:7).

1956 წელს შემომთავაზეს საქადაგებლად ირლანდიაში გადავსულიყავი. ორ დასთან ერთად ქალაქ გოლუეიში გაგვგზავნეს. პირველივე დღეს კარდაკარ მსახურებისას მღვდელს გადავეყარე. რამდენიმე წუთში პოლიციელი გამოგვეცხადა და მე და ჩემი პარტნიორი განყოფილებაში წაგვიყვანა. მან ჩვენი სახელები და მისამართი ჩაიწერა და ტელეფონისკენ წავიდა. მის საუბარს ყური მოვკარით: „მამაო, გავიგე, სადაც ცხოვრობენ“. მივხვდით, რომ ეს პოლიციელი მღვდლის გამოგზავნილი იყო. ჩვენი ბინის პატრონი აიძულეს, რომ ბინიდან გავეშვით. ძმებმა გვირჩიეს, იქაურობა დაგვეტოვებინა. სადგურში 10 წუთის დაგვიანებით მივედით, მაგრამ მატარებელი ადგილზე დაგვხვდა. იქ ერთი კაცი იდგა, რომელსაც დავალებული ჰქონდა, გაეგო, ნამდვილად წავიდოდით თუ არა. არადა გოლუეიში სულ რაღაც სამი კვირის ჩასულები ვიყავით.

ამჯერად ქალაქ ლიმერიკში გაგვგზავნეს, სადაც აშკარად იგრძნობოდა კათოლიკური ეკლესიის გავლენა. ხალხი ხშირად შეურაცხმყოფელი ფრაზებით გვამკობდა. ბევრს კარის გაღების ეშინოდა. გავიგეთ, რომ ერთი წლით ადრე მეზობელ ქალაქ კლუნლარაში ერთი ძმა უცემიათ. ამიტომ, ზემოხსენებულ კრისტოფერთან შეხვედრამ ძალიან გაგვახარა. მას ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდა და გვთხოვა, კიდევ მივსულიყავით. როცა განმეორებით მივაკითხეთ, მის კართან უმალ მღვდელი გაჩნდა და კრისტოფერს მოსთხოვა, რომ სახლიდან გავეყარეთ. კრისტოფერმა უთხრა: „ეს ქალები მე დავპატიჟე, თანაც დაუკაკუნებლად არ შემოსულან. თქვენ კი დაუპატიჟებლად მოხვედით და არც კარზე დაგიკაკუნებიათ“. გაწბილებულმა მღვდელმა უსიტყვოდ დატოვა იქაურობა.

მღვდელმა ბრბო შეკრიბა და კრისტოფერის სახლთან ჩაგვისაფრა. ჩვენმა მასპინძელმა იცოდა, რომ ისინი კარგ დღეს არ დაგვაყრიდნენ, ამიტომაც იჩენდა სიფრთხილეს. როგორც უკვე ვთქვი, კრისტოფერმა მანამ არ გამოგვიშვა, სანამ ბრბო არ დაიშალა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ კრისტოფერი და მისი ოჯახი აიძულეს, იქაურობა დაეტოვებინათ. ისინი საცხოვრებლად ინგლისში გადავიდნენ.

სკოლა „გალაადში“

1958 წელს ნიუ-იორკში საერთაშორისო კონგრესზე წასვლას ვგეგმავდი, როცა სკოლა გალაადის 33-ე კლასში მიმიწვიეს. კონგრესის შემდეგ კოლინგვუდში (ონტარიო, კანადა) გამგზავნეს საქადაგებლად, სანამ 1959 წელს „გალაადში“ სწავლა დამეწყებოდა. კონგრესზე ძმა ერიკ კონელი გავიცანი, რომელმაც ჭეშმარიტება 1957 წელს გაიგო, 1958 წელს კი პიონერად დაიწყო მსახურება. კონგრესის შემდეგ ის ყოველდღე მწერდა წერილებს. სერიოზულად ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ გაგრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა სკოლის დამთავრების შემდეგ.

„გალაადში“ სწავლის პერიოდი არასოდეს დამავიწყდება. ჩემს კლასში დოროთი და მისი მეუღლეც სწავლობდნენ. ისინი პორტუგალიაში გაგზავნეს მისიონერებად. ჩემდა გასაკვირად, მე ირლანდიაში დამნიშნეს. გული დამწყდა, რომ ჩემს დასთან ერთად არ გამიშვეს. ინსტრუქტორს ვკითხე, რამე ხომ არ დავაშავე-მეთქი. მან მიპასუხა: „არა, შენ და აილინ მაჰონი ხომ მზად იყავით, ნებისმიერ ქვეყანაში წასულიყავით?“. ფაქტია, ნებისმიერ ქვეყანაში ირლანდიაც იგულისხმებოდა.

ისევ ირლანდიაში

ირლანდიაში 1959 წლის აგვისტოში ჩავედი და მსახურება დავიწყე დან-ლერის კრებაში. იმ პერიოდში ერიკი ინგლისში დაბრუნდა და ძალიან გაუხარდა, რომ მასთან ახლოს ვიყავი. მისიონერად მსახურება მასაც უნდოდა. რადგან ირლანდიაში მისიონერებს აგზავნიდნენ, მან იფიქრა, რომ ურიგო არ იქნებოდა, თუ იქ პიონერად იმსახურებდა. ის დან-ლერში გადმოვიდა საცხოვრებლად და 1961 წელს დავქორწინდით.

