არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიჰბაძეთ იესოს და იქადაგეთ გაბედულად!

მიჰბაძეთ იესოს და იქადაგეთ გაბედულად!

მიჰბაძეთ იესოს და იქადაგეთ გაბედულად!

„გაბედულება მოვიკრიბეთ, რომ გვეუწყებინა თქვენთვის ღვთის სასიხარულო ცნობა“ (1 თეს. 2:2).

1. რით არის სასიხარულო ცნობა განსაკუთრებული?

ვერაფერი შეედრება ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას! ეს ცნობა იმის იმედს გვაძლევს, რომ მალე ბოლო მოეღება ტანჯვას, ავადმყოფობას, მწუხარებასა და სიკვდილს. ის გვიჩვენებს გზას მარადიული სიცოცხლისკენ, ნათელს ჰფენს ღვთის განზრახვას და ღმერთთან დაახლოებაში გვეხმარება. წესით, იესოს ყველა მსმენელი უნდა გაეხარებინა ასეთი ცნობის მოსმენას. მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მომხდარა.

2. რას ნიშნავს იესოს სიტყვები: „მოვედი, რომ განხეთქილება ჩამოვაგდო“?

2 იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „არ იფიქროთ, რომ დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი, მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი; მოვედი, რომ განხეთქილება ჩამოვაგდო მამასა და შვილს შორის, დედასა და ასულს შორის, რძალსა და დედამთილს შორის. კაცს თავისი ოჯახის წევრები ექცევიან მტრებად“ (მათ. 10:34—36). ადამიანების უმეტესობამ არ მიიღო სასიხარულო ცნობა. ზოგი მათაც კი გადაემტერა, ვინც ამ ცნობას აცხადებდა, მათ შორის ოჯახის წევრებს.

3. რა გვჭირდება სასიხარულო ცნობის ქადაგებისთვის?

3 ჩვენც იმავე ცნობას ვამცნობთ ადამიანებს, რასაც იესო. მის მოსმენაზე ხალხს ისეთივე რეაქცია აქვს, როგორიც იესოს დროს ჰქონდა. სხვანაირად ვერც იქნება, რადგან იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „მონა თავის ბატონზე დიდი არ არის-მეთქი. თუ მე მდევნიდნენ, თქვენც გაგდევნიან“ (იოან. 15:20). მართალია ბევრ ქვეყანაში პირდაპირი გაგებით არ გვდევნიან, მაგრამ გულგრილობასა და სიძულვილს აშკარად ვხვდებით. აქედან გამომდინარე, რწმენა და სიმტკიცე გვჭირდება, რომ გაბედულად შევძლოთ სასიხარულო ცნობის ქადაგება (წაიკითხეთ 2 პეტრეს 1:5—8).

4. რატომ დასჭირდა პავლეს გაბედულების მოკრება ქადაგების გასაგრძელებლად?

4 დროდადრო გაუბედაობის გამო შესაძლოა გიჭირთ ქადაგება. თუ ასეა, შენ გამონაკლისი არ ხარ. მოციქული პავლე გაბედული მქადაგებელი იყო და ჭეშმარიტებაც კარგად ესმოდა, მაგრამ ზოგჯერ მასაც კი ბრძოლის ფასად უჯდებოდა ქადაგება. თესალონიკელ ქრისტიანებს პავლემ ასეთი სიტყვები მისწერა: „მას შემდეგ, რაც ჯერ ფილიპეში ვიტანჯეთ და შეურაცხგვყვეს (როგორც თქვენთვის ცნობილია), ჩვენი ღვთის დახმარებით გაბედულება მოვიკრიბეთ, რომ გვეუწყებინა თქვენთვის ღვთის სასიხარულო ცნობა, რისთვისაც დიდი ბრძოლა დაგვჭირდა“ (1 თეს. 2:2). ფილიპეში სახელმწიფო მოხელეებმა პავლე და სილა გაჯოხეს, საპყრობილეში ჩაყარეს და ხუნდები დაადეს (საქ. 16:16—24). ამის მიუხედავად, პავლემ და სილამ ‘გაბედულება მოიკრიბეს’ და ქადაგება განაგრძეს. ჩვენ როგორ შეგვიძლია მსგავსი გაბედულების გამოვლენა? მოდი განვიხილოთ, რა ეხმარებოდა ბიბლიურ დროში მცხოვრებ ღვთის მსახურებს ჭეშმარიტების გაბედულად გაცხადებაში და ვიმსჯელოთ იმაზე, ჩვენ როგორ მივბაძოთ მათ.

