არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ოთხმოცდაათი წელია, რაც „დიდებული შემოქმედი“ მახსოვს

ოთხმოცდაათი წელია, რაც „დიდებული შემოქმედი“ მახსოვს

ოთხმოცდაათი წელია, რაც „დიდებული შემოქმედი“ მახსოვს

მოგვითხრო ედვინ რიჯუელმა

საზავო ხელშეკრულების დადების დღეს, 1918 წლის 11 ნოემბერს, სკოლაში ბავშვები მოულოდნელად შეგვკრიბეს, I მსოფლიო ომის დასრულება რომ გვეზეიმა. მაშინ მხოლოდ ხუთი წლის ვიყავი და ბოლომდე ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. მაგრამ მახსოვდა, რაც ჩემი მშობლებისგან მქონდა ნასწავლი ღმერთის შესახებ და არ მინდოდა ზეიმში მონაწილეობა. ლოცვა დავიწყე, მაგრამ თავი მაინც ვერ შევიკავე და ავტირდი. ყველაფრის მიუხედავად ზეიმში მონაწილეობა არ მიმიღია. შემიძლია ვთქვა, რომ ამ დროიდან მოყოლებული მახსოვს ჩემი დიდებული შემოქმედი (ეკლ. 12:1).

ამ შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე, ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად გლაზგოსთან (შოტლანდია) ახლოს გადავიდა. იმ პერიოდში მამაჩემმა მოისმინა საჯარო მოხსენება „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“, რამაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. დედამ და მამამ ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ისინი ხშირად საუბრობდნენ ღვთის სამეფოსა და მომავალ კურთხევებზე. ვმადლობ ღმერთს, რომ იმ დროიდან მოყოლებული ჩემი მშობლები ღვთის სიყვარულსა და მასზე მინდობას მასწავლიდნენ (იგავ. 22:6).

სრული დროით მსახურება

15 წლისას შემეძლო სწავლა კოლეჯში გამეგრძელებინა, მაგრამ მე სრული დროით მსახურება მინდოდა. მამაჩემი ფიქრობდა, რომ საამისოდ ჯერ ძალიან პატარა ვიყავი, ამიტომ მსახურების ნაცვლად ერთ-ერთ დაწესებულებაში დავიწყე მუშაობა. სრული დროით მსახურება იმდენად მინდოდა, რომ ერთ დღეს წერილი მივწერე ძმა რუტერფორდს. იმ დროს მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას ის უწევდა ხელმძღვანელობას. წერილში ძმა რუტერფორდს ჩემი გეგმების შესახებ ვუყვებოდი. პასუხად მან მომწერა: „თუ მუშაობისთვის არა ხარ პატარა, უფლის მსახურებისთვის მით უმეტეს . . . დარწმუნებული ვარ, უფალი გაკურთხებს, თუ ყველანაირად ეცდები, ერთგულად ემსახურო მას“. წერილი 1928 წლის 10 მარტით იყო დათარიღებული. მან იმდენად იმოქმედა ჩვენზე, რომ მალე მე, მამამ, დედამ და ჩემმა უფროსმა დამ სრული დროით მსახურება დავიწყეთ.

1931 წელს ლონდონში ჩატარებულ კონგრესზე ძმა რუტერფორდმა მაუწყებლებს ჰკითხა, ვის სურდა სხვა ქვეყანაში ექადაგა სასიხარულო ცნობა. მე სურვილი გამოვთქვი და ენდრუ ჯეკთან ერთად ლიტვის იმდროინდელ დედაქალაქ კაუნასში გამგზავნეს საქადაგებლად. მაშინ მხოლოდ 18 წლის ვიყავი.

საზღვარგარეთ ქადაგება

იმ დროს ლიტვა ღარიბი ქვეყანა იყო და სოფლებში ქადაგება ძალიან გვიჭირდა. ბინის დაქირავება რთული იყო და ზოგიერთი ადგილი, სადაც ღამეს ვათევდით, დღემდე მახსოვს. მაგალითად, ერთხელ მე და ენდრუს შუაღამისას შეწუხებულებს გაგვეღვიძა. ლამპა ავანთეთ და დავინახეთ, რომ ჩვენი საწოლები ბაღლინჯოებით იყო სავსე. თავიდან ფეხებამდე დაკბენილები ვიყავით. ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დილით იქვე ახლოს მდინარეზე გავრბოდი და კისრამდე ცივ წყალში ვდგებოდი, რომ როგორმე ტკივილი დამეამებინა. ასეთი პირობების მიუხედავად, მსახურების შეწყვეტაზე არც გვიფიქრია. მალე ერთი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გავიცანით, რომლებმაც ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. მათ თავიანთ სახლში შეგვიფარეს. სახლი პატარა, მაგრამ სუფთა იყო. იატაკზე ვიძინებდით, მაგრამ ჩვენთვის ეს უკვე დიდი შვება იყო.

