არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაუქორწინებელნი, მაგრამ ბედნიერნი

დაუქორწინებელნი, მაგრამ ბედნიერნი

დაუქორწინებელნი, მაგრამ ბედნიერნი

„იქორწინეს და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად“. ბევრი ზღაპარი მსგავსი სიტყვებით მთავრდება. ზოგიერთი ფილმი და რომანი ისეთ შთაბეჭდილებას უქმნის ადამიანს, თითქოს ქორწინების გარეშე ბედნიერება წარმოუდგენელია. უფრო მეტიც, ზოგ ქვეყანაში ახალგაზრდებს გამუდმებით ჩასჩიჩინებენ, რომ დაქორწინდნენ. „სხვებს რომ მოუსმინო, ქალის უპირველესი მოვალეობა გათხოვებაა. თითქოს ცხოვრებას გათხოვების გარეშე აზრი არა აქვს“, — ამბობს დები, რომელიც დაახლოებით 25 წლისაა.

მაგრამ სულიერად მოაზროვნე ადამიანი ამ საკითხს სხვაგვარად უყურებს. თუმცა ისრაელში ქორწინებას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ბიბლია მოიხსენიებს მამაკაცებსა და ქალებს, რომლებსაც დაუქორწინებლობის მიუხედავად აზრიანი ცხოვრება ჰქონდათ. დღეს ზოგი ქრისტიანი საკუთარი სურვილით არჩევს დაუქორწინებლობას, ზოგი კი იმიტომ არ ქორწინდება, რომ მდგომარეობა არ უწყობს ხელს. რაც უნდა იყოს ამის მიზეზი, იბადება ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: როგორ შეუძლია ქრისტიანს დაუქორწინებლობა სასიკეთოდ გამოიყენოს და ბედნიერი იყოს?

იესო არ დაქორწინებულა და ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმ საქმეს, რასაც ის დედამიწაზე ასრულებდა. მან თქვა, რომ ზოგი მისი მოწაფე „შეითვისებდა“ დაუქორწინებლობას (მათ. 19:10—12). იესომ ხაზი გაუსვა იმ აზრს, რომ დაუქორწინებელი ადამიანი იმ შემთხვევაში იქნებოდა ბედნიერი და ამ მდგომარეობას სასიკეთოდ მაშინ გამოიყენებდა, თუ ასეთ ცხოვრებას „შეითვისებდა“ ანუ ამ საკითხს სწორად შეხედავდა.

იესოს რჩევა მხოლოდ მას არ ეხება, ვინც შეგნებულად იკავებს თავს ქორწინებისგან, რათა უფრო მეტი დრო დაუთმოს ღვთის მსახურებას (1 კორ. 7:34, 35). განვიხილოთ ერთი ქრისტიანის, ანას შემთხვევა, რომელიც 30 წელს გადაცილებულია. მას დღემდე არ შეუქმნია ოჯახი, რადგან შესაფერის ადამიანს ვერ შეხვდა. ის ამბობს: „ამას წინათ თანამშრომელმა, რომელიც მოწმე არ არის, ცოლობა მთხოვა, რასაც ნამდვილად არ ველოდი. გარკვეულწილად მესიამოვნა, მაგრამ თავს მალევე მოვერიე, რადგან მინდა, ჩემი ცხოვრება მხოლოდ იმ ადამიანს დავუკავშირო, რომელიც იეჰოვასთან დამაახლოებს“.

ანას მსგავსად ბევრ დას აქვს გადაწყვეტილი, რომ მხოლოდ „უფალში“ დაქორწინდეს * (1 კორ. 7:39; 2 კორ. 6:14). ამის გამო, ბევრი თავს იკავებს დაქორწინებისგან. როგორ შეუძლიათ მათ დაუქორწინებლობის პერიოდი სასიკეთოდ გამოიყენონ?

იფიქრეთ დადებითზე

სწორი განწყობა დაგვეხმარება, ერთი შეხედვით არასახარბიელო სიტუაციებსაც მშვიდად შევხვდეთ. „ვხარობ იმით, რაც მაქვს და ილუზიებით არ ვცხოვრობ“, — ამბობს 40 წელს გადაცილებული კარმენი. ზოგჯერ შეიძლება მარტოობის ან იმედგაცრუების გრძნობა დაგვეუფლოს. მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ მსგავსი გრძნობები მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ჩვენს და-ძმებსაც ეუფლებათ, ძალებს შეგვმატებს. იეჰოვა თავის არაერთ მსახურს დაეხმარა, რომ დაუქორწინებლობა სასიკეთოდ გამოეყენებინა და სხვა სირთულეებსაც გამკლავებოდა (1 პეტ. 5:9, 10).

