არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სად უნდა იყო ქვეყნიერების აღსასრულის დროს?

სად უნდა იყო ქვეყნიერების აღსასრულის დროს?

სად უნდა იყო ქვეყნიერების აღსასრულის დროს?

რა ელით მართალ ადამიანებს, როდესაც იეჰოვა გაანადგურებს ამ ბოროტ სისტემას? პასუხს ვკითხულობთ იგავების 2:21, 22-ში: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე, ხოლო ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან“.

მაგრამ როგორ დარჩებიან უმწიკვლოები დედამიწაზე? იქნება მათთვის თავშესაფარი ადგილი? სად უნდა იყვნენ მართლები აღსასრულის დადგომისას? ამ კითხვებს ნათელს მოჰფენს ოთხი ბიბლიური ეპიზოდი.

როდესაც ადგილს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა

ნოესა და ლოტის ხსნის შესახებ 2 პეტრეს 2:5—7-ში ვკითხულობთ: „[ღმერთმა] არ დაინდო ძველი ქვეყნიერება, სიმართლის მქადაგებელი ნოე და კიდევ შვიდი კაცი გადაარჩინა, როცა უღვთოთა ქვეყნიერებას წარღვნა დაატეხა თავს, თუკი მსჯავრი დასდო სოდომსა და გომორას, ფერფლად აქცია და ამით აჩვენა უღვთოებს, რა მოუვათ მომავალში, კანონის უგულებელმყოფელთა თავაშვებულობით გაწამებული მართალი ლოტი კი დაიხსნა“.

როგორ გადაურჩა ნოე წარღვნას? ღმერთმა ნოეს უთხრა: „ვხედავ, რომ დადგა ყოველი ხორციელის განადგურების დრო, რადგან ძალადობით აავსეს დედამიწა. მოვსპობ მათ და მოვსპობ მიწას. გაიკეთე კიდობანი ფისიანი ხისგან“ (დაბ. 6:13, 14). ნოემ ზუსტად ისე ააგო კიდობანი, როგორც ღმერთმა უთხრა. წარღვნამდე შვიდი დღით ადრე იეჰოვამ დაავალა ნოეს, რომ ოჯახის წევრებთან ერთად შესულიყო კიდობანში და ცხოველებიც შეეყვანა. მეშვიდე დღეს კიდობნის კარი დაიკეტა, „თავსხმა მოდიოდა დედამიწაზე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე“ (დაბ. 7:1—4, 11, 12, 16). ნოე და მისი ოჯახი „გადაურჩა წყალს“ (1 პეტ. 3:20). მათი გადარჩენა დამოკიდებული იყო იმაზე, იქნებოდნენ თუ არა წარღვნის დროს კიდობანში. დედამიწაზე კიდობნის გარდა სხვა უსაფრთხო ადგილი არ არსებობდა (დაბ. 7:19, 20).

რაც შეეხება ლოტს, მას სხვაგვარი მითითებები მიეცა. ორმა ანგელოზმა გააფრთხილა, სად არ უნდა ყოფილიყო: „ვინც შენიანია ამ ქალაქში [სოდომში], ყველა გაიყვანე აქედან! უნდა გავანადგუროთ აქაურობა“. ისინი ‘მთებში უნდა გაქცეულიყვნენ’ (დაბ. 19:12, 13, 17).

ნოესა და ლოტის შემთხვევა ადასტურებს, რომ „იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ღვთის ერთგულები, უმართლოები კი შემოინახოს სასამართლოს დღისთვის“ (2 პეტ. 2:9). ნოესა და ლოტის გადასარჩენად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მათ ადგილსამყოფელს. ნოე უნდა შესულიყო კიდობანში, ლოტი კი უნდა გაქცეულიყო სოდომიდან. მაგრამ აქვს ყოველთვის მნიშვნელობა ადგილსამყოფელს? შეუძლია იეჰოვას იხსნას მართლები, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, თავიანთი ადგილსამყოფელის შეუცვლელად? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად განვიხილოთ კიდევ ორი ბიბლიური ეპიზოდი.

აქვს ყოველთვის მნიშვნელობა ადგილსამყოფელს?

