არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ერთგულებაში მიჰბაძეთ ითაის

ერთგულებაში მიჰბაძეთ ითაის

ერთგულებაში მიჰბაძეთ ითაის

„დიდი და საოცარია შენი საქმენი, იეჰოვა ღმერთო, ყოვლისშემძლეო. მართალი და ჭეშმარიტია შენი გზები, მარადიულობის მეფეო. ვის არ შეეშინდება შენი, იეჰოვა, და ვინ არ ადიდებს შენს სახელს? მხოლოდ შენა ხარ ერთგული“. ეს სიმღერა, რომელსაც ზეცაში მღერიან „ისინი, ვინც იმარჯვებს მხეცზე, მის ქანდაკებაზე“, ღვთის ერთგულებაზე ამახვილებს ყურადღებას (გამოცხ. 15:2—4). იეჰოვას სურს, რომ თავისი თაყვანისმცემლები მასავით ერთგულნი იყვნენ (ეფეს. 4:24).

სატანა ეშმაკი ყველაფერს აკეთებს, რომ იეჰოვას მიწიერი მსახურები ღვთის სიყვარულს ჩამოაშოროს. მაგრამ დიდი სიძნელეების მიუხედავად, ბევრი ღვთის ერთგული რჩება. რა მადლიერები ვართ იეჰოვასი, რომელიც ასე აფასებს ერთგულებას! ბიბლია გვარწმუნებს: „იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულია და არ მიატოვებს თავის ერთგულებს“ (ფსალმ. 37:28). ღვთის სიტყვაში მრავალი ერთგული მსახურის მაგალითი ჩაიწერა, რაც ერთგულების შენარჩუნებაში გვეხმარება. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი ეხება გათელ ითაის.

უცხოელი და გადმოხვეწილი

ითაი, როგორც ჩანს, პალესტინის ცნობილი ქალაქის, გათის მკვიდრი იყო. ამ ქალაქიდან იყვნენ გოლიათი და ისრაელის სხვა დაუძინებელი მტრებიც. გამოცდილი მებრძოლი ითაი პირველად ბიბლიის იმ მონაკვეთში მოიხსენიება, რომელშიც აბესალომი მეფე დავითს უჯანყდება. მაშინ ითაი და მასთან მყოფი 600 ფილისტიმელი გადმოხვეწილი იყვნენ ისრაელის მიწაზე და იერუსალიმის შემოგარენში ცხოვრობდნენ.

ითაისა და მისი ხალხის მდგომარეობამ დავითს შესაძლოა გაახსენა ის დრო, როცა 600 ისრაელ მებრძოლთან ერთად გადახვეწილი იყო ფილისტიმელთა მიწაზე და გათის მეფის, აქიშის სამფლობელოში ცხოვრობდა (1 სამ. 27:2, 3). როგორ მოიქცეოდნენ ითაი და მისი ხალხი, როცა აბესალომი დავითს აუჯანყდა? აბესალომის მხარეს დაიჭერდნენ, ნეიტრალურები დარჩებოდნენ თუ დავითს მიემხრობოდნენ?

წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: დავითი გარბის იერუსალიმიდან და ჩერდება ბეთ-ჰამერხაკში, რაც „დაშორებულ სახლს“ ნიშნავს. როგორც ჩანს, ეს სახლი იერუსალიმის განაპირას, ზეთისხილის მთის მხარეს იდგა; ეს იყო ბოლო სახლი არმისული კედრონის ხევამდე (2 სამ. 15:17). დავითმა აქ თვალი გადაავლო თავის მეომრებს და რას ხედავს! მის გვერდით არიან არა მხოლოდ ერთგული ისრაელები, არამედ ყველა ქერეთელი და ფელეთელი. გარდა ამისა, მათ შორის დგას ყველა გათელი — ითაი თავისი 600 მებრძოლით (2 სამ. 15:18).

