არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდებო, ცხადი გახადეთ თქვენი წარმატება!

ახალგაზრდებო, ცხადი გახადეთ თქვენი წარმატება!

ახალგაზრდებო, ცხადი გახადეთ თქვენი წარმატება!

„ამაზე იფიქრე და ამით დაკავდი, რათა ყველასთვის ცხადი გახდეს შენი წარმატება“ (1 ტიმ. 4:15).

1. რა სურს ღმერთს ახალგაზრდებისთვის?

„გაიხარე, ახალგაზრდავ, შენი ახალგაზრდობის წლებით და სიკეთე გიყოს შენმა გულმა შენს სიჭაბუკეში“ (ეკლ. 11:9). ასეთი სიტყვებით მიმართა ძველი ისრაელის ბრძენმა მეფე სოლომონმა ახალგაზრდებს. ამ სიტყვების ავტორს, იეჰოვა ღმერთს ძალიან უნდა, რომ თქვენ, ახალგაზრდებო, ბედნიერები იყოთ. თუმცა მას სურს, რომ მხოლოდ ახალგაზრდობის წლებში კი არ გაიხაროთ, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე. უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდობაში დაშვებული შეცდომები შეიძლება თქვენს მომავალზე აისახოს. ღვთის ერთგული იობიც კი „ახალგაზრდობის დროინდელ დანაშაულის შედეგებს“ იწვნევდა (იობ. 13:26). ახალგაზრდობაში ქრისტიანებს სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ. ამ დროს მიღებულმა არასწორმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ღრმა ემოციური ჭრილობა მიაყენოს ქრისტიანს და ისეთი პრობლემების მიზეზი გახდეს, რაც დარჩენილი ცხოვრების მანძილზე თავს გაახსენებს (ეკლ. 11:10).

2. რომელი ბიბლიური რჩევა გამოადგებათ ახალგაზრდებს, სერიოზული შეცდომები რომ არ დაუშვან?

2 ახალგაზრდები საღი აზრით უნდა ხელმძღვანელობდნენ. გავიხსენოთ, რა ურჩია პავლემ კორინთელ ქრისტიანებს: ‘ნუ გახდებით ბავშვები აზროვნებით, არამედ იყავით ზრდადასრულებულები’ (1 კორ. 14:20). თუ ახალგაზრდას ზრდადასრულებული ადამიანისთვის დამახასიათებელი აზროვნება ექნება, სერიოზულ შეცდომებს არ დაუშვებს.

3. რა უნდა გააკეთოთ, სულიერად მოწიფული რომ გახდეთ?

3 ახალგაზრდებო, გახსოვდეთ: სულიერად მოწიფული რომ გახდეთ, საჭიროა დიდი ძალისხმევა. პავლემ ასეთი სიტყვებით მიმართა ტიმოთეს: „არავინ დაგიწყოს ზემოდან ყურება შენი ახალგაზრდობის გამო. პირიქით, ერთგულთათვის მაგალითი იყავი ლაპარაკში, საქციელში, სიყვარულში, რწმენასა და სიწმინდეში . . . მთელი გულმოდგინებით უკითხე ხალხს, შეაგონე და ასწავლე . . . ამაზე იფიქრე და ამით დაკავდი, რათა ყველასთვის ცხადი გახდეს შენი წარმატება“ (1 ტიმ. 4:12—15). ქრისტიანი ახალგაზრდები სულიერად უნდა გაიზარდონ და სხვებისთვის ცხადი გახადონ თავიანთი წარმატება.

რა იგულისხმება წარმატებაში?

4. რა იგულისხმება წარმატებაში?

4 წარმატება ნიშნავს „კარგი შედეგის მიღებას, წინსვლას“. პავლე ტიმოთეს მოუწოდებდა, ყველანაირად ეცადა დაეხვეწა საუბარი, საქციელი, გაეღრმავებინა სიყვარული, რწმენა, ესწრაფა სიწმინდისკენ და გაეუმჯობესებინა თავისი მსახურება. მისი ცხოვრების წესი სამაგალითო უნდა ყოფილიყო. ამისათვის ტიმოთეს სულიერი ზრდა არ უნდა შეეწყვიტა.