იმ დროს ლიტვაში დიდი გავლენა ჰქონდა რომის კათოლიკურ და რუსულ მართლმადიდებლურ სამღვდელოებას. ბიბლია მხოლოდ მდიდრებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რაც შეიძლება ვრცელ ტერიტორიაზე გვექადაგა და რაც შეიძლება მეტი ბიბლიური ლიტერატურა გაგვევრცელებინა. პირველ რიგში, საცხოვრებელს ვპოულობდით ქალაქში. შემდეგ, ახლომახლო ფრთხილად ვიწყებდით ქადაგებას და ბოლოს სწრაფად შემოვივლიდით ხოლმე ქალაქს. ვიდრე ადგილობრივი სამღვდელოება ჩვენთვის ხელის შეშლას შეეცდებოდა, საქმე უკვე დამთავრებული გვქონდა.

ორმა შემთხვევამ წყალი ჩვენს წისქვილზე დაასხა

1934 წელს ენდრუ კაუნასის ფილიალში მიიწვიეს, ჩემი ახალი პარტნიორი კი ჯონ სემპი გახდა. ჩვენ ბევრი საინტერესო შემთხვევა გვქონდა. ერთხელ ერთ პატარა ქალაქში ადვოკატის ოფისში მივედი. ჩემმა საუბარმა ადვოკატი იმდენად აღაშფოთა, რომ მაგიდის უჯრიდან პისტოლეტი ამოიღო და იქაურობის დატოვება მიბრძანა. გულში ვილოცე, თან ერთი ბიბლიური მუხლი გამახსენდა: „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს“ (იგავ. 15:1). „მე თქვენთან კეთილი განზრახვით მოვედი, რომ კარგი ამბავი მეთქვა“, — ვუთხარი მას. ადვოკატმა სასხლეტიდან თითი აიღო, მე კი ამასობაში უკან-უკან სვლით ფრთხილად გავედი ოფისიდან.

იმ დღეს ჯონისაც მძიმე დღე ჰქონდა. ქალმა, რომელსაც ის ესაუბრებოდა, ფულის დიდი კუპიურა დაკარგა. ქურდობა ჯონის დააბრალეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც თავიდან ფეხებამდე გაჩხრიკეს. ცხადია, ჯონის ვერაფერი უპოვეს. ნამდვილი ქურდი მოგვიანებით დაიჭირეს.

ორივე შემთხვევამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რის გამოც ქალაქში ყველამ გაგვიცნო.

სარისკო საქმე

მეზობელ ლატვიაში ბიბლიური ლიტერატურის შეტანა სარისკო საქმე იყო, რადგან იქ ჩვენი საქმიანობა იკრძალებოდა. დაახლოებით თვეში ერთხელ ღამის მატარებლით ლატვიაში მივდიოდით. ზოგჯერ, როცა ლატვიაში ლიტერატურას ადგილზე მივიტანდით, ესტონეთში გადავდიოდით უფრო მეტი ლიტერატურის წამოსაღებად. უკანა გზაზე ამ ლიტერატურასაც ლატვიაში ვტოვებდით.

ერთხელ საბაჟოს თანამშრომელმა, რომელსაც ინფორმაცია ჰქონდა ჩვენზე, მოგვთხოვა, მატარებლიდან ჩავსულიყავით და ლიტერატურა მისი უფროსისთვის მიგვეტანა. მე და ჯონიმ იეჰოვას მივმართეთ ლოცვით. ჩვენდა გასაკვირად, საბაჟოს თანამშრომელს უფროსისთვის არ უთქვამს, რატომ დაგვაკავა. უბრალოდ უთხრა, რომ მისთვის რაღაც გვქონდა სათქმელი. საბაჟოს უფროსს განვუმარტე, რომ ჩვენი ლიტერატურა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს იმის დანახვაში დაეხმარებოდათ, თუ რატომ იყო მთელ მსოფლიოში ვითარება ასე დაძაბული. მან გზის გაგრძელების ნებართვა მოგვცა და ჩვენც მშვიდობიანად შევასრულეთ ჩვენი მისია.

