არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

იესომ მთელ ისრაელში იქადაგა. მაშ, რატომ თქვა პეტრე მოციქულმა, რომ იუდეველები და მათი მმართველები ‘უცოდინარობით მოქმედებდნენ’, როცა იესოს მოკვლას ითხოვდნენ? (საქ. 3:17)

პეტრე მოციქულმა იმ იუდეველებს, რომლებსაც მესიის მოკვლაში მიუძღოდათ ბრალი, უთხრა: „ვიცი, რომ უცოდინარობით მოქმედებდით, როგორც თქვენი მმართველები“ (საქ. 3:14—17). ზოგი იუდეველი შესაძლოა ვერ ხვდებოდა, რომ იესო მესია იყო ან ვერ სწვდებოდა მის სწავლებებს. სხვების შემთხვევაში უცოდინარობის მიზეზი ღვთის სიყვარულის ნაკლებობა, წინასწარშექმნილი აზრი, შური და სიძულვილი იყო.

ღვთის სიყვარულის ნაკლებობა კარგად გამოჩნდა იესოს სიტყვებისადმი მათი დამოკიდებულებიდან. საუბრის დროს იესო ხშირად იყენებდა მაგალითებს, რომელთა მნიშვნელობასაც მხოლოდ მათ უხსნიდა, ვისაც მეტის გაგების სურვილი ჰქონდა. ზოგმა იმიტომ მიატოვა იესო, რომ არ სურდა, ჩასწვდომოდა მისი სიტყვების არსს. ერთხელ იესოს მოწაფეებიც კი აღშფოთდნენ, როცა მან მათთან საუბრისას ფიგურალური ენა გამოიყენა (იოან. 6:52—66). ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ ამგვარი მაგალითებით იესო ამოწმებდა, რამდენად მზად იყვნენ აზროვნების შესაცვლელად (ეს. 6:9, 10; 44:18; მათ. 13:10—15). მათ აგრეთვე უგულებელყვეს წინასწარმეტყველება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მესია ხალხს მაგალითების მეშვეობით ასწავლიდა (ფსალმ. 78:2).

წინასწარშექმნილი აზრის გამო, ბევრი უარყოფდა იესოს მოძღვრებას. ხალხი „განცვიფრებული“ იყო, როცა იესო მშობლიურ ნაზარეთში, სინაგოგაში ასწავლიდა. მესიად აღიარების ნაცვლად, ისინი ეჭვქვეშ აყენებდნენ იესოს წარმომავლობას და ამბობდნენ: „საიდანა აქვს ამ კაცს ეს ყველაფერი? . . . განა ეს დურგალი არ არის, მარიამის ვაჟი, იაკობის, იოსების, იუდასა და სიმონის ძმა, და მისი დები აქვე, ჩვენთან არ არიან?“ (მარ. 6:1—3). ნაზარეთელები სათანადოდ ვერ აფასებდნენ იესოს მოძღვრებას, რადგან ის უბრალო ოჯახიდან იყო.

რაც შეეხება რელიგიურ წინამძღოლებს, მათმა უმრავლესობამ იგივე მიზეზების გამო უარყო იესოს სწავლებები (იოან. 7:47—52). გარდა ამისა, მათ შურდათ იესოსი, რადგან მას ხალხი უსმენდა (მარ. 15:10). ბევრმა გავლენიანმა ადამიანმა იესოს მოკვლაც კი განიზრახა, როცა მან ისინი თვალთმაქცობასა და სიცრუეში ამხილა (მათ. 23:13—36). ვინაიდან უცოდინარობით არ მოქმედებდნენ, იესომ ისინი სამართლიანად გაკიცხა: „ვაი თქვენ, კანონის მცოდნეებო, რადგან წაიღეთ ცოდნის გასაღები. არც თქვენ შეხვედით [ღვთის სამეფოში] და შემსვლელებსაც ხელი შეუშალეთ!“ (ლუკ. 11:37—52).

იესო სამწელიწად-ნახევარი ქადაგებდა სასიხარულო ცნობას. მან არაერთი მოწაფე მოამზადა ამ საქმის გასაგრძელებლად (ლუკ. 9:1, 2; 10:1, 16, 17). იესოსა და მისი მოწაფეების ქადაგება იმდენად ეფექტური იყო, რომ აღშფოთებული ფარისევლები ამბობდნენ: „ხედავთ . . . მთელი ქვეყანა მას მიჰყვება“ (იოან. 12:19). აქედან გამომდინარე, ისრაელთა უმეტესობამ რაღაც მაინც იცოდა იესოს შესახებ. თუმცა მთლიანობაში ისინი „უცოდინარობით“ მოქმედებდნენ. მათ შეეძლოთ უფრო მეტი გაეგოთ მესიის შესახებ და შეეყვარებინათ ის, მაგრამ ეს არ გააკეთეს. ზოგიერთი იესოს მკვლელობის თანამონაწილეც კი გახდა. ამიტომ პეტრე მოციქულმა მათ შემდეგი სიტყვები უთხრა: „მოინანიეთ და მობრუნდით, რათა წაიშალოს თქვენი ცოდვები, მოვიდეს იეჰოვასგან გამოცოცხლების დრო და გამოგიგზავნოთ თქვენთვის დანიშნული ქრისტე, იესო“ (საქ. 3:19, 20). აღსანიშნავია, რომ ათასობით ებრაელმა, მათ შორის ‘უამრავმა მღვდელმა’, ყურად იღო პეტრეს სიტყვები. ამის შემდეგ ისინი უკვე აღარ მოქმედებდნენ უცოდინარობით. მათ მოინანიეს და იეჰოვას წყალობა მოიპოვეს (საქ. 2:41; 4:4; 5:14; 6:7).