მოსეს დროს, სანამ იეჰოვა ეგვიპტეს ათ სასჯელს დაატეხდა, ისრაელებს უბრძანა, რომ საპასექო მსხვერპლის სისხლი შეესხურებინათ თავიანთი სახლების კარისთავსა და წირთხლებზე. ეს იმიტომ უნდა გაეკეთებინათ, რომ, ‘როცა იეჰოვა ჩაივლიდა ეგვიპტისთვის უბედურების დასატეხად, დაინახავდა სისხლს კარისთავსა და ორივე წირთხლზე, ჩაუვლიდა იეჰოვა კარს და არ დაუშვებდა, რომ უბედურებას გაენადგურებინა მათი სახლები’. სწორედ იმ ღამეს „დაჰკრა იეჰოვამ ეგვიპტის მიწაზე ყველა პირმშოს, ტახტზე მჯდომი ფარაონის პირმშოდან დაწყებული დილეგში მყოფი ტყვეების პირმშოებითა და ცხოველთა პირველმოგებულებით დამთავრებული“. ისრაელის ყველა პირმშო გადარჩა, არც ერთ მათგანს ადგილსამყოფელის დატოვება არ მოუწია (გამ. 12:22, 23, 29).

ახლა გავიხსენოთ რახაბი, იერიხონელი მეძავი. ისრაელები აღთქმული მიწის დაპყრობას აპირებდნენ. როგორც კი რახაბი მიხვდა, რომ იერიხონი განწირული იყო, ორ ისრაელ მზვერავს ამცნო, რომ ქალაქი ისრაელების შიშით იყო მოცული. მან გადამალა მზვერავები და იეჰოვა დააფიცა, რომ სიკვდილისგან ეხსნათ ის და მისი ოჯახის წევრები, როცა იერიხონს დაიპყრობდნენ. მზვერავებმა უთხრეს რახაბს, რომ ოჯახის წევრები თავის სახლში შეეკრიბა, რომელიც გალავანში იყო. თუ ისინი სახლს დატოვებდნენ, ქალაქის მოსახლეობასთან ერთად განადგურდებოდნენ (იეს. 2:8—13, 15, 18, 19). მაგრამ მოგვიანებით იეჰოვამ უთხრა იესო ნავეს ძეს, რომ ‘უნდა ჩამოქცეულიყო ქალაქის გალავანი’ (იეს. 6:5). ახლა ის ადგილი, რომელიც მზვერავების დაპირების თანახმად, უსაფრთხო უნდა ყოფილიყო, სახიფათო გახდა. როგორ გადარჩებოდნენ რახაბი და მისი ოჯახის წევრები?

იერიხონის დაპყრობის დრო რომ დადგა, ისრაელებმა ჩაჰბერეს საყვირებს და ყიჟინა დასცეს. „როგორც კი გაიგო ხალხმა [ისრაელმა] საყვირის ხმა და დასცა დიდი საომარი ყიჟინა, ჩამოიქცა გალავანი“, — ვკითხულობთ იესო ნავეს ძის 6:20-ში. გალავანი ადამიანის ხელით არ უნდა ჩამოქცეულიყო. როდესაც იერიხონის კედლების ნგრევა დაიწყო, გალავნის ის ნაწილი, რომელშიც რახაბი ცხოვრობდა, სასწაულებრივად გადაურჩა დანგრევას. იესო ნავეს ძემ უბრძანა ამ ორ მზვერავს: „შედით იმ მეძავი ქალის სახლში და გამოიყვანეთ ის და ყველა მისიანი, როგორც დაუფიცეთ“ (იეს. 6:22). ყველა, ვინც რახაბის სახლში იმყოფებოდა, გადარჩა.

რა იყო უმთავრესი?

რას ვსწავლობთ ზემოხსენებული ბიბლიური ეპიზოდებიდან, რაც ნოეს, ლოტის, ისრაელებისა და რახაბის ხსნას ეხება? როგორ შეგვიძლია ამ შემთხვევებიდან გავიგოთ, სად უნდა ვიყოთ მაშინ, როცა ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულის დრო დადგება?

უდავოა, რომ ნოემ გადასარჩენად კიდობანს შეაფარა თავი. მაგრამ, რატომ შევიდა ის კიდობანში? განა იმიტომ არა, რომ რწმენა ჰქონდა და ღვთის მორჩილი იყო? ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა უბრძანა. სწორედ ისე გააკეთა“ (დაბ. 6:22; ებრ. 11:7). რისი თქმა შეიძლება ჩვენზე? ყველაფერს ვაკეთებთ ღვთის მითითებისამებრ? ნოე აგრეთვე „სიმართლის მქადაგებელი“ იყო (2 პეტ. 2:5). ნოესავით მთელი გულით ვქადაგებთ მაშინაც კი, როცა გულგრილობას ვხვდებით?

