იყავით „კარგი საქმეების მოშურნე“!
იყავით „კარგი საქმეების მოშურნე“!
„[იესომ] თავი დადო ჩვენთვის, რათა გავეთავისუფლებინეთ ყოველგვარი უკანონობისგან და თავის საკუთრებად განეწმინდა ერი, კარგი საქმეების მოშურნე“ (ტიტ. 2:14).
1. რა მოხდა ახ. წ. 33 წლის 10 ნისანს, როცა იესო მივიდა ტაძარში?
ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის 10 ნისანი იდგა. პასექის დღესასწაულამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი. იერუსალიმის ტაძარში უამრავ მორწმუნეს მოეყარა თავი. მალე იესოც გამოჩნდა. მათე, მარკოზი და ლუკა თავიანთ სახარებებში გვამცნობენ, რომ იესომ ამჯერადაც გაყარა ტაძრიდან ყველა, ვინც ყიდდა და ყიდულობდა. ფულის გადამცვლელებს მაგიდები გადაუყირავა და მტრედების გამყიდველებს — სკამები (მათ. 21:12; მარ. 11:15; ლუკ. 19:45). იესო სამი წლის წინაც ასე მოიქცა. მისი მოშურნეობა ღვთის თაყვანისმცემლობის მიმართ არ განელებულა (იოან. 2:13—17).
2, 3. რატომ შეიძლება ითქვას, რომ იესოს მოშურნეობა ტაძრის განწმენდით არ შემოფარგლულა?
2 მათეს სახარებიდან კარგად ჩანს, რომ იესოს მოშურნეობა მხოლოდ ტაძრის განწმენდით არ შემოიფარგლებოდა. ტაძარში მან აგრეთვე განკურნა მასთან მისული უსინათლოები და კოჭლები (მათ. 21:14). ლუკას სახარებიდან იმასაც ვიგებთ, რომ „[იესო] ყოველდღე ასწავლიდა ტაძარში“ (ლუკ. 19:47; 20:1). ამგვარად, იესოს მოშურნეობა განსაკუთრებით მსახურებაში ვლინდებოდა.
3 მოგვიანებით, მოციქულმა პავლემ ტიტესადმი მიწერილ წერილში აღნიშნა, რომ იესომ „თავი დადო ჩვენთვის, რათა გავეთავისუფლებინეთ ყოველგვარი უკანონობისგან და თავის საკუთრებად განეწმინდა ერი, კარგი საქმეების მოშურნე“ (ტიტ. 2:14). ჩვენ როგორ შეგვიძლია ვიყოთ „კარგი საქმეების მოშურნე“? რის სწავლა შეგვიძლია იუდას ღვთისმოშიში მეფეებისგან?
მოშურნეობა ქადაგებისა და სწავლების საქმეში
4, 5. როგორ დაამტკიცა იუდას ოთხივე მეფემ, რომ კარგი საქმეების მოშურნეები იყვნენ?
4 ასამ, იეჰოშაფატმა, ხიზკიამ და იოშიამ ყოველი ღონე იხმარეს იუდაში კერპთაყვანისმცემლობის აღმოსაფხვრელად. ასამ „მოსპო . . . უცხო სამსხვერპლოები და მაღლობები, დაამტვრია წმინდა სვეტები და წმინდა ბოძები“ (2 მატ. 14:3). იეჰოვას თაყვანისმცემლობის მოშურნე იეჰოშაფატმა „მოსპო იუდაში მაღლობები და წმინდა ბოძები“ (2 მატ. 17:6; 19:3). *
5 ხიზკიას მიერ ორგანიზებული შვიდდღიანი პასექის აღნიშვნის შემდეგ იერუსალიმში „მყოფმა ისრაელებმა დაიარეს იუდას ქალაქები და დაამტვრიეს წმინდა სვეტები, აჩეხეს წმინდა ბოძები, მოსპეს მაღლობები და სამსხვერპლოები მთელ იუდაში, ბენიამინში, ეფრემსა და მენაშეში, ვიდრე ბოლომდე არ მიიყვანეს საქმე“ (2 მატ. 31:1). იოშია მხოლოდ რვა წლის იყო, როცა გამეფდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „თავისი მეფობის მერვე წელს, როცა ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, დავითის, თავისი წინაპრის, ღვთის ძიება დაიწყო; თავისი მეფობის მეთორმეტე წელს კი დაიწყო იუდასა და იერუსალიმის განწმენდა მაღლობებისგან, წმინდა ბოძებისგან, გამოთლილი და ჩამოსხმული ქანდაკებებისგან“ (2 მატ. 34:3). როგორც ვხედავთ, ოთხივე მეფე კარგი საქმეების მოშურნე იყო.
