არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რით გადავუხდი იეჰოვას?

რით გადავუხდი იეჰოვას?

რით გადავუხდი იეჰოვას?

მოგვითხრო რუთ დანემ

დედაჩემი ხუმრობით იტყოდა ხოლმე, რომ 1933 წელი კატასტროფული წელი იყო და ამის სამ მიზეზს ასახელებდა: ხელისუფლების სათავეში ჰიტლერის მოსვლას, რომის პაპის მიერ ამ წლის წმინდად გამოცხადებას და ჩემ დაბადებას.

ჩემი მშობლები ქალაქ იუცში ცხოვრობდნენ, რომელიც გერმანიისა და საფრანგეთის საზღვართან მდებარე ლოთარინგიის ისტორიულ მხარეს ეკუთვნის. 1921 წელს დედაჩემი, თავგამოდებული კათოლიკე, ცოლად გაჰყვა მამაჩემს, რომელიც პროტესტანტი იყო. 1922 წელს ჩემი და ჰელენი დაიბადა. მშობლებმა ის მალევე მონათლეს კათოლიკურ ეკლესიაში.

მამაჩემს 1925 წელს ხელში ჩაუვარდა წიგნი „ღვთის ქნარი“ გერმანულ ენაზე. წიგნის წაკითხვის შემდეგ ის მიხვდა, რომ ჭეშმარიტებას მიაგნო. მან წერილი მისწერა წიგნის გამომცემლებს და ასე დაუკავშირდა ის „ბიბელფორშერებს“, როგორც მაშინ უწოდებდნენ იეჰოვას მოწმეებს გერმანიაში. მამას დრო არ დაუკარგავს და მალევე დაიწყო სხვებთან იმაზე საუბარი, რაც ბიბლიიდან გაიგო. ეს დედას არ სიამოვნებდა და მამას მომხიბლავი გერმანულით ეუბნებოდა, რაც გინდა, ის გააკეთე, ოღონდ ბიბელფორშერებს თავი დაანებეო! მაგრამ მამას აზრი არ შეუცვლია და 1927 წელს მოინათლა.

ამის გამო ბებია დედას სულ იმას ჩასჩიჩინებდა, ქმარს გაეყარეო. ერთ-ერთ მესაზე, მღვდელმა მამას ცრუწინასწარმეტყველი უწოდა და მრევლი გააფრთხილა, მას ახლოს არ გაჰკარებოდნენ. მესიდან დაბრუნებულმა ბებიამ ჩვენი სახლის ზედა სართულიდან მამას ყვავილის ქოთანი ესროლა. ქოთანი მას მხარში მოხვდა. ამ შემთხვევამ დედა იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ რელიგია, რომელიც ადამიანებს მკვლელებად აქცევს, კარგი ვერ იქნებოდა. იმ დღის მერე მან იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციების კითხვა დაიწყო. მალე ისიც დარწმუნდა, რომ ჭეშმარიტება იპოვა და 1929 წელს მოინათლა.

მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ჩემთვის და ჩემი დისთვის იეჰოვა რეალური გამხდარიყო. ისინი ბიბლიიდან სხვადასხვა ისტორიებს გვიკითხავდნენ და შემდეგ გვეკითხებოდნენ, რატომ მოიქცა ესა თუ ის პერსონაჟი ასე. მამამ უარი თქვა ღამის ცვლაში მუშაობაზე, თუმცა მისმა გადაწყვეტილებამ აშკარად იმოქმედა ჩვენი ოჯახის ბიუჯეტზე. მამას სურდა, რომ დრო ქრისტიანული შეხვედრებისთვის, მსახურებისა და ოჯახთან ერთად ბიბლიის შესწავლისთვის დაეთმო.

ვითარება რთულდება

მშობლები ხშირად მასპინძლობდნენ მიმომსვლელ ზედამხედველებსა და ბეთელელებს შვეიცარიიდან და საფრანგეთიდან. ისინი გვიყვებოდნენ გერმანიაში, ჩვენი სახლიდან სულ რამდენიმე კილომეტრში, რა გასაჭირს უძლებდნენ ძმები. ნაცისტები იეჰოვას მოწმეებს საკონცენტრაციო ბანაკებში ყრიდნენ და მშობლებს შვილებს აშორებდნენ.