ლოტი განადგურებას სოდომიდან გაქცევით გადაურჩა. ის იმიტომ გადარჩა, რომ ღვთის თვალში მართალი იყო; ლოტი გაწამებული იყო სოდომისა და გომორას მოსახლეობის საქციელის გამო, რომლებიც კანონის უგულებელმყოფელნი და თავაშვებულნი იყვნენ. ვართ ჩვენც გაწამებულნი ხალხის თავაშვებულობის გამო? თუ ისე შევეგუეთ ამ ფაქტს, რომ ჩვენზე აღარ მოქმედებს? ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ იეჰოვას თვალში „უმწიკვლოები, უმანკოები და მშვიდობის მქონეები“ ვიყოთ? (2 პეტ. 3:14).

რახაბი და ეგვიპტეში მყოფი ისრაელები იმ შემთხვევაში გადარჩებოდნენ, თუ თავიანთ სახლებში დარჩებოდნენ. ამისათვის მათ რწმენა უნდა ჰქონოდათ და მორჩილები უნდა ყოფილიყვნენ (ებრ. 11:28, 30, 31). წარმოიდგინეთ, რა განცდა დაეუფლებოდა ისრაელის თითოეულ ოჯახს თავიანთი პირმშოების შემყურეებს, როდესაც ერთიმეორის მიყოლებით ეგვიპტელთა ოჯახებში პირმშოები კვდებოდნენ და გამწარებული ეგვიპტელების მოთქმა ისმოდა! (გამ. 12:30). ახლა წარმოიდგინეთ რახაბი, რომელიც ალბათ თავის ოჯახის წევრებს იყო ჩახუტებული და ესმოდა, ერთმანეთის მიყოლებით როგორ ინგრეოდა იერიხონის კედლები და სულ უფრო და უფრო როგორ ძლიერდებოდა ნგრევის ხმა. მას ძლიერი რწმენა უნდა ჰქონოდა, დამორჩილებოდა მითითებას და სახლიდან არ გამოსულიყო.

მალე სატანის ბოროტი ქვეყნიერების აღსასრული დადგება. ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ დაიცავს იეჰოვა ერთგულ მსახურებს თავისი შიშის მომგვრელი „რისხვის დღეს“ (სოფ. 2:3). სადაც არ უნდა ვიყოთ და რა ვითარებაშიც, გვჯეროდეს, რომ თუ რწმენა გვექნება და იეჰოვას მორჩილები ვიქნებით, გადავრჩებით. ახლა გავიგოთ ესაიას წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული „შიდა ოთახების“ მნიშვნელობა.

„შედი შენს შიდა ოთახებში“

„წადი, ჩემო ხალხო, შედი შენს შიდა ოთახებში და ჩაიკეტე კარები! — ვკითხულობთ ესაიას 26:20-ში. — ცოტა ხნით დაიმალეთ, სანამ რისხვა არ გადაივლის“. ეს წინასწარმეტყველება, როგორც ჩანს, თავდაპირველად ძვ. წ. 539 წელს შესრულდა, როდესაც მიდიელებმა და სპარსელებმა ბაბილონი დაიპყრეს. ბაბილონში შესვლის შემდეგ კიროსი ალბათ უბრძანებდა ხალხს, რომ თავ-თავის სახლში დარჩენილიყვნენ, რადგან მის მეომრებს ნაბრძანები ჰქონდათ, ყველა გარეთ მყოფი მოეკლათ.

დღეს „შიდა ოთახები“, როგორც ჩანს, მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა 100 000-ზე მეტი კრებაა. ეს კრებები ჩვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და ასე იქნება „დიდი გასაჭირის“ დროსაც (გამოცხ. 7:14). ღვთის ხალხს ნაბრძანები აქვს, რომ შევიდნენ თავ-თავიანთ „შიდა ოთახებში“ და დაიმალონ, „სანამ რისხვა არ გადაივლის“. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განვივითაროთ და შევინარჩუნოთ სწორი შეხედულება ღვთის შესაკრებელზე და ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს კრებასთან. მივყვეთ პავლეს მოწოდებას: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნეოთ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრ. 10:24, 25).

[სურათები 7 გვერდზე]

რისი სწავლა შეგვიძლია იმ ბიბლიური ეპიზოდებიდან, რომლებიც ღვთის ერთგული მსახურების ხსნას ეხება?

[სურათი 8 გვერდზე]

რა შეიძლება იგულისხმებოდეს დღეს „შიდა ოთახებში“?