გაბედულება მტრული დამოკიდებულების ასატანად

5. რატომ სჭირდებოდათ ყოველთვის გაბედულება იეჰოვას ერთგულ მსახურებს?

5 გაბედულად ქადაგების საუკეთესო მაგალითი იესო ქრისტემ დაგვიტოვა. ისტორიის განმავლობაში იეჰოვას ერთგულ მსახურებს ყოველთვის სჭირდებოდათ გაბედულება. რატომ? ედემის ბაღში ადამისა და ევას დაუმორჩილებლობის შემდეგ იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ თავის მსახურებსა და სატანის მსახურებს შორის მტრობა იქნებოდა (დაბ. 3:15). ეს ასეც მოხდა, როცა აბელი, მართალი კაცი, ღვიძლმა ძმამ მოკლა. მტრობის ატანა მოუწია წარღვნამდე მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურ ენოქსაც. მან იწინასწარმეტყველა, რომ ღმერთი უთვალავ წმინდასთან ერთად მოვიდოდა უღვთოებზე სამართლის აღსასრულებლად (იუდ. 14, 15). ცხადია, ასეთი ცნობის მოსმენა ხალხს არ სიამოვნებდა. მათ შეიძულეს ენოქი და მოკლავდნენ კიდეც, იეჰოვას რომ არ შეემოკლებინა მისი სიცოცხლის დღეები. ენოქი მართლაც გაბედული კაცი იყო! (დაბ. 5:21—24)

6. რატომ დასჭირდა მოსეს გაბედულება ფარაონთან სალაპარაკოდ?

6 ახლა ვისაუბროთ მოსეზე, რომელსაც არანაკლები გაბედულება დასჭირდა, ფარაონის წინაშე რომ წარმდგარიყო. ფარაონი ეგვიპტის მმართველი იყო, რომელსაც ეგვიპტელები არა მარტო ღმერთების წარმომადგენლად მიიჩნევდნენ, არამედ მზის ღმერთ, რას ძედ. სხვა ფარაონების მსგავსად, შესაძლოა ისიც საკუთარ გამოსახულებას ეთაყვანებოდა. ფარაონის სიტყვა კანონი იყო. ძლიერი, ამპარტავანი და ჯიუტი ფარაონი ჩვეული არ იყო ის ეკეთებინა, რასაც სხვები ეტყოდნენ. აი, ასეთი კაცის წინაშე მოუწია მოსეს, ერთ უბრალო მწყემსს ლაპარაკი და თანაც არაერთხელ. მან ფარაონს უწინასწარმეტყველა გამანადგურებელი სასჯელები და ისრაელების ტყვეობიდან გათავისუფლება მოსთხოვა. უდავოა, რომ ამის სათქმელად მოსეს გაბედულება დასჭირდებოდა (რიცხ. 12:3; ებრ. 11:27).

7, 8. ა) რა განსაცდელებს ხვდებოდნენ ძველ დროს მცხოვრები ღვთის მსახურები? ბ) რა აძლევდა მათ ძალებს, რომ გაბედულად დაეცვათ წმინდა თაყვანისმცემლობა?

7 მოსეს შემდეგ მცხოვრები ღვთის წინასწარმეტყველები და ერთგული მსახურებიც გაბედულად იცავდნენ წმინდა თაყვანისმცემლობას. სატანის ქვეყნიერება არ ინდობდა მათ, რაც კარგად ჩანს პავლეს სიტყვებიდან: „მათ ქოლავდნენ, სცდიდნენ, ხერხავდნენ, მახვილით ხოცავდნენ. ისინი ცხვრისა და თხის ტყავებით შემოსილნი დადიოდნენ, რადგან გაჭირვებასა და შევიწროებაში იყვნენ და სასტიკ მოპყრობას იტანდნენ“ (ებრ. 11:37). რა ეხმარებოდა ღვთის ამ ერთგულ მსახურებს, რომ მტკიცედ მდგარიყვნენ? პავლემ უფრო ადრე აღნიშნა, რა აძლევდა აბელს, აბრაამს, სარას და სხვებს მოთმინების ძალას. მან თქვა: „თუმცა არ მიუღიათ დანაპირები, [რწმენით] შორიდან ხედავდნენ მას [და] ხარობდნენ“ (ებრ. 11:13). უდავოა, რომ იეჰოვას აღთქმებზე ფიქრი ქრისტემდე მცხოვრებ წინასწარმეტყველ ელიას, იერემიასა და სხვებსაც ეხმარებოდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გაბედულად დაცვაში (ტიტ. 1:2).

