არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უნდა ვანდოთ სხვებს პასუხისმგებლობები?

რატომ უნდა ვანდოთ სხვებს პასუხისმგებლობები?

რატომ უნდა ვანდოთ სხვებს პასუხისმგებლობები?

პირველი, ვინც პასუხისმგებლობა სხვას გაუნაწილა, იეჰოვა იყო. ეს ჯერ კიდევ დედამიწის შექმნამდე მოხდა. სამყაროს შექმნაში იეჰოვას თავისი მხოლოდშობილი ძე ეხმარებოდა, როგორც „ოსტატი“ (იგავ. 8:22, 23, 30; იოან. 1:3). პირველ წყვილს იეჰოვამ უთხრა, რომ აევსოთ ‘დედამიწა და დაპატრონებოდნენ მას’ (დაბ. 1:28). შემოქმედმა ადამსა და ევას დაავალა, მთელი დედამიწა სამოთხედ ექციათ. ასე რომ, იეჰოვა დასაბამიდანვე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პასუხისმგებლობების სხვებისთვის გადაცემას.

რას ნიშნავს პასუხისმგებლობის გადაცემა? რატომ უნდა ანდონ ქრისტიანმა უხუცესებმა პასუხისმგებლობები სხვებს და როგორ შეიძლება ამის გაკეთება?

რას ნიშნავს პასუხისმგებლობის გადაცემა

პასუხისმგებლობის გადაცემაში იგულისხმება ვინმესთვის უფლებამოსილების მინიჭება გადაწყვეტილებების მისაღებად ან რაიმეს სამართავად. ამგვარად, ეს ნიშნავს სხვების ჩართვას რაიმე დავალების შესრულებაში, რაც თავის მხრივ, საკუთარი პასუხისმგებლობების სხვებისთვის გადანაწილებას გულისხმობს.

ვისაც კრებაში რაიმე პასუხისმგებლობა მიენდო, დავალებას კეთილსინდისიერად უნდა მოეკიდოს და დროდადრო საქმის ვითარება გააცნოს მას, ვინც ეს პასუხისმგებლობა მიანდო; საჭიროების შემთხვევაში, მას რჩევაც უნდა ჰკითხოს. მაგრამ ძირითადი პასუხისმგებლობა მაინც იმ ძმას ეკისრება, ვინც სხვას ანდობს საქმეს. მან თვალყური უნდა ადევნოს იმას, თუ როგორ სრულდება საქმე და დავალების შემსრულებელს სათანადო მითითებები მისცეს. და მაინც, ზოგს ებადება კითხვა: რატომ უნდა დაავალოს სხვას იმის გაკეთება, რასაც თავადაც ადვილად გაართმევდა თავს?

რატომ ღირს პასუხისმგებლობების განაწილება?

როგორც აღვნიშნეთ, შემოქმედების პროცესში იეჰოვამ თავისი მხოლოდშობილი ძეც ჩართო. ფაქტობრივად, „მისი მონაწილეობით შეიქმნა სხვა ყველაფერი ზეცაში და დედამიწაზე, ხილული და უხილავი“ (კოლ. 1:16). შემოქმედს შეეძლო ძის გარეშეც შეექმნა ყველაფერი, მაგრამ სურდა, მასაც განეცადა შემოქმედებით მიღებული სიხარული (იგავ. 8:31). ამგვარად, ძემ უკეთ დაინახა ღვთის თვისებები. გარდა ამისა, ეს პროცესი ძეს ბევრი რამის სწავლაში დაეხმარა.

მამის მსგავსად, იესოც ანდობდა სხვებს პასუხისმგებლობებს, როცა დედამიწაზე იყო. ის გამუდმებით ასწავლიდა თავის მოწაფეებს. იესომ ჯერ 12 მოციქული, შემდეგ კი 70 მოწაფე გაგზავნა საქადაგებლად იქ, სადაც მოგვიანებით თვითონ უნდა მისულიყო (ლუკ. 9:1—6; 10:1—7). ეს საქმეს უადვილებდა იესოს, რადგან ამ ადგილებში ნიადაგი უკვე მომზადებული ხვდებოდა. ზეცად ამაღლების შემდეგ, უკვე გამოცდილ მოწაფეებს იესომ უფრო რთული პასუხისმგებლობა დააკისრა, მათ შორის მსოფლიო სამქადაგებლო საქმის ხელმძღვანელობა (მათ. 24:45—47; საქ. 1:8).

