არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დავაფასოთ ის, ვინც დავითზე და სოლომონზე დიდია

დავაფასოთ ის, ვინც დავითზე და სოლომონზე დიდია

დავაფასოთ ის, ვინც დავითზე და სოლომონზე დიდია

„აი, აქ არის სოლომონზე დიდი“ (მათ. 12:42).

1, 2. ადამიანური თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, რატომ იყო გასაკვირი დავითის მეფედ არჩევა?

ის ერთი უბრალო მწყემსი ბიჭი იყო. წინასწარმეტყველი სამუელისთვის რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ სწორედ ის გახდებოდა ისრაელის მეფე. მისი მშობლიური ქალაქი ბეთლემიც არაფრით ყოფილა გამორჩეული. ერთმა წინასწარმეტყველმა ამ ქალაქის შესახებ თქვა: „ძალიან პატარა ხარ საიმისოდ, რომ იუდას ათასთა შორის იყო“ (მიქ. 5:2). მიუხედავად ამისა, სწორედ ეს ერთი შეხედვით უბრალო ბიჭი უნდა ეცხო სამუელს ისრაელის მომავალ მეფედ.

2 სამუელი იესეს სახლში მივიდა, რათა ამ ერთგული კაცის ვაჟებიდან ერთ-ერთი ისრაელის მეფედ ეცხო. როცა იესემ სამუელს თავისი ვაჟები წარუდგინა, მისი მერვე შვილი, დავითი, იქ არც კი ყოფილა. მაგრამ იეჰოვამ სწორედ მას მიანიჭა უპირატესობა (1 სამ. 16:1—10).

3. ა) ყველაზე მეტად რას აქცევს იეჰოვა ადამიანში ყურადღებას? ბ) რა ამოქმედდა დავითზე მას შემდეგ, რაც სამუელმა ის მეფედ სცხო?

3 სამუელისგან განსხვავებით იეჰოვამ დავითში უფრო მეტი — მისი გული დაინახა. ღმერთი გარეგნობას არ აქცევს ყურადღებას. მისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, შინაგანად როგორია ადამიანი (წაიკითხეთ 1 სამუელის 16:7 ). როცა სამუელი მიხვდა, რომ იესეს ვაჟებიდან არც ერთი იქ მყოფი არ იყო იეჰოვას რჩეული, მან იესეს სთხოვა, უმცროსი ვაჟიც მოეყვანათ. ბიბლიაში ვკითხულობთ: «მანაც მოაყვანინა [დავითი]. წითური ყმაწვილი იყო, ლამაზი თვალები ჰქონდა და კარგი შესახედაობისა იყო. იეჰოვამ სამუელს უთხრა: „ადექი და სცხე, ეს არის ის!“ აიღო სამუელმა ზეთით სავსე რქა და სცხო იგი მის ძმებს შორის. იმ დღიდან ამოქმედდა დავითზე იეჰოვას სული» (1 სამ. 16:12, 13).

დავითი — ქრისტეს პირველსახე

4, 5. ა) რა მსგავსებაა იესოსა და დავითს შორის? ბ) რატომ არის იესო დავითზე დიდი?

4 დავითის დაბადებიდან 1 100 წლის შემდეგ ბეთლემში იესო დაიბადა. ბევრის აზრით, იესოც არ ჰგავდა მეფეს. ისრაელების წარმოდგენაში მეფე სულ სხვანაირი უნდა ყოფილიყო. ისევე როგორც დავითი, იესოც იეჰოვას რჩეული იყო. დავითის მსგავსად იეჰოვას იესოც უყვარდა * (ლუკ. 3:22). ‘იეჰოვას სული იესოზეც მოქმედებდა’.

5 დავითსა და იესოს შორის მსგავსება ამით არ ამოიწურება. დავითი თავისმა მრჩეველმა ახითოფელმა გასცა, იესო კი — მისივე მოციქულმა იუდა ისკარიოტელმა (ფსალმ. 41:9; იოან. 13:18). დავითიცა და იესოც იეჰოვას სახლის მოშურნეები იყვნენ (ფსალმ. 27:4; 69:9; იოან. 2:17). იესო დავითის მემკვიდრეც იყო. მის დაბადებამდე ანგელოზმა მარიამს უთხრა: „იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემს“ (ლუკ. 1:32; მათ. 1:1). მაგრამ იესო დავითზე დიდია, რადგან მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები მასზე შესრულდა. ის არის დიდი დავითი, ნანატრი მესია და მეფე (იოან. 7:42).