მრავალმა ქრისტიანმა დაინახა დაუქორწინებლობის დადებითი მხარეები. „ბედნიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნები, თუ ცდილობ, ყველა სიტუაციაში დადებითი დაინახო“, — ამბობს ესთერი, რომელიც დაახლოებით 35 წლისაა. „დარწმუნებული ვარ, რომც არ გავთხოვდე, თუ სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე დავაყენებ, იეჰოვა კარგს არ დამიკავებს. ჩემი ცხოვრება შეიძლება ზუსტად ისე არ წარიმართა, როგორც ვფიქრობდი, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ და ამ სიხარულს ვერაფერი წამართმევს“, — დასძენს კარმენი (ფსალმ. 84:11).

ბიბლიური მაგალითები

იფთახის ქალიშვილს მიზნად არ ჰქონია დაუქორწინებლობა. მაგრამ მამის მიერ დადებული აღთქმის გამო, უარი თქვა გათხოვებაზე და მთელი ცხოვრება იეჰოვას საწმინდარში გაატარა. მას მოულოდნელად მოუწია მთელი ცხოვრების შეცვლა და საკუთარ გრძნობებზე უარის თქმა. ის ორი თვე გლოვობდა იმას, რომ ოჯახს ვეღარ შექმნიდა. ყველაფრის მიუხედავად, იფთახის ქალიშვილი შეეგუა თავის მდგომარეობას და მთელი სიცოცხლე სიხარულით ემსახურებოდა ღმერთს. ისრაელი ქალები ყოველწლიურად მიდიოდნენ მასთან და აქებდნენ ასეთი თავდადებისთვის (მსაჯ. 11:36—40).

ესაიას დროს ზოგი საჭურისი შესაძლოა თავისი მდგომარეობის გამო გულგატეხილი იყო. ბიბლია არ ასახელებს მათი საჭურისობის მიზეზს. საჭურისები ვერ გახდებოდნენ ისრაელის კრებულის სრულუფლებიანი წევრები; გარდა ამისა, ისინი ვერ დაქორწინდებოდნენ და ვერც შვილები ეყოლებოდათ (კან. 23:1). მაგრამ იეჰოვა ითვალისწინებდა მათ გრძნობებს და აქებდა იმის გამო, რომ მთელი გულით იცავდნენ მის შეთანხმებას. ღმერთმა თქვა, რომ თავის სახლში მისცემდა მათ „ძეგლს“ და „მარადიულ სახელს“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი ამ ერთგულ საჭურისებს მესიის მმართველობის დროს მარადიული სიცოცხლის იმედს აძლევდა. იეჰოვა მათ არასოდეს დაივიწყებდა (ეს. 56:3—5).

იერემიას მდგომარეობა მათგან განსხვავებული იყო. ღმერთმა იერემია წინასწარმეტყველად დანიშნა და უთხრა, ცოლი არ მოეყვანა, რადგან რთულ დროში ცხოვრობდა და განსაკუთრებული დავალება უნდა შეესრულებინა. „ნუ მოიყვან ცოლს და ნუ იყოლიებ ამ ადგილზე ვაჟებსა და ასულებს“, — უთხრა მას იეჰოვამ (იერ. 16:1—4). ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, განიცდიდა თუ არა იერემია ამას, მაგრამ ერთი რამ ნათელია — მას დიდ სიხარულს ანიჭებდა იეჰოვას სიტყვა (იერ. 15:16). წლების შემდეგ, როცა იერუსალიმი მტერს 18 თვე ალყაში ჰყავდა მოქცეული, იერემია მიხვდა, რამდენად გონივრულად მოიქცა, იეჰოვას მითითებას რომ დაემორჩილა და არ დაქორწინდა (გოდ. 4:4, 10).