5, 6. ა) როდის გახდა ტიმოთეს წარმატება ცხადი? ბ) რა მხრივ შეუძლიათ ახალგაზრდებს მიჰბაძონ ტიმოთეს?

5 პავლემ ეს რჩევა ტიმოთეს სადღაც ახ. წ. პირველი საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში მისწერა. იმ დროს ტიმოთე გამოცდილი უხუცესი იყო. მას უკვე გადადგმული ჰქონდა ნაბიჯები სულიერი წინსვლისკენ. ახ. წ. 49-50 წელს, როდესაც ტიმოთე დაახლოებით 20 წლის იყო, „ლისტრელი და იკონიონელი ძმები მას დადებითად ახასიათებდნენ“, რადგან მისი სულიერი ზრდის მოწმენი იყვნენ (საქ. 16:1—5). მაშინ პავლემ ტიმოთე მისიონერულ მოგზაურობაში თან გაიყოლა. პავლე რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა ტიმოთეს სულიერ ზრდას, რის შემდეგაც ის თესალონიკეში გაგზავნა, რათა ენუგეშებინა და განემტკიცებინა იქ მცხოვრები ქრისტიანები (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 3:1—3, 6). ასე რომ, ტიმოთეს წარმატება ჯერ კიდევ მაშინ გახდა სხვებისთვის ცხადი, როცა ახალგაზრდა იყო.

6 ახალგაზრდებო, განივითარეთ ქრისტიანული თვისებები, რათა ყველასთვის ნათელი გახდეს თქვენი წარმატება და სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლების უნარი! როგორც სახარება მოგვითხრობს, იესო 12 წლის იყო, ‘სიბრძნეს რომ იხვეჭდა’ (ლუკ. 2:52). ახლა გავიგოთ, როდის შეიძლება ცხადი გახდეს შენი წარმატება: 1) როცა სირთულეებს ხვდები, 2) როცა ოჯახის შექმნას აპირებ, 3) როცა ცდილობ, გახდე „კარგი მსახური“ (1 ტიმ. 4:6).

შეინარჩუნე „საღი აზროვნება“ პრობლემების დროს

7. რა გავლენას ახდენს პრობლემები ახალგაზრდებზე?

7 ჩვიდმეტი წლის ქეროლი ამბობს: „ემოციურად და ფიზიკურად ისეთი გამოფიტულიც ვყოფილვარ, რომ დილით გაღვიძება არ მინდოდა“. * რატომ გრძნობდა ის თავს ასე ცუდად? ქეროლი ათი წლის იყო, როცა მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. იგი დედასთან დარჩა, რომელიც უზნეო ცხოვრებას ეწეოდა. ქეროლის მსგავსად შეიძლება შენც ხვდები ისეთ პრობლემებს, რომლის გადაჭრაც თითქმის შეუძლებელია.

8. რა სირთულეები ჰქონდა ტიმოთეს?

8 ტიმოთესაც ჰქონდა პრობლემები მაშინ, როცა სულიერად წინ მიიწევდა. მაგალითად, ის ‘ხშირად ავადმყოფობდა’, რადგან კუჭი აწუხებდა (1 ტიმ. 5:23). როდესაც პავლემ კორინთის კრებაში ტიმოთე გაგზავნა იმ ქრისტიანებთან დასალაპარაკებლად, რომლებიც პავლეს, როგორც მოციქულის უფლებამოსილებას ეჭვქვეშ აყენებდნენ, კრებას მისწერა, რომ ტიმოთესთან ეთანამშრომლათ, რათა მას ‘შიში არ დაუფლებოდა’ (1 კორ. 4:17; 16:10, 11). როგორც ჩანს, ტიმოთე მორიდებული და გაუბედავი იყო.

9. რა არის საღი აზროვნება და რატომ ეწინააღმდეგება ის სიმხდალის სულს?