მე და ჰელენი მომავალი განსაცდელებისთვის ვემზადებოდით. მშობლებმა ზეპირად გვასწავლეს ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც რთულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარებოდა. ისინი გვეუბნებოდნენ: „თუ არ იცით, როგორ მოიქცეთ, გაიხსენეთ იგავების 3:5, 6. თუ სკოლაში წასვლის გეშინიათ, გაიხსენეთ 1 კორინთელების 10:13. თუ ერთმანეთს დაგვაშორეს, იგავების 18:10 არ დაგავიწყდეთ“. მე ზეპირად ვისწავლე 23-ე და 91-ე ფსალმუნი. დარწმუნებული ვიყავი, რომ იეჰოვა ყოველთვის დამიცავდა.

ნაცისტურმა გერმანიამ 1940 წელს ელზას-ლოთარინგია დაიპყრო. ნაცისტების მოთხოვნით ყველა სრულწლოვანი მათ პარტიაში უნდა შესულიყო. მამამ ამაზე უარი თქვა, რის გამოც გესტაპო მას დაპატიმრებით დაემუქრა. გესტაპო დედასაც დაემუქრა, როცა მან უარი თქვა სამხედრო ფორმის შეკერვაზე.

სკოლაში სიარული ჩემთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. ყოველი დღე იწყებოდა ჰიტლერისთვის წარმოთქმული ლოცვით, ფაშისტური მისალმებით „ჰაილ ჰიტლერ!“ და ეროვნული ჰიმნის შესრულებით, რომლის დროსაც მარჯვენა ხელი წინ უნდა გვქონოდა გაშვერილი. მშობლებს ჩემთვის პირდაპირ არ უთქვამთ, რომ არ უნდა მიმეღო მონაწილეობა ასეთ ცერემონიალში. ამის ნაცვლად, ისინი დამეხმარნენ სინდისის სწორად განსწავლაში. აქედან გამომდინარე, თავად გადავწყვიტე, არ მეთქვა „ჰაილ ჰიტლერ!“. ამის გამო მასწავლებლებმა მცემეს და სკოლიდან გაგდებით დამემუქრნენ. ერთხელ, შვიდი წლის რომ ვიყავი, 12 მასწავლებლის წინაშე დამაყენეს და მაძალებდნენ, „ჰაილ ჰიტლერ!“ მეთქვა. მაგრამ იეჰოვას დახმარებით დათმობაზე არ წავსულვარ.

ერთმა მასწავლებელმა სხვა ხერხს მიმართა. ის მეუბნებოდა, რომ მისი საყვარელი მოწაფე ვიყავი, რადგან კარგად ვსწავლობდი და გული დასწყდებოდა, სკოლიდან თუ გამრიცხავდნენ. «საჭირო არ არის ხელის გაშვერა, მხოლოდ ოდნავ აწიე; ნურც ხმამაღლა იტყვი „ჰაილ ჰიტლერ!“, უბრალოდ ტუჩები ისე აამოძრავე, თითქოს ამბობ», — მითხრა მან.

ეს ამბავი დედას მოვუყევი. მან გამახსენა სამი ებრაელის შემთხვევა, რომლებიც ბაბილონის მეფის მიერ აღმართული კერპის წინაშე იდგნენ. „რის გაკეთებას მოითხოვდნენ მათგან?“ — მკითხა დედამ. „კერპის წინაშე დამხობას“, — მივუგე მე. „განა სწორი იქნებოდა, თუ იმ მომენტში ისინი სანდლების შესაკვრელად დაიხრებოდნენ და არა კერპის თაყვანსაცემად? ასე რომ, თავად გადაწყვიტე, როგორ მოიქცე“, — მითხრა დედამ. შადრაქის, მეშაქისა და აბედნეგოს მსგავსად მეც გადავწყვიტე, იეჰოვას ერთგული დავრჩენილიყავი (დან. 3:1, 13—18).