მიჰყევით მეფესა და მწყემსს

6. რატომ შეიძლება ითქვას, რომ დავითი კარგი მწყემსი იყო?

6 იესო მწყემსიცაა. როგორია კარგი მწყემსი? ის მამაცია და ერთგულად უვლის, კვებავს და იცავს თავის ფარას (ფსალმ. 23:2—4). ახალგაზრდობაში დავითი მწყემსი იყო და კარგად უვლიდა მამის ცხვარს. ლომისგან ან დათვისგან ფარის დასაცავად, ზოგჯერ ის სიცოცხლესაც კი იგდებდა საფრთხეში (1 სამ. 17:34, 35).

7. ა) რა დაეხმარა დავითს, რომ კარგი მეფე ყოფილიყო? ბ) რა მხრივ იყო იესო კარგი მწყემსი?

7 მწყემსობის დროს მიღებული გამოცდილება დავითს ძალიან გამოადგა, როცა ისრაელი ერის წინამძღოლი და მწყემსი გახდა * (ფსალმ. 78:70, 71). იესოც კარგი მწყემსია. ის ღვთისგან მიღებული ძალითა და ხელმძღვანელობით მწყემსავს „მცირე სამწყსოს“ და „სხვა ცხვარს“ (ლუკ. 12:32; იოან. 10:16). ის ცნობს თავის ცხვარს და თითოეულს თავის სახელით უხმობს. მას იმდენად უყვარს თავისი ფარა, რომ დედამიწაზე ყოფნისას თავიც კი გასწირა მათი კეთილდღეობისთვის (იოან. 10:3, 11, 14, 15). იესომ თავისი ფარისთვის ის გააკეთა, რასაც დავითი ვერასოდეს გააკეთებდა. მის მიერ გაღებულმა მსხვერპლმა ადამიანები სიკვდილისგან იხსნა. იესო „მცირე სამწყსოს“ ზეცაში უკვდავი ცხოვრებისკენ გაუძღვება, ხოლო „სხვა ცხვარს“ — მარადიული სიცოცხლისკენ სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში, სადაც აღარ იქნებიან მგლებივით დაუნდობელი ადამიანები (წაიკითხეთ იოანეს 10:27—29).

მიჰყევით მძლეველ მეფეს

8. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ დავითი მძლეველი მეფე იყო?

8 დავითი მამაცი მებრძოლი იყო და იცავდა ღვთის ხალხის მიწა-წყალს. „სადაც მიდიოდა დავითი, ყველგან შველოდა მას იეჰოვა“. დავითის მეფობის დროს ისრაელის ტერიტორია ეგვიპტის მდინარიდან ევფრატამდე იყო გადაჭიმული (2 სამ. 8:1—14). იეჰოვას დახმარებით დავითი ძლიერი მმართველი გახდა. ბიბლიაში ნათქვამია: „სახელი გაუვარდა დავითს ყველა ქვეყანაში, მისი შიშით მოიცვა იეჰოვამ ყველა ხალხი“ (1 მატ. 14:17).

9. ახსენით, რა გაგებით იყო მეფედ ცხებული იესო მძლეველი.

9 დავითის მსგავსად, იესოც უშიშარი იყო. იესომ, როგორც ცხებულმა მეფემ, აჩვენა, რომ ძალაუფლება ჰქონდა დემონებზე. ის დემონით შეპყრობილებს მათი ზეგავლენისგან ათავისუფლებდა (მარ. 5:2, 6—13; ლუკ. 4:36). მასზე სატანა ეშმაკსაც კი არ ჰქონდა ძალაუფლება. იეჰოვას დახმარებით იესომ სძლია ქვეყნიერებას, რომელიც ბოროტის ხელშია (იოან. 14:30; 16:33; 1 იოან. 5:19).

10, 11. რა გააკეთა მებრძოლმა მეფემ და რას გააკეთებს მომავალში?