8 ღვთის ეს ერთგული მსახურები მომავალს იმედის თვალით უყურებდნენ. ისინი აღდგებიან, თანდათანობით სრულყოფილებას მიაღწევენ და გათავისუფლდებიან ხრწნის მონობისგან. ამ ყველაფერს იესო ქრისტე თავის 144 000 თანამმართველთან ერთად განახორციელებს (რომ. 8:21). იერემიასა და ღვთის სხვა გაბედულ მსახურებს იეჰოვას სიტყვებიც მატებდა ძალებს. მან იერემიას უთხრა: „შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთანა ვარ, — ამბობს იეჰოვა, — რომ გიხსნა“ (იერ. 1:19). ღვთის აღთქმებზე ფიქრი და იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ყოველთვის დაგვიცავს სულიერად, ჩვენც გვიძლიერებს რწმენას და ძალებს გვმატებს (იგავ. 2:7; წაიკითხეთ 2 კორინთელების 4:17, 18).

გაბედულად ქადაგებაში იესოს სიყვარული ეხმარებოდა

9, 10. როგორ დაამტკიცა იესომ, რომ გაბედული იყო: ა) რელიგიური წინამძღოლების წინაშე? ბ) ჯარისკაცების წინაშე? გ) მღვდელმთავრის წინაშე? დ) პილატეს წინაშე?

9 იესოს გაბედულება ბევრ რამეში გამოვლინდა. მაგალითად, ძლიერი და გავლენიანი ხალხის შიშით, იესოს არ შეურბილებია სიტყვები, რომლებიც ღვთის დავალებით სხვებისთვის უნდა გადაეცა. მან პირისპირ გაბედულად ამხილა რელიგიური წინამძღოლები მოჩვენებითი სამართლიანობისა და მცდარი სწავლებებისთვის. ერთხელ იესომ მათ ასეთი სიტყვებიც კი უთხრა: „ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! შეთეთრებულ სამარხებს ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზად ჩანან, შიგნით კი მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით არიან სავსე. გარეგნულად თქვენც მართლები ჩანხართ ადამიანთა თვალში, შიგნით კი თვალთმაქცობითა და უკანონობით ხართ სავსე“ (მათ. 23:27, 28).

10 გეთსემანეს ბაღში მის შესაპყრობად მისულ ჯარისკაცებს იესომ გაბედულად უთხრა, ვინ იყო (იოან. 18:3—8). მოგვიანებით ის სინედრიონში წაიყვანეს, სადაც მღვდელმთავარმა დაჰკითხა. იესომ იცოდა, რომ მღვდელმთავარი მის მოსაკლავად მიზეზს ეძებდა, მაგრამ უშიშრად უთხრა, რომ ქრისტე და ღვთის ძე იყო. მან არც ის დამალა, რომ მოვიდოდა დრო და ისინი იხილავდნენ მას „ძლიერის მარჯვნივ მჯდომარესა და ცის ღრუბლებზე მომავალს“ (მარ. 14:53, 57—65). ამის შემდეგ შებოჭილი იესო პილატეს მიუყვანეს, რომელსაც შეეძლო მისი გათავისუფლება. მაგრამ იესოს არაფერი უთქვამს მისთვის წაყენებული ბრალდებების გასაბათილებლად (მარ. 15:1—5). ეს მისი მხრიდან დიდ გამბედაობას მოითხოვდა.

11. როგორ უკავშირდება გაბედულება სიყვარულს?

11 იესომ პილატეს უთხრა: „მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა“ (იოან. 18:37). იეჰოვამ იესოს სასიხარულო ცნობის ქადაგება დაავალა, რასაც ის სიხარულით აკეთებდა, რადგან უყვარდა ზეციერი მამა (ლუკ. 4:18, 19). მას ადამიანებიც უყვარდა და იცოდა, რა რთული იყო მათი ცხოვრება. ღვთისა და მოყვასის სიყვარული გვაძლევს იმის ძალებს, რომ გაბედულად ვიქადაგოთ (მათ. 22:36—40).