ცხოვრების გამრავალფეროვნება

ბიბლიის ზემოხსენებული პერსონაჟები დაუქორწინებლები იყვნენ, მაგრამ ყოველთვის გრძნობდნენ იეჰოვას მხარდაჭერას და აქტიურად იყვნენ ჩაბმული ღვთის მსახურებაში. ღირებული საქმეების კეთება ჩვენს ცხოვრებასაც გაამრავალფეროვნებს. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ „ქალთა დიდი ლაშქარი“ აუწყებდა სასიხარულო ცნობას (ფსალმ. 68:11). ამ ლაშქარში ბევრი დაუქორწინებელია. თავიანთი მსახურებით მათ მრავალი სულიერი შვილი შეიძინეს (მარ. 10:29, 30; 1 თეს. 2:7, 8).

„პიონერული მსახურება ჩემს ცხოვრებას სწორად წარმართავს, — ამბობს ლოლი, რომელიც უკვე 14 წელია პიონერია. — მართალია გათხოვილი არ ვარ, მაგრამ თავს მარტოდ არ ვგრძნობ, რადგან აქტიურ ცხოვრებას ვეწევი. დღის ბოლოს ყოველთვის კმაყოფილი ვარ, რადგან ვხედავ, როგორ ვეხმარები ხალხს ქადაგებით. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ“.

მსახურების გასაფართოებლად მრავალი და უცხო ენას სწავლობს, რათა ამ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს უქადაგოს. „ჩემს ქალაქში მრავალი უცხოელი ცხოვრობს, — ამბობს ზემოხსენებული ანა, რომელიც ფრანგულენოვან ტერიტორიაზე ქადაგებს. — ახალი ენის სწავლა დამეხმარა, ბევრ ადამიანთან მესაუბრა, რამაც უფრო საინტერესო გახადა ჩემი მსახურება“.

დაუქორწინებლები ჩვეულებრივ უფრო ნაკლებად არიან დატვირთული ოჯახური პასუხისმგებლობებით. ამან ბევრს საშუალება მისცა, იქ გადასულიყო, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. „რაც მეტს აკეთებ იეჰოვასთვის, მით უფრო გიადვილდება მეგობრების პოვნა, სხვების სიყვარულსაც უფრო მეტად გრძნობ, — ამბობს ლიდიანა, რომელიც დაახლოებით 35 წლისაა და იმ ქვეყანაში მსახურობს, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. — ახლა სხვადასხვა ეროვნების ბევრი მეგობარი მყავს. მათ ჩემი ცხოვრება ძალიან გაამდიდრეს“.

ბიბლიაში მოხსენიებულია ფილიპე მახარობლის ოთხი დაუქორწინებელი ასული, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ (საქ. 21:8, 9). ისინიც მამასავით გულმოდგინეები იქნებოდნენ და წინასწარმეტყველების ძღვენს კესარეელი თანაქრისტიანების სასარგებლოდ გამოიყენებდნენ (1 კორ. 14:1, 3). დღესაც მრავალი დაუქორწინებელი და ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარული დასწრებითა და აქტიურობით სხვებს ამხნევებს.

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ფილიპეში ცხოვრობდა ქრისტიანი ქალი, ლიდია, რომელიც ან დაუქორწინებელი იყო ან ქვრივი (საქ. 16:14, 15, 40). ის სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა და სწორედ ამ თვისების წყალობით მიეცა მას საშუალება, გამასპინძლებოდა მიმომსვლელ ზედამხედველებს — პავლეს, სილასა და ლუკას. გულუხვობა დღესაც დიდ სიხარულს ანიჭებს ქრისტიანებს.

სიყვარულის მოთხოვნილება

ჩვეულებრივ, ყველას აქვს სურვილი, ღირებულ საქმეს აკეთებდეს და აზრიანად ცხოვრობდეს. გარდა ამისა, ყველა ადამიანში დევს სიყვარულის მოთხოვნილება. იეჰოვას ვუყვარვართ და ის ყოველთვის მზად არის, მოგვისმინოს და გაგვაძლიეროს. ამაზე ფიქრი დაუქორწინებლებს დაეხმარება, მარტოობის გრძნობის დაძლევაში. ზოგჯერ მეფე დავითი თავს „მარტოდმარტო და დაჩაგრულად“ გრძნობდა, მაგრამ ყოველთვის ჰქონდა იმის იმედი, რომ იეჰოვა მხარში ამოუდგებოდა (ფსალმ. 25:16; 55:22). ის წერდა: „დედ-მამასაც რომ მივეტოვებინე, იეჰოვა ამიყვანდა“ (ფსალმ. 27:10). ღმერთი ყველა თავის მსახურს აძლევს მასთან დაახლოებისა და დამეგობრების შესაძლებლობას (ფსალმ. 25:14; იაკ. 2:23; 4:8).