9 პავლემ მოგვიანებით ტიმოთეს შეახსენა: „ღმერთმა მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და საღი აზროვნების“ (2 ტიმ. 1:7). „საღი აზროვნება“ გონივრულად განსჯას ნიშნავს. ამაში იგულისხმება იმის უნარი, რომ ყველაფერი ისე მიიღო, როგორც სინამდვილეში არის და არა ისე, როგორც შენ გინდა, რომ იყოს. იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სულიერი ხედვა არა აქვთ, სიმხდალის სული აქვთ. ისინი ცდილობენ გაექცნენ სტრესულ სიტუაციებს უზომო ძილით, ტელევიზორის ყურებით, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებით, გაუთავებელი დროს ტარებითა და აღვირახსნილობით. ქრისტიანებს ბიბლია გვირჩევს: „უარვყოთ უღმერთოება და ქვეყნიური სურვილები, ახლანდელ ქვეყნიერებაში აზრიანად, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით ვიცხოვროთ“ (ტიტ. 2:12).

10, 11. როგორ შეგმატებს სულიერ ძალას საღი აზროვნება?

10 ბიბლია მოუწოდებს ‘ყმაწვილკაცებს, რომ საღად მოაზროვნეები იყვნენ’ (ტიტ. 2:6). ამ რჩევის გათვალისწინება ნიშნავს, პრობლემების დროს ილოცო და ღმერთს მიენდო (წაიკითხეთ 1 პეტრეს 4:7 ). დარწმუნებული იყავი, რომ თუ ასე მოიქცევი, ღმერთი მოგცემს ძალას (1 პეტ. 4:11).

11 ქეროლს სწორედ საღი აზროვნება და ლოცვა დაეხმარა. „იმის გამო, რომ დედაჩემი უზნეო ცხოვრებას ეწეოდა, ადვილი არ იყო მის გვერდით ყოფნა, — ამბობს ის. — მაგრამ ლოცვა მაძლიერებდა. ვიცი, რომ იეჰოვა ჩემ გვერდითაა და ამიტომ აღარაფრის მეშინია“. გახსოვდეს, რომ განსაცდელს შენი განმტკიცება და უკეთეს პიროვნებად ჩამოყალიბება შეუძლია (ფსალმ. 105:17—19; გოდ. 3:27). იეჰოვა არასოდეს მიგატოვებს და ყოველთვის დაგეხმარება (ეს. 41:10).

როცა გინდა ბედნიერი ოჯახის შექმნა

12. რატომ უნდა იხელმძღვანელონ დაქორწინების მსურველებმა იგავების 20:25-ში ჩაწერილი პრინციპით?

12 ზოგმა ახალგაზრდამ ძალიან ადრე და ნაჩქარევად შექმნა ოჯახი, რადგან ეგონათ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმით იპოვიდნენ ბედნიერებას, თავს დააღწევდნენ მარტოობას თუ ოჯახურ პრობლემებს და ცხოვრებასაც გაიხალისებდნენ. საქორწინო აღთქმის დადება საკმაოდ სერიოზული საკითხია. ბიბლიურ დროში ზოგმა დაუფიქრებლად და ნაჩქარევად დადო ღვთის წინაშე აღთქმა (წაიკითხეთ იგავების 20:25). ზოგჯერ ახალგაზრდები ვერ აცნობიერებენ, რა პასუხისმგებლობას აკისრებს მათ ოჯახის შექმნა. მაგრამ მოგვიანებით ხვდებიან, რომ თურმე იმაზე მეტი მოეთხოვებოდათ, ვიდრე ეგონათ.

13. რა კითხვებზე უნდა დაფიქრდნენ დაქორწინების მსურველები და რა რჩევებია მათთვის ხელმისაწვდომი?

13 ასე რომ, სანამ დაქორწინებას გადაწყვეტ, ჰკითხე საკუთარ თავს: რატომ მინდა ოჯახის შექმნა? რას მოველი ქორწინებისგან? შემეფერება ეს ადამიანი? შემიძლია ოჯახური მოვალეობების შესრულება? საკუთარი თავის შემოწმებაში რომ დაგეხმაროს, „ერთგულმა და გონიერმა მონამ“ ამ საკითხზე არაერთი სტატია გამოაქვეყნა (მათ. 24:45—47). * ამ სტატიებში მოცემული აზრები ისე მიიღე, როგორც იეჰოვასგან მიღებული რჩევა. კარგად გაანალიზე, რაც იქ წერია და გამოიყენე. ნუ იქნები „ცხენივით და ჯორივით გაუგებარი“ (ფსალმ. 32:8, 9). როცა საქმე ოჯახის შექმნას ეხება, ისე იაზროვნე, როგორც ზრდადასრულებულმა ადამიანმა. თუ ფიქრობ, რომ ვინმესთან ურთიერობის დასაწყებად მზად ხარ, „მაგალითი იყავი . . . სიწმინდეში“ (1 ტიმ. 4:12).