6. რით ჰგავს ჩვენი მსახურება იმას, რაც ერთ დროს იუდას ერთგულმა მეფეებმა გააკეთეს?
6 იუდას მეფეების მსგავსად, დღეს ჩვენც ვემარებით ადამიანებს ცრურელიგიური სწავლებებისა და კერპთაყვანისმცემლობის მარწუხებისგან გათავისუფლებაში. კარდაკარ მსახურების დროს ყველანაირ ადამიანს ვხვდებით (1 ტიმ. 2:4). ერთ აზიელ ქალს სახლში ბევრი გამოსახულება ჰქონდა, რომელთა წინაშეც რელიგიურ რიტუალებს ასრულებდა. მისი გოგონა ხვდებოდა, რომ ყველა მათგანი ვერ იქნებოდა ჭეშმარიტი ღმერთის გამოსახულება. ის ხშირად ლოცულობდა, რადგან უნდოდა გაეგო, ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი. ერთხელაც მას კარზე მოწმეებმა დაუკაკუნეს. მათთან საუბრისას გოგონამ გაიგო, რომ ჭეშმარიტ ღმერთს იეჰოვა ერქვა. ის ძალიან გაახარა გამოსახულებების შესახებ სიმართლის გაგებამ. ახლა ის მთელი გულმოდგინებით ქადაგებს და სხვებსაც ეხმარება ჭეშმარიტი ღვთის გაცნობაში (ფსალმ. 83:18; 115:4—8; 1 იოან. 5:21).
7. როგორ მივბაძოთ იეჰოშაფატის მიერ გაგზავნილ კანონის მასწავლებლებს?
7 გულმოდგინედ ვამუშავებთ უბანს კარდაკარ მსახურების დროს? თავისი მეფობის მესამე წელს იეჰოშაფატმა მოიხმო ხუთი მთავარი, ცხრა ლევიანი, ორი მღვდელი და დაავალა იუდას ქალაქების შემოვლა და ხალხისთვის იეჰოვას კანონის სწავლება. ეს საქმე იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ იუდას გარშემო მცხოვრები ერები იეჰოვას შიშმა მოიცვა (წაიკითხეთ 2 მატიანეს 17:9, 10 ). თუ უბანზე სხვადასხვა დროს მივალთ, უფრო მეტ ადამიანთან შევძლებთ საუბარს.
8. რა შეგვიძლია გავაკეთოთ მსახურების გასაფართოებლად?
8 დღეს ღვთის მრავალი გულმოდგინე მსახური ნებაყოფლობით ტოვებს სახლს და იქ გადადის, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. შეგიძლიათ თქვენც იგივე გააკეთოთ? ზოგი, ვისაც სხვაგან გადასვლა არ შეუძლია, ცდილობს, უქადაგოს თავის ქვეყანაში მცხოვრებ უცხო ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს. მაგალითად, 81 წლის რონმა 32 ენაზე ისწავლა მისალმება მეზობლად მცხოვრებ უცხოელებს რომ გასაუბრებოდა. ერთხელ ქუჩაში ის შეხვდა აფრიკელ წყვილს და მათ მშობლიურ ენაზე, იორუბაზე მიესალმა. როცა გაიგეს, რომ რონი არ იყო აფრიკაში ნამყოფი, ჰკითხეს, საიდან იცოდა მათი ენა. ამან რონს დამოწმების შესაძლებლობა მისცა. ცოლ-ქმარმა სიხარულით გამოართვა რონს ჟურნალები და თავიანთი მისამართიც მისცა. რონმა მათი მისამართი ადგილობრივ კრებას გადასცა, რათა ამ წყვილთან ბიბლიის შესწავლა დაეწყოთ.