ამასთანავე, მთელ მსოფლიოში გვყავს საძმო, სადაც შეგვიძლია სულიერი გაგებით შევიძინოთ მამები, დედები და და-ძმები. მათი სიყვარული გაამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას (მათ. 19:29; 1 პეტ. 2:17). მრავალი დაუქორწინებელი ქრისტიანი ჰბაძავს პირველ საუკუნეში მცხოვრებ ტაბითას, რომელიც „ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა და მოწყალებასაც უხვად გასცემდა“ (საქ. 9:36, 39). „სადაც არ უნდა წავიდე, კრებაში ყოველთვის ვეძებ ნამდვილ მეგობრებს, რომლებიც შემიყვარებენ და გულგატეხილობის დროს გვერდში ამომიდგებიან. ურთიერთობის განსამტკიცებლად მეც ვცდილობ, არ მოვაკლო მათ სიყვარული და ყურადღება. რვა კრებაში მომიწია მსახურება და არსად გამჭირვებია მეგობრების პოვნა. მათი უმეტესობა არ არის ჩემი ასაკის; ზოგი მოზარდია, ზოგს კი უკვე შვილიშვილები ჰყავს“, — ამბობს ლოლი. კრებაში ყოველთვის არიან ისეთები, ვისაც სიყვარული და ურთიერთობა სჭირდება. თუ მათით გულწრფელად დავინტერესდებით, სიყვარულს გავცემთ და მივიღებთ კიდეც (ლუკ. 6:38).

იეჰოვა არასოდეს დაგვივიწყებს

ბიბლიაში ნათქვამია, რომ გარკვეულწილად ყველა ქრისტიანმა უნდა გაიღოს მსხვერპლი, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რა რთულ დროში ვცხოვრობთ (1 კორ. 7:29—31). განსაკუთრებულ პატივისცემასა და შექებას იმსახურებენ ის ქრისტიანები, რომლებიც არ ქორწინდებიან იმის გამო, რომ გადაწყვეტილი აქვთ, დაქორწინდნენ მხოლოდ უფალში (მათ. 19:12). თუმცა, მათი ასეთი მსხვერპლი არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ბედნიერებას არიან მოკლებული.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან იეჰოვასთან მაქვს ახლო ურთიერთობა და მას ვემსახურები, — ამბობს ლიდიანა. — ბევრ ბედნიერ წყვილს ვიცნობ, თუმცა უბედური წყვილებიც მინახავს. ვრწმუნდები, რომ ჩემი ბედნიერება ნამდვილად არ არის დამოკიდებული იმაზე, გავთხოვდები თუ არა“. როგორც იესომ აღნიშნა, ბედნიერება დამოკიდებულია გაცემასა და ღვთის მსახურებაზე, რაც ყველა ქრისტიანს შეუძლია (იოან. 13:14—17; საქ. 20:35).

ყველაზე მეტად ის გვახარებს, რომ იეჰოვა გვაკურთხებს ნებისმიერი მსხვერპლისთვის, რასაც მისი ნების შესასრულებლად გავიღებთ. ბიბლია გვარწმუნებს: „ვინაიდან ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ“ (ებრ. 6:10).

[სქოლიო]

^ აბზ. 6 ამ სტატიაში ქრისტიან დებზეა საუბარი, მაგრამ ეს რჩევები ძმებსაც ეხება.

[ჩანართი 25 გვერდზე]

„ვხარობ იმით, რაც მაქვს და ილუზიებით არ ვცხოვრობ“ (კარმენი)

[სურათი 26 გვერდზე]

ლოლი და ლიდიანა იქ მსახურობენ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა

[სურათი 27 გვერდზე]

ღმერთი ყველა თავის მსახურს აძლევს მასთან დაახლოების შესაძლებლობას