ქმრებო, მიჰბაძეთ იესოს სიყვარულში!
ქმრებო, მიჰბაძეთ იესოს სიყვარულში!
სიცოცხლის უკანასკნელ საღამოს იესომ თავის ერთგულ მოციქულებს დაუბარა: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:34, 35). მართლაც, ჭეშმარიტ ქრისტიანებს მთელი გულით უნდა უყვარდეთ ერთმანეთი.
პავლე მოციქულმა შემდეგი სიტყვებით უშუალოდ ქმრებს მიმართა: „ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა კრება და თავი გასწირა მისთვის“ (ეფეს. 5:25). როგორ შეუძლია ქრისტიან ქმარს ამ რჩევის გამოყენება განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი მეუღლე იეჰოვას ემსახურება?
ქრისტე ზრუნავდა კრებაზე
„ქმრებსაც ისე უნდა უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები, — ნათქვამია ბიბლიაში. — ვისაც ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს, რადგან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს მას და ზრუნვას არ აკლებს, როგორც ქრისტე — კრებას“ (ეფეს. 5:28, 29). იესოს უყვარდა თავისი მოწაფეები, ის ზრუნავდა მათზე და უფრთხილდებოდა. იესო რბილი და კეთილი იყო მოწაფეების მიმართ, მათი არასრულყოფილების მიუხედავად. მას ისე ძლიერ სურდა „საკუთარი თავისთვის წარედგინა კრება მთელი სიდიადით“, რომ ყურადღებას ყოველთვის მოწაფეების დადებით თვისებებზე ამახვილებდა (ეფეს. 5:27).
როგორც ქრისტე ავლენდა სიყვარულს კრების მიმართ, ისე ქმარი უნდა ავლენდეს სიყვარულს ცოლის მიმართ სიტყვითა თუ საქმით. თუ ქმარი ყოველთვის ავლენს სითბოსა და სიყვარულს ცოლის მიმართ, ეს უკანასკნელი გრძნობს, რომ აფასებენ და ბედნიერია. მეორე მხრივ, შეიძლება კეთილმოწყობილი სახლი ჰქონდეთ, მაგრამ ცოლი უბედური იყოს იმის გამო, რომ ვერ გრძნობს ქმრის ყურადღებას.
რით ცხადყოფს ქმარი, რომ აფასებს ცოლს? თუ საზოგადოებაში ღირსეულად წარადგენს მას სხვების წინაშე და მხარდაჭერისთვის აქებს. თუ ცოლმა ბევრი რამ გააკეთა ოჯახის საკეთილდღეოდ, ქმარს არ უნდა მოერიდოს ამის ხმამაღლა თქმა. ერთი ერთზე ყოფნისას ცოლი უნდა გრძნობდეს ქმრის სიყვარულს. ხელით შეხება, გაღიმება, გულში ჩაკვრა თუ კომპლიმენტის თქმა, ერთი შეხედვით, შეიძლება წვრილმანი იყოს, მაგრამ ქალისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
„არ რცხვენია, რომ მათ ძმები უწოდოს“
იესო ქრისტეს ‘არ რცხვენოდა, [თავისი ცხებული მიმდევრებისთვის] ძმები ეწოდებინა’ (ებრ. 2:11, 12, 17). გახსოვდეს, რომ შენი მეუღლე შენი სულიერი დაც არის. საქორწინო აღთქმაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ შენი ცოლი იეჰოვას მიძღვნილი მსახურია იმის მიუხედავად, ქორწინებამდე მიუძღვნა მან ღმერთს თავი თუ ქორწინების შემდეგ. როდესაც კრების შეხვედრაზე შენს ცოლს სთხოვენ, კომენტარი გააკეთოს, ძმა „დაო“-თი მიმართავს. აღსანიშნავია, რომ ის შენი დაც არის არა მხოლოდ სამეფო დარბაზში, არამედ სახლშიც. ამიტომ, როგორც სამეფო დარბაზში მოექცეოდი მას თავაზიანად და კეთილად, სახლშიც ასე უნდა მოექცე.