9. რატომ არის მნიშვნელოვანი მსახურების დროს ბიბლიური მუხლების ამოკითხვა? მოიყვანეთ მაგალითი.
9 კანონის მასწავლებლებს, რომლებიც იეჰოშაფატმა გაგზავნა, თან ჰქონდათ „იეჰოვას კანონის წიგნი“. ჩვენ ვცდილობთ, ხალხს ბიბლიიდან ვასწავლოთ, რადგან ის ღვთის სიტყვაა. მსახურების დროს ადამიანებს უშუალოდ ბიბლიიდან ვუკითხავთ მუხლებს. ერთ დას, ლინდას, მობინადრემ უთხრა, რომ ინსულტის გამო ლოგინად ჩავარდნილ ქმარს უვლიდა და დაიჩივლა: „ნეტავ, რა შევცოდე ღმერთს, რომ ამ დღეში ჩამაგდო“. ლინდამ მას იაკობის 1:13 წაუკითხა, შემდეგ კი უთხრა: „ასე რომ, რასაც ჩვენ და ჩვენი ახლობლები განვიცდით, ღვთის სასჯელი არ არის“. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ მობინადრე ლინდას გადაეხვია. ლინდა ამბობს: „ეს ქალბატონი ბიბლიით ვანუგეშე. ზოგჯერ მობინადრეს ბიბლიიდან შეიძლება ისეთი მუხლი ამოვუკითხოთ, რომელიც მას არასდროს სმენია“. ამ საუბრის შედეგად ლინდამ ქალბატონთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო.
ახალგაზრდები, რომლებიც მოშურნეობას ავლენენ მსახურებაში
10. რა მხრივ არის იოშია სამაგალითო ახალგაზრდა ქრისტიანებისთვის?
10 იოშიამ ჯერ კიდევ სიყმაწვილეში დაიკავა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარე, 20 წლის ასაკში კი კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ გაილაშქრა (წაიკითხეთ 2 მატიანეს 34:1—3). დღეს მრავალი ახალგაზრდა მსგავს მოშურნეობას ავლენს მსახურებაში.
11—13. რას ვსწავლობთ იმ ახალგაზრდებისგან, რომლებიც დღეს გულმოდგინედ ემსახურებიან იეჰოვას?
11 ჰანა, რომელიც ინგლისში ცხოვრობს, სკოლაში ფრანგულ ენას სწავლობდა. ცამეტი წლისამ გაიგო, რომ მეზობელ ქალაქში ფრანგულ ენაზე ტარდებოდა ქრისტიანული შეხვედრები. მან მამა დაითანხმა, რომ შეხვედრებზე ეტარებინა. ახლა ჰანა თვრამეტი წლისაა და გულმოდგინედ მსახურობს პიონერად ფრანგულენოვან ტერიტორიაზე.
თქვენც ხომ არ შეგიძლიათ ისწავლოთ რომელიმე ენა და სხვებს იეჰოვა ღმერთის გაცნობაში დაეხმაროთ?12 რეიჩელს ძალიან მოეწონა ფილმი „დაისახეთ მიზნები, რომლებიც განადიდებს ღმერთს“. ის იხსენებს 1995 წელს, როცა იეჰოვას მსახურება დაიწყო: „მეგონა, ჭეშმარიტება კარგად მქონდა გათავისებული. ამ ფილმის ყურების შემდეგ მივხვდი, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ღვთისთვის იმდენს არ ვაკეთებდი, რამდენიც შემეძლო. ჭეშმარიტებისთვის უნდა მებრძოლა და სერიოზულად მოვკიდებოდი პირად შესწავლასა და ქადაგებას“. ახლა რეიჩელი მეტი გულმოდგინებით ემსახურება იეჰოვას. ის ამბობს: „ვგრძნობ, რომ უფრო დავუახლოვდი იეჰოვას. ჩემი ლოცვები უფრო აზრიანი გახდა, პირადი შესწავლა უფრო საფუძვლიანი და საინტერესო, ბიბლიური სიუჟეტები კი — უფრო რეალური. მსახურება ახლა უფრო მეტად მსიამოვნებს და კმაყოფილი ვარ, როცა ვხედავ, როგორ ანუგეშებს იეჰოვას სიტყვა ადამიანებს“.