ქორწინებიდან ექვსი თვის შემდეგ ერიკს მოტოციკლი გადაუბრუნდა და სერიოზულად დაშავდა. მან თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო; ექიმებს მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. სამი კვირის შემდეგ ერიკი საავადმყოფოდან გამოწერეს და ხუთი თვე ვუვლიდი სახლში, ვიდრე გამოკეთდებოდა. მე შეძლებისდაგვარად ვაგრძელებდი მსახურებას.

1965 წელს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე საპორტო ქალაქ სლაიგოში დაგვნიშნეს, სადაც მხოლოდ რვა მაუწყებელი იყო. სამი წლის შემდეგ უფრო ჩრდილოეთით, ლონდონდერიში გადავედით, სადაც ასევე პატარა კრება იყო. ერთ დღესაც მსახურებიდან რომ ვბრუნდებოდით, ჩვენს სახლთან ახლოს, გზაზე ეკლიანი მავთულის ღობე შევნიშნეთ. ჩრდილოეთ ირლანდიაში სამოქალაქო ომი იყო დაწყებული. ახალგაზრდებისგან შემდგარი ბანდები მანქანებს ცეცხლს უკიდებდნენ. ქალაქის მოსახლეობა პროტესტანტებად და კათოლიკებად იყო გაყოფილი. გადაადგილება საშიში იყო.

ქადაგება არეულობის პერიოდში

ჩვენ ყველგან ვქადაგებდით. ვგრძნობდით, რომ ანგელოზები ჩვენ გვერდით იყვნენ. სასწრაფოდ ვტოვებდით ხოლმე იმ ადგილებს, სადაც მდგომარეობა იძაბებოდა და იქ მხოლოდ სიტუაციის განმუხტვის შემდეგ ვბრუნდებოდით. ჩვენს სახლთან ახლოს საღებავების მაღაზია იყო, რომელსაც ცეცხლი წაუკიდეს. ქარის გადმოტანილი ნამწვი ჩვენი ფანჯრის რაფაზე გროვდებოდა. გვეშინოდა, ცეცხლი ჩვენს სახლსაც არ წაკიდებოდა, ამიტომ მთელი ღამე თეთრად გავათენეთ. 1970 წელს ქალაქ ბელფასტში გადავედით. მალე შევიტყვეთ, რომ თურმე საღებავების მაღაზიისთვის ბენზინით სავსე ბოთლი უსვრიათ და ჩვენი ყოფილი სახლიც მთლიანად დამწვარიყო.

ერთხელ მე და ერთი და მსახურებაში ვიყავით, როცა ერთი სახლის ფანჯრის რაფაზე უცნაური მილი შევამჩნიეთ. გზა განვაგრძეთ და რამდენიმე წუთში ძლიერი აფეთქების ხმა გავიგეთ. ხალხი გარეთ გამოცვივდა. მათ ეგონათ, რომ ბომბი ჩვენ დავდეთ. იქვე ჩვენი და ცხოვრობდა, რომელმაც დაგვინახა და სახლში შეგვიპატიჟა. ეს რომ მეზობლებმა დაინახეს, მიხვდნენ, რომ ჩვენ ამის გამკეთებლები არ ვიყავით.

1971 წელს ლონდონდერიში ერთი დის მოსანახულებლად წავედით. როცა ვუთხარით, რომელი გზით მივედით, მან გვკითხა: „კი მაგრამ, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე არავინ იყო?“ ჩვენ ვუთხარით: „როგორ არა, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია“. ის გაოცებული გვიყურებდა. თურმე რამდენიმე დღის წინ ერთი ექიმისა და პოლიციელისთვის მანქანები წაურთმევიათ და დაუწვავთ.

1972 წელს საქადაგებლად კორკში გადავედით, შემდეგ ნეისში და არკლოუში. 1987 წელს დაგვნიშნეს კასლბარში, სადაც დღემდე ვცხოვრობთ. აქ სამეფო დარბაზის მშენებლობაში მივიღეთ მონაწილეობა. 1999 წელს ერიკი სერიოზულად გახდა ავად. იეჰოვასა და კრების დახმარებით შევძელი მისი ფეხზე წამოყენება.

მე და ერიკმა ორჯერ გავიარეთ პიონერული მსახურების სკოლა. ის დღემდე უხუცესად მსახურობს კრებაში. მე ართრიტის მწვავე ფორმა მაქვს და ორივე ბარძაყისა და მუხლის ოპერაცია გავიკეთე. რწმენის გამო მრავალი წინააღმდეგობა გადავიტანე, სერიოზული პოლიტიკური და სოციალური კრიზისის პერიოდში მომიწია ცხოვრება, მაგრამ ყველაზე მეტად იმასთან შეგუება გამიჭირდა, რომ მანქანას ვეღარ ვატარებ. ეს ნამდვილი გამოცდაა, რადგან ხელ-ფეხი მაქვს შეკრული. კრება ძალიან მეხმარება. დღეს ჯოხის დახმარებით დავდივარ, შორ მანძილზე კი სამთვლიანი ეტლით, რომელიც აკუმულატორზე მუშაობს.

მე და ერიკმა სრული დროით მსახურებაში 50 წელზე მეტი გავატარეთ, აქედან 45 წელზე მეტი ირლანდიაში. მსახურება დღემდე არ შეგვიწყვეტია. სასწაულებს არ ველით, მაგრამ გვჯერა, რომ იეჰოვას ძლიერი ანგელოზები „დაბანაკებული არიან მის მოშიშთა და ერთგულთა გარშემო“.