წმინდა სული გვაძლევს გაბედულად ქადაგების ძალას

12. რისი დანახვა ახარებდათ პირველ ქრისტიანებს?

12 იესოს სიკვდილიდან გავიდა რამდენიმე კვირა. მოწაფეებს ახარებდათ იმის დანახვა, ყოველდღე როგორ მატებდა მათ იეჰოვა გადარჩენილებს. მაგალითად, იერუსალიმში ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის აღსანიშნავად ჩასული 3 000 ებრაელი და პროზელიტი ერთ დღეს მოინათლა. ამას, ალბათ, იერუსალიმში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა. ბიბლიაში ნათქვამია: „შიშმა მოიცვა ყოველი სული და დაიწყეს მოციქულებმა მრავალი საკვირველებისა და ნიშნის მოხდენა“ (საქ. 2:41, 43).

13. რატომ სთხოვეს ძმებმა ღმერთს გამბედაობა და რა მოჰყვა ამას შედეგად?

13 განრისხებულმა რელიგიურმა წინამძღოლებმა შეიპყრეს პეტრე და იოანე, ღამე საპატიმროში დატოვეს, მეორე დღეს კი უბრძანეს, არ ელაპარაკათ იესოს შესახებ. გათავისუფლების შემდეგ ისინი ძმებთან მივიდნენ და მომხდარის შესახებ შეატყობინეს. მათ ერთად მიმართეს ღმერთს: „იეჰოვა . . . ძალა მიეცი შენს მონებს, შენი სიტყვა მთელი გამბედაობით ილაპარაკონ“. ლოცვის შემდეგ „ყველა წმინდა სულით აღივსო და დაიწყეს ღვთის სიტყვის გაბედულად ლაპარაკი“ (საქ. 4:24—31).

14. როგორ გვეხმარება წმინდა სული ქადაგებაში?

14 ალბათ ყურადღება მიაქციეთ, რომ მოწაფეებს ღვთის სიტყვის გაბედულად ლაპარაკის ძალა იეჰოვას წმინდა სულმა მისცა. მხოლოდ ჩვენი გაბედულების იმედზე ვერ ვიქნებით, როცა სხვებს ვუქადაგებთ, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი ცნობა არ სიამოვნებთ. თუ იეჰოვას ვთხოვთ, ის მოგვცემს თავის წმინდა სულს. იეჰოვას დახმარებით ჩვენც შეგვიძლია ნებისმიერ წინააღმდეგობას გაბედულად შევხვდეთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 138:3).

ქრისტიანები დღესაც გაბედულად ქადაგებენ

15. როგორ ხდება ჭეშმარიტება განხეთქილების მიზეზი?

15 როგორც ადრე, ჭეშმარიტება დღესაც ხდება განხეთქილების მიზეზი. ზოგი აფასებს ჭეშმარიტებას, მაგრამ ზოგი ვერ წვდება მას და შესაბამისად ვერც აფასებს იმას, თუ რატომ ვცემთ ღმერთს ასეთი სახით თაყვანს. სხვები გვაკრიტიკებენ და დაგვცინიან, ზოგს კი ვძულვართ, რაც იესომაც იწინასწარმეტყველა (მათ. 10:22). ზოგჯერ საინფორმაციო საშუალებები ჩვენზე დეზინფორმაციას ავრცელებენ და ხალხს ჩვენ წინააღმდეგ აგულიანებენ (ფსალმ. 109:1—3). მიუხედავად ამისა, იეჰოვას ხალხი გაბედულად ქადაგებს სასიხარულო ცნობას მთელ დედამიწაზე.

16. რომელი შემთხვევიდან ჩანს, რომ ჩვენმა გაბედულებამ შეიძლება აზრი შეაცვლევინოს მათ, ვისაც ვუქადაგებთ?