14. როგორ დაგეხმარება სულიერი მოწიფულობა ქორწინებაში?

14 სულიერი მოწიფულობა ოჯახის შექმნის შემდეგაც დაგეხმარება. ზრდადასრულებული ქრისტიანი ისწრაფვის ‘ქრისტეს სისავსისთვის დამახასიათებელი მოწიფულობისკენ’ (ეფეს. 4:11—14). ის ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ქრისტეს მსგავს პიროვნებად ჩამოყალიბდეს. ‘ქრისტე არ ფიქრობდა საკუთარ სიამოვნებაზე’ (რომ. 15:3). როცა ცოლ-ქმარი ცდილობს ის კი არ ეძებოს, რაც თავისთვის არის სასარგებლო, არამედ სხვისთვის, ოჯახში სიმშვიდე და ბედნიერება ისადგურებს (1 კორ. 10:24). ამგვარად, ქმარს უანგაროდ ეყვარება თავისი ცოლი, ცოლი კი ქმრის მორჩილი იქნება ისევე, როგორც იესოა თავისი მამის მორჩილი (1 კორ. 11:3; ეფეს. 5:25).

„ყოველმხრივ შეასრულე შენი მსახურება“

15, 16. როგორ შეიძლება შენი წარმატება ცხადი გახდეს მსახურებაში?

15 პავლემ ყურადღება გაუმახვილა ტიმოთეს, რომ მნიშვნელოვან დავალებას ასრულებდა, და უთხრა: „მთელი სერიოზულობით გეუბნები ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე . . . იქადაგე სიტყვა გადაუდებლად“. შემდეგ დასძინა: „აკეთე მახარობლის საქმე და ყოველმხრივ შეასრულე შენი მსახურება“ (2 ტიმ. 4:1, 2, 5). ეს დავალება რომ შეესრულებინა, ტიმოთეს ‘რწმენის სიტყვებით უნდა ესაზრდოვა’ (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 4:6 ).

16 როგორ შეგიძლია ‘ისაზრდოო რწმენის სიტყვებით’? პავლემ დაწერა: „მთელი გულმოდგინებით უკითხე ხალხს, შეაგონე და ასწავლე. ამაზე იფიქრე და ამით დაკავდი“ (1 ტიმ. 4:13, 15). სულიერად რომ გაიზარდო, აუცილებელია კარგი პირადი შესწავლა. სიტყვაში „დაკავდი“ იგულისხმება საქმისთვის გულის დადება. როგორი პირადი შესწავლა გაქვს? გულდასმით იკვლევ „ღვთის სიღრმეებს“? (1 კორ. 2:10). იქნებ მინიმალურით კმაყოფილდები? შესწავლილზე ფიქრი სულიერად მოწიფულს გაგხდის (წაიკითხეთ იგავების 2:1—5 ).

17, 18. ა) რა უნარ-ჩვევები უნდა განივითარო? ბ) როგორ დაგეხმარება ტიმოთეს მსგავსი განწყობა მსახურებაში?

17 ახალგაზრდა პიონერი მიშელი ამბობს: „მსახურებაში რომ გავიწაფო, პირადი შესწავლის კარგი გეგმა მაქვს და კრების შეხვედრებსაც არ ვაცდენ. ამის წყალობით სულიერად ვიზრდები“. პიონერად მსახურება დაგეხმარება, ისწავლო ქადაგებისას ბიბლიის უკეთესად გამოყენება და სულიერი მოწიფულობისკენ ისწრაფო. ეცადე კითხვის უნარი გაიუმჯობესო და შინაარსიანი კომენტარები გააკეთო ქრისტიანულ შეხვედრებზე. როგორც სულიერად მოწიფული ახალგაზრდა, ალბათ ცდილობ, „თეოკრატიული მსახურების სკოლისთვის“ დავალება კარგად მოამზადო.

