რა დაგვეხმარება, რომ არ შევწყვიტოთ მსახურება
რა დაგვეხმარება, რომ არ შევწყვიტოთ მსახურება
ძალაგამოცლილს გიფიქრიათ, რომ აღარ შეგიძლიათ მსახურების გაგრძელება? ძლიერმა წინააღმდეგობამ, საზრუნავმა, ცუდმა ჯანმრთელობამ, თანატოლების ზეგავლენამ ან ხალხის გულგრილობამ შეიძლება მსახურების ხალისი დაგიკარგოთ. მაგრამ, მოდი, დავფიქრდეთ იესოზე. მან უმძიმეს ტანჯვას გაუძლო „სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა“ (ებრ. 12:2). იესომ იცოდა, რომ იეჰოვას გაუხარებდა გულს, თუ დაამტკიცებდა ღვთისთვის წაყენებული ბრალდებების უსაფუძვლობას (იგავ. 27:11).
ჩვენც გავუხარებთ იეჰოვას გულს, თუ არ მივატოვებთ მსახურებას. მაგრამ, როგორ მოვიქცეთ, თუ დაბრკოლებები ძალას გვაცლის? ხანდაზმული და კრისტინა, რომელსაც ცუდი ჯანმრთელობა აქვს, ამბობს: „ზოგჯერ მალე ვიღლები და გული მიტყდება. ცუდი ჯანმრთელობისა და ყოველდღიური საზრუნავის გამო, დროდადრო ხალისს ვკარგავ“. რის გაკეთება შეიძლება ამ დროს?
მიჰბაძეთ წინასწარმეტყველებს
ხალისი რომ არ დავკარგოთ, ისეთივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მსახურების მიმართ, როგორიც ძველ წინასწარმეტყველებს ჰქონდათ. მაგალითად, იერემია თავიდან დიდი სიხარულით არ შეხვედრია ღვთისგან მიღებულ დავალებას. მაგრამ ის 40 წელზე მეტხანს ასრულებდა ამ რთულ საქმეს, რადგან ბოლომდე იეჰოვაზე იყო მინდობილი (იერ. 1:6; 20:7—11 ).
იერემიას მაგალითით გამხნევებული ჰენრიკი ამბობს: „70 წელზე მეტია, რაც ვმსახურობ. ზოგჯერ გულს მიტეხდა ხალხის მტრული დამოკიდებულება და გულგრილობა. ამ დროს იერემია მახსენდებოდა ხოლმე. წინასწარმეტყველების გაგრძელების ძალას მას იეჰოვას სიყვარული და ძლიერი რწმენა აძლევდა“ (იერ. 1:17). იერემიას მაგალითს არც რაფალი დაუტოვებია გულგრილი. ის ამბობს: „ნაცვლად იმისა, რომ თავის გრძნობებზე ეფიქრა, იერემია იეჰოვაზე იყო მინდობილი. ძლიერი წინააღმდეგობების მიუხედავად, ის უშიშრად განაგრძობდა იეჰოვას სიტყვის გაცხადებას. ხშირად ვფიქრობ მის მაგალითზე“.
კიდევ ერთი წინასწარმეტყველი, რომლის მაგალითიც ბევრს ეხმარება მსახურებაში, ესაიაა. ღმერთს ის გაფრთხილებული ჰყავდა, რომ ხალხი არ მოუსმენდა. „გაუუხეშე ამ ხალხს გული, უგრძნობი გახადე მათი ყური“, — უთხრა მას იეჰოვამ. ნიშნავს ეს იმას, რომ აზრი არ ჰქონდა ესაიას ქადაგებას? ღმერთი ასე არ ფიქრობდა. ესაია მზადყოფნით შეხვდა ღვთისგან მიღებულ დავალებას და თქვა: „მე წავალ! მე გამგზავნე!“ (ეს. 6:8—10). ის თავისი საქმის ერთგული დარჩა. თქვენც ასეთი დამოკიდებულება გაქვთ ქადაგების მიმართ?