თუ კრებაში დამატებითი პასუხისმგებლობები გაქვს, ალბათ, ადვილი არ არის გააწონასწორო შენი ვალდებულებები კრებასა
თუ ოჯახში. უხუცესებთან და მომსახურეებთან კარგი თანამშრომლობა და მათთვის პასუხისმგებლობების მინდობა დაგეხმარება, უფრო მეტი დრო გამონახო იმ დისთვის, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდები, ანუ შენი ცოლისთვის. გახსოვდეს, რომ სხვა ძმებსაც შეუძლიათ იმ საქმის გაკეთება, რასაც შენ აკეთებ კრებაში, მაგრამ სხვა ვერავინ შეასრულებს იმ ვალდებულებას, რომელიც შენი ცოლის წინაშე გაკისრია.გარდა ამისა, შენ ხარ ცოლის თავი. ბიბლიაში ნათქვამია: „ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი კაცია“ (1 კორ. 11:3). როგორ უნდა გასწიო ოჯახში მეთაურობა? რა თქმა უნდა, სიყვარულით. არ იქნება სწორი, თუ გამუდმებით შეახსენებ შენს ცოლს ამ მუხლს და მოსთხოვ, რომ პატივი გცეს. ოჯახის კარგი მეთაური იმ შემთხვევაში იქნები, თუ ისე მოეპყრობი ცოლს, როგორც იესო ეპყრობა კრებას (1 პეტ. 2:21).
„თქვენ ჩემი მეგობრები ხართ“
იესომ თავის მოწაფეებს მეგობრები უწოდა. მან უთხრა მათ: „მონებს აღარ გიწოდებთ, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი, არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან, რაც მამაჩემისგან მომისმენია, ყველაფერი გამცნეთ“ (იოან. 15:14, 15). იესოსა და მის მოწაფეებს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. ისინი ერთად აკეთებდნენ სხვადასხვა საქმეს. მაგალითად, „იესო და მისი მოწაფეები“ ქორწილში დაპატიჟეს კანაში (იოან. 2:2). მათ საყვარელი ადგილებიც ჰქონდათ, მაგალითად გეთსემანეს ბაღი. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „იესო და მისი მოწაფეები იქ ხშირად იკრიბებოდნენ“ (იოან. 18:2).
ცოლი უნდა გრძნობდეს, რომ ის ქმრის უახლოესი მეგობარია. აუცილებელია, რომ ცოლ-ქმარი ერთად ატარებდეს დროს! ერთად იმსახურეთ, ერთად შეისწავლეთ ბიბლია, ერთად გაატარეთ დრო — ისეირნეთ, ისაუბრეთ და ისადილეთ. ნუ იქნებით მხოლოდ ცოლ-ქმარი, იყავით ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები!
მას „ბოლომდე უყვარდა ისინი“
იესოს ‘ბოლომდე უყვარდა თავისი მოწაფეები’ (იოან. 13:1). ზოგი ქმარი ამ მხრივ არ ჰბაძავს ქრისტეს. ზოგი ტოვებს კიდეც თავისი „ახალგაზრდობის ცოლს“ და უფრო ახალგაზრდაში ცვლის (მალ. 2:14, 15).
მაგრამ ბევრი ქმარი ჰბაძავს ქრისტეს, მაგალითად, ვილი. მის ცოლს ცუდი ჯანმრთელობის გამო წლების მანძილზე მოვლა ესაჭიროებოდა. რას გრძნობდა ამ დროს ვილი? ის ამბობს: „ჩემი მეუღლე ჩემთვის ყოველთვის ღვთის ძვირფასი საჩუქარი იყო. 60 წლის წინ პირობა მივეცი მას, რომ ჭირსა თუ ლხინში მასთან ერთად ვიქნებოდი. ამ პირობას არასოდეს დავივიწყებ“.
ქრისტიანო ქმრებო, მიჰბაძეთ იესოს სიყვარულში! იზრუნეთ თქვენს ღვთისმოშიშ მეუღლეზე, დასა და მეგობარზე.
[სურათი 20 გვერდზე]
არის ცოლი შენი უახლოესი მეგობარი?
[სურათი 20 გვერდზე]
„გიყვარდეთ თქვენი ცოლები“