დავითი მთელი გულწრფელობით ეუბნება ითაის: „შენ რატომღა უნდა წამოგვყვე? დაბრუნდი და იცხოვრე მეფესთან [როგორც ჩანს, აბესალომს გულისხმობდა], რადგან უცხოელი ხარ და გადმოხვეწილი. გუშინ მოხვედი და დღეს როგორ გახეტიალო ჩვენთან ერთად, როგორ გატარო იქ, სადაც მე მივდივარ. დაბრუნდი შენს ძმებთან ერთად. სიკეთე და ერთგულება გამოავლინოს შენდამი იეჰოვამ!“ (2 სამ. 15:19, 20)

ამ დროს ითაი შეურყეველ ერთგულებას ავლენს და პასუხობს: „ცოცხალია იეჰოვა და ცოცხალია მეფე, სადაც ჩემი მეფე-ბატონი იქნება, სასიკვდილოდ თუ სასიცოცხლოდ, იქ იქნება შენი მსახურიც!“ (2 სამ. 15:21). ითაის ნათქვამმა, შესაძლოა, გაახსენა დავითს თავისი დიდი ბებიის, რუთის სიტყვები (რუთ. 1:16, 17). ითაის სიტყვები დავითს გულზე მალამოდ დაედო. მან უთხრა ითაის, რომ კედრონის ხევზე ისიც გადმოსულიყო. „გადავიდა გათელი ითაი თავის ხალხთან და ბავშვებთან ერთად“ (2 სამ. 15:22).

„ჩვენ სასწავლებლად“

„ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა“, — ნათქვამია რომაელების 15:4-ში. ამიტომ გონივრულია, თუ ვკითხავთ საკუთარ თავს: რას ვსწავლობ ითაისგან? დავფიქრდეთ, რამ აღძრა ითაი, რომ დავითის ერთგული ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ითაი ფილისტიმიდან იყო გადმოხვეწილი, იეჰოვას ცოცხალ ღმერთად აღიარებდა, დავითს კი — იეჰოვას ცხებულ მეფედ. ისრაელსა და ფილისტიმელებს შორის არსებულმა მტრულმა დამოკიდებულებამ ხელი არ შეუშალა მას, რომ დავითის ერთგული ყოფილიყო. ითაისთვის დავითი მხოლოდ ფილისტიმელი გოლიათის მკვლელი და ბევრი მისი თანამემამულის დამმარცხებელი როდი იყო (1 სამ. 18:6, 7). მისთვის დავითი იყო ის ადამიანი, რომელსაც უყვარდა იეჰოვა; ითაი უეჭველად დავითის კარგ თვისებებსაც ხედავდა. თავის მხრივ, დავითიც ძალიან აფასებდა ითაის. დავითმა მას თავისი ‘ხალხის ერთი მესამედიც კი ჩააბარა’ აბესალომის წინააღმდეგ ბრძოლის დროს (2 სამ. 18:2).

ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ კულტურულმა, რასობრივმა თუ ეთნიკურმა სხვაობამ არ შეგვიქმნას სხვებზე წინასწარაკვიატებული აზრი ან მტრულად არ განგვაწყოს მათ მიმართ. ჩვენ სხვებში კარგ თვისებებს უნდა ვხედავდეთ. დავითისა და ითაის ურთიერთობა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ იეჰოვას სიყვარულმა ნებისმიერი ბარიერი უნდა გადაგვალახვინოს.

როცა ითაის მაგალითზე ვფიქრობთ, შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: ასეთივე ერთგული ვარ დიდი დავითის, იესო ქრისტესი? ცხადვყოფ ჩემს ერთგულებას სასიხარულო ცნობის გულმოდგინედ ქადაგებითა და მოწაფეების მომზადებით? (მათ. 24:14; 28:19, 20). რამდენად ბევრის ატანა შემიძლია, რომ ჩემი ერთგულება დავამტკიცო?

კარგი იქნება, თუ ოჯახის თავებიც დაფიქრდებიან ერთგული ითაის მაგალითზე. დავითისადმი ითაის ერთგულებამ მის მეომრებზეც დადებითად იმოქმედა და ისინიც მხარში ამოუდგნენ ღვთის ცხებულ მეფეს. მსგავსად ამისა, როცა ოჯახის თავი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად იღებს გადაწყვეტილებებს, ამან შეიძლება გარკვეულწილად იმოქმედოს მისი ოჯახის წევრებზე და ზოგჯერ სირთულეებიც შექმნას. ბიბლია გვარწმუნებს: „ერთგულს [იეჰოვა] ერთგულებით უპასუხებ“ (ფსალმ. 18:25).

დავითისა და აბესალომის ბრძოლის შემდეგ წმინდა წერილებში ითაი აღარ მოიხსენიება. ამ მოკლე ისტორიიდან, რომელიც დავითის ცხოვრების ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდს უკავშირდება, კარგად ვხედავთ ითაის პიროვნებას. ამ ბიბლიურ სიუჟეტში ითაის მოხსენიება იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა იწონებს და კურთხევებს არ აკლებს ერთგულ ადამიანებს (ებრ. 6:10).