16 ჩვენმა გაბედულებამ შეიძლება ადამიანები სამეფოს შესახებ ცნობით დააინტერესოს. ერთი ყირგიზი და გვიყვება: «მსახურების დროს ერთმა მობინადრემ მითხრა, ღმერთი მწამს, მაგრამ არა ქრისტიანების ღმერთიო. თუ ამ ჭიშკართან კიდევ მოხვალთ, ძაღლს ავუშვებო. ეზოში ჯაჭვით დაბმული დიდი ბულდოგი დავინახე. მაგრამ ტრაქტატის, „ცრუ რელიგიის აღსასრული ახლოსაა!“, გავრცელების დროს გადავწყვიტე, ამ სახლშიც მივსულიყავი იმ იმედით, რომ კარს სხვა გამიღებდა. მაგრამ კარი ისევ იმ კაცმა გააღო. გულში მაშინვე იეჰოვას მივმართე ლოცვით და მობინადრეს ვუთხარი: „გამარჯობათ, მახსოვს ჩვენი საუბარი სამი დღის წინ. თქვენი ძაღლიც მახსოვს. მაგრამ არ შემეძლო, გვერდი ამევლო თქვენი სახლისთვის, რადგან თქვენსავით მეც ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის მწამს. ღმერთი მალე გაანადგურებს იმ რელიგიებს, რომლებიც შეურაცხყოფენ მას. ამის შესახებ უფრო მეტს ეს ტრაქტატი გეტყვით“. ჩემდა გასაკვირად, მან გამომართვა ტრაქტატი. შემდეგ სხვა კართან მივედი. რამდენიმე წუთში ის კაცი უკან გამომყვა, ხელში ტრაქტატი ეჭირა და მითხრა: „წავიკითხე და მაინტერესებს, რა უნდა გავაკეთო, რომ ღმერთმა მეც არ გამანადგუროს?“». მან ბიბლიის შესწავლა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება დაიწყო.

17. როგორ შემატა ძალა ბიბლიის შემსწავლელს ერთი დის გაბედულებამ?

17 ჩვენი გაბედულების შემხედვარე შეიძლება სხვებსაც მიეცეთ გაბედულება. რუსეთში ერთმა დამ ავტობუსში გვერდით მჯდომ ქალბატონს ჟურნალი შესთავაზა. ამის დანახვაზე ერთი კაცი სკამიდან წამოხტა, დას ჟურნალი ხელიდან გამოჰგლიჯა, დაჭმუჭნა და ძირს დააგდო. მერე ლანძღვაზე გადავიდა. შემდეგ დას მისამართი მოსთხოვა და გააფრთხილა, ჩვენს სოფელში არ იქადაგოო. დამ იეჰოვას ლოცვით სთხოვა დახმარება და გაიხსენა იესოს სიტყვები: „ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხეულს კლავს“ (მათ. 10:28). ის წამოდგა და იმ კაცს მშვიდად უთხრა: „ჩემს მისამართს არ მოგცემთ და სოფელში ქადაგებას გავაგრძელებ“. შემდეგ ავტობუსიდან ჩავიდა. დამ არ იცოდა, რომ იმავე ავტობუსში იჯდა ქალი, რომელსაც ის ბიბლიას ასწავლიდა. ეს ქალი კაცთმოშიშების გამო ვერ ესწრებოდა ქრისტიანულ შეხვედრებს. მაგრამ დის გაბედულებამ იმდენად იმოქმედა მასზე, რომ გადაწყვიტა, დასწრებოდა შეხვედრებს.

18. რა დაგვეხმარება, რომ იესოს მსგავსად გაბედულად ვიქადაგოთ?

18 იესო გაბედულად ქადაგებდა. ღვთისგან გაუცხოებულ ქვეყნიერებაში რომ ვიქადაგოთ, ეს თვისება ჩვენც გვჭირდება. რა შეგვმატებს გაბედულებას? იფიქრე მომავალზე; განიმტკიცე ღვთისა და მოყვასის სიყვარული; იეჰოვას სთხოვე, მოგცეს გამბედაობა; არ დაივიწყო, რომ იესო შენ გვერდითაა (მათ. 28:20). ძალას წმინდა სულიც შეგმატებს. იეჰოვა გაკურთხებს და გვერდში ამოგიდგება. ასე რომ, თამამად იტყვი: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?“ (ებრ. 13:6).

როგორ უპასუხებთ?

• რატომ სჭირდებათ ღვთის მსახურებს გაბედულება?

• გაბედულების რა მაგალითს გვაძლევენ . . .

 . . . ქრისტემდე მცხოვრები ღვთის მსახურები?

 . . . იესო ქრისტე?

 . . . პირველი ქრისტიანები?

 . . . თანამედროვე ქრისტიანები?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 21 გვერდზე]

იესო უშიშრად ამხელდა რელიგიურ წინამძღოლებს

[სურათი 23 გვერდზე]

იეჰოვა გვაძლევს გაბედულებას ქადაგებისთვის