ქრისტიანულ კრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ახლების მომზადებასა და მათთვის პასუხისმგებლობების მინდობას. მოციქულმა პავლემ ტიმოთეს უთხრა: „ის, რაც ჩემგან მოისმინე . . . მიანდე ერთგულ მამაკაცებს, რომლებიც გამოსადეგნი იქნებიან იმისთვის, რომ სხვებს ასწავლონ“ (2 ტიმ. 2:2). ამგვარად, გამოცდილებმა უნდა ასწავლონ სხვებს, რომლებიც, თავის მხრივ, სხვა ძმებს გაუზიარებენ გამოცდილებას.

პასუხისმგებლობების განაწილებით, უხუცესი სხვებსაც აძლევს საშუალებას, განიცადონ ის სიხარული, რაც სწავლებასა და მწყემსვას მოაქვს. უხუცესებს ესმით, რომ არასრულყოფილების გამო მათი შესაძლებლობები შეზღუდულია; ეს კიდევ ერთი მიზეზია საიმისოდ, რომ კრებაში სხვებსაც ანდონ გარკვეული პასუხისმგებლობები. ბიბლიაში წერია: „სიბრძნე . . . მოკრძალებულებთანაა“ (იგავ. 11:2). მოკრძალებული ადამიანი აღიარებს, რომ მისი შესაძლებლობები შეზღუდულია. თუ უხუცესი ცდილობს, რომ ყველაფერი თვითონ გააკეთოს, ის გამოიფიტება და ვეღარც საკუთარ ოჯახს დაუთმობს საკმარის დროს. ასე რომ, გონივრული იქნება, თუ ის საკუთარ თავზე არ აიღებს კრებაზე ზრუნვის მთელ პასუხისმგებლობას. მაგალითად ძმას, რომელიც კრებაში უხუცესთა საბჭოს კოორდინატორად მსახურობს, შეუძლია სხვა უხუცესებს სთხოვოს, გადაამოწმონ კრების საფინანსო ანგარიში. ამგვარად, ის საშუალებას მისცემს დანარჩენ უხუცესებს, გაეცნონ კრების ფინანსურ მდგომარეობას.

პასუხისმგებლობების მიღებით ძმები უფრო იხვეწებიან და მეტ გამოცდილებას იძენენ. თავის მხრივ, უხუცესებიც ხედავენ, ვის რა შესაძლებლობები აქვს. ძმებისთვის შესაფერისი დავალებების მიცემა უხუცესებს იმის დანახვაში დაეხმარება, შეიძლება თუ არა მათი დანიშვნა მომსახურედ (1 ტიმ. 3:10).

პასუხისმგებლობების განაწილება იმაზეც მოწმობს, რომ უხუცესები ენდობიან სხვებს. პავლემ ტიმოთეს ბევრი რამ ასწავლა მისიონერული მსახურების დროს. ერთად მსახურებამ ისინი ძალიან დააახლოვა. მოგვიანებით პავლემ ტიმოთეს უწოდა „ჭეშმარიტი შვილი რწმენაში“ (1 ტიმ. 1:2). იეჰოვასა და იესო ქრისტეს შორისაც თბილი ურთიერთობა განვითარდა, როცა ისინი ერთად ქმნიდნენ სამყაროს. თუ უხუცესები სხვებსაც მიანდობენ პასუხისმგებლობებს, ეს ხელს შეუწყობს მათ შორის თბილი ურთიერთობის განვითარებას.

რატომ უჭირს ზოგს სხვებისთვის პასუხისმგებლობის განაწილება?

ზოგი უხუცესი თავს იკავებს პასუხისმგებლობების განაწილებისგან, რადგან არ სურს, ვინმე შეეცილოს კრებაზე ზრუნვის საქმეში. ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერი თვითონ უნდა აკეთონ. იესომ იცოდა, რომ მოწაფეები მასზე მეტს გააკეთებდნენ. მაგრამ ამის გამო თავი არ შეუკავებია, რომ ზეცად ამაღლებამდე თავის მოწაფეებისთვის მნიშვნელოვანი დავალება მიენდო (მათ. 28:19, 20; იოან. 14:12).