მასწავლებლებმა სკოლიდან რამდენჯერმე გამრიცხეს და დამემუქრნენ, რომ მშობლებს დამაშორებდნენ. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ მშობლები მამხნევებდნენ. სკოლაში წასვლის წინ დედა ჩემთან ერთად ლოცულობდა და იეჰოვას მფარველობას სთხოვდა. ვიცოდი, რომ იეჰოვა გამაძლიერებდა და დამეხმარებოდა ჭეშმარიტების მტკიცედ დაცვაში (2 კორ. 4:7). მამამ მითხრა, თუ სკოლაში ძალიან დიდ წინააღმდეგობას შევხვდებოდი, სახლში დაბრუნების არ შემშინებოდა. „იცოდე, რომ გვიყვარხარ და ყოველთვის ჩვენი შვილი იქნები, — მითხრა მან. — ამ შემთხვევაში საქმე შენსა და იეჰოვას შორის ურთიერთობას ეხება“. მისმა სიტყვებმა კიდევ უფრო განმიმტკიცა გადაწყვეტილება, ღვთის ერთგული დავრჩენილიყავი (იობ. 27:5).

გესტაპო ხშირად მოდიოდა ჩვენთან მშობლების დასაკითხად. ისინი ჩვენს სახლს ჩხრეკდნენ, რომ ბიბლიური პუბლიკაციები ეპოვათ. ზოგჯერ დედა საათობით მიჰყავდათ სახლიდან დასაკითხად, მამა და ჩემი უფროსი და კი — სამსახურიდან. სკოლიდან რომ ვბრუნდებოდი, არ ვიცოდი, დედა სახლში დამხვდებოდა თუ არა. ზოგჯერ მეზობლისგან ვიგებდი, რომ დედაჩემი ისევ გესტაპოს ჰყავდა წაყვანილი. მე სახლში ვიმალებოდი და ვფიქრობდი, ნეტავ ხომ არ აწამებდნენ დედას, ვნახავდი კიდევ მას?

დეპორტაცია

1943 წლის 28 იანვარს დილის ოთხის ნახევარზე გესტაპო დაგვადგა თავზე და გვითხრა, რომ თუ ნაცისტურ პარტიას არ შევუერთდებოდით, ქვეყნიდან გაგვაძევებდნენ. მოსამზადებლად სამი საათი მოგვცეს. დედა ამ მომენტისთვის წინასწარ იყო მომზადებული. ჩვენს ზურგჩანთებში მას უკვე ჩალაგებული ჰქონდა ტანსაცმელი და ბიბლია. ამიტომ ეს დრო ლოცვისთვის და ერთმანეთის გასამხნევებლად გამოვიყენეთ. მამამ შეგვახსენა, რომ ‘ვერაფერი ჩამოგვაშორებდა ღვთის სიყვარულს’ (რომ. 8:35—39).

გესტაპო დაბრუნდა. არასოდეს დამავიწყდება ერთი ხანდაზმული და, ანგლადი, რომელიც ტირილით გვემშვიდობებოდა. გესტაპომ მეცის რკინიგზის სადგურში მიგვიყვანა. სამდღიანი მგზავრობის შემდეგ, მივედით პოლონეთის ქალაქ კოხლოვიცეში, სადაც ოსვენციმზე დაქვემდებარებული ერთ-ერთი საკონცენტრაციო ბანაკი მდებარეობდა. ორი თვის შემდეგ გადაგვიყვანეს ქალაქ გლივიცეში, ყოფილ დედათა მონასტერში, რომელიც შრომა-გასწორების კოლონიად იყო გადაკეთებული. ნაცისტებმა გვითხრეს, რომ თუ უარს ვიტყოდით ჩვენს რწმენაზე და ხელს მოვაწერდით შესაბამის დოკუმენტს, გაგვათავისუფლებდნენ და ქონებასაც დაგვიბრუნებდნენ. ჩემმა მშობლებმა ამ შემოთავაზებაზე უარი თქვეს. ჯარისკაცებმა გვითხრეს, რომ სახლში დაბრუნების იმედი აღარ გვქონოდა.

