არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ერთგული მმართველი და ხელმძღვანელი საბჭო

ერთგული მმართველი და ხელმძღვანელი საბჭო

ერთგული მმართველი და ხელმძღვანელი საბჭო

„ვინ არის ერთგული და გონიერი მმართველი, რომელსაც ბატონი თავის მსახურთა მეთვალყურედ დანიშნავს, რომ დროულად მისცეს მათ თავიანთი ულუფა?“ (ლუკ. 12:42).

1, 2. რა მნიშვნელოვანი კითხვა წამოჭრა იესომ ბოლო დღეების ნიშნის შესახებ საუბრისას?

ბოლო დღეების ნიშნის შესახებ საუბრისას იესომ ასეთი კითხვა წამოჭრა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც ბატონმა დანიშნა, რომ დროულად მიეცა საზრდო მისი შინაურებისთვის?“. იესომ თქვა, რომ ერთგულებისთვის ბატონი ამ მონას მთელ თავის ქონებას ჩააბარებდა (მათ. 24:45—47).

2 მსგავსი კითხვა იესომ თვეებით ადრეც წამოჭრა (წაიკითხეთ ლუკას 12:42—44). ამ შემთხვევაში იესომ მონა „მმართველად“ მოიხსენია, შინაურები კი — „მსახურებად“. მმართველი არის ბატონის სახლის გამგებელი, რომელიც ამავე დროს მეთვალყურეობას უწევს მსახურებს. თუმცა მმართველი თავადაც მსახურია. ვინ არის იესოს მიერ მოხსენიებული მონა, იგივე მმართველი, და როგორ აძლევს ის ‘დროულად საზრდოს’ მსახურებს? ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, ვისი მეშვეობით გვაწვდის ღმერთი სულიერ საზრდოს.

3. ა) ვის უკავშირებენ თეოლოგები იესოს სიტყვებს, რომლებიც „მონას“ ეხება? ბ) ვინ არის „მმართველი“ ანუ „მონა“ და ვინ არიან „მსახურები“ ანუ „შინაურები“?

3 თეოლოგები იესოს ამ სიტყვებს ხშირად ქრისტიანული სამყაროს მაღალი რანგის სასულიერო პირებს უკავშირებენ. მაგრამ იესოს მხედველობაში არ ჰყოლია უამრავი მონა, რომლებიც გაფანტული იქნებოდნენ სხვადასხვა ქრისტიანულ მიმდინარეობაში. მან გასაგებად თქვა, რომ იქნებოდა მხოლოდ ერთი „მმართველი“, იგივე „მონა“, რომელსაც ბატონი მთელ თავის ქონებას ჩააბარებდა. „საგუშაგო კოშკში“ არაერთხელ იყო ახსნილი, რომ „მმართველით“ წარმოდგენილია ცხებულთა ჯგუფი ანუ „მცირე სამწყსო“. ამის თქმის საფუძველს ლუკას სახარებაში რამდენიმე მუხლით ადრე იესოს მიერვე მოხსენიებული „მცირე სამწყსო“ იძლევა (ლუკ. 12:32). „მსახურებიც“ ანუ „შინაურებიც“ ამავე ჯგუფს წარმოადგენენ, ოღონდ ამ შემთხვევაში, არა როგორც მთლიანი ჯგუფი, არამედ როგორც ამ ჯგუფის ცალკეული წევრები. იბადება კითხვა: მონის კლასის თითოეული წევრი მონაწილეობს სულიერი საზრდოს დროულ მომზადებაში? ამ კითხვაზე პასუხის პოვნაში ბიბლიის უფრო ღრმა გამოკვლევა დაგვეხმარება.

იეჰოვას მსახური შორეულ წარსულში

4. რა უწოდა იეჰოვამ ძველ ისრაელს და ვის ევალებოდა ისრაელის დამოძღვრა?