10 იესოს სიკვდილიდან, აღდგომიდან და ზეცად ამაღლებიდან დაახლოებით 60 წლის შემდეგ მოციქულმა იოანემ იხილა იესო, როგორც ზეცაში მებრძოლი მეფე. იოანემ დაწერა: „აი, თეთრი ცხენი. მასზე მჯდომს მშვილდი ჰქონდა. მას გვირგვინი მიეცა, გამოვიდა და იპყრობდა, რათა სრულად დაეპყრო“ (გამოცხ. 6:2). თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი იესოა. „მას გვირგვინი მიეცა“ 1914 წელს, როცა ზეცაში გამეფდა. ამის შემდეგ ის ‘დასაპყრობად გამოვიდა’. დავითის მსგავსად, იესოც მძლეველი მეფეა. გამეფებიდან მალევე, იესომ სძლია სატანას და დემონებთან ერთად ზეციდან დედამიწაზე გადმოაგდო (გამოცხ. 12:7—9). იესო მანამ იბრძოლებს, სანამ ‘სრულად არ დაიპყრობს’ და ბოლომდე არ გაანადგურებს სატანის ბოროტ ქვეყნიერებას (წაიკითხეთ გამოცხადების 19:11, 19—21 ).

11 დავითის მსგავსად იესოც თანამგრძნობი მეფეა და დაიცავს „უამრავ ხალხს“ არმაგედონში (გამოცხ. 7:9, 14). უფრო მეტიც, იესოსა და 144 000 თანამემკვიდრის მმართველობის დროს „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქ. 24:15). დედამიწაზე აღდგენილებს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა ექნებათ. მათ მართლაც დიდებული მომავალი ელით! მოდი, კვლავ კარგი ვაკეთოთ, რომ ვიხილოთ ის დრო, როცა დედამიწა აივსება მართალი ადამიანებით, რომლებიც სიხარულით დაემორჩილებიან დიდ დავითს (ფსალმ. 37:27—29).

სოლომონის ლოცვა სიბრძნისთვის

12. რა სთხოვა სოლომონმა ღმერთს ლოცვაში?

12 დავითის ვაჟი სოლომონიც იესოს პირველსახე იყო. * ახალგამეფებულ სოლომონს იეჰოვა ეჩვენა ღამით და უთხრა, რომ ყველაფერს მისცემდა, რასაც სთხოვდა. სოლომონს შეეძლო სიმდიდრე, ძალაუფლება ან დღეგრძელობა ეთხოვა. მაგრამ მან იეჰოვას უთხრა: „მომეცი სიბრძნე და ცოდნა, რომ გამოვიდე ამ ხალხის წინაშე და შევიდე, რადგან ვინ განსჯის შენს მრავალრიცხოვან ხალხს?!“ (2 მატ. 1:7—10). იეჰოვამ შეისმინა სოლომონის ლოცვა (წაიკითხეთ 2 მატიანეს 1:11, 12).

13. რატომ შეიძლება ითქვას, რომ სოლომონი ბრძენთა ბრძენი იყო და საიდან ჰქონდა მას ეს სიბრძნე?

13 ვიდრე სოლომონი იეჰოვას ერთგული იყო, მისი სიბრძნე აღემატებოდა მისი თანამედროვეების სიბრძნეს. სოლომონმა „სამი ათასი იგავი“ წარმოთქვა (1 მეფ. 4:30, 32, 34). ბევრი მათგანი ბიბლიაში ჩაიწერა, რასაც დღემდე აფასებენ სიბრძნის მაძიებლები. საბას დედოფალმა 2 400 კილომეტრი გაიარა იმისათვის, რომ სოლომონი „რთული კითხვებით გამოეცადა“. ის განცვიფრებული დარჩა მისი სიბრძნით და მისი სამეფოს დიდებით (1 მეფ. 10:1—9). ბიბლიაში ნათქვამია, თუ საიდან ჰქონდა სოლომონს სიბრძნე: „დედამიწის ყველა ხალხი ესწრაფოდა სოლომონის სახის ხილვას მისი სიბრძნის მოსასმენად, რომელიც ღმერთმა ჩაუდო გულში“ (1 მეფ. 10:24).

მიჰყევით ბრძენ მეფეს

14. რა გაგებით იყო იესო „სოლომონზე დიდი“?