ხალხის გულგრილობის მიუხედავად, ჩვენ შევძლებთ ესაიას მსგავსად მსახურების გაგრძელებას, თუ მეტისმეტ ყურადღებას არ გავამახვილებთ მათ რეაქციაზე. რაფალი, რომელსაც გულგატეხილობასთან უწევს ბრძოლა ამბობს: „ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო ხალხის უხეშ დამოკიდებულებას. მათი უფლებაა, როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ“. ანა დასძენს: „ვცდილობ, არ ვიფიქრო ისეთ რამეზე, რაც გულს გამიტეხს. მსახურების ძალას ლოცვა და ყოველდღიურ მუხლზე დაფიქრება მაძლევს. უარყოფითი ფიქრები მაშინვე მიქრება“.
წინასწარმეტყველი ეზეკიელი იმ პერიოდში მსახურობდა, როცა ურჩი იუდეველები ბაბილონში იყვნენ გადასახლებულნი (ეზეკ. 2:6). თუ წინასწარმეტყველი ღვთის სიტყვას არ გადასცემდა ბოროტებს და ეს უკანასკნელნი გაფრთხილების გარეშე დაიღუპებოდნენ, მათ სიკვდილში ეზეკიელი იქნებოდა დამნაშავე. იეჰოვამ ეზეკიელს უთხრა: „მის სისხლს კი შენ მოგკითხავ“ (ეზეკ. 3:17, 18).
ჰენრიკი ცდილობს, ისეთივე თვალსაზრისი ჰქონდეს, როგორიც ეზეკიელს ჰქონდა. ის ამბობს: „მინდა, რომ ყველას სისხლისგან სუფთა ვიყო. ადამიანების სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია“ (საქ. 20:26, 27). ზბიგნიევიც ასე ფიქრობს: „ეზეკიელს არ შეუწყვეტია მსახურება იმისდა მიუხედავად, თუ რას ფიქრობდნენ სხვები. ეს მეხმარება ქადაგებას შემოქმედის თვალით ვუყურო“.
თქვენ მარტო არა ხართ
თქვენ მარტო არა ხართ, როცა სასიხარულო ცნობას ავრცელებთ. მოციქულ პავლეს მსგავსად ჩვენც ვფიქრობთ, რომ „ღვთის თანამშრომელნი ვართ“ (1 კორ. 3:9). კრისტინა, რომელიც ზოგჯერ მსახურების ხალისს კარგავს, აღიარებს: „იეჰოვას ვემუდარები, რომ გამაძლიეროს და ისიც არასოდეს მტოვებს უპასუხოდ“. ღვთის სულის გარეშე ვერაფერს გავხდებით მსახურებაში! (ზაქ. 4:6)
სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის დროს წმინდა სული აგრეთვე გვეხმარება ქრისტიანული თვისებების — „სულის ნაყოფის“ გამოვლენაში (გალ. 5:22, 23). ეს კი თავის მხრივ გვეხმარება, არ მივატოვოთ მსახურება. ჰენრიკი აღნიშნავს: „სამქადაგებლო მსახურება პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში მეხმარება. უფრო ყურადღებიანი და მომთმენი გავხდი და ადვილად არ ვყრი ფარ-ხმალს“. წინააღმდეგობების მიუხედავად მსახურება სულის ნაყოფის უფრო მეტად გამოვლენის შესაძლებლობას გვაძლევს.
იეჰოვა სამქადაგებლო საქმეს ანგელოზების მეშვეობით უძღვება (გამოცხ. 14:6). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ არსებობს „ათი ათასჯერ ათი ათასი და ათასჯერ ათასი“ სულიერი ქმნილება (გამოცხ. 5:11). იესოს ხელმძღვანელობით ანგელოზები ეხმარებიან ღვთის მიწიერ მსახურებს. მსახურების დროს ფიქრობთ ამაზე?
„იმაზე ფიქრი, რომ მსახურებაში ანგელოზები მეხმარებიან, ძალიან მამხნევებს, — ამბობს ანა. — ვაფასებ, რომ იეჰოვა და იესო ანგელოზებს იყენებენ ჩვენ დასახმარებლად“. მართლაც დიდი პატივია ერთგული ანგელოზების გვერდით მსახურება!
მსახურებაში თანაქრისტიანებიც გვეხმარებიან. გვერდით იეჰოვას მრავალი ერთგული მსახური გვიდგას. ალბათ გამოცდილი გაქვთ იგავებში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცის სახეს ლესავს“ (იგავ. 27:17).