4 იეჰოვა მთლიანობაში თავის ხალხს, ისრაელ ერს გულისხმობდა, როცა მათ მსახური უწოდა. „თქვენა [მრავლობითი] ხართ ჩემი მოწმეები [მრავლობითი], — ამბობს იეჰოვა, — ჩემი მსახური [მხოლოობითი], რომელიც მე ავირჩიე“ (ეს. 43:10). ამ ერის თითოეული წარმომადგენელი განეკუთვნებოდა „მსახურს“. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ერის დამოძღვრა მხოლოდ მღვდლებსა და ლევიანებს ევალებოდათ (2 მატ. 35:3; მალ. 2:7).

5. იესოს თქმით, რა დიდი ცვლილება უნდა მომხდარიყო?

5 ისრაელ ერს გულისხმობდა იესო, როცა „მონაზე“ საუბრობდა? არა. ეს კარგად ჩანს იესოს შემდეგი სიტყვებიდან, რომლებითაც მან ებრაელებს მიმართა: „წაგერთმევათ ღვთის სამეფო და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფს გამოიღებს“ (მათ. 21:43). აშკარაა, რომ იეჰოვა ისრაელი ერის ნაცვლად სხვა ერს გამოიყენებდა. მაგრამ, რაც შეეხება დამოძღვრას, იესოს მიერ მოხსენიებული „მონა“ იმავეს გააკეთებდა, რასაც ძველი ისრაელის დროს ღვთის „მსახური“ აკეთებდა.

ერთგული მონის გამოჩენა

6. რომელი ერი ჩამოყალიბდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე და ვინ არიან მისი წარმომადგენლები?

6 ახალი ერი ანუ „ღვთის ისრაელი“ სულიერი ისრაელებისგან შედგება (გალ. 6:16; რომ. 2:28, 29; 9:6). ეს ერი ჩამოყალიბდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როცა ქრისტეს მოწაფეებზე ღვთის სული გადავიდა. მას შემდეგ ყველა სულითცხებული ქრისტიანი ამ ერში შედის. სწორედ ეს ერი ასრულებს ბატონის, იესო ქრისტეს მიერ დანიშნული „მონის“ მოვალეობას. ამ ერის თითოეულ წარმომადგენელს დაევალა სასიხარულო ცნობის ქადაგება და მოწაფეების მომზადება (მათ. 28:19, 20). მაგრამ თითოეულ მათგანს უნდა მიეღო მონაწილეობა დროული სულიერი საზრდოს მომზადებაში? მოდი ვნახოთ, რას გვეუბნება ბიბლია.

7. რა მოვალეობა ეკისრათ მოციქულებს თავიდან და რა დამატებითი პასუხისმგებლობები მიიღეს მოგვიანებით?

7 იესომ თავის 12 მოციქულს დაავალა, რომ წასულიყვნენ და სასიხარულო ცნობა ექადაგათ (წაიკითხეთ მარკოზის 3:13—15). ამგვარად მოციქულებმა გაამართლეს თავიანთი სახელი, რადგან ბერძნული სიტყვა „აპოსტოლოს“ (ნიშნავს მოციქულს), მომდინარეობს ზმნიდან „გაგზავნა“. მაგრამ მოგვიანებით, როცა ქრისტიანული კრება ჩამოყალიბდა, მოციქულებს „ზედამხედველის მოვალეობაც“ დაეკისრათ (საქ. 1:20—26).

8, 9. ა) რით იყვნენ მოციქულები ძირითადად დაკავებული? ბ) კიდევ ვის მიენდო საპასუხისმგებლო საქმეები, რასაც ხელმძღვანელმა საბჭომაც დაუჭირა მხარი?

8 რით იყვნენ მოციქულები ძირითადად დაკავებული? ამის დადგენაში გვეხმარება ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ განვითარებული მოვლენები. როცა ქვრივებისთვის საკვების განაწილებისას გაუგებრობა წარმოიშვა, მოციქულებმა დაიბარეს მოწაფეები და უთხრეს: „არ იქნება კარგი, რომ ჩვენ ღვთის სიტყვა მივატოვოთ და სუფრების მომსახურება დავიწყოთ“ (წაიკითხეთ საქმეების 6:1—6). მათ სულიერად მოწიფული ძმები დანიშნეს ამ „საჭირო საქმეზე“, რათა თავად „სიტყვის მსახურებისთვის“ მიეძღვნათ თავი. იეჰოვამ აკურთხა მათი გადაწყვეტილება, რაზეც მოწმობს ის, რომ „ღვთის სიტყვა ვრცელდებოდა და იერუსალიმში მოწაფეების რიცხვი საოცრად იზრდებოდა“ (საქ. 6:7). ამგვარად მოციქულთა ძირითადი საქმე სულიერ საზრდოზე ზრუნვა იყო (საქ. 2:42).