ივნისში სვიეტოხლოვიცეში გადაგვიყვანეს. აქ ძლიერი თავის ტკივილი დამეწყო, რაც დღემდე მაწუხებს. თითებში ინფექცია შემეჭრა. ექიმმა ყოველგვარი გაუტკივარების გარეშე დამაძრო რამდენიმე ფრჩხილი. თუმცა სასიამოვნო წუთებიც მქონდა — მცველები ხშირად მაგზავნიდნენ საცხობში, სადაც ერთი ქალი ყოველთვის რაღაცას მაძლევდა საჭმელად.

ჩვენს ოჯახს სხვა პატიმრებისგან ცალკე ამყოფებდნენ. 1943 წლის ოქტომბერში გაგვგზავნეს ზომკოვიცეს ბანაკში. ერთ სხვენში სამოცამდე კაცს, ქალს და ბავშვს გვეძინა სართულებიან საწოლებზე. ესესელები საზიზღარ საჭმელს გვაჭმევდნენ.

სირთულეების მიუხედავად იმედი არასდროს დაგვიკარგავს. „საგუშაგო კოშკში“ წაკითხული გვქონდა, რომ ომის შემდეგ სამქადაგებლო საქმიანობა დიდ მასშტაბებს მიაღწევდა. ვიცოდით, რატომ ვიტანჯებოდით და გვჯეროდა, რომ ჩვენი ტანჯვა მალე დასრულდებოდა.

ბანაკში შევიტყვეთ, რომ მოკავშირეთა ჯარები წინ მიიწევდნენ; ნაცისტები ომს აგებდნენ. 1945 წლის დასაწყისში ესესელებმა ბანაკის დატოვება გადაწყვიტეს. 19 თებერვალს გვაიძულეს 240 კილომეტრი ფეხით გაგვევლო. ოთხი კვირის შემდეგ გერმანიის ქალაქ შტაინფელსში მივედით. ჯარისკაცებმა პატიმრები მაღაროში შერეკეს. ბევრს ეგონა, რომ იქ ამოგვხოცავდნენ. მაგრამ იმ დღეს მოკავშირეთა ჯარები მოგვადგნენ და ესესელებმა გაქცევით უშველეს თავს. ასე დასრულდა ჩვენი პატიმრობა.

დასახული მიზნების მიღწევა

თითქმის ორწელიწად-ნახევარი იყო გასული მას შემდეგ, რაც მშობლიური ქალაქი იუცი დავტოვეთ. 1945 წლის 5 მაისს სახლში დავბრუნდით. ჭუჭყი გვჭამდა და ტილები გვესია. თებერვლიდან მოყოლებული ტანსაცმელი არ გამოგვიცვლია, ამიტომ, რაც გვეცვა, ყველაფერი დავწვით. მახსოვს დედის სიტყვები: „მოდი, ეს დღე არასდროს დავივიწყოთ. არაფერი გვაბადია და რაც გვაცვია, ისიც არ არის ჩვენი. მაგრამ, რაც მთავარია, ოთხივენი ღვთის ერთგულები დავრჩით და დათმობაზე არ წავედით“.

მომდევნო სამი თვე შვეიცარიაში გავატარე. როცა მოვმჯობინდი სახლში დავბრუნდი და სკოლაში განვაგრძე სიარული. გარიცხვის უკვე აღარ მეშინოდა. ახლა თავისუფლად შეგვეძლო ჩვენს სულიერ და-ძმებთან ურთიერთობა და ქადაგება. 1947 წლის 28 აგვისტოს 13 წლის ასაკში მოვინათლე იმ აღთქმის ნიშნად, რაც იეჰოვას წლების წინ მივეცი. მამამ მდინარე მოზელში მომნათლა. მაშინვე მინდოდა, პიონერად მსახურების დაწყება, მაგრამ მამამ მთხოვა, რომ ჯერ რამე ხელობა მესწავლა. გადავწყვიტე, კერვა მესწავლა. 1951 წელს 17 წლისამ პიონერობა დავიწყე ქალაქ ტიონვილში.