ერთმანეთთან თანამშრომლობის დროს ვეუფლებით ჩვენთვის ახალ, ქადაგების ეფექტურ მეთოდებს. ელჟბიეტა ამბობს: „სხვადასხვა მაუწყებლებთან ქადაგება შესაძლებლობას მაძლევს სიყვარული გამოვავლინო როგორც თანაქრისტიანების, ისე მათ მიმართ, ვისაც უბანზე ვხვდები“. ეცადე, შეძლებისდაგვარად ყველასთან იმსახურო. ეს შენს მსახურებას უფრო საინტერესოს გახდის.
იზრუნეთ სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე
მსახურებაში ენთუზიაზმი რომ არ დავკარგოთ, აუცილებელია კარგი დაგეგმვა, რეგულარული პირადი შესწავლა და საკმარისი დასვენება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა ვიზრუნოთ როგორც ჩვენს სულიერ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
ბიბლიაში ვკითხულობთ: „მუყაითის გეგმები წარმატებულია“ (იგავ. 21:5). 88 წლის ზიგმუნდი ამბობს: „რეგულარული მსახურება ეფექტურად ქადაგებაში მეხმარება. დროს ისე ვანაწილებ, რომ მსახურებისთვის საკმარისი დრო დამრჩეს“.
ბიბლიის კარგი ცოდნა საფუძვლიანად დამოწმებაში გვეხმარება. როგორც ფიზიკური საკვების რეგულარული მიღებაა სიცოცხლისთვის აუცილებელი, ისე რეგულარული სულიერი კვებაა საჭირო მსახურების გასაგრძელებლად. ღვთის სიტყვის ყოველდღიურად კითხვა და ‘საზრდოს დროულად’ მიღება მსახურებისთვის საჭირო ძალებს გვაძლევს (მათ. 24:45—47).
ელჟბიეტამ მსახურების გაუმჯობესების მიზნით ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები
მოახდინა. ის ამბობს: „ტელევიზორს იმდენ დროს აღარ ვუთმობ, რამდენსაც ადრე. ახლა უფრო მეტი დრო მაქვს, რომ მსახურებისთვის მოვემზადო. საღამოობით, როცა ბიბლიას ვკითხულობ, იმ ხალხზეც ვფიქრობ, რომლებსაც მსახურების დროს ვხვდები. ვეძებ მათთვის საინტერესო მუხლებსა და სტატიებს“.კარგი დასვენება ძალებს შეგმატებთ და უფრო მეტს იმსახურებთ. მაგრამ არც მეტისმეტი დასვენება და გართობა ივარგებს. ანჯეი, გულმოდგინე მაუწყებელი, ამბობს: „თუ არ დაისვენებ, გადაიღლები და შეიძლება გულიც გაგიტყდეს. ყველანაირად ვცდილობ, ეს არ დამემართოს“ (ეკლ. 4:6).
ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ცოტა თუ ეხმაურება სასიხარულო ცნობას. მაგრამ იეჰოვა არასდროს დაივიწყებს ჩვენს შრომას (ებრ. 6:10). ბევრმა შეიძლება არ მოგვისმინოს, მაგრამ ჩვენი წამოსვლის შემდეგ ჩვენზე დაიწყოს საუბარი. ჩვენ შემთხვევაშიც შეიძლება ისე მოხდეს, როგორც ეზეკიელის შემთხვევაში მოხდა: „იმას მაინც გაიგებენ, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის“ (ეზეკ. 2:5). მართალია, მსახურება ადვილი არ არის, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მას ჩვენთვისაც მოაქვს კურთხევები და მსმენელებისთვისაც.
„მსახურება გვეხმარება, შევიმოსოთ ახალი პიროვნება და დავამტკიცოთ, რომ გვიყვარს ღმერთი და მოყვასი“, — ამბობს ზიგმუნდი. ანჯეი კი დასძენს: „დიდი ბედნიერებაა, რომ სიცოცხლის გადამრჩენ საქმეს ვასრულებთ. ამ მასშტაბით ეს საქმე აღარ განმეორდება“. თუ არ შეწყვეტთ მსახურებას, კურთხევები არ მოგაკლდებათ (2 კორ. 4:1, 2).
[სურათები 31 გვერდზე]
სულიერ თუ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე ზრუნვა მსახურების გაგრძელებაში დაგვეხმარება