სხვებს პასუხისმგებლობების განაწილება იმიტომ უჭირთ, რომ წარსულში მათი მოლოდინი ვერ გაამართლეს. ამიტომ ფიქრობენ, რომ საქმეს თავად უფრო სწრაფად და ხარისხიანად გააკეთებენ. განვიხილოთ პავლეს მაგალითი. მას ესმოდა, რომ ყველა ვერ გაამართლებდა მის მოლოდინს. პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს პავლემ მარკოზს ბევრი რამ ასწავლა. მაგრამ მარკოზმა მას იმედი გაუცრუა, როცა შუა გზაში მიატოვა და სახლში დაბრუნდა (საქ. 13:13; 15:37, 38). მაგრამ ამან პავლეს სხვების მომზადების სურვილი არ დაუკარგა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მან ახალგაზრდა ტიმოთე წაიყვანა მისიონერულ მსახურებაში. როცა ტიმოთე უკვე მზად იყო სერიოზული პასუხისმგებლობების შესასრულებლად, პავლემ ის ეფესოში დატოვა და კრებაში უხუცესებისა და მომსახურეების დანიშვნა დაავალა (1 ტიმ. 1:3; 3:1—10, 12, 13; 5:22).

აქედან გამომდინარე, უხუცესებმა მაშინაც არ უნდა შეიკავონ თავი ძმების მომზადებისგან, როცა რომელიმე მათგანი ვერ ამართლებს მათ მოლოდინს. აუცილებელია, ვისწავლოთ ძმების ნდობა და დავეხმაროთ მათ გამოცდილების მიღებაში. რა უნდა გაითვალისწინონ უხუცესებმა, როცა სხვებს პასუხისმგებლობებს ანდობენ?

როგორ შეიძლება პასუხისმგებლობების განაწილება

პასუხისმგებლობების განაწილებისას უხუცესმა მხედველობაში უნდა მიიღოს ამა თუ იმ ძმის უნარი და შესაძლებლობები. როცა იერუსალიმში საჭირო გახდა საკვების ყოველდღიური განაწილება, მოციქულებმა ამ საქმისთვის ამოარჩიეს „შვიდი სანდო კაცი სულითა და სიბრძნით სავსე“ (საქ. 6:3). თუ უხუცესი ძმების შესაძლებლობებს არ გაითვალისწინებს, ადვილი შესაძლებელია, იმედგაცრუებული დარჩეს. ამიტომ აჯობებს, უხუცესმა ძმას თავიდან ადვილი დავალება მისცეს. თუ ის ნდობას გაამართლებს, მას შეიძლება სერიოზული საქმეც დაევალოს.

ყველა ადამიანს განსხვავებული პიროვნული თვისებები, შესაძლებლობები და გამოცდილება აქვს. მეგობრული და თბილი ძმა კარგად შეასრულებს მომწესრიგებლის მოვალეობას. მოწესრიგებული ძმა შეძლებს იმსახუროს კრებაში მდივნის დამხმარედ. დას, რომელსაც აქვს შემოქმედებითი უნარი, შეუძლია გახსენების საღამოსთვის სამეფო დარბაზი გააფორმოს.

დავალების მიცემისას უხუცესმა კარგად უნდა აუხსნას ძმას, რა უნდა გააკეთოს. იოანე ნათლისმცემელმა კარგად აუხსნა თავის მოწაფეებს, რა უნდა ეკითხათ იესოსთვის (ლუკ. 7:18—20). მაგრამ იესომ მას შემდეგ, რაც სასწაულებრივად დააპურა ხალხი, თავის მოწაფეებს დაავალა, მოეგროვებინათ დარჩენილი ნატეხები, თუმცა დეტალური მითითებები არ მიუცია (იოან. 6:12, 13). ბევრი რამ დავალების სირთულეზე და ძმის გამოცდილებაზეცაა დამოკიდებული. პასუხისმგებლობის გადაცემისას ორივე მხარეს უნდა ესმოდეს, რისი მიღწევა სურთ. ისინი იმაზეც უნდა შეთანხმდნენ, თუ რამდენ ხანში ერთხელ აცნობებს ძმა უხუცესს საქმის ვითარებას. ვისაც რამეს ავალებენ, უნდა იცოდეს, რისი უფლება აქვს და რისი — არა. თუ აუცილებელია, რომ დავალება განსაზღვრული დროისთვის შესრულდეს, ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს კონკრეტულ თარიღზე.