მალე ბალტიისპირა ქვეყნებში პოლიტიკური ვითარება დაიძაბა და მოწმეების მიმართ წინააღმდეგობა გაძლიერდა. ამის შედეგად ჩვენი საქმიანობა ლიტვაშიც აიკრძალა. ენდრუ და ჯონი ქვეყნიდან გააძევეს, ბრიტანეთის მოქალაქეებს კი ქვეყნის დატოვება გვირჩიეს, რადგან II მსოფლიო ომი კარს იყო მომდგარი. სამწუხაროდ, მეც მომიწია იქაურობის დატოვება.

კურთხევები ჩრდილოეთ ირლანდიაში

1937 წელს ჩემს მშობლებთან ჩავედი, რომლებიც იმ დროს ჩრდილოეთ ირლანდიაში ცხოვრობდნენ. ჩვენი ლიტერატურა იქაც აკრძალული იყო, რადგან ქვეყანა ომის დაწყების საშიშროების წინაშე იდგა. ამის მიუხედავად, ჩვენ ომის პერიოდშიც არ შეგვიწყვეტია ქადაგება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აკრძალვა გაუქმდა და ჩვენ თავისუფლად შეგვეძლო ქადაგება. გამოცდილმა პიონერმა ჰაროლდ კინგმა, რომელიც მოგვიანებით ჩინეთში მსახურობდა მისიონერად, ორგანიზება გაუწია ღია ცის ქვეშ საჯარო მოხსენებების წარმოთქმას. „ამ შაბათს პირველ მოხსენებას მე წავიკითხავ“, — თქვა მან. შემდეგ მე შემომხედა და მითხრა, რომ შემდეგ კვირას მე წავიკითხავდი. მოულოდნელობისგან გავოგნდი.

ჩემი პირველი მოხსენება დღესაც კარგად მახსოვს. ასობით მსმენელი მყავდა. ერთ ყუთზე ვიდექი და ყოველგვარი ხმის გამაძლიერებლის გარეშე ვლაპარაკობდი. მოხსენება რომ დავამთავრე, ერთი კაცი მომიახლოვდა, ხელი ჩამომართვა და ბილ სმითად გამეცნო. მან მითხრა, რომ ხალხის დანახვაზე, დაინტერესებულა, რა ხდებოდა. როგორც გაირკვა, ბილს ადრე მამაჩემი ესაუბრებოდა ხოლმე, მაგრამ მას შემდეგ, რაც მამაჩემი და ჩემი დედინაცვალი პიონერად მსახურებისთვის დუბლინში გადავიდნენ, ისინი ერთმანეთს აღარ შეხვედრიან. ჩვენ ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ. დროთა განმავლობაში ბილის ოჯახის ცხრა წევრი იეჰოვას მსახური გახდა.

ბელფასტის გარეუბანში ქადაგებისას შევხვდი ერთ რუს ქალბატონს, რომელიც ერთ დროს ლიტვაში ცხოვრობდა. როცა ლიტერატურა ვაჩვენე, ერთ წიგნზე მიმითითა და მითხრა: „ეს წიგნი მაქვს. ბიძაჩემმა მომცა. ის კაუნასის უნივერსიტეტის პროფესორია“. შემდეგ პოლონურ ენაზე გამოცემული წიგნი „შემოქმედება“ მაჩვენა. წიგნის არშიები შენიშვნებით იყო სავსე. ქალი გაოცდა, როცა ვუთხარი, რომ ეს წიგნი ბიძამისს მე მივეცი კაუნასში ყოფნისას (ეკლ. 11:1).

ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებამდე ჯონ სემპიმ მთხოვა, რომ იქ მისი უმცროსი და, ნელი, მომენახულებინა, რომელიც ბიბლიით იყო დაინტერესებული. მე და ჩემმა დამ, კონიმ, მასთან ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ. ნელიმ სწრაფად წაიწია წინ სულიერად და იეჰოვას მიუძღვნა თავი. ჩვენ ერთმანეთს დავუახლოვდით და დავქორწინდით.