13 ლუკას ძალიან მოეწონა ფილმი „ახალგაზრდების შეკითხვები — რა გზას ავირჩევ ცხოვრებაში?“. ის ამბობს: „ამ ფილმის ყურების შემდეგ გადავწყვიტე, ცხოვრება შემეცვალა. ადრე ყოველთვის იმას ჩამჩიჩინებდნენ, რომ თუ უზრუნველად მინდოდა მეცხოვრა, ჯერ განათლება უნდა მიმეღო და მერე მეფიქრა სულიერზე. ასეთი გავლენა ქრისტიანს არამარტო ხელს უშლის სულიერ ზრდაში, არამედ ასუსტებს კიდეც“. ახალგაზრდებო, შეგიძლიათ ჰანას მსგავსად სკოლაში ნასწავლი თქვენც გამოიყენოთ მსახურებაში? რეიჩელის მსგავსად თქვენც შეგიძლიათ დაისახოთ სულიერი მიზნები, რომლებიც ღმერთს განადიდებს? მიჰბაძეთ ლუკას და თავიდან აირიდებთ იმ საფრთხეს, რომელიც დღეს მრავალ ახალგაზრდას მახედ ექცა.
ყურად იღეთ ღვთის გაფრთხილებები
14. როგორ მსახურებას იწონებს იეჰოვა და რატომ მოითხოვს ეს ჩვენგან დიდ ძალისხმევას?
14 იეჰოვას ხალხი მხოლოდ მაშინ იქნება მისთვის მოსაწონი, თუ მათი მსახურება წმინდა იქნება. ესაია გვაფრთხილებს: „ზურგი აქციეთ, ზურგი აქციეთ, გამოდით, უწმინდურს ნუ მიეკარებით! გამოდით მისგან [ბაბილონიდან] და სუფთები იყავით თქვენ, ვინც იეჰოვას ნივთებს ატარებთ!“ (ეს. 52:11). მრავალი წლით ადრე, ვიდრე ესაია ამ სიტყვებს დაწერდა, ღვთის ერთგული მეფე ასა მთელი მონდომებით ცდილობდა, იუდას სამეფოდან გახრწნილება აღმოეფხვრა (წაიკითხეთ 1 მეფეების 15:11—13). საუკუნეების შემდეგ მოციქული პავლე ტიტეს სწერდა, რომ იესომ თავი გასწირა თავისი მიმდევრებისთვის, რათა ისინი „თავის საკუთრებად განეწმინდა“ და ყოფილიყვნენ „კარგი საქმეების მოშურნეები“ (ტიტ. 2:14). დღეს არსებულ უზნეო ქვეყნიერებაში რთულია ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის. ასაკის მიუხედავად, ღვთის ყველა მსახური ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ გონება არ წაიბილწოს ეროტიკული და პორნოგრაფიული მასალით, რომელსაც ყველგან ვხვდებით — ქუჩაში, სატელევიზიო გადაცემებში, ფილმებში და განსაკუთრებით ინტერნეტში.
15. რა დაგვეხმარება შევიძულოთ ის, რაც ცუდია?
15 თუ ყურად ვიღებთ ღვთის გაფრთხილებებს, შევიძულებთ ბოროტებას (ფსალმ. 97:10; რომ. 12:9). ჩვენ უნდა შევიძულოთ პორნოგრაფია, რომელიც, ერთი ძმის თქმით, მაგნიტივით გვიზიდავს. ორი დამუხტული სხეულის ერთმანეთისგან დასაშორებლად, ჩვეულებრივ, მათ შორის არსებულ მიზიდულობის ძალაზე მეტი ძალაა საჭირო. მსგავსადვე, დიდი ძალა გვჭირდება, რომ პორნოგრაფიამ არ მიგვიზიდოს. იმის გაანალიზება, თუ რამდენად საზიანოდ მოქმედებს პორნოგრაფია ადამიანზე, დაგვეხმარება, შევიძულოთ ის. ერთ ძმას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ აღარ შესულიყო პორნოგრაფიულ ვებ-გვერდებზე. მან კომპიუტერი ყველასთვის დასანახ ადგილას დადგა. გარდა ამისა, მან გადაწყვიტა, მეტად აღარ წაებილწა თავი და კარგი საქმეების მოშურნე გამხდარიყო. ინტერნეტში საქმისთვის მხოლოდ მაშინ შედიოდა, როცა ცოლი მის გვერდით იყო.