18 ‘მახარობლის საქმის კეთება’ ნიშნავს მსახურების ხარისხიანად შესრულებას და სხვების დახმარებას, რომ გადარჩნენ. ამისათვის საჭიროა, დაეუფლო „სწავლების ხელოვნებას“ (2 ტიმ. 4:2). თუ გამოცდილ და-ძმებთან იმსახურებ, სწავლების სხვადასხვა მეთოდს დაეუფლები. ამის კარგ მაგალითს გვაძლევს ტიმოთე, რომელსაც პავლესთან მსახურებამ ბევრი რამ ასწავლა (1 კორ. 4:17). პავლემ მათზე, ვისაც ეხმარებოდა, თქვა, რომ არა მხოლოდ სასიხარულო ცნობას უზიარებდა, არამედ ‘საკუთარ სულსაც აძლევდა’, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთელი ცხოვრება მხარში ედგა, რადგან უყვარდა ისინი (1 თეს. 2:8). პავლეს რომ მიჰბაძო, ტიმოთეს მსგავსი განწყობა უნდა გქონდეს, რომელიც გულწრფელად ზრუნავდა სხვებზე და „მსახურობდა მონასავით . . . სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად“ (წაიკითხეთ ფილიპელების 2:19—23). ავლენ შენც ასეთივე თავგანწირვის სულს?

წარმატებას კმაყოფილება მოაქვს

19, 20. რატომ მოქვს სულიერ ზრდას სიხარული?

19 სულიერად მოწიფული რომ გახდე, უნდა მოიწადინო. თუ სწავლების უნარს გაიუმჯობესებ, თავის დროზე ‘ბევრს გაამდიდრებ’ სულიერად და ისინი შენი „სიხარულისა და ლხენის გვირგვინი“ იქნებიან (2 კორ. 6:10; 1 თეს. 2:19). სრული დროით მსახური ფრედი ამბობს: „ახლა უფრო მეტად ვეხმარები სხვებს. მართლაც რომ უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს გაცემას, ვიდრე მიღებას“.

20 ახალგაზრდა პიონერი დაფნი, რომელიც სულიერი ზრდის შედეგად სიხარულსა და კმაყოფილებას გრძნობს, ამბობს: „რაც უფრო მეტს ვიგებ იეჰოვას შესახებ, მით უფრო ვგრძნობ მასთან სიახლოვეს. როდესაც ყოველმხრივ ცდილობ იეჰოვას ასიამოვნო და გააკეთო შენი შესაძლებლობის მაქსიმუმი, დიდ კმაყოფილებას გრძნობ“. შეიძლება ადამიანებმა ყოველთვის ვერ შეამჩნიონ შენი სულიერი წინსვლა, მაგრამ იეჰოვა ყველაფერს ხედავს და გიფასებს (ებრ. 4:13). ახალგაზრდებო, თქვენ უდავოდ შეგიძლიათ განადიდოთ ჩვენი ზეციერი მამა. კვლავაც ცხადი გახადეთ თქვენი წარმატება და გული გაუხარეთ იეჰოვას (იგავ. 27:11).

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 13 იხილეთ „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ (ტომი 2), „ნამდვილად შემეფერება?“; 2001 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკი“, „ღვთის ხელმძღვანელობა ცხოვრების თანამგზავრის ასარჩევად“; 1983 წლის 22 სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“, „გონივრულია ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა?“ (ინგლ.).

რა ისწავლე?

• რა იგულისხმება სულიერ წინსვლაში?

• როგორ შეგიძლია ცხადი გახადო შენი სულიერი წინსვლა . . .

სირთულეების დროს?

როდესაც ოჯახის შექმნას აპირებ?

მსახურებისას?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 15 გვერდზე]

ლოცვა სირთულეებთან გამკლავებაში დაგეხმარება

[სურათი 16 გვერდზე]

როგორ შეუძლიათ ახალგაზრდა ქრისტიანებს დაეუფლონ სწავლების მეთოდებს?