მე და ნელიმ 56 წელი გავატარეთ ერთად მსახურებაში. ჩვენ ასზე მეტ ადამიანს დავეხმარეთ ბიბლიიდან ჭეშმარიტების გაგებაში. ორივეს იმის იმედი გვქონდა, რომ არმაგედონს ერთად გადავიტანდით, მაგრამ 1998 წელს სიკვდილმა მისი თავი წამართვა. ჩემს ცხოვრებაში ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა იყო.

ბალტიისპირეთში დაბრუნება

ნელის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ, იეჰოვამ დიდი საჩუქარი მომიმზადა. ტალინში, ესტონეთის ფილიალში სტუმრად მიმიწვიეს. მოსაწვევ წერილში ეწერა: „შენღა დარჩი ცოცხალი იმ ათი ძმიდან, რომლებიც 20-30-იან წლებში ბალტიისპირეთში მსახურობდნენ“. ძმებს სურდათ დაეწერათ ისტორია, თუ როგორ გავრცელდა სასიხარულო ცნობა ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში. ამიტომ აინტერესებდათ, შევძლებდი თუ არა მათთან ჩასვლას.

ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო იმის გახსენება, რაც მე და ჩემს მეგობრებს იქ მსახურების დროს გადაგვხდა. ლატვიაში ძმებს ვაჩვენე ის ბინა, რომელიც ჩვენი ფილიალის მოვალეობას ასრულებდა, და ლიტერატურის სამალავი სახურავში, რომელსაც პოლიციამ ვერც ერთხელ ვერ მიაგნო. ლიტვაში ძმებმა წამიყვანეს ქალაქ შიაულიაიში, სადაც ერთ დროს პიონერად ვმსახურობდი. იქ ერთმა ძმამ მითხრა: «დიდი ხნის წინ მე და დედაჩემმა სახლი შევიძინეთ ქალაქში. სხვენის დალაგების დროს ვიპოვეთ წიგნები „ღვთის გეგმა საუკუნეების მანძილზე“ და „ღვთის ქნარი“. მათი წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ჭეშმარიტება ვიპოვე. ვფიქრობ, ეს წიგნები იმ სახლში შენი დატოვებული იყო».

დავესწარი სარაიონო კონგრესსაც იმ ქალაქში, სადაც ადრე პიონერად ვმსახურობდი. 65 წლის წინ იქ ჩატარებულ კონგრესს 35 ადამიანი ესწრებოდა, მაგრამ ამჯერად სიხარულით ვუყურებდი 1 500 დამსწრეს. იეჰოვამ ნამდვილად აკურთხა ჩვენი საქმიანობა.

იეჰოვას არ მივუტოვებივარ

არცთუ ისე დიდი ხნის წინათ კიდევ ერთი საჩუქარი მივიღე. ერთი ძვირფასი ქრისტიანი და, სახელად ბი, ცოლობაზე დამთანხმდა. ჩვენ 2006 წლის ნოემბერში დავქორწინდით.

ყველა ახალგაზრდა, ვინც ფიქრობს, რა გზა აირჩიოს ცხოვრებაში, მინდა დავარწმუნო, რომ ყველაზე გონივრულია ამ რჩევის გათვალისწინება: „გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში“. ფსალმუნმომღერალივით მეც სიხარულით ვამბობ: „ღმერთო, სიჭაბუკიდანვე მასწავლი და დღემდე შენს საოცარ საქმეებზე ვლაპარაკობ. ნუ მიმატოვებ თვით სიბერემდე და გაჭაღარავებამდე, ღმერთო, სანამ არ ვუამბობ შენი მკლავის შესახებ მომავალ თაობას და შენი ძლიერების შესახებ ყველას, ვინც მოვა“ (ფსალმ. 71:17, 18).

[რუკა 25 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ლიტერატურის შეტანა ლატვიაში სარისკო საქმე იყო

ესტონეთი

ტალინი

რიგის ყურე

ლატვია

რიგა

ლიტვა

ვილნიუსი

კაუნასი

[სურათი 26 გვერდზე]

15 წლისამ შოტლანდიაში წიგნების დამტარებლად (პიონერად) დავიწყე მსახურება

[სურათი 26 გვერდზე]

ნელისთან ერთად ჩვენი ქორწილის დღეს, 1942 წელი