კარგი საქციელი ფასდება
16, 17. როგორ შეიძლება იმოქმედოს ჩვენმა კარგმა საქციელმა სხვებზე? მოიყვანეთ მაგალითი.
16 რა სასიამოვნოა, როცა იეჰოვას ახალგაზრდა მსახურები თავიანთი საქციელით კარგ შთაბეჭდილებას ახდენენ სხვებზე (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:12). ერთ მამაკაცს მას შემდეგ შეეცვალა წარმოდგენა იეჰოვას მოწმეებზე, რაც ლონდონის ბეთელში საბეჭდი მანქანის შესაკეთებლად მიიწვიეს. მისმა ცოლმა, რომელიც მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა, ადვილად შენიშნა, რომ მისმა ქმარმა მოწმეების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ადრე ის წინააღმდეგი იყო, რომ მათთან მოწმეები მისულიყვნენ. ბეთელიდან დაბრუნების შემდეგ ის აღფრთოვანებით ყვებოდა, როგორი პატივისცემით ექცეოდნენ. მას მოეწონა იქ არსებული მშვიდი გარემო და ის, რომ არავინ ბილწსიტყვაობდა; ყველაზე მეტად კი იმან გააოცა, რომ ახალგაზრდები გასამრჯელოს გარეშე გულმოდგინედ შრომობდნენ და არ იშურებდნენ თავიანთ ძალასა და ენერგიას სასიხარულო ცნობის გავრცელებისთვის.
17 თავიანთ სამუშაოს ის და-ძმებიც სულითა და გულით ასრულებენ, რომლებსაც ოჯახების სარჩენად უწევთ მუშაობა (კოლ. 3:23, 24). მათ სტაბილური სამუშაო აქვთ, რადგან დამსაქმებლები აფასებენ კეთილსინდისიერ თანამშრომლებს და არ სურთ მათი დაკარგვა.
18. როგორ შეგვიძლია ვიყოთ „კარგი საქმეების მოშურნე“?
18 იეჰოვას სახლისადმი მოშურნეობას ვავლენთ, თუ ვენდობით ღმერთს, ვითვალისწინებთ მის მითითებებს და ვუფრთხილდებით ჩვენი შეხვედრების ადგილებს. გარდა ამისა, მაქსიმალურად ვცდილობთ, მონაწილეობა მივიღოთ სამეფოს შესახებ ქადაგებასა და მოწაფეების მომზადების საქმეში. ღმერთი კურთხევებს არ მოგვაკლებს, თუ ასაკის მიუხედავად, მთელი მონდომებით ვეცდებით, დავიცვათ მაღალი ნორმები. მხოლოდ ამგვარად შევძლებთ, ვიყოთ „ერი, კარგი საქმეების მოშურნე“ (ტიტ. 2:14).
[სქოლიო]
^ აბზ. 4 ასამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ის მაღლობები გააუქმა, სადაც ხალხი ცრუღმერთებს სცემდა თაყვანს. მას ხელი არ უხლია იმ მაღლობებისთვის, სადაც იეჰოვას ეთაყვანებოდნენ. ცრუთაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი მაღლობები შესაძლოა მისი მეფობის ბოლო წლებში აღმართეს, რომლებიც მოგვიანებით მისმა ვაჟმა, იეჰოშაფატმა მოსპო (1 მეფ. 15:14; 2 მატ. 15:17).
ბიბლიური და თანამედროვე მაგალითებიდან გამომდინარე . . .
• . . . როგორ გამოვავლინოთ მოშურნეობა ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში?
• . . . როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს, იყვნენ „კარგი საქმეების მოშურნე“?
• . . . როგორ დავძლიოთ მავნე ჩვევები?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 13 გვერდზე]
რეგულარულად იყენებ ბიბლიას მსახურებაში?
[სურათი 15 გვერდზე]
სკოლაში ნასწავლი უცხო ენა შეიძლება მსახურების გაფართოებაში დაგეხმაროს