14 დედამიწაზე მცხოვრებთაგან მხოლოდ ერთი ადამიანი იყო სოლომონზე ბრძენი. ეს იესო ქრისტე იყო, რომელმაც საკუთარ თავს „სოლომონზე დიდი“ უწოდა (მათ. 12:42). ის „მარადიული სიცოცხლის სიტყვებს“ ლაპარაკობდა (იოან. 6:68). მთაზე ქადაგებისას მან განავრცო სოლომონის იგავებში ჩადებული ზოგიერთი პრინციპი. სოლომონმა ჩამოთვალა რამდენიმე ფაქტორი, რასაც ბედნიერება მოაქვს იეჰოვას თაყვანისმცემლებისთვის (იგავ. 3:13; 8:32, 33; 14:21; 16:20). იესომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ნამდვილი ბედნიერება მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რაც იეჰოვას თაყვანისმცემლობასა და მისი განზრახვების შესრულებას უკავშირდება. მან თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო“ (მათ. 5:3). იესოს მოძღვრებისა და პრინციპების გამოყენება ადამიანს „სიცოცხლის წყაროსთან“, იეჰოვა ღმერთთან აახლოებს (ფსალმ. 36:9; იგავ. 22:11; მათ. 5:8). ქრისტე „ღვთის სიბრძნის“ განსახიერება იყო (1 კორ. 1:24, 30). იესო ქრისტეს, როგორც ღვთის სამეფოს მეფეს, ‘სიბრძნის სული’ აქვს (ეს. 11:2).

15. როგორ ვისარგებლოთ ღვთიური სიბრძნით?

15 როგორ უნდა ვისარგებლოთ ჩვენ, დიდი სოლომონის მიმდევრებმა, ღვთიური სიბრძნით? იეჰოვას სიბრძნე მის სიტყვაშია გადმოცემული. ამიტომ გულმოდგინედ უნდა ვიკვლიოთ ბიბლია, განსაკუთრებით იესოს სიტყვები, და გავაანალიზოთ წაკითხული (იგავ. 2:1—5). გარდა ამისა, ღმერთს სიბრძნე უნდა ვთხოვოთ. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, თუ ღმერთს დახმარებას ვთხოვთ, ის აუცილებლად შეისმენს ჩვენს სათხოვარს (იაკ. 1:5). წმინდა სულის დახმარებით ბიბლიაში მივაკვლევთ სიბრძნეს, რომელიც საჭიროა პრობლემების გადასაჭრელად და გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად (ლუკ. 11:13). სოლომონს „შემკრებიც“ ეწოდებოდა. ის ხალხს „გამუდმებით აძლევდა ცოდნას“ (ეკლ. 12:9, 10). იესო ქრისტიანული კრების თავია და ამგვარად თავისი ხალხის შემკრებიც (იოან. 10:16; კოლ. 1:18). ამიტომ, სწორად ვიქცევით, თუ ვესწრებით შეხვედრებს, სადაც ‘გამუდმებით გვეძლევა ცოდნა’.

16. რა მსგავსებაა სოლომონსა და იესოს შორის?

16 სოლომონმა ბევრი რამ გააკეთა. მან ქვეყანაში დიდი სამშენებლო პროექტები წამოიწყო. ორგანიზება გაუწია სასახლეების, გზების, წყლის არხების, სამარაგო ქალაქების, ეტლების სადგომი ქალაქებისა და მხედართა ქალაქების მშენებლობას (1 მეფ. 9:17—19). ეს სამშენებლო პროგრამა მთელი ქვეყნის კეთილდღეობას მოემსახურა. გარკვეული გაგებით, იესოც მშენებელია. თავისი კრება მან „კლდეზე“ ააშენა (მათ. 16:18). ის აგრეთვე უხელმძღვანელებს ყველა სამშენებლო პროგრამას, რომელიც ახალ ქვეყნიერებაში განხორციელდება (ეს. 65:21, 22).

მიჰყევით მშვიდობის მეფეს

17. ა) რით იყო გამორჩეული სოლომონის მმართველობის წლები? ბ) რისი გაკეთება არ შეეძლო სოლომონს?