9 დროთა განმავლობაში საპასუხისმგებლო საქმეები სხვა ძმებსაც მიანდეს. მაგალითად, პავლე და ბარნაბა ანტიოქიის კრებიდან მისიონერებად გაგზავნეს. მათაც მოციქულები ეწოდათ, თუმცა 12 მოციქულთა რიცხვში არ შედიოდნენ (საქ. 13:1—3; 14:14; გალ. 1:19). მათ მოციქულობას იერუსალიმში ხელმძღვანელმა საბჭომაც დაუჭირა მხარი (გალ. 2:7—10). მალე პავლე თავადაც ჩაება სულიერი საზრდოს მომზადებაში და ღვთის შთაგონებით პირველი წერილი დაწერა.

10. ყველა სულითცხებული ქრისტიანი მონაწილეობდა პირველ საუკუნეში სულიერი საზრდოს მომზადებაში? ახსენით.

10 ყველა სულითცხებული ქრისტიანი ხელმძღვანელობდა სამქადაგებლო საქმეს და თითოეული მათგანი ზრუნავდა სულიერი საზრდოს მომზადებაზე? არა. პავლე მოციქული წერდა: „განა ყველა მოციქულია? განა ყველა წინასწარმეტყველია? განა ყველა მასწავლებელია? განა ყველა ახდენს სასწაულებს?“ (1 კორ. 12:29). მართალია ყველა სულითცხებული ქრისტიანი ქადაგებდა, მაგრამ მათგან მხოლოდ რვამ მიიღო მონაწილეობა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დაწერაში.

ერთგული მონა ჩვენს დროში

11. რა არის „ქონება“, რომელიც „მონას“ აქვს ჩაბარებული?

11 მათეს 24:45-ში ჩაწერილი იესოს სიტყვებიდან და ამ მუხლის კონტექსტიდან ჩანს, რომ ერთგული და გონიერი მონის კლასს ბოლო დღეებშიც უნდა ეარსება. გამოცხადების 12:17-ში მათ ეწოდებათ „დანარჩენები“ ქალის შთამომავლებიდან. როგორც ჯგუფს, ამ დარჩენილ ნაწილს ჩაბარებული აქვს ქრისტეს ქონება დედამიწაზე. „ერთგული მმართველისთვის“ ჩაბარებულ ქონებაში შედის ყველაფერი, რაც ღვთის სამეფოს ინტერესებს ემსახურება დედამიწაზე — ამ სამეფოს ქვეშევრდომები და ის უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად არის საჭირო.

12, 13. როგორ იგებს ქრისტიანი, რომ ზეცაში ცხოვრებისთვის არის მოწოდებული?

12 როგორ ხვდებიან ქრისტიანები, რომ სულიერი ისრაელის დარჩენილ ნაწილს მიეკუთვნებიან და ზეციერი ცხოვრებისთვის არიან მოწოდებულნი? პასუხს პავლეს სიტყვებიდან ვიგებთ, რომლებიც მან ზეციური იმედის მოზიარეებს მისწერა: «ყველანი, ვისაც ღვთის სული მიუძღვება, ღვთის ძეები არიან. თქვენ კვლავ შიშის მომგვრელი მონობის სული კი არ მიგიღიათ, არამედ შვილების სული მიიღეთ, რომელი სულითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამა!“ ეს სული თვითონვე მოწმობს ჩვენს სულთან ერთად, რომ ღვთის შვილები ვართ. და თუ შვილები ვართ, მემკვიდრენიც ვართ — ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუკი მასთან ერთად ვიტანჯებით, რომ მასთან ერთად განვდიდდეთ კიდეც» (რომ. 8:14—17).

