მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
ბიბლიაში მოხსენიებულია „იაშარის წიგნი“ და „იეჰოვას ომების წიგნი“ (იეს. 10:13; რიცხ. 21:14). ეს წიგნები არ გვხვდება ბიბლიის კანონში. იყო ისინი ღვთის შთაგონებით დაწერილი წიგნები, რომლებმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია?
არ არსებობს იმის საფუძველი, დავასკვნათ, რომ ეს წიგნები ღვთის შთაგონებით დაიწერა და მოგვიანებით დაიკარგა. ღვთის სულით აღძრული ბიბლიის დამწერები ზოგჯერ სხვა წიგნებსაც მოიხსენიებდნენ. შესაძლოა ზოგი მათგანი ნამდვილად იყო ბიბლიის ნაწილი, უბრალოდ დღეს მათი სახელწოდება სხვანაირად ჟღერს. მაგალითად, 1 მატიანეს 29:29-ში მოხსენიებულია „წინასწარმხილველ სამუელის, წინასწარმეტყველ ნათანისა და წინასწარმხილველ გადის სიტყვები“. მათში შესაძლოა იგულისხმება წიგნები, რომლებიც დღეს 1-ლი და მე-2 სამუელის ან მსაჯულების სახელით არის ცნობილი.
ბიბლიაში შეიძლება მოხსენიებული იყოს ისეთი წიგნებიც, რომელთა სახელწოდებაც ძალიან ჰგავს ბიბლიის წიგნების სახელწოდებას, მაგრამ არ არის ბიბლიის ნაწილი. მაგალითად, ასეთია ოთხი ძველი წიგნი: „იუდას მეფეთა მატიანე“, „იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნი“, „ისრაელის მეფეების წიგნი“ და „ისრაელისა და იუდას მეფეთა მატიანე“. ამ წიგნების სახელწოდებები ძალიან ჰგავს ბიბლიის წიგნების, მაგალითად 1-ლი და მე-2 მეფეების წიგნების სახელწოდებებს, მაგრამ ეს ოთხი წიგნი არც ღვთისგან არის შთაგონებული და არც ბიბლიის კანონში გვხვდება (1 მეფ. 14:29; 2 მატ. 16:11; 20:34; 27:7). როგორც ჩანს, ეს იყო ისტორიული შინაარსის წიგნები, რომლებიც მანამდე არსებობდა, ვიდრე ღვთის შთაგონებით წინასწარმეტყველ იერემიასა და ეზრას წიგნები დაიწერებოდა.
ბიბლიის ზოგიერთი დამწერი მოიხსენიებდა იმ დროს არსებულ ისტორიულ წყაროებს, რომლებიც არ იყო ღვთის შთაგონებით დაწერილი. მაგალითად, ესთერის 10:2-ში მოხსენიებულია „მიდიისა და სპარსეთის მეფეთა მატიანე“. ვიდრე თავის სახარებას დაწერდა, ლუკამ „ყველაფერი თავიდანვე ზედმიწევნით“ გამოიკვლია. როგორც ჩანს, მას მხედველობაში ჰქონდა მისთვის ხელმისაწვდომი წერილობითი წყაროები, რომელთა საფუძველზეც მან დაადგინა იესოს გენეალოგია (ლუკ. 1:3; 3:23—38). ეს წყაროები არ იყო ღვთის შთაგონებით დაწერილი, მაგრამ ლუკამ მათი დახმარებით დაწერა ღვთისგან შთაგონებული სახარება, რომელიც დღემდე თავის მნიშვნელობას არ კარგავს.
კითხვაში მოხსენიებული „იაშარის წიგნი“ და „იეჰოვას ომების წიგნი“, როგორც ჩანს, იმ დროს არსებული წერილობითი წყაროებია, რომლებიც არ დაწერილა ღვთის შთაგონებით. ამიტომ არ იზრუნა იეჰოვამ იმაზე, რომ ეს წიგნები დღემდე შემონახულიყო. ბიბლიაში ამ წიგნების მოხსენიებამ მეცნიერები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ისინი ისრაელის მტრებთან ბრძოლის ამსახველი სიმღერებისა და ლექსების კრებული იყო (2 სამ. 1:17—27). ერთ ბიბლიურ ენციკლოპედიაში ნათქვამია, რომ ამ წიგნებში თავმოყრილი იყო „ძველი ისრაელის პროფესიონალი მომღერლების სიმღერები, რაც ეპიკური და ლირიკული ხასიათის ნაწარმოებების შემონახვას ემსახურებოდა“. ის ადამიანებიც კი, რომლებიც ღვთის წინასწარმეტყველებად ან წინასწარმხილველებად მსახურობდნენ, ზოგჯერ ისეთ რამეს წერდნენ, რაც იეჰოვასგან არ იყო შთაგონებული და არ იყო განკუთვნილი წმინდა წერილებისთვის, რომელიც „სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად და გამოსასწორებლად“ (2 ტიმ. 3:16; 2 მატ. 9:29; 12:15; 13:22).
ბიბლიაში ზოგიერთი წიგნის მოხსენიება და ამ წიგნებიდან აღებული ინფორმაციის გამოყენება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ღვთისგანაა შთაგონებული. იეჰოვამ იზრუნა იმაზე, რომ შემონახულიყო ყველა ის ჩანაწერი, რაც მისი სულით დაიწერა და რაც „მარადიულად დარჩება“ (ეს. 40:8). ამრიგად, ის, რაც ბიბლიის 66 წიგნშია ჩაწერილი, საკმარისია იმისათვის, რომ ვიყოთ „ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული . . . ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმ. 3:16, 17).