17 სოლომონის სახელი მომდინარეობს სიტყვიდან, რომლის ფუძეც „მშვიდობას“ ნიშნავს. სოლომონი მეფობდა იერუსალიმში, რაც განიმარტება როგორც „ორმაგი მშვიდობის სამყოფელი“. მისი 40-წლიანი მეფობის განმავლობაში ისრაელში მშვიდობა არაფერს დაურღვევია. ბიბლიაში მისი მმართველობის წლები ასეა აღწერილი: „სოლომონის დროს უსაფრთხოდ ცხოვრობდა იუდა და ისრაელი, ყველა თავისი ვაზისა და ლეღვის ქვეშ, დანიდან ბეერ-შებამდე“ (1 მეფ. 4:25). უდიდესი სიბრძნის მიუხედავად, მას არ შეეძლო დაეცვა თავისი ქვეშევრდომები ავადმყოფობისგან, ცოდვისა და სიკვდილისგან, რასაც ვერ ვიტყვით დიდ სოლომონზე (წაიკითხეთ რომაელების 8:19—21 ).

18. რა მდგომარეობაა ქრისტიანულ კრებაში?

18 ქრისტიანულ კრებაში მშვიდობა სუფევს. ჩვენ ნამდვილ სულიერ სამოთხეში ვართ. მშვიდობა გვაქვს ღმერთთანაც და მოყვასთანაც. ეს ესაიას წინასწარმეტყველურად ჰქონდა აღწერილი: „თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“ (ეს. 2:3, 4). თუ ღვთის წმინდა სულს მივყვებით, არ დავარღვევთ სულიერ სამოთხეში არსებულ მშვიდობას.

19, 20. სიხარულის რა მიზეზები გვაქვს?

19 მომავალში ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნება. ქრისტეს მმართველობის დროს ღვთის მორჩილი ადამიანები არნახული მშვიდობით დატკბებიან. საბოლოო ჯამში, ისინი გათავისუფლდებიან „ხრწნის მონობისგან“ და გასრულყოფილდებიან (რომ. 8:21). ათასწლიანი მეფობის დასასრულს ადამიანები საბოლოოდ გამოიცდებიან. ამის შემდეგ „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმ. 37:11; გამოცხ. 20:7—10). ჩვენ წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია, რამდენად უკეთესი იქნება იესო ქრისტეს მეფობა სოლომონის მეფობაზე.

20 ისრაელები ხარობდნენ, როცა წინამძღოლად მოსე, დავითი და სოლომონი ჰყავდათ. ქრისტეს მეფობის დროს ჩვენ უფრო მეტად გავიხარებთ (1 მეფ. 8:66). დაე, ვმადლობდეთ იეჰოვას, რომელმაც გამოგვიგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე — მოსეზე, დავითსა და სოლომონზე დიდი!

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 სახელი დავითი შესაძლოა ნიშნავს „საყვარელს“. იესოს მონათვლისა და გარდასახვის დროს იეჰოვამ მას ზეციდან „საყვარელი ძე“ უწოდა (მათ. 3:17; 17:5).

^ აბზ. 7 ამავე დროს, დავითი მწყემსზე მინდობილი კრავივით იყო. ის დიდებული მწყემსისგან, იეჰოვასგან ელოდა მფარველობასა და ხელმძღვანელობას. დავითი რწმენით ამბობდა: „იეჰოვაა ჩემი მწყემსი, არაფერი მომაკლდება“ (ფსალმ. 23:1). იოანე ნათლისმცემელმა იესოს „ღვთის კრავი“ უწოდა (იოან. 1:29).

^ აბზ. 12 საინტერესოა, რომ სოლომონის მეორე სახელი იედიდია იყო, რაც ნიშნავს „უყვარს იაჰს“ (2 სამ. 12:24, 25).

შეგიძლიათ ახსნათ?

• რა მხრივ არის იესო დავითზე დიდი?

• რა გაგებით არის იესო სოლომონზე დიდი?

• რა მიზეზების გამო აფასებთ იესოს, რომელიც დავითზეც და სოლომონზეც დიდია?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 31 გვერდზე]

სიბრძნე, რომელიც სოლომონს ღვთისგან ჰქონდა ბოძებული, უფრო დიდი სოლომონის სიბრძნეს განასახიერებდა

[სურათი 32 გვერდზე]

იესოს მეფობა დავითისა და სოლომონის მეფობაზე გაცილებით უკეთესი იქნება!