13 სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ქრისტიანები წმინდა სულით არიან ცხებული და ზეცაში ცხოვრებისთვის არიან მოწოდებულნი (ებრ. 3:1). მათ თვით ღმერთი იწვევს. ისინი კი, ყოველგვარი შიშისა და ეჭვის გარეშე, მაშინვე ეხმაურებიან მოწოდებას, გახდნენ ღვთის შვილები (წაიკითხეთ 1 იოანეს 2:20, 21 ). ისინი თვითონ არ ირჩევენ ზეციერ ცხოვრებას; მათ იეჰოვა ასვამს ბეჭედს, წმინდა სულს (2 კორ. 1:21, 22; 1 პეტ. 1:3, 4).

სწორი თვალსაზრისი

14. როგორ ეკიდებიან ცხებულები თავიანთ მოწვევას?

14 როგორ ეკიდებიან თავად ცხებულები ამ ჯილდოს? ისინი აფასებენ ამ არაჩვეულებრივ მოწვევას, თუმცა კარგად ესმით, რომ ეს მხოლოდ მოწვევაა. ისინი ჯილდოს იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ სიკვდილამდე ერთგულები დარჩებიან. ცხებულები იზიარებენ პავლეს სიტყვებს: „ძმებო, არ ვფიქრობ, რომ უკვე მოვიპოვე, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: ვივიწყებ იმას, რაც უკან დარჩა, და ვისწრაფვი იმისკენ, რაც წინ არის, ვისწრაფვი მიზნისკენ, ღვთის მიერ ზეციური მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილ. 3:13, 14). დედამიწაზე მცხოვრებმა ცხებულებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ‘იმ მოწოდების ღირსად იარონ, რომლითაც მოწოდებულნი არიან, სრული თავმდაბლობით, შიშითა და კანკალით’ (ეფეს. 4:1, 2; ფილ. 2:12; 1 თეს. 2:12).

15. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იმ დის ან ძმის მიმართ, რომელიც გახსენების საღამოზე სიმბოლოებს იღებს და თავად ცხებულები რას ფიქრობენ საკუთარ თავზე?

15 როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იმ დის ან ძმის მიმართ, რომელიც ამბობს, რომ ცხებულია და გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიღებას იწყებს? ეს და ან ძმა ჩვენი განსასჯელი არ არის. ეს მხოლოდ მისი და იეჰოვას საქმეა (რომ. 14:12). ქრისტიანები, რომლებიც ნამდვილად ცხებულები არიან, განსაკუთრებულ ყურადღებას არ ითხოვენ. ისინი არ ფიქრობენ, რომ რახან ცხებულები არიან განსაკუთრებული წვდომის უნარით გამოირჩევიან „უამრავი ხალხისგან“ (გამოცხ. 7:9). ისინი არც იმას ფიქრობენ, რომ ღმერთი მათ უფრო მეტად აძლევს წმინდა სულს, ვიდრე რომელიმე „სხვა ცხვარს“ (იოან. 10:16); არც განსაკუთრებულ მოპყრობას ელიან და არც იმას ამტკიცებენ, რომ კრებაში დანიშნულ უხუცესებზე მაღლა დგანან.

1618. ა) იღებს ყველა ცხებული მონაწილეობას ბიბლიური საკითხების ახსნაში? ახსენით. ბ) რატომ არ არის აუცილებელი, რომ ხელმძღვანელი საბჭო გადაწყვეტილების მიღებამდე შეუთანხმდეს ყველა სულითცხებულს?

16 მთელ მსოფლიოში მცხოვრები ყველა ცხებული იღებს მონაწილეობას ბიბლიური საკითხების ახსნაში? არა. მონის კლასი, როგორც ჯგუფი, პასუხისმგებელია „შინაურებისთვის“ სულიერი საზრდოს მომზადებაზე, მაგრამ ეს არ არის ამ კლასის თითოეული წარმომადგენლის მოვალეობა. მათ განსხვავებული პასუხისმგებლობები და საქმეები აკისრიათ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 12:14—18). როგორც აღვნიშნეთ, პირველ საუკუნეში ყველა მონაწილეობდა სასიხარულო ცნობის ქადაგებაში, მაგრამ მათი უმეტესობა არ წერდა ბიბლიის წიგნებს და არც ქრისტიანული კრების ზედამხედველი იყო.