საჭიროების შემთხვევაში დავალების შემსრულებელი ძმა უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჭირო თანხით, ინვენტარითა თუ სხვა სახის დახმარებით. იესომ სხვა მოწაფეების თანდასწრებით მიანდო პეტრეს „ზეციერი სამეფოს გასაღებები“ (მათ. 16:13—19). მსგავსად ამისა, ზოგ შემთხვევაში აჯობებს კრებაში გამოცხადდეს, ვინ არის პასუხისმგებელი ამა თუ იმ დავალების შესრულებაზე.

მაგრამ სიფრთხილე მაინც საჭიროა. თუ უხუცესი გამუდმებით ცდილობს ჩაერიოს იმ საქმეში, რომელიც უკვე სხვას გადააბარა, ამით ფაქტობრივად უნდობლობას უცხადებს ძმას. ცხადია, შედეგი ყოველთვის სასურველი არ იქნება. თუ გარკვეული თავისუფლება ექნება ძმას, რომელსაც რაიმე პასუხისმგებლობა მიანდეს, ის უფრო მეტ დამაჯერებლობასა და გამოცდილებას შეიძენს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უხუცესი საერთოდ არ დაინტერესდეს იმით, როგორ ართმევს თავს ძმა მინდობილ საქმეს. სამყაროს შექმნისას იეჰოვამ ბევრი რამ მიანდო თავის ძეს, თუმცა შემოქმედებით საქმეში თვითონაც მონაწილეობდა. მან ძეს უთხრა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ანარეკლად“ (დაბ. 1:26). ასე რომ, უხუცესმა სიტყვით თუ საქმით მხარი უნდა დაუჭიროს ძმას და შეაქოს ის ძალისხმევისთვის. მისთვის დამხმარე იქნება, თუ უხუცესი დროდადრო შეამოწმებს უკვე გაკეთებულ საქმეს. თუ ის დაინახავს, რომ საქმე სათანადოდ არ სრულდება, მან დამატებითი რჩევები უნდა მისცეს ძმას ან პირადად დაეხმაროს. გახსოვდეთ, ძირითადი პასუხისმგებლობა მას ეკისრება, ვინც სხვას ანდობს საქმეს (ლუკ. 12:48).

ბევრ ძმას დიდი გამოცდილება შესძინა იმ დავალებების შესრულებამ, რომლებიც მათ უხუცესებმა მისცეს. ამგვარად უხუცესებმა დაამტკიცეს, რომ გულწრფელად იყვნენ დაინტერესებული მათი წინსვლით. ფაქტია, რომ ყველა უხუცესს უნდა ესმოდეს, რატომ არის საჭირო პასუხისმგებლობების სხვებისთვის განაწილება და როგორ შეიძლება ამის გაკეთება.

[ჩარჩო 29 გვერდზე]

პასუხისმგებლობის განაწილება . . .

• სხვებსაც აძლევს საშუალებას, განიცადონ სამუშაოს შესრულებით გამოწვეული სიხარული

• უფრო მეტის გაკეთების საშუალებას იძლევა

• სიბრძნესა და მოკრძალებულობაზე მოწმობს

• გამოცდილებას სძენს ახლებს

• ნდობის მაჩვენებელია

[ჩარჩო 30 გვერდზე]

როგორ შეიძლება პასუხისმგებლობების განაწილება

• შეარჩიეთ შესაფერისი ძმები

• გარკვევით აუხსენით, რა უნდა გააკეთოს და შიგადაშიგ დახმარებაც გაუწიეთ

• გარკვევით აუხსენით, რის მიღწევა გსურთ

• უზრუნველყავით ყველა აუცილებელი საშუალებით

• დაინტერესდით საქმის მსვლელობით და ამავე დროს ნდობა გამოავლინეთ

• გახსოვდეთ, რომ ძირითადი პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ

[სურათები 31 გვერდზე]

დავალების მიცემის შემდეგ დაინტერესდით, როგორ სრულდება საქმე