იმავე წელს პარიზში დავესწარი კონგრესს, სადაც შევავსე ბლანკი მისიონერული მსახურებისთვის. ძმა ნეითან ნორი დამპირდა, რომ ჩემს განცხადებას შეინახავდა, რადგან შესაფერისი ასაკი არ მქონდა. 1952 წლის ივნისში „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 21-ე კლასში მიმიწვიეს, რომელიც საუთ-ლანსინგში (ნიუ-იორკი, აშშ) ჩატარდა.

გალაადი“ და შემდგომი მსახურება

„გალაადში“ სწავლის პერიოდი არასდროს დამავიწყდება. ხშირად ჩემს მშობლიურ ენაზე მრცხვენოდა ხალხში ლაპარაკი, ახლა კი ინგლისურად უნდა მელაპარაკა. ამ სირთულის დაძლევაში ინსტრუქტორები მეხმარებოდნენ. ერთმა ძმამ „სამეფოს ღიმილი“ შემარქვა, რადგან სიმორცხვისგან ხშირად ვიღიმებოდი.

ჩვენი კლასის გამოსაშვები საღამო 1953 წლის 19 ივლისს ჩატარდა ნიუ-იორკში იანკის სტადიონზე. მე და იდა კანდუსო (მოგვიანებით სანიობოსი) პარიზში დაგვნიშნეს. მდიდარ პარიზელებთან ქადაგება ცოტა რთული იყო, მაგრამ მაინც ვიპოვეთ არაერთი თავმდაბალი ადამიანი, რომლებსაც ბიბლია შევასწავლეთ. 1956 წელს იდა გათხოვდა და აფრიკაში გადავიდა საცხოვრებლად, მე კი პარიზში დავრჩი.

1960 წელს ცოლად გავყევი ერთ ბეთელელ ძმას. ჩვენ სპეციალურ პიონერებად ვმსახურობდით შომონსა და ვიშიში. ხუთი წლის შემდეგ ტუბერკულოზი აღმომაჩნდა, რის გამოც ვეღარ შევძელი პიონერად მსახურების გაგრძელება. ამას ძალიან განვიცდიდი, რადგან გადაწყვეტილი მქონდა, არასოდეს შემეწყვიტა სრული დროით მსახურება. ცოტა ხანში მეუღლემ მიმატოვა და სხვა ქალთან წავიდა. ეს უმძიმესი პერიოდი ჩემმა სულიერმა და-ძმებმა გადამატანინეს. ყველაზე მეტად ჩემი ტვირთის ტარებაში იეჰოვა მეხმარებოდა (ფსალმ. 68:19).

ახლა ვცხოვრობ ლუვიეში, ნორმანდიაში, საფრანგეთის ფილიალთან ახლოს. ცუდი ჯანმრთელობის მიუხედავად, ბედნიერი ვარ, რადგან ყოველთვის ვგრძნობდი, რომ იეჰოვა ჩემ გვერდით იყო. ის, რაც მშობლებმა მასწავლეს, დღემდე მეხმარება სწორი თვალსაზრისის შენარჩუნებაში. მათ დამანახვეს, რომ იეჰოვა რეალური პიროვნებაა, რომელიც შეიძლება მიყვარდეს, რომელსაც შეიძლება ველაპარაკო და რომელიც ისმენს ჩემს ლოცვებს. მართლაც, „რით გადავუხდი იეჰოვას ყოველივე კარგისთვის, რაც ჩემთვის გაუკეთებია?“ (ფსალმ. 116:12).

[ჩანართი 6 გვერდზე]

„ბედნიერი ვარ, რომ იეჰოვა ყოველთვის ჩემ გვერდით იყო“

[სურათი 5 გვერდზე]

აირწინაღით ექვსი წლის ასაკში

[სურათი 5 გვერდზე]

მისიონერებთან და პიონერებთან ერთად ლუქსემბურგში სპეციალური სამქადაგებლო კამპანიის დროს, თექვსმეტი წლის ასაკში

[სურათი 5 გვერდზე]

კონგრესზე მამასთან და დედასთან ერთად, 1953 წელი