17 მაგალითად, ბიბლიაში რამდენიმე ადგილას ნათქვამია, რომ კრებამ უნდა მოაგვაროს გარკვეული სამართლებრივი საკითხები (მათ. 18:17). მაგრამ სინამდვილეში ამ საკითხებს მხოლოდ უხუცესები აგვარებენ, როგორც კრების წარმომადგენლები. უხუცესები გადაწყვეტილების მიღებამდე კრების თითოეულ წევრს არ ეკითხებიან აზრს. ისინი თეოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და ამას მთელი კრების სახელით აკეთებენ.

18 დღესაც ცხებულთა მხოლოდ მცირე ნაწილი მსახურობს მონის კლასის წარმომადგენლად. ისინი ქმნიან იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელ საბჭოს. ეს სულითცხებული მამაკაცები ხელმძღვანელობენ სამეფოს შესახებ ქადაგების საქმეს და მონაწილეობენ სულიერი საზრდოს მომზადებაში. ისევე როგორც პირველ საუკუნეში, გადაწყვეტილებების მიღებამდე ხელმძღვანელი საბჭო არც დღეს უთანხმებს მონის კლასის თითოეულ წევრს ამა თუ იმ საკითხს (წაიკითხეთ საქმეების 16:4, 5). თუმცა, ყველა ცხებული ქრისტიანი აქტიურადაა ჩართული მკაში, რომელიც დღეს მიმდინარეობს. როგორც კლასი, „ერთგული და გონიერი მონა“ ერთი ჯგუფია, მაგრამ ამ ჯგუფის თითოეულ წევრს სხვადასხვა მოვალეობა აკისრია (1 კორ. 12:19—26).

19, 20. როგორი დამოკიდებულება აქვს უამრავ ხალხს „ერთგული და გონიერი მონისა“ და ხელმძღვანელი საბჭოს მიმართ?

19 როგორ უნდა იმოქმედოს ზემოხსენებული ფაქტების ცოდნამ დედამიწაზე მარადიული ცხოვრების მოიმედე უამრავ ხალხზე, რომელთა რიცხვიც განუწყვეტლივ იზრდება? მეფის „ქონებაში“ ისინიც შედიან, ამიტომ სიხარულით უჭერენ მხარს ხელმძღვანელ საბჭოს, რომელიც „ერთგულ და გონიერ მონას“ წარმოადგენს. უამრავი ხალხი აფასებს სულიერ საზრდოს, რომლის მომზადებასაც ხელმძღვანელი საბჭო უწევს მეთვალყურეობას. ისინი პატივს სცემენ მონის კლასს, მაგრამ არ განადიდებენ ამ კლასის ცალკეულ წარმომადგენლებს. ფაქტობრივად, არც ერთ ჭეშმარიტ სულითცხებულს არ სურს, განსაკუთრებული პატივით ეპყრობოდნენ (საქ. 10:25, 26; 14:14, 15).

20 „შინაურებს“ ანუ ცხებულთა დარჩენილ ნაწილს მივეკუთვნებით თუ უამრავ ხალხს, მოდი, მთელი გულით დავუჭიროთ მხარი ერთგულ მმართველს და ხელმძღვანელ საბჭოს. დაე, თითოეულმა ვიფხიზლოთ და ბოლომდე შევინარჩუნოთ ერთგულება! (მათ. 24:13, 42)

გახსოვთ?

• ვინ არის „ერთგული და გონიერი მონა“ და ვინ არიან „შინაურები“?

• როგორ ხვდება ქრისტიანი, აქვს თუ არა ზეციური მოწოდება?

• ძირითადად, ვინ არის პასუხისმგებელი სულიერი საზრდოს მომზადებაზე?

• რას ფიქრობენ თავად ცხებულები საკუთარ თავზე?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 23 გვერდზე]

როგორც პირველ საუკუნეში, დღესაც ხელმძღვანელი საბჭო ერთგული და გონიერი მონის კლასის წარმომადგენელია